„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს, ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს.
მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.
სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ“ – უთხრა დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.
დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმე, აკაკი გვიანიძე დაკითხა. ის აქციაზე იმყოფებოდა იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.
მოწმე დეტალურად მოუყვა სასამართლოს როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან 11- 12 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.
მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.






