კვირის ამბები

რას სთხოვს სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალი ხელისუფლებას

27.11.2014 • 3762
რას სთხოვს სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალი ხელისუფლებას

 

2015 წლის 3 ივნისს ზუსტად 200 წელი გავა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამ თარიღთან დაკავშირებით ორი რამის გაკეთებას ვგეგმავ საქართველოში. პირველი – სელიმის მონუმენტი მინდა ჩამოვიტანო და დავდგა მისი სახელობის ქუჩაზე თუ ამის საშუალებას მომცემენ, ანუ ადგილს გამოყოფენ (ცხადია, ფინანსურ მხარეს მე უზრუნველვყოფ). და მეორე – მინდა სელიმის მუზეუმი გავაკეთო ბათუმში. იმედი მაქვს, რომ აჭარის მთავრობა მოახერხებს მუზეუმისთვის ადგილის გამონახვას.

 

ილდირიმ აჯარი
ილდირიმ აჯარი

ახლა იმაზე, თუ რატომ მინდა მუზეუმის გაკეთება საქართველოში. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ამ ქვეყნის შვილები ვართ, ეს ჩემი სისხლის ქვეყანაა. აქ რომ ჩამოვდივარ, რაც არ უნდა თავის ტკივილი მქონდეს, მაშინვე მეხსნება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მამაჩემიც ხშირად ჩამოდიოდა – კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ასლან აბაშიძესთან (მემედ აბაშიძე ჩემი ბებიის ბიძა იყო დედის მხრიდან, შესაბამისად, ასლან აბაშიძე ბიძაშვილია). ძალიან ცუდი გზები იყო ზემო აჭარაში, ამიტომ ხიმშიაშვილების საფლავზე ვერტმფრენით ავდიოდით. სასაფლაოების მოწყობა გვინდოდა მაშინ და ახლაც მინდა ამის გაკეთება. მაშინ ჭორი გაავრცელეს, რომ ვითომ აჰმედ ხიმშიაშვილი (მამა) თავისი მიწების დაბრუნებას ფიქრობსო. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა და უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი სისხლი ჩვენ სამშობლოში დუღდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მიწა გვინდა.

 

მამაჩემი ხიმშიაშვილების ისტორიაზე კარგად მუშაობდა, მაგრამ გასულ წელს ისიც გარდაიცვალა… სელიმს ჩვენ გარდა სხვა მემკვიდრეებიც ჰყავს – ისინი თურქეთში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში ცხოვრობენ. ახლა მე ვცდილობ დავუკავშირდე ყველა მათგანს მთელ მსოფლიოში, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით შევიკრიბოთ და ბათუმში ჩამოვიდეთ.

 

ბატონ არჩილ ხაბაძეს უკვე ვაცნობეთ წერილობით, რომ გვინდა 3 ივნისთან დაკავშირებით ერთკვირიანი სემინარები, კონფერენციები, ფოლკლორული ღონისძიებები და მსგავსი აქტივობები მოვაწყოთ, რომელიც მიეძღვნება სელიმ ხიმშიაშვილს. მინდა დავუკავშირდე იმ ადამიანებს საქართველოში, რომლებსაც ხიმშიაშვილებზე კვლევები აქვთ ჩატარებული და შევქმნათ საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ საკონფერენციო ღონისძიებების მოწყობაზე. ახლა უნდა დავიწყოთ მზადება, რომ მოვასწროთ ეს ყველაფერი.

 

რაც შეეხება მუზეუმს – მამაჩემის სახლში, ანკარაში სელიმ ხიმშიაშვილის ძალიან ბევრი ნივთი ინახება, მაგალითად, დურბინდი, ხმალი, ტანსაცმელი, ჩერქესკა, ფეხსაცმელები. ერთი წყვილი ტანსაცმელი ჩამოვიტანე კიდეც ათი წლის წინ და აქაურ მუზეუმს ვაჩუქე. სადღაც სარდაფში ჩაუყრიათ. ასევე მაქვს ოსმალური ხელნაწერები, ის წერილები, რომლებსაც სელიმს უგზავნიდნენ, ძალიან ბევრი გრაგნილია შესასწავლი. ასევე ჩვენთან ინახება სელიმის ქალიშვილის სამკაულები – ბეჭდები, მძივები და საყურეები. გვაქვს მისი შვილის – თემურის ცოლის სამკაულებიც. გვაქვს ბევრი ფოტოსურათი… კიდევ ერთი ხმალი გვაქვს, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი ისტორია გამიგია: სასომხეთის ერთ-ერთი მთავრისთვის, რომელმაც წააგო ბრძოლა, უნდოდათ თავი მოეკვეთათ. შერიფმა მისი მოკვლის უფლება არ მისცა. მაშინ მთავარმა მოიხსნა თავისი ხმალი და აჩუქა შერიფს. გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში მყოფ შთამომავლებთანაც არაერთი რელიქვია და დოკუმენტი ინახება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი ნივითი გვაქვს, რაც საქართველოს უნდა დავუბრუნოთ, მუზეუმში გამოვფინოთ. ის ამ ქეყნის შვილი იყო და აუცილებელია დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ამის გამო არ უნდა იყოს რაღაც შიში. მე ვცდილობ, ქვეყანას ეს კულტურული მემკვიდრეობა შევუნარჩუნო.

 

მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებ, აუცილებლად მჭირდება აჭარის ხელისუფლების დახმარება, იქნება გამოყონ სადმე შენობა, რომელსაც გავმართავთ, როგორც მუზეუმს, გამოვფენთ სამუზეუმო ექსპონატებს და შემდეგ სახელმწიფოს გადავცემთ სამართავად.

გარკვეულწილად პრობლემურია ამ ნივთების, როგორც ანტიკვარიატის ტრანსპორტირებაც. ამ მხრივ დახმარება ადრე ბათუმში თურქეთის კონსულს ვთხოვე, მაგრამ ყოფილი კონსული ცოტა პასიური იყო. ახლა ვაპირებ შევხვდე ახალ კონსულს, რომელიც ჩემი მეგობრების ახლობელია. იმედი მაქვს, ტრანსპორტირების საქმეში ის დამეხმარება.

 

რაც შეეხება სელიმის მოკვეთილი თავის ჩამოსვენებას – ამ თემაზე ბევრს წერენ აქაური ისტორიკოსები, ბევრიც სპეკულაციას ეწევა. მე, პირადად, ერთი ისტორიის მომსწრე ვარ – თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მამაჩემის მეგობარი იყო. დემირელისა და შევარდნაძის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ისაუბრეს სელიმის თავის გადმოსვენებაზე, სპეციალური ღონისძიების მოწყობაზე, მაგრამ მაშინ მამა არ დათანხმდა – თქვენ შოუს მოწყობა გინდათ, მე კი ეგ არ მინდაო.

 

ზოგადად, მეც მინდა, რომ სელიმის თავი საქართველოში ჩამოვასვენო. თუმცა მე ამას მარტო ვერ გადავწყვეტ – 10-15-მა ადამიანმა, სელიმის შთამომავლებმა უნდა მოაწერონ ხელი თანხმობის დოკუმენტს, სამართლებრივად ეს სხვაგვარად შეუძლებელია.

 

თავის მოჭრის დროინდელი ერთი ისტორიაც მინდა გაგიზიაროთ, რაც გადმოცემით ვიცი – როცა სელიმს თავი მოკვეთეს, ვერ ნახეს ყბის შესაკრავი ძაფი, ამიტომ ალმასი, რომელიც მას ჰქონდა, პირში ჩაუდეს, ყბის ხმაური რომ შეეჩერებინათ. დღეს ეს ალმასი „თოფქაფეს“ მუზეუმშია და „ქაშიქჯე ელმასი“ ჰქვია. ეს ის ალმასია, რომელიც ჩვენმა ბაბუამ თურქეთში პირით ჩაიტანა.

 

გადმოცემით ვიცით, რომ სელიმის შვილებს, განსაკუთრებით თემურ ფაშას, სულთანი დიდ პატივს სცემდა. ჩვენთან მეფის ფირმანი ინახება, რითაც მან თემურს სასახლე აჩუქა, თუმცა თემურმა ეს საჩუქარი არ მიიღო. მაშინ სულთანმა უთხრა, რომ მის შვილებს შეეძლოთ ესწავლათ გალათასარაიში, სამეფო ოჯახის შვილების სასწავლებელში. ზოგმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, ზოგმაც – არა. მე, მაგალითად, მამამ ამ სასწავლებელში შემიყვანა.

 

ცოტა რამ შერიფზეც მინდა ვთქვა, რომელიც სულ სხვა მოვლენა იყო. მის შესახებ რუსები ამბობდნენ ჩვენი გენერალიაო, ოსმალები – ჩვენი ვეზირია საქართველოშიო. ის ორივეს ახერხებდა. მას ცხრა ცოლი ჰყოლია – მისი ცოლი იყო დანიის მეფის და, რომლის გარდაცვალების შემდეგ მეორე დაზე დაქორწინებულა. საბერძნეთის მეფის და ჰყოლია ცოლად, ასევე ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

 

ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლებამ, როცა მომავალი წლის 3 ივნისს სელიმობის მოწყობას დაგეგმავს, ეს უნდა გაითვალისწინოს. სამეფო ოჯახებთან აუცილებლად უნდა გააგზავნონ მოსაწვევები. მე, ილდირიმ აჯარიმ რომ გავაგზავნო მოსაწვევები, ეს არაფერია, სახელმწიფო თუ გააგზავნის, ეს სულ სხვა იქნება. თუ ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ჩამოვლენ, მათ აუცილებლად მოჰყვებიან იმ ქვეყნების ტელევიზიებიც. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რეკლამა იქნება ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან ხელსაყრელი მომენტია.

 

და ბოლოს, ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა ხალხმა გაიგოს ჩემი მიზნების შესახებ და მხარი დამიჭიროს. მინდა, ის ნივთები, რომლებიც ამ ქვეყანას ეკუთვნის, როგორმე დავაბრუნო. ჩემი აზრით, როგორც თურქეთისთვის არის ათათურქი, აჭარისთვის ალბათ უფრო მეტია სელიმ ხიმშიაშვილი.

 

საუბარი ილდირიმ აჯარისთან ჩაიწერა ეთერ თურაძემ

თარგმანი: ტარიელ ნაკაიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: