„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე დღეს, 12 თებერვალს, არ დაუშვეს.
ბათუმის მერიაში დღეს უსახლკაროების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა.
„ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
„ბათუმელები“ ორჯერ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს, თუმცა უშედეგოდ. მერიის პრესცენტრის წარმომადგენლის თქმით, ის არ იღებს გადაწყვეტილებას, სხდომას ვინ დაესწრება.
მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“, რომლის გადამღებ ჯგუფს ჩაწერის მოთხოვნით, შეხვედრის დასრულებამდე გარეთ გამოჰყვა უსახლკარო მოქალაქე მზიური ბალაძე. მოქალაქემ თქვა, რომ მას სხდომაზე არავინ მოუსმინა და ჟურნალისტების წინ ტრანსპარანტიც დაიჭირა.

მზიური ბალაძე
ინტერვიუს დასრულების შემდეგ დაცვის პოლიციამ უსახლკარო მოქალაქეც აღარ შეუშვა უკან, უსახლკაროების სამუშაო შეხვედრაზე.
„ტრანსპარანტით ვერ შეგიშვებთ, დატოვეთ და შეხვალთ“, – უთხრა მოქალაქე მზიური ბალაძეს დაცვის პოლიციელმა. მას ვუთხარით, დაესახელებინა კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს არ აქვს უფლება ტრანსპარანტი ჰქონდეს და პროტესტი გამოხატოს, თუმცა შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.
დაცვის პოლიციელებმა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაშიც უპასუხოდ დატოვეს შეკითხვები: რატომ არ დაუშვეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ღია შეხვედრაზე, ასევე რატომ არ მისცეს უსახლკარო მოქალაქეს მერიაში ტრანსპარანტით შესვლის უფლება?
ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში გამართული საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.
„ბათუმელები“ წლებია აშუქებს მოქალაქეების პრობლემებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან. დაახლოებით 2 წელზე მეტია უსახლკაროები მართავენ საპროტესტო აქციებს, მათ შორის, ბათუმის მერიის წინ, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემების მოგვარებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უზრუნია.
ამ თემაზე:
„2 ლარს ვაგროვებთ, საჭმელი რომ ვიყიდოთ“ – უსახლკაროების 1 კვირა დანგრეულ შენობაში შეჭრიდან