მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

23.06.2025 •
მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები.

ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა: მოსამართლეს დღესაც შეეძლო მზია ამაღლობელი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, მაგალითად, გირაოს სანაცვლოდ, ან იგი საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი ისევ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მთელი პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელი ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილზე ფეხზე იდგა, პერიოდულად კი, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა ან შორდებოდა დარბაზს.

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“- დღესაც ხელში ეჭირათ ეს წიგნი დარბაზში. სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვის მქონე წიგნით ხელში გამოჩნდა მზია ამაღლობელი თავის პირველ სასამართლო პროცესზე.

„თავისუფლება მზიას!“- რამდენჯერმე გაისმა მოქალაქეების ხმა სასამართლოს შენობის გარეთ, ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ასევე დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

„ცეცხლი ოლიგარქიას“- ომახიანად მიაძახეს დარბაზიდან მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს, ვიდრე იგი სხდომათა დარბაზში პროკურორისთვის განკუთვნილ ადგილს დაიკავებდა.

დღეს სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ჩვენება მისცა აკაკი გვიანიძემ. ის ბათუმის საკრებულოს წევრი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა – აკაკი გვიანიძე 11 იანვარსაც აქციაზე იყო, როცა მშვიდ სიტუაციაში პოლიციელებმა მოულოდნელად ძმები გაბაიძეების დაკავება გადაწყვიტეს და საპოლიციო ჭყლეტა მოაწყვეს.

აკაკი გვიანიძის თქმით, 11 იანვრის საღამოსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

„…ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ციალა ქათამიძე. ამას მხოლოდ მე კი არა, ამბობს უწყვეტი ვიდეოკადრი – დააკავეს დეპარტამენტის შესასვლელთან სტიკერის დაკვრისთვის. ჩვენ ვკითხულობდით: რატომ დააკავეთ? მე ეს ვკითხე გრიგოლ ბესელიასაც, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს…“ – უთხრა აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს და მერე ისიც აღწერა, როგორ აკავებდნენ ადამიანებს მხოლოდ შეკითხვის დასმის გამო.

„პოლიციამ გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა – უცებ მოგვაწვებოდნენ, აწყობდნენ ჭყლეტას…“- თქვა მოწმემ.

აკაკი გვიანიძე. მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, 23 ივნისი

აკაკი გვიანიძის თქმით, როდესაც გაათავისუფლეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალები, ცნობილი გახდა „ცუდი ამბავი“: აქციაზე დაკავებულ კაცებს, მათ შორის, ბათუმელ მედროშეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს, პოლიციის დეპარტამენტში სცემდნენ.

მოწმემ თქვა ისიც, რომ პოლიციელებისგან ამ დროს ვერც ის გაიგო, სად, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს აქციაზე დაკავებულები.

„უცებ გამოვარდნენ პოლიციელები, მანამდე არავითარი დაპირისპირება არ იყო… ვიღაცას აკავებენ, ჭყლეტა მოაწყვეს… მოწმენდილ ცაზე გამოვარდა გრიგოლ ბესელია და რა ხდებაო, კითხულობს. ვუთხარი, თქვენ გამოვარდით და ჩვენ გვეკითხებით-მეთქი?!

თუ ვინმე პროვოცირებდა იმ დღეს, პროვოცირებდა პოლიცია.

მაგალითად, აქციის მონაწილეს მიაყენეს შეურაცხყოფა, მივმართეთ იქვე პოლიციელებს და 112-ში დარეკეთო… ერთმა პოლიციელმა გვითხრა- „თქვენი ევროპაო“… რას ნიშნავს „თქვენი ევროპა“? სხვათა შორის, ეს პოლიციელი [დავით ათაბეგაშვილი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე] ბელარუსში დაუნიშნავთ, სწორად შეურჩევიათ ისე ქვეყანა,“- აღნიშნა მოწმემ.

მოწმის თქმით, აქციის მონაწილეებს არავითარი შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიუყენებიათ და რადგან სტიკერის გაკვრის გამო პოლიციას არავის დაკავების უფლება არ ჰქონდა, შსს-მ შეთხზა ამბავი, გააყალბა საქმის მასალები და თქვა, რომ აქციის მონაწილეები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, ანუ სტიკერის გაკვრის გამო კი არა, თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, 11 იანვრის აქციაზე პოლიციელებმა მოაწყვეს საპოლიციო ჭყლეტა, უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქეები, ხოლო შემდეგ პოლიციელები არც კი პასუხობდნენ მოქალაქეების, მათ შორის, მზია ამაღლობელის შეკითხვას: „რატომ დააკავეთ?“ სწორედ ამ ვითარებაში დააკავეს სისხლის სამართლის წესით მზია ამაღლობელი.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილე თათია აბულაძეზე, რომელმაც პოლიციის დეპარტამენტთან მისვლამდე, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციელ გოჩა ვანაძეს ქურთუკზე მიაკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“.

პროკურორმა იკითხა, რატომ გამოუცხადეს აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა თათია აბულაძეს, რომელმაც პოლიციელს მიაკრა სტიკერი.

„ეს იყო არა მოქალაქისგან პოლიციელზე სტიკერის მიკვრა, არამედ კურსელის მოქმედება კურსელისადმი,“ – უპასუხა პროკურორს აკაკი გვიანიძემ. მისი თქმით, ის, თათია აბულაძე და პოლიციელი გოჩა ვანაძე თანაკურსელები არიან.

პროკურორმა ასევე იკითხა, რატომ მოაწყვეს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელის ბლოკირება აქციის მონაწილეებმა.

„რა იყო ბლოკირებული – ერთი მხრიდან იჭერდნენ, მეორე მხრიდან – გაჰყავდათ,“- დარბაზიდან მიაძახეს პროკურორს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააპროტესტა ტერმინი „ბლოკირება“ – სამართლებრივად ბლოკირება სხვა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ეს ფაქტი კი არ დასტურდება.

„გამორიცხავთ, რომ მაგალითად, იმ გოგოს მიეყენებინა შეურაცხყოფა პოლიციელისთვის, რომლის დაკავებაც თქვენ არ დაგინახავთ?“- მიუბრუნდა მოწმეს პროკურორი.

„არ ყოფილა შეურაცხყოფა, გავიგონებდი… ახლა ყურში თუ ჩაუჩურჩულა, არ ვიცი“, – აკაკი გვიანიძის ამ პასუხზე დარბაზში ჩაეცინათ.

„ყოველ წამს და ყოველ წუთს ადევნებდით თვალს? ყველა მათგანს ვგულისხმობ, ვის დაკავებასაც თქვენ შეესწარით,“- ისევ იკითხა პროკურორმა.

„მე დავინახე, რომ ტყუილად დააკავეს მზია ამაღლობელი, ტყუილად დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, თემურ ქათამაძე“ – ხმამაღლა გაუმეორა პროკურორებს აკაკი გვიანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები: მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები, მათ შორის – „მოლურჯო-მოყვითალო ფორმის სისხლნაჟღენთები მხრის არეში“.

ამავე საქმეშია ადვოკატ მაია მწარიაშვილის წერილი, როცა მან გენპროკურორს მიმართა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების და სხვა უკანონო მოქმედების გამო რეაგირება მოსთხოვა – დღემდე მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის გამო, მათ შორის, როცა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – არავინ დასჯილა.

„ერთი თვალის გარჩევადობა უკვე სინათლე-სიბნელის დონეზეა,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ექიმის ის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის მხედველობა მისი დაპატიმრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„თქვენ აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს“- დარბაზიდან წამოიძახა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

მოსამართლემ რეპლიკის ავტორი ფეხზე წამოაყენა. გელა მთივლიშვილმა ხმამაღლა გაუმეორა მოსამართლეს:

„აბრმავებთ და აწამებთ ადამიანებს!“

„შენიშვნას გიცხადებთ“- მიმართა ჟურნალისტს მოსამართლემ.

საქმეშია შეტყობინებაც, როცა მზია ამაღლობელმა დაკავების დღესვე სახალხო დამცველს უთხრა, როგორ აღმოჩნდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეცვლას – დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ არსებითი, ახალი გარემოება არ გამოვლენილა.

„ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს“- თორნიკე გოგეშვილის ამ ფრაზას დარბაზიდან წამოძახილები მოჰყვა – „კარგით, რა!“

მზია ამაღლობელის რეაქცია პროკურორის სიტყვებზე, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მზია ამაღლობელმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული

„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ორჯერ-ორი არის ოთხი“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ადვოკატებს შეეძლოთ თავად მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ აღკვეთის შეცვლა, ხოლო როცა სასამართლო გადახედავს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ კონკრეტულად უნდა დაასაბუთოს, რომ მხოლოდ პატიმრობაა ერთადერთი გამოსავალი.

„ამ უკანონობის გამოძიების დრო მოვა,“ – პროკურორებს გახედა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა – სამწუხაროდ, ამ მახინჯ პრაქტიკას სასამართლო ამკვიდრებსო.

„მზია ამაღლობელი არის ჩვეულებრივი ტყვე“- განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მოსამართლისგან არც ამჯერად ელის სამართლიან გადაწყვეტილებას.

მოსამართლეს ბოლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს, ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.

მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ,“ – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა.

დაცვის მხარეს სასამართლოში ამ საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე დარჩა წარმოსადგენი. სასამართლო ასევე მოუსმენს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რომლის შემდეგაც მხარეებმა უკვე დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.

„მზია ამაღლობელის“ საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს გაგრძელდება.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იგი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: