რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის


 

ბრონქული ასთმა, ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ამ დაავადებით 235 მილიონი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასთმისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, ალერგოლოგი თეა მიქანაძის თქმით დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში ასთმიან პაციენტს შეუძლია სრულოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

ქალბატონო თეა, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქი გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერად შევიწროება.

თეა მიქანაძე ალერგოლოგი

რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი?

ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარე გამაღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.

რა შეიძლება გახდეს ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი?

ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, მავნე ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ტენიანობამ და ა.შ. მაღალი ტენიანობა ბრონქული ასთმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის ძალიან კარგია აჭარის ნესტიანი ჰავისგან, პერიოდულად მშრალ ჰაერზე დასვენება. საამისოდ ძალიან კარგი კურორტებია – ცემი, სურამი და აბასთუმანი.  ჰაერის გამოცვლისთვის საჭიროა კურორტზე საშუალოდ 21 დღე მაინც დაჰყოს პაციენტმა.

როგორია ბრონქული ასთმის თავისებურებები ბავშვებში?

სიმპტომების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ბავშვების 80% სძლევს ასთმას, საჭიროა მხოლოდ ხელი შევუწყოთ ამას. სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის, მათი 75% თავისთავად იკურნება. ბავშვებში ასთმის რისკ ფაქტორია მამრობითი სქესი. 14 წლამდე ასაკში ასთმის გავრცელებასთან ერთად სქესს შორის სხვაობა მცირდება და მოზრდილებში ასთმის გავრცელება ქალებში უფრო მაღალია. Kავშირი სქესთან ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ამის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ დაბადებისას ბიჭების რონქების ზომა უფრო პატარაა ვიდრე გოგონებში, მოზრდილ ასაკში კი პირიქით.

რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქული ასთმა?

შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, ამიტომ ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, პირის სიმშრალე.

შესაძლოა თუ არა ასთმის დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრება?

ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში.

ასთმური შეტევის ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი აქტივობა, შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. ნაკლებ მაპროვოცირებელი აქტივობაა ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).

ასთმის სამკურნალო საშუალებები დაყოფილია ორ ჯგუფად. ეს არის მაკონტროლებელი და შემამასუბუქებელი საშუალებები, რომლებიც შეიძლება იყოს მედიკამენტოზური და ინჰალაციური სახის. მაშინ როცა ასთმური შეტევა ფიზიკური დატვირთვით არის გამოწვეული, პაციენტს შეუძლია შემამსუბუქებელი საშუალებები გამოიყენოს. დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში, იზრდება რემისიები და ასთმური შეტევები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. შესაძლოა ასთმური შეტევა პაციენტს, რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აღენიშნოს.

რა პრაქტკულ რჩევებს აძლევთ პაციენტებს რემისიების გასახანგრძლივებლად?

აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმიანი ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, ჩიტები, მღრღნელები და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები, ასთმიანი ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. ასევე კარგია ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობისას, ბავშვი გაიყვანოთ ქალაქიდან, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ბავშვი ჰიპოალერგიულ დიეტაზე, რომელიც კვების რაციონიდან ე.წ. ალერგენების ამოღებას გულისხმობს (ესენია რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და სხვა) და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი