კვირის ამბები

უნუგეშო ეკომიგრანტები

30.11.2014 • 1828
უნუგეშო ეკომიგრანტები

თამაზ პაქსაძის ოჯახი 2008 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებიდან  წავიდა წალკაში. შვიდი წელი ადგილობრივი ეთნიკური ბერძენი მოქალაქის სახლში ცხოვრობდა, ახლა ამ სახლის დატოვებაც მოუწია. „მესაკუთრე 20 ათას დოლარს ითხოვს, თუ გადავუხდი, დამიტოვებს სახლს. მე არ შემიძლია თანხის გადახდა, არც სახელმწიფო იხდის. რა გავაკეთო, რა ვქნა?“, – ამბობს თამაზი. ახლა ის ბატალიონის მიტოვებულ, ნახევრადდაშლილ სახლის კედლებში, საკუთარ ოთახს იშენებს.

მეზობლის მსგავსად, თავის წილ ფართობს არემონტებს სოფელ ბეღლეთიდან წალკაში გადასახლებული რამინ ლომიძეც. ის ჯიბიდან რამდენიმე წყებად შეხვეულ ოქროს ნივთს იღებს და გვაჩვენებს: „ეს სამკაული დღეს ჩემმა დამ გამომიგზავნა სოფლიდან. უნდა დავაგირავო და ფული ავიღო, რომ ცემენტი და სხვა მასალები ვიყიდო. სანათესაოში და სამეზობლოში ოქრო არ დამიტოვებია, ყველა დავაგირავე“, – გვეუბნება ის.

 

 

რამინი ამბობს, რომ ხელისუფლების იმედი საბოლოოდ დაკარგა. მას აღარ სჯერა, მთავრობის მოქმედი თუ სამომავლო შესაქმნელი კომისიების, რადგან ფიქრობს, რომ  ხელისუფლებამ ეკომიგრანტების ნდობის ყველა რესურსი ამოწურა:

„რისი უნდა მჯეროდეს? ათი წელია წალკაში, სხვის სახლებში ვცხოვრობთ. გვეუბნებოდნენ, რომ ბერძნების სახლებს გამოისყიდდნენ, მაგრამ არ გააკეთეს. ხომ ამბობენ, ოცი ათას ლარად იშოვეთ სახლები და ვიყიდითო, ჩვენ არც ახლა გვიყიდიან, რადგან რაოდენობა შემცირებულია, რისთვის ვეძებოთ. თუ ჩემი დახმარება უნდა ხელისუფლებას, მეპატრონე ათი ათას დოლარს ითხოვს და გადაუხადონ“, – ამბობს ის.

რამინ ლომიძე წალკაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ სახლის მეპატრონეს 2500 დოლარი გადაუხადა და ნაწილი სახლის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ უნდა მიეცა: `თავიდან ოთხი ათას დოლარზე შევთანხმდით. თანხა რომ გადავურიცხე, ამის მოწმე მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის გამგებელიცაა. თუმცა მეპატრონე არ ჩამოვიდა და სახლი ვერ გადავიფორმე. ცხრა წლის შემდეგ კი მოვიდა და დამაცლევინა. არც გადახდილ ფულს მიბრუნებს უკან. სასამართლოში ვერ ვუჩივლე, რადგან არ მაქვს ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა. ახლა ათი ათასს ითხოვს, მაგრამ მე ფული არ მაქვს. რაც მაშინ გადავუხადე, ისიც ნასესხები მქონდა და დღემდე მაგ ვალს ვიხდი~. რამინს სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს.

ნუგზარ შავაძეც წალკიდანაა წამოსული. „მეპატრონემ მითხრა, ან ასი ევრო გადამიხადე თვეში, ან სახლი დამიცალეო. გაყიდვას აღარ აპირებს, ფერმა უნდა გავაკეთოო, –  შემომითვალა“.

ხელისუფლების დაპირებების არც ნუგზარ შავაძეს სჯერა: „არც ერთი ხელისუფლება, არც ადგილობრივი და არც ქვეყნის, ჩვენი ბედით არ ინტერესდება. თქვენ თავს თქვენვე მიხედეთო გვეუბნებიან და ჩვენც მივხედეთ“.

ნუგზარ შავაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილი 90 სახლის შესყიდვის პროექტში მისი ოჯახი არ მოხვდება: „ჯერ ერთი, ეგ სახლები პირველი კატეგორიის დაზარალებულებისთვის არის გათვალისწინებული. ჩვენ წერილობით მივმართეთ განსახლების მინისტრს და ჩვენი მდგომარეობის შესწავლა მოვითხოვეთ, მაგრამ მათ პასუხი არაფერზე არ აქვთ. სახლს რომ მიყიდდნენ, დღესვე დავტოვებდი აქაურობას“.

ნუგზარ შავაძე ბატალიონის ტერიტორიაზე შვიდსულიან ოჯახთან ერთად დასახლდა. ბავშვები არც სკოლაში დადიან და არც ბაღში.

„მეც წალკიდან ვარ“, – გვეუბნება კიდევ ერთი ეკომიგრანტი და თან აგურით ახალი კედელი ამოჰყავს. „თურქეთში ვიყავი სამუშაოდ, ცოლ-შვილი კი დედაჩემთან მყავდა. რომ ჩამოვედი, სახლის კარები დაკეტილი დამიხვდა, ავეჯიც კი ვერ წამოვიღე. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. სხვა სახლი რომც დავძებნო, ვიცი იმ ოცი ათასსაც არ მომცემენ“, – ამბობს ის.

ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე, ე.წ „ოცნების ქალაქში“ შუახევიდან გადასახლებული ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. „ჩვენ 1989 წელს წავედით აბაშაში, მაგრამ აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ჩვენი სახლი დაცხრილეს, ძლივს გადავურჩით სიკვდილს. მას შემდეგ ნაქირავებში ვცხოვრობთ. ავად ვარ, ცალი ფილტვი ამომიღეს“, – გვეუბნება ნაზი ფუტკარაძე. ის ნესტიან მიწურში მეუღლესთან, შოთა ფუტკარაძესთან ერთად ცხოვრობს: „ჯერ ლუკმაპურზე უნდა იფიქრო, რომ სად იშოვო, ცალე კიდევ ბინის პრობლემა“.

„ოცნების ქალაქში“ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ როგორც ადრე, ასევე ახალჩასახლებული ეკომიგრანტები. მათ შორისაა შვიდი შვილის დედა ია ბოლქვაძეც, რომელიც ფიცრულ ქოხში ორი თვის წინ დასახლდა: „ორი შვილი სასკოლო ასაკის მყავს, მაგრამ სკოლაში ვერ დადიან. ვერც საბავშვო ბაღში მიმყავს პატარები. არავინ მიიღო. მეუღლე მეეზოვეა და ეს არის ჩვენი შემოსავალი. თანხა ძირითადად ავადმყოფი ბავშვის მკურნალობაზე გვეხარჯება“.

ატალახებული გზების, ნესტიანი, ღარიბული მიწურებისა და ათობით სევდიანი თვალების ფონზე, ძნელი არ არის მიხვდე, რაზე ოცნებობენ „ოცნების ქალაქში“ ადამიანები, ბავშვები, სადაც ერთადერთი გასართობი „კლასობანა“ და ფოტოაპარატიანი ჟურნალისტების ცნობისმოყვარედ ჭვრეტაა. „გადამიღებთ?“ –  გეკითხებიან და გიღიმიან. კამერაში თავიანთი სახის დათვალიერების შემდეგ მხიარულდებიან და გარბიან.

„მათ სკოლა სჭირდებათ, საჭმელი და სითბო. ასეთი დაახლოებით 300 ბავშვი ცხოვრობს აქ, ვის აინტერესებს მათი მომავალი?“ – გვეუბნება “ოცნების ქლაქის” კიდევ ერთი მკვიდრი, სოსო.

 

ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა. წელს სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით დაზარალებულთა კატეგორიები გადახარისხდა. პირველი კატეგორიის დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელმაც სტიქიური მოვლენების შედეგად მთლიანად დაკარგა საცხოვრებელი სახლი. მეორე კატეგორიაში კი შევიდნენ ის პირები, რომლებსაც სახლი არ დანგრევიათ, თუმცა, მეწყრული პროცესები მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 2015 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 90 სახლი შეისყიდოს. ოღონდ, საცხოვრებელი სახლი 20 ათასი ლარის ფარგლებში, დაზარალებულმა უნდა დაძებნოს.

როგორც ორგანიზაცია `ბორჯღალის~ ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე გვეუბნება, სამინისტროს ეს ინიციატივა არ ეხება წალკიდან დაბრუნებულ ეკომიგრანტებს. „ერთადერთი სანუგეშო სიტყვა, რაც ეკომიგრანტთა მისამართით თქვა მინისტრმა,  იყო ის, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც მათ მდგომარეობას შეისწავლის. სხვა სერიოზული ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა. წალკის ეკომიგრანტების სანუგეშოდ, დღეს ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ აქვს“, – აცხადებს ციალა ქათამიძე.

მისივე ინფორმაციით, უცნობია საქართველოს მთავრობის პოზიცია ეკომიგრანტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა და დასრულებული სახით მთავრობას დიდი ხნის წინ გადაეცა.

საქართველოში 30 ათასამდე ეკომიგრანტია. აქედან, ყველაზე მეტი აჭარის რეგიონზე მოდის. ეკომიგრანტები საკუთარი სახლებისთვის რამდენიმე წელია იბრძვიან. იყო შიმშილობა და საპროტესტო აქციები, თუმცა ეკომიგრანტთა დიდი ნაწილის მდგომარეობა უცვლელია.

გადაბეჭდვის წესი