Batumelebi | ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით – Batumelebi
RU | GE  

ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით

 

დამკვიდრებული წარმოდგენის მიხედვით, ადამიანის ბიოლოგიური სქესი ავტომატურად განსაზღვრავს ადამიანის გენდერს (სოციალურ სქესს) და მის სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ როცა ადამიანის სექსუალობის ეს სამი ასპექტი დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა, არაა ურთიერთგანმაპირობებელი. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები თავს არ აღიქვამენ თავიანთი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება და რა უწყობს ხელს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სხვადასხვა სტერეოტიპის დამკვიდრებას? “ბათუმელების” კითხვებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილმა უპასუხა. 

 

 

ქალბატონო ეკა, ვინ არის ტრანსგენდერი ადამიანი და, ზოგადად, რა ასაკიდან იაზრებს ადამიანი თავის გენდერულ იდენტობას?


როცა ტრანსგენდერ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბიოლოგიური სქესი და გენდერი. ძალიან ხშირად როცა ვამბობთ სქესს, მასში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ბიოლოგიურ სქესს, არამედ გენდერსაც – არ ვმიჯნავთ მათ ერთმანეთისგან. სქესი ადამიანის ბიოლოგიური ფიზიოლოგიურ-ანატომიური მახასიათებლების ერთობლიობაა, გენდერი კი სოციალური სქესია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ ქცევით, ფუნქციურ თუ მენტალურ განსხვავებულობას ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც წესი, ადამიანი თავს აღიქვამს თავისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს ასე არ ხდება და ადამიანის მიერ საკუთარი სქესის თვითაღქმა კონფლიქტშია ბიოლოგიურ სქესთან. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ბიოლოგიურად კაცი თავს აღიქვამს ქალად (ტრანსგენდერი ქალი), ან პირიქით, როცა ქალი თავს აღიქვამს კაცად (ტრანსგენდერი კაცი) და არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავს არც ერთ სქესთან არ აიგივებს (ანდროგინი).

გარდა ამისა, ძალიან ხშირად ერთმანეთში ურევენ გენდერულ იდენტობას და სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ როცა ეს სექსუალობის ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ასპექტია. ადამიანი, რომელიც თავს აღიქვამს ქალად და სექსუალური კავშირი აქვს კაცთან – ჰეტეროსექსუალია, რადგან ტრანსგენდერ ადამიანებსაც ისევე როგორც სხვებს, აქვთ სექსუალური ორიენტაცია და ეს არ არის მიბმული მაინცდამაინც გენდერულ იდენტობაზე. ტრანსგენდერი ადამიანი, ისევე როგორც ყველა სხვა, შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი, ჰეტეროსექსუალი და ბისექსუალიც. როგორც წესი, გენდერული იდენტობის ფორმირება საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება და მოზრდილობაში მყარდება. სექსუალობა არ არის მარტივი მოცემულობა და მასზე ბევრი რამ ახდენს გავლენას – ბიოლოგია, ფსიქოლოგია, ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილება თუ კონკრეტული სოციო-კულტურული გარემო.

რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?


იმის მიხედვით, თუ როგორია გარემო, “კონფლიქტის” პროცესი ზოგჯერ ძალიან მწვავედ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი, ნაკლებად. ამ დროს იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია კონკრეტული კულტურა. ისეთი ტიპის კულტურებში, როგორიც ჩვენ ვართ, ანუ სადაც ქალისა და კაცის გენდერული როლები არა მხოლოდ პოლარიზებულია არამედ იერარქიულიცაა, სადაც ქალი იერარქიის ქვედა საფეხურზე იმყოფება და ყველაფერი, რაც ქალთან და ქალურობასთან არის დაკავშირებული, კულტურისთვის მეორადია. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ტრანსგენდერთა მიმართნეგატიურ განწყობებზე და ძალადობაზეც. მაგალითად, ძალადობის ფაქტები უფრო ხშირია სწორედ ტრანსგენდერი ქალების მიმართ, რადგან ამ კულტურაში უფრო სამარცხვინოდ ითვლება მამაკაცის მიერ ქალის როლის მიღება-გათავისება. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ სოციალური, არამედ სქესობრივი როლის მიღებაც, რადგან ეს პრაქტიკულად არღვევს ამ კულტურაში არსებულ არამხოლოდ გენდერულ და როლურ მოდელებს, არამედ იერარქიასაც. თუმცა, ჩვენ ისტორიაში გვაქვს მაგალითები, როცა ქალები თავის თავზე იღებდნენ მამაკაცის სოციალურ როლს. ისინი იყვნენ წახალისებული და გმირებად შერაცხულები, თუნდაც მაია წყნეთელი. მაგრამ არ არსებობს პირუკუ ტრადიცია. ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა მამაკაცმა ნებაყოფლობით იტვირთა ქალის სოციალური როლი და იგი ისევე გმირად შერაცხულია საზოგადოებისგან, როგორც ქალი მამაკაცის სოციალური როლის მორგებისას.

თუ ტრანსგენდერი ქალი ხმამაღლა საუბრობს თავის გენდერულ იდენტობაზე და ქუჩაში გამოდის ქალის ტანსაცმლით, იგი აუცილებლად ასოცირდება ფრიკთან. რა არის ამის მიზეზი?

როცა სოციალური როლის გათავისებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, თვალში საცემი ის ადამიანები არიან, ვინც გამოკვეთილად `ქალურად~ იქცევიან და ქალის ტანსაცმელს ატარებენ. მაგალითად, ტრანსგენდერი კაცების შემთხვევაში, კაცის ტანსაცმლის ტარება, შარვლის ტარებაზე თუა საუბარი, მაინცდამაინც თვალში მოსახვედრი აღარ არის, რადგან შარვალს დღეს ბევრი ქალი ატარებს. მაგრამ საქმე ისიც არის, რომ ჩვენი კულტურა ძალიან ფემინოფობიურია და ესეც არის იმ განსაკუთრებული აგრესიის მიზეზი, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მიმართ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობა ამ მხრივ, თუმცა ცოდნა ყოველთვის არ არის იმის გარანტი, რომ ვინმეს ტრანსგენდერისადმი აგრესია არ გაუჩნდეს. სამწუხაროდ არაკეთილგანწყობილი გარემო ქუჩის გარდა, ოჯახშიცაა ასეთი ბავშვები ხშირად ხდებიან თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი.

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში სექსმუშაკებთანაც ასოცირდებიან. რა არის ამის მიზეზი და სხვა რა სტერეოტიპები არსებობს მათ მიმართ?


ტრანსგენდერი ადამიანების სექსმუშაკებთან გაიგივებაში დიდი წვლილი მედიას მიუძღვის, რომლის ყურადღების ქვეშ ყოველთვის ექცევა ასეთი ერთეული შემთხვევებიც კი. რა თქმა უნდა, არიან ტრანსგენდერები, რომლებიც კომერციული სექსით არიან დაკავებული, მაგრამ ეს წესი ნამდვილად არაა. ეს უფრო რისკ-ფაქტორია და სხვა ბარრიერს უკავშირდება, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან. საქმე ისაა, რომ სამუშაოს პოვნა პირადობით, რომელშიც ტრანსგენდერ ქალს გარეგნობის შეუსაბამო სქესი უწერია, ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ხშირად ისინი ისეთი ტიპის სამუშაოს ეძებენ, სადაც პირადობის მოწმობის წარდგენა საჭირო არ იქნება. ამან შეიძლება ადამიანს კომერციული სექსისკენ უბიძგოს კიდეც. ასე რომ, ეს რისკ-ფაქტორია და არა გარდაუვლი მოვლენა. ხშირად, ტრანსგენდერი კაცები მშენებლობაზე დღიურ სამუშაოებს ირჩევენ. ფაქტია, რომ ასეთ მძიმე პირობებში ძნელია ამ ადამიანებისთვის სოციალიზაცია, მათი შესაძლებლობის სრულად გამოვლენა და რეალიზაცია ისე, როგორც ეს საზოგადოების სხვა წევრებს შეუძლიათ. დღეს ტრანსგენდერი ადამიანის, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალის იმიჯი ძალიან სექსუალიზებულია და ამაშიც მნიშვნელოვანი წილი მედიას მიუძღვის.

შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ ქართული მედიის წვლილზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების დამყარებაში?

ტრანსგენდერი ქალის იმიჯის სექსუალიზებას გარკვეულად ისიც განაპირობებს, თუ ვის ირჩევენ ჟურნალისტები ეკრანზე გამოსაჩენად. მათ უყვართ ადამიანების ეგზოტიზაცია და ხშირად, ტრანსგენდერ ადამიანებს უტრირებული სახით წარმოაჩენენ. თუ რომელიმე შოუში ისეთი ტრანსგენდერი ადამიანი გამოჰყავთ, რომელიც მაინცდამაინც არ ეჯახება ასეთ ფიზიკურ ძალადობას, მისგან სხვა არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, აქცევენ თუ არა მას კაცები ყურადღებას, რამდენი კაცი აქცევს ყურადღებას და ა.შ. ანუ ეს იმიჯი სრულიად სექსუალიზებულია. მის მიღმა საერთოდ დაკარგულია ადამიანიც და პიროვნებაც. ეს არის ერთადერთი, რა ჭრილშიც ხედავს მედია ამ ადამიანებს.
მაგალითად, როცა საბი ბერიანის მკვლელობის ფაქტს აშუქებდნენ, ჟურნალისტები მეზობლებს ეკითხებოდნენ, ხშირად აკითხავდნენ თუ არა მას კაცები, აყავდა თუ არ საბის ბინაში კაცები, ქალის ტანსაცმელი ეცვა თუ კაცის და სხვა, რაც არამარტო მის პირად ცხოვრებაში უხეში შეჭრა, არამედ ეთიკის ყველა ნორმის დარღვევაცაა.
წლების წინ, როცა მედია გეებისა და ლესბოსელების შესახებ რაიმე საკითხს შეეხებოდა, ყოველ ჯერზე ამ თემას თან სდევდა სადღაც ჩატარებული პრაიდის ფოტოები ან ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა პრაიდებისთვის დამახასიათებელი კარნავალური, `დრაგშოუს~ კულტურა. ამ პრაიდებშიც უამრავი ადამიანი მონაწილეობს სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებზე სავსებით კონკრეტული მოთხოვნებით, მაგრამ ჟურნალისტების უმეტესობას იმ სანახაობითი ნაწილის გარდა სხვა არ აინტერესებთ.
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საბის შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის – ყველამ იცოდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანზე იყო საუბარი, ეს ადამიანი საკუთარ თავს აღიქვამდა ქალად, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ბიჭი, მოიხსენიებდნენ მისი საპასპორტო სახელით, რაც, სრულიად უპატივცემულო დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელისა და სქესის შეცვლა ბევრ ბარიერთანაა დაკავშირებული ჩვენთან და ბევრს არ შეუძლია სრულად გაიაროს ტრანზიციის მთელი პროცესი.

როგორ ხდება საქართველოში სასურველი სქესის სამართლებრივი აღიარება?

სქესის ლეგალურ აღიარება ჩვენთან კანონით არ რეგულირდება. კანონი არც არეგულირებს, თუმცა არც კრძალავს, სქესის ლეგალურ აღიარებას ან თუნდაც სქესის კვლავმინიჭებას ქირურქიული გზით. უბრალოდ, არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა. წლების წინ იყო შემთხვევა, როცა ადამიანმა სრულად გაიარა ეს პროცედურა, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ჩათვლით და მაშინ სასამართლომ გასცა შესაბამისი დასკვნა, რომ სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული პროცედურის სრუალდ გავლის საფუძველზე ამ ადამიანს პასპორტში ჩაენაცვლოს სქესის ჩანაწერი. ადამიანი, რომელიც ემზადება სქესის კვლავმინიჭების ოპერაციისთვის, იღებს ცნობას, შემდეგ გადის ტრანზიციის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს და შემდეგ იტარებს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას. ეს საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცედურაა და მას არც ერთი დაზღვევა არ აფინანსებს (რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია, პლასტიკური, კოსმეტიკური ოპერაციების სიაშია).
საბოლოო ჯამში, ჩვენში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ადამიანს სქესის ლეგალური აღიარებისთვის სჭირდება იძულებითი სტერილიზაციის სრული პროცედურის გავლა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
ცხადია, თუკი ეს პროცესი დარეგულირდება და საჯარო რეესტრში შესაძლებელი იქნება სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ტრანზიციის უფრო ადრეულ ეტაპზე ბევრ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას. იქნება ეს შრომითი თუ მომსახურების სხვა სფერო, ჩვენ შეგვეძლება თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაცია. ბოლო სამი წლის მანძილზე შესაბამისი წერილითა და განცხადებით რამდენჯერმე მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, პროცესი დაიძრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გვაქვს.

რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სპეცსამსახურები აიძულებდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის ტრანსგენდერებს სექსუალურ მომსახურებას „კამერების წინ”, შემდეგ კი ამ კადრებს ადამიანების შანტაჟისთვის იყენებდნენ?


ბევრს ალბათ ახსოვს, ორი წლის წინ, ასეთი პრაქტიკის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა მედია საშუალებებით. სამართალდამცავთა მხრიდან შანტაჟის მცდელობის ფაქტები ჩვენც გვაქვს დოკუმენტირებული. ბევრს გვსმენია ასეთი “თანამშრომლობის” თაობაზე. ამასთან, ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ადამიანი არ ეკუთვნის ლგბტ ჯგუფს, მაგრამ მას მაინც ემუქრებოდნენ სამართალდამცავები ასეთი ტიპის მასალების “გამოქვეყნებით” (ჩვენ გამოვაქვეყნებთ და მერე თავი თავად “იმართლეთ”, თქვენ ხართ თუ არა ამ ფოტოსა თუ ვიდეოზე). ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო ამ სიტუაციაში ჩემთვის ისა, რომ საზოგადოებაში არსებული ჰომო და ტრანსფობია იმდენად ძლიერია, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არც კანონდარღვევა და არც კრიმინალი, ხდება შანტაჟის საფუძველი. ასეთი პრაქტიკა იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ მაშინ კრიმინალიზებული იყო ჰომოსექსუალობა და ადამიანებს ამის გამო ციხეში წასვლა ემუქრებოდათ.

ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ?


კვლევა, რომელსაც ახლა ვატარებთ, ანონიმურია და სამწუხაროდ რესპონდენტთან ამის გადამოწმება და ზუსტი დეტალების გარკვევა არ შეგვიძლია, მაგრამ ერთგან შემხვდა შემთხვევა, როცა პოლიციელი ცდილობდა ადამიანის დაშანტაჟებას ამ თემით. მან მოახერხა რაღაცნაირად თავის დაღწევა, საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. რამდენიმე წლის წინ მეც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ პოლიციელების მიერ ლგბტ ჯგუფის წევრთა დაშანტაჟების მავნე პრაქტიკა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა. ჩემთვის მართლა დიდი სტრესი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ გრძელდება და ადამიანები (მათ შორის ისეთებიც, რომელიც არ მალავენ საკუთარ იდენტობას ადამიანთა გარკვეულ წრეში) შესაძლოა ამ შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ. ეჭვი მაქვს, ასეთი ტიპის პრაქტიკაზე, სახელმწიფო ასე მარტივად არ იტყვის უარს. ამას რეალური პოლიტიკური ნება და არაჰომოფობიური გარემო სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი