ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, რეზო ტაკიძე ამბობს, რომ ქობულეთში მუზეუმის გახსნის იდეა 2010 წელს გაუჩნდა. ერთი წელი ენთუზიასტებთან ერთად ქობულეთის სოფლებში დადიოდა და ძველ, მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნივთებს აგროვებდა, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ კი უკვე მუზეუმის გახსნის საკითხი დაისვა. „ქობულეთში არც ერთ პერიოდში არ ყოფილა მუზეუმი. 2011 წლის იანვრიდან კულტურის ცენტრის ბაზაზე დავიწყეთ მუშაობა, მთელი წელი სოფლებში დავდიოდით და ვაგროვებდით ნივთებს. გვქონდა მხარდაჭერა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც ქობულეთის ფიჭვნარში აღმოჩენილი ნივთებია დაცული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან, რომელიც ასევე, ძალიან დაგვეხმარა. 2011 წლის ბოლოს, პირველი 500 ნივთის შეგროვების შემდეგ დადგა შენობის საკითხი და 2012 წლის გაზაფხულზე მუზეუმი გაიხსნა. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელთაც მოგვამზადებინეს თემატურ-ექსპოზიციური გეგმა – ეს არის რეჟისურა სამუზეუმო საქმეში“, – ამბობს რეზო ტაკიძე.
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ნივთებიდან მუზეუმის დირექტორი რამდენიმე ამახვილებს ყურადღებას: „გასულ წელს კინტრიშის ხეობაში, მეგრელიძეების ოჯახში აღმოვაჩინეთ ხელნაწერი გრაგნილი. ოჯახი ამბობდა, რომ ეს იყო არაბული ხელნაწერი, თუმცა გაირკვა, რომ ეს გახლავთ დედაბრული ხელნაწერი, ლოცვებისა და შელოცვების წიგნი“.
დედაბრული ანბანი – ასე უწოდებენ მეცნიერები ქართული მხედრული დამწერლობის სახეობას, რომელიც ძირითადად აჭარა-გურიაში იყო გავრცელებული. სახელწოდება – „დედაბრული“ – იმ ფაქტს უკავშირდება, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. რეზო ტაკიძე დედაბრული ხელის წარმოშობის შესახებ შემდეგს გვიამბობს:
„როგორც გადმოცემებით ვიცით, აჭარაში შემოსული ოსმალები ძირითადად მამაკაცებიდან ითხოვდნენ სარწმუნებოების შეცვლას. მამაკაცები იღებდნენ ისლამს, ქალები კი იყვნენ უფრო თავისუფალი, მათზე არ იყო იმდენი ზეწოლა და ბუნებრივად გადავიდა ქალზე ლოცვების, შელოცვების შენახვის მისია; დამწერლობის ტრანსფორმაციაც, ალბათ, ქალებს მოუვიდათ აზრად. ლეგენდა ამბობს, რომ ხანდაზმულმა ქალებმა შექმნეს და შეინახეს ეს დამწერლობა და აქედან წამოვიდა ეს სახელწოდებაც. ჩვენთან დაცული გრაგნილი მე-18-19 საუკუნეებში იქმნებოდა, რამდენიმე ადგილას გადაკერებულია ძაფით, სხვადასხვა ხელითაა ნაწერი, სხვადასხვა წარმოშობის ქაღალდზე, მაგრამ იმდენად თანმიმდევრულია, რომ ერთიანი ტექსტია. ჩვენ მას კინტრიშული კარაბადინი ვუწოდეთ. 6 მეტრი და 53 სანტმეტრია სიგრძით. თვალს თუ შეაჩვევ, იკითხება. ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ გაშიფრა ეს გრაგნილი. კინტრიშული კარაბადინი ინახავს საინტერესო ინფორმაციას, ტოპონიმკას, თითქმის ყველა თანამედროვე სოფელია მოხსენიებული“.
მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ მუზეუმში დამთვალიერებლების ყველაზე დიდ ყურადღებას ეთნოგრაფიული კუთხე იქცევს, ამიტომაც გადაწყვიტეს საგამოფენო დარბაზის გაფართოება და ქობულეთის ყოფა-ცხოვრების ამსახველი მეტი ნივთის გამოფენა. „გასულ წელს გვქონდა ექსპედიცია, შევისწავლეთ მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სახლები ქობულეთში. ქობულეთური ფიცრული სახლები უფრო გურიის ოდა სახლებს წააგავს, ზემო აჭარაში სახლს სხვა წყობა აქვს. მაგალითად, ბუხრების განლაგება _ შეძლებულ ოჯახს ზემო აჭარაში შეიძლება 4-5 ბუხარი ჰქონოდა, მაგრამ ბუხრები სხვადასხვა კუთხეში იყო განფენილი. სხვაგვარად იყო ეს ქობულეთში, აქ ბუხრის განლაგება ხდებოდა ჯვარედინად. ბუხარი კეთდებოდა ცენტრში და ინდივიდუალურად მუშაობდა ეს ბუხარი ყველა ოთახში“, – განმარტავს რეზო ტაკიძე.
მუზეუმის გამორჩეულ ექსპონატებზე საუბრისას მუზეუმის დირექტორი ხელით ნაქსოვ ხალიჩებსა და ქობულეთისთვის დამახასიათებელ აკვნებზე საუბრობს. მისი თქმით, აჭარის სხვა კუთხეებისგან განსხვავებით ქობულეთში ცისფრად შეღებილი აკვნები გვხვდებოდა, რაც შესაძლოა, ამ კუთხის ზღვასთან სიახლოვეზე მიუთითებდა. ყველაზე ძველი ცისფერი აკვანი ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაახლოებით 200 წლისაა.
„რაც შეეხება ხალიჩებს, წელს დავიწყეთ ხელით ნაქსოვი ხალიჩების შეგროვება. სამი ხალიჩა გქონდა, ოთხი მოვიძიეთ კიდევ მოსახლეობაში. გვაქვს ინფორმაცია, როგორი უნდა ყოფილიყო ხალიჩა პატარძლის ოჯახში, სასტუმრო ოთახში და ასე შემდეგ. ახალგაზრდა მეცნიერები თუ დაინტერედებიან, მინდა ორნამენტები და იეროგლიფები შეისწავლონ, რომელიც მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისში მოქსოვილ ქობულეთურ ხალიჩებზეა დატანილი.
ზოგადად, გვიანი შუასაუკუნეების ძალიან ბევრი ნივთია ჩვენთან დაცული. როცა განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება, იარაღის გამოფენა გვექნება. ქობულეთში მაღალ დონეზე იყო იარაღის კულტურა. მაჭახელას თოფს რომ ეძახიან, მსგავსი იყო ჩვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა. გვაქვს მე-19 საუკუნის იარაღი და მე-20-საუკუნის დასაწყისში დამზადებული იარაღის შეძენაც დავიწყეთ მოსახლეობიდან, რადგან ეს უკვე ისტორიაა, აღარ განმეორდება“, – ამბობს რეზო ტაკიძე.
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ათი თანამშრომელი მუშაობს. მუზეუმს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი 71 ათას ლარამდეა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, იგი რეგიონში საგანმანათლებლო პროგრამებსაც ითავსებს, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არიან ჩართული.
მუზეუმს გააჩნია უნიკალური ფოტომასალაც. რეზო ტაკიძე ორ ფოტოს ისხენებს: „ერთია ფოტო, რომელიც სოფელ ლეღვაშია გადაღებული, წულუკიძეების ოჯახში. ფოტოზე გამოსახულია რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე ქობულეთელები, ძმები წულუკიძეები, ამ ოჯახის წინაპრები. გვაქვს ერთი საინტერესო, 1924 წელს გადაღებული ფოტოც – სოფელ ქობულეთელების ექსკურსია ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ფონზე. დაახლოებით 40 პროცენტი ამოვიცანით ფოტოზე გადაღებული ადამიანების“.
ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რემონტის პარალელურად ექსპედიციაც მიმდინარეობს. მუზეუმის დირექტორს ქობულეთის სოფლებში ახალი ექსპონატების აღმოჩენის იმედი აქვს: „არ შეიძლება თქვა, რომ მუზეუმში ყველაფერი საკმარისი გვაქვს. ჩათვალეთ, რომ ამის თქმისთანავე მოკვდება მუზეუმი. მუზეუმი უნდა იყოს ადამიანივით, რომელიც კარგად უვლის თავს. ექსპოზიციები უნდა იცვლებოდეს, ჩვენთან ექვსჯერაც კი იცვლება წელიწადში ექსპოზცია, ეს აუცილებელია, რომ მუზეუმი უსულო ნივთების სამყარო არ გახდეს“.