მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

24.06.2025
ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი.

ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება.

  • რა ხდება?

ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა მას სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

საჯარო მოსამსახურე, ვისაც, პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა.

შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას. მანდატურმა ნინო დათაშვილს დარბაზთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც დერეფანში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება ნინო დათაშვილსა და მანდატურს შორის. მას შემდეგ კი, რაც მანდატურმა მისი იძულების წესით გაყვანა სცადა, ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ნინო დათაშვილი რამდენიმე მანდატურმა ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

ნინო დათაშვილმა, როგორც მაშინვე აღნიშნა და სასამართლოშიც გაიმეორა, მომხდართან დაკავშირებით მიმართა 112-ს და პატრული გამოიძახა, თუმცა პატრული მის გამოძახებაზე სასამართლოში არ გამოჩენილა.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, 112-ს მიმართა სასამართლოს მანდატურის სამსახურმაც და სწორედ ეს გახდა 11 ივნისს დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფორმალური საფუძველი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: