ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს.

„ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი.

2024 წლის 22 ივნისს „ქურდული სამყაროს“ წევრმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მონაწილეობით ოზურგეთში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრს და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს შორის გადანაწილდა“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) და 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა) წარუდგინა.

ოზურგეთის სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო, ქურდული სამყაროს“ წევრობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ქმედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაზე გადააკვალიფიცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე: 

„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი.

ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება.

  • რა ხდება?

ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა მას სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

საჯარო მოსამსახურე, ვისაც, პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა.

შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას. მანდატურმა ნინო დათაშვილს დარბაზთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც დერეფანში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება ნინო დათაშვილსა და მანდატურს შორის. მას შემდეგ კი, რაც მანდატურმა მისი იძულების წესით გაყვანა სცადა, ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ნინო დათაშვილი რამდენიმე მანდატურმა ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

ნინო დათაშვილმა, როგორც მაშინვე აღნიშნა და სასამართლოშიც გაიმეორა, მომხდართან დაკავშირებით მიმართა 112-ს და პატრული გამოიძახა, თუმცა პატრული მის გამოძახებაზე სასამართლოში არ გამოჩენილა.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, 112-ს მიმართა სასამართლოს მანდატურის სამსახურმაც და სწორედ ეს გახდა 11 ივნისს დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფორმალური საფუძველი.

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ.

„აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს.

ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის წინ შეასახლა ბათუმის მერიამ.

მანამდე ისინი შანიძის ქუჩაზე, ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.

„ერთადერთი შეღავათი, რაც მივიღეთ აქ გადმოსვლით, ისაა, რომ თავზე კედლები აღარ გვენგრევა. მაგრამ ფანჯარას ვერ ვაღებთ, გაუსაძლისი სუნი დგას. ბავშვების ეზოში გამოშვება საშიშია – ვუხსნით, რომ არ მიეკარონ საკანალიზაციო ჭას, მაგრამ ბავშვები არიან და მაინც მიდიან,“ – ამბობს ნონა.

ამ ქუჩაზე ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ნაცვლად სამი ახალი კორპუსი ააშენა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11 ნომერში აშენებულ 3 ექვსსართულიან შენობაში ჯამში 60 ბინაა.

არც ერთი ბინა არაა დაერთებული ცენტრალურ კანალიზაციას. ეზოში 50 -ტონიანი ე.წ. შამბოა მოწყობილი, რომელიც 6 თვეში აივსო. სწორედ ამ შამბოს გამო დგას კვინიტაძის ქუჩაზე გაუსაძლისი სუნი და ქუჩაში ამოდის საკანალიზაციო წყალი.

კვინიტაძის ქუჩაზე ავარიული სახლების ნაცვლად სამი 6 -სართულიანი კორპუსი შპს „ერთმა“ ააშენა.

ხელშეკრულება ბათუმის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის „სამმართველოსა“ და შპს „ერთს“ შორის 7 მილიონ ნახევარ ლარზე 2022 წელს გაფორმდა.

ამ თანხით კომპანიამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11-ში მდებარე შენობები დაანგრია და ააშენა ახალი კორპუსები. პროექტში განსაზღვრული იყო, რომ კანალიზაციის ქსელის არ არსებობის შემთხვევაში კომპანიას უნდა მოეწყო შამბო.

„არაერთგზის მივმართეთ მერიას. დავრეკავთ, გამოუშვებენ ერთ-ორ მანქანას, ამოიღებენ და წავლენ. სამივე სახლი ერთ შამბოზეა დაერთებული. ცოტა ხანში ისევ ივსება და ვართ ასე. სამ კორპუსს ერთი შამბო არ ყოფნის. ვთხოვეთ, დაეცალათ, მთლიანი შამბო ამოეწმინდათ, რაღაც დროის განმავლობაში ისინიც დაისვენებდნენ და ჩვენც,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.

ნონას თქმით, მის კორპუსში ჯერჯერობით 9 ოჯახი ცხოვრობს.

„მერიის ბალანსზეა ჩემს კორპუსში რამდენიმე ბინა ისევ. გადმოსასვლელები არიან ახალი მცხოვრებები. როცა სრულად შეივსება კორპუსი, ალბათ უფრო გაუსაძლისი გახდება სიტუაცია,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.

ე.წ. შამბო, რომელშიც სამი კორპუსის საკანალიზაციო წყალი გროვდება

„მეექვსე თვეა აქ ვცხოვრობ. ორი თვეა რაც კანალიზაციის პრობლემა გაჩნდა. გაივსო შამბო. დავრეკავთ მერიაში, გამოუშვებენ მანქანას, რომ ჭირდება 4-5 რეისი, აკეთებენ ერთს. ხომ შეიძლება, რომ ამოიწმინდოს ბოლომდე, ჩვენც დავისვენებთ და იმათაც აღარ შევაწუხებთ ცოტახანს.

როცა ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აკეთებენ, ბევრი გამოძახებაა, საკმარისი მანქანები არ გვყავსო – ამბობენ. მაგრამ მე ვფიქრობ, შესაძლებლობა აქვთ, უბრალოდ არ აკეთებენ.

აივანზე ვერ გამოხვალ, ისეთი სუნი დგას ხოლმე აქ. ბავშვების ეზოში გამოშვებაც პრობლემაა“, – ამბობს რევაზ ქოქოლაძე, გენერალ კვინიტაძის ქუჩის მცხოვრები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიას, საიდანაც „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს.

„აღნიშნულ მისამართზე, ბათუმის წყალს წყალარინების ქსელი არ გააჩნია.  კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში, უსასყიდლოდ ეხმარება მოსახლეობას და ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. აღნიშნული მისამართიდან მოსახლეობიდან შემოსული ზარების უმეტეს ნაწილზე  ხდება რეაგირება შესაძლებლობების ფარგლებში,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

ნახეთ ვიდეო: 

7 მილიონი ლარი დაიხარჯა კორპუსებში, რომელსაც საკანალიზაციო სისტემა არ აქვს

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს.

კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს.

„ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს.

მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. ის ქმნის იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამიტომ მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ საქმე წარიმართოს სამართლიანად და გამჭვირვალედ, რათა აღდგეს სამართალი და დაცული იყოს მასწავლებლის უფლებები“ – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო დათაშვილს ბრალად საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმა ედება. ის 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს მას ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

ამავე თემაზე:

„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე

„ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო?“ – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ელჩი ფიშერი წერს, რომ ეს განცდა გაუჩნდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი განიხილებოდა.

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ – ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო?“ — წერს პეტერ ფიშერი.

ამავე თემაზე:

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

გიორგი ვაშაძეს 7 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 24 ივნისს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიუსაჯეს 7-თვიანი პატიმრობა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

გიორგი ვაშაძეც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის გაასამართლეს.

„ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ.

დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე: 

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 1 100 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „აჭარა ტექსტილს“

წელს გურიაში, აჭარასა და იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები.

კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს.

„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას ვერც კი შეძლებდა.

დაზარალებულთაგან ერთ-ერთი კომპანია „აჭარა ტექსტილია“, რომლის 2 საწარმო დააზიანა დიდთოვლობამ, მათგან ერთი საწარმო ბათუმში მდებარეობს, მეორე კი – ქობულეთში. ბათუმის საწარმოს ერთ-ერთი ფლიგელის სახურავი მთლიანად ჩაინგრა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საწარმოო პროცესი და ასევე, ქონებრივი ზარალიც საკმაოდ დიდი იყო.

„15 წელია ვთანამშრომლობთ „ჯიპიაისთან“. გვქონდა რაღაც პატარ-პატარა ზარალის შემთხვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბური – დღემდე არ გვქონია. ზარალი ორ მოქმედ საწარმოში, ბათუმსა და ქობულეთში, 1 100 000 ლარი იყო, რომელიც სრულად იქნა ანაზღაურებული. ეს ზარალი იყო ძირითადად ქონებრივი, ბიზნესის შეფერხება ჩვენ არ გვქონდა დაზღვეული, მაგრამ მომავალში აუცილებლად დავაზღვევთ ამასაც.

ზოგადად, „ჯიპიაის“ ყველა პროდუქტით ვსარგებლობთ, რაც ბიზნესის მიმართულებით აქვთ და ამასაც დავიწყებთ სამომავლოდ“ – ამბობს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ დირექტორი გია ლომინაძე.


გია ლომინაძე

შპს „აჭარა ტექსტილი“ საქართველოში უკვე 18 წელია ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესჯგუფმა განახორციელა ძალიან ბევრი და წარმატებული პროექტი. კომპანია დღეისთვის უკვე თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Under Armour, Umbro. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სპორტული ბრენდები იღებენ ისეთი ცნობილი საფეხბურთო კლუბების შეკვეთებს, როგორებიცაა: მადრიდის „რეალი“, ლონდონის „არსენალი“, ლონდონის „ჩელსი“, მილანის „ინტერი“, „ლივერპული“ და მათ ფორმებს სწორედ „აჭარა ტექსტილი“ კერავს თავის საწარმოებში.

გია ლომინაძის აზრით, ბიზნესისთვის დაზღვევა შეუფერხებლად მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.

„ჩვენს შემთხვევაში, 15-წლიანი თანამშრომლობის პერიოდში, დიდად ზარალი არ გვქონია, მაგრამ ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხდეს და ამიტომ, ნებისმიერ და მითუმეტეს, საერთაშორისო ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაზღვეული თავიანთი ქონება, რათა მინიმუმამდე შეამციროს სადაზღვევო რისკები, რაც შეიძლება სამუშაო პროცესში მოხდეს.

ეს შეიძლება იყოს არა მარტო სტიქიით გამოწვეული ზარალი, არამედ ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ. მსგავსი ფაქტების წინაშე შეიძლება ნებისმიერი ბიზნესი დადგეს ამიტომ, მე ფიქრობ ყველა პასუხისმგებლობიან ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისი ქონება დაზღვეული“ – ამბობს ის.


„აჭარა ტექსტილის“ საწარმო, რომლის სახურავიც ჩამოანგრია თოვლმა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:

„6 მილიონი ლარი ავუნაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.

გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.

ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.

ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 013 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 966 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 879 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 511 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 424 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 915 ერთეული [+198]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 961 ერთეული [+100]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 65 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 545 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 225 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო

რატომ ითხოვს პროკურორი გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას

დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები – „ფორმა 100“, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა, მეორე თვალში კი მხედველობა დაუქვეითდა 10%-მდე.

ამის მიუხედავად პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლება საფრთხის შემცველია და განმეორებით დანაშაულს [სილის გაწნა] ჩაიდენს.

პროკურორმა გოგეშვილმა ამ მოტივით ისევ მოითხოვა დღეს მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება, ხოლო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა [გულისხმობს თენგიზ ასანიძეს] და არაფრის ძალით არ ათავისუფლებდა“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

23 ივნისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ყველა ჯერზე აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამდენ უსამართლობას ვეღარ დაძლევს, თუმცა ყველა ჯერზე იმედგაცრუებულია:

„ყველა ჯერზე მაქვს რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზამს, აი, ამას ვეღარ დაძლევს, ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში და დატოვა მზია ამაღლობელი პატიმრობაში.

აი, მე გამახსენდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა ტყვე და არაფრის ძალით არ უშვებდა, აი, ასეთი ტყვეა მზია ამაღლობელი.

მოსამართლემ თქვა, ამ კატეგორიის საქმეებზე პატიმრობის გადაწყვეტილებას ვიღებთო, ეს არის სამართლებრივად უდიდესი აბსურდი, იმიტომ, რომ აღმკვეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულს, ბათუმის საქმეა იმავე კვალიფიკაციით, სადაც ბრალდებული გირაოთი ჰყავთ გაშვებული“.

შერჩევით სამართალზე საუბრისას ადვოკატს ჰკითხეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. შს მინისტრის მამამ, პოლიციელმა დავით გელაძემ, 18 წლის ბიჭი დაჭრა, სასამართლომ კი ის 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დიახ, ამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო სასამარლომ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას და რისი ნიშანია ეს? – რა თქმა უნდა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. აი, იმის ნიშანია, რაც ხდება დღეს ჩვენს მართლმსაჯულებაში, როგორც გაუხარდებათ ისე ჭრიან და კერავენ. გასაგებია, რომ ეს ლამაზი თვალების გამო არ არის და ამის უკან სხვადასხვა ინტერესია. ახსნაც უხერხულია, ზედაპირზე დევს.

მზიამ, ასე ვთქვათ, ერთხელ მსუბუქად გაულაწუნა ბატონ დგებუაძეს და დღემდე იმყოფება ტყვეობაში, მაშინ როდესაც ეს საქმე და სხვა არაერთი საქმე, რაც უფრო მძიმე შემთხვევა იყო… მე ვიცი ბათუმში იმავე კვალიფიკაციის საქმე, სადაც შორს რომ არ წავიდეს სამართალწარმოება, გირაო გამოიყენეს, იმავე კვალიფიკაციით, იმავე მუხლის შემთხვევაში, იქ კაცია. კაცი გირაოთი გამოუშვეს გარეთ, მზია ქალია და ამასთან – პირადი ტყვეა“.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რატომ არ არის მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების არგუმენტი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რასაც ასახელებს პროკურორი და ეყრდნობა მოსამართლეც.

„პატიმრობის შეფარდების, შენარჩუნების მტკიცების ტვირთი ევალება პროკურორს და არა დაცვას. საერთოდ რომ არ ჰყავდეს ადვოკატი ბრალდებულს, ბრალმდებელმა უნდა გასწიოს ეს მტკიცების ტვირთი და მტკიცებისთვის მას აქვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

მოსაზრებებს კი არ უნდა გვიზიარებდეს პროკურორი, მე მიმაჩნია, რომ მზია ჩაიდენს დანაშაულსო. პროკურორს რა გონია, არავის არ აინტერესებს, მან მტკიცებულებებით უნდა გასწიოს მტკიცების ტვირთი, მაგრამ უბედურებაც იმაშია, რომ არც სასამართლოს აინტერესებს, პროკურატურა აწევს თუ არა ამ ტვირთს, არც ეკითხება და არც პროკურორი იწუხებს თავს, მანაც იცის, რომ სასამართლო ისედაც გააკეთებს ამას.

ასე რომ, ჩვეულებრივი ფარსია, ახალი და დასაბუთებული არაფერია“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ამავე თემაზე: 

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები.

ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა: მოსამართლეს დღესაც შეეძლო მზია ამაღლობელი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, მაგალითად, გირაოს სანაცვლოდ, ან იგი საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი ისევ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მთელი პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელი ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილზე ფეხზე იდგა, პერიოდულად კი, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა ან შორდებოდა დარბაზს.

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“- დღესაც ხელში ეჭირათ ეს წიგნი დარბაზში. სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვის მქონე წიგნით ხელში გამოჩნდა მზია ამაღლობელი თავის პირველ სასამართლო პროცესზე.

„თავისუფლება მზიას!“- რამდენჯერმე გაისმა მოქალაქეების ხმა სასამართლოს შენობის გარეთ, ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ასევე დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

„ცეცხლი ოლიგარქიას“- ომახიანად მიაძახეს დარბაზიდან მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს, ვიდრე იგი სხდომათა დარბაზში პროკურორისთვის განკუთვნილ ადგილს დაიკავებდა.

დღეს სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ჩვენება მისცა აკაკი გვიანიძემ. ის ბათუმის საკრებულოს წევრი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა – აკაკი გვიანიძე 11 იანვარსაც აქციაზე იყო, როცა მშვიდ სიტუაციაში პოლიციელებმა მოულოდნელად ძმები გაბაიძეების დაკავება გადაწყვიტეს და საპოლიციო ჭყლეტა მოაწყვეს.

აკაკი გვიანიძის თქმით, 11 იანვრის საღამოსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

„…ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ციალა ქათამიძე. ამას მხოლოდ მე კი არა, ამბობს უწყვეტი ვიდეოკადრი – დააკავეს დეპარტამენტის შესასვლელთან სტიკერის დაკვრისთვის. ჩვენ ვკითხულობდით: რატომ დააკავეთ? მე ეს ვკითხე გრიგოლ ბესელიასაც, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს…“ – უთხრა აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს და მერე ისიც აღწერა, როგორ აკავებდნენ ადამიანებს მხოლოდ შეკითხვის დასმის გამო.

„პოლიციამ გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა – უცებ მოგვაწვებოდნენ, აწყობდნენ ჭყლეტას…“- თქვა მოწმემ.

აკაკი გვიანიძე. მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, 23 ივნისი

აკაკი გვიანიძის თქმით, როდესაც გაათავისუფლეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალები, ცნობილი გახდა „ცუდი ამბავი“: აქციაზე დაკავებულ კაცებს, მათ შორის, ბათუმელ მედროშეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს, პოლიციის დეპარტამენტში სცემდნენ.

მოწმემ თქვა ისიც, რომ პოლიციელებისგან ამ დროს ვერც ის გაიგო, სად, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს აქციაზე დაკავებულები.

„უცებ გამოვარდნენ პოლიციელები, მანამდე არავითარი დაპირისპირება არ იყო… ვიღაცას აკავებენ, ჭყლეტა მოაწყვეს… მოწმენდილ ცაზე გამოვარდა გრიგოლ ბესელია და რა ხდებაო, კითხულობს. ვუთხარი, თქვენ გამოვარდით და ჩვენ გვეკითხებით-მეთქი?!

თუ ვინმე პროვოცირებდა იმ დღეს, პროვოცირებდა პოლიცია.

მაგალითად, აქციის მონაწილეს მიაყენეს შეურაცხყოფა, მივმართეთ იქვე პოლიციელებს და 112-ში დარეკეთო… ერთმა პოლიციელმა გვითხრა- „თქვენი ევროპაო“… რას ნიშნავს „თქვენი ევროპა“? სხვათა შორის, ეს პოლიციელი [დავით ათაბეგაშვილი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე] ბელარუსში დაუნიშნავთ, სწორად შეურჩევიათ ისე ქვეყანა,“- აღნიშნა მოწმემ.

მოწმის თქმით, აქციის მონაწილეებს არავითარი შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიუყენებიათ და რადგან სტიკერის გაკვრის გამო პოლიციას არავის დაკავების უფლება არ ჰქონდა, შსს-მ შეთხზა ამბავი, გააყალბა საქმის მასალები და თქვა, რომ აქციის მონაწილეები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, ანუ სტიკერის გაკვრის გამო კი არა, თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, 11 იანვრის აქციაზე პოლიციელებმა მოაწყვეს საპოლიციო ჭყლეტა, უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქეები, ხოლო შემდეგ პოლიციელები არც კი პასუხობდნენ მოქალაქეების, მათ შორის, მზია ამაღლობელის შეკითხვას: „რატომ დააკავეთ?“ სწორედ ამ ვითარებაში დააკავეს სისხლის სამართლის წესით მზია ამაღლობელი.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილე თათია აბულაძეზე, რომელმაც პოლიციის დეპარტამენტთან მისვლამდე, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციელ გოჩა ვანაძეს ქურთუკზე მიაკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“.

პროკურორმა იკითხა, რატომ გამოუცხადეს აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა თათია აბულაძეს, რომელმაც პოლიციელს მიაკრა სტიკერი.

„ეს იყო არა მოქალაქისგან პოლიციელზე სტიკერის მიკვრა, არამედ კურსელის მოქმედება კურსელისადმი,“ – უპასუხა პროკურორს აკაკი გვიანიძემ. მისი თქმით, ის, თათია აბულაძე და პოლიციელი გოჩა ვანაძე თანაკურსელები არიან.

პროკურორმა ასევე იკითხა, რატომ მოაწყვეს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელის ბლოკირება აქციის მონაწილეებმა.

„რა იყო ბლოკირებული – ერთი მხრიდან იჭერდნენ, მეორე მხრიდან – გაჰყავდათ,“- დარბაზიდან მიაძახეს პროკურორს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააპროტესტა ტერმინი „ბლოკირება“ – სამართლებრივად ბლოკირება სხვა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ეს ფაქტი კი არ დასტურდება.

„გამორიცხავთ, რომ მაგალითად, იმ გოგოს მიეყენებინა შეურაცხყოფა პოლიციელისთვის, რომლის დაკავებაც თქვენ არ დაგინახავთ?“- მიუბრუნდა მოწმეს პროკურორი.

„არ ყოფილა შეურაცხყოფა, გავიგონებდი… ახლა ყურში თუ ჩაუჩურჩულა, არ ვიცი“, – აკაკი გვიანიძის ამ პასუხზე დარბაზში ჩაეცინათ.

„ყოველ წამს და ყოველ წუთს ადევნებდით თვალს? ყველა მათგანს ვგულისხმობ, ვის დაკავებასაც თქვენ შეესწარით,“- ისევ იკითხა პროკურორმა.

„მე დავინახე, რომ ტყუილად დააკავეს მზია ამაღლობელი, ტყუილად დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, თემურ ქათამაძე“ – ხმამაღლა გაუმეორა პროკურორებს აკაკი გვიანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები: მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები, მათ შორის – „მოლურჯო-მოყვითალო ფორმის სისხლნაჟღენთები მხრის არეში“.

ამავე საქმეშია ადვოკატ მაია მწარიაშვილის წერილი, როცა მან გენპროკურორს მიმართა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების და სხვა უკანონო მოქმედების გამო რეაგირება მოსთხოვა – დღემდე მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის გამო, მათ შორის, როცა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – არავინ დასჯილა.

„ერთი თვალის გარჩევადობა უკვე სინათლე-სიბნელის დონეზეა,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ექიმის ის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის მხედველობა მისი დაპატიმრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„თქვენ აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს“- დარბაზიდან წამოიძახა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

მოსამართლემ რეპლიკის ავტორი ფეხზე წამოაყენა. გელა მთივლიშვილმა ხმამაღლა გაუმეორა მოსამართლეს:

„აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს!“

„შენიშვნას გიცხადებთ“- მიმართა ჟურნალისტს მოსამართლემ.

საქმეშია შეტყობინებაც, როცა მზია ამაღლობელმა დაკავების დღესვე სახალხო დამცველს უთხრა, როგორ აღმოჩნდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეცვლას – დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ არსებითი, ახალი გარემოება არ გამოვლენილა.

„ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს“- თორნიკე გოგეშვილის ამ ფრაზას დარბაზიდან წამოძახილები მოჰყვა – „კარგით, რა!“

მზია ამაღლობელის რეაქცია პროკურორის სიტყვებზე, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მზია ამაღლობელმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული

„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ორჯერ-ორი არის ოთხი“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ადვოკატებს შეეძლოთ თავად მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ აღკვეთის შეცვლა, ხოლო როცა სასამართლო გადახედავს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ კონკრეტულად უნდა დაასაბუთოს, რომ მხოლოდ პატიმრობაა ერთადერთი გამოსავალი.

„ამ უკანონობის გამოძიების დრო მოვა,“ – პროკურორებს გახედა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა – სამწუხაროდ, ამ მახინჯ პრაქტიკას სასამართლო ამკვიდრებსო.

„მზია ამაღლობელი არის ჩვეულებრივი ტყვე“- განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მოსამართლისგან არც ამჯერად ელის სამართლიან გადაწყვეტილებას.

მოსამართლეს ბოლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს, ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ,“ – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა.

დაცვის მხარეს სასამართლოში ამ საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე დარჩა წარმოსადგენი. სასამართლო ასევე მოუსმენს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რომლის შემდეგაც მხარეებმა უკვე დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.

„მზია ამაღლობელის“ საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს გაგრძელდება.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იგი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

პროკურატურა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ – მზია ამაღლობელი მოსამართლეს

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს,  ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ“ – უთხრა დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმე, აკაკი გვიანიძე დაკითხა. ის აქციაზე იმყოფებოდა იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.

მოწმე დეტალურად მოუყვა სასამართლოს როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან 11- 12 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,04-ია“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელს, რომელიც 163 დღე უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

„ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შედეგები მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა.

„ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა.

სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90 %-მდე გაეზარდა.

ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 -ია (4 %). შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის ტოლია“, – თქვა 23 ივნისს გამართულ სასამართლოს ხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კლინიკა “ვივამედში” ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა, მარცხენა თვალიდან მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა.

ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

ზურაბ ჯაფარიძე, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დააკავეს „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო.

პოლიტიკოსები ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხდომაზე არ მივიდნენ. კომისია ენმ-ის ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა, ზურაბ ჯაფარიძეს კი წინა მთავრობის დროს არავითარი პოსტი არ ეკავა. მას არც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაუხდია.

ორივე მათგანს, როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძეს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ. 

პროკურატურამ ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება პირველ აპრილს წარუდგინა. სასამართლომ მას აღკვეთის სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ხაზარაძემ დათქმულ ვადაში გადაიხადა. ის მეორედ დაიბარეს.

ამ მონაცემებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების 5 ლიდერი ციხეში ხვდება – დაკავება ემუქრება მამუკა ხაზარაძეს და უკვე დაკავებულნი არიან: ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. 

განაჩენის გამოცხადებამდე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა.

„მე და ბადრი ვიყავით პირველები, რომლებმაც განვაცხადეთ უარი კომისიაზე მისვლაზე და მას მერე დაიწყო პოლიტიკური დევნა. თქვენ იცით, რომ მეორეჯერ დაგვიბარეს. აქაც ძალიან მკაფიო პასუხი მიიღეს – ჩვენ არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ და მეტჯერ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან ის არასოდეს იქნება აღიარებული. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, სულისკვეთებასა და ბრძოლას ან ტემპს მოაკლებს, ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ დღეს, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამას ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს. ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის ლიდერების პანაშვიდებზე შენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნი. 5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლით მოგესაჯა არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ჩემი სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანამდე განაცხადა, სანამ მოსამართლე მას 8-თვიან პატიმრობას მიუსჯიდა.

წულუკიანის კომისია 2 ივლისის სხდომაზე მეორედ იბარებს გიორგი გახარიას.

კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გახარიას წინააღმდეგ პროკურატურისთვის დღესვე მიმართვას და თქვეს, რომ კომისიის უფლებამოსილების ამჟამინდელი ვადის გათვალისწინებით, მას მაქსიმალურ დროს აძლევენ ქვეყანაში დასაბრუნებლად და სხდომაზე მეორედ მისასვლელად.

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, მათი ლიდერი ქვეყანაში არ იმყოფება და კომისიას დისტანციურად ჩართვა შესთავაზა. კომისიამ მას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.

„ოცნება“ და მისი სატელიტი ისევ ევროკავშირის ელჩს ესხმიან თავს

დღეს, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ კრიტიკის სამიზნე ისევ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გახდა.

„ხალხის ძალა“ ფეისბუქზე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს „ბათუმელებთან“ და მას „ე.წ. ელჩი“ და „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა.

„საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.

ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“ – წერს „ხალხის ძალა“.

განცხადების თანახმად, როგორც ჩანს, „ხალხის ძალა“ გააღიზიანა იმანაც, რომ პაველ ჰერჩისნკიმ ინტერვიუში მზია ამაღლობელზე ისაუბრა. „ხალხის ძალა“ გადასწვდა ევროპარლამენტის რეზოლუციასაც და მას „კატასტროფული რეზოლუცია“ უწოდა.

„ ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“ – წერს „ოცნების“ სატელიტი პარტია განცხადებაში.

დღესვე, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა“.

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პაველ ჰერჩინსკიმ „ბათუმელებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს და ვინც არ უნდა დაიკავოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოსტი, იგი იმავეს გააკეთებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ოცნება“ პაველ ჰერჩინსკის ესხმის თავს.

ამავე თემაზე: 

„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან

 

 

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ელჩის მოადგილე და წარმომადგენლები დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოებიდან.

საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის თარგმანი.

მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

9 ივნისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დაესწრო დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი; 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ: პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

ამავე დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საქართველოში.

4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 012 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 10 965 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 872 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 29 490 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 423 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 717 ერთეული [+138]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 376 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 861 ერთეული [+127]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 682 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 997 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 451 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 102 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 23 ივნისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდება.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

23 ივნისს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.

პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

ამავე თემაზე:

„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“

სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ.

ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა.

ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის ერთი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი 2015 წლიდან გახდა, მას შემდეგ, როცა ამ სახლის გვერდით – მარჯანიშვილის #4-ში მდებარე ისტორიული სახლი დაანგრიეს და მის ნაცვლად კორპუსი ააშენეს. ახალი კორპუსი მარჯანიშვილის 4-ში იმავე მისამართზე მდებარე სახლის ხუთმა მესაკუთრემ ააშენა, მათ შორისაა, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რამაზ თავდგირიძე.

„ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“, სხვა რა ვიფიქრო, აბა?“ – კითხულობს მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ძველი სახლის ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე, თამარ გვაძაბია. იგი უკვე 10 წელია თავის ბინაში ვერ შედის და სამართალს ეძებს.

„შენობა მწვავედ ავარიულია… საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებული სამუშაოებით,“ – შავით თეთრზე ჩაუწერია ექსპერტს დასკვნაში მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ისტორიული სახლის შესახებ. გამოძიება ამ შემთხვევაზე 2017 წელს დაიწყო, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.

სამოქალაქო დავა კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორი წელი გრძელდება.

„…მარჯანიშვილის #4-ში სახლის ნგრევის დროს შენობის მზიდი კედელი ისე დაზიანდა, რომ ჩვენს ბინაში ცხოვრება საშიში გახდა. ჩვენ თბილისში ვიყავით და შემთხვევით ჩამოვედით იმ დღეს, თორემ საერთოდ დანგრეული დაგხვდებოდა სახლი.

მაშინ დაადასტურეს, რომ მართლაც შექმნეს საფრთხე და თითქოს გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ სპონტანურად და სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევებით იმოქმედეს. ეს დასტურდება ექსპერტიზით,“ – გვიყვება თამარ გვაძაბია, მარჯანიშვილის #2-ში მცხოვრები, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნა აქვს: ბინა საცხოვრებლად უვარგისია.

ბათუმი, მარჯანიშვილის # 2-სა და 4 – ში მდებარე კორპუსები
თამარ გვაძაბიას ბინა მარჯანიშვილის 2-ში
ჩავარდნილი იატაკი მარჯანიშვილის 2-ში მდებარე სახლში – ამ იატაკის ქვევით თაღია და მას საერთო ეზოს 8 ოჯახი იყენებს ბინაში შესასვლელად

„ფრთხილად გაიარეთ“ – თამარ გვაძაბიას მიტოვებული ბინის კარს მისი მეზობელი გვიღებს და კართან ჩერდება. თამარ გვაძაბიას ოჯახი მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე 130 კვადრატული მეტრი ბინის მესაკუთრეა. უკვე 10 წელია ოჯახი ამ ბინით ვერ სარგებლობს.

ჩავარდნილი იატაკი, დაბზარული კედლები, დეფორმირებული ფანჯრები… განსაკუთრებით გაფიქრებს ის, რომ ამ ბინის კუთხეში ნახევრად ჩავარდნილი იატაკის ქვევით ძველი კორპუსის ქუჩიდან ეზოში შესასვლელი თაღია. ამ თაღის გავლა აუცილებელია იმისთვის, რომ 7 ოჯახი საკუთარ სახლში შევიდეს. აქ, სამეზობლოში გვითხრეს, რომ თაღის ქვეშ შიშით გადაადგილდებიან, ქვაც ჩამოვარდნილა, ახალი კორპუსის აშენების შემდეგ კი, მათ ბინებშიც გაჩნდა ბზარები.

ისტორიულ სახლში შესასვლელი – ბათუმი, მარჯანიშვილის #2

მეზობლები ძველი კორპუსის შესასვლელის – ე.წ. თაღის ზედა ნაწილზე მიგვითითებენ: „ნახეთ, როგორ მოკერეს დანგრეული კედელიო“.

ძველ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ინვესტორს ელიან, თუმცა ამ დრომდე რომელიმე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. თამარ გვაძაბიას აზრით, სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ: არის თუ არა შესაძლებელი ისტორიული სახლის გადარჩენა. ის პასუხს ვერც მერიიდან იღებს, ვერც პროკურატურიდან, უკვე ორი წელია – ვერც სასამართლოდან.

თამარ გვაძაბიას სახლი ახალი კორპუსის გვერდით

„მე ვერ შევდივარ ამ სახლში 10 წელია. ინვესტორი რომც მოვიდეს, რა კავშირშია ეს ამ ზარალთან, რაც მე მივიღე? აუდიტმა დაადგინა ჩვენი ბინის ღირებულება 200 ათასი დოლარი, ამ ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ.

ასევე ვითხოვ მორალურ კომპენსაციას – ჩემი მეუღლე, რევაზ ცინცაბაძე, ამ ბინაზე ნერვიულობას გადაჰყვა 2022 წელს,“ – ამბობს თამარ გვაძაბია.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუმართავს თამარ გვაძაბიას სასამართლოსთვის. სასამართლოს ამ საქმეზე ძირითადი სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს.

თამარ გვაძაბია გვიყვება, რომ 2015 წლის 21 ივნისს სახლი შეზანზარდა, როცა მეზობლად მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ძველ სახლში მცხოვრებ ოჯახებს მეზობლად კორპუსის ნგრევა გაუპროტესტებიათ, მაგრამ ძველი, ორსართულიანი კორპუსი მარჯანიშვილის #4-ში იმავე დღეს დაუნგრევიათ.

ამ ნგრევას მიყოლია საერთო კედელი თამარ გვაძაბიას ბინასთან.

„არც უარყოფდნენ, რომ დავზარალდი, გამიყვანეს ქირით, მაგრამ 4 თვეში გვითხრეს, რომ თითქოს აღადგინეს კედელი. სინამდვილეში, სახლი უარესად ავარიული გახდა და ამას მოწმობს ექსპერტიზის დასკვნები, სახლში საერთოდ აღარ იცხოვრება. სამართალს ვერსად ვპოულობ.

მაინცადამაინც 26 მაისის ქუჩის ტრაგედია უნდა დატრიალდეს აქაც?

ამას ისიც დაუმატეს, რომ სახურავს ზემოდან დატოვეს საწრეტი მილები – განზრახ ანგრევენ ამ სახლს.

დანგრევის პირველივე დღეს გამოვიძახეთ პატრული და მერიის წარმომადგენელი, რომ შეეჩერებინათ ნგრევა, მაგრამ მაინც გაგრძელდა ნგრევა, გაგრძელდა რეიდერული მოქმედება, რაც გრძელდება დღემდე. არც დემონტაჟის პროექტი არსებობდა და არც შემდგომი ნებართვა. ეს ახალი კორპუსი დღემდე ჩაუბარებელია… იქ უკვე სასტუმროც მუშაობს, რესტორანიც და სხვა კომერციული ობიექტები.

როგორც ჩანს, მხარს უჭერენ ზემდგომი ორგანოები. არავინ არ დასჯილა ამ ყველაფრის გამო. მერია რომ მფარველობდა მშენებელს, ჩანს იმით, რომ ეს დემონტაჟი და შემდეგ მშენებლობაც იყო უნებართვო.

ბათუმის მერიას არაფერი არ ჰქონდა საძებნი, ყველაფერი მის ცხვირწინ ხდებოდა. სინამდვილეში სურდათ 80 სანტიმეტრით შემოჭრა ჩვენს სივრცეში და შემთხვევით ბინაში რომ არ ვყოფილიყავი, მიითვისებდნენ კიდეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ გვაძაბიამ.

„თამარ გვაძაბიას კუთვნილი ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის მიერ 2015 წელს მომზადებულ დასკვნაში.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წელსვე თამარ გვაძაბიას უკვე ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა, შსს-მ 2017 წელს, როცა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, კირიკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმოლოგიისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრს დაუკვეთა ექსპერტიზა. დასკვნაში ჩაიწერა, რომ „დაზიანებები გამოწვეულია მის მომიჯნავედ, მარჯანიშვილის #4-ში შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების გამო“.

მარჯანიშვილის #2-ში მდებარე შენობას ექსპერტიზა 2024 წელსაც ჩაუტარდა. ამჯერად მერიამ კიდევ ერთი ექსპერტიზა დანიშნა სახლის ავარიულობის ხარისხის დასადგენად. „შენობა მწვავედ ავარიულია“ – ჩაიწერა ექსპერტის კიდევ ერთ დასკვნაში. ამ დასკვნაშიც ხაზგასმულია, რომ ავარიულობა სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, განაპირობა „მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებულმა სამუშაოებმა“.

თამარ გვაძაბია პროკურატურამ ამ საქმეზე დაზარალებულად 2020 წელს მიიჩნია. თამარ გვაძაბიას ადვოკატის, პაატა გოგალაძის თქმით, პროკურატურას ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის მიზეზად პროკურატურა კიდევ ერთ ექსპერტიზას ასახელებს, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ დაინიშნა და რომელსაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი უნდა მოემზადებინა.

„ზიანი უნდა განისაზღვროს, რომ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დადგეს… ექსპერტს კი დაუფიქსირებია, რომ ვერ შევა ამ ბინაში და ვერ იმუშავებს, რადგან ეს საფრთხის შემცველია. ეს პროკურატურის პასუხისმგებლობაა – ექსპერტიზის დამნიშნავი არის პროკურატურა, მას უნდა უზრუნველეყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება,“ – განუმარტა პაატა გოგალაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელებმა“ სცადა რამაზ თავდგირიძესთან დაკავშირება, რომელიც მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთი მესაკუთრეა და ამავდროულად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

დავუკავშირდით მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის მესაკუთრეების ინტერესების დამცველს, ჯუმბერ ქართველიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მესაკუთრეების სურვილის გარეშე ვერ დაგველაპარაკებოდა, შემდეგ კი, ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ჯემალ მელიქიშვილს დაგვაკავშირა. ჯემალ მელიქიშვილმა კომენტარზე უარი გვითხრა, ვიდრე ამ საქმის სასამართლო განხილვა არ დასრულდება.

ჩაბარებულია თუ არა მარჯანიშვილის #4-ში აშენებული კორპუსი და რა გააკეთა ბათუმის მერიამ იმისთვის, რომ ისტორიული სახლის ნგრევა მის თვალწინ შეეჩერებინა? – „ბათუმელების“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში.

რატომ არავინ დაისაჯა? – „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს პროკურატურაშიც.

ბათუმის გარეუბნებში წყლის მიწოდება შეწყდა – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 22 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურის მიმართულებით, ბენზესა და ბარცხანაში, ასევე ადლიაში, ჰელიმიშზე, ნიჟარაძის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება 23 ივნისის 03:00 საათისთვის აღდგება – იუწყება „ბათუმის წყალი“.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეზღუდვის მიზეზი ჩაქვში, მდინარის სიმღვრივის მომატებაა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 23 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს  მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გახარია წულუკიანის კომისიაზე მისასვლელად ონლაინ ჩართვას ითხოვს – ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთაა

„გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება,“ – ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს დღეს, 22 ივნისს პარტია „საქართველოსთვის“.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარია ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ ის წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთვება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში,

რასაც, ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება“ – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეა წულუკიანმა ე.წ. საპარლამენტო კომისიაზე 16 ივნისს განმეორებით დაიბარა.

გახარიას იბარებენ შინაგან საქმეთა მინისტრობისას ჩორჩანას ტყეში, საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს აგების გადაწყვეტილების გამო.

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 011 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 964 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 22 867 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 29 432 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 421 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 579 ერთეული [+157]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 376 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 734 ერთეული [+117]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 682 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 997 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 451 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 102 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ დავესხი თავს მანდატურებს?“ – მასწავლებელი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

აქტივისტს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ნინო დათაშვილს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურ გიორგი შარიქაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ნინო დათაშვილს დაკავების შემდეგ, დღეს, 21 ივნისს, საკუთარ სასამართლო პროცესზე, პირველად მიეცა დაკავების დეტალებზე საჯაროდ საუბრის საშუალება.

„როცა დამაკავეს, ფორმა არ ეცვა არავის, არ წარმიდგინეს თავი და დაკავებამდე წამართვეს ტელეფონი.

იყო ბევრი ხალხი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვიდექი გაჩერებაზე, სამარშრუტო ტაქსს ველოდებოდი და გამომგლიჯეს ხელიდან ეს ტელეფონი. ბრალი არ წაუკითხავთ ჩემთვის დაკავების დროს. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, დაგარეკინებთო და არ დამარეკინეს შვილთან. მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი. ეს გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე. არ მომცეს შვილთან დარეკვის საშუალება.

გოგონა, რომელიც მეგონა მეზობელი და იღებდა ტელეფონით, აღმოჩნდა პოლიციელი დაკავების ჯგუფიდან. ცინიკური დამოკიდებულება იყო თვითონ პოლიციის შენობაში. ახლა თავს შევიკავებ ამის მოყოლისგან,“ – გაიხსენა დაკავების დეტალები ნინო დათაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე.

პროკურორებმა, მედეა ცირამუამ და ნინო კეპულაძემ სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილის პატიმრობა მოითხოვეს.

პროკურატურის ვერსიით, არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და მიმალვის რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე პროკურატურის აზრს არ იზიარებდა, ნინო დათაშვილის ადვოკატმა პროკურატურას 20 000 ლარიან გირაოს გადახდა შესთავაზა. ასევე დამატებითი ზომების მიღებაც, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევა და პოლიციის განყოფილებაში პერიოდულად გამოცხადება. დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. 9 ივნისს ნინო დათაშვილი  სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინცინდენტი, რის გამოც პროკურატურა მასწავლებელს, მანდატურზე თავდასხმას ედავება.

როგორც დღეს დათაშვილმა მოყვა თავდაპირველად თავად გახდა მანდატურებისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი.

„სამი დღე საწოლიდან ვერ ავდექი ისე მტკიოდა ყველაფერი. ექიმთანაც ვერ წავედი, რომ ფორმა 100 ამეღო. აღმენიშნებოდა სილურჯეები. ნაკაწრები. ორი მათგანი ფეხზე ახლაც მაქვს. არსად არ მივმალულვარ. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას. ის ინცინდენტი რაც მოხდა, მაგას თავისი საწყისი ისტორია აქვს და მაგას დავამტკიცებთ, ვიდეოებით, რა მოხდა და როგორ მოხდა.

კითხვას ვუსვამ პროკურორებს – თავდასხმას როგორ განმარტავს კანონი?

რამდენიმე ადამიანის გაკავებული, 150 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტონ, რას ნიშნავს სიტყვა თავდასხმა?

150 სანტიმეტრიანმა ადამიანმა, გაკავებულმა, რომელსაც მიჭერდა ყველა…. განმიმარტეთ თავდასხმა რას ნიშნავს და 4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ ესხმის თავს მანდატურებს?“ – დაუსვა კითხვა პროკურორებს ნინო დათაშვილმა.

არც პროკურატურამ და არც მოსამართლემ ნინო დათაშვილის არგუმენტები არ გაიზიარეს. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა.

დანაშაული, რომელსაც ნინო დათაშვილს ედავებიან ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო.

სამოქალაქო მასწავლებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება.

“საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია” – პაველ ჰერჩინსკი

„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში,“ – თქვა დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება.

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, მათ შორის მასტერკლასებს და სხვადასხვა გასართობ თუ ინტელექტუალურ თამაშებს.

ევროპის დღეზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

გთავაზობთ ელჩის გამოსვლას სრულად.

„ჰოი და ნანა, ოჰოი ნანა, ქედა, შუახევ, ხულოიდანა… მოგესალმებით! წელს, პირველად, ევროპის დღეს, თქვენთან ერთად, აქ, ბათუმში, აღვნიშნავთ.

აჭარა განსაკუთრებული რეგიონია. გამორჩეული ისტორიით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით. თქვენი მხარე ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითია ჩვენთვის.

საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში.

2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.

დღეს კი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია. დასანანია, რომ საქართველომ, შესაძლოა, ვეროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, დიდი ხნით, დაკარგოს. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია.

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს.

რეალობა ისაა, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად.

თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ჩვენ ვამაყობთ რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

დღეს, ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით.

წინ, საქართველო, წინ!” –  თქვა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ თავისი მისასალმებელი სიტყვა ქართულ ენაზე წაიკითხა.

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა.

მაღალჩინოსნის დაკავების ოფიციალური მიზეზი მისი კორუფციაში სავარაუდო ჩართულობაა.

რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 ივნისს გახდა ცნობილი.

უცვლელად გთავაზობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რომეო მიქაუტაძის დაკავების მიზეზების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ.

2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად.

ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.

აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელბდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.

ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარილებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა.

უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით.

მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი.

ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა.

ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები“, – ნათქვამია სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

“10 წელი ფოკუსში” – ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა ბათუმში

20 ივნისს, ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წლების განმავლობაში ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტო ნამუშევრები.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ცალკე აქვს ფოტოს კატეგორია. სწორედ ამ კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნახვა შეეძლო გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს. ფოტოები საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს.

„ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის  მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჟურნალისტების დახმარება,“ – ასეთი იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გზავნილი.

გამოფენის შესახებ ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ძალიან მიხარია, რომ ბათუმში ჩამოვიტანეთ გამოფენა „10 წელი ფოკუსში“. ის აერთიანებს ქართველი ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებს ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომლებიც იყო წარდგენილი კონკურსზე ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. ეს ფოტოები თავდაპირველად გამოფენილი იყო გორში, შემდეგ თბილისში და ახლა აქ, ბათუმში. ფოტოები ასახავს საქართველოს უახლესი ისტორიის უნიკალურ მომენტებს, ასევე ქართულ ტრადიციებსა და კულტურას. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ბათუმელებს ექნებათ საშუალება, ნახონ ეს ნამუშევრები,“ – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ

გამოფენა, რომელიც თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის ნაწილი იყო, თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი.

ამჟამად, ის ევროპის დღე ბათუმის ნაწილია.

ევროპის დღე ბათუმში დღეს, 21 ივნისს, 13:00 საათზე გაიხსნება სასტუმრო შერატონ ბათუმში და მრავალ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს.

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 010 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 10 955 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 865 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 29 393 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 421 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 422 ერთეული [+123]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 617 ერთეული [+116]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 585 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 982 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 413 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 058 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან

„უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს… ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“ – მიიჩნევს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ოპტიმიზმის საფუძველს EU-ს ელჩს საქართველოს ქუჩებში ხალხთან შეხვედრა აძლევს. განსაკუთრებული ემოციით ის ბათუმში ჩამოსვლამდე, ზუგდიდში მომხდარ ამბავზე გვიყვება:

„გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურს ყიდდა, მითხრა: ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ! ვუპასუხე, რომ არა, უნდა გადამეხადა. მითხრა, მადლიერი ვარ იმ საქმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის აკეთებთო. შეკამათებასავით გამოვიდა – მაინც არ გადამახდევინა ფული. არავინ იცოდა, რომ ამ დროს მე იქ ვიყავი,“ – გვიყვება EU-ს ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

პაველ ჰერჩინსკი 20 ივნისს „ბათუმელების“ ოფისში მოვიდა მზია ამაღლობელისა და თავისუფალი მედიის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად.

„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით,“ – ამბობ პაველ ჰერჩინსკი.

რა შანსი რჩება საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და შეიძლება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლაც გაუუქმონ? – „ბათუმელებმა“ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. რეზოლუციის მიღების შემდეგ, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა მზია ამაღლობელის, სხვა პოლიტპატიმრების თუ, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის?

დიდი პრივილეგიაა, რომ აქ ვარ – „ბათუმელების“ ნიუსრუმში. ნამდვილად მინდოდა პირადად აქ მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელოდება.

მზიას საქმე ევროკავშირის დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საქმეს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით.

როგორც იცით, ევროპარლამენტში მიმდინარეობდა დებატები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხებოდა. მზიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია.

წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით. ყველანი ველოდებით, რით დასრულება ეს განხილვები. ვიცით, რომ მკაცრი და ძალიან არაპროპორციული განაჩენი ემუქრება – 7 წლამდე ციხე იმისთვის, რაც ვიცით, რომ არის აბსოლუტურად არაპროპორციული მოსალოდნელ განაჩენთან მიმართებაში.

ყველამ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი და „ბათუმელები“ კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ იმისდა მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში, ვიცით, რომ თქვენი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდით, თუნდაც ეს კრიტიკული ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ თვალს ვადევნებთ სასამართლოს, ზოგადად, რაც ხდება საქართველოში, რაც შეეხება სიტყვის და შეკრების თავისუფლებას, დიდ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე.

ასევე, ძალიან დიდი ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გულსატკენია. ეს რეალურად გულსატკენია, რადგანაც არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო, როცა საქმე ეხებოდა დემოკრატიულ ცვლილებებს, ევროკავშირში ინტეგრაციას.

ახლა ყოველივე ეს შეიცვალა და რაც ევროინტეგრაციას შეეხება, საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა შეჩერებულია; ეს ნამდვილად რთულია ყველასთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა.

მაგრამ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვრჩებით. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისთვის და თავისი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა. გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპელები და ღირსი, დაიკავონ თავისი ადგილი ჩვენს შორის – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ და გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ არსებული ნეგატიური ტრენდი შეიცვლება, საქართველოში მიმდინარე ძალიან ღრმა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და დიალოგი, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირის წევრობით მომავალში. საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის.

ჩვენ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ საქართველოს არ მივატოვებთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს საკითხს განიხილავენ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყოველთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი ასევე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

"მზია არის  ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

რაც შემიძლია, რომ ვთქვა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის და ასევე, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსის თანახმად: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.

სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების კეთილ ნებას, პირიქით, ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას; გრძელდება თავდასხმა ევროკავშირზე, ევროკავშირი დემონიზირებულია, ევროკავშირს აბუჩად იგდებენ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ნამდვილად გულსატკენია.

ვაპირებთ, რომ ვიყოთ მომთმენი. გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა მივესალმოთ საქართველოს, როგორც ჩვენი წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაფიო კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები ეხება ყველა კანდიდატ ქვეყანას და უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენს საერთო ღირებულებზე, როგორიცაა: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.

ევროკავშირის თვალსაზრისით ეს ღირებულებები გადახედვას არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად – როგორც, მაგალითად, ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები: უკრაინა და მოლდოვა – პირიქით, შორდება. ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის ეს ნამდვილად დასანანია. ეს გულსატკენია, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ.

  • როცა ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია უკვე მიიღო, რამდენად უნდა ველოდოთ ამ საქმეებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების დასანქცირებას? 

ბევრჯერ მეკითხებიან და ყოველთვის ვცდილობდი, მეპასუხა გულახდილად, საზოგადოების ინფორმირება მომეხდინა არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის მოსაზრებებზე. სანქციებზე როცა ვსაუბრობ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან მძიმედ მაკრიტიკებენ, იარლიყებს მაკერებენ, ცდილობენ ზეწოლას, რაც ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა.

ევროკავშირისთვის სანქციების მიღება რთულია, რადგან ეს ერთხმად უნდა მოხდეს, საჭიროა ერთსულოვნება – 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა დათანხმდეს. როცა სანქციებზე ვსაუბრობთ, ვიცით, რატომ ხდება ასე – რამდენად მძლავრია ევროკავშირის სანქციები. ეს მარტო იმას კი არ ეხება, რომ ვიღაცას ევროკავშირში არ შემოუშვებენ, ან ვიღაცას ევროკავშირში არსებულ ქონებას გაუყინავენ, ეს ასევე არის სირცხვილის საკითხი: წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ.

რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ მივიღოთ სანქციები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევებთან. ყველამ ნახეთ ტელეეკრანებზე თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში არაიდენტიფიცირებული, ნიღბიანების მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანები. ნანახმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

რაც უფრო შოკის მომგვრელია, ეს არის სრული დაუსჯელობა. ამ უპრეცედენტო ძალადობის გამო, პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ. ევროკავშირი გმობს ძალადობას, ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევები დაუსჯელი დარჩნენ, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.

ამიტომაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ, მივიღოთ სანქციები ევროკავშირის დონეზე, რასაც ერთსულოვნება სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ეროვნულ დონეზე ორმხრივი სანქციები მიიღო, ასეთი ქვეყნების რაოდენობა იზრდება.

ვიცი, რომ ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის სანქციების საკითხი ისევ განიხილება და ეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ; ეს 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება, რასაც ერთსულოვნება სჭირდება. დღის წესრიგშია ეს საკითხი, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ევროკავშირი იმოქმედებს და თავის პოზიციას გამოხატავს მკაფიოდ და ხმამაღლა.

  • ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე უკვე სამოქალაქო ორგანიზაციებია, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ. „ივანიშვილმა 5 ქალი ამოიღო მიზანში, ის ებრძვის აქტიურ ქალებს, რომლებიც იცავენ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“ – ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს ლიდერი ქალები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ანტიდემოკრატიულ კანონებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ საქართველოში დემოკრატიის მცველების მხარდასაჭერად?

უკვე რამდენიმე თვეა, გადავწყვიტეთ, აღარ გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიონი ევრო დაიხარჯა საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად. პრაქტიკულად, ფინანსური დახმარების თითქმის ნახევარი პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა.

ვმუშაობდით პრაქტიკულად ყველა სამინისტროსთან იმისთვის, რომ საქართველოს განვითარებაში წვლილი შეგვეტანა. ვაფინანსებდით საქართველოს განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტს.

ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების, ისევე როგორც ქმედებების, კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ ფინანსური დახმარება შეგვეწყვიტა და გადავწყვიტეთ ამ რესურსების გადამისამართება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისკენ.

მაგრამ უნდა ვაღიარო – ეს ყოველდღე უფრო დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. რთული ხდება გარემო, სადაც უფრო და უფრო შემზღუდველ კანონებს იღებენ, რომელიც ჩვენს უწყვეტ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიისთვის ართულებს. მიღებულია ორი სხვადასხვა კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ – ერთი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და მეორე – „FARA“. ამ კანონებით გრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკა ძალიან გართულდა.

ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს მოუწიოს მძიმე ჯარიმების გადახდა ან დასახელდეს „უცხოელ აგენტად“. ეს ადამიანები არ არიან უცხოელი აგენტები – ისინი პოზიტიური ცვლილებების და დემოკრატიული გარდაქმნის გამტარებლები არიან, რეფორმატორები არიან. ამიტომაც, გამოვყავით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. თუმცა ეს მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოში მიიღეს – ეს ჩვენს ფინანსურ დახმარებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

ბოლოდროინდელი მოვლენები განსაკუთრებულ წუხილს იწვევს – სახელმწიფოს მიერ 5 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მოთხოვნა, მიაწოდონ დიდი რაოდენობით, მათ შორის, მათი ბენეფიციარების პირადი მონაცემები, უკიდურესად შემაშფოთებელია. როგორც ვიცი, ამ ორგანიზაციებმა ეს მოთხოვნა გაასაჩივრეს სასამართლოში, მაგრამ ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული პრინციპები საფრთხის ქვეშაა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.

მე არ ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის – ეს თავისთავად ცხადია. ეს უბრალოდ აბსოლუტურად შეუთავსებელია.

რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, ძალზე შეშფოთებულები ვართ. ასეთი მოთხოვნები აჩვენებს ბევრ რამეს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებზე დიდია ზეწოლა და ამავე დროს აზიანებს დემოკრატიულ სისტემაში ძალაუფლების დაბალანსების სისტემას. ვიმედოვნებ, ეს მოთხოვნა შეიცვლება, რადგან წარმოუდგენელია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულონ გაასაჯაროონ მთელი ეს ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით.

  • წელს, ივნისის დასაწყისში თქვენ ღიად არ უპასუხეთ შეკითხვას, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა. როცა პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკანონოდ ჩასვეს ციხეში, ნაწილს კი დაპატიმრებით ემუქრებიან, ასევე, „ოცნებამ“ უარი თქვა ეუთო-ოდირის მოწვევაზე. რას ფიქრობთ – უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა?

ამ შეკითხვას მე არ უნდა ვუპასუხო. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ეს მათი გადასაწყვეტია.

რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არჩევნები არის მომენტი, როცა საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი. საპარლამენტო არჩევნებამდე მე ვიყავი პირველი, ვინც ხალხს მოუწოდებდა წასულიყვნენ და ხმა მიეცათ – ეს არამხოლოდ მათი უფლება, არამედ ასევე სამოქალაქო ვალდებულებაა.

რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნები უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. როგორც ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომელიც იქნება კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება – როგორც საერთაშორისო, ასევე განსაკუთრებით ადგილობრივი – მით უკეთესი.

  • 2025 წლის 31 მაისს განცხადებაში თქვენ ხაზი გაუსვით, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში „პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“. რა სიახლეებია ამ მხრივ?

მადლობა ამ კითხვისთვის: ვხვდები, რამდენად დიდი ინტერესია ამ თემის მიმართ.

შვიდი წლის წინ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დამყარდა პრივილეგირებული ურთიერთობა, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის არსებობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს შეთანხმება ორი ძირითადი პრინციპით იყო განპირობებული:

  1. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა
  2. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება

როგორც ვხედავთ, ეს ორი დებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში და ამას ვხედავთ სამწუხაროდ ყოველდღე – სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლის ქვეშ არიან. ადამიანები დაკავებული არიან არაპროპორციული სასჯელებით.

მაგალითად, 21 წლის მათე დევიძე 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს მხოლოდ იმისთვის, რომ მან დემონსტრაციაში ხელჯოხით მიიღო მონაწილეობა, ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, მიუღებელია. ჩემი ბიჭი 21 წლისაა, ფაქტობრივად ბავშვია. ეს ისეთი რამეა, რომ მე, როგორც მამა, ვერ გავჩუმდები.

რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას – ჩვენ ვხედავთ, რომ სადღაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს, ირჩევს აბსოლუტურად განსხვავებულ გზას, გვერდზე იწევა, საერთოდ არ იღებს მონაწილეობას გაფართოების პროცესში.

ასე რომ, ეს ორი მთავარი დებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირში არავის უნდა ხალხს დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროევროპელები არიან, მათ უნდათ, რომ თავიანთი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მათ უნდათ უბრალოდ უკეთესი მომავალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ საბაზისო დებულებები, რომელთა საფუძველზე მივანიჭეთ საქართველოს ეს პრივილეგია, სადავო გახდეს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დისკუსია გრძელდება ბევრი თვის განმავლობაში. აბოლუტურად ღიად უნდა ვთქვა, რომ ვხედავ ცვლილებას ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიდგომაში, მათ აზრი შეიცვალეს და ამბობენ, რომ რაც საქართველოში ხდება, ყველა იმ ქმედებეების გამო, იმ კანონმდებლობის გამო, რაც ხელისუფლებამ მიიღო, პოზიცია უნდა შევიცვალოთ.

23 ივნისს იქნება ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ამ შეხვედრის დროს ეს დისკუსია გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის მხოლოდ 2/3 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო – უფრო მარტივი პროცედურაა, ვიდრე სანქციები.

დღეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უახლოეს დღეებში ან კვირებში ამას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დისკუსია ამ საკითხზე 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს.

ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შესახებ არსებული შეთანხმების შესრულების შესახებ – ბოლო ანგარიში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უვიზოა მიმოსვლის შეჩერების საფრთხე აცილებულ იქნეს. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

წელსაც იქნება გამოქვეყნებული ანგარიში და გაიცემა რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისთვის: მოახდინონ რეაგირება იმაზე, რომ ჩვენი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული.

  • ევროკავშირის ლიდერებისგან „ოცნების“ მიმართ არაერთ მოწოდება გვესმის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არ ითვალისწინებს. პირიქით, სწრაფად ცდილობს დიქტატურის დამყარებას. ამ ვითარებაში რა გამოსავალს ხედავთ, რა სახის სტრატეგიული მიდგომა ყალიბდება ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით?

2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი – ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელიც ერთად ვიზეიმეთ და ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. საჭიროა, რომ საქართველომ მკაფიო რეფორმები გაატაროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა კანდიდატი, აუცილებელი რეფორმები არ გაუტარებია, პირიქით – მოხდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ საჭირო რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მზადყოფნას, არც სივრცეა დიალოგისთვის.

ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება. ეს ევროკავშირის ლიდერებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ვროკავშირის წევრი ქვეყნების და მოქალაქეების უმრავლესობა ამას ფართოდ უჭერს მხარს. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ სხვადასხვა ქვეყნის წინაშე, რაც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ ველოდებით შემდეგ ეტაპებს.

ევროკომისია ამისთვის მოემზადა და ორივე ქვეყანას: უკრაინას და მოლდოვას დიდი წინსვლა აქვთ, საქართველო კი, გაჩერდა.

თუ ეს ჩიხური მდგომარეობა გაგრძელდა, არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ისტორიული შანსი – გახდეს ევროკავშირის შემდეგი გაფართოვების ნაწილი.

  • რა იქნებოდა თქვენი გზავნილი საქართველოს მოსახლეობასთან? როცა არალეგიტიმური ხელისუფლებას უკვე მოქმედებაში მოჰყავს რუსული კანონები, რა შანსი რჩება საქართველოს იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას? 

ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია: არ დაკარგოთ იმედი! თქვენ იმსახურებთ უკეთეს მომავალს, იმსახურებთ, რომ იცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, ახალგაზრდები იმსახურებენ უფლებას, დარჩნენ ამ ქვეყანაში, ჰქონდეთ ოჯახები, იცხოვრონ და იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში.

ჩვენი მხრიდან გადავწყვიტეთ, გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყოს სრული უფლებებითა და ვალდებულებით, პრივილეგიებით. დაველოდებით საქართველოს, რომ ამ ღია კარში შემოვიდეს.

არ დაკარგოთ იმედი, საქართველო ევროპული ქვეყანაა. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამას.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა და ევროკავშირში ინტეგრაცია ყველასთვის კვლავ გახდება ეროვნული პრიორიტეტი. საქართველო ისევ იქნება მოწინავე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე ვოცნებობ ამ სცენარის განხოციელებაზე. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.

თქვენ იცით საქართველოს ისტორია: ბევრი კარგი და ცუდი რამ მომხდარა, ბევრი კრიზისი გაიარეთ, მაგრამ თქვენ ისინი დაძლიეთ. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

აქ თქვენთვის ვართ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ის ძალიან რთულ პერიოდს გადის. ცხადია პოლიტიკური კრიზისის არსებობა.

გულსატკენია, რომ ჩვეულებრივი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, როგორც, მაგალითად, მათე დევიძეა, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს ამას სწირავენ. მათ უნდა გაიარონ წყვდიადი იმისთვის, რომ მომავალი მოძებნონ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იმედია, რომ ეს არ იქნება ამაო. საქართველო უფრო გაძლიერდება და აქედან უფრო ძლიერი გამოვა, ახალ წევრ ქვეყნებს შეუერთდება და ჩვენს საერთო მომავალში წვლილს შეიტანს თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით, ტრადიციებით.

გვინდა, რომ საქართველო ჩვენი საერთო მემკვიდრეობის ნაწილი იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს დრო მოვა. მე იმედს არ ვკარგავ.

ყოველთვის, როცა ახალგაზრდებს ვხდები, ვესაუბრები და ვცდილობ, რაც შეიძლებ მეტჯერ შევხვდე. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშიორშია. მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნათელია.

  • იმედს უფრო ახალგაზრდებზე ამყარებთ? ახალგაზრდები განსაკუთრებულად ირჩევენ ევროპას, თუმცა ისინი აღარ გამოდიან მასობრივად დემონსტრაციებზე. თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში? 

უდავოა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები გონიერი, კარგი ხალხია – მათ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის. ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს.

რაც ახლა საქართველოში ხდება, დიდი უსამართლობაა – განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში. 5000-ლარიანი ჯარიმები – ვის აქვს ამის გადახდის საშუალება? ეს უწყვეტი, ულმობელი, ანტიევროპული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, შეთქმულების თეორიები მეორდება ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ – ამის მიუხედავად კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულ გამოდიან დემონსტრაციებზე და აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს.

უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს, ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ბევრად სწრაფად განხორციელებულიყო. არასაჭირო დაყოვნებების გარეშე – განსაკუთრებით როცა ზოგიერთი ადამიანი ძალიან მაღალ ფასს იხდის ამაში.

„ბათუმელების“ ოფისში ვხედავ ქალბატონი მზიას ფოტოს, ისევ იმ ახალგაზრდა ბიჭის, მათე დევიძის ხსენება მინდა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მაღალ ფასს იხდის სურვილისთვის, საქართველო დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა იყოს. გულსატკენია, რომ ამ ადამიანებმა შეწირონ მათი ცხოვრების საუკეთესო დრო თავისი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას.

როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვხვდები, ქუჩაში დავდივარ – მარტო თბილისზე არ ვსაუბრობ – მაგალითად, გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურებს ყიდდა, მითხრა: ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ. ვუპასუხე, რომ არა, უნდა გადამეხადა. მითხრა, მე მადლიერი ვარ იმ საქმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის აკეთებთო. შეკამათებასავით გამოვიდა – მაინც არ გადამახდევინა ფული. არავინ იცოდა, რომ ამ დროს მე იქ ვიყავი.

ასე ხდება საქართველოში – ხალხი სულ მოდის ჩემთან ქუჩაში და გამოხატავს მადლიერებას.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ძალიან რთული გახდება, ამ აბსურდული კანონების ფონზე, რომელიც ზღუდავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფინანსებთ გზების მშენებლობას, ვაფინანსებთ სხვადასხვა რეფორმას, მოწყვლად თემებს ვეხმარებით, მაგრამ ეს ძალიან რთულდება.

გავაგრძელებთ ყველაფერს, რის გაკეთება შეგვიძლია. მე ოპტიმისტი ვარ. უკვე სამი წელია აქ ვარ, ბევრ ადამიანს შევხვდი, მათ შორის, ახალგაზრდებს – ისინი იმსახურებენ უკეთეს ქვეყანას. გასაგებია საბოლოო დანიშნულება – საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

  • ურთიერთობის რა ფორმატი გაქვთ ამ ეტაპზე „ოცნების“ მთავრობასთან? თქვენ 2022 წლიდან ხართ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ამ პერიოდში პერსონალურად არაერთხელ გახდით „ოცნების“ კრიტიკის და შეურაცხყოფის სამიზნე…

ევროკავშირმა 2022 წელს გამომგზავნა იმისთვის, რომ საქართველოს დავხმარებოდი, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე ვარ დიპლომატი და ფრთხილად უნდა ვიყო, რომ საშინაო საქმეებში არ ჩავერიო, ამას ვცდილობდი ყოველთვის, მაგრამ ამავდროულად არ ვარ უბრალოდ უცხო ქვეყნის ელჩი საქართველოში – მე წარმოვადგენ ევროკავშირს საქართველოში.

ევროკავშირი კი არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა განაცხადით – ამ განაცხადს პრემიერ-მინისტრი აწერდა ხელს – საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ჩემი როლი არის ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაო და მოვახდინო საზოგადოების ინფორმირება, როგორ მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

ჩემი მოვალეობაა ვამცნო ყველას, როგორ მიდის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი – კარგად თუ ცუდად.

ყოველ წელს ვაქვეყნებთ დეტალურ ანგარიშს ქვეყნის ყველა სფეროს შესახებ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ახლა ვმუშაობთ ახალ ანგარიშზე, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და ეწოდება „გაფართოების შესახებ ანგარიში“.

ამას ჩვენ ვაკეთებთ გაფართოების მსურველი ყველა ქვეყნისთვის. ანგარიშში ვამბობთ სად არის წინსვლა, სად – უკუსვლა. ეს არ არის ჩარევა. ეს არის ჩემი მოვალეობა, რომელიც – კიდევ ერთხელ ვიტყვი – დაფუძნებულია საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში მიღებულ განაცხადზე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ყველაფერი კარგად არის, პირველი ვარ, ვინც შევაქებ, თუ არა – სამწუხაროდ, არ მაქვს სხვა არჩევანი, უნდა გამოვიდე და აბსოლუტურად ღია და ცხადად ვთქვა, რომ საქმე კარგად არ მიდის.

ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს.

ძალიან გამიხარდებოდა, რომ შემძლებოდა საქართველოს ხელისუფლების შექება წინსვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ღიად გავაკრიტიკო უკუსვლის გამო – საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების გამო.

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას.

ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს… იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი – ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყო ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პუტინი ამბობს, ზელენსკის შევხდებიო. „მზად ვარ შევხვდე კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ ვისხდეთ და რაღაც არ გავიყოთ დაუსრულებლად, არამედ დავსვათ წერტილი“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ პუტინს. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა პუტინის ეს მზაობა და რაზეა წამსვლელი?

ვერ გეტყვით, რამდენად გულახდილია პუტინი და რამდენად აღარ აპირებს, დროის გაჭიანურებას, ან თავისი აბსურდული მოთხოვნების წამოყენებას.

ფაქტია, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაც, ზოგადად, მსოფლიოში ხდება და იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყოს ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე.

  • „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვერ მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინის ომზე. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მიზეზი აშშ-ის პოზიცია იყო. თქვენი აზრით, რა გათვლით მოქმედებს აშშ ამჯერად და როგორ აისახება ეს დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე?

ამ შეხვედრაზე მკაფიოდ გამოჩნდა ევროპის მიდგომა არსებულ ვითარებასთან, რაც უკრაინაში ხდება. ტრამპის წინადადება იყო პუტინი ყოფილიყო იქ, გერმანიის კანცლერმა კი მას უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა.

ჩანს, რომ აშშ-თვის პრიორიტეტული ხდება ირან-ისრაელის მიმართულება – ახლო აღმოსავლეთი. ეს ტრამპს აძლევს საშუალებას, რაღაცნაირად იმ ჩიხიდან გამოიპაროს, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია. აშშ-მ ვერაფერს მიაღწია და ვერავითარ ძვრას ვერ მიაღწია ამ მიმართულებით.

  • უშვებთ, რომ ამ გზით ეცდება აშშ რუსეთის დასუსტებას, თუ მოკავშირეებს, მაგალითად, ირანს ჩამოაშორებს? 

არ მგონია, რომ ტრამპი რუსეთის დასუსტებას ცდილობდეს. ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას, რომ რამენაირად სახე შეუნარჩუნოს. რუსეთის დასუსტება რეალურად უკრაინის გაძლიერებით და უკრაინის წარმატებით არის შესაძლებელი.

თუმცა ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ასუსტებს რუსეთს. რუსეთი თანმიმდევრობით კარგავს სატელიტ ქვეყნებს, მხარდამჭერებს: ჯერ იყო სირია, ახლა – ირანი. ირანის სულიერი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, როცა მან თქვა, ირანი კარგად ხედავს, ვინ არის ირანის ნამდვილი მეგობარი ამ გაჭირვების დროსო. ამ განცხადებაში იგულისხმებოდა რუსეთი.

ირანისთვის შესაძლოა ახალია რუსეთის ამგვარი მოქმედება – ჩვენ არ გვიკვირს – ტოტლებენიდან დაწყებული, გეორგიევსკის ტრაქტატით დასრულებული, ასევე სომხეთის მაგალითითაც ძალიან კარგად ვიცით, რა მოკავშირეც არის რუსეთი.

  • რა მასშტაბს იძენს ირან-ისრაელის ომი? ამერიკელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ემზადებიან ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის, თუმცა ტრამპს ჯერ ბრძანება არ გაუცია.

ითქვა, რომ ტრამპი 2 კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. 2 კვირაში შეიძლება დაასრულოს კიდეც ისრაელმა თავისი მოქმედებები. მესამე ამერიკული ავიამზიდის დაჯგუფება მიემართება კონფლიქტის რაიონისკენ.

ავიამზიდის დაჯგუფება არის დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც შედგება ავიამზიდისგან, ნაღმოსნებისგან, წყალქვეშა ნავისგან, მხარდამჭერი ხომალდების, გემებისგან და ასე შემდეგ. ეს ხომალდების მთელი ჯგუფია.

ავიამზიდზე, მაგალითად, 85 საფრენი აპარატია: ვერტმფრენი და თვითმფრინავი. სამი ასეთი დაჯგუფების ყოფნა რეგიონთან ახლოს სერიოზული საკითხია. ამ მასშტაბის ხარჯი და გადაადგილება არ მოხდებოდა შედეგის მიღწევის სურვილის გარეშე, თუმცა პროგნოზირება რთულია, რას აპირებს ტრამპი.

ისრაელი განაგრძობს თავის მოქმედებებს გეგმაზომიერად. ვფიქრობ, რომ ის თავის მიზანს ბოლომდე მიიყვანს.

  • ირანს არ აქვს რესურსი, რომ ისრაელს რელევანტური პასუხი გასცეს? 

რელევანტური პასუხი კი არა, ომის წარმოების კუთხით ისრაელი ირანზე მთელი ერთი თაობით ძლიერია. ირანი ერთი თაობით ჩამორჩება ისრაელს. მაგალითად, ისრაელი მოქმედებს ქსელურ-ცენტრული კონცეფციით, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის აღმოჩენას, დაფიქსირებას და მიზანმიმართულად დარტყმას, რაც ხორციელდება ერთ ქსელში მიმოსვლითი ინფორმაციის საფუძველზე.

ირანი იბრძვის საბჭოთა ტექნოლოგიებით, რუსებისგან ნაყიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით. ეს საბჭოთა კლონირებული სისტემებია, რომელსაც ისრაელმა ნახევარ დღეში მოუღო ბოლო. ისრაელს უკვე სრული ბატონობა აქვს ცაში.

  • თქვენი აზრით, რა გათვლით გადადო ტრამპმა ისრაელის მხარდაჭერა ორი კვირით? 

ვერ გეტყვით, ვერ ვახერხებ ტრამპის ჩანაფიქრის ამოცნობას და მის პროგნოზირებას. მჯერა, რომ ავიამზიდის დაჯგუფებას ელიან რაიონში.

არც ისაა გამორიცხული, ტრამპმა ისევ შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა რაღაც ცუდი თქვა მასზე და ამიტომ განახორციელა დარტყმა.

  • რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანი-ისრაელის ომმა გადაწონოს რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობა საერთაშორისო აქტორებისთვის?

ევროპისთვის ვერ გადაწონის. შეიძლება გადაწონოს ამერიკისთვის, ევროპისთვის კი, უკრაინა რჩება ევროპის ფორპოსტად. არა მგონია, ირანი-ისრაელის დაპირისპირება სამ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ისრაელს არ აქვს და არც ჰქონია ამოცანა, რომ ტერიტორია დაიკავოს. ბალისტიკური რაკეტების ნახევარი უკვე განადგურებულია და რაც დარჩა, იმას მოახერხებს სადღაც 2 კვირაში. თუ აშშ ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოახერხებს ისრაელი ბირთვული ობიექტის განადგურებას. თუ არ ჩაერთვება აშშ, ისრაელი მონახავს შესაბამის გზას, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

  • რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე უკრაინაში?თქვენი ინფორმაციით, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე კიევის სრული საჰაერო დაცვა? 17 ივნისის დარტყმის შედეგად ბოლო მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.

ამჯერად რუსეთმა დაიწყო დარტყმების კონცენტრირება – აღარ არის ორიენტირებული მთელს უკრაინაზე. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად შესაძლოა ამერიკული დახმარება გაიხარჯა და შევსება შესაბამისად ვერ მოხერხდა. შესაძლოა, არსებობს დეფიციტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებში.

ფაქტია, რომ ახალი არაფერი მომხდარა და რუსების რაკეტების რაოდენობაც არ გაზრდილა. უფრო მეტი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა ახსოვთ უკრაინელებს.

რუსეთი აღარ არჩევს სამხედრო მიზანს, ის სამხედრო მიზანთან ახლოს მდებარე მიზანსაც აღარ აქცევს ყურადღებას – უბრალოდ ქალაქის მიმართულებით ისვრიან, რაც იწვევს ზიანს.

  • ზელენსკის თქმით, უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში ჩრდილო-აღმოსავლეთით.

შეაჩერეს, კი. რუსებს აქვთ გარკვეული წინსვლა სხვა მიმართულებით, სუმში კი პირიქით, უკრაინელებმა კონტრშეტევით გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი – ტიოტკინო. ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს.

  • რა ხდება დნეპროპეტროვსკის ოლქში? თუ დასტურდება იქ რუსული ჯარის შესვლა და რატომ შეიძლება ეს იყოს რუსეთის სამიზნე?

სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რომ რაღაც შედეგი დადონ რუსებმა? დნეპროპეტროვსკი არის ზაპოროჟიესთან ახლოს და ცდილობენ რუსები, დნეპრზე განახორციელონ ფორსირება. ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსებისთვის, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამის თავი და ძალა ჰქონდეთ.

არც ის მგონია, იქ ხიდები დაუტოვონ უკრაინელებმა რუსებს აუფეთქებელი.

  • უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში. რა მასშტაბის წარმატებას აღწევენ უკრაინელები რუსეთზე დრონებით დარტყმით?

მოსკოვშიც იყო დარტყმები – თუ არ ვცდები ტულაში ააფეთქეს უკრაინელებმა კიდევ ერთი დენთის ქარხანა. უკრაინა ახორციელებს გეგმაზომიერ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე, რუსეთი გამწარებული ურტყამს უკრაინას დასჯისთვის. რუსეთის დარტყმები განკუთვნილია დასჯისთვის.

არანაკლები დარტყმები ხდება უკრაინელებისგან – რუსებს ლაღი ძილის საშუალებას ნამდვილად არ აძლევენ.

  • არის ეს დარტყმები იმ მასშტაბის, რამაც შეიძლება აიძულოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს? 

არა. რუსეთი ამ ტემპით, რესურსებით და დანაკარგით, რასაც დღეს ახორციელებს, თუ გარდატეხა არ იქნება უკრაინის მხრიდან, დაახლოებით 2-3 წელი შეუძლია იომოს. რუსეთი უპირატესობის მოპოვებას და გამარჯვებას ვერ აღწევს, თორემ ომით იომებს.

  • გარდატეხის პირობა არ ჩანს უკრაინის მხრიდან უახლოეს პერსპექტივაში? 

გარდატეხის შეტანის პირობები არ ჩანს. ვფიქრობ, გარდატეხის პირობები მას შემდეგ შეიძლება გაჩნდეს, თუ დაიდება ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი ხელშეკრულება და უკრაინა მოახერხებს მნიშვნელოვან გაძლიერებას.

ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში.

კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა.

ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით არის მომზადებული კერძო კომპანიის მიერ, თუმცა რა თანხაა გადახდილი, შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

აღნიშნული პროექტის მიხედვით სადროშე ბოძი უნდა იყოს მოთუთიავებული [გალვანიზებული], ლითონის, 30 მეტრი სიმაღლის.

„პროექტი დამუშავებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების, ასევე დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს გარე გამოყენების ბადე [სარკისებრი] დროშა, ზომებით 6X9 მეტრი, რომელიც დამაგრებული იქნება 30 მეტრი სიმაღლის ბოძზე, რომლის ზეძირკველი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილით. ასევე უნდა მოეწყოს დამიწების კერები დაერთების ადგილას და განათების ფარებთან“ – აღნიშნულია პროექტში.

მოეწყობა მეხამრიდი და ბოძის თავზე – თვითმფრინავის გამაფრთხილებელი ნათურა.

ფოტოვიზუალიზაცია პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა შესრულდეს.

საგარანტიო პერიოდი 3 წელია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“

ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს.

როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, მეტიც, 3-4 წელში აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე.

„ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა უფრო ადრე აკრძალა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ევროპაში ქვანახშირის იმპორტის თითქმის 50 პროცენტი და ნავთობის იმპორტის 27 პროცენტი რუსეთიდან შედიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის მეოთხე წელს ევროკავშირმა საბოლოოდ მოიფიქრა, როგორ უნდა თქვას უარი რუსულ გაზზე, რომ შეამციროს კრემლის ომის დაფინანსება და ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის შესაძლებლობა.

თუ ეს გეგმა განხორციელდება, 2027 წლის ბოლოსთვის ევროპა რუსეთისგან არც ბუნებრივ აირს [მილსადენებით] და არც თხევად გაზს არ შეიძენს“, – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.

რუსულ ნავთობზე უარის თქმა „არ იყო ევროკავშირისთვის ძალიან მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. 10-12 წლის წინ ევროპა 58 პროცენტით იყო დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და დაიწყეს ვერიფიკაცია…

ახლა, რუსული ნავთობის შეწყვეტის შემთხვევაში, საკმარისია მაგალითად, საუდის არაბეთს კვოტები აუწიონ და პრობლემა ევროპაში აღარ იქნება. დღეს კვოტა არის 10,5 მილიონი ბარელი დღეში, 12-მდე რომ აწიოს ევროკავშირმა, ეს 2 მილიონი ბარელი ყოფნის ევროპას მთლიანად“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

„ევროკავშირში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა რუსეთისთვის შექმნის მთავარ პრობლემას – ვალუტის დეფიციტს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე შექმნა – რუსეთში თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტას ვერ გამოიტანთ ბანკიდან, ლიმიტია დაწესებული – თვეში 300-მდე დოლარი მგონი.

რუსეთი ტექნოლოგიურად მთლიანად დამოკიდებულია დემოკრატიულ მსოფლიოზე – კომპიუტერსაც ვერ ააწყობენ. ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში არიან და ეს გაუარესდება და გაუარესდება. არ გამოვრიცხავ, რომ სურსათის კრიზისიც კი დაიწყოს რუსეთში“, – აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რაც შეეხება გაზს, ექსპერტი თვლის, რომ „რუსეთის ეკონომიკაზე გაზი იმდენად არ მოქმედებს, მთავარია ნავთობი. ბოლო ეფექტური წელი რუსეთისთვის, ექსპორტის თვალსაზრისით, 2019 წელი იყო.

მაშინ რუსეთიდან განხორციელდა ნავთობის ექსპორტი 174 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო გაზის – 48 მილიარდი დოლარის. ამიტომ, გაზი რუსეთის ხელში არის უფრო გეოპოლიტიკური იარაღი, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტი. რუსეთს გაზის ექსპორტი უფრო გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. ამ მიზნებისთვის კი რუსეთი, ჯერ კიდევ პეტრე დიდის პერიოდიდან, ეკონომიკას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.“

ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „ახლა ევროპამ ისწავლა ჭკუა და თანდათან რუსეთს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. ამას დასჭირდება მინიმუმ, ალბათ, 3-4 წელი… მთლიანობაში 2030 წლისთვის აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგო აქტორი მსოფლიო ბაზარზე. თუ, რა თქმა უნდა, არ შეიცვალა პუტინი და სხვა ვინმე ლიბერალი არ მოვიდა, თუნდაც ელცინისნაირი.“

შეუძლია თუ არა რუსეთს მოიძიოს ევროპის ბაზრის ალტერნატივა ნავთობის ექსპორტისთვის? – ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ამას ვერ შეძლებს.

„რატომ გგონიათ, რატომ მირბის ჩინეთში? – უნდა, რომ ჩინეთი გახადოს ალტერნატივა, მაგრამ ჩინეთი ჭკვიანია, მას აქვს ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირებული სქემა და ამ სქემის შეცვლა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ჩინეთში ნავთობი შედის ყაზახეთიდან. ყაზახეთს აქვს სამი უზარმაზარი ნავთობის საბადო და აქედან მხოლოდ ერთში ფლობს რუსეთი 15%-ს, ამასაც „ლუკოილი“, რომელიც მთლად რუსეთის არ არის.

უკვე დიდი ხანია აწყობილია სქემები, რომლებიც რუსეთის ნავთობსადენთან არ არიან დაკავშირებული – სპეციალური ნავთობსადენი ააშენეს ყაზახეთი-ჩინეთი და ეს ყაზახური ნავთობი ამ გზით მიდის ჩინეთში. ანალოგიურად უზბეკეთიდანაც. უზბეკეთი კი უღიმის რუსეთს, თუმცა, სინამდვილეში ანტირუსულ ენერგოპოლიტიკას ატარებს ამ კუთხით“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რაც შეეხება გაზს, „ბიბისის“ ინფორმაციით:

„ევროკავშირმა დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა მიზანი – საერთოდ თქვას უარი რუსულ ენერგომატარებლებზე 2027 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოიფიქრა, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ ევროპულმა კომპანიებმა შეძლონ ფორსმაჟორის გამოცხადება და არ გადაუხადონ ჯარიმა რუსულ „გაზპრომს“ რუსული გაზის შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტების პირობების შეუსრულებლობის შემდეგ.

უმარტივესი გზა იქნებოდა სანქციების დაწესება რუსულ გაზზე, ისევე როგორც ეს გააკეთეს ნავთობისა და ქვანახშირის შემთხვევაში, მაგრამ ამ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვნება ვერ იქნა მიღწეული.

ახალი გეგმა ითვალისწინებს თანდათანობით სავაჭრო შეზღუდვებს რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად.

ამ გეგმის თანახმად, ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის შესყიდვა უნდა აიკრძალოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან; არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებით – 2026 წლის 17 ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებით რუსული გაზის ყიდვა უნდა აიკრძალოს 2027 წლის ბოლომდე. ასევე შეწყდება რუსული თხევადი გაზის შესყიდვებიც.

„ბიბისი“ ასევე წერს, რომ ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის – „მათ მოკლევადიანი კონტრაქტებით იმპორტის უფლება 2027 წლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა, ისინი უკმაყოფილო დარჩნენ და ევროკავშირზე ზეწოლის ახალ ბერკეტებს ეძებენ“.

„ევროკავშირი არ მალავს, რომ საკითხი პოლიტიკურია და გეგმა დაიწერა არა ეკონომიკური სარგებლისთვის, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის დასაცავად კრემლის ენერგეტიკული შანტაჟისა და გაზის დიპლომატიისგან.“ – წერს „ბიბისი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ევროპაში რუსულ გაზზე 2027 წლამდე მთლიანად ვერ იტყვიან უარს. აქ აღსანიშნავია – ტრამპი რომ აცხადებს ჩვენგან იყიდეთ გაზიო – ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს საექსპორტო ტერმინალები, იმისთვის, რომ გათხევადებული გაზი მიაწოდოს ევროპას.

რაც აქვთ, ძალიან ცოტა და ძალიან ცუდი სიმძლავრისაა. მაგალითად, იაპონიას უფრო მძლავრი ტერმინალები აქვს, ვიდრე აშშ-ს. შტატებს განუვითარებელი აქვს ეს ინდუსტრია, თუმცა, შეუზღუდავი რესურსი აქვს გაზის მარაგის.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ევროპისთვის გათხევადებული გაზის მიღება არ იქნება პრობლემა, ვინაიდან არიან სხვა მიმწოდებლები: ბუტანი, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბანი, ტობაგო, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამასთან, „გაზის რესურსების ფლობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ირანი [პირველზეა რუსეთი, მეორეზე – კატარი. რაც შეეხება ნავთობს – ნავთობის მარაგით ირანი მესამე ადგილზეა და რუსეთი მეშვიდეზე. პირველ ადგილზე კი – ვენესუელაა].

„ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში ირანის გაზიც ჩაერთვება ალბათ ევროპისთვის გაზის მიწოდების სქემაში, თუმცა, მთავარია როგორ დასრულდება იქ დღეს მიმდინარე პროცესები.

ევროპამ არ უნდა თქვას უარი ირანის გაზზე – მე მათ ადრეც ვეუბნებოდი, რომ ეს იქნება ირანის ჩართვა დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც უარს მერე ვეღარ იტყვის… როგორც რუსეთი დარჩა თავისუფალი ბაზრის მძევალი, ასევე ირანიც დარჩებოდა. ირანი, უბრალოდ, ფანტავს თავის გაზს.

პირველი, რაც გააკეთა ევროპამ ჯერ კიდევ 2022 წელს – ძალიან სწრაფად ააშენა გათხევადებული გაზის ტერმინალები. ცალკე ააშენა საფრანგეთმა, ცალკე გერმანიამ, ცალკე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა. ასე რომ ამ სიმძლავრეს ზრდიან.

მეორე – ეს არის ალჟირის გაზი. არის ერთი გაზსადენი, რომელიც გადის კუნძულ სარდინიაზე, იტალიაში. იტალია პრაქტიკულად მთლიანად მარაგდება ალჟირის გაზით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სიცილიაზეც უნდა გაიყვანონ ერთი გაზსადენი და მაშინ მოგვარდება პრობლემა – ამ კუთხით, როგორც ვიცი, სამუშაოები მიმდინარეობს.

მესამე – ეს არის ეგვიპტის გაზის ჩართვა ამ ქსელში – ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ენერგომატარებლების რთული სქემებია – არის წმინდა ბიზნესსქემები, არის გეოპოლიტიკური სქემები, თუმცა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს რუსეთის საზიანოდ.

„რაც უკვე დაემართა და დაემართება რუსეთს, ეს მან დაიმსახურა და დროა ფასი გადაიხადოს იმაზე, რაც ჩაატარა ჯერ საქართველოში, მერე ყირიმში და ახლა ატარებს უკრაინაში. მე ცალსახად მეჩვენება რომ რუსეთი, შეიძლება ხვალ და ზეგ არა, მაგრამ სტრატეგიულად დაშლის გზას მიადგა – იმპერიის დაშლის გზას. ყველა იმპერია ბოლოს და ბოლოს იშლება და რუსეთიც დაიშლება“, – დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

ამავე თემაზე:

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

 

 

 

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციამ დააბრალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან მისი დაკავება ე.წ სტიკერის გაკვრის გამო უკანონო იყო.

ამასთან, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ეყრდნობა მხოლოდ მის უკანონო ადმინისტრაციულ ბრალდებას სწორედ 173-ე მუხლით.

ამავე საქმეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დამატებით წარადგინეს ფრანგი და ქართველი ექსპერტების საექსპერტო დასკვნები, რაც ადასტურებს პოლიციის მიერ მტკიცებულებებით/ვიდეოკადრებით მანიპულირებას.

დაცვის მხარისთვის უცნობია, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა სასამართლომ მითითებული საექსპერტო დასკვნები.

მოსამართლე შოთა სირაძემ არ დანიშნა საქმის ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით და გადაწყვეტილება მიიღო მხარეთა მოსმენის და მონაწილეობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ ამ საკითხზე 3-ჯერ იშუამდგომლა.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია მხარეებისათვის.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გაყალბებული ადმინისტრაციული საქმე უახლოეს მომავალში გასაჩივრდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის და ამჟამად უკვე თბილისი პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა.

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე მოამზადა და მერიას ჩააბარა, ქალაქში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი.

კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას.

ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია „საცხოვრებლის საჭიროებები“, წერია, რომ მომავალში საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული ვითარება. კერძოდ, ის, რომ ბოლო დროის საბაზრო მდგომარეობით, საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სავარაუდოდ სულ მცირე 30%-სათვის, საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი კი აშკარას ხდის, რომ რეალურად მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი და ახალაშენებულ ბინებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ.

კონცეფციის ავტორების ანალიზით, ასეთი ვითარება ე.წ. „დაკეტილი ბინების“ მაღალ წილს ქმნის, რაც საბინაო რესურსების არამიზნობრიობასა და ადგილობრივი მოსახლეობის საბინაო პირობების გაუმჯობესების არასათანადო ეფექტიანობაზე მიუთითებს:

„ამას თან ერთვის ბინების გარკვეული ნაწილის მკაფიოდ გამოხატული სეზონური გამოყენება, რაც ერთიანი საბინაო პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ პრობლემის ადექვატური გადაჭრის გზების შემუშავება ქალაქის სწორი ურბანული განვითარების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვევლინება“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

მეორე მხრივ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქალაქის საბინაო ფონდის მოცულობა თითქმის გასამმაგდა და საბინაო მშენებლობა თანამედროვე ბათუმის ზრდისა და გაფართოების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად იქცა.

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქალაქის საბინაო ფონდის მოცულობა 1.7 მლნ კვ.მ–დან 2 5 მლნ კვ.მ–მდე გაიზარდა“ – ვკითხულობთ კონცეფციაში
  • მაღალსართულიანი განაშენიანება და გამოწვევები

კონცეფციის მიხედვით, ბათუმში, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 180 ათას მოსახლეზე ნაკლებს ითვლიდა, დაახლოებით 100 000 საცხოვრებელი ერთეულია [ბინა, სახლი] აღრიცხული. ავტორები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ამ პროცესში მკვეთრად გაიზარდა მაღალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ხვედრითი წილი და მაღალსართულიანმა საცხოვრებელმა განაშენიანებამ როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, ისტორიულ უბნებშიც „შეაღწია“:

„თვალსაჩინო ცვლილებები შეიტანა მათ იერსახესა და ცხოვრების წესში და სერიოზული გამოწვევები შეუქმნა ქალაქის ამ ნაწილებს, ავთენტურობისა და ტრადიციული ურბანული თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. შესაბამისად, სხვადასხვა სიმაღლის, სიმჭიდროვისა და არქიტექტურულ–მორფოლოგიური თავისებურებების მქონე საბინაო ერთეულების სწორი, დასაბუთებული და მიზანშეწონილი განაწილება გენერალური გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა“. 

„ახალი ბათუმი“ ძველ ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კონცეფციის მიხედვით, ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, შემდგომი ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში ახალი საცხოვრებელი ფონდის მშენებლობა და ძველის მოწესრიგება განსხვავებული მასშტაბებით, ინტენსივობითა და ფორმატით უნდა განხორციელდეს:

„ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე ისტორიულ არეალებში, უკვე ჩამოყალიბებული განაშენიანებითა და გეგმარების ტიპით, ძირითადად სწორკუთხა საქალაქო კვარტლების სახით, საჭიროების შემთხვევაში განხორციელებული ახალი საცხოვრებელი განაშენიანება [მკვეთრად] არ უნდა აჭარბებდეს შენობების არსებულ ზღვრულ სიმაღლეებს და სრულად უნდა ეწერებოდეს არსებულ ურბანულ ქსოვილში.

ამასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებული დაბალსართულიანი მოძველებელი და ამორტიზებული საცხოვრისის, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული კულტურულ ისტორიული ღირებულება და სტატუსი, განაშენიანების მოწესრიგება-რეკონსტრუქციის ფარგლებში, შესაძლოა სიმჭიდროვისა და სიმაღლის რეზონული ოდენობით გაზრდა და არსებული სამშენებლო ღრეჩოების [gap] შევსება. თუმცა ზოგადად, ასეთ არეალებში საცხოვრებელი განაშენიანება უპირატესად საშუალო სიმაღლის იქნება“ – ვკითხულობთ კონცეფციაში. 

კონცეფციის ავტორების რეკომენდაციით, ქალაქის სხვა, უკვე ფორმირებულ უბნებში ახალი საცხოვრებელი განაშენიანების სიმაღლე შესაძლებელია უფრო მეტი იყოს, თუმცა უნდა ექვემდებარებოდეს მოსახლეობისა და განაშენიანების უკვე მიღწეულ სიმჭიდროვის, კომუნალური ინფრასტრუქტურითა და ქსელებით უზრუნველყოფისა და სოციალური, სატრანსპორტო საშუალებებით მხარდაჭერის მაჩვენებლებს: „ბათუმს ასევე აქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების განთავსების პოტენციალიც ქალაქის სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე.“

  • ბინა როგორც სოციალური სიკეთე და არა კომერციული პროდუქტი

კონცეფციის ავტორები თანხმდებიან, რომ ბინის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური სიკეთის და არა მხოლოდ მენაშენის მიერ შექმნილი კომერციული პროდუქტის კონცეპტის ახლებური გააზრება და დამკვიდრება აუცილებელი იქნება ქალაქის მომავალი განაშენიანება–განვითარების დროს, რადგან ბინებს, როგორც საბაზრო პროდუქტის და მოსახლეობის რეალურ მსყიდველუნარიანობას შორის არსებული მკვეთრი სხვაობა ქმნის სოციალური სეგრეგაციის საფრთხეს და საქალაქო სივრცის ფრაგმენტაციის გაღრმავების წინაპირობას:

„ბათუმის საბინაო სექტორში ასეთი საერთო ვითარების ფონზე მნიშვნელოვანია ქალაქს გააჩნდეს ერთგვარი სოციალური საცხოვრებელი ფონდი, რომელიც მოწოდებული იქნება მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ და მოწყვლად ჯგუფებსა და ოჯახებს საბაზრო ფასებზე გაცილებით შეღავათიანი პირობებით მიაწოდოს საცხოვრებელი ფართი, რათა თავიდან იქნას აცილებული უსახლკარობა, არასათანადო საცხოვრებელში ბინადრობა და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მარგინალიზაცია.

„დამოუკიდებლობის წლებში ქალაქში არ განხორციელებულა რამე ნიშანდობლივი პროექტი ან პროგრამა სოციალური საცხოვრისის შესაქმნელად“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

ეს ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ ავტორებს გამორჩათ, რომ მერიას გარკვეული ფართობი უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ათეულობით სამშენებლო პროექტზე კ2 კოეფიციენტის მატების შედეგად, რადგან კანონი ასეთი შეთანხმების შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიის საბინაო ფონდში გადაცემა-დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

„ამავე დროს, ბოლო პერიოდში წარმოქმნილმა სამშენებლო ბუმმა შესაძლებლობა მისცა მერიას კერძო მენაშენეების მიერ საცხოვრებელი სახლების სახით აშენებული საბინაო ფონდის 10% დაიტოვოს თავის განკარგულებაში და გამოიყენოს ისეთი ოჯახების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც არასათანადო სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავად ვერ ახერხებენ ღირსეული საბინაო პირობების შექმნის უზრუნველყოფას.

დღეს მერიას რამდენიმე ათეული ათასი კვ.მ–ის მოცულობის ასეთი რეზერვი გააჩნია, რაც მეტად მნიშვნელოვან რესურსად უნდა ჩაითვალოს უსახლკარო და მოწყვლადი ოჯახების, განსაკუთრებით ავარიულ შენობებში მცხოვრებლების, დასაბინავებლად. გარდა ამისა, ამ ფონდმა საშუალება უნდა მისცეს ქალაქის ხელისუფლებასა და მენაშენეებს განახორციელონ ამორტიზებიული და მოუწესრიგებელი საცხოვრებელი განაშენიანების გაუმჯობესება, ასეთ არეალებში მცხოვრები ოჯახების ბინების ჩანაცვლების გზით. ეს განსაკუთრებით საშური იქნება ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებში მდებარე ძველი, არასათანადო საცხოვრებელი განაშენიანების შემთხვევებში“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

კონცეფციის ავტორები ვერ აკონკრეტებენ, რამდენი კვ.მეტრი ბინის ფართობი დაირეგისტრირა უკვე მერიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობის შედეგად და რამდენი უნდა დაირეგისტრიროს მომავალში უკვე არსებული შეთანხმებების შესაბამისად. კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს ფართობი რამდენიმე ათეული ათასია.

„ბათუმელებმა“ არაერთხელ ჰკითხა მერიას ამ ფართობის დაახლოებითი მოცულობის შესახებ, თუმცა ამ კითხვაზე მერიაში არც ჩვენ გვიპასუხეს.

ბათუმი, 2025 წელი
  • როგორ ზრდის მშენებლობის ბუმი ქალაქის დანახარჯებს

კონცეფციაში კარგად არის გაანალიზებული, რა შეიძლება მოუტანოს ქალაქს ბინების გაყიდვით მიღებულმა მყისიერმა პოზიტიურმა გავლენამ ეკონომიკაში.

„მიუხედავად ბინებით ვაჭრობის მყისიერი დადებითი გავლენისა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი შემდგომი ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურაზე და საგზაო სისტემებზე გაწეულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება. ასევე, არაპირდაპირი მოთხოვნით გამოწვეული მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი ხელს უწყობს საქალაქო და საგარეუბნო სივრცეების/გარემოს დეგრადირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე მოსახლეთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საბინაო მშენებლობის შეზღუდვა-რეგულირება და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიგნით არსებულ იმ ტერიტორიულ რესურსზე, რომლის სოციალური და ეკონომიკური ღირებულება არ არის მაღალი სხვა ფორმით გამოყენებისათვის და სასიკეთოა არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისათვის“ – წერია კონცეფციაში.

კონცეფციის მიხედვით საერთო ჯამში, 2035 წლამდე ბათუმში ახალი საცხოვრებელი ფონდის მშენებლობისათვის 250 ჰექტარი ტერიტორია განისაზღვრა. კონცეფცია ახალ მნიშვნელოვან საცხოვრებელ არეალებად მოიაზრებს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას, მთისძირის და „ბენზეს“ ტერიტორიას.

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს.

საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.

ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ განმეორებით და აკისრებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.

იმავე ადგილას იმავე სტენსილის გამო აქტივისტი პირველად 17 თებერვალს 2000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ 22 მაისს, მესამედ კი – 5 ივნისს.

„ასევე, ზუგდიდის მერიის კედელზე დავხატე პინგვინები ადრე და გაისუსნენ, მაშინ დავალება არ ჰქონიათ სუსისგან“ – წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე.

ფოტო: როსტევან ზარანდია

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ხანგრძლივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად.

ევროპის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება 13:00-17:00 საათამდე.

რა დახვდება ღონისძიებაზე მისულ სტუმარს

  • EU პროექტების სივრცეში ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან – თანასწორობამდე.
  • თამაშში „წიგნების თარო“ – შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ ახალგაზრდებს და აღმოაჩინოთ ევროკავშირის ისტორია და ლიტერატურა საინტერესო და სახალისო გზით.
  • დაგეგმილია აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
  • ევროპის დღის მარკეტზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქცია და დაათვალიეროთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის ბენეფიციარების მიერ.

შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასს – „თვალით დანახული ისტორია – ვიზუალური ამბის თხრობა”.

ასევე, შეძლებთ დაესწროთ აჭარული ტრადიციული ქარგვის ვორქშოპს, ოსტატ მზევინარ ირემაძესთან ერთად ან გემთმშენებლობის კრეატიულ ვორქშოპს და ააწყოთ თქვენი გემის მოდელი და დაათვალიეროთ გემების მოდელების გამოფენა „აფრა”.

თუ გაინტერესებთ როგორ იქმნება ელექტრონული მუსიკა, შეუერთდით საბა აზნარაშვილის ვორქშოპს „შენ ქმნი მუსიკას“.

15:00 საათზე კი ევროპის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ველომსვლელობა გაიმართება. 

ველომსვლელობის შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია [შადრევნების მხრიდან]. მათთვის, ვისაც ველოსიპედი არ ჰყავს, პირველი 30 მსურველი ველოსიპედით სარგებლობას უსასყიდლოდ შეძლებს.

ველოსიპედის მსურველებმა თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობის გარეშე ველოსიპედი არ გაიცემა.

ევროპის დღეები ბათუმში 18:00 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ცოცხალი მუსიკით დასრულდება, ჯგუფების – Killages და Mechanical Rainbow-ს კონცერტით.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ასევე ხვალ, 21 ივნისს, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიხსნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „პორტო ფრანკო“, რომელზეც ისაუბრებენ ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე, ეკონომიკის კვლევის პოლიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი ზაზა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიგი გიგიაძე. შეხვედრის მოდერატორი ციალა ქათამიძეა.

ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება.

Exit mobile version