კვირის ამბები

რატომ შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი 40 მილიონით

29.11.2014 • 1761
რატომ შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი 40 მილიონით

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომავალი წლის პრიორიტეტებად მერიამ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა დაასახელა. თუმცა, ბიუჯეტის პროექტში ახალი დიდი სამშენებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დაფინანსება არ იძებნება. ბიუჯეტის პროექტის ზოგიერთ გრაფაში კი, რაც ქალაქის კეთილმოწყობასთანაა დაკავშირებული, თანხა მცირდება. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის 2015 წლის პროექტში არც ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის დაფინანსების შესახებ იძებნება ინფორმაცია.

 

 

 

2013 წელს ქალაქის კეთილმოწყობა რვა მილიონი ლარით იყო დაფინანსებული,  2014 წელს – 13 მილიონით, ხოლო მომავალ წელს ამ კუთხით ხუთი მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარე წელს 85 მილიონი ლარით იყო დაფინანსებული, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი თითქმის განახევრებული – 46 მილიონ ლარამდეა შემცირებული.

მიმდინარე წელთან შედარებით 30 მილიონიდან 26 მილიონამდე იკლებს კომუნალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებაც. მილიონი ლარით დაიკლებს ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა.

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე წელს 31 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2015 წლის პროექტის მიხედვით კი ეს თანხა 10 მილიონ ლარამდე შემცირდება.

 

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის განმარტებით, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში მერია წყლის სისტემის რეაბილიტაციის გაგრძელებას, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებას, ჟილინის არხის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების გაგრძელებას, ე.წ. იაფი სახლისა და სოციალური სახლის მშენებლობასაც გულისხმობს: „ამ პროექტების შესახებ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული არ არის, რადგან ისინი 2014 წლის ბიუჯეტიდან გადავა ახალ ბიუჯეტში“.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ბათუმის საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ყველაზე მეტი – 2 მილიონი ლარი ჯანდაცვის პროგრამებს დაემატება. ამ ნამატის მოშველიებით მერიის საფინანსო სამსახურში ამტკიცებენ, რომ `მომავალი წლის ბიუჯეტი გაცილებით უფრო სოციალური იქნება“.

 

2014 წლის ბიუჯეტში ბათუმის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 6 600 000 ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალ წელს ეს თანხა  8 500 000 ლარამდე გაიზრდება.

 

მერიის ჯანდაცვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ც ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამის დაწყება მომავალ წელს ბათუმის მოსახლეობისთვის  მთავარი შეთავაზება იქნება.

 

წელს მხოლოდ c ჰეპატიტის სქრინინგის პროგრამა იყო  დაფინანსებული. პროგრამის ბიუჯეტი კი 130 000 ლარს შეადგენდა. მომავალ წელს დაავადების გამოვლენის გარდა მკურნალობაც დაფინანსდება, პროგრამის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

 

„საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ახორციელებდა c ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაავადებულ პირებს 60-პროცენტიანი ფასდაკლებით მიეწოდებოდათ სამკურნალო მედიკამენტები, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი თანხის მობილიზება. ამ ადამიანების დახმარების მიზნით ბათუმის მერიამ შეიმუშავა c ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამა“, – განმარტავს სოფო მიქელაძე.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია c ჰეპატიტის PSR-ის რაოდენობრივი  განსაზღვრა (162 პირი); c ჰეპატიტის გენოტიპის განსაზღვრა (121 პირი); ღვიძლის ფიბროსკანის გაკეთება (200 პირი); c ჰეპატიტით დაავადებული სოციალურად დაუცველი (100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტთათვის) საშუალოდ 12 პირისთვის უფასო, 30-კვირიანი მკურნალობა;  c ჰეპატიტით დაავადებული საშუალოდ 150 პირისთვის 30-კვირიანი მკურნალობა თანადაფინანსებით; ექიმ-ინფექციონისტის კონსულტაცია (355 პირი) საჭიროების მიხედვით. სოფო მიქელაძის განმარტებით, ეს გათვლა წელს განხორციელებული სქრინინგის პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს.

 

თითქმის ორმაგდება (96 000 ლარიდან 172 000 ლარამდე) მერიის `შინ მოვლის~ პროგრამის დაფინანსებაც. მერია ამ პროგრამის ფარგლებში ბათუმში რეგისტრირებულ 0-100 000 ქულის მქონე ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარს ემსახურება. პროგრამა ბენეფიციართან კვირაში ორჯერ ვიზიტს ითვალისწინებს. გასულ წელს ეს პროგრამა 90 ბენეფიციარს ემსახურებოდა.

 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ჯანდაცვის სამსახური კიდევ ერთ ახალ პროგრამას – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მონიტორინგისა და დიაგნოსიტიკის პროგრამას განახორციელებს. ამისთვის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში 64 000 ლარი გაითვალისწინა.

 

შედარებით დაბალბიუჯეტიანია, თუმცა ახალია ბრონქული ასთმით დაავადებულთა დიაგნოსტიკის პროგრამაც. ამ მიმართულების კვლევებისთვის ჯანდაცვის სამსახური ბიუჯეტიდან 27 000 ლარს მიიღებს.

 

მომავალ წელს მერია ბავშვთა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების ადრეულ დიაგნოსტიკაზეც იზრუნებს. ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში 53 000 ლარის გათვალისწინებას გეგმავენ. 2013-2014 წლებში მსგავსი პროგრამა არ ფინანსდებოდა.

 

გასულ წელს არც სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდებოდა. მერია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კოხლიარული ინპლანტის ოპერაცია ჩაუტარდათ, შემდგომი 12 თვის განმავლობაში ლოგოპედს (მეტყველების თერაპევტი) დაიქირავებს.

 

„სმენის დარღვევების ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით“ ბათუმში რეგისტრირებული სმენის დარღვევების მქონე 3-12 წლამდე 15 ბავშვი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს 30 000 ლარი იქნება.

 

მომავალ წელს არ გაიზრდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარების პროგრამა, ამ პროგრამისთვის ისევ 500 000 ლარი გაითვალისწინეს.

 

მცირედით გაიზარდება ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული მატერიალური დახმარების პროგრამა. გასულ წელთან შედარებით გაორმაგდება მრავალშვილიანი და უდედმამო ბავშვების ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამა.

მომავალი წლის ბიუჯეტში მერიამ თანხა „წარმატებულ სტუდენტთა მხარდასაჭერადაც“ გაითვალისწინა. მერის ახალი პროგრამა მაღალი აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტების წახალისებას ითვალისწინებს. სტუდენტების წასახალისებლად მომავალი წლის ბიუჯეტიდან მერია 37 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. შენარჩუნებულია უცხოეთში სტაჟირების პროგრამაც.

 

ასე გამოიყურება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც ბათუმის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. საკრებულოს წევრები დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებს მერიას ამ კვირაში წარუდგენენ, რის შემდეგაც მერიას ბიუჯეტის პროექტი კორექტურებისთვის უკან დაუბრუნდება.

 

2015 წელს ბათუმის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება. წელს ბათუმის ბიუჯეტი 136 მილიონი ლარია.

 

2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: