კვლევა: ვინ ისარგებლებს იაფი სახლით

 

 

 

 

კვლევის დროს შესწავლილი იყო ზემოთ დასახელებული სამივე კატეგორიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობა და შესაძლებლობები, თუ  რამდენი ლარის გადახდას შეძლებენ ეს ოჯახები  თვეში, ერთ კვადრატულ მეტრში, იმისათვის რომ იაფი სახლის ფარგლებში, საკუთარი საცხოვრებლის გამოსყიდვა შეძლონ.   

კვლევების მიხედვით, საბაზრო ფასთან მიახლოებული თანხა, – 2,78 ლარი უსახლკაროებისთვის მისაღები თანხაა, სტიქის შედეგად დაზარალებული და სოციალიურად დაუცველ პირებს კი ორ ლარზე ნაკლების გადახდა შეუძლიათ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა სრულყოფილია და „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კატეგორიების განსაზღვრისთვის აჭარის მთავრობა  აუცილებლად გამოიყენებს:

„იმისათვის, რომ კარგად ყოფილიყო გაწერილი იაფი სახლის ბენეფიციართა კატეგორიები, დაველოდეთ კვლევას, რომელიც ვფიქრობ, რომ სრულყოფილია და გათვლილია იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომელთაც საცხოვრებელი სახლი ესაჭიროებათ.

 

კვლევა გვაჩვენებს, რამდენად მზად არიან  ეს მიზნობრივი ჯგუფები, იმისათვის რომ  გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის გამოსყიდვა. ჩემთვის მოულოდნელი იყო კვლევის შედეგი, რადგან ყველაზე მეტი მზაობა სწორედ უსახლკაროებმა გამოხატეს“ – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. უსახლკაროებში შედის მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. 

„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, აჭარის მთავრობა და საკრებულო „იაფი სახლის“ მოსარგებლეთა კატეგორიების ჩამოყალიბებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 

 

 

ანაზღაურებადი სტაჟირება არასამთავრობო ორგანიზაციაში

 სტაჟიორი აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების საორგანიზაციო საკითხების რეგულაციაში და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების პროცესში.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ციალა ქათამიძე, მობ: 557 963 789

ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

 

 

 

ლოგოს ერთ-ერთი ვარიანტი

 

 

„პროცესთან დაკავშირებით თავიდანვე მქონდა შენიშვნა და არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი კომისიაზე, რადგან ნამუშევრების ატვირთვასთან დაკავშირებით, ავტორებს  პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე დიზაინერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ლოგოების ვებგვერდზე განთავსებას. მცდელობის მიუხედავად, მათ პრობლემას არავინ გამოხმაურებია მერიიდან“- აცხადებს ნათია აფხაზავა.

 

 

ნათია აფხაზავას შენიშვნები აქვს ჰონორართან დაკავშირებითაც:

 

„მიმაჩნია, რომ ქალაქის ლოგის შექმნისთვის, ჰონორარი – 1200 ლარი ძალიან მიზერულია, მაშინ როცა, მთლიანი პროექტის ღირებულება 32 ათასი ლარია. იყო რისკები, რომ მაღალი კვალიფიკაციის დიზაინერები არ მიიღებდნენ ამ კონკურსში მონაწილეობას.“

 

კომისიის წევრის თქმით, არაკვალიფიციურად ჩატარდა კვლევის კომპონენტიც. „ყველაზე მეტი რესურსი უნდა დახარჯულიყო ლოგოს დიზაინზე, რადგან  დანარჩენი პროცესი ამაზე იყო დამოკიდებული. როცა ლოგოსთის ასე მცირე თანხას ითვალისწინებ და შემდეგ კიდევ პროცესი არ მიმდინარეობს ჯანსაღად, ვგულისხმობ ატვირთვას და შემდეგ ხმების მიცემის პროცესს, მიმაჩნია, რომ ფსევდო და ზედაპირულია ეს ყველაფერი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც საკრებულოსგან და არც მერიისგან უკუკავშირი არ არის.“

 

ნათია აფხაზავას აზრით, ქალაქის ლოგის შესარჩევ კომისიაში დიზაინერებიც უნდა შესულიყვნენ, რისი გათვალისწინებაც აქამდე არ მოხდა.     

 

როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება საქართველოზე

 

ვანო ჩხიკვაძე

 

 ბატონო ვანო, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა შედეგებს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიური თავლსაზრისით საქართველოს?

 ეკონომიკური ნაწილის გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით 2012 წელს პოლონურმა და ჰოლანდიურმა ანალიტიკურმა ცენტრებმა ჩაატარეს კვლევა. ამ კვლევის მიხედვით განსაზღვრულია, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ ხელშეკრულებას ჩვენს ეკონომიკაზე. კვლევის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება 1.7 %, გრძელვადიან პერსპექტივაში 4,3%. ეს არის პირველ შემთხვევაში 114 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 292 მილიონი ამერიკული დოლარი. 

 

ასევე განსაზღვრულია რა შეიცვლება ექსპორტის კუთხით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტი გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 12 %-ით. ასევე გაიზრდება იმპორტი-მოკლევადიან პერსპექტივაში 4,4 %-ით, გრძელვადიანში – 7,5 %-ით. ამ ხელშეკრულებას გავლენა იქნება ეკონომიკაზეც იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება ხელფასები, თუმცა ხელფასების ზრდა არ იქნება მასშტაბური და ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში – 1,5%, გრძელვადიანში კი 3,6%.  

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გამოიწვევს ასოცირება ფასების ზრდას. იგივე კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება მხოლოდ 1%-ით, გრძელვადიანში – 0,6%-ით. ეს არის ძირითადი მახასიათებლები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ეკონომიკაზე.

 

  ლეგარულად დასაქმებულების მსურველებისთვის რა იცვლება, მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს რა უპირატესობა აქვთ არაწევრ ქვეყნებთან შედარებით დასაქმების კუთხით?
  ევროკავშირი დგას თავისუფლების ოთხ პრინციპზე: მუშახელის, კაპიტალის, მომსახურების და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ამ ოთხი პრინციპიდან სამი ავტომატურად იწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ხდება მუშახელის თავისუფალი გადაადგილების ნაწილის გავრცელება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელეკრულების ამოქმედებისთანავე ავტომატურად გვექნება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, ლეგალურ შრომის ბაზარზე ავტომატურად ვერ მივიღებთ დასაქმების უფლებას.

 

საქართველომ დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი, ეს რას ნიშნავს?

სამოქმედო გეგმა საქართველომ მიიღო 2013 წლის 25 თებერვალს. ევროკომისარი სესილია მავსტრონგი იყო საქართველოში ჩამოსული და მან გადმოგვცა დოკუმენტი. ეს არის დაახლოებთ 20 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შედგება 4 სფეროსგან, რა მიმართულებითაც საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. მათ შორის არის ბიომეტრული დოკუმენტები, მათი დარიგება, მიგრაციული სტრატეგიის მომზადება და შემდეგ მათი აღსრულება. ეს დოკუმენტი არის ორფაზიანი: პირველი ფაზა არის კანონის მიღება ამ სფეროებში, მეორე – მისი აღსრულება. ევროკომისიამ 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ფაზა, ყველაფერი, რაც იყო ჩადებული დიკუმენტში, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე მიიღო, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის კომისიამ თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც გაცილებით რთულია.

 

 მეორე ეტაპის გავლა რამდენად რთული იქნება?
  ვფიქრობ უფრო რთული იქნება, ვიდრე პირველი ეტაპი იყო, რამდენადაც მეორე ეტაპი მიღებული კანონის აღსრულებას გვთხოვს, რაც, როგორც წესი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველთვის ჭირდა. იყო კარგი კანონები, მაგრამ არ სრულდებოდა. შესაბამისად, თუ ისტორიულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო პრობლემური აღმოჩნდეს მეორე ეტაპი. ამის გარდა, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის დაძლევაც საქართველოს მოუწევს. პირველ რიგში ის, რომ საქართველოდან წასული, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ძალიან დიდია ევროკავშირში, გასულ წელს 9 000-მა საქართველოს მოქალაქემ თხოვა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფარი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხელის მოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მაშინვე ექნება წვდომა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს 90 დღე შეეძლება გაატაროს ევროკავშირის შენგენის ზონაში.

 

 

ამ 90 დღისთვეის მოქალაქეს ვიზა სჭირდება?
 ვიზა აღარ იქნება საჭირო. თუ საქართველოს მოქალაქე იყიდის ბილეთს, ის ევროკავშირში გაემგზავრება მოწვევის გარეშე.

 

 ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს თუ არა საქართველოს მთავრობას სხვადასხვა კანონში შეიტანოს ცვლილებები, მაგალითად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში?

ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილია რეგულაციები, რომელიც საქართველომ ეტაპობრივად უნდა მიიღოს. არის რეგულაციები, რომელიც ქვეყანამ პირველივე წელს უნდა მიიღოს და არის სფეროები, სადაც ცვლილებებს უფრო მეტი დრო სჭირდება. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოს გონივრულად შეერჩია. არის სფეროები, სადაც გვიან მივიღებთ ევროკავშირის დირექტივებს და არის სფეროები, სადაც უფრო მალე. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვაში, სადაც პირველივე დღეს გვთხოვენ, რომ მივიღოთ რეგულაციები, ტრანსპორტი – ასევე სფეროა, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ დირექტივებისა და ერგულაციების გატარებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგულაცია პირველივე წელს უნდა მივიღოთ. მსუბუქ მანქანების ტექნიკური დათვალიერების ნაწილი საქართველომ ორი წლის მანძილზე უნდა შეასრულოს, ეს არის მაქსიმუმი, უფრო ვერ გადავავადებთ. 

რაც შეეხება სისხლის სამართალს, ასოცირების ხელშეკრულებაში ნაკლებად არის ამაზე საუბარი, რადგან აქ ევროკავშირს კომპეტენცია არა აქვს. ევროკავშირში სისხლის სამართლის საერთო რეგულაცია არ არსებობს, თითოეულ ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს. ასევეა გარემოს დაცვა. არის განათლების ნაწილი, სურსათის უვნებლობის ნაწილი, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ რეგულაციებისა და დირექტივების მიღებას. საქართველომ წლების შემდეგ ევროკავშირის კანონების 80% უნდა მიიღოს.

 

 რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა, რომ შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგალითად, თხილისა და თაფლის გატანა შეძლონ?
 ევროკავშირი ხსნის ბაზარს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ოღონდ სამი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი, მაგალითად, ნიორზე გვითხრეს, რომ 220 ტონაზე მეტს ვერ შევიტანთ. მეორე არის პროდუქცია, რომელზეც შეტანის ფასი უნდა გადავიხადოთ. დანარჩენზე ევროკავშირის ბაზარი ღიაა, ოღონდ პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის ფიტოსანიტარული რეგულაციები. თაფლის შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც თაფლს შეამოწმებს. როგორც ვიცი, საქართველოდან თაფლს ლიტვაში ამოწმებინებენ, სადაც ლაბორატორიული დასკვნა გაიცემა, რის საფუძველზეც საქართველოდან გავა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მე ვიყავი ხულოში და ხელვაჩაურის სოფელ ჩხუტუნეთში, სადაც მცირე ფერმერებმა თქვეს, რომ თითოეულს 100 კილოგრამი თაფლი მოჰყავთ და მათთვის ძნელია ლაბორატორიული შემოწმების ორგანიზება. ერთი-ერთი გამოსავალი კოოპერატივების შექმნაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თაფლს აწარმოებს, ამიტომ საჭიროა ჯანსაღი კონკურენციის გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც თაფლი შეაქვთ ევროკავშირში.

შეხვედრა მოსახლეობასთან

საქართველოში შიდსით ოთხი ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

 

 

 

ამ დღესთან დაკავშირებით,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას გეგმავენ.

 

 

„ბავშვები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ნარკომანიისა და შიდსის თემაზე და მათთან გვექნება საუბრები. კონფერენციაზე დასწრება სხვა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ“-აცხადებს ია ჩხაიძე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, აჭარის სამმართველოს წარმომადგენელი.

 

 

ამავე ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2014 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით,  შიდსის  4 640 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 549 პაციენტი აჭარაზე მოდის.   3 409  ინფიცირებული პირი  კაცია,  1232  ქალი, 45 კი ბავშვი. 966 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

 

შიდსით ინფიცირებული პირების საშუალო ასაკი 29-39 წელია.  

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, შიდსით ინფიცირებული პირები, ამ დროისთვის ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადიან.   

 

 

ცემენტის ბაღი

 

 

წიგნში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, ამბავს თინეიჯერი ბიჭი ჰყვება. ამბავიცაა და ამბავიც. სახლში სულ ოთხნი ცხოვრობენ, და-ძმანი – მთხრობელი ბიჭი, ჯული, სიუ და ტომი. ცხოვრობენ უცნაურ სახლში, უცნაურ გარემოში. მათი ბინა ქალაქს მოწყვეტილია, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში არიან. გარშემო მხოლოდ ძველი, უკაცრიელი კოტეჯები აქვთ და ცემენტის ბაღი, სადაც ერთი მცენარეც კი არაა – მათი მამის უცნაური არქიტექტურული ახირება. სკოლა შორსაა. წიგნის გარემო ძალიან დამთრგუნველია. მხოლოდ ცემენტის ბაღის წარმოდგენაც კი რაღაც საოცარი უსასოობისა და გაუცხოების განცდას იწვევს, სახლზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

ჯერ მამა იღუპება, შემდეგ დედა. ბავშვებს არ უნდათ, სოციალურმა სამსახურებმა გაიგონ ამის შესახებ, რადგან მაგ შემთხვევაში და-ძმები ერთად ვეღარ იცხოვრებენ. ამიტომ იღებენ საზარელ გადაწყვეტილებას: დედას სარდაფში აცემენტებენ.

 

ძალიან ბუნდოვანი კონტურებით აქვს მოხაზული მაკიუენს ბავშვების პორტრეტები, მაგრამ მათი ხასიათი მაინც საოცრად შთამბეჭდავია. ოთხივეს ნებისმიერ მოქმედებაში იგრძნობა რაღაც ძალიან არაჯანსაღი, ძალიან უსიამოვნო. თითქოს მთვარეულები არიან, თითქოს ნახევრად სიზმარში ცხოვრობენ და ბოლომდე ვერ იაზრებენ, რა ხდება მათი ბუშტში მოქცეული სამყაროს მიღმა. ბოლომდე გაუგებარია, ეს ბავშვები ანგელოზები არიან თუ დემონები. მათი საოცარი მიჯაჭვულობა, მათი ეროტიკული თამაშები ძალიან ამორალურად გამოიყურება, მაგრამ მათი ქცევის განსჯა მაინც რთულია: ამ ბავშვებმა, თითქოს, საერთოდ არ იციან, რა არის მორალური და რა ამორალური, არ იციან არანაირი ადამიანური წესები, თითქოს რეალური სამყაროს მიღმა არიან და შესაბამისად, აგრესიასაც ნაკლებად იწვევენ. მათი გაკიცხვა ძალიან ძნელია, მაგრამ მსუბუქი ზიზღის გრძნობა ალბათ გაუჩნდება მკითხველს – რაღაც უცნაური ცბიერება აქვთ, არაბავშვური ეშმაკობა და, ამავე დროს, წარმოუდგენლად გულუბრყვილოები არიან. ვერც აცნობიერებენ, რომ დედა მოუკვდათ, არადა, უკვე საკმაოდ მოზრდილები არიან. თითქოს წინ ვერ იყურებიან, მხოლოდ ერთი დღის შთაბეჭდილებებით ცხოვრობენ.

 

„ცემენტის ბაღი“ მოცულობით პატარაა, მაგრამ მასზე უსასრულოდ შეიძლება წერა. ჯერ მარტო თითოეული გმირის პრობლემებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებს ტომები შეიძლება დაეთმოს. ძალიან სწორადაა აქცენტები დასმული ამ წიგნში. შეკითხვები ისმის და პასუხის მოძებნა მთლიანად მკითხველზეა გადაბარებული. რა გარემომ ჩამოაყალიბა ეს ბავშვები ასეთებად? რატომ არ შველის სკოლა მათ განდგომილობას და იზოლაციას?

 

ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქ არ არსებობს, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, ვარაუდი იმაზე, რომ ყველაფრის ფესვები აღზრდაში უნდა ვეძებოთ. და აქ აუცილებლად დაგვჭირდება მამის აჩრდილის გამოხმობა: დესპოტი კაცის, რომლის სიკვდილი არავის სწყენია. აქედან იწყება წიგნი. აქედან იწყება ყველაფერი.

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი დაიწყო

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, პროექტის მიხედვით საავადმყოფოს შიგნითა ეზოში არსებული სკვერი შენარჩუნდება.

„ამ ეტაპზე გრიბოედობის ქუჩის მხარეს იგეგმება ახალი კორპუსის აშენება. მანამდე ყველა სამსახური ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ კორპუსში გადავა, რომელსაც მცირე რეკონსტრუქციას ჩავუტარებთ. მოგვიწევს რაღაცების გადაკეთება. იქნება მტვერიც და ალბათ ხმაურიც, თუმცა ეს არ იმოქმედებს საავადმყოფოს მუშაობაზე, რადგან არსებობს მშენებლობის სტანდარტი და ეს ნორმები აუცილებლად იქნება დაცული“.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარი 150 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა ამ დროისთვის სტაციონარში მხოლოდ 86 პაციენტია. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ფუნქციები საკმაოდ შეზღუდული გვაქვს, საავადმყოფოს დარჩენილ ნაწილში პაციენტების განთავსებას დისკომფორტის გარეშე შევძლებთ“, – ამბობს დირექტორი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება. „ერთ კორპუსში განთავსების შემდეგ გაერთიანდება დეპარტამენტები, რადგან ამჟამად საავადმყოფოს განყოფილებების სტრუქტურა აქვს. ეს წამგებიანია. ამის შემდეგ განყოფილებების ნაცვლად გაკეთდება დეპარტამენტების სტრუქტურა. თუ აქამდე თვალის ან ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების პაციენტები იწვნენ ცალკე, ახლა ყველა პაციენტი ქირურგიული სტაციონარის პალატით ისარგებლებს. სამედიცინო თვალსაზრისითაც ეს დაშვებულია’, – ამბობს მალხაზ ხალვაში.

ახალი საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი, რომელშიც იქნება ყველა ურგენტული სამსახური, მეანობისა და ბავშვთა სამსახურის ჩათვლით. აქამდე ეს ორი სამსახური  საავადმყოფოში არ ფუნქციონირებდა.

დირექტორის განცხადებით, გადამზადდება მედპერსონალიც: „ახალი კორპუსი მხოლოდ ახალ შენობას არ გულისხმობს, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურებაც.  ეს იქნება სუპერთანამედროვე საავადმყოფო. შემდეგი ორი წლის განმავლობაში პერსონალის გადამზადებით ვიქნებით დაკავებული“.

კონკრეტულად სად იგეგმება საავადმყოფოს თანამშრომლების გადამზადება, ამ ეტაპზე უცნობია. დირექტორის თქმით, საავადმყოფოში კადრები, სავარაუდოდ, არ შემცირდება.

სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიის გარეშე

 

სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარია და მისი მიღების შანსი მხოლოდ განსაკუთრებით წარმატებულ სტუდენტებს აქვთ.

 

რატომ არ არის ჩართული პროგრამაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით განათლების სამინისტროს მიმართა. განათლების სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის N37 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, პროგრამაში – „სახელმწიფო სტიპენდიები  სტუდენტებს“ – ეს უნივერსიტეტი გათვალისწინებული არ არის“. 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა ეს თანხა სტუდენტთა სტიპენდიებისთვის არ არის განკუთვნილი. „სტიპენდიები ჩვენ დაწესებული გვაქვს საკუთარი ბიუჯეტიდან. თანხით, რომელსაც რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ვიღებთ, გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და უნივერსიტეტთან ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება. სტიპენდიისთვის არ არის ეს თანხა გათვლილი. შესაბამისად, ვერ მოხდება გადაფარვა. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ცენტრალიზებულია და ის არ ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

 

უნივერსიტეტმა მიმდინარე სასწავლო წელს განათლების სამინისტროს მიმართა წერილით, რომ პროგრამაში ბათუმის უნივერსიტეტიც ჩაერთოს. „თადარიგი დავიჭირეთ და მივწერეთ, რომ იქნებ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღონ ამ სტიპენდიის მოპოვების შანსი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

უნივერსიტეტის რექტორი, ალიოშა ბაკურიძე განმარტავს, რომ ე.წ. „პრეზიდენტის სტიპენდიას“ (გასულ წლებში ასე ერქვა სტიპენდიას), რაღაც პერიოდი ფლობდა უნივერსიტეტი.

 

„ადრე სტუდენტები სარგებლობდნენ ამ სტიპენდიით, შემდგომში ამოიღეს ჩვენი უნივერსიტეტი პროგრამიდან. ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა. ჩვენ უკვე ვიყავით განათლების სამინისტროში, მგონია ეს პრობლემა მალე მოგვარდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან, უნივერსიტეტში ამ დროისთვის არსებულ სტიპენდიებს არ აქვს განსაზღვრული რაოდენობა, ისწავლის ბევრი – მიიღებს ბევრი, ეს ძალიან იშვიათია სხვა უნივერსიტეტებში“, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

ამ ეტაპზე ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5380 სტუდენტი სწავლობს, სტუდენტებს სხვადასხვა სახეობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ. ყველაზე მაღალი სტიპენდია 250 ლარია წარჩინებული სტუდენტებისათვის. ამ ეტაპისთვის უნივერსიტეტის 139 სტუდენტი იღებს სტიპენდიას.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიაში 1500 სტუდენტი სწავლობს. აკადემიას სასტიპენდიო პროგრამა არ აქვს, მათ არც განათლების სამინისტროსგან ეძლევათ სტიპენდიისთვის თანხა.

 

 „ჩვენ სამ წელზე მეტია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ვართ. აქედან გამომდინარე განათლების სამინისტრომ უარი გვითხრა დაფინანსებაზე. ეკონომიკის სამინისტროს ვერ მიაწოდეს ეს ცნობა, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ეგონა, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებდა დაფინანსებას. ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ გამოგვიყოფს ასიგნინებებს კონკრეტული პროექტებისთვის. გვეუბნებიან, რომ გაარკვევენ ამ საკითხს, მაგრამ რადგან აქამდე ვერ მოხერხდა ამის გარკვევა, გადავწყვიტეთ ჩვენი ბიუჯეტიდან დავაწესოთ სტიპენდია სტუდენტების წასახალისებლად. სტიპენდიის გაცემას მომდევნო სემესტრიდან ვიწყებთ“, – ამბობს ირაკლი კაცაძე, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე.

 

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარით ფინანსდება. თანხით უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების ხელფასები გაიცემა.

 

„სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროს სტიპენდიების თაობაზე შეტყობინებითაც კი არ მოუმართავს. ჩვენ გვაქვს ხუთი სახის სტიპენდია, საფაკულტეტო არის 100 ლარი, საუნივერსიტეტო – 150 ლარი. თანხას ჩვენი რესურსებით გავცემთ, 340 სტუდენტიდან მხოლოდ ოთხი სტუდენტი იღებს სტიპენდიას“, – ამბობს ერმილე მესხია, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი.

 

რატომ არ არიან ჩართული აჭარაში არსებული უნივერსიტეტები სტიპენდიებთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პროგრამაში? ამ საკითხზე კიდევ უფრო ამომწურავი ინფორმაციის მიღების მიზნით „ბათუმელება“ განმეორებით 22 ნოემბერს მიმართა განათლების სამინისტროს. სამინისტროსგან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია.

 

 

 

  

 

 

უნუგეშო ეკომიგრანტები

თამაზ პაქსაძის ოჯახი 2008 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებიდან  წავიდა წალკაში. შვიდი წელი ადგილობრივი ეთნიკური ბერძენი მოქალაქის სახლში ცხოვრობდა, ახლა ამ სახლის დატოვებაც მოუწია. „მესაკუთრე 20 ათას დოლარს ითხოვს, თუ გადავუხდი, დამიტოვებს სახლს. მე არ შემიძლია თანხის გადახდა, არც სახელმწიფო იხდის. რა გავაკეთო, რა ვქნა?“, – ამბობს თამაზი. ახლა ის ბატალიონის მიტოვებულ, ნახევრადდაშლილ სახლის კედლებში, საკუთარ ოთახს იშენებს.

მეზობლის მსგავსად, თავის წილ ფართობს არემონტებს სოფელ ბეღლეთიდან წალკაში გადასახლებული რამინ ლომიძეც. ის ჯიბიდან რამდენიმე წყებად შეხვეულ ოქროს ნივთს იღებს და გვაჩვენებს: „ეს სამკაული დღეს ჩემმა დამ გამომიგზავნა სოფლიდან. უნდა დავაგირავო და ფული ავიღო, რომ ცემენტი და სხვა მასალები ვიყიდო. სანათესაოში და სამეზობლოში ოქრო არ დამიტოვებია, ყველა დავაგირავე“, – გვეუბნება ის.

 

 

რამინი ამბობს, რომ ხელისუფლების იმედი საბოლოოდ დაკარგა. მას აღარ სჯერა, მთავრობის მოქმედი თუ სამომავლო შესაქმნელი კომისიების, რადგან ფიქრობს, რომ  ხელისუფლებამ ეკომიგრანტების ნდობის ყველა რესურსი ამოწურა:

„რისი უნდა მჯეროდეს? ათი წელია წალკაში, სხვის სახლებში ვცხოვრობთ. გვეუბნებოდნენ, რომ ბერძნების სახლებს გამოისყიდდნენ, მაგრამ არ გააკეთეს. ხომ ამბობენ, ოცი ათას ლარად იშოვეთ სახლები და ვიყიდითო, ჩვენ არც ახლა გვიყიდიან, რადგან რაოდენობა შემცირებულია, რისთვის ვეძებოთ. თუ ჩემი დახმარება უნდა ხელისუფლებას, მეპატრონე ათი ათას დოლარს ითხოვს და გადაუხადონ“, – ამბობს ის.

რამინ ლომიძე წალკაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ სახლის მეპატრონეს 2500 დოლარი გადაუხადა და ნაწილი სახლის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ უნდა მიეცა: `თავიდან ოთხი ათას დოლარზე შევთანხმდით. თანხა რომ გადავურიცხე, ამის მოწმე მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის გამგებელიცაა. თუმცა მეპატრონე არ ჩამოვიდა და სახლი ვერ გადავიფორმე. ცხრა წლის შემდეგ კი მოვიდა და დამაცლევინა. არც გადახდილ ფულს მიბრუნებს უკან. სასამართლოში ვერ ვუჩივლე, რადგან არ მაქვს ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა. ახლა ათი ათასს ითხოვს, მაგრამ მე ფული არ მაქვს. რაც მაშინ გადავუხადე, ისიც ნასესხები მქონდა და დღემდე მაგ ვალს ვიხდი~. რამინს სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს.

ნუგზარ შავაძეც წალკიდანაა წამოსული. „მეპატრონემ მითხრა, ან ასი ევრო გადამიხადე თვეში, ან სახლი დამიცალეო. გაყიდვას აღარ აპირებს, ფერმა უნდა გავაკეთოო, –  შემომითვალა“.

ხელისუფლების დაპირებების არც ნუგზარ შავაძეს სჯერა: „არც ერთი ხელისუფლება, არც ადგილობრივი და არც ქვეყნის, ჩვენი ბედით არ ინტერესდება. თქვენ თავს თქვენვე მიხედეთო გვეუბნებიან და ჩვენც მივხედეთ“.

ნუგზარ შავაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილი 90 სახლის შესყიდვის პროექტში მისი ოჯახი არ მოხვდება: „ჯერ ერთი, ეგ სახლები პირველი კატეგორიის დაზარალებულებისთვის არის გათვალისწინებული. ჩვენ წერილობით მივმართეთ განსახლების მინისტრს და ჩვენი მდგომარეობის შესწავლა მოვითხოვეთ, მაგრამ მათ პასუხი არაფერზე არ აქვთ. სახლს რომ მიყიდდნენ, დღესვე დავტოვებდი აქაურობას“.

ნუგზარ შავაძე ბატალიონის ტერიტორიაზე შვიდსულიან ოჯახთან ერთად დასახლდა. ბავშვები არც სკოლაში დადიან და არც ბაღში.

„მეც წალკიდან ვარ“, – გვეუბნება კიდევ ერთი ეკომიგრანტი და თან აგურით ახალი კედელი ამოჰყავს. „თურქეთში ვიყავი სამუშაოდ, ცოლ-შვილი კი დედაჩემთან მყავდა. რომ ჩამოვედი, სახლის კარები დაკეტილი დამიხვდა, ავეჯიც კი ვერ წამოვიღე. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. სხვა სახლი რომც დავძებნო, ვიცი იმ ოცი ათასსაც არ მომცემენ“, – ამბობს ის.

ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე, ე.წ „ოცნების ქალაქში“ შუახევიდან გადასახლებული ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. „ჩვენ 1989 წელს წავედით აბაშაში, მაგრამ აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ჩვენი სახლი დაცხრილეს, ძლივს გადავურჩით სიკვდილს. მას შემდეგ ნაქირავებში ვცხოვრობთ. ავად ვარ, ცალი ფილტვი ამომიღეს“, – გვეუბნება ნაზი ფუტკარაძე. ის ნესტიან მიწურში მეუღლესთან, შოთა ფუტკარაძესთან ერთად ცხოვრობს: „ჯერ ლუკმაპურზე უნდა იფიქრო, რომ სად იშოვო, ცალე კიდევ ბინის პრობლემა“.

„ოცნების ქალაქში“ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ როგორც ადრე, ასევე ახალჩასახლებული ეკომიგრანტები. მათ შორისაა შვიდი შვილის დედა ია ბოლქვაძეც, რომელიც ფიცრულ ქოხში ორი თვის წინ დასახლდა: „ორი შვილი სასკოლო ასაკის მყავს, მაგრამ სკოლაში ვერ დადიან. ვერც საბავშვო ბაღში მიმყავს პატარები. არავინ მიიღო. მეუღლე მეეზოვეა და ეს არის ჩვენი შემოსავალი. თანხა ძირითადად ავადმყოფი ბავშვის მკურნალობაზე გვეხარჯება“.

ატალახებული გზების, ნესტიანი, ღარიბული მიწურებისა და ათობით სევდიანი თვალების ფონზე, ძნელი არ არის მიხვდე, რაზე ოცნებობენ „ოცნების ქალაქში“ ადამიანები, ბავშვები, სადაც ერთადერთი გასართობი „კლასობანა“ და ფოტოაპარატიანი ჟურნალისტების ცნობისმოყვარედ ჭვრეტაა. „გადამიღებთ?“ –  გეკითხებიან და გიღიმიან. კამერაში თავიანთი სახის დათვალიერების შემდეგ მხიარულდებიან და გარბიან.

„მათ სკოლა სჭირდებათ, საჭმელი და სითბო. ასეთი დაახლოებით 300 ბავშვი ცხოვრობს აქ, ვის აინტერესებს მათი მომავალი?“ – გვეუბნება “ოცნების ქლაქის” კიდევ ერთი მკვიდრი, სოსო.

 

ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა. წელს სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით დაზარალებულთა კატეგორიები გადახარისხდა. პირველი კატეგორიის დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელმაც სტიქიური მოვლენების შედეგად მთლიანად დაკარგა საცხოვრებელი სახლი. მეორე კატეგორიაში კი შევიდნენ ის პირები, რომლებსაც სახლი არ დანგრევიათ, თუმცა, მეწყრული პროცესები მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 2015 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 90 სახლი შეისყიდოს. ოღონდ, საცხოვრებელი სახლი 20 ათასი ლარის ფარგლებში, დაზარალებულმა უნდა დაძებნოს.

როგორც ორგანიზაცია `ბორჯღალის~ ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე გვეუბნება, სამინისტროს ეს ინიციატივა არ ეხება წალკიდან დაბრუნებულ ეკომიგრანტებს. „ერთადერთი სანუგეშო სიტყვა, რაც ეკომიგრანტთა მისამართით თქვა მინისტრმა,  იყო ის, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც მათ მდგომარეობას შეისწავლის. სხვა სერიოზული ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა. წალკის ეკომიგრანტების სანუგეშოდ, დღეს ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ აქვს“, – აცხადებს ციალა ქათამიძე.

მისივე ინფორმაციით, უცნობია საქართველოს მთავრობის პოზიცია ეკომიგრანტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა და დასრულებული სახით მთავრობას დიდი ხნის წინ გადაეცა.

საქართველოში 30 ათასამდე ეკომიგრანტია. აქედან, ყველაზე მეტი აჭარის რეგიონზე მოდის. ეკომიგრანტები საკუთარი სახლებისთვის რამდენიმე წელია იბრძვიან. იყო შიმშილობა და საპროტესტო აქციები, თუმცა ეკომიგრანტთა დიდი ნაწილის მდგომარეობა უცვლელია.

პოლიციელის მამის უკანონო მშენებლობა აუქციონზე

 

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიტანს აუქციონზე მიწის ნაკვეთს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო, რომელზეც მაღაზია და ავტოფარეხი უნებართვოდ, რამდენიმე თვის წინ ააშენა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქედის სამსახურის (ყოფილი კუდი) უფროსის ბადრი ცინცაძის მამამ, ზურაბ ცინცაძემ.

 

ქედის საკრებულოს სხდომაზე
ქედის საკრებულოს სხდომაზე

ვიდრე საკითხს კენჭს უყრიდნენ, საკრებულოს წევრმა რამაზ გოლომანიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. კოლეგებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ უკანონობისთვის, თუმცა მისი მოწოდებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ – 13-მა დეპუტატმა საკითხი მოიწონა და მხარიც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოში მოხლოდ ხუთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

 

კითხვაზე, რატომ დამალა მუნიციპალიტეტის გამგეობამ საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილ მიწის ფართობზე არსებული შენობა და შეიყვანს თუ არა მყიდველს გაურკვევლობაში აუქციონზე ნაყიდი შენობით, ან ვის მფლობელობაში დარჩება აუქციონზე ნაყიდ მიწაზე არსებული შენობა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი გამგეობასა და საკრებულოში არ აქვთ.

 

კითხვაზე, კანონიერია თუ არა საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა დგას? ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი თემურ ბერიძე ასე პასუხობს:

 

„ქონების განკარგვა-რეალიზაციას, რაც დარეგისტრირდა მუნიციპალურ საკუთრებაში და რაც არის საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს. შენობა-ნაგებობა, რომელიც ფიქსირდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, არ არის აღრიცხული, რეგისტრირებული“.

 

მიწა, რომელზეც უკანონოდ აშენებული ნაგებობაა განთავსებული და რომელიც პოლიციის უფროსის მამას ეკუთვნის, საკრებულომ 800 ლარად შეაფასა
მიწა, რომელზეც უკანონოდ აშენებული ნაგებობაა განთავსებული და რომელიც პოლიციის უფროსის მამას ეკუთვნის, საკრებულომ 800 ლარად შეაფასა

„უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირე, რადგან საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს ობიექტი, როგორც თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც სინამდვილეში განთავსებულია უკანონო მშენებლობა. ეს თვალის ახვევაა და მე მსგავს საკითხს მხარს ვერ დავუჭერ. საჯარო რეესტრიც შეიყვანეს შეცდომაში, – მათ მიერ წარმოდგენილ ამონაწერს არ ახლავს არც საკადასტრო რუკა და არც შენობა-ნაგებობის დამადასტურებელი ნახაზი. ასევე დარღვეულია საავტომობილო გზების შესახებ კანონი, შენობა კი ნორმების დარღვევით არის აშენებული. კანონით ამ შენობის დემონტაჟი გარდაუვალია“, – აცხადებს რამაზ გოლომანიძე.

 

დეპუტატებმა, რომლებმაც ბოლო კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. კომენტარი არც საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.

აუქციონის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ ვინ გახდება 102 კვადრატული მეტრი მიწის კანონიერი მფლობელი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე (ქედაში, 36-ე კილომეტრზე) მდებარეობს, ასევე ისიც თუ რა ბედი ელის ამ მიწაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქედის სამსახურის (ყოფილი კუდი) უფროსის, ბადრი ცინცაძის მამის ზურაბ ცინცაძის უკანონო მშენებლობას.

 

ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით

 

 

ქალბატონო ეკა, ვინ არის ტრანსგენდერი ადამიანი და, ზოგადად, რა ასაკიდან იაზრებს ადამიანი თავის გენდერულ იდენტობას?


როცა ტრანსგენდერ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბიოლოგიური სქესი და გენდერი. ძალიან ხშირად როცა ვამბობთ სქესს, მასში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ბიოლოგიურ სქესს, არამედ გენდერსაც – არ ვმიჯნავთ მათ ერთმანეთისგან. სქესი ადამიანის ბიოლოგიური ფიზიოლოგიურ-ანატომიური მახასიათებლების ერთობლიობაა, გენდერი კი სოციალური სქესია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ ქცევით, ფუნქციურ თუ მენტალურ განსხვავებულობას ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც წესი, ადამიანი თავს აღიქვამს თავისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს ასე არ ხდება და ადამიანის მიერ საკუთარი სქესის თვითაღქმა კონფლიქტშია ბიოლოგიურ სქესთან. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ბიოლოგიურად კაცი თავს აღიქვამს ქალად (ტრანსგენდერი ქალი), ან პირიქით, როცა ქალი თავს აღიქვამს კაცად (ტრანსგენდერი კაცი) და არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავს არც ერთ სქესთან არ აიგივებს (ანდროგინი).

გარდა ამისა, ძალიან ხშირად ერთმანეთში ურევენ გენდერულ იდენტობას და სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ როცა ეს სექსუალობის ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ასპექტია. ადამიანი, რომელიც თავს აღიქვამს ქალად და სექსუალური კავშირი აქვს კაცთან – ჰეტეროსექსუალია, რადგან ტრანსგენდერ ადამიანებსაც ისევე როგორც სხვებს, აქვთ სექსუალური ორიენტაცია და ეს არ არის მიბმული მაინცდამაინც გენდერულ იდენტობაზე. ტრანსგენდერი ადამიანი, ისევე როგორც ყველა სხვა, შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი, ჰეტეროსექსუალი და ბისექსუალიც. როგორც წესი, გენდერული იდენტობის ფორმირება საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება და მოზრდილობაში მყარდება. სექსუალობა არ არის მარტივი მოცემულობა და მასზე ბევრი რამ ახდენს გავლენას – ბიოლოგია, ფსიქოლოგია, ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილება თუ კონკრეტული სოციო-კულტურული გარემო.

რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?


იმის მიხედვით, თუ როგორია გარემო, “კონფლიქტის” პროცესი ზოგჯერ ძალიან მწვავედ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი, ნაკლებად. ამ დროს იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია კონკრეტული კულტურა. ისეთი ტიპის კულტურებში, როგორიც ჩვენ ვართ, ანუ სადაც ქალისა და კაცის გენდერული როლები არა მხოლოდ პოლარიზებულია არამედ იერარქიულიცაა, სადაც ქალი იერარქიის ქვედა საფეხურზე იმყოფება და ყველაფერი, რაც ქალთან და ქალურობასთან არის დაკავშირებული, კულტურისთვის მეორადია. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ტრანსგენდერთა მიმართნეგატიურ განწყობებზე და ძალადობაზეც. მაგალითად, ძალადობის ფაქტები უფრო ხშირია სწორედ ტრანსგენდერი ქალების მიმართ, რადგან ამ კულტურაში უფრო სამარცხვინოდ ითვლება მამაკაცის მიერ ქალის როლის მიღება-გათავისება. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ სოციალური, არამედ სქესობრივი როლის მიღებაც, რადგან ეს პრაქტიკულად არღვევს ამ კულტურაში არსებულ არამხოლოდ გენდერულ და როლურ მოდელებს, არამედ იერარქიასაც. თუმცა, ჩვენ ისტორიაში გვაქვს მაგალითები, როცა ქალები თავის თავზე იღებდნენ მამაკაცის სოციალურ როლს. ისინი იყვნენ წახალისებული და გმირებად შერაცხულები, თუნდაც მაია წყნეთელი. მაგრამ არ არსებობს პირუკუ ტრადიცია. ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა მამაკაცმა ნებაყოფლობით იტვირთა ქალის სოციალური როლი და იგი ისევე გმირად შერაცხულია საზოგადოებისგან, როგორც ქალი მამაკაცის სოციალური როლის მორგებისას.

თუ ტრანსგენდერი ქალი ხმამაღლა საუბრობს თავის გენდერულ იდენტობაზე და ქუჩაში გამოდის ქალის ტანსაცმლით, იგი აუცილებლად ასოცირდება ფრიკთან. რა არის ამის მიზეზი?

როცა სოციალური როლის გათავისებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, თვალში საცემი ის ადამიანები არიან, ვინც გამოკვეთილად `ქალურად~ იქცევიან და ქალის ტანსაცმელს ატარებენ. მაგალითად, ტრანსგენდერი კაცების შემთხვევაში, კაცის ტანსაცმლის ტარება, შარვლის ტარებაზე თუა საუბარი, მაინცდამაინც თვალში მოსახვედრი აღარ არის, რადგან შარვალს დღეს ბევრი ქალი ატარებს. მაგრამ საქმე ისიც არის, რომ ჩვენი კულტურა ძალიან ფემინოფობიურია და ესეც არის იმ განსაკუთრებული აგრესიის მიზეზი, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მიმართ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობა ამ მხრივ, თუმცა ცოდნა ყოველთვის არ არის იმის გარანტი, რომ ვინმეს ტრანსგენდერისადმი აგრესია არ გაუჩნდეს. სამწუხაროდ არაკეთილგანწყობილი გარემო ქუჩის გარდა, ოჯახშიცაა ასეთი ბავშვები ხშირად ხდებიან თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი.

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში სექსმუშაკებთანაც ასოცირდებიან. რა არის ამის მიზეზი და სხვა რა სტერეოტიპები არსებობს მათ მიმართ?


ტრანსგენდერი ადამიანების სექსმუშაკებთან გაიგივებაში დიდი წვლილი მედიას მიუძღვის, რომლის ყურადღების ქვეშ ყოველთვის ექცევა ასეთი ერთეული შემთხვევებიც კი. რა თქმა უნდა, არიან ტრანსგენდერები, რომლებიც კომერციული სექსით არიან დაკავებული, მაგრამ ეს წესი ნამდვილად არაა. ეს უფრო რისკ-ფაქტორია და სხვა ბარრიერს უკავშირდება, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან. საქმე ისაა, რომ სამუშაოს პოვნა პირადობით, რომელშიც ტრანსგენდერ ქალს გარეგნობის შეუსაბამო სქესი უწერია, ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ხშირად ისინი ისეთი ტიპის სამუშაოს ეძებენ, სადაც პირადობის მოწმობის წარდგენა საჭირო არ იქნება. ამან შეიძლება ადამიანს კომერციული სექსისკენ უბიძგოს კიდეც. ასე რომ, ეს რისკ-ფაქტორია და არა გარდაუვლი მოვლენა. ხშირად, ტრანსგენდერი კაცები მშენებლობაზე დღიურ სამუშაოებს ირჩევენ. ფაქტია, რომ ასეთ მძიმე პირობებში ძნელია ამ ადამიანებისთვის სოციალიზაცია, მათი შესაძლებლობის სრულად გამოვლენა და რეალიზაცია ისე, როგორც ეს საზოგადოების სხვა წევრებს შეუძლიათ. დღეს ტრანსგენდერი ადამიანის, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალის იმიჯი ძალიან სექსუალიზებულია და ამაშიც მნიშვნელოვანი წილი მედიას მიუძღვის.

შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ ქართული მედიის წვლილზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების დამყარებაში?

ტრანსგენდერი ქალის იმიჯის სექსუალიზებას გარკვეულად ისიც განაპირობებს, თუ ვის ირჩევენ ჟურნალისტები ეკრანზე გამოსაჩენად. მათ უყვართ ადამიანების ეგზოტიზაცია და ხშირად, ტრანსგენდერ ადამიანებს უტრირებული სახით წარმოაჩენენ. თუ რომელიმე შოუში ისეთი ტრანსგენდერი ადამიანი გამოჰყავთ, რომელიც მაინცდამაინც არ ეჯახება ასეთ ფიზიკურ ძალადობას, მისგან სხვა არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, აქცევენ თუ არა მას კაცები ყურადღებას, რამდენი კაცი აქცევს ყურადღებას და ა.შ. ანუ ეს იმიჯი სრულიად სექსუალიზებულია. მის მიღმა საერთოდ დაკარგულია ადამიანიც და პიროვნებაც. ეს არის ერთადერთი, რა ჭრილშიც ხედავს მედია ამ ადამიანებს.
მაგალითად, როცა საბი ბერიანის მკვლელობის ფაქტს აშუქებდნენ, ჟურნალისტები მეზობლებს ეკითხებოდნენ, ხშირად აკითხავდნენ თუ არა მას კაცები, აყავდა თუ არ საბის ბინაში კაცები, ქალის ტანსაცმელი ეცვა თუ კაცის და სხვა, რაც არამარტო მის პირად ცხოვრებაში უხეში შეჭრა, არამედ ეთიკის ყველა ნორმის დარღვევაცაა.
წლების წინ, როცა მედია გეებისა და ლესბოსელების შესახებ რაიმე საკითხს შეეხებოდა, ყოველ ჯერზე ამ თემას თან სდევდა სადღაც ჩატარებული პრაიდის ფოტოები ან ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა პრაიდებისთვის დამახასიათებელი კარნავალური, `დრაგშოუს~ კულტურა. ამ პრაიდებშიც უამრავი ადამიანი მონაწილეობს სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებზე სავსებით კონკრეტული მოთხოვნებით, მაგრამ ჟურნალისტების უმეტესობას იმ სანახაობითი ნაწილის გარდა სხვა არ აინტერესებთ.
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საბის შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის – ყველამ იცოდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანზე იყო საუბარი, ეს ადამიანი საკუთარ თავს აღიქვამდა ქალად, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ბიჭი, მოიხსენიებდნენ მისი საპასპორტო სახელით, რაც, სრულიად უპატივცემულო დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელისა და სქესის შეცვლა ბევრ ბარიერთანაა დაკავშირებული ჩვენთან და ბევრს არ შეუძლია სრულად გაიაროს ტრანზიციის მთელი პროცესი.

როგორ ხდება საქართველოში სასურველი სქესის სამართლებრივი აღიარება?

სქესის ლეგალურ აღიარება ჩვენთან კანონით არ რეგულირდება. კანონი არც არეგულირებს, თუმცა არც კრძალავს, სქესის ლეგალურ აღიარებას ან თუნდაც სქესის კვლავმინიჭებას ქირურქიული გზით. უბრალოდ, არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა. წლების წინ იყო შემთხვევა, როცა ადამიანმა სრულად გაიარა ეს პროცედურა, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ჩათვლით და მაშინ სასამართლომ გასცა შესაბამისი დასკვნა, რომ სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული პროცედურის სრუალდ გავლის საფუძველზე ამ ადამიანს პასპორტში ჩაენაცვლოს სქესის ჩანაწერი. ადამიანი, რომელიც ემზადება სქესის კვლავმინიჭების ოპერაციისთვის, იღებს ცნობას, შემდეგ გადის ტრანზიციის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს და შემდეგ იტარებს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას. ეს საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცედურაა და მას არც ერთი დაზღვევა არ აფინანსებს (რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია, პლასტიკური, კოსმეტიკური ოპერაციების სიაშია).
საბოლოო ჯამში, ჩვენში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ადამიანს სქესის ლეგალური აღიარებისთვის სჭირდება იძულებითი სტერილიზაციის სრული პროცედურის გავლა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
ცხადია, თუკი ეს პროცესი დარეგულირდება და საჯარო რეესტრში შესაძლებელი იქნება სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ტრანზიციის უფრო ადრეულ ეტაპზე ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას. იქნება ეს შრომითი თუ მომსახურების სხვა სფერო, ჩვენ შეგვეძლება თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაცია. ბოლო სამი წლის მანძილზე შესაბამისი წერილითა და განცხადებით რამდენჯერმე მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, პროცესი დაიძრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გვაქვს.

რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სპეცსამსახურები აიძულებდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის ტრანსგენდერებს სექსუალურ მომსახურებას „კამერების წინ”, შემდეგ კი ამ კადრებს ადამიანების შანტაჟისთვის იყენებდნენ?


ბევრს ალბათ ახსოვს, ორი წლის წინ, ასეთი პრაქტიკის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა მედია საშუალებებით. სამართალდამცავთა მხრიდან შანტაჟის მცდელობის ფაქტები ჩვენც გვაქვს დოკუმენტირებული. ბევრს გვსმენია ასეთი “თანამშრომლობის” თაობაზე. ამასთან, ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ადამიანი არ ეკუთვნის ლგბტ ჯგუფს, მაგრამ მას მაინც ემუქრებოდნენ სამართალდამცავები ასეთი ტიპის მასალების “გამოქვეყნებით” (ჩვენ გამოვაქვეყნებთ და მერე თავი თავად “იმართლეთ”, თქვენ ხართ თუ არა ამ ფოტოსა თუ ვიდეოზე). ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო ამ სიტუაციაში ჩემთვის ისა, რომ საზოგადოებაში არსებული ჰომო და ტრანსფობია იმდენად ძლიერია, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არც კანონდარღვევა და არც კრიმინალი, ხდება შანტაჟის საფუძველი. ასეთი პრაქტიკა იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ მაშინ კრიმინალიზებული იყო ჰომოსექსუალობა და ადამიანებს ამის გამო ციხეში წასვლა ემუქრებოდათ.

ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ?


კვლევა, რომელსაც ახლა ვატარებთ, ანონიმურია და სამწუხაროდ რესპონდენტთან ამის გადამოწმება და ზუსტი დეტალების გარკვევა არ შეგვიძლია, მაგრამ ერთგან შემხვდა შემთხვევა, როცა პოლიციელი ცდილობდა ადამიანის დაშანტაჟებას ამ თემით. მან მოახერხა რაღაცნაირად თავის დაღწევა, საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. რამდენიმე წლის წინ მეც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ პოლიციელების მიერ ლგბტ ჯგუფის წევრთა დაშანტაჟების მავნე პრაქტიკა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა. ჩემთვის მართლა დიდი სტრესი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ გრძელდება და ადამიანები (მათ შორის ისეთებიც, რომელიც არ მალავენ საკუთარ იდენტობას ადამიანთა გარკვეულ წრეში) შესაძლოა ამ შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ. ეჭვი მაქვს, ასეთი ტიპის პრაქტიკაზე, სახელმწიფო ასე მარტივად არ იტყვის უარს. ამას რეალური პოლიტიკური ნება და არაჰომოფობიური გარემო სჭირდება.

რატომ შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი 40 მილიონით

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომავალი წლის პრიორიტეტებად მერიამ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა დაასახელა. თუმცა, ბიუჯეტის პროექტში ახალი დიდი სამშენებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დაფინანსება არ იძებნება. ბიუჯეტის პროექტის ზოგიერთ გრაფაში კი, რაც ქალაქის კეთილმოწყობასთანაა დაკავშირებული, თანხა მცირდება. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის 2015 წლის პროექტში არც ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის დაფინანსების შესახებ იძებნება ინფორმაცია.

 

 

 

2013 წელს ქალაქის კეთილმოწყობა რვა მილიონი ლარით იყო დაფინანსებული,  2014 წელს – 13 მილიონით, ხოლო მომავალ წელს ამ კუთხით ხუთი მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარე წელს 85 მილიონი ლარით იყო დაფინანსებული, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი თითქმის განახევრებული – 46 მილიონ ლარამდეა შემცირებული.

მიმდინარე წელთან შედარებით 30 მილიონიდან 26 მილიონამდე იკლებს კომუნალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებაც. მილიონი ლარით დაიკლებს ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა.

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე წელს 31 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2015 წლის პროექტის მიხედვით კი ეს თანხა 10 მილიონ ლარამდე შემცირდება.

 

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის განმარტებით, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში მერია წყლის სისტემის რეაბილიტაციის გაგრძელებას, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებას, ჟილინის არხის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების გაგრძელებას, ე.წ. იაფი სახლისა და სოციალური სახლის მშენებლობასაც გულისხმობს: „ამ პროექტების შესახებ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული არ არის, რადგან ისინი 2014 წლის ბიუჯეტიდან გადავა ახალ ბიუჯეტში“.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ბათუმის საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ყველაზე მეტი – 2 მილიონი ლარი ჯანდაცვის პროგრამებს დაემატება. ამ ნამატის მოშველიებით მერიის საფინანსო სამსახურში ამტკიცებენ, რომ `მომავალი წლის ბიუჯეტი გაცილებით უფრო სოციალური იქნება“.

 

2014 წლის ბიუჯეტში ბათუმის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 6 600 000 ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალ წელს ეს თანხა  8 500 000 ლარამდე გაიზრდება.

 

მერიის ჯანდაცვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ც ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამის დაწყება მომავალ წელს ბათუმის მოსახლეობისთვის  მთავარი შეთავაზება იქნება.

 

წელს მხოლოდ c ჰეპატიტის სქრინინგის პროგრამა იყო  დაფინანსებული. პროგრამის ბიუჯეტი კი 130 000 ლარს შეადგენდა. მომავალ წელს დაავადების გამოვლენის გარდა მკურნალობაც დაფინანსდება, პროგრამის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

 

„საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ახორციელებდა c ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაავადებულ პირებს 60-პროცენტიანი ფასდაკლებით მიეწოდებოდათ სამკურნალო მედიკამენტები, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი თანხის მობილიზება. ამ ადამიანების დახმარების მიზნით ბათუმის მერიამ შეიმუშავა c ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამა“, – განმარტავს სოფო მიქელაძე.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია c ჰეპატიტის PSR-ის რაოდენობრივი  განსაზღვრა (162 პირი); c ჰეპატიტის გენოტიპის განსაზღვრა (121 პირი); ღვიძლის ფიბროსკანის გაკეთება (200 პირი); c ჰეპატიტით დაავადებული სოციალურად დაუცველი (100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტთათვის) საშუალოდ 12 პირისთვის უფასო, 30-კვირიანი მკურნალობა;  c ჰეპატიტით დაავადებული საშუალოდ 150 პირისთვის 30-კვირიანი მკურნალობა თანადაფინანსებით; ექიმ-ინფექციონისტის კონსულტაცია (355 პირი) საჭიროების მიხედვით. სოფო მიქელაძის განმარტებით, ეს გათვლა წელს განხორციელებული სქრინინგის პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს.

 

თითქმის ორმაგდება (96 000 ლარიდან 172 000 ლარამდე) მერიის `შინ მოვლის~ პროგრამის დაფინანსებაც. მერია ამ პროგრამის ფარგლებში ბათუმში რეგისტრირებულ 0-100 000 ქულის მქონე ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარს ემსახურება. პროგრამა ბენეფიციართან კვირაში ორჯერ ვიზიტს ითვალისწინებს. გასულ წელს ეს პროგრამა 90 ბენეფიციარს ემსახურებოდა.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ჯანდაცვის სამსახური კიდევ ერთ ახალ პროგრამას – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მონიტორინგისა და დიაგნოსიტიკის პროგრამას განახორციელებს. ამისთვის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში 64 000 ლარი გაითვალისწინა.

 

შედარებით დაბალბიუჯეტიანია, თუმცა ახალია ბრონქული ასთმით დაავადებულთა დიაგნოსტიკის პროგრამაც. ამ მიმართულების კვლევებისთვის ჯანდაცვის სამსახური ბიუჯეტიდან 27 000 ლარს მიიღებს.

 

მომავალ წელს მერია ბავშვთა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების ადრეულ დიაგნოსტიკაზეც იზრუნებს. ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში 53 000 ლარის გათვალისწინებას გეგმავენ. 2013-2014 წლებში მსგავსი პროგრამა არ ფინანსდებოდა.

 

გასულ წელს არც სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდებოდა. მერია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კოხლიარული ინპლანტის ოპერაცია ჩაუტარდათ, შემდგომი 12 თვის განმავლობაში ლოგოპედს (მეტყველების თერაპევტი) დაიქირავებს.

 

„სმენის დარღვევების ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით“ ბათუმში რეგისტრირებული სმენის დარღვევების მქონე 3-12 წლამდე 15 ბავშვი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს 30 000 ლარი იქნება.

 

მომავალ წელს არ გაიზრდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარების პროგრამა, ამ პროგრამისთვის ისევ 500 000 ლარი გაითვალისწინეს.

 

მცირედით გაიზარდება ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული მატერიალური დახმარების პროგრამა. გასულ წელთან შედარებით გაორმაგდება მრავალშვილიანი და უდედმამო ბავშვების ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამა.

მომავალი წლის ბიუჯეტში მერიამ თანხა „წარმატებულ სტუდენტთა მხარდასაჭერადაც“ გაითვალისწინა. მერის ახალი პროგრამა მაღალი აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტების წახალისებას ითვალისწინებს. სტუდენტების წასახალისებლად მომავალი წლის ბიუჯეტიდან მერია 37 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. შენარჩუნებულია უცხოეთში სტაჟირების პროგრამაც.

 

ასე გამოიყურება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც ბათუმის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. საკრებულოს წევრები დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებს მერიას ამ კვირაში წარუდგენენ, რის შემდეგაც მერიას ბიუჯეტის პროექტი კორექტურებისთვის უკან დაუბრუნდება.

 

2015 წელს ბათუმის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება. წელს ბათუმის ბიუჯეტი 136 მილიონი ლარია.

 

2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა.

 

რკინიგზაში დასაქმებულთა აქცია ბათუმში

 

 

„სამ რამეს ვითხოვთ: ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაოს შემცირება, ხელფასის ნორმალური ბადის ჩამოყალიბება და მეცამეტე ხელფასი,“ – აცხადებს რკინიგზაში დასაქმებული და გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე ნუგზარ მელიქაძე.

 

მისი თქმით გაფიცვას მანამ გააგრძელებენ სანამ საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებას არ მიაღწევენ.

 

„რკინიგზის შემადგენლობა, ყველა სამსახური რკინიგზის გაფიცულია. ბლოკირებულია ყველა სამსახურები. სოლიდარობას გვიცხადებს სტუდენტობა, აჭარის პროფკავშირთა გაერთიანება, გაერთიანებული პროფკავშირები. ახლა ვინც მუშაობს, ისინი ადმინიტრაციასთან დაახლოებული ხალხია. მესამე-მეოთხე დღეა აბმევინებენ ხალხს მორიგეობას. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.  მუშათა კლასის მიერ არჩეული პროფკავშირების თავმჯდომარე, უშუალოდ ვიტალი გიორგაძე სანამ არ დაგვირეკავს რომ ყველაფერი მოლაპარაკებულია ბიჭებოო, ყველაფერი გადაწყვეტილიაო, მანამდე არ ვაპირებთ დაშლას,“ – აცხადებს ნუგზარ მელიქაძე.

 

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა ნაწილი მეოთხე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცულია.  

 

 

ფოტო: ტატო ცეცხლაძე

 

ბათუმის საკრებულოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

 

საკრებულოში მიმდინარე კონკურსს,   არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე აკვირდებიან.

 

კონკურსი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

ქალი სკალპელით

“თავიდანვე მინდოდა ქირურგი ვყოფილიყავი, პირველივე კურსიდან ვმორიგეობდი ქირურგიულ განყოფილებაში. სამედიცინო სფეროში და მით უმეტეს გადაუდებელ ქირურგიაში 24 საათი მობილიზებული უნდა იყო, არ იცი როდის იქნები საჭირო, დღის ან ღამის რომელ საათზე დაგირეკავენ საავადმყოფოდან, მაგრამ ეს ჩემთვის დისკომფორტს არ ქმნის,  ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა“ – ამბობს ხათუნა. იგი სტამბოლის სახელმწიფო კლინიკაში, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში გადის რეზიდენტურას.

ყველაზე რთულ ოპერაციას საქართველოში, ჯერ კიდევ მაშინ დაესწრო როცა სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტი იყო – „65 წლის პაციენტს,  ფატერის  დვრილის  სიმსივნის  გამო  გავუკეთეთ საკმოდ  დიდი და რთული ოპერაცია. ეს  ჩემთვის  იმ  დროს  უდიდესი გამოცდილება იყო,  რადგანაც  საქრთველოში  არც  ისე  ხშირია  ასეთი  მასშტაბის  ოპერციები.   ჩემთვის  დიდი  პატივი  იყო, როცა ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად  თეიმურაზ  ბეშკენაძემ  დამიძახა. მართალია დღეს ეს ჩემი ყოველდღიურობაა, მაგრამ მაინც ყველაზე შთამბეჭდავ ოპერაციად მახსენდება”.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გასულ წელს დავამთავრე. მოგეხსენებათ, საქართველოში, ექიმების ცხოვრება, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კომფორტულია, მით უმეტეს დამწყები ექიმებისა და რეზიდენტების. დიდ ხანს ვფიქრობდი სად გამეგრძელებინა დიპლომის შემდგომი განათლება, ბევრი ვარიანტი განვიხილე და ბოლოს თურქეთი შევარჩიე. დიპლომის აღიარებაზე განაცხადი რომ გავაკეთე, დიდი იმედი არ მქონდა, რადგანაც განაცხადს წლების მანძილზე განიხილავენ და ზოგჯერ არ თანხმდებიან, თუმცა მე ორი თვის შემდეგ დამირეკეს. ამის შემდეგაც საკმაოდ რთული იყო გზის გაკვლევა, რადგანაც რეზიდენტურის მისაღები ოფიციალური გამოცდა ძალიან რთულია. დაახლოებით ხუთი თვე ვემზადებოდი და წარმატებით ჩავაბარე. ასე დავიწყე სტამბოლის სახელმწიფო კლინიკაში, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში მუშაობა“ – ამბობს ხათუნა. 

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი, რომ ქირურგია კაცის პროფესიაა, ხათუნას მცდარად მიაჩნია: „საზოგადოებაში ეს აზრი მუსირებს და თურქეთშიც ასეა გარკვეულ წილად, მაგრამ ვფიქრობ, რეალურად ასე არ არის, რადგანაც ჩემთან ერთად მორიგეობდნენ კაცებიც და არანაირი განსხვავება არ იყო ჩემსა და მათ შორის. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთ ბიჭზე უკეთ ვართმევ თავს საქმეს. თუმცა ჩემი არჩევანი ყველას უკვირდა, არადა საქართველოში ქალი ქირურგები არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს გოგოები უფრო ჭარბობენ, ვიდრე ბიჭები, თბილისში, დიდ ოპერაციებზე ქალი ოპერატორი არ მინახავს. არადა ქირურგიას ძალა კი არა, უფრო მეტად ნატიფი ხელი სჭირდება. ბევრი ლექტორი მირჩევდა სხვა განხრით წავსულიყავი, ძალიან გაგიჭირდებაო, მაგრამ მე ბოლომდე ქირურგიის ერთგული დავრჩი, ვერავის აზრმა ვერ გადამაფიქრებინა. ჩემთვის პროფესია ყველაფერზე წინ დგას“ – ამბობს ხათუნა.  

ხათუნა უკვე დიდი  ხანია დამოუკიდებლადაც მუშაობს. ამბობს, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია – „მართალია დიდი გამოცდილების მქონე ექიმად ვერ ჩავთვლი თავს, მაგრამ ამ დროის მანძილზე საკმაოდ  ბევრი  რამ  ვნახე   და  სიტუაციის  მართვაც თავისუფლად შემიძლია“.

იგი ამბობს, რომ მის პროფესიულ არჩევანში დიდი როლი ითამაშეს ექიმებმა: პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ და თეიმურაზ ბეშკენაძემ: „ბატონი ზურაბი ქირურგიაში ჩემი პირველი მასწავლებელი იყო და ჩემს პროფესიულ წინსვლას მას ვუმადლი. მან შეაფასა ჩემი შესაძლებლობები და საშუალება მომცა ჯერ კიდევ საქართველოში დავუფლებოდი ქირურგიის საფუძვლებს საქართველოში სამუშაო პირობები ბევრად რთულია, ბევრ პრობლემასთან გიხდება შერკინება. თურქეთში, ჩვენგან განსხვავებით სამუშაო პირობები ბევრად უკეთესია, ექიმის წოდება მაღალ დონეზეა და შესაბამისად ყველა კმაყოფილია“.

ხათუნა თურქეთში კიდევ  ოთხი წელი დარჩება, შემდეგ კი საქართველოში აპირებს დაბრუნებას, ამბობს, მუშაობის გაგრძელებას ტრანსპლანტოლოგიაში  აპირებს – „ძალიან მაინტერესებს ღვიძლის  ტრანსპლანტაცია და  იმედი  მაქვს,  რომ  საქართველოშიც  მოგვეცემა  ამის  შესაძლებლობა – ეს  ჩემი  ყველაზე  დიდი  ოცნებაა  და  ყველაფერს  გავაკეთებ  ამის  მისაღწევად“ – ამბობს ის.

ხათუნა ჯოყილაძე წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა. იგი ამბობს, რომ ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ვერ შეძლებდა სწავლასა და მუშაობას: „ოჯახი საერთოდ არ ჩარეულა პროფესიის არჩევანში, მეტიც, მამაჩემი ყველანაირად გვერდში მიდგას და მეხმარება რითაც შეუძლია“. 

მარტოსულობის უპირატესობანი

წიგნის მოქმედება ოთხმოცდაათიანების ამერიკაში ვითარდება და ძალიან ცოცხლადარის გადმოცემული მოზარდების ყოფის სირთულეები. „მარტოსულობის უპირატესობანი’’ ძალიან ბევრს უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, ისეთებს, როგორიცაა ბულინგი, ძალადობა,მოზარდების გახშირებული თვითმკვლელობანი, მამაკაცების დომინანტობა, შეზღუდული შესაძლებლობები…

 ჩარლის უცნაური, მარტოხელა ბიჭია, რომელსაც, ერთი შეხედვით, ამოუხსნელი მელანქოლია და ისტერიკის შეტევები სტანჯავს. ფსიქიატრები ვერაფერს უგებენ მის პრობლემებს. ჩარლის წერის ნიჭი აქვს და საოცარი ლიტერატურის მასწავლებელი შეხვდება. წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც წასაკითხად რიგრიგობით მოგცემთ „ნუ მოკლავ ჯაფარას’’, „შიშველ ლენცს’’, „გზაზე’’, „პირველწყაროს’’, „უცხოს’’… და თან წაკითხულის შესახებ ესეებს გაწერინებთ, ზოგჯერ ცხოვრებაზე გესაუბრებათ, ერთხელ კი შინაც მიგიწვევთ, გეტყვით, რომ განსაკუთრებული ხართ და მაგრად ჩაგეხუტებათ. მგონი, იდეალური მასწავლებელი სწორედ ასეთი უნდა იყოს. ჩარლიც გვეთანხმება.  

 ჩარლის, მიუხედავად მისი ისტერიკის შეტევებისა, ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში. საოცარი ოჯახი ჰყავს, წყნარი, მშვიდი და მოსიყვარულე მშობლები, გულწრფელი და-ძმა… მაგრამ მის ირგვლივ არის უამრავი ბავშვი, მისი სკოლის მეგობრები, რომლებსაც სახლში სცემენ და კიდევ უარესი, რომლებიც ოჯახის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც კი არიან. სწორედ ოჯახური სირთულეების გამო იკლავს ჩარლის მეგობარი თავს და ეს შემთხვევა თავად ჩარლიზე წარუშლელ კვალს დატოვებს.

 ოჯახის გარდა, ბიჭს მეგობრებშიც ძალიან გაუმართლა. ორი შესანიშნავი მეგობარი ჰყავს – ლამაზი გოგო სემი და მისი ძმა პატრიკი. ჩარლი სემზე ყურებამდე, ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულითაა შეყვარებული, მაგრამ ცდილობს, გრძნობებს არ აჰყვეს, რადგან სემი მთელ სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოა.

 არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -ჩბოსკის წიგნში კარგად ჩანს, რომ მამაკაცები ფიზიკურად ძალადობენ ქალებზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ლოკალური პრობლემა. აი, ჩარლის და, შესანიშნავი, ლამაზი, ჭკვიანი გოგოა და თავგადაკლული ფემინისტი. და იცით, მის თავს რა მოხდება? შეყვარებული სცემს და ის ხმა არ ამოიღებს, პროტესტსაც კი არ გამოხატავს, იმიტომ, რომ ძალიან სტანჯავს სირცხვილი იმის გამო, რომ ეს სწორედ მას შეემთხვა – ლამაზს, ჭკვიანს, გამორჩეულს და თანაც, ფემინისტს. 

 გარდა თინეიჯერების ცხოვრებისეული სირთულეებისა, აბორტებისა და სკოლებში ნარკომანიისა, ჩბოსკის წიგნში უამრავი ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელი სცენაა, ცოცხალი და დასამახსოვრებელი. ზოგადად, ძალიან შთამბეჭდავიწიგნია, ისეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეგახსენებთ თავს, სხვადასხვა სიტუაციაში, რადგან ჩარლის ამბები, ცუდიც და კარგიც, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, ყოველ ჩვენგანს გამოუვლია. ბევრნი ვიყავით 15 წლის მარტოსული მოზარდები.

”დაგვეხმარეთ!”- ხმა ხის ქოხიდან

 

 

რამდენიმე დღის წინ ნატროს საცხოვრებელი სახლის სახურავის მცირე ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობამ მეორადი სახურავით გადახურა, თუმცა, როგორც ნატრო ამბობს, სახლში წვიმის დროს ისევ ჩამოდის წყალი, რადგან სახურავის დანარჩენი ნაწილი შესაცვლელია. „გამგებელს ვთხოვე სახლის გამაგრება, რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ და სახლის სახურავის ნაწილი მეორადი სახურავით გადამიხურეს, დანარჩენი შესაცვლელია”, – ამბობს ნატრო.



ნატროს ქმარი, გურამ აბაშიძე, ოთხი წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. სამ მცირეწლოვან ბავშვს ნატრო ზრდის, უმცროსი, შორენა ცხრა წლისაა, უფროსი, მალვინა კი- 14 წლის. ოჯახი თავს პენსიითა და საარსებო შემწეობით ირჩენს. “სამი გოგონა მყავს, მალვინა, მარიკა და შორენა, სკოლის მოსწავლეები არიან. ბავშვებს მარტო ვზრდი, ჩემი მშობლები და მეზობლებიც მეხმარებიან, მაგრამ სხვას რამდენჯერ შეაწუხებ. დახმარება და პენსია გვაქვს, თუმცა მე ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის. ჩვენი მთავარი პრობლემა სახლია, ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ, სახლს გამაგრება სჭირდება, წვიმის დროს გარეთ ვერ გახვალ, სახლის მიმდებარე ტერიტორია იტბორება, წელს მაშველების გამოძახებაც მომიხდა, ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო’’, – ამბობს ნატრო.



ნატრო 40 წლისაა. ეპილეფსიით შვიდი წლისწინ დაავადდა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, გაზაფხულზე, ბილისში ჩადის ექიმთან. როგორც ნატროს დედა, ქალბატონი ჟუჟუნა ამბობს, სამკურნალოდ ნატრო თბილისში მას დაჰყავს. „ექიმმა მითხრა, თუ დანიშნულებით გამოწერილ წამლებს ყოველდღიურად არ მიიღებს, დაიღუპებაო. მარტოც არ დაიტოვება, ვერ ვტოვებთ, ხშირად კარგავს გონებას, სამჯერ კლინიკური სიკვდილი აქვს გადატანილი. ახლა მეც ავად ვარ, პარალიჩი მივიღე და დასახმარებელი მე გავხდი’’,- ამბობს ნატროს დედა.


„ფიზიკური შრომა არ შემიძლია, ამ ბოლოს რომ გავითიშე, სახლში მარტო ვიყავი და ღუმელს დავეცი, ხელი დავიწვი’’, _ მეუბნება ნატრო და დამწვარ ხელს მაჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ეპილეფსიით დაავადებულთა მიზნობრივი პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში ქედაში მცხოვრები 79 ბენეფიციარი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს უფასოდ იღებს, ნატრო მუნიციპალურ პროგრამაში ვერ მოხვდა. ის ამბობს, რომ გამგეობის ჯანდაცვის სამსახურს მიმართა და შესაბამისი ცნობა წარუდგინა, თუმცა ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ უთხრა, რომ წამლები, რაც მას ესაჭიროება, პროგრამით არ გაიცემა. ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებს ნატრო საკუთარი პენსიითა და საარსებო შემწეობით ყიდულობს. ამბობს, რომ თვეში მინიმუმ 200 ლარის წამალი სჭირდება, ,,კონვულექსი’’და ,,კლონაზეპამი’’.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ოჯახს გეოლოგიური დასკვნის შესაბამის დახმარებას გაუწევენ, რაც შეეხება ეპილეფსიის პროგრამაში ნატრო შილაძის ჩართვას, სამსახურისუფროსის თქმით, პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ორი დასახელების მედიკამენტი გაიცემა. „ეპილეფსიით დაავადებული ყველა ადამიანი, რომელმაც მოგვმართა განცხადებით და წარმოადგინა შესაბამისი ცნობა, სარგებლობს პროგრამით და მედიკამენტებს უფასოდ იღებს.

 

პროგრამის ფარგლებში ძირითადად ორი დასახელებისმედიკამენტი (კარბამაზეპინი, დეპაკინი) გაიცემა. წამლის სახეობა ჯანდაცვის სამინისტროსმითითებით შეირჩა, რადგან ეპილეფსიითდაავადებულები ძირითადად ამ მედიკამენტებსიღებენ. თუ ნატროს იმავე ქიმიურიშემადგენლობის მედიკამენტი სჭირდება, პროგრამაშიჩავსვამთ, სხვა ქიმიური შემადგენლობისწამალი პროგრამით არ გაიცემა. რაც შეეხებასაცხოვრებელ სახლს, ვიცით მდგომარეობა,სახლის მიმდებარე ტერიტორია იტბორება,გეოლოგები ამ კვირაში შეისწავლიან ვითარებას,დაიდება შესაბამისი დასკვნა – მუნიციპალიტეტისშესაბამისი კომისია იმსჯელებს,თუ რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს ამოჯახს’’, – ამბობს დავით თედორაძე.

 

ნატროს მუნიციპალიტეტის დახმარების იმედიაქვს. ზამთარი ახლოვდება და ფარღალალასახლში, სამ ბავშვთან ერთად მისი ყოფა კიდევუფრო მძიმე გახდება, რადგან ხისგან ნაშენისახლის კედლები საძირკველს მოშლილია დაქარის, წვიმისა და სიცივისგან ოჯახს ვერ იცავს.ნატრო ჭიშკრამდე მაცილებს და ოჯახის გასაჭირზემიამბობს.


წამოსვლისას 9 წლის შორენამიახლოვდება და ხმადაბლა მეუბნება: “გთხოვთ,დაგვეხმარეთ”.

ბოდიბილდინგი და ბათუმში მისი ერთადერთი მიმდევარი

 

შოთა ცერცვაძე აბობს, რომ ბოდიბილდერები ისინი ხდებიან, ვისაც დიდი მოთმინება გააჩნია. შოთა ცერცვაძე ერთადერთი ბოდიბილდერია ბათუმში. ის ბავშვობაში დაინტერესდა ბოდიბილდინგით. პირველი სპორტული იარაღი სიმძიმეების ასაწევად მისი თხოვნით ბაბუამ გაუკეთა, რკინის ღერძზე რკინის სიმძიმეები დაამაგრებინა. მერე „განტელები და „ტურნიკიც’’ დაიმატა და 17 წლიდან სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა ვარჯიშის გასაგრძელებლად. ახლა 21 წლისაა და ამბობს, რომ ბოდიბილდინგი არა გატაცება, არამედ მისი საქმე გახდა.

„წელიწადნახევარია მთლიანად ჩართული ვარ ამ სფეროში. ბოდიბილდერებისთვის საჭიროა კვების ზუსტი დრო და რაციონი. ყოველ ორ საათში ვიღებ საკვებს. ერთი გამოტოვებული კვება ითვლება მთელი დღის ჩავარდნად. დღეში 6-7-ჯერ, შაბათ-კვირას კი 9-ჯერაც მაქვს განაწილებული კვება. საკვებს კვირაობით ვიმარაგებ და გრამობით ვყოფ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმში ზედმეტი ცხიმი არ დაგროვდეს. პირველ ეტაპზე თითო საათით კვირაში სამჯერადი ვარჯიშით დავიწყე. ახლა გადასული ვარ ყოველდღიურ ვარჯიშებზე და მხოლოდ კვირაობით ვისვენებ. არის ვარჯიშის ციკლები: ძალაზე, მასაზე. ყველა მათგანს სხვადასხვა დრო სჭირდება“, – ამბობს შოთა. შოთა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, #91-ში მდებარე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ცენტრში ვარჯიშობს, სადაც შეღავათის სახით ტრენაჟორით უფასოდ სარგებლობს.

 

ბოდიბილდინგის ცენტრის ხელმძღვანელი იგორ კალანდაძეა. იგი საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის გამგეობის წევრი და ამასთან, ბათუმში ბოდიბილდინგის ხელმძღვანელიცაა.

საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში წერია, რომ კულტურიზმს „ბურჟუაზიულ“ სპორტს უწოდებდნენ, ამიტომ საბჭოთა კავშირში ის იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც იგორ კალანდაძე ამბობს, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ცენტრი მან ჯერ კიდევ 1986 წელს გახსნა ბათუმში.

„80-იანი წლებიდან სპორტის ამ სახეობაში ვარ. პირველი დარბაზი 1986 წელს გავხსენი ე.წ. „სტეფანოვკაზე“. როცა ამ სპორტის მიმდევარიგავხვდი, მაშინ ბოდიბილდინგი, ისევე როგორც კარატე, აკრძალული იყო. შემდეგ გამსახურდიას ქუჩაზე (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა) გადავინაცვლეთ. მეოთხე წელია კი ამ დარბაზში ვართ. ქალაქში ბევრი სპორტული დარბაზი გამოჩნდა. ბოლო დროს ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას და უფრო მეტ დროს ატარებენ სპორტულ დარბაზებში. თუმცა ამ ეტაპზე ბოდიბილდინგის განსაკუთრებულ პერპექტივას ვერ ვხედავ, გარდა ინდივიდუალური შედეგებისა. ყველა ერს თავისთვის დამახასიათებელი სპორტული სახეობები გააჩნია. საქართველოსთვის არ არის ეს სპორტი დამახასიათებელი. ბოდიბილდინგი განვითარებულია ამერიკასა და ევროპაში. მაგალითად, ამერიკაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი სპორტის ამ სახეობის მიმდევარია’’, – გვეუბნება იგორ კალანდაძე.

ბოდიბილდინგი არაოლიმპიური სპორტის სახეობაა. იგორ კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუკი ბოდიბილდინგი გახდება ოლიმპიური სახეობა, მაშინ ამ სპორტს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ექნება.

თანამედროვე ბოდიბილდინგი მეცხრამეტე საუკუნიდან ვითარდება. მისი დამფუძნებელია გერმანელი კულტურისტი ევგენი სანდოვი.

ბოდიბილდინგში ყველაზე მაღალი საფეხურის ჩემპიონატი „მისტერ ოლიმპიაა“ (MR Olympia), რომელიც ყოველწლიურად იმართება. პირველად მისტერ ოლიმპია 1965 წელს ჩატარდა. ჩემპიონატი ამერიკელმა ლარი სკოტმა მოიგო და სანაცვლოდ საპრიზო თანხა – 1000 დოლარი მიიღო. წლების განმავლობაში იცლებოდა ბოდიბილდინგი და ფულადი ჯილდოც. 2014 წელს სხეულის პროპორციებითა და კუნ- თების განვითარებით მისტერ ოლიმპიად ჟიურის წევრებმა ამერიკელი ფილ ჰითი დაასახელეს.

 სპორტსმენს 275 000 დოლარი გადასცეს. მისტერ ოლიმპიაზე საქართველოდან ჯერ არავინ გასულა. თუმცა 2014 წელს საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი თბილისელი ირაკლი გაგუა გახდა 168 სანტიმეტრ სიმაღლეში. საქართველოში პირველი ჩემპიონი ბოდიბილდინგში დავით რაზმაძეა, ხოლო პირველ ბოდიბილდერ ქალად არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში მილადა მაცაბერიძე მიიჩნევა.

საქართველოში ბოდიბილდინგის ფედერაცია ოფიციალურად 1999 წელს ჩამოყალიბდა. 2000 წელს საქართველოს სპორტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ფედერაცია ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის (IFBB – International Federation of Bodybuilding and Fitness) წევრი გახდა.

შოთა ცერცვაძე

ბოდიბილდინგის ფედერაცია საქართველოში ყოველწლიურად ორი სახის შეჯიბრებას ატარებს – საქართველოს ჩემპიონატსა და ამიერკავკასიის თასს. ამიერკავკასიის თასი 2012 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. 2014 წლის საქართველოს ჩემპიონები კი 165 სანტიმეტრამდე სიმაღლეში გიორგი ორაგველიძე, 180 სანტიმეტრამდე – გია მახათაძე და 180 სანტიმეტრამდე სიმაღლეში ზურა ბოხუა გახდნენ. ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე მაცაბერიძე ამბობს, რომ ამიერკავკასიის თასი ორი წელია უსახსრობის გამო ვერ ჩატარდა.

„არ ვიცით მომავალ წელს ჩავატარებთ თუ არა ამიერკავკასიის თასს, რადგან არავინ გვაფინანსებს. 2015 წელსაც გვინდა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. ჯერ ამ შეჯიბრების- თვის გვაქვს ფული საშოვნელი“. ბათუმელი ბოდიბილდერი შოთა ცერცვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მეოთხე კურსზე სწავლობს. მას კარიერის გაგრძელება რუსეთში სურს, რადგან სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც სანკ-პეტერბურგში სთავაზობს ინსტრუქტორობას და პარალელურად შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში.

„მოვლენებს წინ არ ვუსწრებ, მაგრამ სურვილი მაქვს, საბოლოოდ იქ გადავიდე, რადგან იქ მეტია სპონსორების გამოჩენის შანსი, განვითარებულია ბოდიბილდინგი და უფრო ხელმისაწვდომია ყველა ის ნივთიერება, ვიტამინი, რაც კულტურიზმს სჭირდება. აქ არ არის ისეთი დაფინანსება. ჩემპიონატამდე კი იმდენ ფულს ხარჯავ, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ ამოიღებ. არაერთხელ მიფიქრია, როცა იქ ფეხს მოვიკიდებ, შემდეგ შევძლებ ბათუმში ხელი შევუწყო ბოდიბილდინგის განვითარებას. იმედს არ ვკარგავ, რომ ასე იქნება“, – გვეუბნება ერთადერთი ბოდიბილდერი ბათუმში. შოთა ამჟამად სანკ-პეტერბურგის ჩემპიონატისთვისემზადება, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. მისი საშეჯიბრო კატეგორია 190 სანტიმეტრი და 130 კილოგრამია.

თანამედროვედ აღჭურვილი დიაგნოსტიკური კაბინეტი ბათუმში

 

ვმკურნალობთ ყველა სახის ალერგიას, სისხლძარღვებისა და კუჭნაწლავის დაავადებებს, ციროზს, თირკმლის უკმარისობას, ნერვული სისტემის დაავადებებს, ციროზს, თირკმლის უკმარისობას, ნერვული სისტემის დაავადებებს, შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, ვირუსულ ინფექციებს, იმუნოდეფიციტსა და ონკოლოგიურ დაავადებებს. დიაგნოსტიკუტიკურ კაბინეტში შესაძლებელია ზემოთჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა და პრევენცია.

 

დაგვიკავშირდით დღესვე შემდეგ მისამართზე : 

ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქუჩა #30

მობ.: 593 343473 ; 574 343442

თაობა საკუთარ სივრცეში

26 წლის ფოტოგრაფი, დინა ოგანოვა საკუთარი ფოტოგამოფენის გახსნას ბათუმში არ დასწრებია. იგი ამჟამად პანკისში მუშაობს, ფოტოებს იღებს ახალი პროექტისთვის, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მისულ დამთვალიერებელს კი  ფოტოგამოფენის დათვალიერებასთან ერთად ფოტოზე გამოსახული თაობის მოსმენაც შეეძლო – ფოტოგამოფენას თან ახლავს ტექსტური მასალა, ინტერვიუ ფოტოზე გამოსახულ ადამიანებთან და მათი ხმის აუდიოჩანაწერიც.

“საქართველოში ძირითადად იღებენ ბავშვებს და მოხუცებს. ჩემი თაობა რეალურად ძალიან საინტერესო თაობაა თავისი ისტორიებით, პრობლემებითა და ხედვით, მნიშვნელოვანი თაობა, რომელიც ორი საუკუნის გარდატეხის პერიოდში დაიბადა. ფოტოსთან ერთად ვწერდი ისტორიებსაც, ყვებოდნენ თავიანთ მოგონებებს, ბავშვობიდან ვის რა ახსოვდა, მშობლებთან ურთიერთობა, პირველი კოცნა… ყველას ვიღებდი საკუთარ ოთახში,საკუთარი ნივთების გარემოცვაში, რადგან მინდოდა მეჩვენებინა ის გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რა ნივთების გარემოცვაში არიან, რა აქვთ”, – ამბობს დინა ოგანოვა, რომელიც ფოტოპროექტზე ორი წლის მანძილზე მუშაობდა.

რატომ ჩათვალა ფოტოგრაფმა საჭიროდ ფოტოსერიისათვის აუდიო და ტექსტური მასალის დართვა? – დინა ამბობს, რომ უნდოდა დამთვალიერებელს ის ამბებიც მოესმინა და წაეკითხა, რაც ფოტოს მიღმა დარჩა.

„ყვებიან ისეთ ამბებს, რაზეც ბევრი შეიძლება არ ლაპარაკობდეს. მაგალითად, 17 მაისს აქციაზე გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც გეია. ეს ბიჭი მიყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე. ეს იმდენად საინტერესო ისტორია იყო, რომ მინდოდა  დამთვალიერებელს მოსმენის საშუალებაც ჰქონოდა’’.

დინა ამბობს, რომ ფოტოზე აღბეჭდილ ახალგაზრდებს ძირითადად ის აერთიანებთ, რომ ეს ერთი თაობაა, მათი  ისტორიები კი განსხვავებული და მიუხედავად რაღაც პარალელებისა, ეს ისტორიები უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე ჰგავს. დინა გამოფენის  – “ჩემი სივრცე” –  წიგნად ქცევას აპირებს:

“ჰენდ მეიდ წიგნს ვაკეთებ, ანუ ყველაფერი არის ხელით აწყობილი, ყდიდან დაწყებული, ტექსტებით დამთავრებული, ყველაფერს ხელით ვწერ. ეს იქნება 87 ცალი და ძირითადად ამაზე ვარ გადართული, საკმაოდ რთული აღმოჩნდა”.

დინასათვის ფოტოგრაფია შემოსავლის ძირითადი წყაროა. იგი ამბობს, რომ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. კთხვაზე, სად გადის დღეს ზღვარი პროფესიულ და  მოყვარულ ფოტოგრაფიას შორის, დინა პასუხობს, რომ შესაძლოა ეს ზღვარი დღეს წაშლილიც იყოს:

“რაც შემოვიდა აიფონები, მე მგონი ეს ზღვარი აღარ არსებობს –  ჩვეულებრივ გამვლელს შეუძლია გადაიღოს ძალიან მაგარი ფოტო და ატვირთოს. ფოტოჟურნალისტიკა ამით კარგავს ბევრ რამეს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მე ვარ ფოტოდოკუმენტალისტი, ვფიქრობ, ეს ჩემს სფეროს არ ემუქრება, რადგან დოკუმენტალისტი ფოტოგრაფები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან პროექტებზე, ეს არ არის ერთი დღის კადრი და ერთი დღის ფოტო”.

2004 წელს დინა, როგორც თავად ამბობს,  ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა იური მეჩითოვთან სასწავლებლად. იქედან მოყოლებული ფოტოგრაფია მისი მთავარი გატაცება და პროფესიაა. იგი თავისუფალი ფოტოგრაფია, თუმცა მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში, იყო ფილმის ფოტოგრაფი. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, “ერთად ცხოვრება”, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ, “ProArt ფოტოგრაფია” – დაფინანსებული “პროკრედიტ ბანკის”’ მიერ და ფოტოკონკურს “ქოლგის” ყველა გამოცემაში 2007 წლიდან. დაჯილდოვებულია სპეციალური პრიზით “Qolga  2011” და 2010 წელს ქალის საუკეთესო პორტრეტის ნომინაციაში “Black And White Mood””.

„ფოტოგრაფია არის ძირითადი, რასაც ვაკეთებ, რასაც ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო და რაც მინდა, რომ გავაკეთო. შესაბამისად, ფოტოგრაფია არის პირველ ადგილზე. თუმცა ძალიან მიყვარს კინო, ბევრი მეგობარი „კინოშნიკი’’ მყავს და მათთან ვცდილობ შევივსო ის დანაკლისი, რომელიც მაქვს ამ მხრივ’’, – ამბობს დინა.

კითხვაზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოპროექტი მისთვის, დინა პასუხობს, რომ ეს არის პროექტი, სახელწოდებით „მე  –  საქართველო’’: „2007 წლიდან ვიღებ ამ ფოტოპროექტს და ჯერ ისევ ვმუშაობ. საქართველოს ყველა კუთხე მინდა იყოს გადაღებული, ჯერ კიდევ არ არის  დასრულებული პროექტი. ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს წიგნი. ვიმედოვნებ, რომ გამოვა’’.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კონფერენცია სკოლის მოსწავლეთათვის

 

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:  “ენტეროვირუსული მენინგიტი”; “გრიპი”; “ხელების დაბანა”; “წითელა” და “ებოლა”.


კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №1, N5, საჯარო სკოლების, სარფის საჯარო სკოლის, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX – XI კლასის მოსწავლეები.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.

თამთა თათარაშვილის საჯარო ლექცია ”გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში”

 

ლექციის მიზანია ქართულ კინოში ქალთა რეპრეზენტაციის ანალიზი ფემინისტური პერსპექტივიდან – “ერთი კონკრეტული ქართული ფილმის მაგალითზე განვიხილავთ, თუ როგორ იყენებს კინო სექსუალობას, დაშვებებისა და აკრძალვების სისტემას ფემინური და მასკულინური სუბიექტების წარმოებისათვის. ვიმსჯელებთ, თუ რა კონტექსტი განაპირობებდა ქალთა საკულტო სახეების შექმნას და როგორ იწარმოებოდა გენდერული სტერეოტიპები ქართული კინოს ისტორიაში”. 

 

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტების ვიზიტი ბათუმში

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა. ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით და რა მიმართულებთაც ვმოძრაობთ ბუნებრივად აისახება იმ ბიზნეს კლიმატზე რომელიც არის საქართველოში. საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო კლიმატს ქმნის. ასევე რეგიონში ჩვენ ვართ ლიდერი ინვესტიციების და სავაჭრო პოტენციალის თვალსაზრისით,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით საქართველომ ახლახანს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპის სავაჭრო სისტემაში, ერთიან ევროპულ ბაზარში ინტეგრირების თვალსაზრისით.

„ხაზგასასმელია ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ახლახანს მოვაწერეთ ხელი და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში  ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ რეალურად ვხსნით საქართველოდან ევროპის მსოფლიოში ყველაზე დიდ და ძლიერ ბაზარს ინვესტორებისათვის.

ხაზგასასმელია, აქვე ის რომ ეს ნაბიჯი არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული და საქართველოს, როგორც ქვეყანას, არ უზღუდავს სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და გაღრმავებას იმ ურთიერთობებისა, რომელიც საქართველოს მანამდე ჰქონდა ამ მიმართულებით.

თუ ჩვენ ჯამში შევაფასებთ იმ პოტენციალს, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს შეექმნა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ახლა  500 მილიონიან ევროპულ ბაზარს ვუხსნით ინვესტორს, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება   დსთ-ს ქვეყნებთან. ეს ნიშნავს, რომ ჯამში ჩვენ ინვესტორებს დაახლოებით 900 მილიონიან ბაზარს ვუხსნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავის ბიზნესს განახორციელებენ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უმნიშვნელოვანია ის ტრადიციული როლი, რომელიც საქართველოს უკავია ბიზნესის კუთხით, ის გეოპოლიტიკური როლი, რომელიც ჩვენ გვიკავია და რომლიდან გამომდინარეც, ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს როლი, როგორც კასპიის რეგიონის და შავი ზღვის რეგიონის დამაკავშირებელი როლი არის უმნიშვნელოვანესი. ახლახანს ჩვენ ხაზი გავუსვით იმას რომ ევრაზიის რეგიონში არსებული 14 ქვეყნიდან, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, საქართველო აი ამ რეგიონში  8 ქვეყნისთვის არის ზღვაზე გასვლის შესაძლებლობა და ეს ბუნებრივია ისევ ჩვენს საკომუნიკაციო როლს უკავშირდება. მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა ახალ აბრეშუმის გზაში,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიზნეს ფორუმამდე საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე დღეს ბათუმში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა.  საკონსულო ლატვიის პრეზიდენტმა, ანდრის ბერზინშმა და ლატვის საპატიო კონსულმა საქართველოში, ბექა ქანთარიამ. დღესვე საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში განახლებული საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრი გახსნეს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ  გერმანული  კომპანია „Festo“ – სგან შეიძინა ლაბორატორიული სტენდები.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისათვის2 000 000 ლარი  დაიხარჯა . დაახლოებით 500 000 ლარი კი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამჟამად საზღვაო აკადემიაში სულ 4 ლაბორატორიაა. ავტომატიკის, ელექტროტექნიკის, პნევმატიკისა და ჰიდრავლიკის. საწვრთნელი ცენტრი კი  თანამედროვე სასწავლო სიმულატორებით არის აღჭურვილი.

ხელვაჩაურის საკრებულოში ალასანიას თანაგუნდელი თავმჯდომარე გადააყენეს

თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დღის  წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხს შორის იყო.

„თვითმმართველობის კოდექსის „34 მუხლის თანახმად საკითხზე კენჭისყრა ფარული ხმის მიცემის პროცედურით წარიმართა. ხმების სრულად დათვლის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე 15 ხმით- 5-ის წინააღმდეგ იქნა გადაყენებული, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა,  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს,” – ნათქვამია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ასეთი ფორმულირება იყო. თავმჯდომარემ საკრებულოს უმრავლესობა დაკარგაო. მე ვარ თავისუფალი დემოკრატების წევრი, მათი კვოტით გასული თავმჯდომარედ. როგორც უკვე არაკოალიციური პარტია, პოლიტიკური მოტივით გადამაყენეს,“ – უთხრას ასლან კახიძემ „ბათუმელებს“.

ასლან კახიძის თქმით, მის გადაყენებას მხარი “ქართული ოცნების”  დეპუტატებთან ერთად  “ბურჯანაძე-დემოკრატების” სამმა დეპუტატმაც დაუჭირა.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ჯუმბერ ვარდმანიძე შეასრულებს. ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ბათუმი და იურმალა დამეგობრდნენ

ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი ბათუმი, 27. 11. 2014

„ორივე ქალაქი არის ისტორიულად ტურისტული, რომელშიც სიცოცხლე ჩქეფს ტურიზმის თვალსაზრისით და განსაკუთრებით კულტურული ღონისძიებების თვალსაზრისით. იურმალა არის ცნობილი ფესტივალის ყოველწლიური მასპინძელი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იურმალის მაგალითის გაზიარება. შეგვიძლია გავიზიაროთ იურმალას გამოცდილება საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით სამომავლოდ  შემდეგ ვიმსჯელოთ,“ – თქვა ბათუმის მერმა ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით ხელშეკრულება პირველ რიგში კულტურულ ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ასევე ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა  იქნება განათლების, სპორტის და ტურიზმის თვალსაზრისით.

ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდნენ.

ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი ბათუმი, 27. 11. 2014

ბათუმში სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

 

სამად სეიდოვი, აჰმედ ბერატ ჩონკარი და თედო ჯაფარიძე. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. რადგან სხვადასხვა ქვეყანას რეგიონის მომავალზე ერთი ხედვა აქვს. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ხედვას რეგიონის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები.

 

სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს და შესაძლებელია იყოს, მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. მხედველობაში უნდა მივიღოთ მსოფლიოში არსებული კონფლიქტები.  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ისლამური სახელწიფოს შექმნა, მსოფლიოში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად.

 

თითოეულ ქვეყანას შეუძლია აჩვენოს რომ ერთიანობით შეგვიძლია მივაღწიოთ ეკონომიკურ პროგრესს, მშვიდობას. ერთიანობით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ თუ მეზობელ სახელმწიფოებს შეუძლიათ კომუნიკაცია და ერთად ყოფნა, ეს იქნება საუკეთესო გზავნილი მსოფლიოსთვის.

 

დღეს სხვადასხვა საკითხზე ვიმსჯელეთ: შევთანხმდით, რომ სამი თანათავმჯდომარის შეხვედრა თურქეთში გაიმართება. შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრებზე უნდა გავაკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე წარსულში გაგვიკეთებია. ამ შეხედულებების მქონენი შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლოთ ხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ინსტიტუციასთან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ამავე დროს იმედი მაქვს, რომ ამგვარი თანამშრომლობა და შეხვედრები არამარტო პარლამენტის წარმომადგენლებს შორის, არამედ მედიის, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სამად სეიდოვმა.

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

„ეს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მეორე შეხვედრაა. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ვილაპარაკეთ,“- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბერატ ჩონკარმა.

 

შეხვედრაზე ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ახლა სტრატეგიული კვლევევნის ცენტრის დირექტორია და  საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ვალერი ასათიანი. ასათიანი ამჟამად ასოციაცია „კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე“ პრეზიდენტია.

 

 „ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ რეალობებზე რეგიონში, თუ რა  დინამიკაა, როგორ ვითარდება მოვლენები. მოგვაწოდა თავის მოსაზრებები, პერსპექტივებთან დაკავშირებთ, როგორ შეიძლება განვითარდეს და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამაში თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა.

 

ვალერი ასათიანმა ისაუბრა კულტურაზე, როგორც საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტზე. შედეგი ამ შეხვედრის არის ის რომ რეგიონის სამი წარმომადგენელი ვსაუბრობთ ყველა თემაზე რაც ეხება ამ სამი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით დღეს შეხვედრაზე საუბარი იყო რეგიონულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკაზე და ენერგო უსაფრთხოებაზე. 

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

ირაკლი მენაღარიშვილი და ვალერი ასათიანი საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

რას სთხოვს სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალი ხელისუფლებას

 

2015 წლის 3 ივნისს ზუსტად 200 წელი გავა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამ თარიღთან დაკავშირებით ორი რამის გაკეთებას ვგეგმავ საქართველოში. პირველი – სელიმის მონუმენტი მინდა ჩამოვიტანო და დავდგა მისი სახელობის ქუჩაზე თუ ამის საშუალებას მომცემენ, ანუ ადგილს გამოყოფენ (ცხადია, ფინანსურ მხარეს მე უზრუნველვყოფ). და მეორე – მინდა სელიმის მუზეუმი გავაკეთო ბათუმში. იმედი მაქვს, რომ აჭარის მთავრობა მოახერხებს მუზეუმისთვის ადგილის გამონახვას.

 

ილდირიმ აჯარი
ილდირიმ აჯარი

ახლა იმაზე, თუ რატომ მინდა მუზეუმის გაკეთება საქართველოში. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ამ ქვეყნის შვილები ვართ, ეს ჩემი სისხლის ქვეყანაა. აქ რომ ჩამოვდივარ, რაც არ უნდა თავის ტკივილი მქონდეს, მაშინვე მეხსნება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მამაჩემიც ხშირად ჩამოდიოდა – კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ასლან აბაშიძესთან (მემედ აბაშიძე ჩემი ბებიის ბიძა იყო დედის მხრიდან, შესაბამისად, ასლან აბაშიძე ბიძაშვილია). ძალიან ცუდი გზები იყო ზემო აჭარაში, ამიტომ ხიმშიაშვილების საფლავზე ვერტმფრენით ავდიოდით. სასაფლაოების მოწყობა გვინდოდა მაშინ და ახლაც მინდა ამის გაკეთება. მაშინ ჭორი გაავრცელეს, რომ ვითომ აჰმედ ხიმშიაშვილი (მამა) თავისი მიწების დაბრუნებას ფიქრობსო. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა და უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი სისხლი ჩვენ სამშობლოში დუღდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მიწა გვინდა.

 

მამაჩემი ხიმშიაშვილების ისტორიაზე კარგად მუშაობდა, მაგრამ გასულ წელს ისიც გარდაიცვალა… სელიმს ჩვენ გარდა სხვა მემკვიდრეებიც ჰყავს – ისინი თურქეთში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში ცხოვრობენ. ახლა მე ვცდილობ დავუკავშირდე ყველა მათგანს მთელ მსოფლიოში, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით შევიკრიბოთ და ბათუმში ჩამოვიდეთ.

 

ბატონ არჩილ ხაბაძეს უკვე ვაცნობეთ წერილობით, რომ გვინდა 3 ივნისთან დაკავშირებით ერთკვირიანი სემინარები, კონფერენციები, ფოლკლორული ღონისძიებები და მსგავსი აქტივობები მოვაწყოთ, რომელიც მიეძღვნება სელიმ ხიმშიაშვილს. მინდა დავუკავშირდე იმ ადამიანებს საქართველოში, რომლებსაც ხიმშიაშვილებზე კვლევები აქვთ ჩატარებული და შევქმნათ საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ საკონფერენციო ღონისძიებების მოწყობაზე. ახლა უნდა დავიწყოთ მზადება, რომ მოვასწროთ ეს ყველაფერი.

 

რაც შეეხება მუზეუმს – მამაჩემის სახლში, ანკარაში სელიმ ხიმშიაშვილის ძალიან ბევრი ნივთი ინახება, მაგალითად, დურბინდი, ხმალი, ტანსაცმელი, ჩერქესკა, ფეხსაცმელები. ერთი წყვილი ტანსაცმელი ჩამოვიტანე კიდეც ათი წლის წინ და აქაურ მუზეუმს ვაჩუქე. სადღაც სარდაფში ჩაუყრიათ. ასევე მაქვს ოსმალური ხელნაწერები, ის წერილები, რომლებსაც სელიმს უგზავნიდნენ, ძალიან ბევრი გრაგნილია შესასწავლი. ასევე ჩვენთან ინახება სელიმის ქალიშვილის სამკაულები – ბეჭდები, მძივები და საყურეები. გვაქვს მისი შვილის – თემურის ცოლის სამკაულებიც. გვაქვს ბევრი ფოტოსურათი… კიდევ ერთი ხმალი გვაქვს, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი ისტორია გამიგია: სასომხეთის ერთ-ერთი მთავრისთვის, რომელმაც წააგო ბრძოლა, უნდოდათ თავი მოეკვეთათ. შერიფმა მისი მოკვლის უფლება არ მისცა. მაშინ მთავარმა მოიხსნა თავისი ხმალი და აჩუქა შერიფს. გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში მყოფ შთამომავლებთანაც არაერთი რელიქვია და დოკუმენტი ინახება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი ნივითი გვაქვს, რაც საქართველოს უნდა დავუბრუნოთ, მუზეუმში გამოვფინოთ. ის ამ ქეყნის შვილი იყო და აუცილებელია დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ამის გამო არ უნდა იყოს რაღაც შიში. მე ვცდილობ, ქვეყანას ეს კულტურული მემკვიდრეობა შევუნარჩუნო.

 

მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებ, აუცილებლად მჭირდება აჭარის ხელისუფლების დახმარება, იქნება გამოყონ სადმე შენობა, რომელსაც გავმართავთ, როგორც მუზეუმს, გამოვფენთ სამუზეუმო ექსპონატებს და შემდეგ სახელმწიფოს გადავცემთ სამართავად.

გარკვეულწილად პრობლემურია ამ ნივთების, როგორც ანტიკვარიატის ტრანსპორტირებაც. ამ მხრივ დახმარება ადრე ბათუმში თურქეთის კონსულს ვთხოვე, მაგრამ ყოფილი კონსული ცოტა პასიური იყო. ახლა ვაპირებ შევხვდე ახალ კონსულს, რომელიც ჩემი მეგობრების ახლობელია. იმედი მაქვს, ტრანსპორტირების საქმეში ის დამეხმარება.

 

რაც შეეხება სელიმის მოკვეთილი თავის ჩამოსვენებას – ამ თემაზე ბევრს წერენ აქაური ისტორიკოსები, ბევრიც სპეკულაციას ეწევა. მე, პირადად, ერთი ისტორიის მომსწრე ვარ – თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მამაჩემის მეგობარი იყო. დემირელისა და შევარდნაძის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ისაუბრეს სელიმის თავის გადმოსვენებაზე, სპეციალური ღონისძიების მოწყობაზე, მაგრამ მაშინ მამა არ დათანხმდა – თქვენ შოუს მოწყობა გინდათ, მე კი ეგ არ მინდაო.

 

ზოგადად, მეც მინდა, რომ სელიმის თავი საქართველოში ჩამოვასვენო. თუმცა მე ამას მარტო ვერ გადავწყვეტ – 10-15-მა ადამიანმა, სელიმის შთამომავლებმა უნდა მოაწერონ ხელი თანხმობის დოკუმენტს, სამართლებრივად ეს სხვაგვარად შეუძლებელია.

 

თავის მოჭრის დროინდელი ერთი ისტორიაც მინდა გაგიზიაროთ, რაც გადმოცემით ვიცი – როცა სელიმს თავი მოკვეთეს, ვერ ნახეს ყბის შესაკრავი ძაფი, ამიტომ ალმასი, რომელიც მას ჰქონდა, პირში ჩაუდეს, ყბის ხმაური რომ შეეჩერებინათ. დღეს ეს ალმასი „თოფქაფეს“ მუზეუმშია და „ქაშიქჯე ელმასი“ ჰქვია. ეს ის ალმასია, რომელიც ჩვენმა ბაბუამ თურქეთში პირით ჩაიტანა.

 

გადმოცემით ვიცით, რომ სელიმის შვილებს, განსაკუთრებით თემურ ფაშას, სულთანი დიდ პატივს სცემდა. ჩვენთან მეფის ფირმანი ინახება, რითაც მან თემურს სასახლე აჩუქა, თუმცა თემურმა ეს საჩუქარი არ მიიღო. მაშინ სულთანმა უთხრა, რომ მის შვილებს შეეძლოთ ესწავლათ გალათასარაიში, სამეფო ოჯახის შვილების სასწავლებელში. ზოგმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, ზოგმაც – არა. მე, მაგალითად, მამამ ამ სასწავლებელში შემიყვანა.

 

ცოტა რამ შერიფზეც მინდა ვთქვა, რომელიც სულ სხვა მოვლენა იყო. მის შესახებ რუსები ამბობდნენ ჩვენი გენერალიაო, ოსმალები – ჩვენი ვეზირია საქართველოშიო. ის ორივეს ახერხებდა. მას ცხრა ცოლი ჰყოლია – მისი ცოლი იყო დანიის მეფის და, რომლის გარდაცვალების შემდეგ მეორე დაზე დაქორწინებულა. საბერძნეთის მეფის და ჰყოლია ცოლად, ასევე ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

 

ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლებამ, როცა მომავალი წლის 3 ივნისს სელიმობის მოწყობას დაგეგმავს, ეს უნდა გაითვალისწინოს. სამეფო ოჯახებთან აუცილებლად უნდა გააგზავნონ მოსაწვევები. მე, ილდირიმ აჯარიმ რომ გავაგზავნო მოსაწვევები, ეს არაფერია, სახელმწიფო თუ გააგზავნის, ეს სულ სხვა იქნება. თუ ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ჩამოვლენ, მათ აუცილებლად მოჰყვებიან იმ ქვეყნების ტელევიზიებიც. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რეკლამა იქნება ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან ხელსაყრელი მომენტია.

 

და ბოლოს, ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა ხალხმა გაიგოს ჩემი მიზნების შესახებ და მხარი დამიჭიროს. მინდა, ის ნივთები, რომლებიც ამ ქვეყანას ეკუთვნის, როგორმე დავაბრუნო. ჩემი აზრით, როგორც თურქეთისთვის არის ათათურქი, აჭარისთვის ალბათ უფრო მეტია სელიმ ხიმშიაშვილი.

 

საუბარი ილდირიმ აჯარისთან ჩაიწერა ეთერ თურაძემ

თარგმანი: ტარიელ ნაკაიძე

პირველი ინგლისურენოვანი ბაღი ბათუმში

„მთავარი, რითაც გამოირჩევა ჩვენი გაკვეთილი, არის რაც შეიძლება მეტი სიმღერა, მოძრაობა, სიმღერა და ისევ მოძრაობა. გაკვეთილზე ბავშვი არ ზის”, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი „ელმოს კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

საბავშვო ბაღი ცნობილი ამერიკული კომპანიის „Gymboree play & Music“-ის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ბათუმელი ნათია კაიკაციშვილი წლების მანძილზე თავად იყო აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი. საბავშვო ბაღებში მუშაობდა აღმზრდელად თუ ინსტრუქტორად ჩინეთში, ბაქოსა და ყაზახეთში. პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში. წელს, სექტემბერში, საბავშვო ბაღის გახსნა ბათუმში გადაწყვიტა თავის კანადელ მეუღლესთან ერთად. ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმიტომ მიიღო, რომ სამშობლოში უნდა იცხოვროს და გააკეთოს ის საქმე, რომელიც მიაჩნია, რომ კარგად ისწავლა.

„ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. აღმზრდელები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად, რუსულად, ქართულად. მიზანი არის ის, რომ სამომავლოდ ბავშვებმა ინგლისური უნდა აითვისონ. ინგლისურის ათვისებისთვის კი კარგია, რაც უფრო მეტად ილაპარაკებ, იურთიერთებ ინგლისურად და შესაბამის გარემოს შეუქმნი. თვითონ სტრუქტურას რაც შეეხება, ბავშვთა განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამა გვაქვს, ძირითადად „ Gymboree play & Music“- ზე არის აწყობილი. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, როგორი მიდგომა არის საჭირო ბავშვთან. რა სჭირდება ბავშვს. სასწავლო პროგრამა, რა თქმა უნდა, წინასწარ იწერება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ბავშვის ათვისებაზე“, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.

ბაღში ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. გაკვეთილს მთავარი ინსტრუქტორი უძღვება დამხმარე ინსტრუქტორთან ერთად. თუ ბავშვი რაიმეს ვერ გაიგებს, ინსტრუქტორები მას მშობლიურ ენაზე უთარგმნიან.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ „ევროპულ სტანდარტებს“ ყველა ასპექტში. ხარისხის კონტროლს უჭირავს წამყვანი როლი ჩვენს მეთოდოლოგიაში“, – ამბობენ „ელმოს კლუბში”.

მუსიკის გაკვეთილთან ერთად, ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ხელოვნების გაკვეთილებს.

„თუ ბავშვი 1.5 წლისაა, მაშინ უფროსთან (დედა, მამა, ძიძა და ან სხვა) ერთად იღებს მონაწილეობას. ბავშვებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ, ამიტომ უფროსი, განსაკუთრებით კი მშობელი დიდ როლს თამაშობს გაკვეთილის მსვლელობაში. ეს, პირველ რიგში, მათ ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, ასევე თვითდაჯერებულობაში. ამ ასაკში ბავშვი ხელოვნების სამყაროს საკუთარი შემოქმედებით გადმოსცემს. ჩვენს გაკვეთილებზე კი ამისი კარგი საშუალებაა,“ – ამბობს ნათია.

თემატური გაკვეთილები, ბევრი სიმღერა და მოძრაობა მუსიკის თანხლებით, ძერწვა, ხატვა, სხვადასხვა გასართობი – ეს ისაა, რასაც „ელმოს კლუბი“ პატარებს სთავაზობს.

„პატარებს ვეხმარებით სასკოლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ვამზადებთ სკოლისთვის. გვაქვს სახალისო მათემატიკის, გეოგრაფიის გაკვეთილები. მაგალითად, გეოგრაფიაში ვასწავლით ქვეყნებს და პატარა ისტორიებს. ამ ქვეყნების ისტორიების თამაშით და ბავშვისთვის გასაგები ენით. ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას. სპორტის მასწავლებელი გვყავს და სხვადასხვა სახის სპორტს ვასწავლით. გვაქვს მხატვრული ტანვარჯიში, კარატე, კალათბურთი, ფეხბურთი. მაგრამ ეს იცვლება, როცა დავინახავთ, რომ ერთი მობეზრდა ბავშვს, გადავდივართ სხვა სახის სპორტის შესწავლაზე. მშობელს აღარ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ბაღის პარალელურად ბავშვი სხვაგან დააკავოს სპორტით“, – ამბობს ნათია.

ბაღში არის სამუსიკო სტუდიაც, სადაც მშობლებს შეუძლიათ ბაღისგან დამოუკიდებლად ატარონ პატარები. ხოლო „ელმოს კლუბის“ აღსაზრდელების პროგრამაში სტუდიის გაკვეთილებიც შედის.

„ის, რასაც ჩვენ ცალკე სტუდიაში ვასწავლით ბავშვებს, ბაღის ბავშვების პროგრამაში შედის. მე შემიძლია დავაწესო გადასახადი 200 ლარი და მერე ვთქვა, რომ თქვენ თუ გინდათ შვილი ატაროთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე, დაგიჯდებათ დამატებით რაღაც თანხა, როგორც ხდება სხვა ბაღებში.

ჩვენთან არის ფიქსირებული თანხა, მაგრამ როცა მშობელი იხდის, მან უკვე იცის, რომ ბავშვს ეს ყველაფერი ექნება კომბინაციაში,“ –  ამბობს ნათია.

მისივე თქმით, „ელმოს კლუბი“ მშობლებს სთავაზობთ სპეციალურ პროგრამას 0-6 თვემდე ჩვილთათვის. ეს სხვადასხვა ვარჯიშსა და სიმღერასაც მოიცავს.

„ეს მეთოდი ეხმარება პატარას სმენის, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ზედა და ქვედა ტანის კუნთების განვითარებაში,“ – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.

ნათია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი სკოლამდელი განათლების სისტემაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

„ჩემი აზრით, როცა კონკურენცია გაჩნდება, სხვებიც იზრუნებენ განათლების დონის ასამაღლებლად. ელემენტალურად დასვამენ კითხვას, რატომ არის ის ბაღი კარგი, რატომ მიდის ყველა იმ ბაღში. იმედი მაქვს, რომ დაიწყებენ ცვლილებებს და ეს საერთო განათლებაზე აისახება. ჩემი მიზანია, რომ სწავლების მეთოდოლოგია სხვა ბაღებმაც შეცვალონ. ზოგადად, განათლების სისტემა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. ცვლილებები კი უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან“.

 

ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვა და კახი კალაძის მეგობარი თანამდებობაზე

 

ბატონო რატი, როგორც ვიცი, თქვენ მუშაობდით ასლან აბაშიძესთან დაცვის სამსახურში. კონკრეტულად რომელ წლებში მუშაობდით და რა თანამდებობა გეკავათ?

2000-2002 წლებში ვმუშაობდი ასლან აბაშიძის პირად დაცვაში. იქედან წამოსვლის შემდეგ ტურისტული კომპანია დავაარსე და მას ვხელმძღვანელობდი, ჩამოვაყალიბე ტურიზმის ასოციაციაც, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასოციაციის პროექტის ფარგლებში ფიქსირებული გადასახადების საკითხზე ვმუშაობდით და ქობულეთში სეზონური კურორტის განვითარებას ძალიან წაადგა. 

 

როგორც ვიცი, პროფესიით იურისტი ხართ. ტურიზმის სფერო რატომ აირჩიეთ მომავალ საქმიანობად?

მე ჩემი საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა და ამან განაპირობა. კულტურის მიმართულებითაც ვმუშაობდი, დავაარსე ფოლკლორის ფესტივალი ქობულეთში, რომელიც კარგად მუშაობდა. მაქვს ფერმერული გამოცდილებაც, მეცხოველეობის ფერმაც მქონდა, მაგრამ ვერ გავავითარე და იძულებული გავხდი გამეყიდა.   

 

როგორც ცნობილია, თქვენ საკმაოდ დიდი სესხი გაქვთ ბანკიდან აღებული, დაფარეთ  ვალები თუ არა, როგორ აპირებთ მის გადახდას?

რამდენი ლარი იყო არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ეს სესხი დღესაც მიმდინარეა და ვიხდი. საოჯახო ბიზნესი, რისთვისაც სესხი ავიღე, გავავითარე. ვიყავი გამოსასახლებელთა სიაშიც, მაგრამ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.  

 

წელს აჭარის მთავრობამ და „ლიბერთი ბანკმა“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში ექვსი მილიონი ლარის გაცემაზე მოაწერა ხელი. როგორც იპოთეკარს ხომ არ გისარგებლიათ ამ სესხით?   

არა, არ ამიღია ეს სესხი. საოჯახო სასტუმროა ძირითადად ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. 

 

თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას მინდა დავუბრუნდე. როგორც ვიცი, წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაშიც იყავით ჩართული, რას აკეთებდით კონკრეტულად?  

მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მათ შორის არც „აღორძინების“. ისეთს არაფერს ვაკეთებდი, როცა იყო დახმარება საჭირო, ვეხმარებოდი. რჩევების მიცემა როცა იყო საჭირო და ა.შ ალბათ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა, ჩემს რეპუტაციას იყენებდნენ ხალხთან ურთიერთობაში. 

 

2012 წლის არჩევნებში `ოცნების~ სასარგებლოდაც მუშაობდით, ესეც სიმართლეა?

არა,  „ოცნებასთან“ არ მიმუშავია.

 

გამგებლის მოადგილე როგორ გახდით, ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია? 

მოადგილის დანიშვნა გამგებლის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, სულხან ევგენიძეს ვიცნობდი, მეგობრული ურთიერთობაც მაქვს და ქობულეთურიც. ქობულეთი პატარა ქალაქია და ყველა ყველას ვიცნობთ. ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტე, გვარი არ აღმოჩნდა ისეთი, ჩემი ნათესავი რომ არ აღმოჩენელიყო. ლამის დავრჩი ოჯახის გარეშე. ასე რომ, ნეპოტიზმი საქართველოში ყველგან შეიძლება იყოს. 

 

ის, რომ თავის დროზე ასლან აბაშიძესთან მუშაობდით, შემდეგ კი „ნაციონალებთან“, არ ყოფილა დამაბრკოლებელი მიზეზი?

ასლან აბაშიძესთან მუშაობა თუ იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი უნდა გეკეთებინა, არ ვიცი. რომ გამეკეთებინა, გამოჩნდებოდა ისედაც.

 

კახი კალაძესთან მეგობრობთ თურმე, სიმართლეა?

ძალიან ახლოს ვიცნობ და დიდი ხანია ვმეგობრობთ. ამ ზაფხულს ვნახე ბოლოს, როცა ქობულეთში ისვენებდა. 

 

როდის გაიცანით და რა ვითარებაში?

2001-2002 წლებიდან ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავდა და იქედან დავმეგობრდით, მისი მეგობრები ჩვენთან ისვენებდნენ სასტუმროში. 

 

თქვენს გამგებლის მოადგილედ დანიშვნაში რა წვლილი მიუძღვის ენერგეტიკის მინისტრს? 

ის არასდროს ერევა ასეთ საქმეებში და ყოველთვის მინდობილია იმ ხალხზე, ვინც რეგიონში მუშაობს. კახიმ, რომ დავინიშნე, მერე გაიგო და მეგობრების პირით   მომილოცა.

 

გამგებლის მოადგილის პოსტზე კონკრეტულად რომელ სფეროს კურირებთ და თუ გაქვთ კონკრეტული მიზნები?

ტურიზმს, კულტურასა და სპორტს ვკურირებ. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პირველ რიგში, ქალაქის გენერალური გეგმა უნდა შედგეს და ამის მიხედვით ჩვენც და სხვებიც მიეჩვევიან, რომ ქალაქი სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს.  

 

ბათუმის სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე დაზარალებულებს კითხავენ

 

“გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა ჯიქია გვაწამებდნენ… ვერ ავღწერ ამას. ახლაც ცუდად ვარ. ჯანმრთელობა დამენგრა… გვცემდნენ, გვაგინებდნენ.. ბატონო მოსამართლე, დააკავეთ ეს ხალხი, როგორ შეიძლება ამათი გარეთ ყიფნა”, – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელსაც ამ წუთებში სასამართლო მოწმის სტატუსით ჰკითხავს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია ბათუმის მესამე საპყრობილეს ყოფილი ხელისუფლების პირობებში მართავდნენ. მათ საქმეში ამ დროისთვის 50 პატმარი ფიგურირებს, როგორც დაზარალებული.

ვეკუას და ჯიქიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თავის დროზე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. საქმეს კი მოსამართლე დავით მამისეიშვილი უძღვება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელი ირაკლი გაჩეჩილაძე.

სახელმწიფო ქონებას ახალდაფუძნებული კომპანიები ყიდულობენ

 

შპს „გოდე 2014“-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პირობადებული აუქციონის წესით ბათუმში გორგასლის ქუჩაზე (#159ბ) 1500 კვ/მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეისყიდა. შეთანხმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა.

 

გოდერძი ნაკაშიძე
გოდერძი ნაკაშიძე

 

 

სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად შესმყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღება და მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის დაწყებიდან 30 თვის ვადაში კი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.

 

 

შესყიდული ფართობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან რვა თვის ვადაში კი ინვესტორი ვალდებულია შენობის არანაკლებ 1500 კვ./მეტრ ფართობში სამედიცინო დაწესებულება მოაწყოს.

 

 

ქონების სანაცვლოდ კომპანიამ სახელმწიფოს ანგარიშზე 465 500 ლარი უნდა გადარიცხოს. გარდა ამისა, აუქციონის პირობების თანახმად შპს „გოდე 2014“-ის მფლობელები ამ პროექტში 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებენ.

 

 

სამედიცონო ცენტრის ამოქმედებიდან რვა თვის განმავლობაში კი ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას დაასაქმოს საქართველოს ასი მოქალაქე და დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

 

 

რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“  2014 წლის 17 სექტემბერს, ანუ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრეა დაფუძნებული. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი 1982 წელს დაბადებული გოდერძი ნაკაშიძეა. მისი რეგისტრაციის ადგილი ოფიციალური დოკუმენტების მოხედვით ქედის მუნიციპალუტეტია, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი ბათუმი.

 

გოდერძი ნაკაშიძე ამ დროისთვის საკუთარ კლინიკა „პრაიმ დენტში“ მუშაობს. კომპანია მამის სახელზე აქვს დარეგისტრირებული, თუმცა რეალური მფლობელი და კლინიკის მმართველი თავად არის.

 

 

რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2014 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა, შპს „პრაიმ დენტი“ კი – 2013 წლის ბოლოს. გოდერძი ნაკაშიძე კიდევ ერთი კომპანიის შპს „მოლარის“ მოწილეა, ეს კომპანია ქუთაისში 2010 წელს დააფუძნეს:

 

 

„ამ კომპანიაშიც ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სტომატოლოგიური დაწესებულებაა, დამფუძნებლებს თანხის პრობლემა არ ჰქონდათ, წილები პროექტის განხორციელების სანაცვლოდ გაიყო. ჩემი გეგმით განვაახლეთ კლინიკა, გადავამზადეთ კადრები. ერთი სიტყვით, მე ავაწყე იქ სისტემა და მათ მუშაობა გააგრძელეს, ჩავდივარ ყოველთვიურად – თათბირებსა და ინსტრუქტაჟს ვატარებ. მე მათ ძირითადად ცოდნა-გამოცდილებით დავეხმარე, იმ კლინიკაში ჩემმა იდეამ უფრო იმუშავა.“

 

 

ახალდაფუძნებულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, პროექტში „ფინანსური გათვლა კეთდება ფართობზე, რომელიც ბინების სახით გაიყიდება. შენობის ორ სართულზე განთავსდება კლინიკა, სხვა სართულებზე კი – ბინები. პროექტს აქვს საბანკო გარანტია.“

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 29 სექტემბერს აუქციონის წესით გაასხვისა ასევე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე (#126) 1085. 80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და  მასზე დამაგრებული 1800 კვ/მ მიწის ფართობი. ამ შემთხვევაში ქონება შპს „ნევ ბათ-ჯგუფმა“ შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში კომპანიამ არანაკლებ სამი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მათ შორის პირველივე წელს მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა მოახერხოს. მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო შესყიდვის ღირებულება მილიონ 275 000  ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში დაფაროს.

 

შპს „ნევ ბათ-ჯგუფიც“ 2014 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 60%-ს ზურაბ დუმბაძე, დარჩენილ 40 %-ს კი ზებურ დუმბაძე ფლობენ. სავარაუდოდ ისინი ძმები არიან, ემთხვევა მათი რეგისტრაციის ადგილი და მამის სახელიც.

 

შპს „ PARK GIDA “-მ აუქციონის წესით ქობულეთში სოფელ ხუცუბანში 10976 კვ/მეტრი შენობა და მასზე დამაგრებული 23 746 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა. 

 

აუქციონის პირობების თანახმად შესყიდულ ფართობში ინვესტორმა საწარმო უნდა აამოქმედოს. ხელშეკრულების დადებიდან 10 თვის ვადაში ინვესტორი ვალდებულია დაასრულოს შენობის გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საწარმო შეიყვანოს ექსპლუატაციაში.  

 

საბოლოო ჯამში კი, ინვესტორმა პროექტის ფარგლებში 24 თვის ვადაში არანაკლებ  5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში კი მუდმივად დაასაქმოს საქართველოს 40 მოქალაქე.

 

 

შპს „ PARK GIDA “-ც იმ კომპანიებს  იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე კომპანიას საქართველოში ბიზნესპროექტი არ განუხორციელებია.  კომპანიის მფლობელი და დირექტორი თურქეთის მოქალაქე ლევენთ გარიფოღლუა.

 

 

„

დედაბრული ხელნაწერები, ცისფერი აკვანი და ხალიჩები ქობულეთიდან

 

ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, რეზო ტაკიძე ამბობს, რომ ქობულეთში მუზეუმის გახსნის იდეა 2010 წელს გაუჩნდა. ერთი წელი ენთუზიასტებთან ერთად ქობულეთის სოფლებში დადიოდა და ძველ, მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნივთებს აგროვებდა, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ კი უკვე მუზეუმის გახსნის საკითხი დაისვა. „ქობულეთში არც ერთ პერიოდში არ ყოფილა მუზეუმი. 2011 წლის იანვრიდან კულტურის ცენტრის ბაზაზე დავიწყეთ მუშაობა, მთელი წელი სოფლებში დავდიოდით და ვაგროვებდით ნივთებს. გვქონდა მხარდაჭერა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც ქობულეთის ფიჭვნარში აღმოჩენილი ნივთებია დაცული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან, რომელიც ასევე, ძალიან დაგვეხმარა. 2011 წლის ბოლოს, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ დადგა შენობის საკითხი და 2012 წლის გაზაფხულზე მუზეუმი გაიხსნა. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელთაც მოგვამზადებინეს თემატურ-ექსპოზიციური გეგმა – ეს არის რეჟისურა სამუზეუმო საქმეში“, – ამბობს რეზო ტაკიძე.

 

რეზო ტაკიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი
რეზო ტაკიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი

 

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ნივთებიდან მუზეუმის დირექტორი რამდენიმე ამახვილებს ყურადღებას: „გასულ წელს კინტრიშის ხეობაში, მეგრელიძეების ოჯახში აღმოვაჩინეთ ხელნაწერი გრაგნილი. ოჯახი ამბობდა, რომ ეს იყო არაბული ხელნაწერი, თუმცა გაირკვა, რომ ეს გახლავთ დედაბრული ხელნაწერი, ლოცვებისა და შელოცვების წიგნი“.

 

დედაბრული ანბანი – ასე უწოდებენ მეცნიერები ქართული მხედრული დამწერლობის სახეობას, რომელიც ძირითადად აჭარა-გურიაში იყო გავრცელებული. სახელწოდება – „დედაბრული“ – იმ ფაქტს უკავშირდება, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. რეზო ტაკიძე დედაბრული ხელის წარმოშობის შესახებ შემდეგს გვიამბობს:

 

„როგორც გადმოცემებით ვიცით, აჭარაში შემოსული ოსმალები ძირითადად მამაკაცებიდან ითხოვდნენ სარწმუნებოების შეცვლას. მამაკაცები იღებდნენ ისლამს, ქალები კი იყვნენ უფრო თავისუფალი, მათზე არ იყო იმდენი ზეწოლა და ბუნებრივად გადავიდა ქალზე ლოცვების, შელოცვების შენახვის მისია; დამწერლობის ტრანსფორმაციაც, ალბათ, ქალებს მოუვიდათ აზრად. ლეგენდა ამბობს, რომ ხანდაზმულმა ქალებმა შექმნეს და შეინახეს ეს დამწერლობა და აქედან წამოვიდა ეს სახელწოდებაც. ჩვენთან დაცული გრაგნილი მე-18-19 საუკუნეებში იქმნებოდა, რამდენიმე ადგილას გადაკერებულია ძაფით, სხვადასხვა ხელითაა ნაწერი, სხვადასხვა წარმოშობის ქაღალდზე, მაგრამ იმდენად თანმიმდევრულია, რომ ერთიანი ტექსტია. ჩვენ მას კინტრიშული კარაბადინი ვუწოდეთ. 6 მეტრი და 53 სანტმეტრია სიგრძით. თვალს თუ შეაჩვევ, იკითხება. ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ გაშიფრა ეს გრაგნილი. კინტრიშული კარაბადინი ინახავს საინტერესო ინფორმაციას, ტოპონიმკას, თითქმის ყველა თანამედროვე სოფელია მოხსენიებული“.

 

მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ მუზეუმში დამთვალიერებლების ყველაზე დიდ ყურადღებას ეთნოგრაფიული კუთხე იქცევს, ამიტომაც გადაწყვიტეს საგამოფენო დარბაზის გაფართოება და ქობულეთის ყოფა-ცხოვრების ამსახველი მეტი ნივთის გამოფენა. „გასულ წელს გვქონდა ექსპედიცია, შევისწავლეთ მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სახლები ქობულეთში. ქობულეთური ფიცრული სახლები უფრო გურიის ოდა სახლებს წააგავს, ზემო აჭარაში სახლს სხვა წყობა აქვს. მაგალითად, ბუხრების განლაგება _ შეძლებულ ოჯახს ზემო აჭარაში შეიძლება 4-5 ბუხარი ჰქონოდა, მაგრამ ბუხრები სხვადასხვა კუთხეში იყო განფენილი. სხვაგვარად იყო ეს ქობულეთში, აქ ბუხრის განლაგება ხდებოდა ჯვარედინად. ბუხარი კეთდებოდა ცენტრში და ინდივიდუალურად მუშაობდა ეს ბუხარი ყველა ოთახში“, – განმარტავს რეზო ტაკიძე.

 

მუზეუმის გამორჩეულ ექსპონატებზე საუბრისას მუზეუმის დირექტორი ხელით ნაქსოვ ხალიჩებსა და ქობულეთისთვის დამახასიათებელ აკვნებზე საუბრობს. მისი თქმით, აჭარის სხვა კუთხეებისგან განსხვავებით ქობულეთში ცისფრად შეღებილი აკვნები გვხვდებოდა, რაც შესაძლოა, ამ კუთხის ზღვასთან სიახლოვეზე მიუთითებდა. ყველაზე ძველი ცისფერი აკვანი ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაახლოებით 200 წლისაა.

 

„რაც შეეხება ხალიჩებს, წელს დავიწყეთ ხელით ნაქსოვი ხალიჩების შეგროვება. სამი ხალიჩა გქონდა, ოთხი მოვიძიეთ კიდევ მოსახლეობაში. გვაქვს ინფორმაცია, როგორი უნდა ყოფილიყო ხალიჩა პატარძლის ოჯახში, სასტუმრო ოთახში და ასე შემდეგ. ახალგაზრდა მეცნიერები თუ დაინტერედებიან, მინდა ორნამენტები და იეროგლიფები შეისწავლონ, რომელიც მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისში მოქსოვილ ქობულეთურ ხალიჩებზეა დატანილი.

 

ზოგადად, გვიანი შუასაუკუნეების ძალიან ბევრი ნივთია ჩვენთან დაცული. როცა განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება, იარაღის გამოფენა გვექნება. ქობულეთში მაღალ დონეზე იყო იარაღის კულტურა. მაჭახელას თოფს რომ ეძახიან, მსგავსი იყო ჩვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა. გვაქვს მე-19 საუკუნის იარაღი და მე-20-საუკუნის დასაწყისში დამზადებული იარაღის შეძენაც დავიწყეთ მოსახლეობიდან, რადგან ეს უკვე ისტორიაა, აღარ განმეორდება“, – ამბობს რეზო ტაკიძე.

 

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ათი თანამშრომელი მუშაობს. მუზეუმს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი 71 ათას ლარამდეა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, იგი რეგიონში საგანმანათლებლო პროგრამებსაც ითავსებს, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არიან ჩართული.

 

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ფოტომასალაც. რეზო ტაკიძე ორ ფოტოს ისხენებს: „ერთია ფოტო, რომელიც სოფელ ლეღვაშია გადაღებული, წულუკიძეების ოჯახში. ფოტოზე გამოსახულია რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე ქობულეთელები, ძმები წულუკიძეები, ამ ოჯახის წინაპრები. გვაქვს ერთი საინტერესო, 1924 წელს გადაღებული ფოტოც – სოფელ ქობულეთელების ექსკურსია ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ფონზე. დაახლოებით 40 პროცენტი ამოვიცანით ფოტოზე გადაღებული ადამიანების“.

 

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რემონტის პარალელურად ექსპედიციაც მიმდინარეობს. მუზეუმის დირექტორს ქობულეთის სოფლებში ახალი ექსპონატების აღმოჩენის იმედი აქვს: „არ შეიძლება თქვა, რომ მუზეუმში ყველაფერი საკმარისი გვაქვს. ჩათვალეთ, რომ ამის თქმისთანავე მოკვდება მუზეუმი. მუზეუმი უნდა იყოს ადამიანივით, რომელიც კარგად უვლის თავს. ექსპოზიციები უნდა იცვლებოდეს, ჩვენთან ექვსჯერაც კი იცვლება წელიწადში ექსპოზცია, ეს აუცილებელია, რომ მუზეუმი უსულო ნივთების სამყარო არ გახდეს“.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა

 

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესრელიზის მიხედვით, შპს ,,TV-ERA” კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს შეამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“,„СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“,„STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“. აღნიშნული დარღვევის გამო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9 000 და არა უმეტეს 90 000 ლარისა. შპს ,,TV-ERA”-ს შემთხვევაში ჯარიმის ოდენობამ 18,979.24 ლარი შეადგინა.

 

 

 

შპს „ტვ XXI+“-ის მონიტორინგი 2014 წლის 25 სექტემბერს განხორციელდა, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“,  ,,НТВ”, ,,Россия 1”,  ,,Перец”, ,,Eurosport“,  „Баскетбол“,  ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“,  „Боец ТВ“,  ,,RTVi”, ,,TV1000 action”,  ,,Домашний”,   „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“,  ,,ПРемьера”,  „Кинохит“,  „футбол ”,  „футбол 2”, „Пятница“,  ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”,  ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“,  „Шансон ТВ”,  „Euronews“. შპს „ ტვ XXI+“-ს  ჯარიმა 9 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

 

და ბოლოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“, რომლის შემოწმებაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა. კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს ავრცელებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე: „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,ობიექტივი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион+“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, ,,XXI+“, „Наш Футбол,” „Show“,  ,,Новое кино“,  „Fashion tv“, ,,ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, ,,National Geographic”, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Россия 1“, ,,Перец“, ,,Eurosport “,  ,,Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, ,,Теннис”, ,,Eurosport 2“, ,, Боец ТВ“, ,,RTVi“,  ,,TV1000 action“, ,,TV1000”, „STV“, ,,Россия К”, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, ,,Премьера”, „Кинохит“, „Футбол“,  „Футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино плюс“, ,,Кухня ТВ“, ,,Animal planet“, „Discovery“, „Шансон ТВ“, „C1“,  „Euronews“.

 

ვინაიდან შპს „BATUMI MEDIA GROUP“ მსგავსი დარღვევისთვის კომისიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ერთხელ დააჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განმეორებით იგივე შინაარსის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა. აქედან გამომდინარე შპს „BATUMI MEDIA GROUP“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით.

 

 

 

 

გამოცხადებულია ტენდერი 32 ტონა ძროხის ხორცისა და 280 ტონა პურის შესაძენად

სააგენტომ ზემოაღნიშნული პროდუქტების შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 1 365 628 ლარია.

სოციალური სერვისების სააგენტო აღნიშნულ პროდუქტებს „უპოვართა სასადილოებისთვის“ შეიძენს. ასეთი სულ ხუთი სასადილო ფუნქციონირებს ბათუმში:  სასადილო N1   ბათუმი, ტაბიძის ქ. N2; სასადილო N2  ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩაზე. N92; სასადილო N3  ბათუმი, კიკვიძის ქ. N7; სასადილო N4 ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N493 და სასადილო N5 ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი, მე-3 შესახვევი N2.

აღნიშნული სასადილოებით 2644  ბენეფიციარი სარგებლობს ყოველდღიურად; ამასთან, ამ სასადილოებში დასაქმებულია 55  ადამიანი [პერსონალიც სასადილოში მომზადებული კერძებით იკვებება].

ბათუმის მერიაში კი განმარტავენ რომ ტენდერი 2015 წლისთვისაა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის ინფორმაციით მომავალ წელს ბენეფიციერთა რაოდენობა იზრდება.

ხუთჯერ გასამართლებული ერთი ბრალდებით

 

„მამაჩემი და ჩემი სხვა ახლობლები რელიგიური ნიშნით გავხვდით რეპრესიების მსხვერპლი. მამაჩემი ხოჯა იყო და სასულიერო საქმიანობა საბჭოთა რეჟიმის დროსაც აგრძელებდა. პირველად, თუ არ ვცდები 1934 წელს დააპატიმრეს. წაგვართვეს ყველაფერი: სათიბები, ცხენი, კამეჩები და ხარები. სახლიდანაც გაიტანეს ყველაფერი, რაც კი რამ ებადა ოჯახს, ხალიჩების და სამზარეულოს ქვაბების ჩათვლით. არ ვიცი სად წაიღეს ჩვენი ქონება, მთავრობაში თუ იმ არასწორად მოქმედ ხალხს გაატანეს. არავინ იცის“, – გვეუბნება ისკანდერ კონცელიძე.

 

ისკანდერ კონცელიძე
ისკანდერ კონცელიძე

იმ დროს მისი ოჯახი ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზოტში ცხოვრობდა.

 

სასულიერო პირი იყო ისკანდერის მამის, ფერათ კონცელიძის ცოლის ძმაც, რომელიც ასევე გახდა რეპრესიების მსხვერპლი. 

 

„მამაჩემის ცოლის ძმა თავართქილაძე იყო გვარად, სასულიერო განათლება თურქეთში ჰქონდა მიღებული და ამის გამო სდევნიდნენ, – კავშირები ექნებაო. მისი დაჭერა უნდოდათ, მაგრამ საზღვრის გადალახვა მოასწრო. ამის გამო მამაჩემს წაუყენეს ბრალი, თითქოს ის ეხმარებოდა გაქცევაში და დააპატიმრეს. მამაჩემი სამართლის კარგი მცოდნე იყო და ციხიდან თავის დახსნა მოახერხა. თუმცა, მაინც არ შეეშვნენ. რელიგიური ნიშნით 24 კაცი ისევ დაიჭირეს ზოტში და ბოსელში დაამწყვდიეს. მამაჩემი ქუთაისში ჩავიდა და იქ ერთ რუს გენერალს შეხვდა უშიშროებაში. „ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, ქალაქი არ იცის და ვისთან უნდა ჰქონდეთ კავშირი, ტყუილად გყავთ დაჭერილი. ცოდვაა ხალხი და გაათავისუფლეთ, რა უნდა ადამიანს პირუტყვის სადგომშიო“.

 

მამაჩემის სოფელში დაბრუნებამდე ის ხალხი მართლა გამოუშვეს ბოსლიდან“. 

 

ფერათ კონცელიძის დევნა 1935 წელს ისევ დაიწყო საბჭოთა რეჟიმმა: „მამაჩემს გურულები „თათრების ხოჯას“ ეძახდნენ, თუმცა როგორც მორწმუნე და პატიოსან კაცს, პატივს სცემდნენ. მამა არასდროს იტყოდა ტყუილს. „თუ დანაშაულს ჩავიდენ, არ დამალო და აღიარე, მაშინ იქნები მართალი კაცი“, – ასე გვეუბნებოდა ხოლმე შვილებს. მეორედ დაკავების შემდეგ მამას უთხრეს, წადი ერთი-ორი წლით სადმე, აღარ გამოჩნდე და როცა ყველაფერი ჩაივლის მერე დაბრუნდიო. მამა მართლა გაერიდა სოფელს. ნაცნობის დახმარებით ორთაბათუმში მიწა იყიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა არც იქ მოასვენა. ისევ დაიბარეს უშიშროებაში. თქვენზე საჩივრებია შემოსულიო. 

 

ჩემმა უფროსმა ძმამ – რიზამ, ბევრი ეძება და მამაჩემს ადვოკატად ვიღაც ტურბელაძე აუყვანა. ჯერ რამდენიმე თვე იმისთვის იბრძოლეს, რომ სასამართლო ხიდისთავში ჩატარებულიყო. გურიაში მამაჩემს ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, იმედი ჰქონდა, რომ მის მოწინააღმდეგეებს სახელმწიფო აქ ვერ აღმოაჩენდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ ამაზეც დაგვთანხმდნენ. მამაჩემს ისევ მისი ცოლის ძმის გაქცევას ედავებოდნენ. 39 წელი იყო უკვე. პროკურორი ხან ჩამოხრჩობას ითხოვდა, ხან დახვრეტას: „ბანდიტი თავართქილაძე გააპარა თურქეთშიო“. ადვოკატს სასამართლოზე უთქვამს: „ეგ კაცი არც ბანდიტი იყო და არც ყაჩაღი, საკუთარ სამშობლოში ქვებსაც კი ეფერებოდა, თქვენნაირმა უსამართლო ხალხმა მოწყვიტა ის ქვეყანასო“.

 

ფერათ კონცელიძე ადვოკატის წყალობით ამჯერადაც გადაურჩა დახვრეტას, თუმცა რეპრესიები მისი ოჯახის მისამართით მაინც არ შეწყვეტილა: „როცა სასამართლომ მამაჩემი გაათავისუფლა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა“.

 

ეს ფაქტი რეპრესიული ხელისუფლებისთვის დევნის ახალი საბაბი გახდა: „მათ არ მოეწონათ მამაჩემის ამხელა ავტორიტეტი. ხალხს რომ უთხრას კომუნისტური პარტია არ ვარგა, მთელ სოფელს ფეხზე დააყენებსო და ცოტა ხნის შემდეგ, ისევ დაიჭირეს. ამჯერად ექვსი თვე იჯდა ციხეში და შემდეგ ორწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს“.

 

ფერათ კონცელიძეს 14 შვილი ჰყავდა. აქედან ოთხი ადრე დაიღუპა. ერთიც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა: „41-ში, როცა მსოფლიო ომი დაიწყო, საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ერთხელ ორი კაცი მოვიდა სახლში და ჩემი ძმა, რიზა იკითხა. გერმანიის მხარდამჭერთა პარტიაში თუ შემოხვალო, უთქვამთ. რიზამ უარი უთხრა, – „პარტია ჩემი საქმე არაა, გლეხი კაცი ვარ და ყანაში შრომა მირჩევნიაო“. არ ვიცი ვინ იყო ეს ხალხი, შეიძლება სპეციალურად მიუგზავნეს მიზეზი რომ გამოენახათ, რადგან რიზა ამ ამბის შემდეგ მალე დააკავეს. 

 

მე მაშინ 13 წლის ვიყავი, საღამოს ყანიდან რომ დავბრუნდით, მამაჩემი და რიზა ბუხართან ჩამოსხდნენ, მე კი დავიძინე. დილით ჩემი ძმა ცოცხალი აღარ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, სამხედროები ადრე დილით მოსულიყვნენ და რიზა წაეყვანათ. გზაში ჩემი ძმა გაქცევულა, მაგრამ გაფრთხილებაზე, – „თუ არ შეჩერდები გესვრით“, ჩემი ძმა ბრძანებას დაემორჩილა და ხელები აწია. თუმცა, სამხედროებმა მაინც ესროლეს და მოკლეს“.

 

ისკანდერ კონცელიძე ამბობს, რომ არაერთი თხოვნა-მიმართვის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ არ გასცა ოჯახს პასუხი, თუ სად დამარხეს მისი ძმა.

 

„რიზას ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და მათ ჩვენ ვზრდიდით. ბავშვებს არც დედა ჰყავდათ. ამ ტრაგედიის შემდეგ, მამაჩემმა სოფელი ზოტი საბოლოოდ მიატოვა“.  

 

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის

ქალბატონო თეა, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქი გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერად შევიწროება.

თეა მიქანაძე ალერგოლოგი

რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი?

ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარე გამაღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.

რა შეიძლება გახდეს ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი?

ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, მავნე ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ტენიანობამ და ა.შ. მაღალი ტენიანობა ბრონქული ასთმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის ძალიან კარგია აჭარის ნესტიანი ჰავისგან, პერიოდულად მშრალ ჰაერზე დასვენება. საამისოდ ძალიან კარგი კურორტებია – ცემი, სურამი და აბასთუმანი.  ჰაერის გამოცვლისთვის საჭიროა კურორტზე საშუალოდ 21 დღე მაინც დაჰყოს პაციენტმა.

როგორია ბრონქული ასთმის თავისებურებები ბავშვებში?

სიმპტომების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ბავშვების 80% სძლევს ასთმას, საჭიროა მხოლოდ ხელი შევუწყოთ ამას. სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის, მათი 75% თავისთავად იკურნება. ბავშვებში ასთმის რისკ ფაქტორია მამრობითი სქესი. 14 წლამდე ასაკში ასთმის გავრცელებასთან ერთად სქესს შორის სხვაობა მცირდება და მოზრდილებში ასთმის გავრცელება ქალებში უფრო მაღალია. Kავშირი სქესთან ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ამის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ დაბადებისას ბიჭების რონქების ზომა უფრო პატარაა ვიდრე გოგონებში, მოზრდილ ასაკში კი პირიქით.

რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქული ასთმა?

შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, ამიტომ ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, პირის სიმშრალე.

შესაძლოა თუ არა ასთმის დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრება?

ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში.

ასთმური შეტევის ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი აქტივობა, შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. ნაკლებ მაპროვოცირებელი აქტივობაა ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).

ასთმის სამკურნალო საშუალებები დაყოფილია ორ ჯგუფად. ეს არის მაკონტროლებელი და შემამასუბუქებელი საშუალებები, რომლებიც შეიძლება იყოს მედიკამენტოზური და ინჰალაციური სახის. მაშინ როცა ასთმური შეტევა ფიზიკური დატვირთვით არის გამოწვეული, პაციენტს შეუძლია შემამსუბუქებელი საშუალებები გამოიყენოს. დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში, იზრდება რემისიები და ასთმური შეტევები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. შესაძლოა ასთმური შეტევა პაციენტს, რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აღენიშნოს.

რა პრაქტკულ რჩევებს აძლევთ პაციენტებს რემისიების გასახანგრძლივებლად?

აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმიანი ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, ჩიტები, მღრღნელები და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები, ასთმიანი ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. ასევე კარგია ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობისას, ბავშვი გაიყვანოთ ქალაქიდან, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ბავშვი ჰიპოალერგიულ დიეტაზე, რომელიც კვების რაციონიდან ე.წ. ალერგენების ამოღებას გულისხმობს (ესენია რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და სხვა) და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

 

Exit mobile version