სიახლეები

ცემენტის ბაღი

30.11.2014
ცემენტის ბაღი

 

 

წიგნში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, ამბავს თინეიჯერი ბიჭი ჰყვება. ამბავიცაა და ამბავიც. სახლში სულ ოთხნი ცხოვრობენ, და-ძმანი – მთხრობელი ბიჭი, ჯული, სიუ და ტომი. ცხოვრობენ უცნაურ სახლში, უცნაურ გარემოში. მათი ბინა ქალაქს მოწყვეტილია, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში არიან. გარშემო მხოლოდ ძველი, უკაცრიელი კოტეჯები აქვთ და ცემენტის ბაღი, სადაც ერთი მცენარეც კი არაა – მათი მამის უცნაური არქიტექტურული ახირება. სკოლა შორსაა. წიგნის გარემო ძალიან დამთრგუნველია. მხოლოდ ცემენტის ბაღის წარმოდგენაც კი რაღაც საოცარი უსასოობისა და გაუცხოების განცდას იწვევს, სახლზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

ჯერ მამა იღუპება, შემდეგ დედა. ბავშვებს არ უნდათ, სოციალურმა სამსახურებმა გაიგონ ამის შესახებ, რადგან მაგ შემთხვევაში და-ძმები ერთად ვეღარ იცხოვრებენ. ამიტომ იღებენ საზარელ გადაწყვეტილებას: დედას სარდაფში აცემენტებენ.

 

ძალიან ბუნდოვანი კონტურებით აქვს მოხაზული მაკიუენს ბავშვების პორტრეტები, მაგრამ მათი ხასიათი მაინც საოცრად შთამბეჭდავია. ოთხივეს ნებისმიერ მოქმედებაში იგრძნობა რაღაც ძალიან არაჯანსაღი, ძალიან უსიამოვნო. თითქოს მთვარეულები არიან, თითქოს ნახევრად სიზმარში ცხოვრობენ და ბოლომდე ვერ იაზრებენ, რა ხდება მათი ბუშტში მოქცეული სამყაროს მიღმა. ბოლომდე გაუგებარია, ეს ბავშვები ანგელოზები არიან თუ დემონები. მათი საოცარი მიჯაჭვულობა, მათი ეროტიკული თამაშები ძალიან ამორალურად გამოიყურება, მაგრამ მათი ქცევის განსჯა მაინც რთულია: ამ ბავშვებმა, თითქოს, საერთოდ არ იციან, რა არის მორალური და რა ამორალური, არ იციან არანაირი ადამიანური წესები, თითქოს რეალური სამყაროს მიღმა არიან და შესაბამისად, აგრესიასაც ნაკლებად იწვევენ. მათი გაკიცხვა ძალიან ძნელია, მაგრამ მსუბუქი ზიზღის გრძნობა ალბათ გაუჩნდება მკითხველს – რაღაც უცნაური ცბიერება აქვთ, არაბავშვური ეშმაკობა და, ამავე დროს, წარმოუდგენლად გულუბრყვილოები არიან. ვერც აცნობიერებენ, რომ დედა მოუკვდათ, არადა, უკვე საკმაოდ მოზრდილები არიან. თითქოს წინ ვერ იყურებიან, მხოლოდ ერთი დღის შთაბეჭდილებებით ცხოვრობენ.

 

„ცემენტის ბაღი“ მოცულობით პატარაა, მაგრამ მასზე უსასრულოდ შეიძლება წერა. ჯერ მარტო თითოეული გმირის პრობლემებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებს ტომები შეიძლება დაეთმოს. ძალიან სწორადაა აქცენტები დასმული ამ წიგნში. შეკითხვები ისმის და პასუხის მოძებნა მთლიანად მკითხველზეა გადაბარებული. რა გარემომ ჩამოაყალიბა ეს ბავშვები ასეთებად? რატომ არ შველის სკოლა მათ განდგომილობას და იზოლაციას?

 

ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქ არ არსებობს, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, ვარაუდი იმაზე, რომ ყველაფრის ფესვები აღზრდაში უნდა ვეძებოთ. და აქ აუცილებლად დაგვჭირდება მამის აჩრდილის გამოხმობა: დესპოტი კაცის, რომლის სიკვდილი არავის სწყენია. აქედან იწყება წიგნი. აქედან იწყება ყველაფერი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.