კვირის ამბები

მარტოსულობის უპირატესობანი

28.11.2014 • 4657
მარტოსულობის უპირატესობანი

წიგნის მოქმედება ოთხმოცდაათიანების ამერიკაში ვითარდება და ძალიან ცოცხლადარის გადმოცემული მოზარდების ყოფის სირთულეები. „მარტოსულობის უპირატესობანი’’ ძალიან ბევრს უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, ისეთებს, როგორიცაა ბულინგი, ძალადობა,მოზარდების გახშირებული თვითმკვლელობანი, მამაკაცების დომინანტობა, შეზღუდული შესაძლებლობები…

 ჩარლის უცნაური, მარტოხელა ბიჭია, რომელსაც, ერთი შეხედვით, ამოუხსნელი მელანქოლია და ისტერიკის შეტევები სტანჯავს. ფსიქიატრები ვერაფერს უგებენ მის პრობლემებს. ჩარლის წერის ნიჭი აქვს და საოცარი ლიტერატურის მასწავლებელი შეხვდება. წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც წასაკითხად რიგრიგობით მოგცემთ „ნუ მოკლავ ჯაფარას’’, „შიშველ ლენცს’’, „გზაზე’’, „პირველწყაროს’’, „უცხოს’’… და თან წაკითხულის შესახებ ესეებს გაწერინებთ, ზოგჯერ ცხოვრებაზე გესაუბრებათ, ერთხელ კი შინაც მიგიწვევთ, გეტყვით, რომ განსაკუთრებული ხართ და მაგრად ჩაგეხუტებათ. მგონი, იდეალური მასწავლებელი სწორედ ასეთი უნდა იყოს. ჩარლიც გვეთანხმება.  

 ჩარლის, მიუხედავად მისი ისტერიკის შეტევებისა, ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში. საოცარი ოჯახი ჰყავს, წყნარი, მშვიდი და მოსიყვარულე მშობლები, გულწრფელი და-ძმა… მაგრამ მის ირგვლივ არის უამრავი ბავშვი, მისი სკოლის მეგობრები, რომლებსაც სახლში სცემენ და კიდევ უარესი, რომლებიც ოჯახის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც კი არიან. სწორედ ოჯახური სირთულეების გამო იკლავს ჩარლის მეგობარი თავს და ეს შემთხვევა თავად ჩარლიზე წარუშლელ კვალს დატოვებს.

 ოჯახის გარდა, ბიჭს მეგობრებშიც ძალიან გაუმართლა. ორი შესანიშნავი მეგობარი ჰყავს – ლამაზი გოგო სემი და მისი ძმა პატრიკი. ჩარლი სემზე ყურებამდე, ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულითაა შეყვარებული, მაგრამ ცდილობს, გრძნობებს არ აჰყვეს, რადგან სემი მთელ სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოა.

 არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -ჩბოსკის წიგნში კარგად ჩანს, რომ მამაკაცები ფიზიკურად ძალადობენ ქალებზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ლოკალური პრობლემა. აი, ჩარლის და, შესანიშნავი, ლამაზი, ჭკვიანი გოგოა და თავგადაკლული ფემინისტი. და იცით, მის თავს რა მოხდება? შეყვარებული სცემს და ის ხმა არ ამოიღებს, პროტესტსაც კი არ გამოხატავს, იმიტომ, რომ ძალიან სტანჯავს სირცხვილი იმის გამო, რომ ეს სწორედ მას შეემთხვა – ლამაზს, ჭკვიანს, გამორჩეულს და თანაც, ფემინისტს. 

 გარდა თინეიჯერების ცხოვრებისეული სირთულეებისა, აბორტებისა და სკოლებში ნარკომანიისა, ჩბოსკის წიგნში უამრავი ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელი სცენაა, ცოცხალი და დასამახსოვრებელი. ზოგადად, ძალიან შთამბეჭდავიწიგნია, ისეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეგახსენებთ თავს, სხვადასხვა სიტუაციაში, რადგან ჩარლის ამბები, ცუდიც და კარგიც, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, ყოველ ჩვენგანს გამოუვლია. ბევრნი ვიყავით 15 წლის მარტოსული მოზარდები.

გადაბეჭდვის წესი