კვირის ამბები

სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიის გარეშე

30.11.2014 • 2718
სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიის გარეშე

 

სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარია და მისი მიღების შანსი მხოლოდ განსაკუთრებით წარმატებულ სტუდენტებს აქვთ.

 

რატომ არ არის ჩართული პროგრამაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით განათლების სამინისტროს მიმართა. განათლების სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის N37 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, პროგრამაში – „სახელმწიფო სტიპენდიები  სტუდენტებს“ – ეს უნივერსიტეტი გათვალისწინებული არ არის“. 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა ეს თანხა სტუდენტთა სტიპენდიებისთვის არ არის განკუთვნილი. „სტიპენდიები ჩვენ დაწესებული გვაქვს საკუთარი ბიუჯეტიდან. თანხით, რომელსაც რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ვიღებთ, გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და უნივერსიტეტთან ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება. სტიპენდიისთვის არ არის ეს თანხა გათვლილი. შესაბამისად, ვერ მოხდება გადაფარვა. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ცენტრალიზებულია და ის არ ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

 

უნივერსიტეტმა მიმდინარე სასწავლო წელს განათლების სამინისტროს მიმართა წერილით, რომ პროგრამაში ბათუმის უნივერსიტეტიც ჩაერთოს. „თადარიგი დავიჭირეთ და მივწერეთ, რომ იქნებ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღონ ამ სტიპენდიის მოპოვების შანსი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

უნივერსიტეტის რექტორი, ალიოშა ბაკურიძე განმარტავს, რომ ე.წ. „პრეზიდენტის სტიპენდიას“ (გასულ წლებში ასე ერქვა სტიპენდიას), რაღაც პერიოდი ფლობდა უნივერსიტეტი.

 

„ადრე სტუდენტები სარგებლობდნენ ამ სტიპენდიით, შემდგომში ამოიღეს ჩვენი უნივერსიტეტი პროგრამიდან. ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა. ჩვენ უკვე ვიყავით განათლების სამინისტროში, მგონია ეს პრობლემა მალე მოგვარდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან, უნივერსიტეტში ამ დროისთვის არსებულ სტიპენდიებს არ აქვს განსაზღვრული რაოდენობა, ისწავლის ბევრი – მიიღებს ბევრი, ეს ძალიან იშვიათია სხვა უნივერსიტეტებში“, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

ამ ეტაპზე ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5380 სტუდენტი სწავლობს, სტუდენტებს სხვადასხვა სახეობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ. ყველაზე მაღალი სტიპენდია 250 ლარია წარჩინებული სტუდენტებისათვის. ამ ეტაპისთვის უნივერსიტეტის 139 სტუდენტი იღებს სტიპენდიას.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიაში 1500 სტუდენტი სწავლობს. აკადემიას სასტიპენდიო პროგრამა არ აქვს, მათ არც განათლების სამინისტროსგან ეძლევათ სტიპენდიისთვის თანხა.

 

 „ჩვენ სამ წელზე მეტია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ვართ. აქედან გამომდინარე განათლების სამინისტრომ უარი გვითხრა დაფინანსებაზე. ეკონომიკის სამინისტროს ვერ მიაწოდეს ეს ცნობა, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ეგონა, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებდა დაფინანსებას. ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ გამოგვიყოფს ასიგნინებებს კონკრეტული პროექტებისთვის. გვეუბნებიან, რომ გაარკვევენ ამ საკითხს, მაგრამ რადგან აქამდე ვერ მოხერხდა ამის გარკვევა, გადავწყვიტეთ ჩვენი ბიუჯეტიდან დავაწესოთ სტიპენდია სტუდენტების წასახალისებლად. სტიპენდიის გაცემას მომდევნო სემესტრიდან ვიწყებთ“, – ამბობს ირაკლი კაცაძე, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე.

 

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარით ფინანსდება. თანხით უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების ხელფასები გაიცემა.

 

„სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროს სტიპენდიების თაობაზე შეტყობინებითაც კი არ მოუმართავს. ჩვენ გვაქვს ხუთი სახის სტიპენდია, საფაკულტეტო არის 100 ლარი, საუნივერსიტეტო – 150 ლარი. თანხას ჩვენი რესურსებით გავცემთ, 340 სტუდენტიდან მხოლოდ ოთხი სტუდენტი იღებს სტიპენდიას“, – ამბობს ერმილე მესხია, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი.

 

რატომ არ არიან ჩართული აჭარაში არსებული უნივერსიტეტები სტიპენდიებთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პროგრამაში? ამ საკითხზე კიდევ უფრო ამომწურავი ინფორმაციის მიღების მიზნით „ბათუმელება“ განმეორებით 22 ნოემბერს მიმართა განათლების სამინისტროს. სამინისტროსგან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია.

 

 

 

  

 

 

გადაბეჭდვის წესი