კვირის ამბები

პირველი ინგლისურენოვანი ბაღი ბათუმში

27.11.2014 • 5943
პირველი ინგლისურენოვანი ბაღი ბათუმში

„მთავარი, რითაც გამოირჩევა ჩვენი გაკვეთილი, არის რაც შეიძლება მეტი სიმღერა, მოძრაობა, სიმღერა და ისევ მოძრაობა. გაკვეთილზე ბავშვი არ ზის”, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი „ელმოს კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

საბავშვო ბაღი ცნობილი ამერიკული კომპანიის „Gymboree play & Music“-ის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ბათუმელი ნათია კაიკაციშვილი წლების მანძილზე თავად იყო აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი. საბავშვო ბაღებში მუშაობდა აღმზრდელად თუ ინსტრუქტორად ჩინეთში, ბაქოსა და ყაზახეთში. პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში. წელს, სექტემბერში, საბავშვო ბაღის გახსნა ბათუმში გადაწყვიტა თავის კანადელ მეუღლესთან ერთად. ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმიტომ მიიღო, რომ სამშობლოში უნდა იცხოვროს და გააკეთოს ის საქმე, რომელიც მიაჩნია, რომ კარგად ისწავლა.

„ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. აღმზრდელები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად, რუსულად, ქართულად. მიზანი არის ის, რომ სამომავლოდ ბავშვებმა ინგლისური უნდა აითვისონ. ინგლისურის ათვისებისთვის კი კარგია, რაც უფრო მეტად ილაპარაკებ, იურთიერთებ ინგლისურად და შესაბამის გარემოს შეუქმნი. თვითონ სტრუქტურას რაც შეეხება, ბავშვთა განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამა გვაქვს, ძირითადად „ Gymboree play & Music“- ზე არის აწყობილი. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, როგორი მიდგომა არის საჭირო ბავშვთან. რა სჭირდება ბავშვს. სასწავლო პროგრამა, რა თქმა უნდა, წინასწარ იწერება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ბავშვის ათვისებაზე“, – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.

ბაღში ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება. გაკვეთილს მთავარი ინსტრუქტორი უძღვება დამხმარე ინსტრუქტორთან ერთად. თუ ბავშვი რაიმეს ვერ გაიგებს, ინსტრუქტორები მას მშობლიურ ენაზე უთარგმნიან.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ „ევროპულ სტანდარტებს“ ყველა ასპექტში. ხარისხის კონტროლს უჭირავს წამყვანი როლი ჩვენს მეთოდოლოგიაში“, – ამბობენ „ელმოს კლუბში”.

მუსიკის გაკვეთილთან ერთად, ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ხელოვნების გაკვეთილებს.

„თუ ბავშვი 1.5 წლისაა, მაშინ უფროსთან (დედა, მამა, ძიძა და ან სხვა) ერთად იღებს მონაწილეობას. ბავშვებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ, ამიტომ უფროსი, განსაკუთრებით კი მშობელი დიდ როლს თამაშობს გაკვეთილის მსვლელობაში. ეს, პირველ რიგში, მათ ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, ასევე თვითდაჯერებულობაში. ამ ასაკში ბავშვი ხელოვნების სამყაროს საკუთარი შემოქმედებით გადმოსცემს. ჩვენს გაკვეთილებზე კი ამისი კარგი საშუალებაა,“ – ამბობს ნათია.

თემატური გაკვეთილები, ბევრი სიმღერა და მოძრაობა მუსიკის თანხლებით, ძერწვა, ხატვა, სხვადასხვა გასართობი – ეს ისაა, რასაც „ელმოს კლუბი“ პატარებს სთავაზობს.

„პატარებს ვეხმარებით სასკოლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ვამზადებთ სკოლისთვის. გვაქვს სახალისო მათემატიკის, გეოგრაფიის გაკვეთილები. მაგალითად, გეოგრაფიაში ვასწავლით ქვეყნებს და პატარა ისტორიებს. ამ ქვეყნების ისტორიების თამაშით და ბავშვისთვის გასაგები ენით. ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას. სპორტის მასწავლებელი გვყავს და სხვადასხვა სახის სპორტს ვასწავლით. გვაქვს მხატვრული ტანვარჯიში, კარატე, კალათბურთი, ფეხბურთი. მაგრამ ეს იცვლება, როცა დავინახავთ, რომ ერთი მობეზრდა ბავშვს, გადავდივართ სხვა სახის სპორტის შესწავლაზე. მშობელს აღარ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ბაღის პარალელურად ბავშვი სხვაგან დააკავოს სპორტით“, – ამბობს ნათია.

ბაღში არის სამუსიკო სტუდიაც, სადაც მშობლებს შეუძლიათ ბაღისგან დამოუკიდებლად ატარონ პატარები. ხოლო „ელმოს კლუბის“ აღსაზრდელების პროგრამაში სტუდიის გაკვეთილებიც შედის.

„ის, რასაც ჩვენ ცალკე სტუდიაში ვასწავლით ბავშვებს, ბაღის ბავშვების პროგრამაში შედის. მე შემიძლია დავაწესო გადასახადი 200 ლარი და მერე ვთქვა, რომ თქვენ თუ გინდათ შვილი ატაროთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე, დაგიჯდებათ დამატებით რაღაც თანხა, როგორც ხდება სხვა ბაღებში.

ჩვენთან არის ფიქსირებული თანხა, მაგრამ როცა მშობელი იხდის, მან უკვე იცის, რომ ბავშვს ეს ყველაფერი ექნება კომბინაციაში,“ –  ამბობს ნათია.

მისივე თქმით, „ელმოს კლუბი“ მშობლებს სთავაზობთ სპეციალურ პროგრამას 0-6 თვემდე ჩვილთათვის. ეს სხვადასხვა ვარჯიშსა და სიმღერასაც მოიცავს.

„ეს მეთოდი ეხმარება პატარას სმენის, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ზედა და ქვედა ტანის კუნთების განვითარებაში,“ – ამბობს ნათია კაიკაციშვილი.

ნათია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი სკოლამდელი განათლების სისტემაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

„ჩემი აზრით, როცა კონკურენცია გაჩნდება, სხვებიც იზრუნებენ განათლების დონის ასამაღლებლად. ელემენტალურად დასვამენ კითხვას, რატომ არის ის ბაღი კარგი, რატომ მიდის ყველა იმ ბაღში. იმედი მაქვს, რომ დაიწყებენ ცვლილებებს და ეს საერთო განათლებაზე აისახება. ჩემი მიზანია, რომ სწავლების მეთოდოლოგია სხვა ბაღებმაც შეცვალონ. ზოგადად, განათლების სისტემა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. ცვლილებები კი უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან“.

 

გადაბეჭდვის წესი