ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო.
„სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა.
თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე.
როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის.
„პირველ-ორ სასამართლოზე ფატი ფურცხვანიძემ დამაჯარიმა, ამჯერად – აბშილავამ. სულ ხუთჯერ დავხატე მზიას სტენსილი, მაგრამ სამზე შემიდგინეს ოქმი.
მხოლოდ პროკურატურაზე არ ვახატავ მზიას, სხვა კედლებზეც ვხატავ, სადაც მივწვდები… მზია რეჟიმის სანიმუშო მსხვერპლია, ამიტომ ცდილობს სისტემა დანაშაულებრივად ჩაახშოს ერთი ჟურნალისტის ხმა. სასამართლო პროცესები კი არა შაპიტოა, იურისპრუდენციას ნახერხი მოაყარეს ამ უგვანოებმა.
„თავისუფლებას“ უფრთხიან, იმდენჯერ გადაღებეს. მეც ამიტომ ვხატავ. ეს შემიძლია და სანამ შემიძლია, ყოველთვის ვიტყვი სათქმელს.
თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა ტყვეს!“ – ამბობს როსტო ზარანდია.






