ბათუმი

ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვა და კახი კალაძის მეგობარი თანამდებობაზე

26.11.2014 • 3138
ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვა და კახი კალაძის მეგობარი თანამდებობაზე

 

ბატონო რატი, როგორც ვიცი, თქვენ მუშაობდით ასლან აბაშიძესთან დაცვის სამსახურში. კონკრეტულად რომელ წლებში მუშაობდით და რა თანამდებობა გეკავათ?

2000-2002 წლებში ვმუშაობდი ასლან აბაშიძის პირად დაცვაში. იქედან წამოსვლის შემდეგ ტურისტული კომპანია დავაარსე და მას ვხელმძღვანელობდი, ჩამოვაყალიბე ტურიზმის ასოციაციაც, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასოციაციის პროექტის ფარგლებში ფიქსირებული გადასახადების საკითხზე ვმუშაობდით და ქობულეთში სეზონური კურორტის განვითარებას ძალიან წაადგა. 

 

როგორც ვიცი, პროფესიით იურისტი ხართ. ტურიზმის სფერო რატომ აირჩიეთ მომავალ საქმიანობად?

მე ჩემი საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა და ამან განაპირობა. კულტურის მიმართულებითაც ვმუშაობდი, დავაარსე ფოლკლორის ფესტივალი ქობულეთში, რომელიც კარგად მუშაობდა. მაქვს ფერმერული გამოცდილებაც, მეცხოველეობის ფერმაც მქონდა, მაგრამ ვერ გავავითარე და იძულებული გავხდი გამეყიდა.   

 

როგორც ცნობილია, თქვენ საკმაოდ დიდი სესხი გაქვთ ბანკიდან აღებული, დაფარეთ  ვალები თუ არა, როგორ აპირებთ მის გადახდას?

რამდენი ლარი იყო არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ეს სესხი დღესაც მიმდინარეა და ვიხდი. საოჯახო ბიზნესი, რისთვისაც სესხი ავიღე, გავავითარე. ვიყავი გამოსასახლებელთა სიაშიც, მაგრამ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.  

 

წელს აჭარის მთავრობამ და ლიბერთი ბანკმა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში ექვსი მილიონი ლარის გაცემაზე მოაწერა ხელი. როგორც იპოთეკარს ხომ არ გისარგებლიათ ამ სესხით?   

არა, არ ამიღია ეს სესხი. საოჯახო სასტუმროა ძირითადად ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. 

 

თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას მინდა დავუბრუნდე. როგორც ვიცი, წინა ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაშიც იყავით ჩართული, რას აკეთებდით კონკრეტულად?  

მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მათ შორის არც „აღორძინების“. ისეთს არაფერს ვაკეთებდი, როცა იყო დახმარება საჭირო, ვეხმარებოდი. რჩევების მიცემა როცა იყო საჭირო და ა.შ ალბათ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა, ჩემს რეპუტაციას იყენებდნენ ხალხთან ურთიერთობაში. 

 

2012 წლის არჩევნებში `ოცნების~ სასარგებლოდაც მუშაობდით, ესეც სიმართლეა?

არა,  „ოცნებასთან“ არ მიმუშავია.

 

გამგებლის მოადგილე როგორ გახდით, ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია

მოადგილის დანიშვნა გამგებლის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, სულხან ევგენიძეს ვიცნობდი, მეგობრული ურთიერთობაც მაქვს და ქობულეთურიც. ქობულეთი პატარა ქალაქია და ყველა ყველას ვიცნობთ. ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტე, გვარი არ აღმოჩნდა ისეთი, ჩემი ნათესავი რომ არ აღმოჩენელიყო. ლამის დავრჩი ოჯახის გარეშე. ასე რომ, ნეპოტიზმი საქართველოში ყველგან შეიძლება იყოს. 

 

ის, რომ თავის დროზე ასლან აბაშიძესთან მუშაობდით, შემდეგ კი ნაციონალებთან, არ ყოფილა დამაბრკოლებელი მიზეზი?

ასლან აბაშიძესთან მუშაობა თუ იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი უნდა გეკეთებინა, არ ვიცი. რომ გამეკეთებინა, გამოჩნდებოდა ისედაც.

 

კახი კალაძესთან მეგობრობთ თურმე, სიმართლეა?

ძალიან ახლოს ვიცნობ და დიდი ხანია ვმეგობრობთ. ამ ზაფხულს ვნახე ბოლოს, როცა ქობულეთში ისვენებდა. 

 

როდის გაიცანით და რა ვითარებაში?

2001-2002 წლებიდან ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავდა და იქედან დავმეგობრდით, მისი მეგობრები ჩვენთან ისვენებდნენ სასტუმროში. 

 

თქვენს გამგებლის მოადგილედ დანიშვნაში რა წვლილი მიუძღვის ენერგეტიკის მინისტრს

ის არასდროს ერევა ასეთ საქმეებში და ყოველთვის მინდობილია იმ ხალხზე, ვინც რეგიონში მუშაობს. კახიმ, რომ დავინიშნე, მერე გაიგო და მეგობრების პირით   მომილოცა.

 

გამგებლის მოადგილის პოსტზე კონკრეტულად რომელ სფეროს კურირებთ და თუ გაქვთ კონკრეტული მიზნები?

ტურიზმს, კულტურასა და სპორტს ვკურირებ. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პირველ რიგში, ქალაქის გენერალური გეგმა უნდა შედგეს და ამის მიხედვით ჩვენც და სხვებიც მიეჩვევიან, რომ ქალაქი სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: