Batumelebi | თაობა საკუთარ სივრცეში თაობა საკუთარ სივრცეში – Batumelebi
RU | GE  

თაობა საკუთარ სივრცეში

 

ფოტოგრაფ დინა ოგანოვას პერსონალური გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 21 ნოემბერს გაიხსნა და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. „ჩემი სივრცე“, – ასე ეწოდება პროექტს, რომლის მთავარი მიზანია დამთვალიერებელს აჩვენოს თაობა, რომელიც ორი საუკუნის და ორი ათასწლეულის მიჯნაზე დაიბადა საქართველოში. ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდები ძირითადად 23-24 წლისანი არიან, ყველა მათგანი საკუთარ სივრცეში, საკუთარ ოთახშია გადაღებული, პირადი ნივთების ფონზე.

26 წლის ფოტოგრაფი, დინა ოგანოვა საკუთარი ფოტოგამოფენის გახსნას ბათუმში არ დასწრებია. იგი ამჟამად პანკისში მუშაობს, ფოტოებს იღებს ახალი პროექტისთვის, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მისულ დამთვალიერებელს კი  ფოტოგამოფენის დათვალიერებასთან ერთად ფოტოზე გამოსახული თაობის მოსმენაც შეეძლო – ფოტოგამოფენას თან ახლავს ტექსტური მასალა, ინტერვიუ ფოტოზე გამოსახულ ადამიანებთან და მათი ხმის აუდიოჩანაწერიც.

“საქართველოში ძირითადად იღებენ ბავშვებს და მოხუცებს. ჩემი თაობა რეალურად ძალიან საინტერესო თაობაა თავისი ისტორიებით, პრობლემებითა და ხედვით, მნიშვნელოვანი თაობა, რომელიც ორი საუკუნის გარდატეხის პერიოდში დაიბადა. ფოტოსთან ერთად ვწერდი ისტორიებსაც, ყვებოდნენ თავიანთ მოგონებებს, ბავშვობიდან ვის რა ახსოვდა, მშობლებთან ურთიერთობა, პირველი კოცნა… ყველას ვიღებდი საკუთარ ოთახში,საკუთარი ნივთების გარემოცვაში, რადგან მინდოდა მეჩვენებინა ის გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რა ნივთების გარემოცვაში არიან, რა აქვთ”, – ამბობს დინა ოგანოვა, რომელიც ფოტოპროექტზე ორი წლის მანძილზე მუშაობდა.

რატომ ჩათვალა ფოტოგრაფმა საჭიროდ ფოტოსერიისათვის აუდიო და ტექსტური მასალის დართვა? – დინა ამბობს, რომ უნდოდა დამთვალიერებელს ის ამბებიც მოესმინა და წაეკითხა, რაც ფოტოს მიღმა დარჩა.

„ყვებიან ისეთ ამბებს, რაზეც ბევრი შეიძლება არ ლაპარაკობდეს. მაგალითად, 17 მაისს აქციაზე გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც გეია. ეს ბიჭი მიყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე. ეს იმდენად საინტერესო ისტორია იყო, რომ მინდოდა  დამთვალიერებელს მოსმენის საშუალებაც ჰქონოდა’’.

დინა ამბობს, რომ ფოტოზე აღბეჭდილ ახალგაზრდებს ძირითადად ის აერთიანებთ, რომ ეს ერთი თაობაა, მათი  ისტორიები კი განსხვავებული და მიუხედავად რაღაც პარალელებისა, ეს ისტორიები უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე ჰგავს. დინა გამოფენის  – “ჩემი სივრცე” –  წიგნად ქცევას აპირებს:

“ჰენდ მეიდ წიგნს ვაკეთებ, ანუ ყველაფერი არის ხელით აწყობილი, ყდიდან დაწყებული, ტექსტებით დამთავრებული, ყველაფერს ხელით ვწერ. ეს იქნება 87 ცალი და ძირითადად ამაზე ვარ გადართული, საკმაოდ რთული აღმოჩნდა”.

დინასათვის ფოტოგრაფია შემოსავლის ძირითადი წყაროა. იგი ამბობს, რომ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. კთხვაზე, სად გადის დღეს ზღვარი პროფესიულ და  მოყვარულ ფოტოგრაფიას შორის, დინა პასუხობს, რომ შესაძლოა ეს ზღვარი დღეს წაშლილიც იყოს:

“რაც შემოვიდა აიფონები, მე მგონი ეს ზღვარი აღარ არსებობს –  ჩვეულებრივ გამვლელს შეუძლია გადაიღოს ძალიან მაგარი ფოტო და ატვირთოს. ფოტოჟურნალისტიკა ამით კარგავს ბევრ რამეს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მე ვარ ფოტოდოკუმენტალისტი, ვფიქრობ, ეს ჩემს სფეროს არ ემუქრება, რადგან დოკუმენტალისტი ფოტოგრაფები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან პროექტებზე, ეს არ არის ერთი დღის კადრი და ერთი დღის ფოტო”.

2004 წელს დინა, როგორც თავად ამბობს,  ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა იური მეჩითოვთან სასწავლებლად. იქედან მოყოლებული ფოტოგრაფია მისი მთავარი გატაცება და პროფესიაა. იგი თავისუფალი ფოტოგრაფია, თუმცა მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში, იყო ფილმის ფოტოგრაფი. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, “ერთად ცხოვრება”, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ, “ProArt ფოტოგრაფია” – დაფინანსებული “პროკრედიტ ბანკის”’ მიერ და ფოტოკონკურს “ქოლგის” ყველა გამოცემაში 2007 წლიდან. დაჯილდოვებულია სპეციალური პრიზით “Qolga  2011” და 2010 წელს ქალის საუკეთესო პორტრეტის ნომინაციაში “Black And White Mood””.

„ფოტოგრაფია არის ძირითადი, რასაც ვაკეთებ, რასაც ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო და რაც მინდა, რომ გავაკეთო. შესაბამისად, ფოტოგრაფია არის პირველ ადგილზე. თუმცა ძალიან მიყვარს კინო, ბევრი მეგობარი „კინოშნიკი’’ მყავს და მათთან ვცდილობ შევივსო ის დანაკლისი, რომელიც მაქვს ამ მხრივ’’, – ამბობს დინა.

კითხვაზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოპროექტი მისთვის, დინა პასუხობს, რომ ეს არის პროექტი, სახელწოდებით „მე  –  საქართველო’’: „2007 წლიდან ვიღებ ამ ფოტოპროექტს და ჯერ ისევ ვმუშაობ. საქართველოს ყველა კუთხე მინდა იყოს გადაღებული, ჯერ კიდევ არ არის  დასრულებული პროექტი. ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს წიგნი. ვიმედოვნებ, რომ გამოვა’’.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე