სპორტი

ბოდიბილდინგი და ბათუმში მისი ერთადერთი მიმდევარი

28.11.2014 • 3451
ბოდიბილდინგი და ბათუმში მისი ერთადერთი მიმდევარი

 

შოთა ცერცვაძე აბობს, რომ ბოდიბილდერები ისინი ხდებიან, ვისაც დიდი მოთმინება გააჩნია. შოთა ცერცვაძე ერთადერთი ბოდიბილდერია ბათუმში. ის ბავშვობაში დაინტერესდა ბოდიბილდინგით. პირველი სპორტული იარაღი სიმძიმეების ასაწევად მისი თხოვნით ბაბუამ გაუკეთა, რკინის ღერძზე რკინის სიმძიმეები დაამაგრებინა. მერე „განტელები და „ტურნიკიც’’ დაიმატა და 17 წლიდან სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა ვარჯიშის გასაგრძელებლად. ახლა 21 წლისაა და ამბობს, რომ ბოდიბილდინგი არა გატაცება, არამედ მისი საქმე გახდა.

„წელიწადნახევარია მთლიანად ჩართული ვარ ამ სფეროში. ბოდიბილდერებისთვის საჭიროა კვების ზუსტი დრო და რაციონი. ყოველ ორ საათში ვიღებ საკვებს. ერთი გამოტოვებული კვება ითვლება მთელი დღის ჩავარდნად. დღეში 6-7-ჯერ, შაბათ-კვირას კი 9-ჯერაც მაქვს განაწილებული კვება. საკვებს კვირაობით ვიმარაგებ და გრამობით ვყოფ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმში ზედმეტი ცხიმი არ დაგროვდეს. პირველ ეტაპზე თითო საათით კვირაში სამჯერადი ვარჯიშით დავიწყე. ახლა გადასული ვარ ყოველდღიურ ვარჯიშებზე და მხოლოდ კვირაობით ვისვენებ. არის ვარჯიშის ციკლები: ძალაზე, მასაზე. ყველა მათგანს სხვადასხვა დრო სჭირდება“, – ამბობს შოთა. შოთა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, #91-ში მდებარე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ცენტრში ვარჯიშობს, სადაც შეღავათის სახით ტრენაჟორით უფასოდ სარგებლობს.

 

ბოდიბილდინგის ცენტრის ხელმძღვანელი იგორ კალანდაძეა. იგი საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის გამგეობის წევრი და ამასთან, ბათუმში ბოდიბილდინგის ხელმძღვანელიცაა.

საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში წერია, რომ კულტურიზმს „ბურჟუაზიულ“ სპორტს უწოდებდნენ, ამიტომ საბჭოთა კავშირში ის იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც იგორ კალანდაძე ამბობს, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ცენტრი მან ჯერ კიდევ 1986 წელს გახსნა ბათუმში.

„80-იანი წლებიდან სპორტის ამ სახეობაში ვარ. პირველი დარბაზი 1986 წელს გავხსენი ე.წ. „სტეფანოვკაზე“. როცა ამ სპორტის მიმდევარიგავხვდი, მაშინ ბოდიბილდინგი, ისევე როგორც კარატე, აკრძალული იყო. შემდეგ გამსახურდიას ქუჩაზე (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა) გადავინაცვლეთ. მეოთხე წელია კი ამ დარბაზში ვართ. ქალაქში ბევრი სპორტული დარბაზი გამოჩნდა. ბოლო დროს ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას და უფრო მეტ დროს ატარებენ სპორტულ დარბაზებში. თუმცა ამ ეტაპზე ბოდიბილდინგის განსაკუთრებულ პერპექტივას ვერ ვხედავ, გარდა ინდივიდუალური შედეგებისა. ყველა ერს თავისთვის დამახასიათებელი სპორტული სახეობები გააჩნია. საქართველოსთვის არ არის ეს სპორტი დამახასიათებელი. ბოდიბილდინგი განვითარებულია ამერიკასა და ევროპაში. მაგალითად, ამერიკაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი სპორტის ამ სახეობის მიმდევარია’’, – გვეუბნება იგორ კალანდაძე.

ბოდიბილდინგი არაოლიმპიური სპორტის სახეობაა. იგორ კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუკი ბოდიბილდინგი გახდება ოლიმპიური სახეობა, მაშინ ამ სპორტს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ექნება.

თანამედროვე ბოდიბილდინგი მეცხრამეტე საუკუნიდან ვითარდება. მისი დამფუძნებელია გერმანელი კულტურისტი ევგენი სანდოვი.

ბოდიბილდინგში ყველაზე მაღალი საფეხურის ჩემპიონატი „მისტერ ოლიმპიაა“ (MR Olympia), რომელიც ყოველწლიურად იმართება. პირველად მისტერ ოლიმპია 1965 წელს ჩატარდა. ჩემპიონატი ამერიკელმა ლარი სკოტმა მოიგო და სანაცვლოდ საპრიზო თანხა – 1000 დოლარი მიიღო. წლების განმავლობაში იცლებოდა ბოდიბილდინგი და ფულადი ჯილდოც. 2014 წელს სხეულის პროპორციებითა და კუნ- თების განვითარებით მისტერ ოლიმპიად ჟიურის წევრებმა ამერიკელი ფილ ჰითი დაასახელეს.

 სპორტსმენს 275 000 დოლარი გადასცეს. მისტერ ოლიმპიაზე საქართველოდან ჯერ არავინ გასულა. თუმცა 2014 წელს საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი თბილისელი ირაკლი გაგუა გახდა 168 სანტიმეტრ სიმაღლეში. საქართველოში პირველი ჩემპიონი ბოდიბილდინგში დავით რაზმაძეა, ხოლო პირველ ბოდიბილდერ ქალად არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში მილადა მაცაბერიძე მიიჩნევა.

საქართველოში ბოდიბილდინგის ფედერაცია ოფიციალურად 1999 წელს ჩამოყალიბდა. 2000 წელს საქართველოს სპორტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ფედერაცია ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის (IFBB – International Federation of Bodybuilding and Fitness) წევრი გახდა.

შოთა ცერცვაძე

ბოდიბილდინგის ფედერაცია საქართველოში ყოველწლიურად ორი სახის შეჯიბრებას ატარებს – საქართველოს ჩემპიონატსა და ამიერკავკასიის თასს. ამიერკავკასიის თასი 2012 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. 2014 წლის საქართველოს ჩემპიონები კი 165 სანტიმეტრამდე სიმაღლეში გიორგი ორაგველიძე, 180 სანტიმეტრამდე – გია მახათაძე და 180 სანტიმეტრამდე სიმაღლეში ზურა ბოხუა გახდნენ. ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე მაცაბერიძე ამბობს, რომ ამიერკავკასიის თასი ორი წელია უსახსრობის გამო ვერ ჩატარდა.

„არ ვიცით მომავალ წელს ჩავატარებთ თუ არა ამიერკავკასიის თასს, რადგან არავინ გვაფინანსებს. 2015 წელსაც გვინდა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. ჯერ ამ შეჯიბრების- თვის გვაქვს ფული საშოვნელი“. ბათუმელი ბოდიბილდერი შოთა ცერცვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მეოთხე კურსზე სწავლობს. მას კარიერის გაგრძელება რუსეთში სურს, რადგან სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც სანკ-პეტერბურგში სთავაზობს ინსტრუქტორობას და პარალელურად შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში.

„მოვლენებს წინ არ ვუსწრებ, მაგრამ სურვილი მაქვს, საბოლოოდ იქ გადავიდე, რადგან იქ მეტია სპონსორების გამოჩენის შანსი, განვითარებულია ბოდიბილდინგი და უფრო ხელმისაწვდომია ყველა ის ნივთიერება, ვიტამინი, რაც კულტურიზმს სჭირდება. აქ არ არის ისეთი დაფინანსება. ჩემპიონატამდე კი იმდენ ფულს ხარჯავ, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ ამოიღებ. არაერთხელ მიფიქრია, როცა იქ ფეხს მოვიკიდებ, შემდეგ შევძლებ ბათუმში ხელი შევუწყო ბოდიბილდინგის განვითარებას. იმედს არ ვკარგავ, რომ ასე იქნება“, – გვეუბნება ერთადერთი ბოდიბილდერი ბათუმში. შოთა ამჟამად სანკ-პეტერბურგის ჩემპიონატისთვისემზადება, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. მისი საშეჯიბრო კატეგორია 190 სანტიმეტრი და 130 კილოგრამია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: