მთიანი აჭარა

პოლიციელის მამის უკანონო მშენებლობა აუქციონზე

29.11.2014 • 2081
პოლიციელის მამის უკანონო მშენებლობა აუქციონზე

 

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიტანს აუქციონზე მიწის ნაკვეთს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო, რომელზეც მაღაზია და ავტოფარეხი უნებართვოდ, რამდენიმე თვის წინ ააშენა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქედის სამსახურის (ყოფილი კუდი) უფროსის ბადრი ცინცაძის მამამ, ზურაბ ცინცაძემ.

 

ქედის საკრებულოს სხდომაზე
ქედის საკრებულოს სხდომაზე

ვიდრე საკითხს კენჭს უყრიდნენ, საკრებულოს წევრმა რამაზ გოლომანიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. კოლეგებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ უკანონობისთვის, თუმცა მისი მოწოდებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ – 13-მა დეპუტატმა საკითხი მოიწონა და მხარიც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოში მოხლოდ ხუთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

 

კითხვაზე, რატომ დამალა მუნიციპალიტეტის გამგეობამ საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილ მიწის ფართობზე არსებული შენობა და შეიყვანს თუ არა მყიდველს გაურკვევლობაში აუქციონზე ნაყიდი შენობით, ან ვის მფლობელობაში დარჩება აუქციონზე ნაყიდ მიწაზე არსებული შენობა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი გამგეობასა და საკრებულოში არ აქვთ.

 

კითხვაზე, კანონიერია თუ არა საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა დგას? ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი თემურ ბერიძე ასე პასუხობს:

 

„ქონების განკარგვა-რეალიზაციას, რაც დარეგისტრირდა მუნიციპალურ საკუთრებაში და რაც არის საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს. შენობა-ნაგებობა, რომელიც ფიქსირდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, არ არის აღრიცხული, რეგისტრირებული“.

 

მიწა, რომელზეც უკანონოდ აშენებული ნაგებობაა განთავსებული და რომელიც პოლიციის უფროსის მამას ეკუთვნის, საკრებულომ 800 ლარად შეაფასა
მიწა, რომელზეც უკანონოდ აშენებული ნაგებობაა განთავსებული და რომელიც პოლიციის უფროსის მამას ეკუთვნის, საკრებულომ 800 ლარად შეაფასა

„უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირე, რადგან საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს ობიექტი, როგორც თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც სინამდვილეში განთავსებულია უკანონო მშენებლობა. ეს თვალის ახვევაა და მე მსგავს საკითხს მხარს ვერ დავუჭერ. საჯარო რეესტრიც შეიყვანეს შეცდომაში, – მათ მიერ წარმოდგენილ ამონაწერს არ ახლავს არც საკადასტრო რუკა და არც შენობა-ნაგებობის დამადასტურებელი ნახაზი. ასევე დარღვეულია საავტომობილო გზების შესახებ კანონი, შენობა კი ნორმების დარღვევით არის აშენებული. კანონით ამ შენობის დემონტაჟი გარდაუვალია“, – აცხადებს რამაზ გოლომანიძე.

 

დეპუტატებმა, რომლებმაც ბოლო კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. კომენტარი არც საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.

აუქციონის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ ვინ გახდება 102 კვადრატული მეტრი მიწის კანონიერი მფლობელი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე (ქედაში, 36-ე კილომეტრზე) მდებარეობს, ასევე ისიც თუ რა ბედი ელის ამ მიწაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქედის სამსახურის (ყოფილი კუდი) უფროსის, ბადრი ცინცაძის მამის ზურაბ ცინცაძის უკანონო მშენებლობას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: