სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ.
ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა.
ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის ერთი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი 2015 წლიდან გახდა, მას შემდეგ, როცა ამ სახლის გვერდით – მარჯანიშვილის #4-ში მდებარე ისტორიული სახლი დაანგრიეს და მის ნაცვლად კორპუსი ააშენეს. ახალი კორპუსი მარჯანიშვილის 4-ში იმავე მისამართზე მდებარე სახლის ხუთმა მესაკუთრემ ააშენა, მათ შორისაა, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რამაზ თავდგირიძე.
„ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“, სხვა რა ვიფიქრო, აბა?“ – კითხულობს მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ძველი სახლის ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე, თამარ გვაძაბია. იგი უკვე 10 წელია თავის ბინაში ვერ შედის და სამართალს ეძებს.
„შენობა მწვავედ ავარიულია… საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებული სამუშაოებით,“ – შავით თეთრზე ჩაუწერია ექსპერტს დასკვნაში მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ისტორიული სახლის შესახებ. გამოძიება ამ შემთხვევაზე 2017 წელს დაიწყო, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.
სამოქალაქო დავა კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორი წელი გრძელდება.
„…მარჯანიშვილის #4-ში სახლის ნგრევის დროს შენობის მზიდი კედელი ისე დაზიანდა, რომ ჩვენს ბინაში ცხოვრება საშიში გახდა. ჩვენ თბილისში ვიყავით და შემთხვევით ჩამოვედით იმ დღეს, თორემ საერთოდ დანგრეული დაგხვდებოდა სახლი.
მაშინ დაადასტურეს, რომ მართლაც შექმნეს საფრთხე და თითქოს გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ სპონტანურად და სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევებით იმოქმედეს. ეს დასტურდება ექსპერტიზით,“ – გვიყვება თამარ გვაძაბია, მარჯანიშვილის #2-ში მცხოვრები, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნა აქვს: ბინა საცხოვრებლად უვარგისია.

ბათუმი, მარჯანიშვილის # 2-სა და 4 – ში მდებარე კორპუსები

თამარ გვაძაბიას ბინა მარჯანიშვილის 2-ში

ჩავარდნილი იატაკი მარჯანიშვილის 2-ში მდებარე სახლში – ამ იატაკის ქვევით თაღია და მას საერთო ეზოს 8 ოჯახი იყენებს ბინაში შესასვლელად
„ფრთხილად გაიარეთ“ – თამარ გვაძაბიას მიტოვებული ბინის კარს მისი მეზობელი გვიღებს და კართან ჩერდება. თამარ გვაძაბიას ოჯახი მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე 130 კვადრატული მეტრი ბინის მესაკუთრეა. უკვე 10 წელია ოჯახი ამ ბინით ვერ სარგებლობს.
ჩავარდნილი იატაკი, დაბზარული კედლები, დეფორმირებული ფანჯრები… განსაკუთრებით გაფიქრებს ის, რომ ამ ბინის კუთხეში ნახევრად ჩავარდნილი იატაკის ქვევით ძველი კორპუსის ქუჩიდან ეზოში შესასვლელი თაღია. ამ თაღის გავლა აუცილებელია იმისთვის, რომ 7 ოჯახი საკუთარ სახლში შევიდეს. აქ, სამეზობლოში გვითხრეს, რომ თაღის ქვეშ შიშით გადაადგილდებიან, ქვაც ჩამოვარდნილა, ახალი კორპუსის აშენების შემდეგ კი, მათ ბინებშიც გაჩნდა ბზარები.

ისტორიულ სახლში შესასვლელი – ბათუმი, მარჯანიშვილის #2
მეზობლები ძველი კორპუსის შესასვლელის – ე.წ. თაღის ზედა ნაწილზე მიგვითითებენ: „ნახეთ, როგორ მოკერეს დანგრეული კედელიო“.
ძველ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ინვესტორს ელიან, თუმცა ამ დრომდე რომელიმე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. თამარ გვაძაბიას აზრით, სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ: არის თუ არა შესაძლებელი ისტორიული სახლის გადარჩენა. ის პასუხს ვერც მერიიდან იღებს, ვერც პროკურატურიდან, უკვე ორი წელია – ვერც სასამართლოდან.

თამარ გვაძაბიას სახლი ახალი კორპუსის გვერდით
„მე ვერ შევდივარ ამ სახლში 10 წელია. ინვესტორი რომც მოვიდეს, რა კავშირშია ეს ამ ზარალთან, რაც მე მივიღე? აუდიტმა დაადგინა ჩვენი ბინის ღირებულება 200 ათასი დოლარი, ამ ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ.
ასევე ვითხოვ მორალურ კომპენსაციას – ჩემი მეუღლე, რევაზ ცინცაბაძე, ამ ბინაზე ნერვიულობას გადაჰყვა 2022 წელს,“ – ამბობს თამარ გვაძაბია.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუმართავს თამარ გვაძაბიას სასამართლოსთვის. სასამართლოს ამ საქმეზე ძირითადი სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს.
თამარ გვაძაბია გვიყვება, რომ 2015 წლის 21 ივნისს სახლი შეზანზარდა, როცა მეზობლად მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ძველ სახლში მცხოვრებ ოჯახებს მეზობლად კორპუსის ნგრევა გაუპროტესტებიათ, მაგრამ ძველი, ორსართულიანი კორპუსი მარჯანიშვილის #4-ში იმავე დღეს დაუნგრევიათ.
ამ ნგრევას მიყოლია საერთო კედელი თამარ გვაძაბიას ბინასთან.
„არც უარყოფდნენ, რომ დავზარალდი, გამიყვანეს ქირით, მაგრამ 4 თვეში გვითხრეს, რომ თითქოს აღადგინეს კედელი. სინამდვილეში, სახლი უარესად ავარიული გახდა და ამას მოწმობს ექსპერტიზის დასკვნები, სახლში საერთოდ აღარ იცხოვრება. სამართალს ვერსად ვპოულობ.
მაინცადამაინც 26 მაისის ქუჩის ტრაგედია უნდა დატრიალდეს აქაც?
ამას ისიც დაუმატეს, რომ სახურავს ზემოდან დატოვეს საწრეტი მილები – განზრახ ანგრევენ ამ სახლს.
დანგრევის პირველივე დღეს გამოვიძახეთ პატრული და მერიის წარმომადგენელი, რომ შეეჩერებინათ ნგრევა, მაგრამ მაინც გაგრძელდა ნგრევა, გაგრძელდა რეიდერული მოქმედება, რაც გრძელდება დღემდე. არც დემონტაჟის პროექტი არსებობდა და არც შემდგომი ნებართვა. ეს ახალი კორპუსი დღემდე ჩაუბარებელია… იქ უკვე სასტუმროც მუშაობს, რესტორანიც და სხვა კომერციული ობიექტები.
როგორც ჩანს, მხარს უჭერენ ზემდგომი ორგანოები. არავინ არ დასჯილა ამ ყველაფრის გამო. მერია რომ მფარველობდა მშენებელს, ჩანს იმით, რომ ეს დემონტაჟი და შემდეგ მშენებლობაც იყო უნებართვო.
ბათუმის მერიას არაფერი არ ჰქონდა საძებნი, ყველაფერი მის ცხვირწინ ხდებოდა. სინამდვილეში სურდათ 80 სანტიმეტრით შემოჭრა ჩვენს სივრცეში და შემთხვევით ბინაში რომ არ ვყოფილიყავი, მიითვისებდნენ კიდეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ გვაძაბიამ.
„თამარ გვაძაბიას კუთვნილი ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის მიერ 2015 წელს მომზადებულ დასკვნაში.
იმის მიუხედავად, რომ 2015 წელსვე თამარ გვაძაბიას უკვე ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა, შსს-მ 2017 წელს, როცა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, კირიკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმოლოგიისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრს დაუკვეთა ექსპერტიზა. დასკვნაში ჩაიწერა, რომ „დაზიანებები გამოწვეულია მის მომიჯნავედ, მარჯანიშვილის #4-ში შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების გამო“.
მარჯანიშვილის #2-ში მდებარე შენობას ექსპერტიზა 2024 წელსაც ჩაუტარდა. ამჯერად მერიამ კიდევ ერთი ექსპერტიზა დანიშნა სახლის ავარიულობის ხარისხის დასადგენად. „შენობა მწვავედ ავარიულია“ – ჩაიწერა ექსპერტის კიდევ ერთ დასკვნაში. ამ დასკვნაშიც ხაზგასმულია, რომ ავარიულობა სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, განაპირობა „მომიჯნავე ნაკვეთზე ჩატარებულმა სამუშაოებმა“.
თამარ გვაძაბია პროკურატურამ ამ საქმეზე დაზარალებულად 2020 წელს მიიჩნია. თამარ გვაძაბიას ადვოკატის, პაატა გოგალაძის თქმით, პროკურატურას ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის მიზეზად პროკურატურა კიდევ ერთ ექსპერტიზას ასახელებს, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ დაინიშნა და რომელსაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი უნდა მოემზადებინა.
„ზიანი უნდა განისაზღვროს, რომ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დადგეს… ექსპერტს კი დაუფიქსირებია, რომ ვერ შევა ამ ბინაში და ვერ იმუშავებს, რადგან ეს საფრთხის შემცველია. ეს პროკურატურის პასუხისმგებლობაა – ექსპერტიზის დამნიშნავი არის პროკურატურა, მას უნდა უზრუნველეყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება,“ – განუმარტა პაატა გოგალაძემ „ბათუმელებს“.
„ბათუმელებმა“ სცადა რამაზ თავდგირიძესთან დაკავშირება, რომელიც მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთი მესაკუთრეა და ამავდროულად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.
დავუკავშირდით მარჯანიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის მესაკუთრეების ინტერესების დამცველს, ჯუმბერ ქართველიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მესაკუთრეების სურვილის გარეშე ვერ დაგველაპარაკებოდა, შემდეგ კი, ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ჯემალ მელიქიშვილს დაგვაკავშირა. ჯემალ მელიქიშვილმა კომენტარზე უარი გვითხრა, ვიდრე ამ საქმის სასამართლო განხილვა არ დასრულდება.
ჩაბარებულია თუ არა მარჯანიშვილის #4-ში აშენებული კორპუსი და რა გააკეთა ბათუმის მერიამ იმისთვის, რომ ისტორიული სახლის ნგრევა მის თვალწინ შეეჩერებინა? – „ბათუმელების“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში.
რატომ არავინ დაისაჯა? – „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს პროკურატურაშიც.






