მთავარი,სიახლეები

გახარია წულუკიანის კომისიაზე მისასვლელად ონლაინ ჩართვას ითხოვს – ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთაა

22.06.2025
გახარია წულუკიანის კომისიაზე მისასვლელად ონლაინ ჩართვას ითხოვს – ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთაა

„გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება,“ – ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს დღეს, 22 ივნისს პარტია „საქართველოსთვის“.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარია ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ ის წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთვება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში,

რასაც, ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება“ – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეა წულუკიანმა ე.წ. საპარლამენტო კომისიაზე 16 ივნისს განმეორებით დაიბარა.

გახარიას იბარებენ შინაგან საქმეთა მინისტრობისას ჩორჩანას ტყეში, საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს აგების გადაწყვეტილების გამო.

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: