ხუთჯერ გასამართლებული ერთი ბრალდებით


 

„დედაჩემს ჩემი ძმის დატირების უფლება არ მისცეს. ცხენზე ჩამოკონწიალებული ცხედარი სოფელში ჩამოატარეს და ასე წაიღეს. დედაჩემი ცხენს ფეხებში უვარდებოდა და მკვდარ შვილთან მიახლოებას ცდილობდა. მამამ ფარ-ხმალი დაყარა, აღარ შეწინაღმდეგებია ჟანდარმებს, რადგან იცოდა, რომ მათ ტყვიას სხვა შვილების სიცოცხლეც შეეწირებოდა“. ძმის საფლავი ისკანდერ კონცელიძეს და მის ოჯახს, არასდროს უნახავს. 

 

„მამაჩემი და ჩემი სხვა ახლობლები რელიგიური ნიშნით გავხვდით რეპრესიების მსხვერპლი. მამაჩემი ხოჯა იყო და სასულიერო საქმიანობა საბჭოთა რეჟიმის დროსაც აგრძელებდა. პირველად, თუ არ ვცდები 1934 წელს დააპატიმრეს. წაგვართვეს ყველაფერი: სათიბები, ცხენი, კამეჩები და ხარები. სახლიდანაც გაიტანეს ყველაფერი, რაც კი რამ ებადა ოჯახს, ხალიჩების და სამზარეულოს ქვაბების ჩათვლით. არ ვიცი სად წაიღეს ჩვენი ქონება, მთავრობაში თუ იმ არასწორად მოქმედ ხალხს გაატანეს. არავინ იცის“, – გვეუბნება ისკანდერ კონცელიძე.

 

ისკანდერ კონცელიძე
ისკანდერ კონცელიძე

იმ დროს მისი ოჯახი ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზოტში ცხოვრობდა.

 

სასულიერო პირი იყო ისკანდერის მამის, ფერათ კონცელიძის ცოლის ძმაც, რომელიც ასევე გახდა რეპრესიების მსხვერპლი. 

 

„მამაჩემის ცოლის ძმა თავართქილაძე იყო გვარად, სასულიერო განათლება თურქეთში ჰქონდა მიღებული და ამის გამო სდევნიდნენ, – კავშირები ექნებაო. მისი დაჭერა უნდოდათ, მაგრამ საზღვრის გადალახვა მოასწრო. ამის გამო მამაჩემს წაუყენეს ბრალი, თითქოს ის ეხმარებოდა გაქცევაში და დააპატიმრეს. მამაჩემი სამართლის კარგი მცოდნე იყო და ციხიდან თავის დახსნა მოახერხა. თუმცა, მაინც არ შეეშვნენ. რელიგიური ნიშნით 24 კაცი ისევ დაიჭირეს ზოტში და ბოსელში დაამწყვდიეს. მამაჩემი ქუთაისში ჩავიდა და იქ ერთ რუს გენერალს შეხვდა უშიშროებაში. „ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, ქალაქი არ იცის და ვისთან უნდა ჰქონდეთ კავშირი, ტყუილად გყავთ დაჭერილი. ცოდვაა ხალხი და გაათავისუფლეთ, რა უნდა ადამიანს პირუტყვის სადგომშიო“.

 

მამაჩემის სოფელში დაბრუნებამდე ის ხალხი მართლა გამოუშვეს ბოსლიდან“. 

 

ფერათ კონცელიძის დევნა 1935 წელს ისევ დაიწყო საბჭოთა რეჟიმმა: „მამაჩემს გურულები „თათრების ხოჯას“ ეძახდნენ, თუმცა როგორც მორწმუნე და პატიოსან კაცს, პატივს სცემდნენ. მამა არასდროს იტყოდა ტყუილს. „თუ დანაშაულს ჩავიდენ, არ დამალო და აღიარე, მაშინ იქნები მართალი კაცი“, – ასე გვეუბნებოდა ხოლმე შვილებს. მეორედ დაკავების შემდეგ მამას უთხრეს, წადი ერთი-ორი წლით სადმე, აღარ გამოჩნდე და როცა ყველაფერი ჩაივლის მერე დაბრუნდიო. მამა მართლა გაერიდა სოფელს. ნაცნობის დახმარებით ორთაბათუმში მიწა იყიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა არც იქ მოასვენა. ისევ დაიბარეს უშიშროებაში. თქვენზე საჩივრებია შემოსულიო. 

 

ჩემმა უფროსმა ძმამ – რიზამ, ბევრი ეძება და მამაჩემს ადვოკატად ვიღაც ტურბელაძე აუყვანა. ჯერ რამდენიმე თვე იმისთვის იბრძოლეს, რომ სასამართლო ხიდისთავში ჩატარებულიყო. გურიაში მამაჩემს ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, იმედი ჰქონდა, რომ მის მოწინააღმდეგეებს სახელმწიფო აქ ვერ აღმოაჩენდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ ამაზეც დაგვთანხმდნენ. მამაჩემს ისევ მისი ცოლის ძმის გაქცევას ედავებოდნენ. 39 წელი იყო უკვე. პროკურორი ხან ჩამოხრჩობას ითხოვდა, ხან დახვრეტას: „ბანდიტი თავართქილაძე გააპარა თურქეთშიო“. ადვოკატს სასამართლოზე უთქვამს: „ეგ კაცი არც ბანდიტი იყო და არც ყაჩაღი, საკუთარ სამშობლოში ქვებსაც კი ეფერებოდა, თქვენნაირმა უსამართლო ხალხმა მოწყვიტა ის ქვეყანასო“.

 

ფერათ კონცელიძე ადვოკატის წყალობით ამჯერადაც გადაურჩა დახვრეტას, თუმცა რეპრესიები მისი ოჯახის მისამართით მაინც არ შეწყვეტილა: „როცა სასამართლომ მამაჩემი გაათავისუფლა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა“.

 

ეს ფაქტი რეპრესიული ხელისუფლებისთვის დევნის ახალი საბაბი გახდა: „მათ არ მოეწონათ მამაჩემის ამხელა ავტორიტეტი. ხალხს რომ უთხრას კომუნისტური პარტია არ ვარგა, მთელ სოფელს ფეხზე დააყენებსო და ცოტა ხნის შემდეგ, ისევ დაიჭირეს. ამჯერად ექვსი თვე იჯდა ციხეში და შემდეგ ორწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს“.

 

ფერათ კონცელიძეს 14 შვილი ჰყავდა. აქედან ოთხი ადრე დაიღუპა. ერთიც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა: „41-ში, როცა მსოფლიო ომი დაიწყო, საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ერთხელ ორი კაცი მოვიდა სახლში და ჩემი ძმა, რიზა იკითხა. გერმანიის მხარდამჭერთა პარტიაში თუ შემოხვალო, უთქვამთ. რიზამ უარი უთხრა, – „პარტია ჩემი საქმე არაა, გლეხი კაცი ვარ და ყანაში შრომა მირჩევნიაო“. არ ვიცი ვინ იყო ეს ხალხი, შეიძლება სპეციალურად მიუგზავნეს მიზეზი რომ გამოენახათ, რადგან რიზა ამ ამბის შემდეგ მალე დააკავეს. 

 

მე მაშინ 13 წლის ვიყავი, საღამოს ყანიდან რომ დავბრუნდით, მამაჩემი და რიზა ბუხართან ჩამოსხდნენ, მე კი დავიძინე. დილით ჩემი ძმა ცოცხალი აღარ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, სამხედროები ადრე დილით მოსულიყვნენ და რიზა წაეყვანათ. გზაში ჩემი ძმა გაქცევულა, მაგრამ გაფრთხილებაზე, – „თუ არ შეჩერდები გესვრით“, ჩემი ძმა ბრძანებას დაემორჩილა და ხელები აწია. თუმცა, სამხედროებმა მაინც ესროლეს და მოკლეს“.

 

ისკანდერ კონცელიძე ამბობს, რომ არაერთი თხოვნა-მიმართვის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ არ გასცა ოჯახს პასუხი, თუ სად დამარხეს მისი ძმა.

 

„რიზას ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და მათ ჩვენ ვზრდიდით. ბავშვებს არც დედა ჰყავდათ. ამ ტრაგედიის შემდეგ, მამაჩემმა სოფელი ზოტი საბოლოოდ მიატოვა“.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე