სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი დაიწყო

30.11.2014
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი დაიწყო

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, პროექტის მიხედვით საავადმყოფოს შიგნითა ეზოში არსებული სკვერი შენარჩუნდება.

„ამ ეტაპზე გრიბოედობის ქუჩის მხარეს იგეგმება ახალი კორპუსის აშენება. მანამდე ყველა სამსახური ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ კორპუსში გადავა, რომელსაც მცირე რეკონსტრუქციას ჩავუტარებთ. მოგვიწევს რაღაცების გადაკეთება. იქნება მტვერიც და ალბათ ხმაურიც, თუმცა ეს არ იმოქმედებს საავადმყოფოს მუშაობაზე, რადგან არსებობს მშენებლობის სტანდარტი და ეს ნორმები აუცილებლად იქნება დაცული“.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარი 150 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა ამ დროისთვის სტაციონარში მხოლოდ 86 პაციენტია. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ფუნქციები საკმაოდ შეზღუდული გვაქვს, საავადმყოფოს დარჩენილ ნაწილში პაციენტების განთავსებას დისკომფორტის გარეშე შევძლებთ“, – ამბობს დირექტორი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება. „ერთ კორპუსში განთავსების შემდეგ გაერთიანდება დეპარტამენტები, რადგან ამჟამად საავადმყოფოს განყოფილებების სტრუქტურა აქვს. ეს წამგებიანია. ამის შემდეგ განყოფილებების ნაცვლად გაკეთდება დეპარტამენტების სტრუქტურა. თუ აქამდე თვალის ან ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების პაციენტები იწვნენ ცალკე, ახლა ყველა პაციენტი ქირურგიული სტაციონარის პალატით ისარგებლებს. სამედიცინო თვალსაზრისითაც ეს დაშვებულია’, – ამბობს მალხაზ ხალვაში.

ახალი საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი, რომელშიც იქნება ყველა ურგენტული სამსახური, მეანობისა და ბავშვთა სამსახურის ჩათვლით. აქამდე ეს ორი სამსახური  საავადმყოფოში არ ფუნქციონირებდა.

დირექტორის განცხადებით, გადამზადდება მედპერსონალიც: „ახალი კორპუსი მხოლოდ ახალ შენობას არ გულისხმობს, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურებაც.  ეს იქნება სუპერთანამედროვე საავადმყოფო. შემდეგი ორი წლის განმავლობაში პერსონალის გადამზადებით ვიქნებით დაკავებული“.

კონკრეტულად სად იგეგმება საავადმყოფოს თანამშრომლების გადამზადება, ამ ეტაპზე უცნობია. დირექტორის თქმით, საავადმყოფოში კადრები, სავარაუდოდ, არ შემცირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.