კვირის ამბები

როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება საქართველოზე

01.12.2014 • 1730
როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება საქართველოზე

 

ვანო ჩხიკვაძე

 

 ბატონო ვანო, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა შედეგებს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიური თავლსაზრისით საქართველოს?

 ეკონომიკური ნაწილის გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით 2012 წელს პოლონურმა და ჰოლანდიურმა ანალიტიკურმა ცენტრებმა ჩაატარეს კვლევა. ამ კვლევის მიხედვით განსაზღვრულია, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ ხელშეკრულებას ჩვენს ეკონომიკაზე. კვლევის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება 1.7 %, გრძელვადიან პერსპექტივაში 4,3%. ეს არის პირველ შემთხვევაში 114 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 292 მილიონი ამერიკული დოლარი. 

 

ასევე განსაზღვრულია რა შეიცვლება ექსპორტის კუთხით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტი გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 12 %-ით. ასევე გაიზრდება იმპორტი-მოკლევადიან პერსპექტივაში 4,4 %-ით, გრძელვადიანში – 7,5 %-ით. ამ ხელშეკრულებას გავლენა იქნება ეკონომიკაზეც იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება ხელფასები, თუმცა ხელფასების ზრდა არ იქნება მასშტაბური და ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში – 1,5%, გრძელვადიანში კი 3,6%.  

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გამოიწვევს ასოცირება ფასების ზრდას. იგივე კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება მხოლოდ 1%-ით, გრძელვადიანში – 0,6%-ით. ეს არის ძირითადი მახასიათებლები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ეკონომიკაზე.

 

  ლეგარულად დასაქმებულების მსურველებისთვის რა იცვლება, მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს რა უპირატესობა აქვთ არაწევრ ქვეყნებთან შედარებით დასაქმების კუთხით?
  ევროკავშირი დგას თავისუფლების ოთხ პრინციპზე: მუშახელის, კაპიტალის, მომსახურების და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ამ ოთხი პრინციპიდან სამი ავტომატურად იწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ხდება მუშახელის თავისუფალი გადაადგილების ნაწილის გავრცელება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელეკრულების ამოქმედებისთანავე ავტომატურად გვექნება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, ლეგალურ შრომის ბაზარზე ავტომატურად ვერ მივიღებთ დასაქმების უფლებას.

 

საქართველომ დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი, ეს რას ნიშნავს?

სამოქმედო გეგმა საქართველომ მიიღო 2013 წლის 25 თებერვალს. ევროკომისარი სესილია მავსტრონგი იყო საქართველოში ჩამოსული და მან გადმოგვცა დოკუმენტი. ეს არის დაახლოებთ 20 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შედგება 4 სფეროსგან, რა მიმართულებითაც საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. მათ შორის არის ბიომეტრული დოკუმენტები, მათი დარიგება, მიგრაციული სტრატეგიის მომზადება და შემდეგ მათი აღსრულება. ეს დოკუმენტი არის ორფაზიანი: პირველი ფაზა არის კანონის მიღება ამ სფეროებში, მეორე – მისი აღსრულება. ევროკომისიამ 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ფაზა, ყველაფერი, რაც იყო ჩადებული დიკუმენტში, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე მიიღო, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის კომისიამ თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც გაცილებით რთულია.

 

 მეორე ეტაპის გავლა რამდენად რთული იქნება?
  ვფიქრობ უფრო რთული იქნება, ვიდრე პირველი ეტაპი იყო, რამდენადაც მეორე ეტაპი მიღებული კანონის აღსრულებას გვთხოვს, რაც, როგორც წესი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველთვის ჭირდა. იყო კარგი კანონები, მაგრამ არ სრულდებოდა. შესაბამისად, თუ ისტორიულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო პრობლემური აღმოჩნდეს მეორე ეტაპი. ამის გარდა, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის დაძლევაც საქართველოს მოუწევს. პირველ რიგში ის, რომ საქართველოდან წასული, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ძალიან დიდია ევროკავშირში, გასულ წელს 9 000-მა საქართველოს მოქალაქემ თხოვა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფარი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხელის მოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მაშინვე ექნება წვდომა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს 90 დღე შეეძლება გაატაროს ევროკავშირის შენგენის ზონაში.

 

 

ამ 90 დღისთვეის მოქალაქეს ვიზა სჭირდება?
 ვიზა აღარ იქნება საჭირო. თუ საქართველოს მოქალაქე იყიდის ბილეთს, ის ევროკავშირში გაემგზავრება მოწვევის გარეშე.

 

 ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს თუ არა საქართველოს მთავრობას სხვადასხვა კანონში შეიტანოს ცვლილებები, მაგალითად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში?

ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილია რეგულაციები, რომელიც საქართველომ ეტაპობრივად უნდა მიიღოს. არის რეგულაციები, რომელიც ქვეყანამ პირველივე წელს უნდა მიიღოს და არის სფეროები, სადაც ცვლილებებს უფრო მეტი დრო სჭირდება. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოს გონივრულად შეერჩია. არის სფეროები, სადაც გვიან მივიღებთ ევროკავშირის დირექტივებს და არის სფეროები, სადაც უფრო მალე. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვაში, სადაც პირველივე დღეს გვთხოვენ, რომ მივიღოთ რეგულაციები, ტრანსპორტი – ასევე სფეროა, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ დირექტივებისა და ერგულაციების გატარებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგულაცია პირველივე წელს უნდა მივიღოთ. მსუბუქ მანქანების ტექნიკური დათვალიერების ნაწილი საქართველომ ორი წლის მანძილზე უნდა შეასრულოს, ეს არის მაქსიმუმი, უფრო ვერ გადავავადებთ. 

რაც შეეხება სისხლის სამართალს, ასოცირების ხელშეკრულებაში ნაკლებად არის ამაზე საუბარი, რადგან აქ ევროკავშირს კომპეტენცია არა აქვს. ევროკავშირში სისხლის სამართლის საერთო რეგულაცია არ არსებობს, თითოეულ ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს. ასევეა გარემოს დაცვა. არის განათლების ნაწილი, სურსათის უვნებლობის ნაწილი, სადაც პირველივე წელს გვთხოვენ რეგულაციებისა და დირექტივების მიღებას. საქართველომ წლების შემდეგ ევროკავშირის კანონების 80% უნდა მიიღოს.

 

 რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა, რომ შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგალითად, თხილისა და თაფლის გატანა შეძლონ?
 ევროკავშირი ხსნის ბაზარს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ოღონდ სამი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი, მაგალითად, ნიორზე გვითხრეს, რომ 220 ტონაზე მეტს ვერ შევიტანთ. მეორე არის პროდუქცია, რომელზეც შეტანის ფასი უნდა გადავიხადოთ. დანარჩენზე ევროკავშირის ბაზარი ღიაა, ოღონდ პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის ფიტოსანიტარული რეგულაციები. თაფლის შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც თაფლს შეამოწმებს. როგორც ვიცი, საქართველოდან თაფლს ლიტვაში ამოწმებინებენ, სადაც ლაბორატორიული დასკვნა გაიცემა, რის საფუძველზეც საქართველოდან გავა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მე ვიყავი ხულოში და ხელვაჩაურის სოფელ ჩხუტუნეთში, სადაც მცირე ფერმერებმა თქვეს, რომ თითოეულს 100 კილოგრამი თაფლი მოჰყავთ და მათთვის ძნელია ლაბორატორიული შემოწმების ორგანიზება. ერთი-ერთი გამოსავალი კოოპერატივების შექმნაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თაფლს აწარმოებს, ამიტომ საჭიროა ჯანსაღი კონკურენციის გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც თაფლი შეაქვთ ევროკავშირში.

შეხვედრა მოსახლეობასთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: