კვირის ამბები

ქალი სკალპელით

28.11.2014 • 3734
ქალი სკალპელით

“თავიდანვე მინდოდა ქირურგი ვყოფილიყავი, პირველივე კურსიდან ვმორიგეობდი ქირურგიულ განყოფილებაში. სამედიცინო სფეროში და მით უმეტეს გადაუდებელ ქირურგიაში 24 საათი მობილიზებული უნდა იყო, არ იცი როდის იქნები საჭირო, დღის ან ღამის რომელ საათზე დაგირეკავენ საავადმყოფოდან, მაგრამ ეს ჩემთვის დისკომფორტს არ ქმნის,  ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა“ – ამბობს ხათუნა. იგი სტამბოლის სახელმწიფო კლინიკაში, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში გადის რეზიდენტურას.

ყველაზე რთულ ოპერაციას საქართველოში, ჯერ კიდევ მაშინ დაესწრო როცა სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტი იყო – „65 წლის პაციენტს,  ფატერის  დვრილის  სიმსივნის  გამო  გავუკეთეთ საკმოდ  დიდი და რთული ოპერაცია. ეს  ჩემთვის  იმ  დროს  უდიდესი გამოცდილება იყო,  რადგანაც  საქრთველოში  არც  ისე  ხშირია  ასეთი  მასშტაბის  ოპერციები.   ჩემთვის  დიდი  პატივი  იყო, როცა ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად  თეიმურაზ  ბეშკენაძემ  დამიძახა. მართალია დღეს ეს ჩემი ყოველდღიურობაა, მაგრამ მაინც ყველაზე შთამბეჭდავ ოპერაციად მახსენდება”.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გასულ წელს დავამთავრე. მოგეხსენებათ, საქართველოში, ექიმების ცხოვრება, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კომფორტულია, მით უმეტეს დამწყები ექიმებისა და რეზიდენტების. დიდ ხანს ვფიქრობდი სად გამეგრძელებინა დიპლომის შემდგომი განათლება, ბევრი ვარიანტი განვიხილე და ბოლოს თურქეთი შევარჩიე. დიპლომის აღიარებაზე განაცხადი რომ გავაკეთე, დიდი იმედი არ მქონდა, რადგანაც განაცხადს წლების მანძილზე განიხილავენ და ზოგჯერ არ თანხმდებიან, თუმცა მე ორი თვის შემდეგ დამირეკეს. ამის შემდეგაც საკმაოდ რთული იყო გზის გაკვლევა, რადგანაც რეზიდენტურის მისაღები ოფიციალური გამოცდა ძალიან რთულია. დაახლოებით ხუთი თვე ვემზადებოდი და წარმატებით ჩავაბარე. ასე დავიწყე სტამბოლის სახელმწიფო კლინიკაში, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში მუშაობა“ – ამბობს ხათუნა. 

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი, რომ ქირურგია კაცის პროფესიაა, ხათუნას მცდარად მიაჩნია: „საზოგადოებაში ეს აზრი მუსირებს და თურქეთშიც ასეა გარკვეულ წილად, მაგრამ ვფიქრობ, რეალურად ასე არ არის, რადგანაც ჩემთან ერთად მორიგეობდნენ კაცებიც და არანაირი განსხვავება არ იყო ჩემსა და მათ შორის. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთ ბიჭზე უკეთ ვართმევ თავს საქმეს. თუმცა ჩემი არჩევანი ყველას უკვირდა, არადა საქართველოში ქალი ქირურგები არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს გოგოები უფრო ჭარბობენ, ვიდრე ბიჭები, თბილისში, დიდ ოპერაციებზე ქალი ოპერატორი არ მინახავს. არადა ქირურგიას ძალა კი არა, უფრო მეტად ნატიფი ხელი სჭირდება. ბევრი ლექტორი მირჩევდა სხვა განხრით წავსულიყავი, ძალიან გაგიჭირდებაო, მაგრამ მე ბოლომდე ქირურგიის ერთგული დავრჩი, ვერავის აზრმა ვერ გადამაფიქრებინა. ჩემთვის პროფესია ყველაფერზე წინ დგას“ – ამბობს ხათუნა.  

ხათუნა უკვე დიდი  ხანია დამოუკიდებლადაც მუშაობს. ამბობს, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია – „მართალია დიდი გამოცდილების მქონე ექიმად ვერ ჩავთვლი თავს, მაგრამ ამ დროის მანძილზე საკმაოდ  ბევრი  რამ  ვნახე   და  სიტუაციის  მართვაც თავისუფლად შემიძლია“.

იგი ამბობს, რომ მის პროფესიულ არჩევანში დიდი როლი ითამაშეს ექიმებმა: პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ და თეიმურაზ ბეშკენაძემ: „ბატონი ზურაბი ქირურგიაში ჩემი პირველი მასწავლებელი იყო და ჩემს პროფესიულ წინსვლას მას ვუმადლი. მან შეაფასა ჩემი შესაძლებლობები და საშუალება მომცა ჯერ კიდევ საქართველოში დავუფლებოდი ქირურგიის საფუძვლებს საქართველოში სამუშაო პირობები ბევრად რთულია, ბევრ პრობლემასთან გიხდება შერკინება. თურქეთში, ჩვენგან განსხვავებით სამუშაო პირობები ბევრად უკეთესია, ექიმის წოდება მაღალ დონეზეა და შესაბამისად ყველა კმაყოფილია“.

ხათუნა თურქეთში კიდევ  ოთხი წელი დარჩება, შემდეგ კი საქართველოში აპირებს დაბრუნებას, ამბობს, მუშაობის გაგრძელებას ტრანსპლანტოლოგიაში  აპირებს – „ძალიან მაინტერესებს ღვიძლის  ტრანსპლანტაცია და  იმედი  მაქვს,  რომ  საქართველოშიც  მოგვეცემა  ამის  შესაძლებლობა – ეს  ჩემი  ყველაზე  დიდი  ოცნებაა  და  ყველაფერს  გავაკეთებ  ამის  მისაღწევად“ – ამბობს ის.

ხათუნა ჯოყილაძე წარმოშობით ხულოდან, სოფელ ქედლებიდანაა. იგი ამბობს, რომ ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ვერ შეძლებდა სწავლასა და მუშაობას: „ოჯახი საერთოდ არ ჩარეულა პროფესიის არჩევანში, მეტიც, მამაჩემი ყველანაირად გვერდში მიდგას და მეხმარება რითაც შეუძლია“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: