მთავარი,სიახლეები

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

03.03.2022 • 4764
რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს.

ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას უარი რუსული გაზის მოხმარებაზე? რა ალტერნატიული რესურსები არსებობს მსოფლიოში ამ მხრივ ევროპისთვის? რამდენად რეალურია გავრცელებული აზრი, რომ რუსეთი შეუცვლელი ენერგოექსპორტიორია ევროპისთვის, როგორც ამას რუსული მხარე უსვამს ხშირად ხაზს?

ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე საუბრობს.

  • ბატონო ალექსანდრე, რამდენადაა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული ენერგომატარებლების ექსპორტზე?

ენერგეტიკა პრაქტიკულად ერთადერთი ძირითადი შემოსავალია რუსეთისთვის. მაგალითად, მხოლოდ ნავთობის ექსპორტით რუსეთის შემოსავალი 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, იყო 174 მილიარდი დოლარი.

იმავე წელს 40 მილიარდი ჰქონდათ გაზის ექსპორტით. რუსეთის ეკონომიკას ნავთობის ექსპორტი განაპირობებს.

პუტინი ცდილობდა სხვადასხვა ბიზნესში ფულის დაბანდებას რუსი მილიარდერების მეშვეობით, რომ რაღაც შემოსავალი მაინც მიეღო სხვადასხვა სექტორიდან, მაგრამ სანქციები ამოქმედდა, ამიტომ ეს აღარ გამოვა.

  • თქვენი შეფასებით, მძიმედ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები?

სანქციები უმძიმესია. მართალია, მარტო ეს სანქციები უკრაინას ვერ გადაარჩენს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ახლა სამხედრო დახმარება, მაგრამ რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, იმ ფორმით, როგორც ის არსებობს, აღარ იარსებებს.

ახლა ბანკებში რუსეთის ავუარების გაყინვა (ავუარი – ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, საზღვარგარეთის ბანკში არსებული რეზიდენტი ბანკის ანგარიშზე განთავსებული სახსრები უცხოურ ვალუტაში, ცალკეული პირის ან დაწესებულების ანაბარი საზღვარგარეთის ბანკში), ასევე ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვისა და მისი სავალუტო რეზერვების გაყინვა, სანედლეულო ბაზრებიდან რუსეთის გაგდება, მთლიანად დაშლის ამ ქვეყანას. არ დაგვავიწყდეს – სანედლეულო ბაზრების 99 % ორ ქვეყანაშია: აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში.

ჩემი ვარაუდით, ამ სანქციებით რუსეთს ზაფხულში დეფოლტი არ ასცდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე

  • მედვედევმა სანქციების დაწესების შემდეგ თქვა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მეტის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობისას უწევდა. ეს რამდენად რეალურია?

არა, ეს რეალური არ არის. გაზი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაძვირდეს სანქციების პირობებში ევროპელებისთვის, მაგრამ გაძვირდება მცირედ. არავითარი 2000 ევრო გაზის გადასახადი არ გახდება, ეს შეუძლებელია. რაც მედვედევს ჰგონია, ის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. დაშინების მეთოდით მოქმედებენ.

  • ევროპის ქვეყნები რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამ რესურსის რა მარაგები აქვთ მათ ახლა?

ევროკავშირს შიდა, ერთიანი ბაზარი აქვს, მოგეხსენებათ. საიდანაც არ უნდა შევიდეს გაზი, მერე შიდა ქსელში ნაწილდება ქვეყნებზე.

ევროკავშირის გაზის გამანაწილებელი კავშირის სისტემა ყველაზე უფრო დაქსაქსული ქსელია. ყველაზე მეტი გაზსაცავი აქვს გერმანიას და საფრანგეთს. მერე მოდიან დანარჩენი ქვეყნები. გაზის საცავები მთლიანად რომ გაავსოს ევროპამ, ერთი წელი ეყოფა.

  • გაზის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროები რომელია ევროპისთვის?

ევროპას  დაახლოებით 42 გაზის მიმწოდებელი ჰყავს, მათ შორის, 2 მილსადენით იღებენ გაზს ალჟირიდან, ერთი მილსადენი მიდის ესპანეთში, მეორე – სარდინიის გავლით პირდაპირ იტალიაში. ამიტომ იტალიას ყველაზე ნაკლებად ეშინია გაზის შეწყვეტისა და ემბარგოსი.

  • შეუძლია ევროპას  უარი თქვას რუსული გაზის მოხმარებაზე? რა ალტერნატიული რესურსები არსებობს მსოფლიოში ამ მხრივ ევროპისთვის?

დიახ, ევროპას აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აუაროს გვერდი რუსეთს, როგორც გაზის მიმწოდებელს.

ევროპამ დაკეტა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, მაგრამ შეუძლია ასევე დაკეტოს „ჩრდილო ნაკადი 1“. ტყუილად არ აშენებულა სამხრეთის გაზის დერეფანი.

ეს არის აზერბაიჯანიდან მიმავალი გზა, რომელიც გადის ტრანსანატოლიის გაზსადენზე, ტრანსადრიატიკის გაზსადენზე, შემდეგ იყოფა ორად საბერძნეთში:

  • ერთი მილი მიდის ბულგარეთში და უერთდება ევროპის გაზსადენს
  • მეორე შედის იტალიის ქალაქ ბრინდიზიში

აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამხრეთის გაზის ამ დერეფნის სიმძლავრე.

სასწრაფოდ მოსაგვარებელია შემდეგი რამ: უნდა დალაგდეს ურთიერთობა ირანთან და მათი რესურსით შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსული გაზი.

მოგეხსენებათ, გაზის მარაგებით რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში, მეორე ქვეყანაა ამ მხრივ ირანი, მესამე კი – კატარი.

შენდება ასევე ორი ტერმინალი, რათა გათხევადებული გაზი მიიღოს ევროპამ, ეს იმიტომ, რომ არსებული ტერმინალების სიმძლავრე, რომლებიც პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშია, არასაკმარისია.

ამის დასაძლევად აბსოლუტურად შესაძლებელია, ვთქვათ, ორი წლით სანამ ეს ტერმინალები აშენდება, სასწრაფოდ გაზარდონ გაზის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში.

ბრიტანეთს, ჰოლანდიასა და ნორვეგიას საერთოდ არ სჭირდება რუსული გაზი, მათ შეუძლიათ, როგორც ვთქვი, ჩრდილოეთის ზღვაში ჭაბურღილებით გაზის მოპოვება გაზარდონ ორი წლით, ზემოთ ხსენებული ორი გაზსადენის აშენებამდე.

  • გამოდის, ევროკავშირის ქვეყნების გაზის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი კი არა, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და ჰოლანდიაა, ანუ ზემოთ ხსენებული ჩრდილოეთის ზღვიდან მომავალი ნაკადი.

დიახ. ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთის წილი 38%-ია და 40% მოდის ჩრდილოეთის ზღვიდან.

გასაზრდელია ალჟირის ნაკადიც – ამ შემთხვევაში მილსადენები შესაძლებელია უფრო დაიტვირთოს. მოკლედ, გაზმომარაგების თვალსაზრისით ევროპას მანევრირების ბევრი გზა აქვს.

შვეიცარიამ საერთოდ უარი თქვა რუსულ გაზზე. ისინი მაზუთსა და ელექტროენერგიას იყენებენ.

  • რამდენია რუსეთის პროცენტული წილი ნავთობის მსოფლიო ექსპორტში და ამ ქვეყანაზე ნავთობდამოკიდებულებას როგორ დააღწევს თავს ევროპა?

მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 20%-ია რუსეთის, ამის ამოვსებას არაფერი უნდა. ტყუილად ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ვერ მოევლება. ეს თავად რუსეთის მიერ შექმნილი მითია.

ჭკვიანური მართვით ნამდვილად მოევლება, მანევრის შესაძლებლობა მსოფლიოს აქვს. რუსეთის ნავთობის მარაგი მეშვიდეა მსოფლიოში, სამეულში ვერ შედის. პირველ ადგილზე არის ვენესუელა ამ მხრივ, მეორეზე – საუდის არაბეთი, მესამეზე – ირანი.

რუსული ნავთობის ჩანაცვლებას არაფერი უნდა, ამისთვის OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) უნდა გაზარდოს არაბული და სხვა ქვეყნების კვოტები დღიურ მოპოვებაზე.

რუსეთს ჰქონდა 12 მილიონი ბარელის მოპოვების უფლება დღეში და საუდის არაბეთს უნდა გაეზარდოს ეს მაჩვენებელი 16 მილიონ ბარელამდე დღეში, უნდა გაიზარდოს ასევე კატარის, ნიგერიის, ანგოლას კვოტები.

ამ გზით შეიძლება საერთოდ ნულზე დაიყვანონ ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან.

აშშ-მ რომ გაზარდოს ე.წ. ფიქლის ნავთობისა და ფიქლის გაზის წარმოება, ნავთობის არავითარი პრობლემა არ ექნება.

გარდა ამისა, არსებობს გაერთიანებულ სამეფოში დანერგილი ძალიან საინტერესო ტექნოლოგია – ნახშირისგან საწვავის მიღება.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თხევადი საწვავის – ბენზინისა და დიზელის 60% ნახშირისგანაა წარმოებული. ეს მეთოდი ინგლისელებმა მაშინ მოიგონეს, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ნავთობის წყარო გადაეკეტათ.

რუსეთის ჩანაცვლება ენერგობაზარზე არ არის მარტივი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია.

ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვენესუელაა, იქ შეიძლება დალაგდეს ურთიერთობები და გაიზარდოს მოპოვება. ზემოთ ვახსენეთ  საუდის არაბეთი, თუ კვოტები გაეზრდებათ, მათ არაფერი უშლის ხელს გაზარდონ ნავთობმოპოვება, ინფრასტრუქტურა აქვთ.

ანგოლას, ნიგერიას, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს – ამათ ყველას აქვთ ნავთობმოპოვების გაზრდის რესურსი, იმიტომ, რომ OPEC-ის ანუ შუა აღმოსავლეთის ქვეყნები აქამდე ატარებდნენ ნავთობის რესურსების დაზოგვის პოლიტიკას. თან ამ ქვეყნებს, რუსეთისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალი ხარისხის ნავთობი აქვთ, იგივე ირანის ნავთობი, მაგალითად, ბევრად მაღალხარისხიანია.

  • ნახშირის, როგორც ენერგორესურსის, რა ალტერნატივები არსებობს მსოფლიოში რუსეთის საბადოების გარდა?

რუსეთი არ არის ნახშირის მომპოვებელი წამყვანი ქვეყანა, ამ მხრივ წამყვანი ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთია. რუსული ნახშირის ჩინური და ინდური ნახშირით ჩანაცვლებაც ძალიან მარტივია.

  • თუ არსებობს საფრთხე, რომ სანქციების დაწესების პარალელურად რუსეთმა ახლავე შეუწყვიტოს ენერგორესურსების მიწოდება ევროპას?

პირიქით, იხვეწება ახლა რუსეთი, რომ ვინმემ მისი ნავთობი იყიდოს. ვნახეთ, რომ რუსული ნავთობის ყიდვაზე ჩინეთმაც უარი თქვა. ამგვარად ევროპამ რუსეთს დაუკეტა ნავთობის ფანჯარა და უარი თქვა ჩინეთმაც.

პოლიტიკური მესიჯია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებაც.

საინტერესო რამეს გეტყვით, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“ 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გასულიყო  წელიწადში ევროპისკენ, უკრაინის გავლით ახლაც გადის 95 მილიარდი კუბური მეტრი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით”.

პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთგვარი შურისძიებაა. იყო ე.წ. 2006 და 2009 წლის „გაზის ომები” უკრაინასა და რუსეთს შორის.

უკრაინა არ ატარებდა გაზს დაბალი ტარიფის მოთხოვნით, მაგრამ როცა ეს საკითხი მოგვარდა, პუტინმა არ დაივიწყა უკრაინის შეუვალობა და ახლა იძიებს შურს.

ცხადია, მას აქვს ძირითადად გეოპოლიტიკური ზრახვები, მაგრამ ამასთან ერთად ეს არის ომი იმისთვისაც, რომ ძირითად ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დაადოს ხელი რუსეთმა მსოფლიოში.

  • თუ განვითარებული მსოფლიო უარს იტყვის რუსულ გაზსა და ნავთობზე, სად წაიღებს მაშინ რუსეთი ამ მარაგებს?

არსად. მოუწევს ჭაბურღილების ჩაკეტვა, მაგრამ ბოლომდე უარის თქმა არ შეიძლება, მთლიანად არა, ნახევრად მშიერი უნდა დატოვონ რუსეთი, თორემ წითელ ღილაკს დააჭერს პუტინი. ევროპას მოუწევს დანის, გნებავთ სამართებლის წვერზე გავლა. იმედი მაქვს, ისინი ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით ჭკვიანურად მოიქცევიან.

  • ე.წ. ნაბუკოს მილსადენის სავარაუდო პროექტში ტრანსკასპიური მილსადენის გაყვანის საკითხი განიხილებოდა თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე. იყო იმედი, რომ ეს თურქმენულ გაზს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გასვლის შესაძლებლობას მისცემდა

ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი ძალიან დასუსტდება. თურქმენეთს შეუძლია გაზის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის მეშვეობით. თუ რუსეთს გადაუკეტეს გზა, ეს ნიშნავს, რომ თურქმენეთსაც გადაუკეტეს. თუ მდგრადად გაჩერდა ეს სიტუაცია და რუსეთი დასუსტდა, მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს თურქმენეთი ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობაზე. ძლიერი რუსეთის პირობებში ეს შეუძლებელია.

მაგრამ თურქმენეთიდან გადის პაკისტანსა და ირანში გაზსადენის მილი და შესაძლებელია გავიდეს ეს მილი ახლო აღმოსავლეთში – კატარში, მერე კი გათხევადებული გაზი მიეწოდოს ევროპას.

  • რუსეთი 10 ქვეყანაში ფლობს ელექტროსადგურებს, გამანაწილებელ კომპანიებს და ელექტროენერგიის მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა. ელექტროენერგიის რა ალტერნატივა არსებობს ევროპისთვის?

ევროპაში ელექტროენერგიის პრობლემა არ არის, საფრანგეთი, გერმანია და ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც გაზრდიან ელექტროენერგიის წარმოებას.

რუსეთი ნამდვილად ფლობს ელექტროსადგურებს, მაგრამ როცა იყინება ავუარები, ქვეყნებს რუსეთის ელექტროსადგურების ნაციონალიზაციის ბერკეტი აქვთ. თანაც რუსეთი ამ ელექტროსადგურების 100%-იანი მფლობელი არ არის, არავინ დაახურინებს რუსეთს ელექტროსადგურებს. იმავე ელექტროსადგურების მფლობელები ადგილობრივი აქციონერებიც არიან სახელმწიფოს სახით.

სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ნაციონალიზაციის ბერკეტი – სახელმწიფოს შეუძლია ძალით გააყიდვინოს ავუარები რუსეთს და მერე შეუძლია ეს ფული გაუყინოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: