დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება.
დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება.
2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.
რატომ ასამართლებენ მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით ხელახლა იმავე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?
28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავება. სწორედ ამ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს მოსამართლე მარიანა ფომაევა დღეს, 18 ივნისს. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.
ამ მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ, სტიკერის გაკვრისთვის უკვე გაასამართლა და 1000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არ არის საჯაროდ ცნობილი, აქვს თუ არა დადგენილი ბათუმის მერიას ის სივრცეები, სადაც სტიკერის გაკვრა არის ნებადართული. სად შეიძლება სტიკერის გაკვრა? – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად, შსს და ბათუმის მერიაც უპასუხოდ ტოვებს კითხვას: სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იგი უკვე 5-ზე მეტი თვე უკანონო პატიმარია.
უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში.
შემდეგი სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე 23 ივნისს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მათი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის ამოღებას სასამართლოს გზით ცდილობს.
17 ივნისს 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციას მიუვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო ამ ორგანიზაციებისგან ბენეფიციართა შესახებ პერსონალური ინფორმაციის ამოღებას ითხოვს.
დღე, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მიერ რუსული კანონების აღსრულების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს.
„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო.
ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ.
ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ განცხადებაში.
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში – ქობულეთის შემოვლით გზაზე 101 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა სულ ცოტა 212 ადამიანი. ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი, მონაცემები არ გვაქვს.
„ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ აღნიშნული გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის [გზშ] დოკუმენტის მომზადება. გზშ-ზე „მიმდინარეობს სამუშაოები და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს“, – მოგვწერეს 17 ივნისს დეპარტამენტიდან.
როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია, ვინაიდან გზშ-ს დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მოსაძიებელი იქნება მშენებლობისთვის საჭირო თანხა, სამუშაოების შესყიდვაზე კი, შემდეგ ტენდერი უნდა გამოაცხადონ.
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებისთვის რომ გზშ იყო საჭირო, ეს გადაწყვეტილება [სკოპინგის დასკვნა] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 27 ნოემბერს მიიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზშ-ის ანგარიში სწორედ ამ სკოპინგის დასკვნის შესაბამისად უნდა მოამზადოს.
სკოპინგის დასკვნის მიხედვით, „სამი ალტერნატიული ვარიანტიდან უპირატესობა მიენიჭა II ალტერნატივას, რაც დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს კომბინირებულად, არსებული ორზოლიანი გზის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.
ასაშენებელი გზა, პროექტის მიხედვით, მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.
ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.
საავტომობილო გზის დერეფანში ასევე გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.
ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების ბურჯების მოწყობა, რომლებიც განთავსებული იქნება, არსებული ხიდებისა და გზაგამტარების ბურჯების გასწვრივ. საპროექტო კვანძების ადგილმდებარეობები, კონსტრუქციული გადაწყვეტები და შესაბამისი საპროექტო ნახაზები წარდგენილი იქნება გზშ-ის ეტაპზე.
საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ.
პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს პროექტი შეეხება.
გზშ-ის ანგარიშში, დეპარტამენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს:
„დაგეგმილი საქმიანობების დეტალური აღწერა; საჭიროების დასაბუთება; მთლიანი გზის და საპროექტო გზის გენერალური გეგმა, მაღალი გარჩევადობით, სადაც დატანილი იქნება გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტები; უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე, მდინარემდე და სხვა შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ობიექტებამდე დაზუსტებული მანძილები;
ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ ინფორმაცია;
დეტალური ინფორმაცია/გეგმა ბურღვა-აფეთქებების სამუშაოების სიხშირის შესახებ. დაზუსტებული ინფორმაცია ფერდობის მოხსნის საჭიროების შესახებ, შესაძლო გეოდინამიკური რისკების გააქტიურებისა და მათი მართვის ღონისძიებების მითითებით;
ევაკუაციის შემთხვევაში საჭირო გასასვლელების მოწყობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია;
ინფორმაცია ფიზიკური/ეკონომიკური განსახლების შესახებ [არსებობის შემთხვევაში]; ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, ასევე საჯარო განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების დეტალურად განხილვისა და მათი გათვალისწინების შესახებ;
ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების დამატებითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც საჭიროა დეტალურად აღიწეროს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნა… კვლევის შედეგების მიხედვით, განახლდეს შემარბილებელი ღონისძიებები და შემუშავდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა;
ხმაურის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება დეტალურად შეფასებული უნდა იქნaს გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების მითითებით;
შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შეფასება ისტორიულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთზე იკვეთება არქეოლოგიურად სენსიტიური რამდენიმე წერტილი, შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს არქეოლოგიური კვლევის ანგარიში;
წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია ცხოველთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ [არსებობის შემთხვევაში] და ა.შ.“
რაც შეეხება სკოპინგის ანგარიშს, ის მომზადებული იყო ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 007 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
ტანკი – 10 947 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 22 845 ერთეული [+31]
საარტილერიო სისტემა – 29 265 ერთეული [+37]
MLRS – 1 420 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 165 ერთეული [+184]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+23]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 52 312 ერთეული [+137]
სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 970 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 280 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 950 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ერთ-ერთი საქმის მიხედვით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოსაც აქვს მიღებული, კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალს ავტომანქანის კარი ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, 1 წლით გაუშვეს ციხეში.
ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა ერთჯერადად, ხომ ყველას გახსოვთ? – სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაში არაერთი საქმეა, სადაც ძალადობის მართლაც მძიმე შემთხვევებია აღწერილი, თუმცა სასჯელის სახით გამოყენებულია 1 ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან საერთოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. მაგალითად, კაცი ცოლს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ახრჩობდა, პროკურატურის მტკიცებით, მანამდე იგი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ტელეფონის აპარატიც კი ჩაარტყა თავში, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ამ შემთხვევაში კაცი 2 წლით დააპატიმრეს.
უზენაესი სასამართლოს საქმეებიდან რამდენიმე საქმეს გაგაცნობთ, რომლებიც აჩვენებს, ისევ ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკის გათვალისწინებით რამდენად შეუსაბამოა სილის გაწვნა ჯერ თავდასხმად შეაფასო, ხოლო შემდეგ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასაჯო.
საქმე პირველი: ქალს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია… კაცი 1 წლით გაუშვეს ციხეში
ამბავი თბილისში მოხდა. კაცს პარტნიორი ქალი ერთ დღეს ავტომანქანაში გამოუკეტავს.
„…თბილისში, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ლევანმა [სტატიაში სახელები შეცვლილია] თავის ინტიმურ პარტნიორს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, შემდეგ კი, „დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით გაშლილი დანით მოაჭრა თმა და შემოახია შარვალი, რითაც რ. გ-ი დაამცირა და არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მისი ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია…
სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი… გაშლილი დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც რ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისთვის წარდგენილი მუხლებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს 144 პრიმა სამი მუხლი ითვალისწინებდა, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ის დამნაშავედ მიიჩნიეს ძალადობის ნაწილშიც, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა.
ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა ასე მკაცრად არ უნდა დასჯილიყო და მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 3 000 ლარით ჯარიმა შეუფარდეს.
საბოლოოდ, ლევან ბ.-ს ძალადობის და მუქარის გამო მიუსაჯეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების ან/და შემსუბუქების საფუძველი,“ – აღნიშნულია განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს მიიღო [საქმე №882აპ-23].
საქმე მეორე: კაცმა ადამიანს რამდენჯერმე სცემა – არც ერთი დღე პატიმრობა
165 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯეს კაცი, რომელმაც რამდენჯერმე სცემა დაზარალებულს. ამ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განაჩენი 2021 წლის 8 ივნისს მიუღია.
„…მარჯვენა ხელის მარცხენა ლოყაში ერთხელ დარტყმისა და მარცხენა მხარში 3-ჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა ც.წ.-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ შემთხვევიდან ერთი თვეში ლევანმა ისევ იძალადა დაზარალებულზე: „მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში ორჯერ დარტყმისა და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ც. წ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ლევან წ. ძალადობის მუხლით გაასამართლეს [სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი].
მრავალჯერადი ძალადობის მიუხედავად მსჯავრდებულს პატიმრობაში არც ერთი დღე არ გაუტარებია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ – განჩინება 2022 წელს მიუღიათ [#საქმე №78აპ.-22].
სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა.
არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა.
2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია დამარცხდა სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ანტალიაში… ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახდნენ ქურთებით დასახლებული ქალაქების მერები, მათ შორის ქალაქ ვანის მერიც.
თუმცა არჩევნებიდან მალევე, ერდოღანის ხელისუფლებამ უმეტეს ქურთულ ქალაქში არჩეული მერები თურქეთის საარჩევნო კომისიის და სასამართლოს გზით შეცვალა და ისინი სახელისუფლებო კადრებით ჩაანაცვლა.
2025 წლის 19 მარტს კი დააპატიმრა ექრემ იმამოღლუ, სტამბოლის არჩეული მერი. იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 მარტს უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა იმამოღლუს დაკავების დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
ცნობისათვის, არც 2019 წლის და არც 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები თურქეთის ოპოზიციურ პარტიებს ეჭვ ქვეშ არ დაუყენებიათ და არ უთქვამთ, რომ არჩევნები გაყალბდა.
რა მსგავსება და განსხვავებაა ორი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე, როგორ განვითარდა პოლიტიკური პროცესი თურქეთში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და რას შეიძლება ველოდოთ საქართველოში.
„ბათუმელები“ თურქეთის მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.
როგორი იყო თურქეთში 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოპოზიციისათვის?
ოპოზიციამ გასულ ადგილობრივ არჩევნებში თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვა. მათ შორის ისეთებშიც, რომლებშიც ოპოზიციის გამარჯვებას მაინცადამაინც არავინ არ ელოდა.
მაგალითად, გაიმარჯვა მანისაში, რომელიც ბოლო დიდი ქალაქი იყო ერდოღანის მთავარი პოლიტიკური პარტნიორის, ნაციონალისტური პარტიის კონტროლის ქვეშ და ამით ამ პარტიის პოლიტიკურ სისტემას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.
მარდინსა და ვანში, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ერდოღანის ხელისუფლებამ არჩეული მერების ნაცვლად თავისი წარმომადგენლები დანიშნა. გააკეთა ის, რასაც 2016 წლიდან მოყოლებული მუდმივად აკეთებს ამ რეგიონში.
თუმცა მარტში, ექრემ იმამოღლუ როდესაც დააპატიმრეს, იგივე ვერ გაბედა სტამბოლში. მრავალრიცხოვანი აქციების შემდეგ, იმამოღლუს ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნისგან თავი შეიკავა.
თუმცა ერდოღანმა სხვა სისტემას მიმართა და განაცხადა, რომ არსებული მუნიციპალიტეტების კანონი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ისინი არაფერს აკეთებენ.
სანდრო ბაკურაძე
შეიძლება თურქეთი განვიხილოთ მაგალითად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დამარცხებულად შეიძლება გაქციონ, თუკი სათავეში არადემოკრატი მმართველია? და იგივე, საქართველოს კონტექსტში – რა შანსი აქვს რომელიმე პარტიას არჩევნებში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?
თურქეთში ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. რაც შეეხება ჩვენ კონტექსტს – თურქეთი ძალიან, ძალიან ცუდი მაგალითია ჩვენს კონტექსტთან მიმართებაში.
ჩვენთან არ არსებობს ისეთი პარტია, რომელსაც აქვს ისეთი ძლიერი ფინანსები და ისეთი ისტორიული ასოციაცია, როგორიც სახალხო რესპუბლიკურ პარტიას აქვს თანამედროვე თურქეთის დამაარსებელთან, ათათურქთან. ჩვენთან არცერთ პარტიას არ აქვს ისეთი იდეოლოგია, თუნდაც ძალიან ზოგადი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები იქნებოდა. რაც მთავარია, ჩვენთან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარ ნარატივსაც კი ეწინააღმდეგება ოპოზიციის ერთი ნაწილი.
თუკი დავუშვებთ, რომ ხელისუფლებას არჩევნების იმ მასშტაბით გაყალბების რესურსი აქვს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, მაშინ არანაირი გარანტია იმისა, რომ მერების არჩევნები არ გაყალბდება, არ არსებობს – ეს ერთი.
მეორე – ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს არანაირი პასუხი არ აქვთ იმაზე, რა მოხდება თუკი თბილისში გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი, შემდეგ კი არსებულმა სასამართლომ, რომელსაც ოპოზიცია არ ენდობა, გამოიტანა გადაწყვეტილება და გააკეთა იგივე, რაც თურქეთში რამდენჯერმე უკვე მოხდა. არც ისე წარმოუდგენელია, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს.
რა მოხდა თურქეთში? – რაღაც მიზეზების გამო პირველ ადგილზე გასული კანდიდატი გამოაცხადა დისკვალიფიცირებულად და არჩეულ მერად გამოაცხადა მეორე ადგილზე გასული.
ვთქვათ „ოცნებამ“ სიტყვაზე ოპოზიციური პარტიები აკრძალა და გამოაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო წარმატება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია რას აკეთებს? ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას პასუხი არ აქვს.
ასევე ჩვენთან არ არის ის მუნიციპალური კულტურა, რაც არის თურქეთში. საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ცნება და რაობა სრულიად განსხვავებულია.
ასეთ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში ადგილობრივ დონეზე წარმატების რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ოპოზიციას, ძალიან რთული სათქმელია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან მუნიციპალიტეტებს არც იმდენი უფლებები აქვთ, რაც თურქეთში. მაგალითად, თურქეთში მუნიციპალიტეტი სხვა თუ არაფერი, წყლის გადასახადსაც კი თავად კრეფს.
ამავე დროს არც ის ალტერნატიული პოლიტიკური ხედვა არსებობს ჩვენთან, რომლის გამოყენებითაც საზოგადოების ფართო მასების მომხრობა, მხოლოდ მუნიციპალური პოლიტიკის გამოყენებით შესაძლებელი იქნება.
შეიძლება ზოგიერთი ოპოზიციონერი ფიქრობდეს, რომ ამ მუნიციპალური რესურსებით სერიოზულ ქსელს ააშენებენ, რომლის საშუალებითაც მერე ხელისუფლებაში მოვლენ და ა.შ. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს დიდი რესურსები ფიზიკურად არ აქვთ, რომ ჩვენთან არსებული ოლიგარქიული მოდელის წინააღმდეგ მარტო მუნიციპალური წარმატება რამეში გამოდგეს. შესაბამისად, მათი ეს მოტივაცია (არჩევნებში მონაწილეობის სურვილი) კი მესმის, რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ მაინც უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი.
ვინაიდან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დეიდეოლოგიზირებულია, ვფიქრობ ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ თუკი გარკვეულ რესურსებზე წვდომა ექნებათ, რომლის საშუალებითაც გარკვეულ პოლიტიკური პატრონაჟის ქსელს ააშენებენ, ეს მათთვის საკმარისი იქნება.
ეს ერთი მხრივ მათ ავტონომიურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, მეორე მხრივ მათი დამფინანსებლები – ხაზარაძე თუ სხვები, პირადი რესურსების რაღაც ნაწილს გამოათავისუფლებენ.
თურქეთში, პატარა ქალაქებშიც კი ჩაანაცვლეს არჩეული ოპოზიციონერი მერები ხელისუფლების კანდიდატებით. რა შანსია, რომ იგივე მოხდეს ჩვენთან დაანონსებული „პარტიების აკრძალვის“ და მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?
სრულიად შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც პარტიებად ორგანიზებული ოპოზიციის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის საწინააღმდეგო მოთხოვნით გამოდიან და უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვენ, თავად ოპოზიციის ინტერესებში არ ჯდება. ბოლო პერიოდში გადადგმული მათი ნაბიჯები სწორედ ამაზე მიგვითითებს.
სავარაუდოდ, ხელისუფლება ამას გააკეთებს. შეიძლება ხალხის რაღაც ნაწილი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ თუკი არ მოხდება ქვემოდან ზემოთ ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება და საპროტესტო მოძრაობის არსებული პარტიების მიღმა დამოუკიდებლად ორგანიზება, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად ჩაივლის ეს ყველაფერი.
ხელისუფლება დანიშნავს ვინც მოუნდება იმას, საარჩევნო პროცედურებს დაარღვევს და შემდეგ ყველაფერი ისევ ისე იქნება – თითქოს არაფერი მომხდარა გაგრძელდება ცხოვრება.
ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში?
ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შეიძლებოდა აზრი ჰქონოდა, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია შეჯერდებოდა ერთიან სიაზე და ძლიერი პოპულისტი კანდიდატით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. არსებულ რეალობაში ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ნაწილის არ მონაწილეობა, ვფიქრობ, ერთი მხრივ საპროტესტო მოძრაობის ერთგვარი ღალატია, მეორე მხრივ კი ოპოზიციის გრძელვადიანი დაქსაქსვის გარანტია.
ოპოზიციის და რიგი ექსპერტების მთავარი არგუმენტია, რომ ასე თბილისის, რუსთავის, ბათუმის წართმევა შეიძლება „ოცნებისთვის“. მეორე მხრივ გვაქვს მაგალითი, ექრემ იმამოღლუმ მრავალმილიონიანი სტამბოლი წაართვა ერდოღანს, თუმცა ახლა ციხეში ზის.
სავსებით შეიძლება [ქალაქების წართმევა], მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ექრემ იმამოღლუ იმდენად დიდი წონის ფიგურად ჩამოყალიბდა, მის დაპატიმრებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, ერდოღანის ხელისუფლებამ მის ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნა ვერ გაბედა. ამჟამად სტამბოლის მერის მოვალეობას ისევ ექრემ იმამოღლუს პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი ასრულებს. ამავე დროს სტამბოლის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციისა.
ჩვენთან როგორი იქნება საკრებულოს შემადგენლობა რთული სათქმელია. ჩვენი ოპოზიციის ამჟამინდელი დაქსაქსულობიდან, შემადგენლობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ისეთ ჰიპოთეტურ სცენარშიც კი, თუკი მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაჟორიტარული სისტემის დამსახურებით საკრებულოს უმრავლესობა მაინც „ოცნებას“ დარჩეს.
შესაბამისად, ჩვენთან ეს დინამიკაც განხვავებულია და ძალიან ბევრი რაღაცის თქმა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე.
თუკი დიდ ქალაქებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, შეიძლება ეს კარგად იქნეს კაპიტალიზებული, მაგრამ თუ „ოცნების“ ხელისუფლება ოპერატიულად იმოქმედებს, არ მგონია ამან რაიმე რეალური სარგებელი მოუტანოს ოპოზიციას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენთან რეალურად ოპოზიცია დაქსაქსულია და რამდენიმე პარტიაზეა გადანაწილებული ოპოზიციონერი ამომრჩევლის ხმები.
შესაბამისად, საერთო კანდიდატის გარეშე, გამარჯვების თეორიული შანსიც არ მგონია ჰქონდეს ოპოზიციას. საერთო კანდიდატის არსებობა კი ჩვენი ოპოზიციის დაქსაქსულობის პირობებში გამორიცხულია.
რუსთავის, ბათუმის და თბილისის წართმევა ფიქრის დონეზე ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია არ ვიცი.
რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ მეზობელი თურქეთის ოპოზიციისგან, რამ შეიძლება იმუშაოს ჩვენთან?
თუკი თურქებისგან რამე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ პოლიტიკა კეთდება ქუჩის და სამეზობლოს დონეზე. ტელევიზიაში 24 საათი ჯდომით და ლაპარაკით საქმე არ კეთდება. თურქული ოპოზიციის ეს საარჩევნო წარმატება თუ რამეს ეყრდნობა, პირველ რიგში, ეყრდნობა იმას, რომ მათ ძალიან კარგად ისწავლეს უბნის და რაიონის დონეზე პოლიტიკის კეთება. მათ აქვთ იმის რესურსები, საშუალება და მორალი, რომ ქუჩისა და სამეზობლოს დონეზეც კი აწარმოონ პოლიტიკა. ჩვენთან ეს შეგნებაც კი არ არსებობს.
ბოლო არჩევნებიდან კარგად მახსოვს, ჩემს უბანში, რომელიც არის ღრმაღელის მეტროდან 15 წუთის სავალზე, ოპოზიციის არსებობა იგრძნობოდა ერთადერთი რამით – ჩემ გვერდით ქუჩაზე „ლელოს“ ორი ცალი პლაკატი იყო გაკრული. ეს იყო და ეს.
ბროშურაც კი არ მოუტანია არავის. ასე ამომრჩეველთან კონტაქტი ვერ მყარდება. რეალური პოლიტიკური მანქანა ვერ იქმნება.
თუკი ოპოზიციას სურს რეალური პოლიტიკა გააკეთოს, უბნების, სამეზობლოების და სოფლების დონეზე დასაწყებია ყველაფრის დაორგანიზება. თუკი მწირი ფინანსური რესურსებით გამართლებას შევეცდებით, არ იქნება სწორი. ამ ყველაფერს იდეოლოგია სჭირდება, რადგან როდესაც იდეოლოგია გაქვს, ხშირ შემთხვევაში ბევრად მცირე ფინანსური რესურსია საჭირო მიზნის მისაღწევად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა რეალურად მოწოდების და რწმენის საკითხია და არა იმის, რომ ვიღაცას დაასაქმებ უბნის ორგანიზაციაში და ის ხელფასისთვის იმუშავებს.
თურქულმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის რა უნდა და როგორ. შეიძლება თურქეთის მომავლის მათეული ხედვა ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს ხედვა განსხვავებულია, ჩამოყალიბებულია და სრულიად გასაგები.
ჩვენი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა კი იდეოლოგიურად და ნიჭის მხრივ იმდენად საცოდავია, რომ ტყუილსაც კი ვერ ამბობენ. მათი შემხედვარე უბრალო მოქალაქეს სავსებით სამართლიანად რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას უნდა დღევანდელი რეალობა, ოღონდ ბიძინას გარეშე.
უბრალო მოქალაქის მოთხოვნა კი ცვლილებაა.
თუკი მხოლოდ პოლიტიკური სახეები შეიცვლებიან, კოლექტიური ხარება კი მოსახლეობის ცემას ისევ ისე გააგრძელებს, მაშინ უბრალო მოქალაქეს თავის გაწირვა და ჯარიმების თუ ცემა-ტყეპის ატანა არანაირად არ უღირს.
გარდა ამისა, ჩვენ ოპოზიციას არანაირი პასუხი არ აქვს იმაზე, რას იზამენ, თუ დავუშვათ და მოიგეს არჩევნები, მაგრამ ქოცებმა ხელი სტაცეს, ციხეში ჩაყარეს და არჩეული მერის ადგილას ვინც მოუნდათ ის დანიშნეს. საპროტესტო მუხტი ოპოზიციამ თავადვე გაფლანგა მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ხალხის მოთხოვნა ფუნდამენტური ცვლილებები იყო, ხალხის წარმატება მათ დასასრულსაც ნიშნავდა და შედეგად, ახალ რეალობაში ახალი პოლიტიკის კეთებაზე თავის გაცხელებას, არსებულ რეალობაში მცირედით დაკმაყოფილება ამჯობინეს.
რა უნდა გაკეთდეს ეს დიდი და ხანგრძლივი დისკუსიების თემაა, მაგრამ მოკლედ რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით, აქ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის ხელისუფლების გზაზე პოტენციურ დიდ ნაბიჯად ვერ გამოდგება.
პროკურატურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე.
დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი.
ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული.
„პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 000 ლარი ოჯახს პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც „ოჯახის სიწმინდის დღეს“ იმავე გადაკეტილ ქუჩაზე აღნიშნავს.
წარმოდგენა არ მაქვს, იციან თუ არა ორსულობის და მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ, მაგრამ კომენტარებისთვის თუ უზიან ფეისბუქს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ადვილად გასაგები.
საჯაროდ მიწერია, რომ ბავშვს ველოდებით და ერთი სამი წლისაც გვყავს. შეეძლოთ, გაერკვიათ“ – ამბობს დათო სიმონია „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, პოლიციის მიერ გამოწერილი პირველი ჯარიმა გასაჩივრებულია შს სამინისტროში და ჯერჯერობით გადახდის ვალდებულება შეჩერებულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მათ ანგარიშებს დააყადაღებენ, ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები აუცილებელი საჭიროებების გარეშე დარჩებიან.
„დაყადაღება ალბათ იმოქმედებს დაზღვევაზეც, რადგან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის სამედიცინო ხარჯებს სჭირდება დაზღვევა და ანგარიშები“ – ამბობს დათო სიმონია.
მისი თქმით, ამ ჯარიმას მისი მეუღლე ქეთი ბახტაძეც გაასაჩივრებს, თუმცა „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა აჩვენებს, რომ მასობრივი დაჯარიმებებით, „ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკული აზრის და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.
დათო სიმონია და მისი მეუღლე ქეთი ბახტაძე ხშირად მონაწილეობენ პროევროპულ აქციებში, სადაც მოსახლეობა ითხოვს ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და „ოცნების“ ხელისუფლებას გადადგომას.
ამ დროისთვის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე ათასობით პირია დაჯარიმებული. მათ შორის არიან მარტოხელა დედები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
პროკურატურამ დააყადაღა ფონდები, რომლებიც პროტესტში მონაწილე მოქალაქეებს უკანონო ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ.
ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.
ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-დან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – ასეა ჩანიშნული ხვალ, 18 ივნისს, დებატები ევროპარლამენტში, რომელიც წინ უძღვის ევროპარლამენტის რეზოლუციის განხილვას.
19 ივნისს კი, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელის და მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მისი დაკავებისთანავე მოჰყვა.
მზია ამაღლობელი უკვე 148 დღე უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს.
ZEG ფესტივალზე, რომელიც 13-15 ივნისს გაიმართა თბილისში, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა. სესიაზე კილიან გალაგერმა, რომელიც ნობელიანტი ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ადვოკატია, ხაზგასმით თქვა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს:
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ მზიას ქეისის გამო. მე მჯერა, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ის პოლიტპატიმარია. ნათელია, რომ ის გახდა ცრუ ბრალდებების სამიზნე ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევების ქვეშ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობადი დარღვევის გამო.
იმედი მაქვს, რომ საქმე შეწყდება და ის ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება. თუ არადა, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა კილიან გალაგერმა.
5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. გაეროს თანახმად, წელს ამ დღის ფოკუსში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა.
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რაც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას თაობაში, რომელიც უკვე ხვალ წარმართავს რეგიონების განვითარებას და იზრუნებს მასზე.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ გარემოს დაცვის თემაზე მეორეული ნივთებისა და ნარჩენებისგან შექმნილი მაკეტები.
კონკურსში მონაწილეობა 20-მდე სკოლამ მიიღო, მათგან კი სამი საუკეთესო გუნდი დაჯილდოვდა 5 ივნისს. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წარმოადგინეს ნამუშევრები და პრეზენტაციაც გამართეს.
პირველი გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებმა იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლიდან შექმნეს გადამამუშავებელი ქარხნის მაკეტი მთავარი სლოგანით – „არ გადააგდო – გადააკეთე”.
იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის პირველი გუნდი
გუნდის წევრმა ნინი დიასამიძემ გვითხრა, რომ მისი თაობისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის საკითხები, რადგან ისინი დგანან რეალური გამოწვევების წინაშე:
„ჩვენ გარემოში შეიძლება განვითარდეს მეწყრული პროცესები და სხვა საფრთხეები, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს დააზიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველანი ჩართულები ვიყოთ ზრუნვისა და გაფრთხილების პროცესში. ჩვენი პროექტი ეხებოდა ნარჩენების გადამუშავებას და ამით სუფთა გარემოს შენარჩუნებას” – ამბობს ნინი დიასამიძე.
გამარჯვებულებს შორის იყო სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის გუნდიც. მათ თავიანთი ოცნება გადაიტანეს მაკეტში და ნარჩენებით მსოფლიოს საოცრებები გააცოცხლეს, ის ადგილები, რომელთა მონახულებაც სურთ.
ასევე, მათ ბოთლის სახურავებისა და პოლიეთილენის პარკებისგან გააკეთეს მსოფლიოს რუკაც, რაც ეხმიანებოდა მთავარ თემას – ეკოსისტემის პლასტმასით დაბინძურებას.
„პრობლემა, რომელიც ჩვენი მაკეტით გამოვსახეთ, არის გარემოს დაბინძურება. როგორც ვიცით, დღეს დედამიწაზე უკვე, დაახლოებით, ექვსი ხელოვნურად შექმნილი ნაგვის კუნძულია, რაც ცოცხალ ბუნებას, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე, საფრთხეს უქმნის. როგორც ახალგაზრდა თაობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მივხედოთ ამ პრობლემებს” – გვითხრა გუნდის წევრმა, ლუკა წულუკიძემ.
დიდაჭარის საჯარო სკოლის გუნდი
„დედამიწა კიდევ მილიონობით წელი იარსებებს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გავუფრთხილდებით მას. გვინდოდა ბავშვებისთვის გვეჩვენებინა, რომ უნდა იზრუნონ მასზე და რეალურად გაუფრთხილდნენ ამ მშვენიერებას. მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, მიაქციონ ყურადღება იმას თუ რას ხარჯავენ და რისთვის. რეალურად გაიაზრონ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს დანაგვიანებამ მსოფლიოს და შეეცადონ, რომ თავიანთი მომავალი თაობებისთვის იბრძოლონ” – ამბობს ანა შავაძე დიდაჭარის სკოლიდან.
იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლიდან მეორე გუნდიც მოხვდა გამარჯვებულთა შორის. გოგონებმა ეკოსოფლის მაკეტი წარმოადგინეს და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოაწყო საცხოვრებელი სივრცე რესურსების გონივრული გამოყენებით.
გუნდის წევრი ლანა დიასამიძე მისი გუნდის ხედვებზე გვესაუბრა:
იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის მეორე გუნდი
„ჩვენი პროექტის სახელი იყო „ეკოსოფლის მაკეტი“, რაზეც ვიმუშავეთ სამმა ადამიანმა. გამოვიყენეთ მეორადი მასალები, მეორადი ნივთები.
თუ გარემო დაბინძურებული იქნება პლასტმასითა და სხვა ნარჩენებით, დაბინძურდება ჰაერიც, რომელსაც ყველა თანაბრად ვსუნთქავთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ გარემო იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც. როგორც ჩვენ ვიზრუნებთ ბუნებაზე ისე იზრუნებს ბუნება ჩვენზეც” – ამბობს ლანა დიასამიძე.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები მესამეკლასელები იყვნენ, რომლებმაც მუყაოთი დაამზადეს სხვადასხვა ნამუშევარი.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსთან შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა გვიყვება, რომ დიდი ჩართულობიდან გამომდინარე, გამარჯვებულების გამოვლენა გაუჭირდათ:
„ჩვენმა კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის. მოსწავლეებს მიეცათ დავალება, მოამზადონ პროექტები მეორადი ნივთებისგან, ნარჩენებისგან. ამან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ბავშვებში, იყო დიდ ჩართულობა, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან. ოცმა სკოლამ შემოიტანა განაცხადი”.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსთან შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა
„ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულების შერჩევა, თუმცა მაინც გამოვავლინეთ სამი საუკეთესო გუნდი. მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ვფიქრობ, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების წარმოშობის შემცირება, მათი მეორადი გამოყენება რითაც ნაკლებ ზიანს მივაყენებთ გარემოს” – ამბობს ნინო გაგუა.
5 ივნისს, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების დღის ბოლოს, შუახევი ჰესის ინჟინერთან ერთად მოსწავლეებმა ჰესი დაათვალიერეს, ნახეს, თუ როგორ გარდაიქმნება წყლის ენერგია ელექტროენერგიად და გაეცნენ კომპანიის მიერ დანერგილ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებსაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 17 ივნისის ღამეს 14 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.
ეს წინასწარი მონაცემებია, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.
როგორც შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ვიდეოდან ჩანს, კიევში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი შესასვლელი განადგურდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 40-ზე მეტი ბინა არის განადგურებული.
„შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს“, – ამბობს კიევის მერი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ კიევის სხვადასხვა რაიონში 27 ადგილი მტრის ცეცხლის ქვეშ იყო. მათ შორის იყო საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 006 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
ტანკი – 10 940 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 814 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 29 228 ერთეული [+20]
MLRS – 1 419 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 981 ერთეული [+177]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 52 175 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 71 დაშავდა. აქედან:
კიევში – 14 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა,
ოდესაში – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა,
კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში – 1 ადამიანი დაშავდა.
ZEG ფესტივალზე, რომელიც თბილისში 13-15 ივნისს გაიმართა, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა.
“ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი უკვე 147 დღეა უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს.
15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა ჯოდი გინზბერგი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი. ჯოდი გინზბერგი მზია ამაღლობელსიადმი მიძღვნილი სესიის მოდერატორი იყო.
ჯოდი გინზბერგი იყო ზუსტი თავის შეფასებებში, როდესაც თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა „შეთითხნილი ბრალდებით“ იბრძვის.
„ძალიან ცხადია, რომ მზიას დაპატიმრება უსამართლოა. ის ისჯება არაპროპორციულად და ნათელია, რომ ეს მისი, როგორც ჟურნალისტის, რედაქტორის საქმიანობის საპასუხოდ ხდება.
ის არ უნდა იყოს 4-7 წლამდე პატიმრობის საფრთხის წინაშე შეთითხნილი ბრალდებების გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მზიას არ ეხება, სინამდვილეში ეს ყველა ქართველ ჟურნალისტსა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს ეხებათ, რომლებიც სულ უფრო ხშირად აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას…
ასევე ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ შეწყვიტონ ხელისუფლებებისა და ავტორიტეტების კრიტიკული გაშუქება.
ამ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოცხადება. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და გავაგრძელებთ გაშუქებას“, – განაცხადა ჯოდი გინზბერგმა, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის – CPJ” აღმასრულებელმა დირექტორმა.
მზია ამაღლობელის მიმართ უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობად დარღვევაზე ასევე ისაუბრა კილიან გალაგერმა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით.
კილიან გალაგერი არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დევნის ობიექტის, ნობელიატი მარია რესას ადვოკატი.
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ მზიას ქეისის გამო. მე მჯერა, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ის პოლიტპატიმარია. ძალიან ცხადი/ნათელია, რომ ის გახდა ცრუ ბრალდებების სამიზნე ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევების ქვეშ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობადი დარღვევის გამო…
ღრმა პრობლემები აქვს საქმეს.
იმედი მაქვს, რომ საქმე შეწყდება და ის ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება. თუ არადა, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა კილიან გალაგერმა, რომელიც მზია ამაღლობელისთვის მიძღვნილი სესიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.
თბილისში ყოფნისას ადამიანის უფლებათა დამცველი, ირლანდიელი კილიან გალაგერი მზია ამაღლობელის საქმის დეტალებით დაინტერესდა.
სესიის სიურპრიზი სტუმარი იყო თავად მარია რესა, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ონლაინ მიმართა.
ნობელიატმა ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. მარია რესას თქმით, როგორც თავად იდევნებოდა ფილიპინებში, ანალოგიურია მზია ამაღლობელის საქმეც საქართველოში. მარია რესას განცხადებით, როგორი მხარდაჭერაც მიიღო მან საერთაშორისო საზოგადოებისგან, ანალოგიურ მხარდაჭერას იმსახურებს და მიიღებს მზია ამაღლობელიც.
მზია ამაღლობელისადმი მიძღვნილი სესიის მომხსენებელი იყო ასევე “ბათუმელები/ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე.
ჟურნალისტმა ისაუბრა მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ ის ფიზიკურად სუსტადაა, თუმცა საბრძოლო სულისკვეთებას ინარჩუნებს და ყოველ სასამართლო პროცესზე ექვსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მთელი სხდომის განმავლობაში, ფეხზე დგას ბრძოლისა და პროტესტის ნიშნად, შემდეგ კი ისევ 6 საათი უწევს მგზავრობა საპატიმრო დაწესებულებამდე.
პანელის ბოლოს “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” აღმასრულებელმა დირექტორმა დარბაზს მიმართა, რომ მზია მარტო არ არის და მის მიმართ სოლიდარობა ფეხზე წამოდგომით გამოხატონ.
დარბაზმა ფეხზე დგომით და “თავისუფლება მზიას” შეძახილებით გამოხატა მხარდაჭერა.
ZEG ფესტივალი 13 ივნისს დაიწყო და 120-ზე მეტ მომხსენებელს უმასპინძლა.
__
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის მიმართ სილის გარტყმის საქმეზე 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სასჯელი ანალოგიურ ქმედებაზე საქართველში დღემდე არავინ დაუსჯიათ, მათ შორის არც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
მზია ამაღლობელს „ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ იმის გამო დევნის ასე სასტიკად, რომ ის არის ჟურნალისტი და მედიამენეჯერი.
2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით დაასაჩუქრა. როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820 [GBP] – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD – დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა.
სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, 2024 წელს პარლამენტარმა მშობელს 250 000 ლარი აჩუქა. ჯამში ნინო წილოსანმა 2024 წელს ნახევარმილიონამდე ლარი საჩუქრის სახით გასცა.
ბოლო დეკლარაცია ნინო წილოსანმა 2025 წლის 28 იანვარს შეავსო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში 2024 წლის მონაცემებია ასახული.
მოგზაურობის ხარჯი
ნინო წილოსანი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ გასულ წელს საქართველოში, პორტუგალიასა და ამერიკაში იმოგზაურა. პორტუგალიაში მოგზაურობისთვის 7125 ლარი, ამერიკაში მოგზაურობისთვის 6000, ხოლო საქართველოში 6115 ლარი დახარჯა – ეს ჯამში 19 240 ლარია.
2024 წელს დარეგისტრირებული ქონება
გასულ წელს ნინო წილოსანს თბილისში, ზალდასტანის ქუჩაზე სახლი და ავტოფარეხი შეუსყიდია, რაშიც ჯამში 470 000 დოლარი გადაუხდია. სახლის ფართობი 190,5 კვ.მეტრია, ავტოფარეხის ფართობი კი – 17. 7 კვ.მეტრი.გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე -162,82 კვ.მეტრი კომერციული ფართობი დაირეგისტრირა. როგორც დეკლარაციაში მიუთითა, ეს ქონება 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით აქვს შესყიდული.
ადრე შეძენილი ქონება
2023 წელს თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ნინო წილოსანს შეუსყიდია 82,9 კვ.მეტრი კომერციული ფართობი 2 თანამესაკუთრესთან ერთად, შენიშვნაში მიუთითა, რომ ეს ქონება 2011 წელს არის შესყიდული. ისევე როგორც არასაცხოვრებელი 182,75 კვ.მეტრი ფართობი ქვიშხეთის ქუჩაზე. ამ ნაკვეთსაც თანასაკუთრებაში ფლობს. ორივე ქონებაში ჯამში 140 000 ლარი გადაუხდიათ.
ნინო წილოსანი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში, ზღვასთან ახლოს, რომელიც 40000 ლარად შეუძენია 2009 წელს, ფართობი 409 კვ.მეტრია. ფლობს კიდევ ერთ ბინას, 224,7 კვ.მეტრს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, როგორც თავად მიუთითა, ეს ბინა 2009 წელს შეუსყიდია.
ახალი ავტომანქანა
გასულ წელს ნინო წილოსანს შეუძენია ავტომანქანა LAND ROVER DEFENDER-ი, რაშიც 95 000 დოლარი გადაუხდია.
ანგარიშები და დეპოზიტები
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნინო წილოსანს დანაზოგის სახით 70 000 ლარი და 100 000 დოლარი ჰქონდა.
ნინო წილოსანის ამერიკული და სხვა კომპანიები
ნინო წილოსანის ამერიკული კომპანია US TRADING COMPANY-ის 25 პროცენტი ყოფილ ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს ეკუთვნის. ყოფილ ქმარს ეკუთვნის ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიის S.R.O Almitrans-ის 25 პროცენტიც. ტელეკომპანია პირველმა გამოარკვია, რომ ამერიკული კომპანიით ნინო წილოსანი საქართველოში დამზადებულ ტანსაცმელს უცხოეთში ყიდის.
ნინო წილოსანი ფლობს შპს „მკურნალი 2022“-ის 52 პროცენტს, ამ კომპანიიდან გასულ წელს შემოსავლის სახით 70 886 ლარი მიუღია. ის ფლობს ასევე შპს „ენდუო-კონცეპტის“ 23 პროცენტს და შპს „ენდუო“-ს 10 პროცენტს.
გასული წლის ხელფასთან დაკავშირებით დეკლარაციაში უთითებს, რომ ხელფასის სახით დაერიცხა 60 096 ლარი, ხელზე აღებულმა თანხამ კი 56 208 ლარი შეადგინა. იჯარის წესით გაცემული ფართობებიდან ნინო წილოსანს 228 887 ლარი მიუღია შემოსავლის სახით.
დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს ბანკში სესხები აქვს.
„ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ბოლოდროინდელ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები სასამართლო დარბაზებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კოდექსით მიმდინარე ის დავები, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მწირი რესურსების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ სასამართლო სხდომების გასაშუქებლად და საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად.
ამის პარალელურად მოსამართლეები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში პროცესებზე დასასწრებად ხან საერთოდ არ უშვებენ და ხან განხილვის დასრულებამდე ატოვებინებენ მათ დარბაზს.
ზოგჯერ მათ ფოტო და ვიდეოგადაღების უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში მუშაობასაც კი უშლიან.
მდგომარეობას ამძიმებს სასამართლოს მანდატურების ძალადობრივი ქცევა, რომლებიც ჟურნალისტთა მიმართ უხეშ ძალას იყენებენ. სასამართლოში გაუარესებულ სამუშაო პირობებზე და ხელშეშლაზე საუბრობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია, სასამართლო სხდომებს აშუქებენ,“- წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ქარტია ყველა იმ შემთხვევას ახსენებ, რაც უახლოეს პერიოდში მოხდა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლას ადასტურებს.
კერძოდ, ქარტია წერს:
„პუბლიკას“ ფოტოგრაფმა, მინდია გაბაძემ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელის და ფეხის ჩარტყმა, თრევა, ხელის მოჭერა, ფეხის წამოდება, კამერაზე დარტყმა და გინება გახდა ჩვენი ყოველდღიურობა სასამართლოში“.
12 ივნისს მანდატურებმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული სტუდენტის, მათე დევიძის, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტების ერთ ნაწილს, მოქალაქეებთან ერთად, შენობა ძალით დაატოვებინეს. ჟურნალისტთა მეორე ნაწილს ისინი სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ.
11 ივნისს მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის, პროცესი სრულად დახურა და ჟურნალისტებს დარბაზი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინა.
10 ივნისს იგივე გააკეთა მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესზეც, ოთხი მოწმის დაკითხვის შემდეგ. „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მათ, ჟურნალისტებს, 11 ივნისს სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ და რომ არც 11 ივნისს და არც წინა დღეს, 10 ივნისს, მედიის, მათ შორის იმ მედიის, რომელთაც გადაღების ნებართვა ჰქონდათ, დარბაზიდან გაძევებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
11 ივნისს მოსამართლე პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესზე, „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს, მის პროცესზე ფოტოგადაღების უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფოტოების გადაღებას სხდომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, თუმცა სრულიად უხმაუროდ, რამაც მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვია.
9 ივნისს სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებზე იძალადეს პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმის მოწმე პოლიციელის თანმხლებმა პირებმა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოგრაფს, მარილიზ ვინიოს.
2022 წლიდან დღემდე, ღია წყაროებში მსგავსი კიდევ 14 შემთხვევა იძებნება, როცა უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს.
ეს ჟურნალისტები ან კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი პუტინის რეჟიმის მიმართ ან საქართველოში მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ.
მარილიზ ვინიოს თქმით, ის საქართველოში ორჯერ – 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში იმყოფებოდა. ფოტოგრაფი საქართველოში მისი არშემოშვების გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობასა და დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ სოციალურ ქსელში მის ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებს.
საქართველოში გადაღებული მისი ფოტოები პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნდა და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მოხვდა. ისინი საქართველოშიც გამოიფინა.
ქარტია თავის ვრცელ განცხადებაში ასევე ეხმაურება საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვის გამო დაჯარიმებული ჟურნალისტების შემთხვევებს.
“სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სრულად ჯდება, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 1,500-დან 4,000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
მათი ნაწილის სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა. მამუკა მდინარაძემ საჩივარი ტელეწამყვანების: ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილისა და „ფორმულას“ თანამფლობელის მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ახლად ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 17316-ე მუხლის საფუძველზე შეიტანა.
ეს მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წუხილის საგანია ამ მუხლის მსუსხავი ეფექტი და მის საფუძველზე მასობრივი ცენზურის საფრთხე.
17316-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კი მათი მისამართით კრიტიკული აზრის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეთ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ამ დამთრგუნველ გარემოში, მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების შესახებ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ხვალ, 17 ივნისს, სხვადასხვა დროს შეეზღუდება ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს შემდეგ მისამართებზე:
ბათუმში
12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით: მაიაკოვსკის, ქიქავასა და თაბუკაშვილის ქუჩებს;
14:00-დან 16:00 საათამდე – გენერალ ასლან აბაშიძის, ტბელ აბუსერიძის, ინასარიძის, ფიროსმანის, ტაძრის, კობალაძის ქუჩებს, ასევე ტაბიძის, შალვა დადიანის, შ.ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ტბეთის შესახვევში მცხოვრებ აბონენტების ნაწილს;
ხელვაჩაურში
11:00-დან 18:00 საათამდე – კახაბრის, მეჯინისწყლისა და აეროპორტის დასახლებების ნაწილს;
ქობულეთში
11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ლეღვას, ქაქუთს, ოჩხამურს, ჯიხანჯურსა და მიმდებარე სოფლებს; ასევე დ. აღმაშენებელის, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს;
ქედაში
11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოლოტაურს, აგარასა და მიმდებარე სოფლებს.
ენერგოკომპანიის ინფორმაციით შეზღუდვა „გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“ უკავშირდება და „აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“.
ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები.
„ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, სარჩელის დასაშვებობა-დაუშვებლობაზეა პროცესი.
ერთ მხარეს არის „კრედიტ სუისი“, მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი ოჯახი. საუბარია იმ ფულზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რწმენით მას მოჰპარეს და ამას აკონტროლებს „გლობალური ომის პარტია“.
ეს პროტესტი დაგეგმა მოქალაქეების ჯგუფმა. მიზანია ის, რომ ყველამ დაინახოს, მათაც, ვინც შედის ამ სასამართლოში – ადვოკატებმა, მოსამართლეებმა, რეალურად რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს რაღაც კონსპირაციების გამო მთელი ქვეყანა აყვანილი ჰყავს მძევლად“, – ამბობს დათო ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.
საპროტესტო აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილება. ფოტო: დათო ჯინჭარაძე.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე
მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ანგისის ქუჩიდან ანგისის პირველ ჩიხში ავტოტრანსპორტის შესვლა აიკრძალება. ანგისის პირველ ჩიხში ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხეივად ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში / პროექტს ბათუმის საკრებულო 19 ივნისს განიხილავს
„პროექტის მიღების მიზეზი და მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ანგისის ქუჩის I შესახვევში ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში.“ – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ბათუმში, ანგისის ქუჩის პირველ შესახვევში, ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში, მოძრაობა ცალმხრივი გახდება / ფოტო დადგენილების პროექტიდან
„ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ დადგენილების პროექტს ქალაქის საკრებულო 19 ივნისის სხდომაზე განიხილავს.
19 ივნისს ბათუმის საკრებულო კიდევ ერთ დადგენილების პროექტს განიხილავს, რომლის მიღების შემდეგ აღდგება ორმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე.
ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია – Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ.
ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი – სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.
„საქართველოში ასეთი მასშტაბის ბრენდების საერთო ღირებულებით გაერთიანება უპრეცედენტოა. ჩვენი ერთობლივი ხედვა მარტივ იდეაზეა დაფუძნებული – ქართველ მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც შეუქმნით კომფორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს.
მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად.
მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსისა და ინტერნეტ როუმინგზე.
“მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“, – Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ.
უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული სამოგზაურო ბარათი ქობრენდ დიზაინით იქნება გამორჩეული.
“მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან – განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.
ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 005 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
ტანკი – 10 939 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 22 811 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 29 208 ერთეული [+18]
MLRS – 1 418 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 804 ერთეული [+95]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 52 096 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თქვენ ბრალად გედებათ განზრახ მკვლელობა“ – მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 15 ივნისს, ბრალდებულ გოგი ბარამიძეს.
ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე 4 ივნისს ჩაცხრილესსაკუთარ ავტომანქანაში და ავტომანქანა მდინარეში გადააგდეს.
გოგი ბარამიძე 14 ივნისს დააკავეს კიდევ ერთ პირთან, თამაზ შარაძესთან ერთად, რომელსაც პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სწორედ ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა.
სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამ ეტაპზე პროკურატურის მთავარი მტკიცებულება არის მოწმე, ნოშრევან პაქსაძე, ე.წ. ხოჯა – პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ პირს მიაწოდა თამაზ შარაძემ ინფორმაცია ბესიკ ბოლქვაძის მკვლელის ვინაობის შესახებ. ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რომელიც, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ფიქსირებულია ფოტომასალით. მკვლელობა ჩადენილია ამ დრომდე დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით.
პროკურატურის ამ ვერსიასთან დაკავშირებით დღეს ბრალდებულების ადვოკატებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა სანამ დაცვის მხარეს მოუსმენდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ჰკითხა, ხომ არ ყოფილა მათზე ფიზიკური ზეწოლა დაკავების შემდეგ, რასაც ბრალდებულების მღელვარე რეაქცია მოჰყვა.
ორივე ბრალდებული მომენტალურად წამოიჭრა ფეხზე, მათ მაისურები გაიხადეს და მოსამართლისთვის სხეულზე ჩალურჯებების ჩვენება სცადეს იმის დასადასტურებლად, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს. „ნეკნები აქვთ ჩამტვრეული“ – გაისმა შეძახილები სასამართლო დარბაზში.
„მცემეს… ფურცელს და პასტას ვერ გამაგდებინებთ ხელიდან, მე არ მომიკლავს“, – აღელვებული ყვიროდა მკვლელობაში ბრალდებული გოგი ბარამიძე. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.
გოგი ბარამიძე პოლიციამ გაიყვანა დარბაზიდან.
თამაზ შარაძე
„ბატონმა ბარამიძემ საკუთარ თავს წაართვა შესაძლებლობა ესაუბრა“, – თქვა მოსამართლემ. მან თამაზ შარაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას ადგილი.
„გამლახეს, წიხლქვეშ გამიგდო ათმა კაცმა, აჭარის პოლიციის უფროსი იყო იქ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ხელმძღვანელობა, შეგიძლიათ მომიტანოთ ფოტოები და ამოვიცნობ“, – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.
„მე ვერაფერს ვერ მოგიტანთ“ – უპასუხა მას მოსამართლემ.
„სკამზე ვიჯექი, ხელებს მიკავებდნენ…“ – ხმა აუკანკალდა ბრალდებულს.
„გასაგებია. ანუ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი არაერთხელ“, – დააზუსტა მოსამართლემ. მან აღნიშნა, რომ ეს ოქმში დაფიქსირდება.
„შეიძლება, რომ გაჩვენოთ, წელი რა დღეში მაქვს?“ – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.
„ვნახე ბატონო, ყველამ დავინახეთ უკვე“, – უპასუხა მას მოსამართლემ.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი
ბრალდებულმა თამაზ შარაძემ მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ მას არაფერი უთქვამს მკვლელობის შესახებ ამ საქმის მთავარი მოწმისთვის, ნოშრევან პაქსაძისთვის, მისგან კი გამომძიებლები აღიარებას ითხოვდნენ.
პროკურატურის მოწმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ დაკავებულების ადვოკატებს.
კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულის, გოგი ბარამიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ სასამართლოს უთხრა, რომ მოწმე, რომელიც მკვლელობის ფაქტის შემდეგ, 5 ივნისს დაკითხეს, ჩვენებაში ამბობდა, რომ თამაზ შარაძემ მას სოციალური ქსელით გაუგზავნა მკვლელობის შესახებ ვიდეო, ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იყო მედიაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.
რამინ პაპიძემ ხაზი გაუსვა, რომ 5 ივნისს მიცემულ ჩვენებაში მოწმე პაქსაძე კითხვაზე, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამბობდა, რომ არ იცოდა ამის შესახებ. 13 ივნისს კი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ვითარებაში, მან თქვა, რომ თითქოს თამაზ შარაძემ უთხრა მას, რომ გოგი ბარამიძემ მოკლა ბესიკ ბოლქვაძე.
ბრალდებულის ადვოკატს, რამინ პაპიძეს სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. ადვოკატი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მოხდა ფოტო და არა ვიდეოგადაღება, რაც, შესაძლოა, ბევრად ეფექტური ყოფილიყო და სხვა გარემოებებისთვის მოეფინა ნათელი.
„ბატონო პროკურორო, რატომ არ მოახდინეთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოფიქსაცია?“ – ჰკითხა ადვოკატმა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს.
პროკურორმა მას უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილზე მიიღება კონკრეტული პირების მიერ.
„გქონდათ თუ არა სურვილი, მომხდარიყო ვიდეოგადაღება?“ – დაუბრუნა მას კითხვა რამინ პაპიძემ.
„ეს შეკითხვა შეგიძლიათ დაუსვათ გამომძიებელს“ – უპასუხა მას პროკურორმა ცეცხლაძემ.
„ვერ მიპასუხებს თქვენს სურვილებზე გამომძიებელი“ – გამოეპასუხა მას პაპიძე და დასძინა, რომ ეს არის „გაყალბებული ექსპერიმენტი“.
რამინ პაპიძე ასევე აპელირებდა იმაზე, თუ რატომ დააკავეს ბრალდებულები მოსამართლის განჩინების გარეშე, მაშინ, როცა შემთხვევა 4 ივნისს მოხდა და მკვლელობიდან ამდენი დღე იყო გასული.
პროკურორმა მას უპასუხა, რომ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე არსებობდა დაკავების საფუძველი.
პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა. ორივე ბრალდებულის შემთხვევაში მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი პირები არიან, არის ხელახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
პროკურორს არ დაეთანხმნენ ბრალდებულის ადვოკატები. მათ გირაო მოითხოვეს.
„გოგი ბარამიძე 4 ივნისის [მკვლელობის] შემდეგ საქართველოშია, არ შეუცვლია ლოკაცია. არანაირი ინფორმაცია არაა იმის შესახებ, რომ ბილეთები იქნა შეძენილი [ბრალდებულების მიერ], საზღვარს მიუახლოვდნენ გადასაკვეთად, რომ სავარაუდო მოწმეებზე ზემოქმედებას შეეცადნენ… არც ერთი მტკიცებულება არ არის ამ საქმეში ბარამიძის წინააღმდეგ, არც სისხლის კვალი, არც მკვლელობის იარაღი… გთხოვთ, გირაო გამოიყენოთ, გირაოს თანხა თქვენ განსაზღვრეთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
ბრალდებულ თამაზ შარაძის ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ კი ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული თამაზ შარაძე 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და გარდა ამისა, დაირღვა მისი დაცვის უფლება, დაკავების შემდეგ დაზიანდა მისი ჯანმრთელობა და 4-ჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება მის დასახმარებლად.
მან სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გოგი ბარამიძეს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა], 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება] ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ შარაძეს კი ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით [განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა] გაასამართლებენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდის, ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
„მძინარე ადამიანი როგორ მოკლა!“ – ისმოდა სასამართლოსთან მოკლული ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრის შეძახილი.
ადგილზე ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს ჩაინიშნა.
დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ივნისს ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცის, ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარიპ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.
ბრალდებულ გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე ბრალდებულს, თამაზ შარაძეს კი პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება – სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით.
მკვლელობა ხელვაჩაურში 4 ივნისს, გამთენიისას მოხდა. 32 წლის ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
მის მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ 14 ივნისს დააკავა.
აჭარის უმაღლესი საბჭო სასესიო სხდომათა დარბაზისთვის ერთ ცალ კოლონურ კონდიციონერს გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე იყიდის. თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უმაღლესი საბჭოდან უკვე მიმართეს.
კონდიციონერის არქონით გამოწვეული „გაუსაძლისი პირობების გამო“ შესაძლოა პლენარული სხდომა არ შედგესო – ასე უსაბუთებს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომას უმაღლესი საბჭო შესყიდვების სააგენტოს.
„უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთ წერტილებში, მათ შორის, სასესიო სხდომათა დარბაზშიც ნაწილობრივ ფუნქციონირებდა გათბობა-გაგრილების სისტემა, თუმცა ივნისში სრულად გამოვიდა მწყობრიდან… საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს პლენარული სხდომით, ივნისის მესამე ხუთშაბათს, ამასთან მიმდინარე პერიოდში ჩატარდება რიგგარეშე სხდომებიც, შესაბამისად აღნიშნულისათვის აუცილებელია სხდომათა დარბაზი იყოს გამართულ მდგომარეობაში.
ვინაიდან დღეისათვის სრულად არ ფუნქციონირებს გათბობა-გაგრილების სისტემა, ეს ყველაფერი ქმნის საფრთხეს იმისას, რომ შესაძლებელია სხდომა არ შედგეს გაუსაძლისი პირობების გამო“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს განაცხადში.
ამონარიდი აჭარის უმაღლესი საბჭოს განაცხადიდან
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „სასესიო სხდომათა დარბაზის ფართობიდან გამომდინარე საკმარისია 1 ერთეული კოლონური [150-200 კვ.მ ფართობზე გათვლილი] კონდიციონერის აუცილებლობა“და მასში 5 310 ლარის გადახდას გეგმავს.
„აღნიშნული პრობლემა უნდა აღმოიფხვრას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ვინაიდან 19 ივნისს დაგეგმილია სესია“, – წერია განაცხადში.
უმაღლესი საბჭოდან შესყიდვების სააგენტოს ასევე წერენ, რომ „უმაღლეს საბჭოს 16-19 ივნისს ეწვევა პოლონეთის, ქვემო სილეზიის სეიმიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები“. როგორც ირკვევა, უმაღლეს საბჭოს კოლონური კონდიციონერი, სხდომების ჩატარების გარდა, სტუმრების მისაღებადაც სჭირდება.
აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 6 მარტს 963 ათას 77 ლარით გამოაცხადა ტენდერი „გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“, თუმცა, ეს ტენდერი 2025 წლის 6 ივნისს შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე 5 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა [ორს – არაკეთილსინდისიერი ქმედების, ხოლო სამს – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.] შემდეგ კი „გადასინჯეს“ და „აღმოჩნდა“, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული ჰქონდათ „კონკრეტული მოდელები, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.“
ამონაწერი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის სატენდერო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმიდან:
„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – როინ დავითაძემ, კომისიას მოახსენა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ, შერჩევა/შეფასების ეტაპზე განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის გადასინჯვა, რის შედეგადაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში ატვირთულ გათბობა-გაგრილების სისტემის საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული აღმოჩნდა კონკრეტული მოდელები, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დაუშვებელია.
ზემოხსენებული ფაქტი, სატენდერო კომისიამ მსჯელობის შედეგად განიხილა და შესაბამისად კომისიის წევრები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ელექტრონული ტენდერი შეწყდეს.“
—
აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გათბობა-გაგრილების სისტემა „ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებდა“ [2025 წლის 29 მაისს] მიიღო დადგენილება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ დადგენილებით საბჭოს ბიუჯეტი 10 113 570 ლარით განისაზღვრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად – ზოგან ძლიერი წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა ქარის გაძლიერება – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 ივნისს და 18 ივნისს ღამით მოსალოდნელია წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს – 19-20 ივნისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 003 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
ტანკი – 10 937 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 22 804 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 29 190 ერთეული [+33]
MLRS – 1 418 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 186 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 709 ერთეული [+123]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 52 017 ერთეული [+89]
სპეცტექნიკა – 3 915 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 533 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 906 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 219 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 871 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია.
კომპანიას სამუშაოების ვადა იმდენჯერ გაუგრძელეს, რამდენჯერაც მისმა დირექტორმა მოინდომა. როგორც ამ საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის განათლების სამინისტროს მოთმინება ამოუწურავია, ბიუჯეტის ხარჯვა კი, როგორც სახელმწიფო აუდიტი ხშირად წერს – არაეფექტური.
როგორც ინფორმირებული მოქმედი საჯარო მოხელე გვიყვება: „ასე ხდება, როცა პატრონი ძალოვნებში გყავს“.
დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ამდენს ყველას არ პატიობენ. დახარჯულია ნახევარ მილიონზე მეტი ლარი და რა არის შედეგი? – 2025 წლის მაისში შესყიდვების პორტალზე ატვირთულ დოკუმენტში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:
„2025 წლის 20 მაისს განხორციელდა მონიტორინგი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული სამუშაოები დასასრულებელია. ასევე, სამუშაოების ნაწილი ხარვეზებით არის შესრულებული, კერძოდ: ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებულია, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავს წყალი, გადასაღებია სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერის ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობს, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამება სტანდარტებს“.
2025 წლის 21 მაისს, სამუშაოების დაწყებიდან მეოთხე წელს მინისტრის მოადგილე, ჯემალ სურმანიძე კომპანიის დირექტორს ხარვეზის გამოსწორებას სთხოვს და აფრთხილებს:
„აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2025 წლის 31 მაისს. შესაბამისად, გთხოვთ, ხუთი დღის ვადაში გამოასწოროთ არსებული ხარვეზები, დაასრულოთ ყველა სამუშაო და წარმოადგინოთ საბოლოო ფორმა-2. ზემოაღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება და გატარებული იქნება ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
საინტერესოა და გასაკვირიც, რატომ ჩათვალეს სამინისტროში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღე საკმარისი იქნებოდა კომპანიისთვის, რომელმაც ერთ წელში დასასრულებელი საქმე 4 წელში ვერ დაასრულა? – თავისთავად ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ შპს „ძმები“ ამ დავალებას თავს ვერ გაართმევდა, ამიტომაც ვადის გაგრძელებაზე თანხმობა კომპანიამ ამ წერილის შემდეგაც მიიღო.
სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციის და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წლის 3 აგვისტოს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 697 934 ლარი მიუთითეს. სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.
ტექნიკური დავალების მიხედვით, სამუშაოები სს „აჭარკამპშენის“ საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით უნდა წარმართულიყო. ტენდერი შპს „ძმებმა“ მოიგო. კომპანიამ სამუშაოების შესრულება სამინისტროს 628 241 ლარად შესთავაზა.
ესკიზი
ხელშეკრულება სამუშაოების შესრულებაზე 2021 წლის 2 ოქტომბერს გააფორმეს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტი უნდა დაფინანსებულიყო 2021-2022 წლების ბიუჯეტებიდან. შესაბამისი გამოცდილების დასადასტურებლად შპს „ძმებმა“ სამინისტროს შპს „ნიკასთან“ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები წარუდგინა.
2021 წლის 17 დეკემბერს ამ შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონულ პორტალზე პირველი მიღება- ჩაბარების აქტი ატვირთეს. დოკუმენტის მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირები ნოდარ დევაძე, ზურაბ ტაკიძე და დიმიტრი მამეიშვილი [შემსყიდველი მხარე] და მეორე მხრივ შპს „ძმების“ დირექტორი მარად ჯიმშერაძე [მიმწოდებელი] შეთანხმდნენ, რომ 2021 წლის 22 ოქტომბრის [N 151] მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო 38 334 ლარის ღირებულების სამუშაოები.
მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ, რომ ტექნიკურმა ზედამხედველმა, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანომ შპს „ზაისი და კომპანიამ“ გადაამოწმა სამუშაოების ჩამონათვალი, რაოდენობა, მოცულობა და ღირებულება. ატვირთულია შესაბამისი დასკვნაც.
მიღება-ჩაბარების დოკუმენტი შესაბამისი ექსპერტიზით, რომელიც მოცულობებსა და რაოდენობების ღირებულებას მოიცავს, 2022 წლის 2 მარტს ატვირთეს. ამით დადასტურდა 77 295 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება. კიდევ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 18 აპრილს… პერიოდულად რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის შესახებ დოკუმენტი ატვირთეს.
დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 მარტამდე გააგრძელეს. დოკუმენტებში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება 2021, 2022 და 2023 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2022 წლის 22 მარტს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე გადაწიეს, შემდეგ – 30 სექტემბრამდე, მოგვიანებით – 30 ნოემბრამდე და ასე გავიდა 2023 წელი.
მერვე ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით გადაავადეს. დოკუმენტებში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება 2021, 2022, 2023 და 2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება.
მეათე ცვლილებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2024 წლის 30 ივნისი განსაზღვრეს. მეთერთმეტე ცვლილებით 31 აგვისტოს ჩათვლით გააგრძელეს, შემდეგ 30 ნოემბრამდე და ასე დასრულდა 2024 წელიც.
თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
ამის შემდეგ დოკუმენტებში კიდევ გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში 2021, 2022, 2023, 2024 და 2025 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“. ასეთ რამეს ქართული შესყიდვების ისტორიაშიც იშვიათად იპოვით, თუმცა როგორც ამბობენ, „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს.“
კომპანიას ვადა 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით მისცეს. რიგით მე-15 ცვლილებით „ძმებს“ სამუშაოები 2025 წლის 31 მაისს უნდა დაესრულებინა, მეთექვსმეტე ცვლილებით ბოლო ვადა 2025 წლის 20 ივნისია.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს ვერ ასრულებს.
ამავე კომპანიამ, შპს „ძმებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო და ვერ დაასრულა სააგენტოს ბათუმის ოფისის მშენებლობის სამუშაოებიც, თუმცა იმუშავა ისე, როგორც თავად სურდა, ვიდრე სააგენტომ წერილები არ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციისგან კითხვებით და ეჭვებით კორუფციაზე.
ჯამში კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა. იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იგივე თანხით – 1 მილიონ 125 ათას 875 ლარით. დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ასევე, ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდნენ.
„სევერო-სლობოდსკოე, რომელსაც ჩვენ სუმის მიმართულებას ვუწოდებთ. ჩვენ პოზიციებს ვასწორებთ. მნიშვნელოვანია: იქ 53 ათასი რუსია. ბრძოლები საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს. უნდა გესმოდეთ, რომ მტერი იქ შეჩერებულია და მაქსიმალური სიღრმე, რომელზეც ბრძოლები მიმდინარეობს, საზღვრიდან 7 კილომეტრშია“ – თქვა ზელენსკიმ.
რაც შეეხება დნეპროპეტროვსკის ოლქს, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ბრძოლები გრძელდება, მაგრამ რუსული ჯარების წინსვლა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ივნისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარებმა გადაკვეთეს დონბასის ადმინისტრაციული საზღვარი და შევიდნენ დნეპროპეტროვსკის რეგიონის ტერიტორიაზე.
„რაც შეეხება დნეპრის რეგიონს, ამჟამად დაჯგუფების წინსვლა არ ხდება, მაგრამ მათთვის საინფორმაციო ტალღა ძალიან მნიშვნელოვანია… დნეპროპეტროვსკის რეგიონში კი ისინი ცდილობენ, ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთი ფეხი მაინც დადგან. მათთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია, ფოტოს, ვიდეოს გადაღება და ა.შ. სწორედ ამიტომ ქმნიან ისინი მცირე დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს, რათა ეს მარტივად შეძლონ“, – განმარტა ზელენსკიმ.
დღეს, 14 ივნისს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
პირველადი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომ სატვირთო ავტომანქანას, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ამავე ავტომანქანაში მყოფი ორი პირი კი დაშავდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ასევე, გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა ისევ ორმხრივი გახდება.
შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულომ 19 ივნისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
2020 წლის დეკემბრიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში – ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა და მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ.
რაც შეეხება ამ მონაკვეთში, ამავე მიმართულებით ნებისმიერი ტრანსპორტის ორმხრივ მოძრაობას, როგორც დღეს არის, ეს უნდა ყოფილიყო დროებითი – რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო.
ახალი ცვლილებით ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში – გრიბოედოვიდან თბილისის მოედნამდე – მოძრაობა დარჩება ისე, როგორც დღეს არის, ანუ საქალაქო ავტობუსები იმოძრავებენ მათთვის გამოყოფილ ზოლში [ბასლაინზე], პარალელურად იმოძრავებს ნებისმიერი ავტომანქანა.
რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩას, აქაც მოძრაობა 2021 წელს აიკრძალა რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში ამავე მიმართულებით, თუმცა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო აქაც დროებით იყო დაშვებული ორმხრივი მოძრაობა.
ახალი დადგენილების დამტკიცების შემდეგ გრიბოედოვის ქუჩაზეც მოძრაობა ორმხრივი დარჩება.
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიამ შეიტანა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ დადგენილებაში.
მერია ამ ცვლილებებს იმით ხსნის, რომ ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთებში ორმხრივი მოძრაობა თურმე არა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო, არამედ „საცდელად იყო დაწესებული“ და ამან თურმე გაამართლა.
„მიმდინარე წლის დასაწყისში ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე – გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე საცდელად დაწესდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ორმხრივი მოძრაობა, აღნიშნულ პერიოდში ჭავჭავაძის ქუჩის და გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცვლილებები შესულიყო სამართლებრივ აქტში“ – წერს ბათუმის მერია საკრებულოს.
ამავე თემაზე:
19 ივნისის სხდომაზე საკრებულო კიდევ ერთ ანალოგიურ საკითხს განიხილავს. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე:
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში.
კერძოდ, უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთში, სამარის რეგიონში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების საწარმოზე, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.
უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სტავროპოლში მდებარე ქარხანაშიც, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის და სარაკეტო საწვავის კომპონენტების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რომ ეს საწარმო უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უზრუნველყოფაში მონაწილეობს.
ასევე, 14 ივნისის ღამეს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანას – „ნევინომიისკის აზოტს“ სტავროპოლში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს.
პოლიციის ცნობით, გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით, ასევე,დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის – თ.შ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა“ – იუწყება შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში 4,6 მილიარდი აშშ დოლარით მეტი პროდუქციაა შემოტანილი, ვიდრე გატანილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 9,79 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2,59 მილიარდი აშშ დოლარი იყო [გაიზარდა 14.6 პროცენტით], ხოლო იმპორტი – 7,19 მილიარდი აშშ დოლარი [გაიზარდა 12.8 პროცენტით].
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტია.
ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მდგომარეობას 2025 წლის იანვარ-მაისში [მილიონი აშშ დოლარი]:
წყარო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები [ქვეყნები, საქონლის დასახელება და სხვა] გამოქვეყნდება 2025 წლის 19 ივნისს.
რაც შეეხება 2025 წლის პირველ ოთხ თვეს [იანვარი-აპრილი] – ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზე იყო თურქეთი, მესამეზე კი – ჩინეთი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად – ზოგან ძლიერი წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა ქარის გაძლიერება – 20 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 16 და 17 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.