წელს ადრე გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, გურიასა და იმერეთში უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ქონებას, ასევე, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს.
ბიზნესს ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიდგა – ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები.
კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს.
„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, განურჩევლად იმისა, მსხვილი ბიზნესი იყო, საშუალო თუ მცირე და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებასაც კი ვერ შეძლებდა.“
აჭარაში ბევრი ბიზნესკომპანია თანამშრომლობს „ჯიპიაი ჰოლდინგთან“. ამ კომპანიების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა წლევანდელმა დიდთოვლობამ. მათგან ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი კომპანია „მოდუსმა“ მიიღო, რომლის პროდუქციის საწყობები და მარაგები იყო „ჯიპიაიში“ დაზღვეული.
ჰიპერმარკეტი „მოდუსი“
„დიდთოვლობამ გარკვეული ზიანი მიაყენა ჩვენს კომპანიას. კერძოდ, დაზიანდა ჩვენი საწყობი და შესაბამისად, საწყობში არსებული პროდუქციის ნაწილიც.
ამ შემთხვევამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ქონების დაზღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ მოულოდნელი ხარჯები დაზღვევამ აგვინაზღაურა და დაგვეხმარა საქმიანობის გაგრძელებაში“ – ამბობს თამთა დარჩიძე, „მოდუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თამთა დარჩიძე მიიჩნევს, რომ დაუზღვეველი საქმიანობის შემთხვევაში, პრობლემას, ძირითადად, წარმოადგენს ის, რომ საქმე ეხება მოულოდნელ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს და გარდა ამისა, შეიძლება ამან მუშაობის პროცესის შენელება და რიგ შემთხვევაში გაჩერებაც კი გამოიწვიოს.
ჰიპერმარკეტი „მოდუსი“
კომპანია „მოდუსი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უდიდესი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანიას ბათუმსა და თბილისში განთავსებულ 6 ფილიალში დასაქმებული ჰყავს 1500-ზე მეტი თანამშრომელი.
გარდა ფიზიკური ჰიპერმარკეტებისა, კომპანია ფლობს ელექტრონული გაყიდვების პლატფორმა modus.ge-სდა შეძენილ პროდუქციას მთელ საქართველოში აწოდებს მომხმარებელს. „მოდუსი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ექსპორტირებულ პროდუქციას ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ.
„მოდუსი“ ისეთი ბრენდების ოფიციალური შემომტანია ქართულ ბაზარზე, როგორიც არის: Betek, Vievo, Panasonic, Roca, Firat, Dell, Nippon და მრავალი სხვა. კომპანია 25 წელზე მეტია მუშაობს ქართულ ბაზარზე.
„მოდუსი“
კომპანია ასევე აქვს საკუთარი საწარმოო ხაზი – „დარკაპიტალი“, რომელიც აქვე, საქართველოში ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილ ქარხანაში ამზადებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ქართველი და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
„ჯიპიაისთან ვთანამშრომლობთ 10 წელზე მეტია. ამ შემთხვევაში, ზარალი აგვინაზღაურეს 500 000 ლარის ოდენობით.
აქამდე მსგავსი მასშტაბის ზარალი არ გვქონია. ჩვენ ვთვლით, რომ ქონების დაზღვევა არის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია კომპანიისთვის, ვინაიდან, როგორ აღვნიშნე, გვეხმარება გაუთვალისწინებელი ზარალის ანაზღაურებასა და ასევე, მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებაში“- ამბობს თამთა დარჩიძე.
„მოდუსი“
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.
დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:
„6 მილიონილარი ავუნაზღაურეთ ქართულ ბიზნესსდა ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.
ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.
გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.
ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.
მოდუსის ერთ-ერთი საწყობი
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.
ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.
„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.
„სისტემამ მოკლა ონისეს მამა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. ნერვიულობისგან საკუთარი სახლის ჭიშკართან დაარტყა და ჩაიკეცა,“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ტელეკომპანია „პირველს“ ციხიდან ტელეფონით ჩაერთო და ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
„არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რამეს გვიყვებოდა, უნახავად ვიცნობდით.
ტიპური იმერელი, უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი. მარტო მამაშვილური კი არა, ძმაკაცური ურთიერთობა რომ ჰქონდათ. დედასთან ყოველი დარეკვისას მაშინვე რომ წაართმევდა ხოლმე ტელეფონს და იქიდან ამხნევებდა შვილს, როგორც შეეძლო.
ვერ წარმოიდგენთ, როგორი დარტყმა იყო. იმ დღეს ჩვენც მოვკვდით, გავტყდით, ერთი ვაი-ვიში გვქონდა, მაგრამ გათენდა მეორე დღე და ახლიდან გავცოცხლდით…. ახლა აღარაფერი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რას გიზამთ ყველას, ვისაც წვლილი მიგიძღვით ამაში.
ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით, მშობლებს რაღას ერჩით, თან რისთვის? აქციაზე დაჭერილებიდან უკვე მესამეს მოუკვდა მშობელი ამ რამდენიმე თვეში. გასკდა გული, აღარ დაგვრჩა ადგილი, სადაც არ დავჭრილვართ.
აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი. უსირცხვილო მოსამართლე კი დარბაზიდან გაძევებით გვემუქრება, თავისი ეგო რომ დაიკმაყოფილოს და მშობლების ნახვის ერთ-ერთ წყაროსაც გვიკეტავს“, – თქვა რეზო კიკნაძემ სატელეფონო ზარისას, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამა, გუშინ, 26 ივნისს იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ონისე ცხადაძის და კიდევ სხვა 10 პოლიტპატიმრის [ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, სერგი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი და რევაზ კიკნაძე] სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ოცნების პარლამენტის“ მიერ შეტანილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ამჯერად სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უგულებელყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს 2007-2013 წლების რეალობას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას.“
2025 წლის 26 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების რაოდენობა 9-დან 12-მდე იქნება, უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას საბჭოს მდივანი გაუძღვება, იზრდება სასამართლოს თავმჯდომარეების, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები და უფლებამოსილებები, ბრუნდება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა; უქმდება რომელიმე 6-თვიან პერიოდში საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევის აკრძალვა.
დისციპლინურ გადაცდომად ბრუნდება „მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება“ და უქმდება მოსამართლის მიერ დისციპლინური პროცესის გასაჯაროვების მოთხოვნის უფლება, იზრდება დისციპლინური სახდელისთვის გათვალისწინებული ზომა, კერძოდ, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა; ჯამში 5 წლამდე იზრდება მოსამართლის მივლინების ვადები; მოსამართლე ექცევა სრულ პროფესიულ იზოლაციაში. ცვლილებები კრძალავს მოსამართლესთან ფაქტობრივად ნებისმიერ პროფესიულ კომუნიკაციას მოსამართლის კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მართლმსაჯულებაიხურებამედიისადასაზოგადოებისათვის
სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია აიკრძალება და მისი ექსკლუზივი მხოლოდ სასამართლოს და მის მიერ ავტორიზებულ პირებს ექნებათ. მედიას და ჟურნალისტებს მიეცემათ სხდომის ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს. ჟურნალისტების მიერ ფოტოგადაღება სრულად იკრძალება. სასამართლო აქტები საჯარო გახდება შესაბამის საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების საჯაროობის ვალდებულება.
არსებითადიზრდებამოსამართლეთახელფასები
მოსამართლის ხელფასი დანამატების გარეშე მერყეობდა 4000-დან 7000 ლარამდე. ცვლილებებით, ხელფასი 10 512-დან 14 600 ლარამდე შუალედში გაიზრდება. [ციფრები მითითებულია დანამატების გარეშე]. შეიცვალა ანაზღაურების პრინციპი და მოსამართლის ხელფასი შესაბამისი წლის ბიუჯეტის საბაზისო თანამდებობრივ სარგოს დაუკავშირდა.[7.2-10 კოეფიციენტებით].
ორგანიზაციების შეფასებით განხილული ცვლილებებით სასამართლო სისტემაში ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მიიღწა ინსტიტუციურ დონეზე. კერძოდ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაიზარდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირების უფლებამოსილებები, მეორე მხრივ, კი შემცირდა ინდივიდუალური მოსამართლეების ისედაც მყიფე დამოუკიდებლობის გარანტიები:
„ამასთან, ანგარიშვალდებულების საბაზისო მექანიზმების შემცირებით, საზოგადოების მეთვალყურეობის მიღმა რჩება ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდგომი პროცესები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ღია სხდომაზე საქმის განხილვის უფლების ირიბი გაუქმება, სასამართლოს მთელს ტერიტორიაზე ვიდეო/ფოტო გადაღების აკრძალვით.
ეს განსაკუთრებით დააზიანებს „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მათი სასამართლო პროცესების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობას.
მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა დროს განხორციელებული პოზიტიური რეგულირებები „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად გააუქმა.
მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებები არსებითად აუარესებს სასამართლოს ინსტიტუციურ მოწყობას, არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებს.
ამავე დროს, ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირებს ირიბად ართმევს მათი საქმის საჯარო განხილვის უფლებას.“
განცხადებას ხელს აწერენ:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა — კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.
იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთი პროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოს ზიანს მოუტანდა.
„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურების გამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყო ტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევა და დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდე მოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო გამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდით და კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.
დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშა ინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.
საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმო აქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდ განახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO₂-ის ემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.
ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც — კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდი მომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრე თიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებას დაუდო სათავე“.
ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ და თიბისის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადეს პრაქტიკული აქსესუარი — ეს არის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ეს ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტად გვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრ კომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი“.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფრო პრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურის დამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ და შემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივნისის 21 საათიდან 28 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 ივნისს დღისით და მომდევნო 2 დღეს [30 ივნისს და პირველ ივლისს] მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის
წვიმა.
გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გარდა ამისა, თარგამაძეს 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოაცხადეს. სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა.
გივი თარგამაძე მეცხრე პოლიტიკოსია, რომელიც „ქართული ოცნების“ სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა.
გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თარგამაძე თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში.
პოლიციაში წასვლამდე პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
„ახლა გადავალ, რაც ახლოსაა, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით ისაზღვრება და როგორ ისაზღვრება, კაცმა არ იცის. დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება, მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან… მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? – ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა…“ – თქვა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძე იყო ჰააგის სასამართლოში მთავარი მოწმე და მისი ჩვენების შედეგად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე დაკავების ორდერები გასცა.
“მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო. ამჟამად მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოში.
იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა „ქოცური“ მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე“, – თქვა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე.
დღეს, 27 ივნისს, გაკეთებულ კომენტარში, გივი თარგამაძემ დააზუსტა, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობას ჰქონდა რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ გააკეთა.
„მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცავებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაკითხონო. მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. ამაფეთქეს რუსებმა… მაქვს უფლება, რომ მეგონოს.
ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ მაწვებიან“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძე მერვე პოლიტიკოსია, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით ჰყავთ დაკავებული.
ამ დრომდე დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.
გივი თარგამაძე 2016 წელს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს მძღოლთან ერთად. აფეთქება თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანაში წინასწარ იყო მოთავსებული და ის მოძრაობისას აფეთქდა.
პოლიტიკოსმა და მისმა მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 016 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
ტანკი – 10 969 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 896 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 29 630 ერთეული [+13]
MLRS – 1 425 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 240 ერთეული [+87]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 53 284 ერთეული [+89]
სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
65 677 უპილოტო საფრენი აპარატი
612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 050 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 646 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 320 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო საქმეების ასოციაცია ჩნდებოდა და არაფერი დანაშაულებრივი „მათ საქმეში“ არ ფიქსირდებოდა.
როგორ აქციეს კეთილსინდისიერი მოქალაქეები ისეთ „დამნაშავეებად“, რომ მათ რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ მოსაზრებები ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გაუზიარა.
ბატონო გიორგი, გასული წლის ნოემბრის შემდეგ, უწყვეტი პროტესტის ფონზე დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს ან სასჯელის მოლოდინში არიან სტუდენტი, მსახიობი, ექიმი, სცენარისტი, ინფლუენსერი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც ასევე უმკაცრესი სასჯელით, 4-დან 7 წლამდე უპირებენ დაპატიმრებას… მათ შორის ბევრი წარმატებული, ცნობილი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია. რას გვაჩვენებს ეს, ვინ ამოიღო რეჟიმმა მიზანში?
ძალიან ძნელია თქვა, რა პრინციპით არჩევენ, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი ჰყავდეთ: ცნობილი ჟურნალისტი, მსახიობი, პოეტი და ასე შემდეგ, ყველა კატეგორიის ადამიანი, ახალგაზრდები…
ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ შენდება და დგება, პროცესში ვიმყოფებით, სახეზეა უკვე ავტორიტარიზმი, დემოკრატიული უფლებები, თავისუფლებები მაქსიმალურად იზღუდება, ყოველდღიურად იღებს მმართველი პარტია ახალ კანონებს, რომელიც უკვე დემოკრატიაში კი არა მიმსგავსებულშიც აღარ ჯდება, ეს არის ტიპური დიქტატურა, დიქტატურისკენ სვლა.
სამიზნე ალბათ არის ყველა ის ადამიანი, ვინც მათ უპირისპირდება, არ ემორჩილება, არ იზიარებს მათ შეხედულებებს. რა შეხედულებების გაზიარებაზეა აქ ლაპარაკი, ძნელია, იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაც ღირებულებითი ერთობა, რაც აერთიანებს ავტორიტარულ რეჟიმს დღევანდელ საქართველოში, ეს არის მათ მიერ შეთხზული შეთქმულების თეორია.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს იდეოლოგიური გაერთიანებაა და მათ დიდი მიზნები აქვთ, სამომავლო მიზნები, იქნება კომუნიზმის აშენება თუ არიული რასის გაბატონება და ასე შემდეგ. ეს არის ახლახან შეთხზული შეთქმულების თეორიები, რომლის მიზანია მოახდინონ როგორც შიდა ინტეგრაცია, ასევე განეიტრალება, ლიკვიდაცია ყველა იმ ადამიანის, ვინც მათ არ ემორჩილება, ან რაღაც ფორმით წინააღმდეგობას უწევს.
აქ მნიშვნელოვანი მგონია ერთი ასპექტი, რომ რეალურად დიქტატურა და ავტორიტარიზმი ყველას წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის თავად მათ წინააღმდეგაც.
შიდა ტერორი, შიდა წმენდები არის დიქტატურის შიდა განზომილება. ის ხალხი, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად გამოდის რეპრესიების მომხრედ, მათივე სისტემის მიერ აუცილებლად იქცევიან თვითონ დამნაშავეებად და არა ის, რომ დემოკრატია რომ გაიმარჯვებს, მერე მოხდება მათი გასამართლება… თვითონვე დაერევიან, ჩვენ ამ სიმპტომებს ვხედავთ.
ადამიანებს, რომლებსაც აქებდნენ, ადიდებდნენ და ზეცაში აჰყავდათ, დღეს თვითონ აცხადებენ მტრებად, დამნაშავეებად და იწყებენ მათ დევნას.
საბოლოო ჯამში, ყველა დიქტატურა საკუთარ თავს ჭამს, არ გვაქვს სხვანაირი შემთხვევა.
ნუ მოიტანენ მაინც და მაინც ჩრდილო კორეას მაგალითად, ცალკე სამყაროებს, რომელიც მართლაც რაღაც ისტორიულ კურიოზებს წარმოადგენს.
ასე რომ, სამიზნე ვინ არის? – აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს.
აი, დღეს, ვთქვათ, რომელიღაცა კომისიის თავმჯდომარე არის მათიანი, ზუსტად ის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იდეალურად შეასრულებს დავალებებს, ხვალ თვითონ დაჯდება ბრალდებულის სკამზე, მათ მიერვე, ამას არ სჭირდება რეჟიმის შეცვლა, ეს არის ავტორიტარიზმის და დიქტატურების შიდა სტრუქტურა და ამას ვერ შეცვლი.
და ეს შიდა წმენდის პროცესი, თუ სიმპტომებს მართლაც უკვე ვხედავთ, დიქტატურისკენ სვლას რატომ არ აფერხებს?
დიქტატურას სჭირდება მუდმივი პროცესი შიდა წმენდების, არა იმიტომ, რომ ვიღაცას გონება გადაუბრუნდა და შეიცვალა რამე, არა.
როდესაც ჩვენ ვქმნით პარანოიდულ სისტემას, შეთქმულებებზე, მოჩვენებებსა და ბოდვებზე აგებულს, ამის სამიზნე ხდება ყველა, გამონაკლისების გარეშე. აქ ერთგული და არაერთგული არ არსებობს, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. ახლო წარსულია. ხალხი, ვინც ამას მოესწრო, ჯერ კიდევ ცოცხალია, გავიხსენოთ როგორ ხდება – იქ კარგი და ცუდი, ჩემიანი და სხვისიანი არ არსებობს.
გავიხსენოთ, იაგოდა [სსრკ-ს სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1938 წელს] იქნება თუ ეჟოვი [სსრკ-ის სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1940 წელს]. ეჟოვისნაირი ერთგული შემსრულებელი ვერც წულუკიანი იქნება და ვერც კობახიძე. შემდგომში ყველა ხდება სამიზნე, მსხვეპლი საკუთარივე ხელით შექმნილი სისტემების, ეს არის დიქტატურების, ავტორიტარიზმების არსი.
დიქტატურაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. მაგალითად, პედაგოგი რამდენად საშიში შეიძლება იყოს, რომ მას 7 წლამდე პატიმრობა დაემუქროს და ეს მაშინ, როცა მკვლელებს გირაოთი უშვებენ? ეს ემსახურება პროტესტის ჩახშობას, დაშინებას თუ ორივეს ერთად?
თუ ჩვენ პროტესტის ნიმუშად ავიღებთ ქუჩაში გამოსვლა იქნება ეს თუ მანიფესტაციებში მონაწილეობა, ეს ისეთი ფორმებია, რომელიც მაინც და მაინც პერმანენტული ვერ იქნება… განწყობა ხომ არ შეცვლილა?! ის ასობით ათასი ადამიანი და მეტიც, არ გამქრალა და არც პოზიცია შეუცვლია.
ვიღაც წავიდა, ვიღაც დააპატიმრეს, დაასუსტეს, მაგრამ პოზიციები არ შეცვლილა.
ვხედავთ რაც ხდება, ვხედავთ რა ფატალური ნგრევის კურსზე არიან თვითონაც.
აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ავტორიტარიზმის და დიქტატორის – როდესაც ვქმნით პარანოიდულ სისტემას, ის საკუთარ მსხვერპლებს, საკუთარ მტრებს ქმნის, აუცილებლად მუდმივი მტრების გარემოცვაშია… პარანოია ამას ნიშნავს – ირგვლივ ყველა მტერია, მუდამ შეთქმულებაში იმყოფებიან, შესაბამისად თავის თავს დაერევიან, ეს არ დამთავრდება არასდროს, სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, ისინი მუდამ იქნებიან თვითნგრევასა და განადგურებაში.
არ ვიცი რამდენად გაუძლებს ეს პატარა, სუსტი ქვეყანა ასეთ ნგრევას.
„ოცნება“ აღარ ფრთხილობს, არ განიხილავს, რომ შეიძლება ერთ დღესაც ხალხი უფრო მეტად გაბრაზდეს ძალადობის, ჩაგვრის გამო?
ერთ წელზე მეტია არანაირი უკან გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს.
ხომ არის – ვაიმე, რას ვაკეთებო – ადამიანი რომ გაჩერდება, დაფიქრდება. აქ უკვე მანქანა მუშაობს, ეს არის განსხვავება.
პარანოიდული მდგომარეობიდან უკან დასახევი აღარ არსებობს, ეს არის მანქანა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს და საკუთარ თავს. ანუ ყველა მტერია, მათ შორის ისინი, ვინც დღეს მთავარი ჯალათები არიან და ბრწყინვალედ ასრულებენ დიქტატურის დაკვეთებს. ისინი არიან პოტენციური მტრები თავად ამავე სისტემის.
წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ირგვლივ მხოლოდ შეთქმულებას და მტრებს ხედავს. ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, მისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყველა პოტენციური მტერია.
ეს ვიცით ისტორიიდანაც და არაფერ განსაკუთრებულს და ორიგინალურს არ გვთავაზობს ეს ძალა. ეს რეჟიმი იმეორებს ავტორიტარიზმის და დიქტატურების მოდელებს.
ნუ წარმოვიდგენთ, რომ აქ ვიღაც „ზე ბრძენი ადამიანები“ სხედან, რომელთა გონებაც ისეთი მაღალია, რომ ადამიანურ ნორმებს სცილდება. ეს არის ავტო დესტრუქციის გზაზე მყოფი სისტემა, რომელიც აუცილებლად საკუთარ თავს ჭამს.
კიდევ ვიმეორებ, ეჟოვისნაირი საუკეთესო ჯალათი სტალინს არ ჰყოლია, ბერიაც, რამდენ ხანს იყო – დაახოცვინა 3 მილიონი ადამიანი და მერე დახვრიტა. დღეს რომელიღაც კომისია, რომელიც წარმატებით სჯის ხალხს, იჭერს, პოტენციურად უკვე მზად არის იმისთვის, რომ შემდეგი დასასჯელი თვითონ გახდეს.
რამდენად შორს წავლენ?
რასაც ვხედავთ, ეს არის მუდმივი გრადაცია, მატება, მატება, უარესი, უარესი, არაფერი ოდნავ უმჯობესობისკენ არ გამოჩენილა და ჩვენ ამაში ვიმყოფებით წელიწად-ნახევარია უკვე, აი, ამ დაჩქარებული ტემპით გაუარესებაში.
გარე ფაქტორებზე მინდა გკითხოთ, ბევრი საუბრობს მეთოდებზე, ანალოგებზე… „ოცნება“ რუსული დირექტივებით მოქმედებს?
თუ ფატები არ გვაქვს ხელში, ძნელია რამის თქმა. ფაქტია, რომ დღეს ამის დიდოსტატი მსოფლიოში, წამყვანი და ნიმუშის მიმცემი, არის რუსეთი, მაგრამ რამდენად მათი დირექტივებია, ამას ალბათ ოდესმე ისტორიკოსები თუ გამოიძიებენ, ისინი თუ აღმოაჩენენ და დაგვიდასტურებენ ამ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამათ არ გამოუგონიათ დიქტატურა და ავტორიტარიზმი არსებულის ნიმუშით. ეს გვაქვს ბელარუსში, აზერბაიჯანში, ირანში და რუსეთია, რა თქმა უნდა, მთავარი წყარო ავტორიტარიზმის.
ბუნებრივია, რომ ვიღაცის მიბაძვით ხდება. დღევანდელი ანალოგიები რომ ავიღოთ, ისინიც თვითონ იღებენ სხვა ანალოგიებს ახლო ისტორიიდან, ამას შორს წასვლა არ სჭირდება, თუმცა ერთი ერთზე, იგივე საბჭოთა რეჟიმთან შედარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალოგიაც შეიძლება ვნახოთ… იქ არსებობდა რაღაც რწმენა, ძლიერი იდეოლოგია, მე სტალინის პერიოდს ვგულისხმობ, კომუნიზმის მშენებლობა იქნება თუ ასე შემდეგ… ანუ, რაღაც მიზნები არსებობდა.
აქ კი არანაირი მიზანი არ არსებობს.
თქვენი აზრით, პოეტ ზვიად რატიანის სილა სოლიდარობის აქტი იყო?
ზვიად რატიანი არის ჩემთვის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი. მე მის მიმართ, რა თქმა უნდა, ვარ ძალიან სუბიექტური პიროვნულ დონეზეც და მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ის არის საუკეთესო ქართველი პოეტი, უზარმაზარი ლიტერატურის შემქმნელი, მთარგმნელი, გამორჩეული ადამიანია, რომლის დევნაც 2019 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს. შეურაცხყოფები, წამებები, დაკავებები… დოკუმენტური კადრია გადაღებული, როგორი ხდება მისი დაკავება, როგორ ურტყამს მთელი რაზმი პოლიციელების, როგორ უსწორდებიან და ძალადობენ…
რამდენჯერ დახვდნენ ტიტუშკები… როგორც ჩანს, რაღაცნაირად ხდება გამოკვეთა სამიზნის, ვისზეც უნდა იძალადო, ძალიან ძნელია აქ რაღაცა რაციონალური მიზეზის მოძებნა, რატომ მაინც და მაინც ეს ადამიანი ამოიჩემეს, გაუგებარია.
ანდრო ჭიჭინაძე, რომ იტყვიან, ბუზს არ ააფრენსო, ისეთი ადამიანია, გამორჩეული თავისი ჰუმანურობით, კეთილშობილებით და ასე შემდეგ. აი, რაღა მაინც და მაინც ის, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას… ხომ შეიძლებოდა ვიღაც „ძველი ბიჭი“ დაეჭირათ, ბუნებრივად რომ არის ადამიანში რაღაც აგრესიის პოტენციალი, მაგრამ ზუსტად საპირისპიროს რომ არჩევ და მას აბრალებ ძალადობას, ძალადობრივი ჯგუფის შექმნას და არ გაქვს არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცება, ვერავინ ვერ ასახელებს რა ჩაიდინა…
ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?
საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავისი პოზიცია. საზოგადოება ამას აკეთებს. მთავარი რაც არ უნდა გააკეთოს, მე მგონია, არის ის, რომ თვითონ არ უნდა გახდეს ისეთი, რის მაგალითსაც იძლევა მმართველი ძალა.
„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასია. „ოცნების“ მტკიცებით, საქართველოდან ადამიანები კი არ გარბიან, პირიქით, თითქოს იმდენად კარგი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის რაოდენობა, 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, 200 ათასით გაზრდილა, ბათუმში კი, რეკორდული მაჩვენებელია და მოსახლეობა ბოლო 10 წელში 53 %-ით გაიზარდა – 152 ათასიდან 235 ათასამდე.
ანალიტიკოსებს დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ სინამდვილეში მოსახლეობამ კი არ იხარა და იმრავლა – რუსები ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ. „ოცნების“ მთავრობა კი, წლების განმავლობაში მალავდა რეალურ მონაცემებს რუსეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში რეალური შემოდინების შესახებ.
„შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყო, ეს არ არის ცა და დედამიწა“, – ცდომილებას მოსახლეობის ზრდის სტატისტიკურ მაჩვენებელში „ბათუმელებთან“ ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა შავიშვილი. მან ისიც დაგვიდასტურა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზე მართლაც აისახება მიგრაციის მაჩვენებელი.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ზუსტი მონაცემი: უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში.
2026 წელს გამოაქვეყნებენ დაზუსტებულ მონაცემებს, სადაც დეტალურად გამოჩნდება – რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება იკლებდა – პირიქით უარყოფითი სალდო გვქონდა და დაახლოებით 4 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მიგრაციაშიც გვქონდა უარყოფითი სალდო – კლება იყო დაახლოებით 250 ათასი ადამიანი; ფიქსირდებოდა ისიც, რომ 16 წლამდე ბავშვებიც გადიოდნენ ქვეყნიდან, ანუ ოჯახებით ტოვებდნენ საქართველოს,“ – ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი ტყუილში ამხელს „ოცნებას“, მოსახლეობის აღწერის მონაცემებშიც.
გოგა თუშურაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI]“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელია.
გოგა თუშურაშვილი
„გამოდის, რომ დაახლოებით 460 ათასი ადამიანის შესახებ არ ვიცით ზუსტი მონაცემები – ამხელა ცდომილება უცნაურია… თუ ამხელაა ცდომილება, მაშინ ეს აღწერა ფაქტობრივად შეფასებით მონაცემებში ვეღარ გამოდგება. არ მგონია, საქმე გვქონდეს რაიმე სახის მეთოდოლოგიურ უზუსტობასთან,“ – ამბობს გოგა თუშურაშვილი.
საიდან 450 ათასი, რა ციფრზეა ლაპარაკი? – ანალიტიკოსი განმარტავს, რომ 250 ათასი მიგრაციის უარყოფითი სალდოა, რასაც 200 ათასი ემატება – რაოდენობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გაიზარდა.
„მიგრაციის უარყოფითი სალდო გამოხატავს, რამდენი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მაგალითად, თუ ქვეყანა დატოვა 20 ათასმა ადამიანმა, მაგრამ შემოვიდა 15 ათასი, უარყოფითი სალდო იქნება 5 ათასი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს უარყოფითი მიგრაციის სალდო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით – 250 ათასი. აქედან დაახლოებით 13 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამ დროს პირიქით, მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით იზრდება. გაზრდა სავარაუდოდ უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლას, ეს იქნება რუსეთი, ინდოეთი, ირანი და ასე შემდეგ,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი.
რამდენად სწორია ვარაუდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში მართლაც რუსები შემოვიდნენ? – ვეკითხებით ანალიტიკოსს და რამდენიმე დღის წინ საქართველოდან გაძევებულ „ბათუმელ მედროშეს“, თურქეთის მოქალაქეს – თემურ ქათამაძეს ვახსენებთ. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, გამოცდების უმაღლესი ქულებით ჩააბარა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, ასევე ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც დროებითი თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი.
აჩვენებს თუ არა ეს დამოკიდებულება იმას, რომ რუსეთისგან განსხვავებით სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებულია?
„თემურ ქათამაძე აღმოჩნდა რეპრესიების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფო დაუპირისპირდა,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი. დასძენს, როცა მსგავსი სტატისტიკა მოსახლეობაში ნდობას არ იწვევს და ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებაში გამოჭერილია: „ადამიანები საკუთარ თვალებს უფრო ენდობიან, საკუთარი თვალით ნანახს და ყურით მოსმენილს, ვიდრე სტატისტიკას,“ – დასძენს გოგა თუშურაშვილი.
რა აჩვენა „ბათუმის რეკორდმა?“
„მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა, სადაც იგრძნობა რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე. „ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდოდა იმის ჩვენება, რომ რუსეთის მოქალაქეები ამ მასშტაბით შემოდიოდნენ საქართველოში, რომ ამ მონაცემების გამჟღავნებას არ გამოეწვია მოსახლეობის უკმაყოფილება.
ამით ხელისუფლება ცდილობდა დემოგრაფიული კრიზისის გადაფარვასაც, რაც რეალურად არსებობს.
თუ დამალვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, [„ქართული ოცნების“ მთავრობის] მოტივაცია იქნებოდა ის, რომ დამალონ ისეთი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში და დაფუძნება, რაც საქართველოში მოსახლეობის უარყოფით შეფასებას იწვევს. ეს ვარაუდია, რომლის გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ არ გვაქვს,“ – აღნიშნა გოგა თუშურაშვილმა „ბათუმელებთან“.
ანალიტიკოსს ეჭვი აქვს სტატისტიკური მონაცემების ნამდვილობაზე, რომელსაც მიგრანტების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური შსს-ზე დაყრდნობით გასულ წლებში აქვეყნებდა.
„ხომ არ გვიმალავდა რეალურ მაჩვენებლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შესახებ?“ – კითხულობს გოგა თუშურაშვილი.
„გამორიცხეთ ასეთი რამ! უბრალოდ ეს არის სტატისტიკური მოვლენა, ზუსტდება მოსახლეობის რაოდენობა. თქვენ საუბრობთ მიმდინარე მონაცემებზე, ათვლის წერტილი არის აღწერა, აღწერიდან აღწერამდე ხდება მონაცემების შეფასება და შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყოს,“ – კატეგორიულია პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს და შსს-ც ადმინისტრაციული ორგანოა, შესაძლოა, ყველა მონაცემი მოწესრიგებული არ ჰქონდეთ.
„ყველაფერი ადმინისტრაციულ წყაროები რომ იყოს მოწესრიგებული, მაშინ აღწერა საერთოდ არ ჩატარდებოდა – პირდაპირ ადმინისტრაციულ წყაროებს დავეყრდნობოდით.
ევროპულ ქვეყანასაც რომ დაადოთ ხელი, აღწერას ატარებენ და შემდგომში აზუსტებს მონაცემებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ერთ წელში დავინახავთ, როგორი არის ზუსტად მოსახლეობის სტრუქტურა და სად იყო მატება,“ – გვითხრა პაატა შავიშვილმა.
პაატა შავიშვილი
თუ შობადობამ იკლო და მოსახლეობა ემიგრაციაში წავიდა – რა ლოგიკით შეიძლება გაზრდილიყო მოსახლეობის რაოდენობა, თუ საქმე არ გვაქვს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შესახებ გაყალბებულ მონაცემთან?
„ვერ გეტყვით, მოდით დაველოდოთ…
შობადობა ვერ ახდენს იმდენად გავლენას, მიგრაცია – ახდენს. ძალიან მცირე კლება იყო, ჯერ ერთი. მე ერთი შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე, რომ ციფრი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის ძალიან ზუსტი.
ყველა ადმინისტრაციული წყარო იმის საფუძველს იძლევა, რომ იზრდება გარკვეულ კატეგორიაში მოსახლეობის რაოდენობა, მაგალითად, როცა ვადარებთ ამ მონაცემებს 2014 წელს: პენსიონერთა რაოდენობა არის 160 ათასით გაზრდილი, მოსწავლეთა რაოდენობა იყო 550 ათასი, ახლა არის – 641 ათასი, სტუდენტების რაოდენობა იყო 125 ათასი, 190 ათასია ახლა,“ – გვიპასუხა პაატა შავიშვილმა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია.
2024 წელსაც საქართველოში რუსეთის 23 574 მოქალაქე შემოვიდა, საქართველო დატოვა საქართველოს 64 594-მა მოქალაქემ.
მთავარი ფოტო: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადმოდიან 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს იწყებს.
ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა.
კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს.
მთავრობის შესაბამის განკარგულებას „ოცნების მთავრობის“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში / 25.06.2025
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 469 200 მ3 სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – აღნიშნულია განკარგულებაში.
ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში „ამბასადორმა“, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 612 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
„ამბასადორი“ ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულებს აშენებს, სადაც ცათამბჯენების მშენებლობის დაწყებასაც გეგმავს. ხელოვნურად მოწყობილ ნახევარკუნძულზე დამხმარე ნაგებობების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. 25.06.2025
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ამბასადორს“ სხვადასხვა ადგილებიდან [მათ შორის ჭოროხის კალაპოტიდან] სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ათავისუფლებენ.
ხელოვნურად მოწყობილი ნახევარკუნძული / 25.06.2025ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ / 25.06.2025
„ამბასადორი“ ახალი განკარგულების მიხედვით 469 200 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ჭოროხის კალაპოტში სამ უბანზე ამოიღებს. ამ ტერიტორიების საერთო ფართობი კი ჯამში 23,5 ჰექტარია.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამბასადორი“ ვალდებულია:
უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება.
ამასთან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის.
ჭოროხის დელტა, ხედი სოფელ თხილნარიდან / 24.06.2025
აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხიდან ზღვაში ნატანის შეტანის შემცირებამ სანაპირო ზოლის წარეცხვა გამოიწვია.
ზღვამ არაერთხელ დაანგრია და წარეცხა ბათუმის, აეროპორტის მიმდებარედ და ახალი ბულვარის გასწვრივ, სანაპირო. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბათუმის სანაპიროზე პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რაშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და უნდა დაიხარჯოს მომავალშიც.
ბათუმის სანაპიროს დასაცავად კი ხრეში სწორედ მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან შეაქვთ ზღვაში.
სპეციალისტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.
ზღვის ხელოვნურ კვებასთან ერთად სპეციალისტების აზრით შესამუშავებელია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის გარეშე ბათუმის სანაპირო ზოლში კატასტროფა გარდაუვალია.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთავრობის 6 მაისის განკარგულებით ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს ასევე ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზეც.
„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით.
„პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც ბოლო თვეებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – პროტესტის მონაწილეთა დაკავება და მათ წინააღმდეგ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების წარმართვა.
ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი.
2024 წლის ნოემბერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათეულმა თანამშრომელმა სასტიკად იძალადა ზვიად რატიანზე, მაშინ, როცა ის ხელებაწეული იდგა და წინააღმდეგობასაც არ უწევდა თავდამსხმელებს, რაც შესანიშნავად ჩანს ვიდეოში. ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე.
სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.
მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით.
როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება. შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 64-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი აწერს. ხელმოწერები განახლებადია.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმავე მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით.
მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ ხიოსზე [ქიოსი] ხანძრის გაჩენაში.
ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ხიოსზე ხანძარი 22 ივნისს გაჩნდა და 40-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი, ძირითადად ბუჩქნარი და საძოვრები გაანადგურა.
ქართველი ქალი სამშაბათს ღამით დააკავეს.
მედიის ცნობით, 35 წლამდე ასაკის ქალი დამხმარედ მუშაობდა ოჯახში და მან აღიარა, რომ გზაზე ანთებული სიგარეტი გადააგდო. ეს, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის ერთ-ერთი კერის გაჩენის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, თვითმხილველებმა ნახეს, როგორ დააგდო მან სიგარეტი.
ბერძნული მედიაგამოცემა „ტო ვიმას“ ცნობით, ქართველ ქალს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით ცეცხლის წაკიდებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა ე.წ. „დოშირაკის“ სკანდალია.
20 ივნისს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკაში ტურიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი ტურისტები, რომლებიც „დოშირაკს“ [სწრაფი მომზადების სუპი] ყიდულობენ.
„ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 მანეთით, გარწმუნებთ, რომ არაფერს არ იყიდის. ის ჩადგება ჭიქა წვენის და წყლის რიგში, რასაც სასტუმროში აძლევენ, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის.
ისინი ჩამოდიან, ყიდულობენ „დოშირაკს“, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ისინი ყიდულობდნენ სუვენირებს, ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ასე შემდეგ.
ჩვენ ასეთი ტურისტი, ჩემი აზრით, არ გვჭირდება“ – თქვა ლაკერბაიამ.
ლაკერბაიას ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და რუსების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში მწვავედ გამოეხმაურნენ ლაკერბაიას და აფხაზეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი აღარ განიხილავენ აფხაზეთს დასასვენებლად.
საბოლოოდ ლაკერბაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუმბამ კი განაცხადა, სტუმართმოყვარეობა საუკუნეების განმავლობაში აფხაზი ხალხის გამორჩეული თვისება იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო.
ცვლილებების შედეგად, იცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესი და იზრდება მათი ხელფასები, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ფართოვდება დაინტერესებული პირის ცნება, იზღუდება სასამართლო სხდომების გაშუქება და სხვა.
კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
ახლა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეოგადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერას, ეს დაიშვება იქნება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობდა სასამართლო პროცესის გადაღების უფლებამოსილებით, ამ უფლებით სარგებლობა შეეძლო სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში აქამდე ეწერა, რომ თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევდა წილისყრის საფუძველზე.
კანონში შესული ცვლილებებით, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. ანუ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესის გადაღებას არ მოინდომებს, სხვა მედიასაშუალება ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს. სხვა მედიებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ამის უფლება აღარ ექნება.
გარდა ამისა, კანონიდან ამოიღეს კიდევ ერთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სასამართლოში შესული პირებისთვის პირადი ნივთების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება, ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ვეღარავინ გამოითხოვს.
ბათუმში სმენის არმქონე პირებისთვის 26-28 ივნისს კონსულტაციები ჩატარდება.
ასევე, მათთვის, ვისაც აქვს სმენის დაზიანება ან აქვს კითხვები სმენის ტექნოლოგიებზე, ბათუმში 26-28 ივნისს, ღონისძიება გაიმართება.
სმენის სახლი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შშმ ქალთა ალიანსი ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებზე იწვევს.
ღონისძიების ფარგლებში სმენის დაზიანების მქონე ან დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სასმენი აპარატების შერჩევა-მოსინჯვაზე, კონსულტაციას კოხლეარული იმპლანტის შესახებ, მოხდება ბავშვების პროგრესის შეფასება და რეკომენდაციები, ასევე მშობლებისა და ზრდასრულების ინდივიდუალური კონსულტაციები.
იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი დროა თქვენთვის ხელსაყრელი კონსულტაციაზე მისასვლელად, უნდა გადახვიდეთ ბმულზე, მონიშნოთ კონკრეტული დრო და ასევე, შეავსოთ დაჯავშნის ფორმა.
სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში.
გვინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე მზია ამაღლობელის საქმის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა და ასევე, წერილში მითითებულია, რომ ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე.
გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში, ორი თვის წინ გავაგზავნეთ საქმე სტრასბურგის სასამართლოში და საქმე უკვე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით.
როგორ საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლითაა გარანტირებული; ასევე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – კონვენციის მეექვსე მუხლი; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება – კონვენციის მერვე მუხლი; გამოხატვის თავისუფლება – კონვენციის მეათე მუხლი; კონვენციის მეცამეტე მუხლი მერვე და მეათე მუხლებთან ერთობლიობაში და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე შეეხება კონვენციის მე-18 მუხლსაც, რომელიც უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება.
ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე.
ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან. კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს ამ საქმიდან გამომდინარე კითხვებს, რაც ამ ეტაპზე სასამართლოს აინტერესებს.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ აქედან გამომდინარე დარღვევებს ეხება ეს საქმე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის მიმართ სხვა, პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე, და, ასევე, სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ აქ, ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება შესაბამისად უფლებების დაცვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებით გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე.
„ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ:
1. ეს გლოვა, „ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს“, უნდა დასრულდეს.
არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.
მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება.
2. ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი.
ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.
ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით – იყო შეცდომა.
ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა – იყო მართალი თავიდანვე.
ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.
ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ცდებოდა, გასარიყია.
ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური.
3. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.
ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა.
ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი „ნაცებთან ერთად“ არ დგებოდა და ზოგი „ქოცებთან“.
აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო?
აი, აქ გვენძრევა.
დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.
ნუ შვრებით მაგას.
არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.
ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან.
4. არც ისეთი „ცუდები“ აღმოჩნდნენ ეს პოლიტიკოსები კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს „იმათთან შეკრულია“ უნდა დასრულდეს.
არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.
უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა.
არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ.
5. ბოლო შეხვედრებზე
აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?
ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: „დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ“, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები.
ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს.
ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა.
ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ.
ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით.
ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.
მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა.
სხვანაირად ვერ მოვიგებთ.
და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც.
საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.
რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად.
ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა.
მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.
6. ერთობის ამბავს დავუბრუნდები.
70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ „პაგონებს“ ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას?
აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.
და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტ-ნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არსებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება.
რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ:
ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც „დიპსტეიტთან“ ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა!
მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს.
ყველა „გორბის“ კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი – იგივეა.
არჩევნების გაყალბება – იგივეა.
რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს.
ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით.
ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს.
არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ.
ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის.
გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.
დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.
ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.
ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა%ვან, ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.
რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.
ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.
ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.
როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.
ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში.
როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.
თუ ამას არ შვრები, მონა ხარ“ – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც.
„სადაა ტურისტი?“ – ბათუმის სანაპიროზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე პასუხობენ.
შეზლონგის გამქირავებელი, პარაშუტის თუ კვადროციკლის – ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა.
მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება.
იმის მიუხედავად, რომ ტურისტული სეზონი „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე გახსნა, ძველ თუ ახალ ბულვარში სხვადასხვა ობიექტზე სამუშაოები გრძელდება.
ბათუმის სანაპიროზე წელს შეზლონგის ფასი ისევ 5 ლარია, ქოლგაც – 5 ლარია მთელი დღით, თუმცა ძველი ბათუმის ჩაყოლებაზე შეზლონგში 10 ლარის გადახდა მოგიწევთ – ბადიანი შეზლონგი ასე ღირს, კომფორტულია წამოსაწოლადო – ირწმუნებიან შეზლონგის გამქირავებლები.
ცხადია, ქვაზე გაწოლას ვერავინ შეგიზღუდავთ, თუმცა ეგ წელსაა შესაძლებელი ან ჯერჯერობით – ტურისტების რაოდენობა აშკარად მცირეა და შეზლონგების დიდი ნაწილი გამქირავებლებს სრულად არ ჩაუმწკრივებიათ სანაპიროზე. წინა წლებში დამსვენებლები იმაზე ჩიოდანენ, რომ შეზლონგებს შორის თავისუფლად გასაწოლი ადგილი აღარ რჩებოდა.
ან კიდევ დამსვენებელს, რომელიც შეზლონგს არ იღებდა, ეჩხუბებოდნენ – ზღვასთან ახლოს შეზლონგების ადგილია, აქ ვერ დაწვებითო.
ამ შეზლონგების ფასი 10 ლარია, პლასტმასის შეზლონგის ფასი კი – ისევ ხუთი ლარიბათუმი, სანაპირო
შეზლონგებს და სერფინგის დაფას ბათუმის სანაპიროზე უკვე რუსებიც აქირავებენ.
„მე ნიკიტა სმირნოვი ვარ სანქტ-პეტერბურგიდან, რუსეთიდან სამი წლის წინ ჩამოვედი, როცა ომი დაიწყო, ომი საშინელებაა… მეტს რუსეთის შესახებ ვერაფერს გეტყვი,“ – მეუბნება ნიკიტა და მიხსნის, სერფინგის დაფის საფასური საათში 30 ლარია, 3 ათასი დოლარი გადავიხადე, ამ ადგილზე რომ მემუშავა, მაგრამ ტურისტები არ არიანო.
„სიმინდი, ცხელი სიმინდი“ – მწველ სიცხეში დიდი ვედროთი სიმინდს დაატარებს ისევ ნათელა. მთხოვს, ფოტოს ნუ გადამიღებ, წამებაა ეს, ცხოვრება კი არაო.
„სიმინდს ისევ 5 ლარად ვყიდი, ყვითელი სიმინდი 7 ლარია, ცხოვრება გაძვირდა, რამე ღირს იგივე ფასი, რაც შარშან იყო? ჩვენ ისევ იმავე ფასებში ვმუშაობთ, რომ მშიერი არ დამრჩეს შვილიშვილები,“ – მწველ სიცხეში ქვიშიან სანაპიროს მიუყვება ქალი.
ბათუმი, სანაპირო
„არც მე გამომაჩინოთ, 65 წლის კაცი რა გამოსაჩენი ვარ?… 65 წელი სიბერეა ჩვენს ქვეყანაში, აბა, არა? ძნელია ცხოვრება“ – ამბობს ფენოვანების გამყიდველი კაცი. მისი თქმით, ფენოვანების ფასიც იგივეა – 5 ლარი.
აქვეა პლაჟის ის ნაწილი, რომელიც „ივერია ბიჩს“ აქვს იჯარით აღებული – აქ შეზლონგი ისევ ყველაზე ძვირია – წყვილი შეზლონგის აღება ქოლგით და პირსახოცით 60 ლარი ღირს. გადახურული და ფარდებიანი შეზლონგის აღება კი, მთელი დღით, 300 ლარი ღირს.
300-ლარიანი შეზლონგი ბათუმის სანაპიროზეპლაჟის ამ ნაწილში შეზლონგები იმდენად ახლო-ახლოა ჩამწკრივებული, რომ მოქალაქე შეზლონგის გარეშე წამოწოლას ვერ შეძლებს.
პლაჟის ამ ნაწილში შეზლონგები იმდენად ახლო-ახლოა ჩამწკრივებული, რომ მოქალაქე შეზლონგის გარეშე წამოწოლას ვერ შეძლებს. ამას გვიდასტურებენ კიდეც „ივერია ბიჩის“ დაცვის თანამშრომლები, არც უნდა დაწვეს მერე ვინმე შეზლონგის გარეშე – 60 ლარს რომ კაცი შეზლონგში იხდის, იმას ხელი არ უნდა შეუშალოსო.
პლაჟის დროებით სარგებლობაში გადაცემა კანონით არ შეიძლება იმ ფორმით, რომ მოქალაქეს შეუზღუდონ პლაჟით სარგებლობა.
გადახურულ და შედარებით დაბალბიუჯეტიან შეზლონგებს პლაჟის სხვა მონაკვეთებში შეხვდებით: 80 ან 60 ლარად. ამ შემთხვევაში დიდი ქოლგის ქვეშ, რომელიც პლაჟზე მყარადაა გამაგრებული, ორი შეზლონგი და სკამებიც დაგხვდებათ.
ამ კომბინაციით ქოლგის და ორი შეზლონგის დაქირავება 80 ლარი ღირს.
„მერვე წელია პლაჟზე ვმუშაობ და ასე ცოტა ტურისტი, რასაც წელს ვუყურებ, პირველადაა,“ – ამბობს ჯუმბერ გაგულია.
ველოსიპედების და კვადროციკლების ფასი არ შეცვლილა. ველოსიპედის დაქირავება ნახევარი საათით 5 ლარად შეიძლება, ოთხბორბლიანი ველოსიპედის – 20 ლარად, კვადროციკლების ფასი კი, საათში საშუალოდ 40-50 ლარია.
„ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ სადაა ტურისტი? რა ფასიც გვაქვს, იმაზეც გვევაჭრებიან,“ – გვითხრა მალხაზ ფუტკარაძემ. ის ბათუმის ბულვარში ველოსიპედებს აქირავებს.
ბათუმი, სანაპირო, 2025 წლის ივნისიზღვაში ცურვის სეზონი ბათუმში მაისიდან გაიხსნა. ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია
„ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა კატასტროფა ხდება – დარწმუნებული ვარ, ეს უკავშირდება ომის დაწყებას ირანში. თუ ეს ომი დამთავრდება, სეზონიც გვექნება,“ – გვეუბნება კაცი, რომელიც სანაპიროზე პარაშუტებს და კატერებს აქირავებს. მისი თქმით, კატერებით და პარაშუტებით განსაკუთრებით ისრაელელი და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ.
ბათუმის სანაპიროზე გვითხრეს, რომ ტურისტების შემცირება განსაკუთრებით პარაშუტების გაქირავებას დაეტყო, დღეში რამდენიმე კაცი თუ აფრინდებაო, გვითხრეს აქ, თუმცა პარაშუტით აფრენის საფასური ისევ 150 ლარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის – 100 ლარი.
გემით ბათუმის სანაპიროზე გასეირნება ნახევარი საათით 20 ლარიაბათუმი, სანაპირო, 2025 წლის ივნისი
გემით გასეირნების ფასი ნახევარი საათით წელსაც 20 ლარია. კატერების ფასი კი, როგორც აქ განგვიმარტეს, კატერის ტექნიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. მაგალითად, Jet Car-ით ღია ზღვაში გასვლა 15 წუთით 200 ლარია, Jet Sky-ით გასეირნება კი 10 წუთით 100 ლარი ღირს.
სკუტერის საფასური 10 წუთით 100 ლარია.
რა შეიცვალა უსაფრთხოების კუთხით? – ვკითხეთ კატერების და პარაშუტის გამქირავებლებს და შევახსენეთ შემთხვევები, როცა კატერმა ზღვაში მცურავ კაცს გადაურა, ერთ შემთხვევაში კი, კატერს ცეცხლიგაუჩნდა.
„მოდიან სანაპირო დაცვიდან და ამოწმებენ,“ – მოკლედ გვიპასუხეს კატერების გამქირავებლებმა. მათ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
ძველ ბულვარში რამდენიმე დღის წინ დაგებულ ფილებს ხელახლა აგებენ
ძველ ბათუმში ამ სეზონის გახსნამდე დაგებულ ფილებს „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლები ხელახლა აგებენ. ბულვარის თანამშრომლების თქმით, გზაზე სავარაუდოდ მძიმე ტექნიკამ გაიარა და ბილიკი დეფორმირდა. არ ვიცით, ჩვენ თუ შევძლებთ ამის გამოსწორებას, გამოგვიშვესო, გვითხრეს „ბულვარის“ თანამშრომლებმა.
ეს არაა ერთადერთი ადგილი, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოებია – ახალ ბულვარში ნახევრად შემოღობილ სივრცეში ჯერ კიდევ არ მოუწყვიათ ახალი ტრენაჟორები.
სეზონის გახსნის მიუხედავად ბულვარში სამუშაოები დასრულებული არ არის
ახალ ბულვარში პრობლემად რჩება რამდენიმე ღია სანიაღვრე არხი, სადაც განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობა კანალიზაციის სუნი. აქ მცხოვრები მოქალაქეების ვერსიით, ამავე ტერიტორიაზე ტურისტული სერვისების გაყიდვას ცდილობენ – სანიაღვრე არხებზე კანალიზაციაა მიერთებული. „ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების გამო ქალაქის ამ ნაწილში – ზღვასთან ახლოს და ახალი ბულვარის მიმდებარედ კანალიზაციის სისტემა ისევ არ არსებობს და მოსახლეობა კორპუსების ეზოებში მოწყობილი შამბოებით სარგებლობს.
კერძო სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ დიდი კორპუსების ეზოებში შამბოებს ტექნიკა კი არ წმენდს – რაც საკმაოდ ძვირი ჯდება – არამედ მას ხშირად სწორედ სანიაღვრე არხებს აერთებენ.
ერთ-ერთი სანიაღვრე არხი ბათუმის ახალ ბულვარში, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა კანალიზაციის მძაფრი სუნი
მოუწესრიგებელი გარემოს მიუხედავად, შეზლონგები ამ ნაწილშიც დაგხვდებათ. შეზლონგის საფასური აქაც 5 ლარია.
პლაჟზე ჩასასვლელი ახალ ბულვარშიახალ ბულვარში არემონტებენ შადრევანს ღია ამფითეატრთან. როგორც ხელოსნებმა გვითხრეს, ჯერ უცნობია, როდის ამუშავდება შადრევანიახალ ბულვარის ნაწილში მოუწესრიგებელია პლაჟის ინფრასტრუქტურაცახალ ბულვარში ახალ საგუშაგო კოშკებსაც აწყობენ მაშველებისთვის – ხელოსნებს ავტომანქანებით პლაჟზე კონსტრუქცია შეაქვთ
ვისაც მზით გახურებულ დიდ ლოდებზე უყვარს წამოწოლა და სიმშვიდე, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია აეროპორტის დასახლების პლაჟზე. აქ არც შეზლონგები დაგხვდებათ და არც სხვა სერვისი, რაც ძველი ბათუმის პლაჟზეა.
პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.
ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით, გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებეს.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ამოქმედდა.
შს სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა.
შესაბამისად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.
მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია. განიხილება შეთანხმება იტალიასთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 015 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
ტანკი – 10 968 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 892 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 29 617 ერთეული [+48]
MLRS – 1 425 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 153 ერთეული [+107]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 53 195 ერთეული [+111]
სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
65 472 უპილოტო საფრენი აპარატი
612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 038 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 599 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 271 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე.
როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა.
ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის ეს ცვლილება სახიფათო და რა ზიანს მიიღებს ამით როგორც საზოგადოება, ასევე მედია?
დიდი ხანია ამ ცვლილებებს აანონსებს „ქართული ოცნება“ და მათი უფრო რადიკალური მხარდამჭერები ამ ცვლილებებს ითხოვენ.
ცვლილების შინაარსი ისეთია, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკა შეიძლება გახდეს სამართლებრივი დავის საფუძველი მოქალაქეების წინააღმდეგ, მოქალაქეს მოუწევს ამტკიცოს კრიტიკის საფუძვლიანობა და სამართლიანობა.
თუკი ამ დრომდე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები შეიძლება ჩათვლილიყო გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ნაწილად და ამის გამო ადამიანებს არ მოეთხოვებოდათ პასუხი, ამ ცვლილებებით ასე აღარ იქნება.
თუკი ეს კრიტიკა გახდება სამართლებრივი დავის საფუძველი სასამართლო დავაში, მოქალაქეს დაეკისრება სამართლებრივი მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ გაჟღერებული კრიტიკა იყო, მაგალითად, საფუძვლიანი და არგუმენტირებული.
ცვლილებების დოკუმენტში წერია არა კრიტიკა, არამედ „შეურაცხყოფა“. შესაძლებელია, რომ ის, რაც მოქალაქეს მიაჩნია კრიტიკად და რაც არის რეალურად კრიტიკა, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა მიიჩნიოს შეურაცხყოფად და ამის გამო გიჩივლოს?
ორი სხვადასხვა ამბავია. ერთი არის წმინდა შეურაცხყოფა და ბოლო ცვლილებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, უკვე ისედაც დასჯადი ქმედებაა შეურაცხყოფა. მაგალითად, ადამიანისთვის „მოღალატის“ დაძახება შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი.
მაგალითად, „მოღალატე“ ან „რუსო“, მონა“, როცა ეძახიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ან მათ რომელიმე წარმომადგენელს მოქალაქეები, დღეს არსებული რედაქციით ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ამ ცვლილებით ეს გახდება შეურაცხყოფა?
გამოხატვის თავისუფლების კანონი სხვადასხვა ფორმით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ურთიერთობაზე. ფაქტია, რომ ამგვარი ქმედება, ამგვარი გამოხატვა, ადამიანისთვის აღარ არის უსაფრთხო და მას კანონი აღარ იცავს, რადგან გამოხატვის თავისუფლების კანონის მოქმედების ბუნება იცვლება.
თუკი აქამდე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაჟღერებული კრიტიკა იყო დაცული იმ გაგებით, რომ მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება ემტკიცებინა იმ კრიტიკის ნამდვილობა, ამ შემთხვევაში მასზე გადავა მტკიცების ტვირთი.
და ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით პასუხისმგებლობის ტვირთი, მათ შორის – სამოქალაქო სამართლებრივი დავაც და კომპენსაციის დაკისრების პასუხისმგებლობა მოქალაქეზე.
აქამდე მომჩივანზე იყო მტკიცების ტვირთი, ახლა კი „ოცნების ხელისუფლება“ აპირებს, მტკიცების ტვირთი დააკისროს მხოლოდ მოქალაქეს?
რა თქმა უნდა. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, რატომ არის ეს პრობლემა, განვმარტავ:
შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, – თუკი აკრიტიკებ, ვთქვათ, საჯარო მოხელეს ან ადამიანი რაღაც მძიმე ფაქტს აჟღერებს, ეს ხომ არ უნდა ეფუძნებოდეს არსაიდან მოტანილ ინფორმაციას, ასეთ მძიმე შეფასებას უნდა ამყარებდეს კონკრეტული მტკიცებულებები. მაგრამ რატომ არის ეს სახიფათო?
იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოებში შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვაგვარი მოწესრიგება, მტკიცების ტვირთვის სხვადასხვაგვარი განაწილება, მაგრამ ასეთ ავტორიტარულ რეალობაში, სასამართლოს ასეთ მკაცრ დაქვემდებარებულობაში და საჯარო უწყებების ძალიან ჩაკეტილობასა და დახურულობაში ხშირად შეუძლებელიც კი არის მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის მედიას, რომ თუკი რაიმე ბრალდებას აჟღერებს, ეს სრულყოფილად დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე.
მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ამაზე ეფექტიანი რეაგირება.
მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რამდენიმე დღის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამ ფაქტს რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა საგამოძიებო რეპორტაჟები, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ მინისტრის მოადგილე ჩართული იყო შესაძლო კორუფციულ ქმედებებში და შესაძლო უკანონო გამდიდრების პროცესებში.
ამ ფაქტზე, ამ ცვლილების მიხედვით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სწორედ იმის გამო, რომ მათ აქვთ ლიმიტირებული ინფორმაცია.
მაგრამ ლოგიკური კითხვაა, თუ ერთი წლის წინ არსებობდა ეს ინფორმაცია, დღეს რატომ ვიგებთ რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტს? რას ელოდებოდა ამდენი ხანი სამართალდამცავი უწყება?!
მაგალითად, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რომ მომზადებულიყო ეს საგამოძიებო სიუჟეტი და მიქაუტაძეს ეჩივლა მედიისთვის „სახელის გატეხვის“ საბაბით, ჟურნალისტებს დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ხომ?
დიახ.
ჩვენ, რომ გვქონდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და დამოუკიდებელი სასამართლო, ცხადია, მაშინაც პრობლემური იქნებოდა ეს ცვლილებები, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ახლაა.
ახლა, ფაქტობრივად, ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი.
როცა მედია იყენებს ტერმინს – „სავარაუდოდ“, ამის გამოც შესაძლოა წარმოიშვას დავა?
ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ეს პრაქტიკის საკითხია. თუმცა ჩივილით ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ უჩივლონ, მერე უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი წინასწარ დათქმას აკეთებს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ვარაუდი.
საბოლოო ჯამში, დანაშაულზე როცაა საუბარი, საბოლოო გადაწყვეტილების უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის შესახებ მასალების მომზადება გახდება პრობლემური?
უფრო მეტად სარისკო გახდება და ალბათ უფრო მეტად მოუწევთ ჟურნალისტებს თვითცენზურა. იმიტომ, რომ ნებისმიერი კრიტიკული შეფასება საჯარო მოხელის მიმართ გაკეთებული შეიძლება გახდეს მათ მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი.
ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თუკი მოქალაქეს ან ჟურნალისტს გაამტყუნებს სასამართლო, მოდავე პირს შეუძლია მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც.
ეს ის ნაწილია, როდესაც „სახელის გამტეხი“ მონაცემების გაჟღერებაზეა საუბარი, სამოქალაქო დავის დროს მხარეს აქვს უფლება, რომ იდავოს, მათ შორის მატერიალურ კომპენსაციაზეც.
აქამდე დაცული იყო ჟურნალისტი, რომ არ გაემხილა წყარო და ეს აძლევდა ადამიანებს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამდე მიეტანა კორუფციის ან სხვა დანაშაულების შესახებ ინფორმაცია.წყაროს გაუთქმელობის უფლების მოშლა რას გამოიწვევს მედიაში და რა ზიანს მიიღებს ამით საზოგადოება?
პრობლემა ორმხრივია. ერთი მხრივ, მედიისთვის არის ეს ცვლილება ძალიან რთული, იმიტომ რომ მედიის ეფექტიანობის, სანდოობის ერთ-ერთი გარანტია ცხადია არის ის, რომ ფარავს წყაროს, რა გარემოებაც არ უნდა იყოს და მეორე მხრივ, მოქალაქეებს, აქამდე ჰქონდათ რწმენა, რომ მედიისთვის გაზიარებული მამხილებლური ინფორმაცია, კორუფციაზე იქნება ეს თუ სხვა ტიპის დანაშაულებზე, იქნებოდა იმგვარად გამოყენებული, რომ მისი ვინაობა არ იქნებოდა გასაჯაროებული.
მსგავსი გარანტია თუ არ არსებობს, ეს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მოქალაქეს და კიდევ უფრო ნაკლებ მოტივაციას უჩენს მას, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან.
საკანონმდებლო ცვლილებაში წერია ასეთი რამ – „საჯარო სივრცეში პირდაპირი შეურაცხყოფა“. საჯარო სივრცე ფართო ცნებაა, რა შეიძლება მოიაზრონ აქ?
ნებისმიერი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საჯარო ფორმით და ეს საჯაროობა არ გულისხმობს მხოლოდ დიდ აქციაზე ან ქალაქის ქუჩებში რუპორით რაღაცის ძახილს. საჯარო გამოხატვა მიემართება სოციალურ ქსელებში კრიტიკის გამოხატვასაც, რადგან დიდ აუდიტორიას ესაუბრება ადამიანი, ვიდრე რეალურ სივრცეში, ხომ?!
ამიტომ, ვირტუალურ სივრცეში დაფიქსირებული კრიტიკული აზრიც შეიძლება გახდეს მოქალაქეების მიმართ სამართლებრივი დავის საფუძველი და მათ მოუწიოთ კომპენსაციების გადახდა და ასე შემდეგ.
„ნებისმიერი ფორმით“ როცა წერია, აქ რა შეიძლება იგულისხმებოდეს? მაგალითად თანამდებობის პირის გაშარჟებაც?
შეიძლება. ესეც სასამართლო პრაქტიკის ნაწილია, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად, გაშარჟება არ მოექცევა ამ ნაწილში და, ასევე, სხვის მიერ დაწერილი პოსტის გაზიარება ან ასეთ პოსტზე დაკომენტარება-დათანხმება… ბევრნაირი შეიძლება იყოს გამოხატვის ფორმა, რომელიც ექცევა ამ რეგულირების ქვეშ.
თუ ეს ყველაფერი გახდა რეალური, როგორ სახელმწიფოს, რა საზოგადოებას მივიღებთ?
ფაქტობრივად ხელისუფლების კრიტიკა იკრძალება, ასეთ რეალობას ვიღებთ.
მეორე მხრივ, არსებითად უთანასწორო, ცალკარა თამაშის წესებს ადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რადგან მათ პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში, ფაქტობრივად, ყველას მიმართ შეუძლიათ არათუ კრიტიკის, არამედ ნებისმიერი ლანძღვის და მძიმე ბრალდებების გავრცელება ადამიანებზე ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და მათ რომ საპირისპირო დაუძახო, მოქალაქეს დაეკისრება პასუხისმგებლობა.
და ეს არ არის მხოლოდ გამოხატვის პრობლემა, ამას ძალიან ბევრ მძიმე და სტრუქტურულ პრობლემამდე მივყავართ.
ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკის რეალური სივრცე თუ აღარ იარსებებს ქვეყანაში, ეს აუცილებლად მოიტანს დაუსჯელობის სინდრომს, როდესაც მოხელეები, მათთან დაახლოებული პირები, ფაქტობრივად ნებისმიერი რამის გაკეთების უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, რადგან ხმის ამომღები არავინ იქნება.
ეს არსებითად გაზრდის ქვეყანაში უსამართლობას, რადგან ვინც კი დაახლოებული იქნება ამ პოლიტიკურ ელიტასთან, ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, სხვა ადამიანები კი იქნებიან მუდმივად დაჩაგრულები.
ეს ფაქტობრივად დემოკრატიული საზოგადოების ტერორია, როცა ადამიანებს ეკრძალებათ ხელისუფლების კრიტიკა…
რა თქმა უნდა. ეს არსებითად გაზრდის კორუფციის არათუ რისკებს, არამედ მასშტაბებს, რადგან კორუფციის ჩამდენი მეტ-ნაკლებად ფრთხილობს, რომ სამსახურიდან გავა ეს ინფორმაცია, რომ რომელიმე კრიტიკულმა მედიამ მასზე არ გააკეთოს სიუჟეტი და არ დადგეს მისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი მოცემულობაც თუ აღარ იქნება, ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოხელეების მადას.
თქვენ ცალი კარი ახსენეთ და მოქალაქეს თუ შეუძლია, მაგალითად, უჩივლოს იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მათ „უცხო ქვეყნის აგენტებს“ ეძახიან, ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე? მათზე არ მოდის მტკიცების ტვირთი?
კარგი კითხვაა, მაგრამ რთულად საპასუხო, რადგან რეალურად საჯარო მოხელესაც შეუძლია უჩივლოს მოქალაქემ თუ რაიმეს მიიჩნევს მისი ღირსების შემლახავად, მაგრამ საჯარო მოხელეზე არ არის მტკიცების ტვირთი. მით უმეტეს, ჩვენი სასამართლოს პირობებში მინიმალური შანსიც არ არის, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავს გამოხატვას ექნება ადეკვატური შეფასება.
ჩვენ უნდა გავმიჯნოთ დღეს რეალურად რისი უფლება გვაქვს მოქალაქეებს და ამ უფლების ეფექტიანად დაცვის მოლოდინები რამდენად უნდა გვქონდეს.
რეალურად, ის, რაც ხდება, ყველას პრობლემაა. იმიტომ, რომ როცა მთავარი უსამართლობა და უკანონობა კანონის სახელით კეთდება, მერე უკვე კანონის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, რომ სამართლებრივი დავით დავიცავთ ჩვენს უფლებებს.
ამიტომ ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რა არის ჩვენი დაცვის გარანტი.
შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ მათ დაიცავს დუმილი?
თუკი მოქალაქე იქნება აბსოლუტურად ჩუმად, იქნება მორჩილი, ამან შესაძლოა „დაიცვას“, თუმცა არც ესაა ბოლომდე მისი დაცვის გარანტია, რადგან რეალურად, დღეს მოქალაქეს არაფერი იცავს.
შეიძლება გაჩუმების მასშტაბი შენ არ შეგეხოს, მაგრამ შეეხოს შენი ოჯახის წევრს, ნათესავს და მაინც და მაინც პოლიტიკურ საკითხებზე არ იყოს აქ საუბარი. მაგრამ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობ, უცებ გაიგე, რომ დიდი ჰესი შენდება, ან კორპუსს გიშენებენ ფანჯარასთან და კითხვა თუ გაგიჩნდა, – ასეთი ნებართვა კორუფციული გარიგების შედეგად ხომ არ გაიცა? ეს უკვე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა.
ამიტომ ეს გაჩუმება ყოველთვის ვერ დაგიცავს, რადგან მადა იზრდება და იზრდება მიზეზებიც, რის გამოც მოქალაქე უნდა გაჩუმდეს. შემდეგ კი, ძალიან ბევრის დათმობა მოუწევთ ადამიანებს.
„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ ჰქონდათ.
„ოცნება“ პარლამენტში დასამტკიცებლად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ფაქტობრივად ყველა კარს კეტავს იმ დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არც ფული აქვთ ძვირადღირებული იურიდიული კონსულტაციების მისაღებად და არც „გავლენიან პირებთან კავშირები“ – პრობლემების მოსაგვარებლად.
უფლებადამცველების თქმით, ცვლილებები კანონში, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში დაამტკიცა და რომელთა დამტკიცებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს, მწვანე შუქია საჯარო მოხელისთვის, ცრუ მოწმე პოლიციელისთვის, პროკურორისთვის, მოსამართლისთვის – ყველა მათგანისთვის, ვინც „ჭრის და კერავს ამ საქმეებს“, ვინც ამაში მონაწილეობს. „თქვენ დამემორჩილეთ და კვალსაც არ დავტოვებ, არაფერი იქნება თქვენს წინააღმდეგო – ეუბნება მათ ოცნება“ – მიიჩვევენ უფლებადამცველები.
მაგალითად, მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
„ოცნების“ პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის, რის საფუძველზეც მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება ვიდეო და ფოტომასალით.
ამის პარალელურად დაუცველი შეიძლება დარჩეს მოქალაქე, რომელსაც, მაგალითად, მიწის ნაკვეთს არ დაურეგისტრირებენ, არ ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში, არ მისცემენ დახმარებას, დააკავებენ უკანონოდ, დაჩაგრავენ… მედია კი, ახალი კანონის პირობებში, ვეღარ შეძლებს აჩვენოს საზოგადოებას, როცა სისტემა მოქალაქეს უსამართლოდ ექცევა.
„ახალი კანონი კლავს ყველა პლატფორმას, სადაც მოქალაქეს შეუძლია დარღვეულ უფლებაზე ილაპარაკოს“
„ეს არის რუსული კანონის გაგრძელება. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა“ – ამბობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე. იგი მათ შორისაა, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაუცველ მოქალაქეებს უწევდა კვალიფიციურ კონსულტაციებს და ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა პროექტებს მათი ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.
გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ „ოცნება“ არ იშურებს ძალისხმევას ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად და ეს მთლიანად ერთი პაკეტია – რუსული კანონი.
„მაგალითად, ადამიანი ცხოვრობს, თვითდასაქმებულია. ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში მას შეეძლო მიემართა დამოუკიდებელი მედიისთვის, პრობლემების შესახებ ესაუბრა, მისულიყო არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უფასოდ გაუწევდა სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიულ დახმარებას და წარმოადგენდა მის ინტერესებს სასამართლოში იქნებოდა ეს თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ახლა, ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ამის შესაძლებლობა მას ფიზიკურად არ ექნება.
რეპრესიული კანონები პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია, რომელიც რეჟიმისთვის არის მიუღებელი, შეზღუდოს, გაანადგუროს, მოკლას. მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პლატფორმა, რომლითაც ისაუბრებს თავის გულის ტკივილზე, დარღვეულ უფლებებზე.
ამის პარალელურად, „ოცნების“ მიზანია გაქრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არ არიან დაქვემდებარებული რეჟიმზე და იცავენ ადამიანის უფლებებს – ეს იქნება პენსიონერის დარღვეული უფლებების აღდგენა, მიწის რეგისტრაციის პროცესში უფასო დახმარება, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დახმარება თუ სხვა ნებისმიერი პრობლემა“.
გოჩა მჟავანაძე
იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ასევე, დაუცველი ადამიანების უფლებების დასაცავად მუშაობს, ჩვენთან საუბარში ვრცლად მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ დაამტკიცა ან/და რომელთა მიღებასაც გეგმავს. მათ შორის არის რუსული კანონი და „ოცნების ფარა“.
იურისტი ამბობს, რომ კანონმდებლობაში უკვე მიღებული და დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად ცვლის რეალობას და ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის სტანდარტს აუარესებს.
იურისტი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე გვიხსნის, როგორ დააზარალებს საზოგადოებას სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა და ე.წ. ცრუ მოწმეებს მისცემს საშუალებას მეტი ტყუილი უფრო თამამად თქვან:
„საქმეებიდან გამომდინარე, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე გვქონია, პირები, რომლებიც პროცესზე მოდიან, სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ ისინი ასახლებენ და სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით ეს ვერ დასტურდება.
მეტსაც გეტყვით – პროცესზე წარვადგინე ფოტო-ვიდეო მასალა, უწყვეტი კადრები, სადაც სრულად ჩანდა რა ხდებოდა. ამის საპირისპიროდ მოწმეები დიდ დროს უთმობდნენ იმის ჩამოყალიბებას, თუ რას არღვევდა მხარე. ვიდეომასალაში ამის მინიმალური ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა. იმ შემთხვევაში ბენეფიციარებს გაუმართლათ, რომ არსებობდა უწყვეტი კადრები, მაგრამ ეს სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ვიდეოკადრი, რომლის ავთენტურობაც სადაო არ გამხდარა, აჩვენებდა სიმართლეს, თუმცა მოსამართლე მაინც მოწმის ჩვენებებს დაეყრდნო.
როცა ასეთი მოწმეების შესახებ მედიით ვრცელდება ინფორმაცია, საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობის ნაწილი იწევს წინა პლანზე, თუნდაც ის, რომ ფართო მასები იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვინც სასამართლო პროცესებზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ… ამ ნაწილშიც კი, ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა შეუწყობს ხელს, რომ ასეთმა პირებმა კიდევ უფრო მეტი ტყუილი თქვან.
ყველა ცვლილება მიდის იქითკენ, რომ ადამიანებმა ვერ გამოხატონ პროტესტი მოსალოდნელი რეპრესიების გამო, რაც შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც. არაერთი პირის ადვოკატი ვარ და არის საქმეები, რომლებიც ეხება შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს“.
„ვერც ფეისბუქზე დაწერ“
გოჩა მჟავანაძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მედიისა და არასამთავრობოების გაქრობის პარალელურად „ოცნება“ ცდილობს ისეთი ცვლილებები შეიტანოს კანონში, რაც სოციალურ ქსელშიც დაარეგულირებს პოზიციის გამოხატვას:
„მოქალაქეს, რომლისთვისაც არც მედია იქნება ხელმისაწვდომი, რჩება მხოლოდ სოციალური ქსელი და იქაც კი კონტროლის მექანიზმი შედის. ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ თანამდებობის პირზე კრიტიკული პოსტისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, 3-4 თვემდე ვადით. ნებისმიერ პრობლემაზე პოსტი – ეს იქნება ინფრაქტრუქტურული, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტიკული პოზიცია, შეიძლება რეჟიმმა შეურაცხყოფად აღიქვას და დააყენოს ავტორის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხი“ – განმარტავს გოჩა მჟავანაძე.
„მეზობელმა ან შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, როგორ ტყუის ცრუ მოწმე პოლიციელი“
„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის.
კანონპროექტის თანახმად, არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება. რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვით.
„ეს ემსახურება იმას, რომ არ უნდათ ხალხმა დაინახოს სასამართლოში არსებული უსამართლო სიტუაცია, ცრუ მოწმეები, შეთითხნილი საქმეები, შეკერილი ბრალდებები, ცრუ მოსამართლეები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებებს არ აფუძნებენ არგუმენტებს, მტკიცებულებებს და პირიქით – ემსახურებიან რეჟიმს. არ უნდათ, რომ მოხდეს ამის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩაწერა, დაარქივება და შემდგომში მისი გამოყენება ამ ხალხის მიმართაც, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.
შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, რას ეუბნება მამა სასამართლოს, ამით „ოცნება“ სისტემის თანამშრომლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს ეუბნება – ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს მიმართ არანაირი მტკიცებულება არ შეიქმნას რეალური სახით, ვიდეო იქნება ეს თუ ფოტო. ამით სისტემა ერთგვარად დაცულობის გარანტიას აძლევს მათ.
პარალელურად, მესამე მხარე, რომელიც ვერ ახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მაგრამ უნდა, რომ ინფორმაცია მიიღოს, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს. თუ არ მოხდება გადაღება, ასახვა და მიწოდება დამოუკიდებელი მედიის საშუალებით, ინფორმაცია მიუწვდომელი იქნება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მოწმე პოლიციელი ე.წ. დაზიანებით არის სამ საქმეში წარმოდგენილი, პროცესებზე ეს თემა გაიშიფრა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის რეალურად ცრუმოწმე, ეს ვიდეოკადრები კი სამომავლოდ მის მიმართ შეიძლება გამოდგეს, როგორც მტკიცებულება“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
იურისტი ირმა აბაშიძე, თავისი პრაქტიკის გათვალისწინებით, გვიყვება პროცესების გაშუქების მნიშვნელობაზე და ხაზს უსვამს, რომ თუ მედია პროცესებს ვერ გადაიღებს, საზოგადოება პროპაგანდის ამარა დარჩება, რაც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას:
„დაგვრჩება პროპაგანდა, რასაც მასები უსმენენ და აღმოჩნდება, რომ სწორი ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილამდე ვეღარ მივა. ამდენი ცვლილების შემდეგ უარეს რეალობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ეს ცუდ გავლენას ახდენს არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც თავისი დღის წესრიგის მორგება უწევს ამ ცვლილებებზე და ეს ძალიან რთულია“.
ირმა აბაშიძე, ადვოკატი
რატომ ვეღარ გაიგებთ, რომ ღარიბი ქვეყნის თანამდებობის პირები მილიონიან სახლებს ყიდულობენ და ასიათასობით ლარს საათებში იხდიან
კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
კანონპროექტის მიღების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტებაც, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
„ბოლო ცვლილებით შეცვლილი და დაზუსტებულია ცილისწამების ნაწილი, შეცვლილია ასევე მტკიცების სტანდარტი. აქამდე თუ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, ვინც თვლიდა, რომ ზიანი მიადგა, ახლა შებრუნებულია და პირიქით, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს აქვს ყოფითი პრობლემა, მაგალითად სჭირდება გზა და გამოხატავს თავის პოზიციას ცოტა მწყრალად, შესაძლოა ამ ფორმულირებით ის სხვა შედეგამდე მივიდეს. ის კი არა, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და უზრუნველყოს მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემო, პირიქით, იქითკენ იქნება მიმართული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს, შემცირდეს და სრულიად აღმოიფხვრას უკმაყოფილო ადამიანების მხრიდან პროტესტის გამოხატვის რაიმე ფორმა“ – ამბობს იურისტი ირმა აბაშიძე.
გოჩა მჟავანაძე ამას „მტკიცების ტვირთის შემობრუნებას“ უწოდებს. მისი განმარტებით, „ოცნებას“ იქით მიჰყავს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგალითად, ვერ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, კვლევები თანამდებობის იმ პირების შესახებ, რომლებიც კავშირში იქნებიან კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, უკანონო მშენებლობასთან თუ კანონის მიღმა არსებულ საქმიანობასთან.
„აქამდე ვამხელდით საჯარო პირს, რომ ის არის სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში, მაშინ როცა დარწმუნებულიც კი ვიყავით, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ასეთი ორგანო არის სასამართლო და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს, მანამდე ადამიანზე არ შეგიძლია თქვა, რომ მან კორუფციული გარიგება ჩაიდინა, ამიტომ ვიყენებდით აპრობირებულ მიდგომას, რომ „სავარაუდოდ ჩაიდინა“ და მოვუწოდებდით შესაბამის სამსახურებს გამოეძიებინათ, მოეკვლიათ ეს საკითხი.
ეს ცვლილები, რაც არის ინიციირებული და მალე შევა ძალაში, აჩენს შესაძლებლობას, რომ ჩვენ თუ ვამხელთ თანამდებობის პირს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე, ეს პირი წავა სასამართლოში, იჩივლებს რეპუტაციული ზიანისა და სახელის გატეხის საფუძვლებით და ჩვენ მოგვიწევს სასამართლოში მტკიცება, დოკუმენტების წარდგენა, თუ რატომ ვსაუბრობთ სავარაუდო კორუფციაზე ამ შემთხვევაში.
ანუ, მტკიცების ტვირთი გადმოდის ჩვენზე, რაც ალოგიკურია. გამოდის, რომ შეიზღუდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა, ვინც მონიტორინგს უწევს საჯარო ფინანსების ხარჯვას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ანუ უნდა განაწილდეს, ვინ იმუშავებს ინფორმაციის მოძიებაზე და საზოგადოებისთვის გაცნობაზე და ცალკე რესურსი დასჭირდება იმას – თუ ვინ წავა და სასამართლოზე დაიწყებს ამის მტკიცებას.
ამ უსამართლო სასამართლოს პირობებში კი ნებისმიერ საქმეზე იქნები დამნაშავე და ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, დოკუმენტები და მტკიცებულებებიც რომ გქონდეს წარდგენილი. დაგეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც მოჰყვება ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.
გამოდის, რომ საჯარო თანამდებობის პირებს მწვანე შუქს უნთებს რეჟიმი – „მიდით, აკეთეთ პარტიასთან შეთანხმებით ყველაფერი, იყავით ჩემი მორჩილი, შედით კორუფციულ გარიგებებში, მიიღეთ არალეგალური შემოსავლები, შევთანხმდეთ და მე დაგიცავთ, ვინმე თუ თქვენზე რამეს იტყვის“… შეიტანს სასამართლოში მარტივი ფორმით საჩივარს და მერე მოგიწევს იმის მტკიცება, რასაც ამ სასამართლოში ვერ დაამტკიცებ“.
სოფლად მცხოვრები ღარიბი მოქალაქის ცხოვრება უფრო გართულდება
სპეციალისტები შიშობენ, რომ ზემოთ მითითებული ყველა ახალი გარემოების გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება:
„ქვეყანაში, სადაც 700 ათასამდე სოციალურად დაუცველი გვყავს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება, რეჟიმი გვეუბნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ ამის პარალელურად დაუცველთა ბაზაში მონაცემები იზრდება, 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს რეალურად ქვეყანაში, ამის პარალელურად საჯარო მოხელეს, თანამდებობის პირს შეუძლია შეიძინოს მილიონიანი ქონება, უცხოეთში შეიძინოს ბინა, იცხოვროს ჩვენს ხარჯზე და ამაზე ვერავინ ვერ გამოაქვეყნებს, იმის გამო, რომ ამის რესურსი ფიზიკურად აღარ იქნება“– ამბობს გოჩა მჟავანაძე.
იგი განმარტავს, რომ ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან კორუმპირებული საჯარო მოხელეების საქმიანობას და ვერ წარმოადგენენ მამხილებელ დოკუმენტებს:
„არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ იქნებიან ფიზიკურად და ამ ჩინოვნიკს ექნება საშუალება, რომ მისი შემოსავლები არალეგალურად კიდევ უფრო გაზარდოს, სოფლად, გაჭირვებაში მცხოვრები მოქალაქის ეკონომიკური პირობები და ფაქტორები კი უფრო მეტად დამძიმდება, ეს უფრო მეტ სიღარიბეს მოასწავებს მისთვის.
მას აღარც ექნება საშუალება, რომ ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს, გამოთქვას პროტესტი და იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რას მიაწვდის მას რეჟიმი“.
გიორგი ბადრიძე
„ახლა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა შეეგუოს დიქტატურას“
ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ახლა, როცა „ოცნება“ ყველა კარს კეტავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, დიქტატურაში ცხოვრებას აპირებს თუ არა:
„ეს ჩვეულებრივი დიქტატურისკენ მიმავალი გზაა, უფრო სწორად უკვე იქ ვართ.
უბრალოდ საკუთარ თავს ადამიანმა ძალიან მარტივად უნდა კითხოს – თანახმაა ამ დიქტატურაში უდრტვინველად, წინააღმდეგობის გარეშე ცხოვრებაზე თუ არა.
ეტყობა საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მათ არ შეეხება, მაგრამ არ არსებობს არავინ, ვისაც ეს არ შეეხება, იქნება ეს თვითონ თუ ოჯახის წევრი… და რაც მთავარია, შეეხება მთელ ქვეყანას და მის ისტორიულ ბედს.
ასე რომ, საკუთარი საქმის კეთება, იმის ილუზიით, რომ ეს მის გარეშე შეიძლება შეიცვალოს, არის ძალიან მავნე თვითდამშვიდება და თავის მოტყუება. ამის გააზრება არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს.
თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108-ე [მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, შენახვალ და გამოყენება] მუხლებით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
შემთხვევის ადგილი. ფოტო: „ბათუმელები“
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:
11-13 ივლისს, ბათუმი რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისის შესაქმნელად, 11 ივლისს, თიბისი კონცეპტი და VISA, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.
კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა.
ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს, 10:50 საათზე დაიძვრება. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ: კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი. მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის VISA სადებეტო ბარათით, პირადი ნომრითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
ადგილზე აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი.
6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზ ფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 11-13 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი.თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
ირანის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი დააკავა, ხუთი დაკავებული უკვე სიკვდილით დასაჯეს – წერს „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს, მათგან სამი – დღეს, 25 ივნისს. ირანის ხელისუფლება მათ „მოსადის აგენტებს“ უწოდებს.
„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა მათგანი „სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ თანამშრომლობაში“ გაასამართლეს, კერძოდ, აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის, რომელიც მოგვიანებით ანონიმური მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობისთვის გამოიყენეს.
„ბიბისი“ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის „ამნესტი ინტერნეშენალის“ მონაცემებით, ირანი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყოველწლიურად სიკვდილით დასჯის რაოდენობით ჩინეთის შემდეგ.
კიდევ ერთი გავლენიანი მედიის, „ფაინანშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, დაკავებულები ძირითადად ირანელი და ავღანელი მოქალაქეები არიან, მათ შორის ბევრია უმუშევარი და, ასევე, სატვირთო მანქანის მძღოლი.
________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREH
მათე დევიძის და, ელენე დევიძე მათეს მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს ავრცელებს. როგორც ელენე დევიძე წერს, წერილი 12 ივნისსაა დაწერილი, იმ დღეს, როდესაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„თანამებრძოლებო, დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სიყვარულს, ერთადერთ სიცოცხლეს წირავდნენ. ეს მათ გამოუვიდათ. რთულად, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. მათ ფონზე ეს არაფერია. ვიცი რომ ეს განაჩენი არ შესრულდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა. ეს ჩემი სიამაყის წლები იქნება. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.
სიმართლე გითხრათ ვერ დამიჯერებია, რომ ამას მე ვწერ. ასე მგონია დიდ ზღაპარს ვკითხულობ. ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ბოროტების ხელშია. ყოფილა მომენტები, რომელიც დასასრულს წააგავდა. მაგრამ ზღაპარი რა ზღაპარია თუ ბოროტმა გაიმარჯვა.
თუ ცუდად მთავრდება, ესე იგი ჯერ დასასრული არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს მოხდა დღეს. ზღაპარი გაგრძელდა. წიგნს ფურცლები შეემატა და ახალი, ლამაზი სიტყვები დაიწერა. ლამაზი სიტყვების ავტორები თქვენ ხართ.
ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მემახსოვრება. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს სახელს იძახდა. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს გამო ტიროდა. ღმერთო ეს ცრემლები… არ შემიძლია ეს არ ვიგრძნო. თქვენ ხართ იმედი. ერთადერთი გადარჩენის გზა. თავისუფალი საზოგადოება.
მინდა ყველასთან მოვიდე და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ოჯახის განხნევებისთვის და ძალის მიცემისთვის. მადლობა იმ პატარა, ლამაზი სამყაროს აღდგენისთვის, რომლის შენარჩუნების ბრძოლას ჩემი ფიზიკური თავისუფლება შეეწირა.
რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ასე საგულდაგულოდაა დაბუდებული, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. ისიც ბედნიერების. მე არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება.
„რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ“.
არასდროს არ მისცეთ ნება სისტემას დაგადოთ უხილავი ბორკილები, რომელიც მისმა ყურმოჭრილმა მონებმა უკვე შეისისხლხორცა.
რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს.
არ დათმოთ… იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის…
იბრძოლეთ, სანამ გვიან არაა…
თავისუფლება თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს.
და ლამის დამავიწყდა… კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. ნუ დამიძახებთ გმირს. მე არ ვარ გმირი… (მაგრამ ვარ თავისუფალი. თქვენსავით)”
„ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის“ დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გამართავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან [თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა].
ჟურნალისტები ითხოვენ მზია, ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა „რუსთავი 2“-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მიმართეს, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხუთ თვეზე მეტია უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული, ცილისწამებისთვის სასამართლოშიც უჩივლა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და სოზარ სუბარს. მზია ამაღლობელი მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვს.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.
დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, სამ საათზე მეტ ხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს.
მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები.
მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა – მარჯვენა თვალში 10 %-მდე შემცირდა, ხოლო მარცხენა თვალში 0,04 %-ია.
_____________
ფოტოზე: ბათუმის საქალაქო სასამართლო, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ფოტო: „ბათუმელები“
„მზიას დაკავების შემდეგ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მაშინ ვგულისხმობდი ზუსტად მხედველობას. მზიას აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი – კერაკოტონუსი, არის ასეთი დაავადება. აქვს ქირურგიული ჩარევები თვალზე და ა.შ.
სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მზიას ცალ თვალში პრაქტიკულად მხედველობა არ აქვს და მეორე თვალში მისი მხედველობა ჩამოვიდა 10%-მდე,“ – თქვა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 ივნისს, „ფორმულას“ დილის გადაცემაში, პირდაპირი ჩართვისას.
23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა ერთ თვალში მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა, მეორე თვალში კი მას მხედველობა 10%-მდე დაუქვეითდა.
შესაბამისი კვლევები მზია ამაღლობელს საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, 4 და 6 თებერვალს აქვს ჩატარებული კლინიკა „ვივამედში“.
23 ივნისს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ ისევ არსებობს „მზია ამაღლობელის მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი“, ხოლო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
„ეს არ არის თეორია, ეს არის „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მონაცემები. როდესაც მზიას ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილს რეაქცია არ ჰქონია. არადა, ახალგაზრდა ქალია.
მინდა იცოდეს ნინო სახელაშვილმა და მისმა ოჯახმა, მისმა გარემოცვამ, ვინც ჰყავს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რა დღეშიც არის, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ვერასოდეს ვერ აირიდებს.
მზია ამაღლობელის მდგომარეობა რეგრესირებს, საჭიროა მყისიერი ჩარევა, საჭიროა მკურნალობა.
ასევე მინდა პასუხისმგებლობა იგრძნოს თორნიკე გოგეშვილმა და მისმა ოჯახმა. გოგეშვილი არის მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი, რომელიც ცინიკურად იქცევა ყოველ პროცესზე.
მისი ყოველი ქცევა, მე მზიასთან კომუნიკაცია არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მატრავმირებელია მზიასთვის.
თორნიკე გოგეშვილმაც და მისმა ოჯახმაც იცოდეს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის შეიძლება გახდეს უსინათლო, ამ კაცის მხრებზეც არის. იცოდეს ეს ორთავემ – ნინო სახელაშვილმა და თორნიკე გოგეშვილმა.
ვიცი, რომ მზიას სისტემა ებრძვის, თორნიკე გოგეშვილს, ისევე როგორც ნინო სახელაშვილს, არავინ კითხავს, უნდა გამოყენებულიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიება. თუმცა მაინც, ნინო სახელაშვილს შეეძლო მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, მაგრამ მან გულცივად, როგორც კედელმა, ისე მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
ფაქტობრივად, უსინათლო ადამიანზე ამბობენ, რომ არის საფრთხე და შეიძლება დაესხას თავს პოლიციას,“ – თქვა ეთერ თურაძემ.
მისი თქმით, სასამართლო კლანი არსებობს იმისათვის, რომ იყოს სასტიკი და დაუნდობელი.
„მზია ამაღლობელის სილა, ყველამ ვიცით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, შეუძლებელია იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.
თბილისის აქციებზე რამდენიმე დღის წინ ადამიანმა განზრახ დააჯახა ხალხს მანქანა და მის მიმართ წაყენებული მუხლი ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას. განზრახ დაეჯახა და ადამიანს ნეკნები ჩაუმტვრია.
მზიას შემთხვევაში, როდესაც მან პოლიციელს სილა გააწნა, არ გვაქვს არავითარი დაზიანება და მას ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა.
ეს იმიტომ, რომ რეჟიმის მიმართ თუ იქნები ლოიალური, შეიძლება დაიმსახურო მისგან „ჰუმანურობა“, იმ ეტაპზე, როდესაც რეჟიმისთვის სხვა „საფრთხეები“ არსებობს, სხვა ჯგუფები ჰყავს გასანადგურებელი – მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.
პოსტის კი არა უკვე კომენტარის გამო დააჯარიმეს ქალი. ეს არის რეჟიმის ბუნება, რეჟიმს არ შეუძლია სხვანაირად. რეჟიმი არის სასტიკი და იმიტომაა რეჟიმი“, – ამბობს ეთერ თურაძე.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა.
ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების – Exclusive Poland-ის ორგანიზებით, BNI-სა და BYD Polska-ს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.
BNI (Business Network Internationalსაერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.
„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით დაწესდება შეზღუდვები თავისუფალი მოსამართლეებისთვის.
„გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა ღირს.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის მოსამართლის თავისუფლების იდეასთან თავსებადი.
თუ აღნიშნული ცვლილებების „ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია- სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა. შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია.
ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენივე ბედს და ვაჩვენებთ, თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა, თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.
ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის.
ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილველად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩანაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე.
ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში“ – წერს ქეთევან მესხიშვილი.
რა ხდება?
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს.
კერძოდ, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის მოსამართლეთა დანიშვნის წესს და ზრდის მათ ხელფასებს, ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, ზღუდავს სასამართლო სხდომების გაშუქებას, აფართოებს დაინტერესებული პირის ცნებას და სხვა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 27 ივნისამდე, ანუ 2-3 დღეში უნდა მიიღოს.
„ღამით მოხდა და არა დღისით, თორემ აქ სულ ხალხი მოძრაობს და საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა“ – ამბობს ქუთაისელი კახაბერ თავაძე, რომლის ავეჯის საწყობის სახურავიც 2025 წლის თებერვალში, საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა ჩამოანგრია.
ზარალი დიდი იყო. სტიქიამ სრულად გაანადგურა დასაწყობებული ავეჯი.
კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს. მათ შორის აღმოჩნდა კახაბერ თავაძის ბიზნესიც.
კახაბერ თავაძე
„ეს არის საოჯახო ბიზნესი. თურქეთიდან შემოგვაქვს მეორადი და ახალი ავეჯი, ვუკეთებთ რესტავრაციას, ვყიდით ადგილზე და ვაწოდებთ პატარ-პატარა მაღაზიებსაც“ – ამბობს კახაბერი.
კახაბერ თავაძე 46 წლისაა და უკვე 13 წელია ამ საქმიანობას ეწევა.
13 წლის წინ ჯარისკაცი იყო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და წამოვიდა სამსახურიდან. ის მრავალშვილიანი მამაა და საჭირო იყო დროულად ემოქმედა. მალე იპოვა შემოსავლის ალტერნატიული წყარო, რომელიც წლების განმავლობაში საოჯახო საქმედ გადაიქცა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა.
„26 თებერვალს, დილის 6 საათზე ჩაირთო განგაში, დაცვამ გამაღვიძა და მოვედით. ავეჯი, ჭერი და თოვლი იყო ერთმანეთში არეული, მთლიანად ეფარა სახურავი და თოვლი ზემოდან. საშინელი სანახავი იყო. ეს ზარალი იყო ჩემთვის დაახლოებით 10 წლის ნაშრომი, ყველაფერი აქ მქონდა, მთელი ჩემი საქმიანობა, ხელსაწყოები, ყველაფერი განადგურდა ბოლომდე.
დავთვალეთ სადაზღვევოს ექსპერტებთან ერთად, შევაფასეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ზარალი იყო 50 ათასი ლარი. ორი კვირის ვადაში ამინაზღაურეს ეს 50 ათასი და ჩამირიცხეს. დაზღვევის დაფინანსებული თანხით ჩამოვიტანე ისევ საქონელი და გავაგრძელე საქმიანობა“ – გვიყვება კახაბერ თავაძე.
დაზღვევის როლზე საუბრის დროს ის ერთმნიშვნელოვნად ურჩევს ყველას, რომ ისარგებლონ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და ამის დასტურად სწორედ საკუთარი მაგალითი მოჰყავს:
„ჯერ ერთი რაღაც დავაზღვიეთ, შემდეგ – მეორე, მესამე და ასე ვვითარდებით, წინ მივდივართ… აუცილებელია დაზღვეული იყო“.
გიორგის საწყობი „ჯიპიაის“ დახმარების აღდგა
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ წელს ზარალის მასშტაბები როგორც კახაბერ თავაძის შემთხვევაში, ისე ზოგადად, დასავლეთ საქართველოში, ძალიან დიდი იყო, განურჩევლად იმისა მსხვილი ბიზნესი იყო, საშუალო თუ მცირე და რომ არა დაზღვევა, კომპანიების ნაწილი საქმიანობის გაგრძელებასაც კი ვერ შეძლებდა.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.
დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:
„6 მილიონილარი ავუნაზღაურეთ ქართულ ბიზნესსდა ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.
ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.
გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.
ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.
ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.
„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.
„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტის განხილვა.
წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა სასამართლო სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა, მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.
„სამწუხაროდ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.
ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა, მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“-ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 17 – 21 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინაში, ქალაქ დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
„დღეს გლოვობს დნიპრო, რომელმაც მტრის თავდასხმის შედეგად 18 მცხოვრები დაკარგა. ასევე სამარა, სადაც აგრესორმა 2 ადამიანი მოკლა“ – წერს დღეს, 25 ივნისს, ტელეგრამზე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.
მისი თქმით, რუსეთის გუშინდელი, 24 ივნისის დარტყმის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში 300-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მინიმუმ 27 ბავშვია.
დნიპროში, რომელიც უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქია, 25 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა 24 ივნისს ქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 014 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
ტანკი – 10 967 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 885 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 29 569 ერთეული [+58]
MLRS – 1 425 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 046 ერთეული [+131]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 53 084 ერთეული [+123]
სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
65 137 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 545 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 225 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.