გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას.

ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს… იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი – ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყო ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პუტინი ამბობს, ზელენსკის შევხდებიო. „მზად ვარ შევხვდე კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ ვისხდეთ და რაღაც არ გავიყოთ დაუსრულებლად, არამედ დავსვათ წერტილი“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ პუტინს. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა პუტინის ეს მზაობა და რაზეა წამსვლელი?

ვერ გეტყვით, რამდენად გულახდილია პუტინი და რამდენად აღარ აპირებს, დროის გაჭიანურებას, ან თავისი აბსურდული მოთხოვნების წამოყენებას.

ფაქტია, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაც, ზოგადად, მსოფლიოში ხდება და იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყოს ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე.

  • „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვერ მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინის ომზე. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მიზეზი აშშ-ის პოზიცია იყო. თქვენი აზრით, რა გათვლით მოქმედებს აშშ ამჯერად და როგორ აისახება ეს დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე?

ამ შეხვედრაზე მკაფიოდ გამოჩნდა ევროპის მიდგომა არსებულ ვითარებასთან, რაც უკრაინაში ხდება. ტრამპის წინადადება იყო პუტინი ყოფილიყო იქ, გერმანიის კანცლერმა კი მას უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა.

ჩანს, რომ აშშ-თვის პრიორიტეტული ხდება ირან-ისრაელის მიმართულება – ახლო აღმოსავლეთი. ეს ტრამპს აძლევს საშუალებას, რაღაცნაირად იმ ჩიხიდან გამოიპაროს, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია. აშშ-მ ვერაფერს მიაღწია და ვერავითარ ძვრას ვერ მიაღწია ამ მიმართულებით.

  • უშვებთ, რომ ამ გზით ეცდება აშშ რუსეთის დასუსტებას, თუ მოკავშირეებს, მაგალითად, ირანს ჩამოაშორებს? 

არ მგონია, რომ ტრამპი რუსეთის დასუსტებას ცდილობდეს. ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას, რომ რამენაირად სახე შეუნარჩუნოს. რუსეთის დასუსტება რეალურად უკრაინის გაძლიერებით და უკრაინის წარმატებით არის შესაძლებელი.

თუმცა ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ასუსტებს რუსეთს. რუსეთი თანმიმდევრობით კარგავს სატელიტ ქვეყნებს, მხარდამჭერებს: ჯერ იყო სირია, ახლა – ირანი. ირანის სულიერი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, როცა მან თქვა, ირანი კარგად ხედავს, ვინ არის ირანის ნამდვილი მეგობარი ამ გაჭირვების დროსო. ამ განცხადებაში იგულისხმებოდა რუსეთი.

ირანისთვის შესაძლოა ახალია რუსეთის ამგვარი მოქმედება – ჩვენ არ გვიკვირს – ტოტლებენიდან დაწყებული, გეორგიევსკის ტრაქტატით დასრულებული, ასევე სომხეთის მაგალითითაც ძალიან კარგად ვიცით, რა მოკავშირეც არის რუსეთი.

  • რა მასშტაბს იძენს ირან-ისრაელის ომი? ამერიკელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ემზადებიან ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის, თუმცა ტრამპს ჯერ ბრძანება არ გაუცია.

ითქვა, რომ ტრამპი 2 კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. 2 კვირაში შეიძლება დაასრულოს კიდეც ისრაელმა თავისი მოქმედებები. მესამე ამერიკული ავიამზიდის დაჯგუფება მიემართება კონფლიქტის რაიონისკენ.

ავიამზიდის დაჯგუფება არის დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც შედგება ავიამზიდისგან, ნაღმოსნებისგან, წყალქვეშა ნავისგან, მხარდამჭერი ხომალდების, გემებისგან და ასე შემდეგ. ეს ხომალდების მთელი ჯგუფია.

ავიამზიდზე, მაგალითად, 85 საფრენი აპარატია: ვერტმფრენი და თვითმფრინავი. სამი ასეთი დაჯგუფების ყოფნა რეგიონთან ახლოს სერიოზული საკითხია. ამ მასშტაბის ხარჯი და გადაადგილება არ მოხდებოდა შედეგის მიღწევის სურვილის გარეშე, თუმცა პროგნოზირება რთულია, რას აპირებს ტრამპი.

ისრაელი განაგრძობს თავის მოქმედებებს გეგმაზომიერად. ვფიქრობ, რომ ის თავის მიზანს ბოლომდე მიიყვანს.

  • ირანს არ აქვს რესურსი, რომ ისრაელს რელევანტური პასუხი გასცეს? 

რელევანტური პასუხი კი არა, ომის წარმოების კუთხით ისრაელი ირანზე მთელი ერთი თაობით ძლიერია. ირანი ერთი თაობით ჩამორჩება ისრაელს. მაგალითად, ისრაელი მოქმედებს ქსელურ-ცენტრული კონცეფციით, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის აღმოჩენას, დაფიქსირებას და მიზანმიმართულად დარტყმას, რაც ხორციელდება ერთ ქსელში მიმოსვლითი ინფორმაციის საფუძველზე.

ირანი იბრძვის საბჭოთა ტექნოლოგიებით, რუსებისგან ნაყიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით. ეს საბჭოთა კლონირებული სისტემებია, რომელსაც ისრაელმა ნახევარ დღეში მოუღო ბოლო. ისრაელს უკვე სრული ბატონობა აქვს ცაში.

  • თქვენი აზრით, რა გათვლით გადადო ტრამპმა ისრაელის მხარდაჭერა ორი კვირით? 

ვერ გეტყვით, ვერ ვახერხებ ტრამპის ჩანაფიქრის ამოცნობას და მის პროგნოზირებას. მჯერა, რომ ავიამზიდის დაჯგუფებას ელიან რაიონში.

არც ისაა გამორიცხული, ტრამპმა ისევ შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა რაღაც ცუდი თქვა მასზე და ამიტომ განახორციელა დარტყმა.

  • რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანი-ისრაელის ომმა გადაწონოს რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობა საერთაშორისო აქტორებისთვის?

ევროპისთვის ვერ გადაწონის. შეიძლება გადაწონოს ამერიკისთვის, ევროპისთვის კი, უკრაინა რჩება ევროპის ფორპოსტად. არა მგონია, ირანი-ისრაელის დაპირისპირება სამ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ისრაელს არ აქვს და არც ჰქონია ამოცანა, რომ ტერიტორია დაიკავოს. ბალისტიკური რაკეტების ნახევარი უკვე განადგურებულია და რაც დარჩა, იმას მოახერხებს სადღაც 2 კვირაში. თუ აშშ ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოახერხებს ისრაელი ბირთვული ობიექტის განადგურებას. თუ არ ჩაერთვება აშშ, ისრაელი მონახავს შესაბამის გზას, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

  • რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე უკრაინაში?თქვენი ინფორმაციით, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე კიევის სრული საჰაერო დაცვა? 17 ივნისის დარტყმის შედეგად ბოლო მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.

ამჯერად რუსეთმა დაიწყო დარტყმების კონცენტრირება – აღარ არის ორიენტირებული მთელს უკრაინაზე. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად შესაძლოა ამერიკული დახმარება გაიხარჯა და შევსება შესაბამისად ვერ მოხერხდა. შესაძლოა, არსებობს დეფიციტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებში.

ფაქტია, რომ ახალი არაფერი მომხდარა და რუსების რაკეტების რაოდენობაც არ გაზრდილა. უფრო მეტი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა ახსოვთ უკრაინელებს.

რუსეთი აღარ არჩევს სამხედრო მიზანს, ის სამხედრო მიზანთან ახლოს მდებარე მიზანსაც აღარ აქცევს ყურადღებას – უბრალოდ ქალაქის მიმართულებით ისვრიან, რაც იწვევს ზიანს.

  • ზელენსკის თქმით, უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში ჩრდილო-აღმოსავლეთით.

შეაჩერეს, კი. რუსებს აქვთ გარკვეული წინსვლა სხვა მიმართულებით, სუმში კი პირიქით, უკრაინელებმა კონტრშეტევით გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი – ტიოტკინო. ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს.

  • რა ხდება დნეპროპეტროვსკის ოლქში? თუ დასტურდება იქ რუსული ჯარის შესვლა და რატომ შეიძლება ეს იყოს რუსეთის სამიზნე?

სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რომ რაღაც შედეგი დადონ რუსებმა? დნეპროპეტროვსკი არის ზაპოროჟიესთან ახლოს და ცდილობენ რუსები, დნეპრზე განახორციელონ ფორსირება. ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსებისთვის, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამის თავი და ძალა ჰქონდეთ.

არც ის მგონია, იქ ხიდები დაუტოვონ უკრაინელებმა რუსებს აუფეთქებელი.

  • უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში. რა მასშტაბის წარმატებას აღწევენ უკრაინელები რუსეთზე დრონებით დარტყმით?

მოსკოვშიც იყო დარტყმები – თუ არ ვცდები ტულაში ააფეთქეს უკრაინელებმა კიდევ ერთი დენთის ქარხანა. უკრაინა ახორციელებს გეგმაზომიერ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე, რუსეთი გამწარებული ურტყამს უკრაინას დასჯისთვის. რუსეთის დარტყმები განკუთვნილია დასჯისთვის.

არანაკლები დარტყმები ხდება უკრაინელებისგან – რუსებს ლაღი ძილის საშუალებას ნამდვილად არ აძლევენ.

  • არის ეს დარტყმები იმ მასშტაბის, რამაც შეიძლება აიძულოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს? 

არა. რუსეთი ამ ტემპით, რესურსებით და დანაკარგით, რასაც დღეს ახორციელებს, თუ გარდატეხა არ იქნება უკრაინის მხრიდან, დაახლოებით 2-3 წელი შეუძლია იომოს. რუსეთი უპირატესობის მოპოვებას და გამარჯვებას ვერ აღწევს, თორემ ომით იომებს.

  • გარდატეხის პირობა არ ჩანს უკრაინის მხრიდან უახლოეს პერსპექტივაში? 

გარდატეხის შეტანის პირობები არ ჩანს. ვფიქრობ, გარდატეხის პირობები მას შემდეგ შეიძლება გაჩნდეს, თუ დაიდება ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი ხელშეკრულება და უკრაინა მოახერხებს მნიშვნელოვან გაძლიერებას.

ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში.

კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა.

ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით არის მომზადებული კერძო კომპანიის მიერ, თუმცა რა თანხაა გადახდილი, შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

აღნიშნული პროექტის მიხედვით სადროშე ბოძი უნდა იყოს მოთუთიავებული [გალვანიზებული], ლითონის, 30 მეტრი სიმაღლის.

„პროექტი დამუშავებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების, ასევე დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს გარე გამოყენების ბადე [სარკისებრი] დროშა, ზომებით 6X9 მეტრი, რომელიც დამაგრებული იქნება 30 მეტრი სიმაღლის ბოძზე, რომლის ზეძირკველი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილით. ასევე უნდა მოეწყოს დამიწების კერები დაერთების ადგილას და განათების ფარებთან“ – აღნიშნულია პროექტში.

მოეწყობა მეხამრიდი და ბოძის თავზე – თვითმფრინავის გამაფრთხილებელი ნათურა.

ფოტოვიზუალიზაცია პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა შესრულდეს.

საგარანტიო პერიოდი 3 წელია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“

ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს.

როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, მეტიც, 3-4 წელში აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე.

„ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა უფრო ადრე აკრძალა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ევროპაში ქვანახშირის იმპორტის თითქმის 50 პროცენტი და ნავთობის იმპორტის 27 პროცენტი რუსეთიდან შედიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის მეოთხე წელს ევროკავშირმა საბოლოოდ მოიფიქრა, როგორ უნდა თქვას უარი რუსულ გაზზე, რომ შეამციროს კრემლის ომის დაფინანსება და ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის შესაძლებლობა.

თუ ეს გეგმა განხორციელდება, 2027 წლის ბოლოსთვის ევროპა რუსეთისგან არც ბუნებრივ აირს [მილსადენებით] და არც თხევად გაზს არ შეიძენს“, – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.

რუსულ ნავთობზე უარის თქმა „არ იყო ევროკავშირისთვის ძალიან მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. 10-12 წლის წინ ევროპა 58 პროცენტით იყო დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და დაიწყეს ვერიფიკაცია…

ახლა, რუსული ნავთობის შეწყვეტის შემთხვევაში, საკმარისია მაგალითად, საუდის არაბეთს კვოტები აუწიონ და პრობლემა ევროპაში აღარ იქნება. დღეს კვოტა არის 10,5 მილიონი ბარელი დღეში, 12-მდე რომ აწიოს ევროკავშირმა, ეს 2 მილიონი ბარელი ყოფნის ევროპას მთლიანად“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

„ევროკავშირში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა რუსეთისთვის შექმნის მთავარ პრობლემას – ვალუტის დეფიციტს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე შექმნა – რუსეთში თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტას ვერ გამოიტანთ ბანკიდან, ლიმიტია დაწესებული – თვეში 300-მდე დოლარი მგონი.

რუსეთი ტექნოლოგიურად მთლიანად დამოკიდებულია დემოკრატიულ მსოფლიოზე – კომპიუტერსაც ვერ ააწყობენ. ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში არიან და ეს გაუარესდება და გაუარესდება. არ გამოვრიცხავ, რომ სურსათის კრიზისიც კი დაიწყოს რუსეთში“, – აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რაც შეეხება გაზს, ექსპერტი თვლის, რომ „რუსეთის ეკონომიკაზე გაზი იმდენად არ მოქმედებს, მთავარია ნავთობი. ბოლო ეფექტური წელი რუსეთისთვის, ექსპორტის თვალსაზრისით, 2019 წელი იყო.

მაშინ რუსეთიდან განხორციელდა ნავთობის ექსპორტი 174 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო გაზის – 48 მილიარდი დოლარის. ამიტომ, გაზი რუსეთის ხელში არის უფრო გეოპოლიტიკური იარაღი, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტი. რუსეთს გაზის ექსპორტი უფრო გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. ამ მიზნებისთვის კი რუსეთი, ჯერ კიდევ პეტრე დიდის პერიოდიდან, ეკონომიკას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.“

ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „ახლა ევროპამ ისწავლა ჭკუა და თანდათან რუსეთს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. ამას დასჭირდება მინიმუმ, ალბათ, 3-4 წელი… მთლიანობაში 2030 წლისთვის აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგო აქტორი მსოფლიო ბაზარზე. თუ, რა თქმა უნდა, არ შეიცვალა პუტინი და სხვა ვინმე ლიბერალი არ მოვიდა, თუნდაც ელცინისნაირი.“

შეუძლია თუ არა რუსეთს მოიძიოს ევროპის ბაზრის ალტერნატივა ნავთობის ექსპორტისთვის? – ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ამას ვერ შეძლებს.

„რატომ გგონიათ, რატომ მირბის ჩინეთში? – უნდა, რომ ჩინეთი გახადოს ალტერნატივა, მაგრამ ჩინეთი ჭკვიანია, მას აქვს ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირებული სქემა და ამ სქემის შეცვლა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ჩინეთში ნავთობი შედის ყაზახეთიდან. ყაზახეთს აქვს სამი უზარმაზარი ნავთობის საბადო და აქედან მხოლოდ ერთში ფლობს რუსეთი 15%-ს, ამასაც „ლუკოილი“, რომელიც მთლად რუსეთის არ არის.

უკვე დიდი ხანია აწყობილია სქემები, რომლებიც რუსეთის ნავთობსადენთან არ არიან დაკავშირებული – სპეციალური ნავთობსადენი ააშენეს ყაზახეთი-ჩინეთი და ეს ყაზახური ნავთობი ამ გზით მიდის ჩინეთში. ანალოგიურად უზბეკეთიდანაც. უზბეკეთი კი უღიმის რუსეთს, თუმცა, სინამდვილეში ანტირუსულ ენერგოპოლიტიკას ატარებს ამ კუთხით“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რაც შეეხება გაზს, „ბიბისის“ ინფორმაციით:

„ევროკავშირმა დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა მიზანი – საერთოდ თქვას უარი რუსულ ენერგომატარებლებზე 2027 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოიფიქრა, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ ევროპულმა კომპანიებმა შეძლონ ფორსმაჟორის გამოცხადება და არ გადაუხადონ ჯარიმა რუსულ „გაზპრომს“ რუსული გაზის შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტების პირობების შეუსრულებლობის შემდეგ.

უმარტივესი გზა იქნებოდა სანქციების დაწესება რუსულ გაზზე, ისევე როგორც ეს გააკეთეს ნავთობისა და ქვანახშირის შემთხვევაში, მაგრამ ამ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვნება ვერ იქნა მიღწეული.

ახალი გეგმა ითვალისწინებს თანდათანობით სავაჭრო შეზღუდვებს რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად.

ამ გეგმის თანახმად, ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის შესყიდვა უნდა აიკრძალოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან; არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებით – 2026 წლის 17 ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებით რუსული გაზის ყიდვა უნდა აიკრძალოს 2027 წლის ბოლომდე. ასევე შეწყდება რუსული თხევადი გაზის შესყიდვებიც.

„ბიბისი“ ასევე წერს, რომ ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის – „მათ მოკლევადიანი კონტრაქტებით იმპორტის უფლება 2027 წლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა, ისინი უკმაყოფილო დარჩნენ და ევროკავშირზე ზეწოლის ახალ ბერკეტებს ეძებენ“.

„ევროკავშირი არ მალავს, რომ საკითხი პოლიტიკურია და გეგმა დაიწერა არა ეკონომიკური სარგებლისთვის, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის დასაცავად კრემლის ენერგეტიკული შანტაჟისა და გაზის დიპლომატიისგან.“ – წერს „ბიბისი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ევროპაში რუსულ გაზზე 2027 წლამდე მთლიანად ვერ იტყვიან უარს. აქ აღსანიშნავია – ტრამპი რომ აცხადებს ჩვენგან იყიდეთ გაზიო – ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს საექსპორტო ტერმინალები, იმისთვის, რომ გათხევადებული გაზი მიაწოდოს ევროპას.

რაც აქვთ, ძალიან ცოტა და ძალიან ცუდი სიმძლავრისაა. მაგალითად, იაპონიას უფრო მძლავრი ტერმინალები აქვს, ვიდრე აშშ-ს. შტატებს განუვითარებელი აქვს ეს ინდუსტრია, თუმცა, შეუზღუდავი რესურსი აქვს გაზის მარაგის.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ევროპისთვის გათხევადებული გაზის მიღება არ იქნება პრობლემა, ვინაიდან არიან სხვა მიმწოდებლები: ბუტანი, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბანი, ტობაგო, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამასთან, „გაზის რესურსების ფლობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ირანი [პირველზეა რუსეთი, მეორეზე – კატარი. რაც შეეხება ნავთობს – ნავთობის მარაგით ირანი მესამე ადგილზეა და რუსეთი მეშვიდეზე. პირველ ადგილზე კი – ვენესუელაა].

„ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში ირანის გაზიც ჩაერთვება ალბათ ევროპისთვის გაზის მიწოდების სქემაში, თუმცა, მთავარია როგორ დასრულდება იქ დღეს მიმდინარე პროცესები.

ევროპამ არ უნდა თქვას უარი ირანის გაზზე – მე მათ ადრეც ვეუბნებოდი, რომ ეს იქნება ირანის ჩართვა დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც უარს მერე ვეღარ იტყვის… როგორც რუსეთი დარჩა თავისუფალი ბაზრის მძევალი, ასევე ირანიც დარჩებოდა. ირანი, უბრალოდ, ფანტავს თავის გაზს.

პირველი, რაც გააკეთა ევროპამ ჯერ კიდევ 2022 წელს – ძალიან სწრაფად ააშენა გათხევადებული გაზის ტერმინალები. ცალკე ააშენა საფრანგეთმა, ცალკე გერმანიამ, ცალკე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა. ასე რომ ამ სიმძლავრეს ზრდიან.

მეორე – ეს არის ალჟირის გაზი. არის ერთი გაზსადენი, რომელიც გადის კუნძულ სარდინიაზე, იტალიაში. იტალია პრაქტიკულად მთლიანად მარაგდება ალჟირის გაზით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სიცილიაზეც უნდა გაიყვანონ ერთი გაზსადენი და მაშინ მოგვარდება პრობლემა – ამ კუთხით, როგორც ვიცი, სამუშაოები მიმდინარეობს.

მესამე – ეს არის ეგვიპტის გაზის ჩართვა ამ ქსელში – ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ენერგომატარებლების რთული სქემებია – არის წმინდა ბიზნესსქემები, არის გეოპოლიტიკური სქემები, თუმცა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს რუსეთის საზიანოდ.

„რაც უკვე დაემართა და დაემართება რუსეთს, ეს მან დაიმსახურა და დროა ფასი გადაიხადოს იმაზე, რაც ჩაატარა ჯერ საქართველოში, მერე ყირიმში და ახლა ატარებს უკრაინაში. მე ცალსახად მეჩვენება რომ რუსეთი, შეიძლება ხვალ და ზეგ არა, მაგრამ სტრატეგიულად დაშლის გზას მიადგა – იმპერიის დაშლის გზას. ყველა იმპერია ბოლოს და ბოლოს იშლება და რუსეთიც დაიშლება“, – დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

ამავე თემაზე:

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

 

 

 

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციამ დააბრალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან მისი დაკავება ე.წ სტიკერის გაკვრის გამო უკანონო იყო.

ამასთან, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ეყრდნობა მხოლოდ მის უკანონო ადმინისტრაციულ ბრალდებას სწორედ 173-ე მუხლით.

ამავე საქმეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დამატებით წარადგინეს ფრანგი და ქართველი ექსპერტების საექსპერტო დასკვნები, რაც ადასტურებს პოლიციის მიერ მტკიცებულებებით/ვიდეოკადრებით მანიპულირებას.

დაცვის მხარისთვის უცნობია, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა სასამართლომ მითითებული საექსპერტო დასკვნები.

მოსამართლე შოთა სირაძემ არ დანიშნა საქმის ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით და გადაწყვეტილება მიიღო მხარეთა მოსმენის და მონაწილეობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ ამ საკითხზე 3-ჯერ იშუამდგომლა.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია მხარეებისათვის.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გაყალბებული ადმინისტრაციული საქმე უახლოეს მომავალში გასაჩივრდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის და ამჟამად უკვე თბილისი პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა.

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე მოამზადა და მერიას ჩააბარა, ქალაქში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი.

კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას.

ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია „საცხოვრებლის საჭიროებები“, წერია, რომ მომავალში საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული ვითარება. კერძოდ, ის, რომ ბოლო დროის საბაზრო მდგომარეობით, საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სავარაუდოდ სულ მცირე 30%-სათვის, საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი კი აშკარას ხდის, რომ რეალურად მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი და ახალაშენებულ ბინებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ.

კონცეფციის ავტორების ანალიზით, ასეთი ვითარება ე.წ. „დაკეტილი ბინების“ მაღალ წილს ქმნის, რაც საბინაო რესურსების არამიზნობრიობასა და ადგილობრივი მოსახლეობის საბინაო პირობების გაუმჯობესების არასათანადო ეფექტიანობაზე მიუთითებს:

„ამას თან ერთვის ბინების გარკვეული ნაწილის მკაფიოდ გამოხატული სეზონური გამოყენება, რაც ერთიანი საბინაო პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ პრობლემის ადექვატური გადაჭრის გზების შემუშავება ქალაქის სწორი ურბანული განვითარების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვევლინება“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

მეორე მხრივ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქალაქის საბინაო ფონდის მოცულობა თითქმის გასამმაგდა და საბინაო მშენებლობა თანამედროვე ბათუმის ზრდისა და გაფართოების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად იქცა.

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქალაქის საბინაო ფონდის მოცულობა 1.7 მლნ კვ.მ–დან 2 5 მლნ კვ.მ–მდე გაიზარდა“ – ვკითხულობთ კონცეფციაში
  • მაღალსართულიანი განაშენიანება და გამოწვევები

კონცეფციის მიხედვით, ბათუმში, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 180 ათას მოსახლეზე ნაკლებს ითვლიდა, დაახლოებით 100 000 საცხოვრებელი ერთეულია [ბინა, სახლი] აღრიცხული. ავტორები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ამ პროცესში მკვეთრად გაიზარდა მაღალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ხვედრითი წილი და მაღალსართულიანმა საცხოვრებელმა განაშენიანებამ როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, ისტორიულ უბნებშიც „შეაღწია“:

„თვალსაჩინო ცვლილებები შეიტანა მათ იერსახესა და ცხოვრების წესში და სერიოზული გამოწვევები შეუქმნა ქალაქის ამ ნაწილებს, ავთენტურობისა და ტრადიციული ურბანული თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. შესაბამისად, სხვადასხვა სიმაღლის, სიმჭიდროვისა და არქიტექტურულ–მორფოლოგიური თავისებურებების მქონე საბინაო ერთეულების სწორი, დასაბუთებული და მიზანშეწონილი განაწილება გენერალური გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა“. 

„ახალი ბათუმი“ ძველ ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კონცეფციის მიხედვით, ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, შემდგომი ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში ახალი საცხოვრებელი ფონდის მშენებლობა და ძველის მოწესრიგება განსხვავებული მასშტაბებით, ინტენსივობითა და ფორმატით უნდა განხორციელდეს:

„ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე ისტორიულ არეალებში, უკვე ჩამოყალიბებული განაშენიანებითა და გეგმარების ტიპით, ძირითადად სწორკუთხა საქალაქო კვარტლების სახით, საჭიროების შემთხვევაში განხორციელებული ახალი საცხოვრებელი განაშენიანება [მკვეთრად] არ უნდა აჭარბებდეს შენობების არსებულ ზღვრულ სიმაღლეებს და სრულად უნდა ეწერებოდეს არსებულ ურბანულ ქსოვილში.

ამასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებული დაბალსართულიანი მოძველებელი და ამორტიზებული საცხოვრისის, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული კულტურულ ისტორიული ღირებულება და სტატუსი, განაშენიანების მოწესრიგება-რეკონსტრუქციის ფარგლებში, შესაძლოა სიმჭიდროვისა და სიმაღლის რეზონული ოდენობით გაზრდა და არსებული სამშენებლო ღრეჩოების [gap] შევსება. თუმცა ზოგადად, ასეთ არეალებში საცხოვრებელი განაშენიანება უპირატესად საშუალო სიმაღლის იქნება“ – ვკითხულობთ კონცეფციაში. 

კონცეფციის ავტორების რეკომენდაციით, ქალაქის სხვა, უკვე ფორმირებულ უბნებში ახალი საცხოვრებელი განაშენიანების სიმაღლე შესაძლებელია უფრო მეტი იყოს, თუმცა უნდა ექვემდებარებოდეს მოსახლეობისა და განაშენიანების უკვე მიღწეულ სიმჭიდროვის, კომუნალური ინფრასტრუქტურითა და ქსელებით უზრუნველყოფისა და სოციალური, სატრანსპორტო საშუალებებით მხარდაჭერის მაჩვენებლებს: „ბათუმს ასევე აქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების განთავსების პოტენციალიც ქალაქის სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე.“

  • ბინა როგორც სოციალური სიკეთე და არა კომერციული პროდუქტი

კონცეფციის ავტორები თანხმდებიან, რომ ბინის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური სიკეთის და არა მხოლოდ მენაშენის მიერ შექმნილი კომერციული პროდუქტის კონცეპტის ახლებური გააზრება და დამკვიდრება აუცილებელი იქნება ქალაქის მომავალი განაშენიანება–განვითარების დროს, რადგან ბინებს, როგორც საბაზრო პროდუქტის და მოსახლეობის რეალურ მსყიდველუნარიანობას შორის არსებული მკვეთრი სხვაობა ქმნის სოციალური სეგრეგაციის საფრთხეს და საქალაქო სივრცის ფრაგმენტაციის გაღრმავების წინაპირობას:

„ბათუმის საბინაო სექტორში ასეთი საერთო ვითარების ფონზე მნიშვნელოვანია ქალაქს გააჩნდეს ერთგვარი სოციალური საცხოვრებელი ფონდი, რომელიც მოწოდებული იქნება მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ და მოწყვლად ჯგუფებსა და ოჯახებს საბაზრო ფასებზე გაცილებით შეღავათიანი პირობებით მიაწოდოს საცხოვრებელი ფართი, რათა თავიდან იქნას აცილებული უსახლკარობა, არასათანადო საცხოვრებელში ბინადრობა და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მარგინალიზაცია.

„დამოუკიდებლობის წლებში ქალაქში არ განხორციელებულა რამე ნიშანდობლივი პროექტი ან პროგრამა სოციალური საცხოვრისის შესაქმნელად“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

ეს ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ ავტორებს გამორჩათ, რომ მერიას გარკვეული ფართობი უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ათეულობით სამშენებლო პროექტზე კ2 კოეფიციენტის მატების შედეგად, რადგან კანონი ასეთი შეთანხმების შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიის საბინაო ფონდში გადაცემა-დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

„ამავე დროს, ბოლო პერიოდში წარმოქმნილმა სამშენებლო ბუმმა შესაძლებლობა მისცა მერიას კერძო მენაშენეების მიერ საცხოვრებელი სახლების სახით აშენებული საბინაო ფონდის 10% დაიტოვოს თავის განკარგულებაში და გამოიყენოს ისეთი ოჯახების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც არასათანადო სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავად ვერ ახერხებენ ღირსეული საბინაო პირობების შექმნის უზრუნველყოფას.

დღეს მერიას რამდენიმე ათეული ათასი კვ.მ–ის მოცულობის ასეთი რეზერვი გააჩნია, რაც მეტად მნიშვნელოვან რესურსად უნდა ჩაითვალოს უსახლკარო და მოწყვლადი ოჯახების, განსაკუთრებით ავარიულ შენობებში მცხოვრებლების, დასაბინავებლად. გარდა ამისა, ამ ფონდმა საშუალება უნდა მისცეს ქალაქის ხელისუფლებასა და მენაშენეებს განახორციელონ ამორტიზებიული და მოუწესრიგებელი საცხოვრებელი განაშენიანების გაუმჯობესება, ასეთ არეალებში მცხოვრები ოჯახების ბინების ჩანაცვლების გზით. ეს განსაკუთრებით საშური იქნება ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებში მდებარე ძველი, არასათანადო საცხოვრებელი განაშენიანების შემთხვევებში“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

კონცეფციის ავტორები ვერ აკონკრეტებენ, რამდენი კვ.მეტრი ბინის ფართობი დაირეგისტრირა უკვე მერიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობის შედეგად და რამდენი უნდა დაირეგისტრიროს მომავალში უკვე არსებული შეთანხმებების შესაბამისად. კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს ფართობი რამდენიმე ათეული ათასია.

„ბათუმელებმა“ არაერთხელ ჰკითხა მერიას ამ ფართობის დაახლოებითი მოცულობის შესახებ, თუმცა ამ კითხვაზე მერიაში არც ჩვენ გვიპასუხეს.

ბათუმი, 2025 წელი
  • როგორ ზრდის მშენებლობის ბუმი ქალაქის დანახარჯებს

კონცეფციაში კარგად არის გაანალიზებული, რა შეიძლება მოუტანოს ქალაქს ბინების გაყიდვით მიღებულმა მყისიერმა პოზიტიურმა გავლენამ ეკონომიკაში.

„მიუხედავად ბინებით ვაჭრობის მყისიერი დადებითი გავლენისა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი შემდგომი ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურაზე და საგზაო სისტემებზე გაწეულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება. ასევე, არაპირდაპირი მოთხოვნით გამოწვეული მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი ხელს უწყობს საქალაქო და საგარეუბნო სივრცეების/გარემოს დეგრადირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე მოსახლეთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საბინაო მშენებლობის შეზღუდვა-რეგულირება და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიგნით არსებულ იმ ტერიტორიულ რესურსზე, რომლის სოციალური და ეკონომიკური ღირებულება არ არის მაღალი სხვა ფორმით გამოყენებისათვის და სასიკეთოა არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისათვის“ – წერია კონცეფციაში.

კონცეფციის მიხედვით საერთო ჯამში, 2035 წლამდე ბათუმში ახალი საცხოვრებელი ფონდის მშენებლობისათვის 250 ჰექტარი ტერიტორია განისაზღვრა. კონცეფცია ახალ მნიშვნელოვან საცხოვრებელ არეალებად მოიაზრებს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას, მთისძირის და „ბენზეს“ ტერიტორიას.

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს.

საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.

ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ განმეორებით და აკისრებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.

იმავე ადგილას იმავე სტენსილის გამო აქტივისტი პირველად 17 თებერვალს 2000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ 22 მაისს, მესამედ კი – 5 ივნისს.

„ასევე, ზუგდიდის მერიის კედელზე დავხატე პინგვინები ადრე და გაისუსნენ, მაშინ დავალება არ ჰქონიათ სუსისგან“ – წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე.

ფოტო: როსტევან ზარანდია

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ხანგრძლივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად.

ევროპის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება 13:00-17:00 საათამდე.

რა დახვდება ღონისძიებაზე მისულ სტუმარს

  • EU პროექტების სივრცეში ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან – თანასწორობამდე.
  • თამაშში „წიგნების თარო“ – შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ ახალგაზრდებს და აღმოაჩინოთ ევროკავშირის ისტორია და ლიტერატურა საინტერესო და სახალისო გზით.
  • დაგეგმილია აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
  • ევროპის დღის მარკეტზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქცია და დაათვალიეროთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის ბენეფიციარების მიერ.

შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასს – „თვალით დანახული ისტორია – ვიზუალური ამბის თხრობა”.

ასევე, შეძლებთ დაესწროთ აჭარული ტრადიციული ქარგვის ვორქშოპს, ოსტატ მზევინარ ირემაძესთან ერთად ან გემთმშენებლობის კრეატიულ ვორქშოპს და ააწყოთ თქვენი გემის მოდელი და დაათვალიეროთ გემების მოდელების გამოფენა „აფრა”.

თუ გაინტერესებთ როგორ იქმნება ელექტრონული მუსიკა, შეუერთდით საბა აზნარაშვილის ვორქშოპს „შენ ქმნი მუსიკას“.

15:00 საათზე კი ევროპის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ველომსვლელობა გაიმართება. 

ველომსვლელობის შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია [შადრევნების მხრიდან]. მათთვის, ვისაც ველოსიპედი არ ჰყავს, პირველი 30 მსურველი ველოსიპედით სარგებლობას უსასყიდლოდ შეძლებს.

ველოსიპედის მსურველებმა თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობის გარეშე ველოსიპედი არ გაიცემა.

ევროპის დღეები ბათუმში 18:00 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ცოცხალი მუსიკით დასრულდება, ჯგუფების – Killages და Mechanical Rainbow-ს კონცერტით.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ასევე ხვალ, 21 ივნისს, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიხსნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „პორტო ფრანკო“, რომელზეც ისაუბრებენ ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე, ეკონომიკის კვლევის პოლიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი ზაზა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიგი გიგიაძე. შეხვედრის მოდერატორი ციალა ქათამიძეა.

ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება.

„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო“ – პაველ ჰერჩინსკი | ვიდეო

“მინდოდა პირადად მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და  სასამართლოს განაჩენს ელის,“ – ასე დაიწყო ინტერვიუ “ბათუმელებთან” ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩი “ბათუმელებს” დღეს, 20 ივნისს ესტუმრა. ელჩმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს. ვრცელი ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში:

მზიას საქმე ევროკავშირის დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საქმეს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით. როგორც იცით, ევროპარლამენტში მიმდინარეობდა დებატები, რომელიც საქართველოში  მედიის თავისუფლებას ეხებოდა. მზიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია. წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმეზე და ვფიქრობ, რომ მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო.

ყველა შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით.

ყველა ველით, რით დასრულება ეს განხილვები. ვიცით, რომ  მკაცრი და ძალიან არაპროპორციული განაჩენი ემუქრება – 7 წლამდე ციხე იმისთვის, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსოლუტურად არაპროპორციულია მოსალოდნელ განაჩენთან მიმართებაში.

ყველამ ვიცით, რომ მზია და „ბათუმელები“ კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ იმის მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში. ვიცით, რომ თქვენი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდით, თუნდაც ეს კრიტიკული ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ სასამართლოს, ზოგადად რა ხდება საქართველოში, რაც შეეხება სიტყვის და შეკრების თავისუფლებას, დიდ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე. ასევე, ძალიან დიდი ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გულსატკენია. ეს რეალურად გულსატკენია, რადგანაც არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო, როცა საქმე ეხებოდა დემოკრატიულ ცვლილებებს, ევროკავშირში ინტეგრაციას.

ახლა ეს შეიცვალა. რაც შეეხება ევროინტეგრაციას – საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა შეჩერებულია. ეს ნამდვილად რთულია ყველასთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა.

მაგრამ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვრჩებით.

საქართველოს მოსახლეობას თავისთვის და თავისი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა. გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპელები და ღირსები დაიკავონ ადგილი ჩვენს შორის – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ და გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ არსებული ნეგატიური ტრენდი შეიცვლება, საქართველოში მიმდინარე ძალიან ღრმა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და დიალოგი, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირის  წევრობით მომავალში.

საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის.

ჩვენ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ამ საკითხს განვიხილავთ, ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ  საქართველოს არ მივატოვებთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს საკითხს განიხილავენ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყოველ თვეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ. ძალიან რთულია შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმება.

რაც შემიძლია, რომ ვთქვა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და ასევე, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსის თანახმად: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის; მაგრამ, ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.

სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების კეთილ ნებას, პირიქით, ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას;

გრძელდება თავდასხმა ევროკავშირზე, ევროკავშირი დემონიზირებულია, ევროკავშირს აბუჩად იგდებენ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ნამდვილად გულსატკენია.

ვაპირებთ, ვიყოთ მომთმენები. გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირი, მივესალმოთ საქართველოს, როგორც  ჩვენი წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაფიო კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები ეხება ყველა კანდიდატ ქვეყანას. უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენ საერთო ღირებულებზე, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.

ევროკავშირის თვალსაზრისით ეს ღირებულებები გადახედვას არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად [როგორც, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა] პირიქით, შორდება. ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის ეს ნამდვილად დასანანია, გულსატკენია, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ”.

  • ბათუმელები: რამდენად არის მოსალოდნელი სანქციები, ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების საქმეებში?

პაველ ჰერჩინსკი: “ბევრჯერ უკითხავთ და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მეპასუხა გულახდილად, საზოგადოების ინფორმირება მომეხდინა არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის მოსაზრებებზე. სანქციებზე როცა ვსაუბრობ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან მძიმედ მაკრიტიკებენ, იარლიყებს მაკერებენ, ცდილობენ ზეწოლას, რაც ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა.

ევროკავშირისთვის სანქციების მიღება რთულია, რადგან ეს ერთხმად უნდა მოხდეს, საჭიროა ერთსულოვნება – 27-ივე წევრი ქვეყანა უნდა დათანხმდეს.

როცა სანქციებზე ვსაუბრობთ, ვიცით, რატომ ხდება ასე – რამდენად მძლავრია ევროკავშირის სანქციები. ეს მარტო იმას კი არ ეხება, რომ ვიღაცას ევროკავშირში არ შემოუშვებენ, ვიღაცას ევროკავშირში არსებულ ქონებას გაუყინავენ,  ეს ასევე არის სირცხვილის საკითხი;  წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს  როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება.

ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ.  რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ მივიღოთ სანქციები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევებთან.

ყველამ ნახეთ ტელეეკრანებზე თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში არაიდენტიფიცირებული, ნიღბიანების მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანები. ნანახმა მთელი მსოფლიო დაშოკა. 

რაც უფრო შოკის მომგვრელია, არის სრული დაუსჯელობა: ამ უპრეცედენტო ძალადობის გამო, პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ. ევროკავშირი გმობს ძალადობას, ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევები  დაუსჯელი დარჩნენ, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.

ამიტომაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ,  მივიღოთ სანქციები ევროკავშირის დონეზე, რასაც ერთსულოვნება სჭირდება, რომელიც არ გვაქვს.

ამიტომაც, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ეროვნულ დონეზე ორმხრივი სანქციები მიიღო, ასეთი ქვეყნების რაოდენობა იზრდება.

ვიცი, რომ ორშაბათს, 23 ივნისს ევროკავშირის სანქციების საკითხი ისევ განიხილება და ეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ; ეს 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება, რასაც ერთსულოვნება სჭირდება. დღის წესრიგშია ეს საკითხი, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ადამიანის უფლები ირღვევა; ევროკავშირი იმოქმედებს და თავის პოზიციას გამოხატავს”.

"მზია არის  ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

აშშ-ს საელჩო სავიზო აპლიკაციის განხილვისას ყველა პირს სთხოვს სოცქსელების გასაჯაროებას

აშშ-ს საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს სავიზო ცვლილებებთან დაკავშირებით.

საელჩოს ინფორმაციით, ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია, „მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო“.

საელჩოს ინფორმაციით, სავიზო სკრინინგის დროს გამოყენებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

„ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა.

აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ მედიაში მათი ყველა იდენტიფიკატორი მიუთითონ.

მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა“-წერს საელჩო.

„წამართვეს პირადობა და მართვის მოწმობა“ – თემურ გორგაძე სარფის საბაჟოზე გააჩერეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე, დღეს 20 ივნისს, სარფის საბაჟოზე გააჩერეს.

როგორც თემურ გორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას საქართველოში შემოსვლისას ქართველმა მებაჟეებმა დაახლოებით 11:00 საათზე პირადობისა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს და ჯერ კიდევ [15:00 საათისთვის] არ დაუბრუნებიათ.

„პირადობაც და მართვის მოწმობაც მებაჟეებს აქვთ. „დაგველოდეთ“ მითხრეს და წავიდნენ. არაფერი განუმარტავთ, არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს“, – ამბობს თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“.

მან ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქზეც დაწერა.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა მიზეზით გააჩერეს საზღვარზე პოლიტიკოსი, თუმცა პრესცენტრში გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

„აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან არცერთი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მათე დევიძეს

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე,  ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა.

წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი.

და თუ ყველაზე ცუდი სცენარი გველის, არც ეგ არის ტრაგედია.

ჩვენ ცოცხლები და თავისუფლები მანამ ვართ, სანამ ღირსება გაგვაჩნია, დანარჩენი ყველაფერი ფუფუნებაა, ეს სივრცით შეზღუდვაც მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.

იმედია, ბედი გაგვიღიმებს და ზონაზე მაინც გავიცნობთ ერთმანეთს წესიერად. გამაგრდი და კიდევ უფრო გაძლიერდი. გახსოვდეს, რომ თუ შენ  გარშემო მხოლოდ წყვდიადს ხედავ, შეიძლება თავად ხარ ნათება.

პ.ს ბიჭები მოკითხვას გიბარებენ“- წერს ზვიად ცეცხლაძე მათე დევიძეს.

წერილი 13 ივნისით თარიღდება.

ზვიად ცეცხლაძეც და მათე დევიძეც პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას.

21 წლის მათე დევიძეს 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზვიად ცეცხლაძეც 20 წლის სტუდენტია. ის 2024 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში დააკავეს.

ზვიადი ბრალდებულია 225-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, თუმცა ამ დრომდე ბრალდების მხარე ვერ ახერხებს მტკიცებულებების წარმოდგენას, ისევე როგორც მათე დევიძის ან სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაში.

__________________

ამავე თემაზე:

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

„ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ!“ – ბათუმელი მედროშის წერილი

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, თურქეთიდან წერილს აგზავნის საქართველოდან გაძევების შემდეგ.

„ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!

ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი!

ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თუმცა ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფექტიანი ფორმებით მანამ, სანამ ყველა ერთად დედა-სამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ.

11 ივნისს 03:07 საათზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექსპტრადირების დამსწრეს 100-მდე [ქართველი-თურქი] მილიციელის წინაშე ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც „ჯინიანი ქართველი“.

ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს!

მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო [მეგობარი ქალი] მარტო დამრჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ უყურადღებოდ. ჩემ დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან, ის ისევ უცვლელი რჩება: არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ! [საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე]

თქვენი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე.

20 ივნისი, სტამბოლი“.

თემურ ქათამაძის წერილი

 

თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოდან იძულებით 11 ივნისს გააძევა.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

თემურ ქათამაძის გაძევების პროცესი „ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა იგი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე აქციებზე ყოველდღე საქართველოს დროშით ჩნდებოდა, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას ბათუმელი მედროშე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – ზღვის წყალი 24 გრადუსამდე გათბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც.

ორივე ორგანიზაციას სასამართლოს დადგენილება 19 ივნისს ჩაჰბარდა.

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად.

მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად მოვახდენთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მხარდაჭერას გვიცხადებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 ივნისს მსგავსი დადგენილება მიიღო სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც. ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.

ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას […]

ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

18 ივნისს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ [სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი] განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება.

კერძოდ, 17 ივნისს მოსამართლეებმა ამ ორგანიზაციებს ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს,  როგორიცაა ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.

ამავე თემაზე: 

მიმოწერები, ფოტო-ვიდეო, ბენეფიციარების ინფორმაცია – რას ითხოვს ანტიკორუფციული 5 ორგანიზაციისგან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 009 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 10 954 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 860 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 374 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 421 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 299 ერთეული [+70]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 501 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 585 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 982 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 413 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 058 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასწორია ბრალდება მისი მისამართით, რომ მას არ სურს უკრაინასთან მოლაპარაკება. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა ამავე დროს ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმურობა და უკრაინის პრეზიდენტს „რეჟიმის ხელმძღვანელი“ უწოდა.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა შემთხვევაში დაიჭერენ გახარიას? – ინტერვიუ

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით და მიზნით ებრძვის ივანიშვილი ოპოზიციას საქართველოში.

  • ბატონო გია, ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია, ფაქტობრივად მხოლოდ გახარია და ხაზარაძე არიან გარეთ, ანუ იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ამავე დროს, მათი დაკავების რისკები მაინც არსებობს. თქვენი აზრით, რატომ? რას ელოდება ივანიშვილი, მაგალითად, გახარიასგან?

ივანიშვილის მიზანი არის რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება, სადაც არის ერთი დომინანტური პარტია და ე.წ „სუვერენული დემოკრატიის“ ფარგლებში რამდენიმე სატელიტი, როგორც რუსეთშია. ვითომ დემოკრატია. პრინციპში, შეკვეთა მოსკოვიდანაც ასეთია და თვითონაც მოსწონს ეს ივანიშვილს.

მასზეა მორგებული „სუვერენული დემოკრატიის“ საფარქვეშ რეალური ავტორიტარიზმის დამკვიდრება.

ავტორიტარიზმის დამკვიდრების ერთ-ერთი ეტაპი, ანუ, ასე ვთქვათ, პირველი ფაზა, გულისხმობს ინსტიტუტების მთლიანად გაუქმებას და ერთ ვერტიკალში განთავსებას. ეს ეტაპი გაიარეს უკვე, რადგან ინსტიტუტები აღარ არსებობს ქვეყანაში, ერთი კაცის მიერ კონტროლდება ყველა და ყველაფერი. მეორე ეტაპი ეს არის დიქტატურა, როდესაც იწყება ალტერნატიული პოლიტიკური და სამოქალაქო აზრის და ქმედების აღკვეთა და ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა.

ამის ფარგლებში ივანიშვილს აქვს ძალიან მარტივი ამოცანა, რომ ან არსებული პარტიები უნდა მოათვინიეროს და დაითანხმოს ამ მოდელზე, ანუ სატელიტობაზე უნდა მოაწერონ ხელი და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ უნდა გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან და შემოიყვანოს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ამ თამაშის წესებს დათანხმდებიან.

გია ხუხაშვილი
  • თქვენ ფიქრობთ, რომ გახარიასგან სატელიტის შექმნა უნდათ?

გახარიასგანაც და ხაზარაძისგანაც. თუ არ დათანხმდებიან, მაშინ უნდა გაიყვანოს ველიდან სხვადასხვა მეთოდით, – ვიღაც ქვეყნიდან გააძევოს, ვიღაც დაიჭიროს. მისი ამოცანაა მოათვინიეროს და მოასუფთაოს პოლიტიკური სივრცე, შემოიყვანოს „გირჩი“ და ვიღაც სხვა პარტიები.

ის, რომ მორალური ბარიერი არ აქვთ, ეს ვიცით დიდი ხანია, რადგან მთლად თავიანთი წიაღიდან დანიშნეს პარლამენტში „ოპოზიცია“. ასეთ მაიმუნობასა და მამაძაღლობაში არიან.

  • სატელიტის შექმნა „ოცნებას“ ისედაც არ გაუჭირდება და მაშინ რატომ სჭირდება ამ პარტიების „მოთვინიერება“?

ურჩევნია არსებული. აი, როგორც რუსეთში მოხდა, რუსეთში პუტინმა მოახერხა არსებული, ტრადიციული პარტიების მოთვინიერება, დათანხმება. მოუზომა თავისი ბოსტნები, დაითანხმა ისინი ამ თამაშზე და ერთგვარად ნატურალური სურათი შექმნა ამ სუვერენული დემოკრატიის.

ამიტომ გრძელდება ჯერ პრესინგი ოპოზიციურ პარტიებზე, რომ იქნებ კიდევ მოახერხოს და ვიღაც დაითანხმოს.

  • აქამდე სულ გვესმოდა და პროპაგანდაც ამაზე მუშაობდა პრინციპში, რომ „ოპოზიციას არაფერი შეუძლია“, რომ ისინი ვერც პროტესტის ლიდერები გახდნენ, ვერც ხმები დაიცვეს და ასე შემდეგ. თუ ასეთი უსუსურია ოპოზიცია, რატომ ეშინია მათი ლიდერების გარეთ ყოფნის ივანიშვილს?

ნახეთ, რა ხდება – ამ მეორე ფაზის ე.წ. დედლაინი არის ადგილობრივი არჩევნები. ამ არჩევნების მეორე დღეს, ფაქტობრივად, „სუვერენული დემოკრატია“ უნდა იყოს დამკვიდრებული, ანუ დიქტატურამ უნდა გაიმარჯვოს საბოლოოდ.

თუ ეს პარტიები მიიღებენ, ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ხომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას „ოცნებას“, რადგან მას დაგეგმილი აქვს, რომ მშვიდად, წყნარად ჩაიდოს ამ არჩევნების შედეგები ჯიბეში ისე, რომ ეჭვქვეშაც კი არ დადგეს მისი გამარჯვება. ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში კი შეიძლება ისევ გაჩნდეს კითხვის ნიშნები გაყალბებაზე.

  • ეუთოს მოწვევასაც კი არ აპირებენ, არასამთავროების ხელმძღვანელები შესაძლოა დაიჭირონ, მედიას ზღუდავენ და ასეთ პირობებში ვინ აღიარებს არჩევნებს?

თუ თვითონ მონაწილე პარტიები ისე დალაგდებიან, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტიებიც კი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაშინ ვის რა პრეტენზია ექნება. ეუთო-ოდირს რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს, თუ, ვთქვათ, „გირჩი“ მიიღებს თავის 5%-ს და დათანხმდება არჩევნების შედეგებს. თუ ყველა მონაწილე პარტია ასევე დათანხმდება შედეგებს, ეუთომ რა უნდა გააპროტესტოს.

თუ მონაწილე პარტიები დაითანხმა იმაზე, რომ საბოლოო განაწილება იქნება 75-25-ზე – დავუშვათ, ან 70-30-ზე, პრინციპში მას ეს აწყობს. შესაბამისად, ლეგიტიმაციის თემა აღარ იქნება აქტუალური.

ივანიშვილს იმის კი არ ეშინია, რომ არჩევნებს წააგებს, არამედ იმის, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნას თბილისში, სადაც მკვეთრად ანტისახელისუფლებოა განწყობები, ბათუმში შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს შედეგები და ასე შემდეგ.

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ამიტომ უნდა, რომ დაითანხმოს გახარია და ხაზარაძეც, რომ ამ თამაშის წესებზე შეთანხმდნენ. თუ ვერ დაითანხმა, შესაძლოა გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე შეიძლება იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს, ან რაღაც მეთოდებით აიძულოს ქვეყნიდან წასვლა.

თუ ამის გარანტიები ვერ შეიქმნა ივანიშვილმა, მაშინ დაიჭერს. ანუ ამოცანა ამათი დაჭერა ან არდაჭერა კი არ არის, არამედ ისე მართოს პროცესი, კითხვის ნიშანი რომ აღარ დაისვას, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო თუ გაყალბდა არჩევნები.

თუ გატეხა-გატეხა და თუ ვერ გატეხა, მერე დაიჭერს ან სხვა რამეს იზამს. ამ პროცესში ვართ.

ეს არის მისი გეგმა და განხორციელდება თუ არა, ეს დიდწილად დამოკიდებულია ამ პარტიების მდგრადობაზე, დამოკიდებულია საზოგადოების წინააღმდეგობაზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თუ წინააღმდეგობა არავინ გაუწია და ყველა ციხის კარებთან მივიდა თავისი ფეხით და თავი შეუშვირა ეშაფოტზე, მაშინ დაალაგებს ყველაფერს, რა პრობლემაა.

ეს ციხის კარებთან მისვლები პატივსაცემია პიროვნულად, რადგან ციხეში მიდიან ადამიანები და ამაში არაფერია კომფორტული, მაგრამ მეორე მხრივ, ბრძოლის გარეშე დანებება და ციხეში შენი ფეხით წასვლა, პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიზმაში, ჩემი აზრით არასწორი საქციელია.

  • წინააღმდეგობის გაწევაში რას გულისხმობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამ?

თუ გიჭერენ, რაღაც ისეთი მაინც გააკეთე, რომ აზრი ჰქონდეს. რამე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მათ დაჭერას? ხელისუფლების მხრიდან კი ეს არის კიდევ ერთი ძალის დემონსტრირება და ეშინიათ ადამიანებს ძალის.

თუ მაინც მიდიხარ ციხეში, გააკეთე რაღაც, მაღალი ფასი გადაახდევინე ხელისუფლებას.

  • რა შეიძლება იყოს ეს მაღალი ფასი დაკავებული ოპოზიციონერების მხრიდან, მაგალითად?

ბევრი რამე. იჩხუბე მაინც ბოლოსდაბოლოს რა, რომ ხალხმა დაინახოს, რომ შენ იბრძვი აქტიურად.

  • ესეც ხომ იმის საჩვენებლად იყო, რომ ივანიშვილის მხრიდან ყველაფერი მიტაცებულია და ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს?

კი, მაგრამ ეს ხომ დანებებაა. კი ბატონო, ბოიკოტიც გზაა, მაგრამ მოდით გავიხედოთ წინ, კვლევებიც აჩვენებს, რომ კი, წავალთ ბოიკოტში, მაგრამ 40%-იან აქტივობას არჩევნებზე „ოცნება“ მაინც აჩვენებს და ეს პროცენტი ადგილობრივ არჩევნებში არის აბსოლუტურად ნორმალური და ბოიკოტში რომ წავედით, მეორე დღეს რას ვაკეთებთ ჩვენ?!

ვიძახით „არალეგიტიმურია“, მაგრამ ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლებისთვის დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია დღეს არის კრიტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა. მათ ამაზე დიდი ხანია უარი თქვეს. ჩვენ ხომ ვუყურებთ ამას. „ოცნება“ იტყვის, ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, მიეღოთ მონაწილეობა.

  • პროტესტში მყოფი საზოგადოება არ არის მომხრე, რომ ოპოზიციამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის მათი დაკვეთა, მათი მოთხოვნაა, რომ „გადადგეს ოცნების“ ხელისუფლება და თუ არჩევნები ჩატარდა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაშინ ხომ ძალას კარგავს ეს მოთხოვნა?

ხელისუფლებას დღესაც არ აქვს ლეგიტიმაცია და მერე როგორ შეიძენს?! ან რანაირად იღებს ამით ლეგიტიმაციას?! ეს პარტიები თუ მიიღებენ მონაწილეობას, იბრძოლებენ ბოლომდე და ხელისუფლებას „იძულებულს გახდიან“, რომ კიდევ გააყალბოს ეს არჩევნებიც, რადგან ვერანაირად ვერ მოიგებს თუ ბიულეტენებში ნაჯახით არ წერა ციფრები, ლეგიტიმაციას როგორ შეიძენს?! სამაგიეროდ, ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდება ბრძოლა.

  • ეს ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება წავიდეს, ეს არის მოთხოვნა და მაშინ რა გამოდის, რომ პროტესტი ცალკე რჩება და ოპოზიცია ცალკე?

ასე არ არის. ისინი ვინც ქუჩაში დგას, იმას კი არ უნდა იძახდნენ, რომ „აზრი არ აქვს“, კეთილი ინებოს პროტესტმა და არჩევნების დღეს გავათენოთ, 24 საათი ქუჩაში დავდგეთ და არ მივცეთ ბიულეტენების დაწერის საშუალება.

  • არჩევნებზე დაკვირვების მექანიზმები შეზღუდულია რეპრესიული კანონებით, არასამთავრობოები და მედიაც კი შეიძლება არ შეუშვან უბნებზე და როგორ დაიცვან?

ხალხი დადგეს უბნებთან, „ძველი ბიჭები“ არ მიაკარონ… თუ საზოგადოება იქნება აქტიური, ასე ადვილი არ არის გაყალბება. კარგია, რომ პერმანენტული პროტესტი გრძელდება, მაგრამ პიკების გარეშე ხდება ეს ყველაფერი, სად არის პოლიტიკური დინამიკა? სტაგნაციას ვერ გრძნობთ ამ პროცესში? და პოლიტიკური დინამიკის შეძენა შეიძლება სწორედ არჩევნების დღეს.

თუ „ოცნება“ ადგება და ნაჯახით დაიწყებს ისევ ბიულეტენების დაწერას და ეს წინააღმდეგობაც რაღაცას მოიმოქმედებს, ეს იქნება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ძალაუფლება.

რადგან თუ ხელისუფალი აყალბებს არჩევნების შედეგებს, ამას სჭირდება მყისიერი რეაქცია და არა გადავადებული, რომ „უი, ეს რა ქნა“ და მოდი მერე 200 დღე დავდგეთ ქუჩში, არამედ – იმ დღესვე.

  • მყისიერებაში რა იგულისხმება?

ამაში იგულისხმება ის, რომ ვერცერთი უბნიდან გაყალბებული ბიულეტენი ვერ უნდა გამოვიდეს. რას იზამენ, ყველა უბანთან სპეცრაზმს დააყენებენ?! თუ აქვს ამ საზოგადოებას ამის თავი, დაიცვას ხმები და თუ არ გვაქვს ამის თავი, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ.

ბოიკოტში თუ წავალთ, „ოცნება“ გამოაცხადებს შედეგებს და მერე რას ვშვრებით?!

ვიწუწუნებთ ისევ ხომ?! თუ წუწუნია პოლიტიკა, ვიწუწუნოთ.

გარემო, რა თქმა უნდა, უსამართლოა, მაგრამ ამ უსამართლო გარემოს უნდა ებრძოლო. აბა რა ვქნათ, ეშაფოტზე ავიდეთ ჩვენი ფეხით და წაგვაჭრას თავი?!

  • საზოგადოება რომ ეუბნება – „არ გაღიარებ და წადი“, ეს არ არის ბრძოლის ფორმა?

კი, ესეც ბრძოლის ფორმაა და მე კი არ ვაკნინებ ამ ფორმას, მაგრამ შედეგი რა არის ამ ბრძოლის ფორმის. პოლიტიკა ხომ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ხელისუფლება არ რეაგირებს ბრძოლის ამ ფორმაზე, ამიტომ ამ პროტესტს სჭირდება კონსოლიდაცია და გადამწყვეტი ბრძოლის გამოცხადება. რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ეს გადამწყვეტი ბრძოლა? – მხოლოდ არჩევნებზე.

ძალის გარდა ეს ხელისუფლება არაფერს აღიარებს, ხომ ვხედავთ. და დღე, როდესაც ხალხი იძენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ ხელისუფლების მამაძაღლობა აღკვეთოს, ეს არის არჩევნები. როცა ამ დღეს ხელისუფლება ისევ უსინდისოდ დაიწყებს რიცხვების წერას, ეს არის ის დღე, როცა ხალხს უჭირავს ძალაუფლება, ანუ ამომრჩეველი ხდება ხელისუფალი არჩევნების დღეს და ეს ძალაუფლება იმ დღეს უნდა გამოიყენოს ხალხმა იმისთვის, რომ ხელისუფალმა ვერ გაბედოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, სადაც გაწერილია, რომ ხალხია ძალაუფლების წყარო.

ბიძინა აღიარებს მხოლოდ ძალას და ძალის დემონსტრირების კონსტიტუციური უფლება ხალხს აქვს არჩევნების დღეს. ყველა სხვა მომენტში, ხელისუფლებას შეუძლია ისაუბროს სახელმწიფო გადატრიალებაზე და არჩევნების დღეს ამას ვერ გააკეთებს.

ჩვენს კართან პოლიტიკური დევნის დროს არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს – ლენა შილინგი საქართველოზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი ეხმიანება რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს, 19 ივნისს მიიღო მზია ამაღლობელის საქმის, პოლიტპატიმრებისა და საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ.

„ეს რეზოლუცია ძლიერი გზავნილია არა მხოლოდ მზიასთვის, არამედ საქართველოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გაბედულად გამოდის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

ჩვენ არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს ჩვენს კართან არსებული რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის დროს.

პუტინის ავტორიტარული ქსელი მთელ ევროპაში ვრცელდება არა მხოლოდ ტანკებით, არამედ კანონებით, თვალთვალით და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობით.

თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მკაფიო რეაგირებას, ეს ახალ ნორმად იქცევა.

ამ რეზოლუციით ევროპარლამენტის გზავნილი მკაფიოა – ჩვენ ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით საქართველოში და ჩვენ ვდგავართ მზიას გვერდით“, – აცხადებს ლენა შილინგი.

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ბათუმშიც იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. იგი ამბობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.

ევროპარლამენტარმა პეტიციაც შექმნა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს.

დღეს, 19 ივნისს, 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.

  • რა ხდება?

რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას.

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი „ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ და ხელისუფლებამ ის წინასწარი პატიმრობის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა.

ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მაშინ, როდესაც საჯარო საინფორმაციო სივრცე სრულად დომინირებულია რუსული სტილის პროპაგანდის და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამავრცელებელი პროსამთავრობო მედიის მიერ.

ვრცლად: 

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბრძანებით, რომელიც 2025 წლის 19 ივნისს შევიდა ძალაში, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

სააგენტოს ადმინისტრაციას კი დაევალა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ძეგლის მონაცემების საქართველოს კულტურის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ხევსურული ნაჭრელა იგივე ხევსურული ნაქარგია დამახასიათებელი ორნამენტებით. ასეთი ნაქარგები გამოიყენებოდა ხევსური ქალის და კაცის სამოსელშიც.

_______________

ფოტოზე: ხევსურეთი, შატილი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ბინები გაყიდეს, მაგრამ კორპუსი არ ააშენეს – 10 მილიონის თაღლითურად მითვისების საქმე

პროკურატურა დაუსრულებელ მშენებლობასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წერს და განმარტავს, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს.

2020-2024 წლებში კომპანიის წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულების და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.

შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ დაასრულეს კორპუსის მშენებლობა და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართობების საკუთრებაში გადაცემა. ამ დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 161 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 10 მილიონ 726 497 ლარს დაეუფლნენ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

324 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.

რეზოლუციით, ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას.

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი „ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ და ხელისუფლებამ ის წინასწარი პატიმრობის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა.

ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მაშინ, როდესაც საჯარო საინფორმაციო სივრცე სრულად დომინირებულია რუსული სტილის პროპაგანდის და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამავრცელებელი პროსამთავრობო მედიის მიერ.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, გენდერული ძალადობის შემთხვევების გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება; ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები, როგორიცაა: აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის ძალადობრივ გატაცებას და ინფორმაციას მისი შვილების უსაფრთხოებაზე მუქარის შესახებ;

მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებას, დემოკრატიის აღდგენას და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრულ დაცვას;
მოუწოდებს ევროკავშირს, უცხოური აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები;

გამოხატავს სინანულს საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი;

გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებული ბოლო შეტევების ტალღის გამო, რაც გამოიხატება იმაში, რომ ზოგიერთი სახელმწიფო უწყება, მაგალითად, ანტიკორუფციული ბიურო მათგან ითხოვს ბოლო წელიწად-ნახევრის პერიოდის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას და ამას მოითხოვს მხოლოდ სამ სამუშაო დღეში; ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავიდანვე არარეალურია და ქმნის რისკს, რომ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები პარალიზებულნი აღმოჩნდნენ და მათი საქმიანობა შეჩერდეს.

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

თიბისი კონცეპტმა Visa სადებიტო ბარათების მფლობელებს გამორჩეული საზაფხულო შეთავაზება მოუმზადა. 20 და 21 ივნისს, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ.

შეთავაზება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ Visa თიბისი კონცეპტ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:

  • რონიკო
  • კენარი
  • ოპტიმისტი
  • თორელი
  • Afflelou Paris
  • Yamamay
  • Etam
  • Dressup.ge (ონლაინ, Summerstory კატეგორიაში)

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული მაღაზიების ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.

ერთადერთი გამონაკლისია Dressup.ge, სადაც შეთავაზებით სარგებლობა Summerstory-ის კატეგორიაში, ონლაინ შეგიძლიათ (ამ შემთხვევაში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის საგადახდო მეთოდით და არა Apple ან Google pay-ით).

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

„მზად ვარ, შევხვდე კიდეც“ – პუტინი ზელენსკიზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასწორია ბრალდება მისი მისამართით, რომ მას არ სურს უკრაინასთან მოლაპარაკება. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა ამავე დროს ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმურობა და უკრაინის პრეზიდენტს „რეჟიმის ხელმძღვანელი“ უწოდა.

„ჩვენთვის სულერთია ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს იყოს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი [ზელენსკი].

მე მზად ვარ, შევხვდე კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ ვისხდეთ და უსასრულოდ რაღაც არ გავიყოთ დაუსრულებლად, არამედ დავსვათ წერტილი“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ პუტინს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

ბოლოს ზელენსკიმ 2025 წლის 11 მაისს, თურქეთიდან მიმართა პუტინს პირისპირ შესახვედრად.

„მე ველოდები პუტინს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რუსები ამჯერად რუსები უარის საბაბს არ მოძებნიან”, – განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

„ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კი იწვევენ არჩევნებში ეუთო/ოდირს“ – ინტერვიუ

„ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა დემოკრატია, ისინიც კი იწვევენ ეუთო/ოდირის მისიას. ჩვენ დავემსგავსეთ რუსეთს – საერთოდ არ გვაინტერესებს ეუთო/ოდირის აზრი,“ – მიიჩნევს ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს.

სინამდვილეში წელს პირველი გამონაკლისია, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს.

ლევან ნატროშვილს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს, საუბარიც ჰქონია ეუთოს წარმომადგენლებთან: „ვიცოდი მათი აზრი, რომ ჩამოვიდოდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ვიცოდი მათი აზრი, რომ ჩამოვიდოდნენ, თუ მოიწვევდნენ. თუ არ მოიწვევ, მათ ამის საშუალება არ აქვთ,“ – გვიყვება ლევან ნატროშვილი.

რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ეს განაცხადი? – „ბათუმელებმა“ ლევან ნატროშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლევან, თქვენთვის რა განაცხადია, როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზედმეტია ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით? 

ეს განაცხადი პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით. ფაქტი, რომ არ აპირებენ არჩევნებზე მოიწვიონ ეუთო/ოდირის მისია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რადგან მისია ითვლება ყველაზე ავტორიტეტულ მისიად ევროპაში. ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა, მას უყურებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება იმისთვის, რომ შეაფასოს – როგორ ჩატარდა არჩევნები ამა თუ იმ ქვეყანაში.

შესაბამისად, ეუთო/ოდირის მისია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კუთხით. იმის თქმა, რომ არ მოვიწვევთ ეუთო/ოდირს, აჩვენებს იმას, რომ დიდად არ ღელავენ, საერთაშორისო აღიარება ექნებათ თუ არა. ეს იმას მიანიშნებს, რომ ამაზე არ ღელავენ, ან კიდევ: არ უნდათ, ეს მისია ჩამოვიდეს და ამ მისიამ, საბოლოო ჯამში, პროცესი ნეგატიურად შეაფასონ.

ლევან ნატროშვილი

მეორეა ის, რომ მანიპულაციური იყო ირაკლი კობახიძის განცხადება – არგუმენტი, რომ თითქოს ადგილობრივ არჩევნებს ეუთო/ოდირი, როგორც წესი, არ აკვირდება. ცხადია, ეუთო/ოდირის პრიორიტეტი არის საერთო ეროვნული არჩევნები, რაც გაწერილია კიდეც ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ქვეყანა [მათ შორის, საქართველო] ვალდებულებას იღებს, მოიწვიოს საერთო ეროვნული არჩევნების დროს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, მაგრამ ამავე დროს არაერთ ადგილობრივ არჩევნებს დაჰკვირვებია ეუთო/ოდირი სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაშია ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხი არ არის მაღალი.

საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, 2006 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებს ეუთო/ოდირი საქართველოში აკვირდებოდა – 2014 წლის გარდა. მე, პირადად, ახლაც მქონდა კომუნიკაცია ეუთო-ოდირთან და ვიცოდი მათი აზრი, რომ ჩამოვიდოდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ვიცოდი მათი აზრი, რომ ჩამოვიდოდნენ, თუ მოიწვევდნენ. თუ არ მოიწვევ, მათ ამის საშუალება არ აქვთ. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, თებერვალში მოიწვიეს ეუთო/ოდირის მისია. ახლა უკვე ივნისია და რადგან არ იყო გაგზავნილი მოწვევა, ვვარაუდობდით, რომ აღარ მოიწვევდნენ, რაც დადასტურდა კიდეც.

  • ხომ არ აჩვენებს ეს იმასაც, რომ „ოცნების“ პროპაგანდამ, რომელიც აქამდე მანიპულაციურად იყენებდა ეუთო/ოდირის დასკვნას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შესახებ – კმაყოფილი ვართ დასკვნითო, მაინც ვერ შეძლო ამ ტყუილის საზოგადოებისთვის დაჯერება – ეუთო/ოდირის დასკვნა ბოლო არჩევნებზე საკმაოდ მკაცრი იყო. 

შესაძლოა, ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. შესაძლოა, „ოცნებას“ არ აქვს იმის იმედი, რომ ეუთო/ოდირის მისია ისე შეაფასებს არჩევნებს, როგორც მათ სურთ. დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეებში არიან, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებზე ზეწოლაა, სადამკვირვებლო მისიებს საერთოდ დაუშვებენ თუ არა არჩევნებზე, უცნობია – ამ ვითარებაში, ცხადია, ეუთო/ოდირის მისია ამ ყველაფერს შეაფასებდა ნეგატიურად.

  • ეუთო/ოდირის გარდა არსებობს არჩევნების შეფასების ობიექტური მექანიზმი, რომ შემდეგ ეს ლეგიტიმაციის საფუძველი გახდეს? 

სხვა ნაცადი ინსტრუმენტი, რომელიც არის ფართოდ გამოყენებადი და სანდო, ამ პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის – არ არსებობს. ეუთო/ოდირის მისია არის ყველაზე ფართომასშტაბიანი. საარჩევნო მისიები არ არის ხოლმე დიდი მისიები. ეუთო/ოდირს ყველაზე გრძელვადიანი მისია ჰყავს და ყველა პროცესს აკვირდებიან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე არჩევნების დღეს და პოსტსაარჩევნო პერიოდს. ითვლება, რომ ყველაზე ავტორიტეტულია მათი დასკვნები.

ამას ემატება ისიც, რომ წელს სხვა მისიები, როგორც იყო წინა არჩევნებში NDI, ან IRI, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იქნებიან წარმოდგენილნი. ძირითადად იმის გამო, რომ აშშ-ში შეწყდა კონკრეტული პროგრამები. გამოდის, რომ სანდო სადამკვირვებლო მისიები არ გვეყოლება ამ არჩევნებზე.

  • რა ტიპის ქვეყნები არ იწვევენ არჩევნებში ეუთო/ოდირის? 

ამ გზას არ ირჩევენ ცხადია დემოკრატიული მთავრობები. ამ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ რუსეთში, ბელარუსში და ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია. სხვათა შორის, რუსეთი და ბელარუსიც კი იწვევდნენ მათ გარკვეული პერიოდი, ბოლო ხანებში უკვე აღარ იწვევენ – მათ ინტერესებში აღარ შედის მცირედითაც მათი მოსმენა.

  • პირდაპირი ნახტომით ვხდებით ამ კუთხით რუსეთი? 

წარმოიდგინეთ, ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა დემოკრატია, ისინიც კი იწვევენ ეუთო/ოდირის მისიას. ჩვენ დავემსგავსეთ რუსეთს – საერთოდ არ გვაინტერესებს ეუთო/ოდირის აზრი.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ არ აინტერესებს ლეგიტიმაცია საერთაშორისო პარტნიორების, ამომრჩევლების მხრიდან. ისინი საკუთარი პარტიის ამომრჩეველში სხვა გზებით აპირებენ ლეგიტიმაციის მოპოვებას.

  • თქვენ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თუ დააკვირდებით ადგილობრივ არჩევნებს? 

ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე დავაფიქსირეთ: პოლიტიკური პარტიების ფლანგზე პროცესი მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას ამ არჩევნებში. ჩვენ დავაკვირდებით ისეთ არჩევნებს, რომელიც თეორიულად იქნება კონკურენტული. თუ ძირითადი პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ და არ დარეგისტრირდებიან ამ არჩევნებში, ან მხოლოდ მცირე ნაწილი დარეგისტრირდება, კონკურენტული არ იქნება არჩევნები.

ეს აღარ იქნება რეალური, ნამდვილი არჩევნები. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არჩევნების ბედი წინასწარ იქნება გადაწყვეტილი და არჩევნებზე დაკვირვება დიდ აზრს არ შეიცავს.

  • ამ მოცემულობაში კიდევ რჩება რეალური არჩევნების რაიმე შანსი? 

სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ პირობებს, რომ გვქონდეს კონკურენტული არჩევნები. აქ საუბარია უკვე არა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტზე, არამედ ელემენტარულად იმაზე ვსაუბრობთ, რომ ბიულეტენში ეწეროს პარტიები, რომლებსაც პოპულარობა გააჩნიათ. ის, რაც ახლა ხდება, ამ შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. როგორც ვითარდება პოლიტიკური სიტუაცია და მასთან დაკავშირებული პროცესი, ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.

  • არჩევნებში მონაწილეობას განიხილავენ გახარიას „საქართველოსთვის“ და „ლელო“. ამ შემთხვევაში დააკვირდებით არჩევნებს? 

2 პარტიის მონაწილეობა საკმარისი არ იქნება, თუმცა ჯერჯერობით ველოდებით პროცესს, ჯერ არ გვაქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

როდესაც ყველაზე მაღალრეიტინგული 2 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაღალი ალბათობით აღარ იქნება არჩევნები კონკურენტული. ეს სერიოზული დარტყმაა კონკურენტულობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში დიდად აზრი აღარ ექნება არჩევნების ჩატარებას კონკურენციის გადმოსახედიდან.

ამ თემაზე:

პირველი შემთხვევაა, როცა „ოცნება“ ეუთო/ოდირს არჩევნებზე არ იწვევს

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა სამი ადამიანი

სამი ადამიანი გარდაიცვალა 18 ივნისს, გვიან ღამით, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიისას. გარდაცვლილთაგან ერთი ბავშვია.

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ასევე დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ბოლო სამ დღეში ეს მეორე ავარიაა, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა და მსხვერპლით დასრულდა.

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 008 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 10 951 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 853 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 29 328 ერთეული [+63]
  • MLRS – 1 420 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 229 ერთეული [+64]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 420 ერთეული [+108]
  • სპეცტექნიკა – 3 918 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 64 440 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 963 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 372 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 029 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ.

ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს.

ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა.

„მედიის თავისუფლება საქართველოში სერიოზული საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები სამიზნედ იქცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ავრცელებენ და ახმოვანებენ მათ, ვისი ხმაც არ ისმის.

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც დაპატიმრებულია სიმართლისა და სამართლიანობისადმი მისი ერთგულების გამო. მისი საქმე თავისუფალი გამოხატვის სივრცის შემცირების სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის და ჩვენ მოვუწოდებთ მისი გათავისუფლებისკენ.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოაშკარავებისთვის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მზარდ ტალღასთან საბრძოლოდ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გვერდში“, — განაცხადა ევროკომისარმა.

ეკატერინა ზაჰარიევა

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშო სიჩქარით უარესდება და „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს უფრო და უფრო შორდება.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები განიცდიან შევიწროებას, დაშინებას და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას.

„ახალგაზრდა დემონსტრანტებს არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის წინაშე აყენებენ. დამოუკიდებელ მედიას და პოლიტიკურ კრიტიკოსებს ასამართლებენ — ეს ტაქტიკა აშკარად მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული სივრცის შემცირებას.

ეს არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირი და, რაც მთავარია, ქართველი მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემურ შეტევას. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, სამაუწყებლო და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების შესახებ კანონებთან ერთად, კრიმინალურ პასუხისმგებლობას აწესებს, რაც ემუქრება დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას საქართველოში. ეს ზომები დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს ურტყამს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაიცვას მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები“, — განაცხადა მან.

ზაჰარიევას თქმით, საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, გაუყვეს მას.

„გარე ძალის იდეა დიდი თემაა ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ეს რომ შეიცვალოს, გვჭირდება ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც მზია ამაღლობელივით პროფესიონალი ჟურნალისტები ქმნიან”, – ამის შესახებ ესპანელმა სოციალ-დემოკრატმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს-ამორმა განაცხადა.

ლიეტუველი ევროპარლამენტარის, დაინიუს ჟალიმასის განცხადებით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთადერთი გზაა საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად.

„ჩვენ მოწმე ვართ თავდასხმებისა კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელიმედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებებზე. „ქართული კოშმარი“ სწრაფად გარდაქმნის ქვეყანას ავტოკრატიად. ერთპარტიული სისტემა აშკარად შეუთავსებელია პლურალისტურ დემოკრატიასთან. ჩვენმა პარლამენტმა უკვე არაერთხელ მოითხოვა ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებელი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის აღსადგენად.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქმედი პარლამენტი და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. თუმცა არც ისე ბევრი წევრი სახელმწიფო იზიარებს პარლამენტის პოზიციას, და არც კომისია, რომელიც მხარს უჭერს ელჩების აკრედიტაციას საქართველოს არალეგიტიმურ პრეზიდენტთან. მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს დაუწესებია სანქციები. ამიტომ, ჩანს, რომ ევროკავშირი საქართველოს თითქოსდა დაკარგულ ქვეყნად განიხილავს. მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას. მათ არც საკუთარი თავი დაუკარგავთ და არც ევროპული მისწრაფებები. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, თუ მართლა გვსურს დემოკრატიის მხარდაჭერა“, — განაცხადა ჟალიმასმა.

დებატებზე გამოვიდა ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგიც, რომელიც ღიად უჭერს მხარს მზია ამაღლობელს და ბათუმშიც იყო ჩამოსული მის სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

ლენა შილინგი

„მზია ამაღლობელი არის საქართველოს ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტპატიმარია. მისი დაკავება ცხადად პოლიტიკურია და შეთხზულ ბრალდებებზეა დაფუძნებული. მე ვიყავი საქართველოში და იქ მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. მისი შემთხვევა პირდაპირი შეტევაა პრესის თავისუფლებაზე.

მზია არის იმ მოძრაობის სახე, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ის გამოარჩიეს, რადგან სიმართლის სადარაჯოზე დგას და გაჩუმებას ეწინააღმდეგება.

დღეს ასობით პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ხელოვანია დაკავებული დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო. ქართველი ხალხი იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც ევროპარლამენტი არსებობს – თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის სამართალი. მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ნიშნავს დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოს გვერდით დგომას. საჭიროა აქ გადავდგათ ნაბიჯი მის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ლენა შილინგმა დებატებზე.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა

ლიუდას მაჟილისი                      ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა მიანიშნებს ავტორიტარულ რეჟიმზე.                                 „მზია ამაღლობელის საქმე ასახავს ქართული ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების კანონზომიერებას – მიმართულს პიროვნებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენებით. ეს არის Copy-paste ბელარუსსა და რუსეთში გამოყენებული მეთოდისა და, დიდი ალბათობით, უშუალოდ რუსეთისგან არის შთაგონებული.

შერჩევითი სასამართლო ზეწოლა იქცა ხელისუფლების Modus operandi-ად (მოქმედების ხერხად).

ამაღლობელის დაპატიმრება და დაუსაბუთებელი პატიმრობა არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის მკაფიო მახასიათებელი.

შესაბამისად, სანამ საქართველოში ინსტიტუციური კოლაფსი სრულად დადგება, უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა იმ პირებზე, ვინც ამ რეჟიმს თანდათან ამყარებს და უნდა შევთანხმდეთ მიზნობრივ სანქციებზე.

ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქუჩაში გამოვიდა, დაამტკიცა, რომ არ მიუტოვებია თავისი ევროპული მისწრაფებები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ მათ ამ მისწრაფებების შენარჩუნებაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

დებატებზე გამოვიდა პოლონელი დეპუტატი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან (ECR), მალგოჟატა გოშიევსკა. მან განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება:

„საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება.

„ქართული ოცნების“ დომინირებით მოქმედი ხელისუფლება სასტიკად არბევს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და აწარმოებს ღია ომს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი, პატივსაცემი ჟურნალისტი, მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას ჰყოფნიდა გამბედაობა, გამოსულიყო პროტესტზე. დრამატულ მიმართვაში მან განაცხადა: „არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

„ქართული ოცნება“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან იმართება, აშკარად აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ამბიცია, გაწევრებულიყო ევროკავშირსა და ნატოში, დღეს მოსკოვის სატელიტად არის ქცეული. ჩვენ ვერ დავრჩებით უქმად. საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ნორმალური ცხოვრებისათვის. დიქტატურის მხარდაჭერა და მორჩილება დანაშაულია. დუმილი და უმოქმედობა — ასევე დანაშაულია“, — დასძინა გოშიევსკამ .

მალგოჟატა გოშიევსკა

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი არის სიმბოლო ყველა იმ პატიმრის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა. სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“ – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა EPP-დან ევროპარლამენტში დებატებზე.

„არ მესმის ევროპის საბჭოს და მისი წევრების სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა მხრიდან წნეხია საჭირო. არ უნდა ვთხოვოთ რეჟიმს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, რადგან ისინი არ დაბრუნდებიან. ეს კრემლის რეჟიმია. მათ მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ, მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტში.

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, რომ უკან დაბრუნდეს. საქართველოში თითქმის არ დარჩა დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული მედიები დარჩა. არ მესმის, ისინი, ვინც ევროკავშირზე “შხამს” ავრცელებენ, რატომ არიან აქტიურები ისევ აქ, ევროპარლამენტში? ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა მან.

„კოლეგებო, მედიის თავისუფლება არ არის ფუფუნება. ეს არის დემოკრატიის აუცილებლობა. მას სინათლე შეაქვს და ამხელს, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. სწორედ ამიტომ ჰყავს ქართულ ხელისუფლებას  უკვე 150 დღეა პატიმრობაში მზია ამაღლობელი – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტი.

და მზიას საქმე არ არის ცალკეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი – ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები, მაგრამ ასევე რიგითი მოქალაქეები – დაკავებულნი, წამებულნი ან დაპატიმრებულნი არიან.

„ქართულ ოცნებას“ ისე ეშინია თავისუფალი მედიის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იცის, რომ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა — ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში, რომელიც ღიად გამოსვლას ვერ ბედავს, რადგან იცის, ქართველებს არ სურთ იგი; და პუტინის რეჟიმის ჩრდილში, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მუქარას, მანიპულაციას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევდნენ რუსების მსგავს ცხოვრებას, თუკი მათ ექნებოდათ თავისუფალი არჩევანი.

თავისუფალი მედიისა და თავისუფალი საზოგადოების სინათლე ყველაზე ძლიერ იარაღს წარმოადგენს ტირანიის წინააღმდეგ. მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ ქართულ ხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ ჩრდილიდან, გააუქმონ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და მისცენ ქართველ ხალხს შესაძლებლობა, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი სინათლეში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მზია ამაღლობელის საქმეზე გამართულ დებატებზე.

19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ.

ამავე თემაზე: 

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა

 

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე.

წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან. ამ საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

ვინ იცოდა და რა მიზეზით გაიხსნა ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართლის რეგიონში გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის მაშინდელი სამმართველოს უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს ესაუბრა ვაშინგტონში. ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა და საქართველო 2024 წლის ბოლოს დატოვა.

  • ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, ინფორმირებული ხართ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის ამბავზე, რადგან იმ დროს თანამდებობა გეკავათ და ჩართული იყავით საგუშაგოს მშენებლობის ამბავშიც. რატომ გადაწყდა ამ საგუშაგოს მშენებლობა და ვინ მიიღო კონკრეტულად ამაზე გადაწყვეტილება?

ეს იყო 2018 წელს. მოვიდა ინფორმაცია, რომ არსებობდა რაღაც მარკირება ტყეში, წაღვლისა და ჩორჩანის მიმართულებაზე და დაგვევალა ჯერ ამ ადგილმდებარეობის დათვალიერება.

ჩავედით 2018 წლის დეკემბერში და დავათვალერეთ ადგილმდებარეობა. იქ ვიყავი მეც და დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ყაყიჩაშვილი, ასევე, მასთან ერთად იყო კვლევის  რამდენიმეკაციანი ჯგუფი. გავაკეთეთ სიტუაციური რუკა და გავყევით ამ მარკირებებს რუკის შესაბამისად.

წაღვლის მიმართულებაზე ტყე არ არის, ჯაგნარია უფრო და ეს ჯაგნარი იყო გაჩეხილი. ალბათ გამზადებული ჰქონდათ, რომ სამომავლოდ იქ მავთულხლართები გაეკეთებინათ ბეტონის ან ლითონის კონსტრუქციით.

ეს არის საოკუპაციო ხაზის აქეთ, ანუ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

  • რამდენი კილომეტრია საოკუპაციო ხაზიდან?

წაღვლში ეს შემოსული იყო დაახლოებით 800 მეტრზე და ჩორჩანაში დაახლოებით 3-4-კილომეტრამდე იყვნენ შემოსული. ამ მონაკვეთზე იყო ეს ნიშნულები.

როგორი ნიშნულები იყო იცით? ყვითელი საღებავით იყო ხეებზე გაკეთებული, ზოგან ჯვარი, ზოგან უბრალოდ წასმული, რომ ვინც იქ მივა, მიხვდეს, როგორ გაყვეს. ყოველ მე-10, ყოველ, მე-20 ბუჩქზე იყო გაკეთებული ეს ნიშნულები.

  • ნიშნულებზე ვისგან იყო ინფორმაცია, მოსახლეობისგან თუ სპეციალური სამსახურებისგან?

არ ვიცი. მე მაშინ დამირეკა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ყაყიჩაშვილმა და გვითხრა – გეგმა გაამზადეთ, უნდა ჩავიდეთ აქა და აქ და ტერიტორია დავათვალიეროთო. მას ვინ დაურეკა, ვინ დაავალა, საფუძველი რა იყო – არ ვიცი, თუმცა პირად საუბრებში მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. სუს-ს ჰქონდა გადმოგზავნილი „ვათსაფზე“ – წითლად იყო მოხაზული, რომ აი, ამ არეალში ხდება რაღაც, ჩადით და მდგომარეობა შეისწავლეთ.

პირველადი დათვალიერება როცა გავაკეთეთ, შემდეგ კიდევ დაგვევალა იანვარში, მაგრამ ძალიან დიდი თოვლი იყო და ფიზიკურად ვერ შევედით ტყეში. მერე წავედით თებერვალში და მარტში. მარტში შევძელით სრული სურათი შეგვექმნა, რა ხდებოდა და სად გადიოდნენ. მაშინ არ ვიცოდით და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იქ ყოფილა ძველი კირის საბადო და ქარხანაც. არის ღია და დახურული კარიერი თეთრი და ლურჯი კირის საბადოსი, სადაც ახლა ეს საგუშაგოა. ზედ კარიერზეა ეს საგუშაგო გაკეთებული.

2019 წლის მარტში ვემზადებოდით, რომ შევსულიყავით და გაგვეხსნა საგუშაგო, ამიტომ ჩვენგან მოითხოვეს დეტალური ანალიზი, თუ რა ტექნიკური საშუალებები გვჭირდებოდა, ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის რა გვჭირდებოდა. ყველაფერი ჩამოვწერეთ და გადავაგზავნეთ. მარტში ვერ მოხერხდა ეს, რადგან იცით, რომ ჰესის მშენებლობის გამო დაპირისპირება იყო პანკისში, მანქანები დაგვიწვეს და ამ მოვლენებმა შეაჩერა პროცესი.

მერე ამას მოჰყვა 20 ივნისის თემა [გავრილოვის ღამის აქციები] და, შესაბამისად, ამაზე გადავიდა ყურადღება.

აგვისტოს დასაწყისში ხელმეორედ დაგვევალა დათვალიერება. ფაქტობრივად, ცვლილებები არ შეგვიტანია თავდაპირველ გეგმაში – რაც იყო, ის გადავაგზავნეთ შს სამინისტროში და იქიდან მივიღეთ თანხმობა, რომ დაგვეწყო ღონისძიება.

  • თქვენ თქვით, რომ სუს-იდან იყო ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოძრაობებზე. მაგ დროს გომელაური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ჰქონდა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგუშაგო იდგმებოდა ჩორჩანაში?

რა თქმა უნდა. ძალოვან სტრუქტურებს დებულებით აქვთ დამოუკიდებლად ამოცანების შესრულება, თუმცა რეგიონში ეს მოქმედებები არის კოორდინირებული. გარდა იმისა, რომ სუს-ს ჰქონდა მონაცემი, მას ჰქონდა ინფორმაცია სატელეფონო გადაჭერებზე, აგენტურულ წყაროებზეც, მას ბევრი საჭირო და კარგი ინფორმაცია ჰქონდა, თუნდაც იმაზე, რომ იქითა მხარეს ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჰქონდა ჩადებული ამ ტყის მასივის დაბრუნება, რომ ამით რაღაც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ და ასე შემდეგ. ეს განცხადებები ღიადაც იყო.

ამ საბადოს ვერც ჩვენი მხარე იყენებდა, რადგან ამას ტექნიკური დამუშავება სჭირდება, ეს არეალი უბრალოდ ტყე-კაფვისთვის იყო გამოყოფილი და დაახლოებით 10-12 სოფელი სარგებლობდა ამ ტყიდან შეშის გატანით და წულუკიანი კომისიაზეც იძახდა – მაქვს ინფორმაცია, ჩვენს მოქალაქეებს იქ რომ აკავებდნენ, უკრძალავდნენ ტყეში შესვლასო და ეს მართლა ასე იყო. ძალიან ხშირად პატრულირებდნენ იქ ოსი და რუსი სამხედროები, ოღონდ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა აქ საუბარი.

და კიდევ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგ ტერიტორიაზე, სადაც ახლა საგუშაგოა გახსნილი, გადის ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობის მილსადენი და როცა შიდა ქართლში ვმუშაობდი, მე ამ მილსადენის დაცვის ამოცანაც მქონდა. პირადად ჩემი კომპეტენცია იყო იგოეთიდან, გომი-საჩხერის მაგისტრალამდე არსებული მონაკვეთის დაცვა. ჩემი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში პატრულირებდნენ. ჩვენ ვიცოდით მილი სად გადიოდა და ამ მილის გასწვრივ რომ არ მომხდარიყო ნავთობის მიტაცება.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მილამდე მოსვლა ჰქონდათ გეგმაში?

მონიშვნების მიხედვით, ეს მილიც მოექცეოდა ოკუპაციის ხაზს მიღმა. გარდა ამისა, თუ Google Earth-ში ნახავთ, ეს ღია კარიერი, რომელზეც საგუშაგოა, ყველაზე მაღალი წერტილია მთელ იმ გეოგრაფიულ არეალში, იქიდან ჩანს ჩორჩანა, წაღვლის სოფელი და იმ ადგილიდან გომი-საჩხერის მაგისტრალამდე დაახლოებით 300 მეტრია პირდაპირი საჰაერო მანძილი. ძალიან დიდი იყო კომბინირებული რისკები და საფრთხეები. ამიტომ, ჩვენ როცა რაღაცას ვამუშავებთ, ცალკე კეთდება რისკის შეფასების დოკუმენტი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

  • რას ამბობდა იმ დროს სუს-ი ამ საფრთხეებზე. ხომ არ მოგისმენიათ გომელაურის პოზიცია ამ რისკებზე?

ჩემი კომპეტენცია არ იყო იმ დროს სუს-თან პირდაპირი კომუნიკაცია, რადგან ერთია, რომ ეს იყო ძალიან გრიფირებული და მეორეც, ეს იყო დეპარტამენტის დირექტორის და მისი მოადგილის კომპეტენცია.

  • ახლა გომელაური ამბობს, რომ საგუშაგოს დადგმის საკითხი მასთან არ იყო შეთანხმებული, იტყუება?

რა თქმა უნდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შს სამინისტრო ატარებს ოპერაციას და ეს სუს-თან შეთანხმებული არ არის? დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ წესით უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რადგან ეს ასე კეთდება. სუს-ს ეტყოდნენ, რომ ჩვენ შევდივართ ოპერაციაზე და აბა, დააკვირდით, როგორი იქნება მოსმენები, როგორ იქნება გადაჭერები. ტექნიკურ დეტალებს ხომ გაივლიდნენ.

  • შესაძლებელია, რომ ეს ოპერაცია გახარიას საკუთარ თავზე აეღო და არ შეეთანხმებინა სუს-თან. უშვებთ ამას?

შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ კითხვა ჩნდება – რატომ არ უნდა შეეთანხმებინა გახარიას გომელაურთან? ერთი პოლიტიკური გუნდი იყო, საერთო მიზანს ემსახურებოდა ამ ამოცანის შესრულება – ჩორჩანას ოპერაციით და ამ საგუშაგოთი, სხვათა შორის, იმ პერიოდში „ოცნებამ“ დიდი ბენეფიტები დაიწერა. იყო ტაშის კვრები და ასე შემდეგ.

  • პროპაგანდისტული მედიები იმ დროს ნამდვილად პოზიტიურად აშუქებდნენ ამ გადაწყვეტილებას.

„იმედის“ ტელევიზია ერთი კვირა ჩემთან ცხოვრობდა ტყეში და ჩემს კმაყოფაზე იყვნენ.

  • სუს-ის გარდა, საგუშაგოს გახსნა უნდა შეთანხმებულიყო თუ არა ევროკავშირის მისიასთან, რადგან როგორც ვიცით, ისინიც პატრულირებენ. მათმა წარმომადგენლობამ თუ იცოდა ამის შესახებ, თუ გახსოვთ მათი პოზიცია ამ საკითხზე?

სხვათა შორის, წულუკიანმა კომისიაზე თქვა ასეთი რაღაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე უნდა გაგვეფრთხილებინაო. ეს არის მტკნარი სიცრუე. მსგავსი ჩანაწერი 2008 წლის შეთანხმებაში არ არის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზზე ამონიტორინგებს, რომ არ იყოს ლეტალური შეიარაღება. აქ იგულისხმება მსხვილკალიბრიანი შეიარაღება – ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ, რადგან საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება ეს არის უსაფრთხოების ამოცანები და ამას ამონიტორინგებს ევროკავშირის მისია.

მაგრამ როცა საგუშაგოს გახსნის მხარე, მაშინ აქვს ვალდებულება, რომ აჩვენოს საგუშაგო, გადასცეს კოორდინატები, მიაწოდოს ინფორმაცია პირადი შემადგენლობის რაოდენობაზე, შეიარაღებაზე, მძიმე ტექნიკაზე, ჯავშანტექნიკაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ აქვს ვალდებულება, საგუშაგოს გახსნის ნებართვა აიღოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან.

საგუშაგო რომ გავხსენით, მეორე თუ მესამე დღეს მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩავიყვანეთ სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი, ვაჩვენეთ, დავათვალიერებინეთ ეს ტერიტორია. მათგან არ მიგვიღია რაიმე ნეგატიური შეფასება ან საყვედური.

პირიქით, ჩვენ ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა გვქონდა ევროკავშირთან.

  • ის საგუშაგო, რომელიც ოსებს აქვთ ჩორჩანას მოპირდაპირე მხარეს სოფელ წნელისში, ამ საგუშაგოს შემდეგ გახსნეს? 

დიახ, საგუშაგო არ ჰქონდათ, ჩორჩანას შემდეგ გახსნეს. ოსებს წნელისში ჰქონდათ პატარა შტაბივით, საიდანაც მერე ცხენებით პატრულირებდნენ, რადგან აქედან გზა მიდის სოფელ გვირგვინასკენ, რომელიც ასევე მოქცეულია საოკუპაციო ხაზს მიღმა.

  • წულუკიანი, ასევე გომელაური და სხვებიც იმეორებენ, რომ ამ საგუშაგოს გამო დაიკარგა ძალიან დიდი ტყე. ასახელებენ კილომეტრებს. მოდით, ასე ვთქვათ, რა დაიკარგა ამ საგუშაგოს აშენებით?

აქ იყო საუბარი წაღვლსა და ჩორჩანაზე. მთლიანად ეს ტერიტორია უხეშად რომ გითხრათ, 17 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. აპირებდნენ, რომ ეს ტერიტორიები შემოეღობათ.

  • კომისიაზე იძახდნენ, რომ ამ საგუშაგოს აგების შემდეგ, წაღვლის სიღრმეში შემოიჭრა საოკუპაციო ხაზი. ასეა?

კი, ასეა. გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი.

სადაც ჩვენ უნდა შევსულიყავით წაღვლში, იმ ფერდობზე შემოვიდნენ ოსები და რუსები და მთლიანობაში, დაახლოებით 1,5-1,2 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირდა ამ საგუშაგოს ჩადგმა ამად?

იქ, სადაც რუსები შემოვიდნენ, იმ ტერიტორიაზე რუსები ვერაფერს აკონტროლებენ. კი, რაღაც რაოდენობის ტერიტორია აქვთ წაღებული, მაგრამ ეს არის ჯაგნარი, არაფერი სტრატეგიული მნიშვნელობის იქ არ ხდება.

და ჩორჩანაში ამ კარიერებზე რომ ამოსულიყვნენ, ეს უკვე სტრატეგიული მნიშვნელობისაა – კარიერიდან დაახლოებით 15-16 კვადრატულ კილომეტრ ფართობს წაიღებდნენ, რაზეც ჩვენ უკვე შემაგებები რეაქცია ვეღარ გვექნებოდა.

ჩვენ ჩორჩანას შემდეგ წაღვლის მიმართულებაზეც უნდა ჩაგვედგა საგუშაგო, მაგრამ ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოსებისგან, რუსეთისგან, ოსებმა იქ ტექნიკა შემოიყვანეს და ულტიმატუმი წაგვიყენეს. ამიტომ, მერე აღარ შევსულვართ წაღვლში. რატომღაც გაჩერდა მაშინდელი შსს-ს ხელმძღვანელობა და მთელი ყურადღება გადაიტანეს არსებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ ამ საგუშაგოს გარეშე ქვეყანა გაცილებით დიდ ზიანს მიიღებდა, ვიდრე ამ პროცესს მოჰყვა?

რა თქმა უნდა. სამწუხარო ფაქტია ის, რაც მოხდა, მაგრამ რისკების შეფასება რომ ავიღოთ, თუ მე, მაგალითად, ვიღებ საომარ ოპერაციაში მონაწილეობას, რისკები შეიძლება შევაფასო – შეიძლება 30% ჯარისკაცების დამეღუპოს, მაგრამ მიზანი იქნას მიღწეული და ის მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თანამებრძოლების დაკარგვა.

ცხადია, ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, როცა ჯარისკაცები გვეღუპება, მაგრამ მიზანი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ასე არ ხდება ამ სამყაროში, რომ რაღაცას რისკის გარეშე მიაღწიო.

როცა სახელმწიფო ხარ, სახელმწიფო დონეზე უნდა იფიქრო და არა ემოციების. ამის არ გაკეთებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს, ამაზე უნდა იფიქრო.

  • გომელაური ამბობდა და წულუკიანმაც თქვა, რომ ამ საგუშაგოს გახსნით გაჩნდა ახალი ომის გაჩაღების რისკი. მაშინ თუ შეფასდა ეს ასე? მით უმეტეს, თქვენც ამბობთ, რომ მუქარები ისმოდა ოსური მხრიდან.

ამაზეც გავთვალეთ ჩვენ რისკები, რომ თუ ისინი გახსნიდნენ ცეცხლს, ჩვენც გავხსნიდით ცეცხლს და ეს შეიძლება ყოფილიყო 1-2-დღიანი კონფლიქტი. 

გეგმა როცა კეთდება, იქ საერთაშორისო მხარდაჭერის კომპონენტებიც ითვლება. მე ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე ვარ, გესმით? და რუსეთი ამას ვერაფრით გაამართლებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული საგუშაგოსთვის გაეხსნა ცეცხლი და მერე რაღაცაში ისევ დაედანაშაულებინა ქართული მხარე.

  • ოსურ მხარეს რატომ არ შეატყობინეო – გახარიას ეკითხებოდა წულუკიანი. ამის ვალდებულება თუ არსებობდა?

არანაირად. წულუკიანი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ჩემი აზრით. მიზანი არის ამომრჩეველზე ზემოქმედება, რომ აი, ვითომ ეს ვალდებულება არსებობდა და სახელმწიფომ არ შეასრულა. ეს საწყისშივე აბსურდია.

ასეთ აბსურდს საუბრობს „ქართული ოცნება“ „დიფსთეითზე“, აბსურდი არ არის ომის ნარატივი? და არ იფიქროთ, რომ ეს აბსურდები წულუკიანის თავშია მოხარშული.

  • როცა ამბობენ, რომ სუს-ი არ იყო ინფორმირებული, თავდაცის მინისტრმა არაფერი იცოდაო, საგუშაგოს მშენებლობაზე ვისი ტექნიკა მუშაობდა?

თავდაცვის სამინისტროსი. ვინ ვისთან რა შეათანხმა მე ეს არ ვიცი და ვერც დავადასტურებ, თუმცა დანამდვილები შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც საგუშაგო გავხსენით და დროშა აღვმართეთ, იმ დღიდან მოყოლებული კომუნიკაცია მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური სამსახურის უფროსთან, ყველა რაიონის სუს-ისა და სოდ-ის უფროსებთან, ხაშურის, ქარელის, გორის მერებთან, გუბერნატორთან, მის მოადგილესთან, მელიორაციის სამსახურის უფროსთან, შიდა ქართლის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეს ადამიანები მიწევდნენ ქმედით დახმარებებს.

აქ იყო საუბარი ტექნიკაზე, ინერტულ მასალებზე, სამშენებლო მასალებზე, გარდა იმისა, რომ შსს ახდენდა შესყიდვებს, რადგან ჩორჩანამდე მისასვლელი გზაც არ არსებობდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გზაც დაგვეგო და აქ ჩაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სამი თვის განმავლობაში ჩორჩანას ტყიდან არ გამოვსულვარ. შიდა ქართლში, ლოკაციას ვერ დავასახელებ, იდგა რადიოდაზვერვის ქვედანაყოფი, რომელიც ახდენდა გადაჭერებს და, შესაბამისად, რადიოდაზვერვის ქვედანაყოფს საგუშაგოს მშენებლობაზე ინფორმაცია ჰქონდა. ეს რადიოდაზვერვის კრებსები თავდაცვის მინისტრს მაგიდაზე უდევს. რომც არ დაერეკა გახარიას, შიდა წყაროდან კრებსები მაგიდაზე ექნებოდა თავდაცვის მინისტრს.

  • მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძე. გახსოვთ ჰქონდა ამ თემაზე რაიმე განცხადება, სანამ საგუშაგო გაკეთდებოდა ან შემდეგ მაინც?

მე არაფერი მახსოვს ამ კაცის გაკეთებული.

ახლა აქ ბრძანდება, ვაშინგტონში და ის არის შუამავალი „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანიებს შორის. ვნახოთ, აგვარებს თუ ვერა, შედეგები გამოჩნდება.

და ის, რომ „ბევრი ბუზი ბზუის და გახარიასთან ყველა ტყუისო“, ეს ირაკლი კობახიძემ თქვა, საგუშაგოს აშენების შემდეგ, ოქტომბერში, არჩევნების დროს. დღეს კი იძახიან, რომ ეს იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ღალატის ტოლფასად აფასებენ, მაშინ, როცა ეს ადამიანები იმ პერიოდში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს.

თუ გახარიამ „ღალატი“ ჩაიდინა, ეს ხომ დღეს არ გახდა ცნობილი. ხომ ამბობენ, რომ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, ყველა ფეხებზე დაიკიდა და ქვეყანა დააყენა ომის რისკის ზღვარზეო… ამის შემდეგ გახარია მაინც ინიშნება პრემიერ-მინისტრად და ამ საგუშაგოს მშენებლობას ყველა პოზიტიურად აფასებს „ოცნებაში“.

ამიტომ, პირველ რიგში გახარია კი არ უნდა დაიბარონ და მასზე კი არ უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს ადამიანები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ხომ იძახიან „დიფ სთეითმა“ დაგვირეკა და დაგვანიშნინა გახარიაო, დაასახელონ მაშინ ვისგან იყო ეს ზარი. ეს „დიფსთეითი“ ხომ მათი გაგებით კონკრეტული პირები ან პირთა ჯგუფია.

ანუ „დიფსთეითი“ ომზე მეტი რაღაცით მანიპულირებდა? თქვან ეს ყველაფერი.

ამიტომაც, არანაირი „დიფსთეითი“ არ არსებობს, არც არავის დაურეკია, რადგან გახარია მაშინ ამათთვის ვარსკვლათბიჭუნა იყო და როდესაც გადადგა და გაემიჯნა, მაშინ იყო მცდელობები ჩორჩანის თემის წამოწევაზე. მე, პირადად, ორჯერ ვიყავი მინისტრის მოადგილესთან დაბარებული ამ თემაზე, თუმცა ეს თემა მაშინ არ ამოწიეს.

  • ფიქრობთ, რომ მაშინაც არ ეთანხმებოდა „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ გახარიას კომპრომატად შემოინახეს?

არა, რადგან ეს კომპრომატი არ არის. ჩემი აზრი ასეთია, რომ გახარიასთან დაკავშირებით მეტი ვერაფერი ვერ მოძებნეს. პრინციპი აქვთ ასეთი, რომ „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტში ყველა უნდა იყოს გასვრილი.

როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილი რატომ გაქრა? წასვლის წინ სისხლი ასხმევინეს, ისე სცემეს, მაგრამ ხმაც ვერ ამოიღო, რადგან მილიონები აქვს კორუფციულ გარიგებებში ნაშოვნი და შეიძლება 15 წელი ციხეში გამოკეტონ.

ამიტომ არ ამოიღებს ხმას ლილუაშვილი, სუს-ის ვერცერთი ხელმძღვანელი, რომლებიც გაუშვეს – ყველა გასვრილია.

გახარიაზე არ არის კომპრომატები და იმიტომ არ გაჩუმდა.

  • რამდენად ელოდებით იმას, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ გააუქმოს ჩორჩანის საგუშაგო და რუსები შემოვიდნენ იმ სიღრმეში, რის დასაცავადაც, თქვენი აზრით, ეს საგუშაგო დაიდგა?

ეს რომ მოხდეს, ამას ქართული საზოგადოება არ გადაყლაპავს.

  • რუსეთთან ომით რომ აშინებენ, იმ საზოგადოებაზე საუბრობთ?

თუ გადაყლაპა ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი, მაშინ წავიდეთ და ავიღოთ რუსეთის პასპორტები ან დავტოვოთ საქართველო, რადგან წარმოუდგენელ რაღაცაზე ვსაუბრობთ. თუ საგუშაგო აიღეს, მე უფრო ვვარაუდობ იმას, რომ შეიძლება ნეიტრალურ, ბუფერულ ზონად გამოაცხადონ ის ადგილი და თქვან – არც ჩვენ და არც თქვენ.

მეორეა ის, რომ ივანიშვილი როგორი ზიზღით საუბრობს გახარიაზე, რადგან მან რა ვერ გადაყლაპა იცით?! – ადამიანმა როგორ გაუბედა, რომ შეიძლება შენი გუნდიდან წავიდე.

  • გვახსოვს, როგორ ცდილობდა ივანიშვილი მათი ამომრჩევლის შემზადებას იმისთვის, რომ „ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“. ამ ბოდიშის წინაპირობა ხომ არ არის საგუშაგოს საკითხიც. იმის ჩვენება ხომ არ უნდათ, რომ აი, რუსეთი კი არ არის აგრესორი, უბრალოდ, „პროვოკაციებს“ პასუხობს. შეიძლება ამისთვის იყოს ეს თემა გამოყენებული?

კი. ასეც შეიძლება იყოს და მეორე – ბოდიშის ნაწილი შეიძლება იყოს ჩორჩანადან გასვლა ან ე.წ. ერგნეთის ბაზრობის აღდგენა და ასე შემდეგ.

ასევე, გახარიაზე პერსონალური შურისძიება და ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. იზოლირებულია „ოცნება“ დასავლეთისგან, სანქცირებულია ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, ევროკავშირი დღის წესრიგში აყენებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არჩევნები არ არის აღიარებული, მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს ქვეყანას და რაღაცაზე ხომ უნდა ელაპარაკოს მოსახლეობას?!

ალბათ კვლევებიც აქვთ ჩატარებული, რაზე რეაგირებს მოსახლეობა. ალბათ ისევ ეცდებიან ომის თემას წამოაგონ მათი ამომრჩეველი.

თუმცა ესენი რომ რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ და არა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით – ესეც ფაქტია.

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

ამ ტერიტორიაზე, თამარის დასახლებაში, #15ა – ში, ყოროლისწყლის ხიდთან, სამი 12-სართულიანი კორპუსის უკან, ზღვის მხარეს არსებულ ჰექტარ-ნახევარ ფართობზე შპს „სიტი გაიდმა“ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შემდეგ კომპანიის წილები გაასხვისა. „სიტი გაიდის“ თანამესაკუთრეები გახდნენ „ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის „იბერლი კომპანი“ და კიდევ ერთი დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი ბუბა ჩანქსელიანი. ორივე პარლამენტარი რუსული კანონის მხარდამჭერია.

ახლა ამ მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას შპს „სიფერლი“ ითხოვს. ეს კომპანიაც მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა. ის „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლეა. თავად დამფუძნებელი გია ბიწაძე და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორებიც „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.

I ილუსტრაცია – შპს „სიფერლის“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენი. II ილუსტრაცია – „სიტი გაიდის“ ორი მშენებარე ცათამბჯენი.

კომპანიის წილების გაყოფის შემდეგ შპს „სიტი გაიდმა“ საინვესტიციო მიწის ნაკვეთი ორად გაყო და ნაწილი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა, „სიტი გაიდის“ წილებიდან კი კიდევ 9. 83 % გაასხვისეს – ამ გადანაწილებებსა და გავლენების გაყოფაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

რაც შეეხება შპს „სიფერლის“ და მის პროექტს, ეს კომპანიაც 2025 წლის თებერვალში მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა და ის კომპანიის ასივე პროცენტს ერთპიროვნულად ფლობს. გეგმავს თუ არა ბოჭორიშვილი წილების გასხვისებას პროექტის დამტკიცების შემდეგ, ამაზე ჯერ არ ვიცით.

კომპანია მშენებლობას ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე გეგმავს, ქონების ნაწილი შპს „სიფერლის“ უკვე გამოსყიდული აქვს, თუმცა რადგან განაშენიანების დეტალური გეგმის დასამტკიცებლად კომპანიამ მერიას უკვე მიმართა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებები ქონების დათმობაზე ახალი პროექტის სასარგებლოდ მესაკუთრეებთან, დიდი ალბათობით, დადებითად არის გადაწყვეტილი.

განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაში უკვე წარდგენილია, გეგმარებითი ერთეული 7300 კვ.მეტრია და აერთიანებს 13 მიწის ნაკვეთს, 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით. 

რუკაზე მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს
მარჯვნივ მონიშნულია შპს „სიტი გაიდის“ და „ალპეკა ბათუმის“ მიწის ნაკვეთები, სადაც კომპანიები უკვე დამტკიცებული დოკუმენტების მიხედვით, სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ. მარცხნივ კი მონიშნულია მიწის ნაკვეთები, სადაც ორსართულიანი განაშენიანების დემონტაჟის ხარჯზე შპს „სიფერლი“ კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

როცა პროექტი ქალაქის კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადაჭარბებაზე თანხმობას მოითხოვს და საქმე არ გვაქვს ავარიული სახლების პროგრამასთან, რომელიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს ნებართვის გაცემისას, აუცილებელია გაიცეს გეგმარებითი დავალება სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის და შემდეგ დეტალური გეგმის მომზადებაზე, რომელსაც საკრებულოს თანხმობით ამტკიცებენ. დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მურვანიძემ შპს „სიფერლის“ მიმართვის საფუძველზე 2025 წლის 30 მაისს გამოსცა ბრძანება თამარის დასახლებაში #1-27 ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მომზადებაზე.

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიას უკვე წარუდგინეს, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისთვის დაგეგმილია ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კ2-კოეფიციენტის გაზრდა დადგენილი 2,5-დან 17,0-მდე. კონცეფციაში წერენ ასევე, რომ უნდა განისაზღვროს მაქსიმალური სიმაღლეები და სხვა პირობები.

გეგმარებითი დავალების შესახებ ბრძანებაში, რომელსაც ხელი მოაწერა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კომპანიას სანაპიროზე 60-სართულიანი შენობების მშენებლობა სურს.

შპს „სიფერლის“ რენდერი კონცეფციიდან.
ფოტოზე მონიშნულია ტერიტორია, სადაც „სიტი გაიდი“ და „ალპეკა ბათუმი“ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ, მარცხნივ კი ჩანს 2-სართულიანი სახლები, რომელთა დანგრევას და კიდევ 3 ცათამბჯენის მშენებლობას შპს „სიფერლი“  გეგმავს.

ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შემდეგ, როგორ წარმოუდგენიათ საჯარო სივრცეების განაწილება პროექტის ავტორებს, რა გზებით იმოძრავებს სამშენებლო ტექნიკა, სად და როგორ მოაწყობენ ავტოპარკინგს, როგორ შეიცვლება უკვე არსებულ 4 კორპუსში მცხოვრებთა საცხოვრებელი გარემო, რომლებიც სიმჭიდროვეზე საუბრობენ, ეს ცალკე კვლევის საგანია – ამ საკითხზე „ბათუმელები“ დეტალურად მოამზადებს მასალას.

ადგილი სხვადასხვა მხრიდან, სადაც შპს „სიფერლი“ მშენებლობას გეგმავს.

წარდგენილ დოკუმენტებში კონცეფციის ავტორები წერენ, რომ მოქალაქეთა ღირსეულ საცხოვრებელ და სოციალური პირობების გაუმჯობესებას უნდა შეუწყონ ხელი:

„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, ტერიტორიის სივრცით რეორგანიზაციას, მიწის ნაკვეთების გასულ საუკუნეში აშენებული შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლების ტენდენციას, მათი თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობებით ჩანაცვლებას, შესაბამისად კაპიტალური ფონდის განახლებას, საცხოვრებელი ფონდის გაზრდას, მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ერთეულის მდგრად ფუნქციურ ერთეულად ჩამოყალიბებას, ეკონომიკის დარგების, მათ შორის სამშენებლო სექტორის განვითარებას.

განვითარების შედეგად გათვალისწინებული იქნება ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები, მათ შორის: შიდა გზები, გამწვანებული ადგილები, ავტოსადგომები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. მიწის ნაკვეთი მოშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლით, გაზრდილი მოთხოვნების ფონზე შეიქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მომსახურების, რაც დადებით გავლენას მოახდენს სოციალურ ინფრასტრუქტურაზე“.

კონცეფციაში ასევე ვკითხულობთ, რომ შპს „სიფერლის“ პროექტის ძლიერი მხარეები შავი ზღვის სანაპიროსთან, მნიშვნელოვან მაგისტრალთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე და ასათვისებელი მიწის რესურსია. სუსტი მხარეები კი მიმდებარე ტერიტორიებზე არასაკმარისი სოციალური და სხვა ინფრასტრუქტურის არსებობა, ქალაქის ამ ნაწილისათვის შეუსაბამო, გასულ საუკუნეში აგებული შენობებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები ყოფილა.

კონცეფციის ავტორები წერენ, რომ შესაძლებელია ურბანული სივრცის რეორგანიზაცია და განვითარება, მიწის ნაკვეთების ათვისებით თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების განთავსება, კაპიტალური ფონდისა და ინფრასტრუქტურის განახლება.

  • როგორ გაინაწილეს მიწის ნაკვეთი სანაპიროზე

„ბათუმელებისთვის“ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დიდი ფართობის მიწის ნაკვეთზე თამარის დასახლების #1-5გ-ში, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე გავლენიან პირს ჰქონდა პრეტენზია. საბოლოოდ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ის აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

გამარჯვება „სიტი გაიდს“ დარჩა. კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო. მედეა ბოჭორიშვილი იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს 1.2 ჰექტარი [12 447 კვ.მეტრი] მიწის ნაკვეთი იყიდა, თუმცა, როგორც ჩანს, კონკურენტებმა ხელი მაინც არ ჩაიქნიეს. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა.

სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა: 33.33% დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი

 

2024 წლის დეკემბერში მედეა ბოჭორიშვილმა წილები ისევ გაასხვისა და 9.83 პროცენტი დაირეგისტრირა „კაპიტალ მენეჯმენტმა“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ზურა ნასყიდაშვილია. ზურა ნასყიდაშვილი „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2024 წლის აგვისტოში მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ასეთი გადანაწილების პარალელურად შპს „სიტი გაიდმა“ სახელმწიფოსგან შესყიდული მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა, უცნობია – რა ფასად. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო.

ეს „სიტი გაიდის“ რენდერია, რომელიც უკვე დამტკიცებულ გდგ-ში იყო მოცემული. ამ სამიდან ერთ ცათამბჯენს „ალპეკა ბათუმი“ ააშენებს, რომლის მფლობელიც „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი ბექა ხოფერიაა
ეს „ალპეკა ბათუმის“პროექტის რენდერია

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ შპს „სიტი გაიდის“ და „ალპეკა ბათუმის“ სამშენებლო ნაკვეთების წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

სამშენებლო ნაკვეთის წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ.

დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო მიწა აუქციონის წესით გაიყიდა – გასხვისდა სტადიონიც, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ვალდებულების არქონის მიუხედავად, მან მოსახლეობას ახალი სტადიონი უკვე მოუწყო.

„წინასაარჩევნოდ 3 მარშუტკა ჩაგვიყვანა „ოცნებამ“ თბილისში აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით? დაგვპირდნენ, რომ სტადიონი ჩვენ დაგვრჩებოდა და მოგვიწყობდნენ კიდეც… ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან”] იყო მოსული, კიდევ სხვა პირები მთავრობიდან. ახლა არ გვისრულებენ დაპირებას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები დავით ბერიძე.

დავით ბერიძის თქმით, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ეს მიწა იყიდებოდა.

„ეს რომ გაგვეგო, ჩვენ ვიყიდდით და სტადიონიც დაგვრჩებოდა… ახალი სტადიონი, მართალია, მოეწყო, მაგრამ ის ჩვენ არ გვაწყობს, შორსაა, ჩვენგან 1 კილომეტრშია“, – დასძინა დავით ბერიძემ.

მისივე თქმით, დღეს პოლიციას კომპანია „ნაზილბემ“ გამოუძახა, რომელმაც თამარის დასახლებაში კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სტადიონის ადგილი შეისყიდა და ახლა სავაჭრო ცენტრს აშენებს.

„მოღობვა დაიწყეს დღეს, აქამდე აჩერებდნენ და პოლიციას გამოუძახეს… გვაკავებდნენ პოლიციელები, მაგრამ მერე მოგვაშორეს იქაურობას, თორემ დაგაკავებთო. ბათუმის წინა მერი, არჩილ ჩიქოვანიც დაგვპირდა, სტადიონი თქვენ დაგრჩებათო, წადით ახლა და წინა მერს მოსთხოვეთო, მერე ასე გვიპასუხეს მერიაში… დავით გაბაიძესთანაც ვიყავით, მაგრამ არავინ არ გვეხმარება,“ – გვითხრა დავით ბერიძემ.

„პირიქით, დაგვაზარალეს. მე ის მიკვირს, ეს კაცი რა უფლებებით სარგებლობს, ან რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა?“ – კითხულობს ბიზნესმენი კახა ბერიძე, რომელიც კომპანია „ნაზილბეს“ მესაკუთრეა.

კახა ბერიძე ამბობს, რომ სტადიონის ტერიტორია დღეს უკვე შემოღობა, ხოლო დაპირების შესაბამისად, ახალი სტადიონის მოწყობასაც ასრულებს.

„ეს ადგილი ვიყიდეთ 2021 წელს, პანდემიის დროს უპირობოდ და ვალდებულებების გარეშე… დავუთმეთ მოსახლეობას და ავაშენეთ ახალი მოედანი. ამ ადამიანს [დავით ბერიძე] აქვს პირადი ინტერესი – საკუთარი ბიზნესი აქვს და უნდოდა სასტუმროს მოწყობა, ეს ტერიტორია პარკინგად გამოეყენებინა და ასე შემდეგ, მერე არ გამოუვიდა და ჩვენ გაგვაჩერა 3 წელი. ბევრი ზარალი ვნახეთ, ინვესტიცია ვერ განვახორციელეთ, საბანკო ვალდებულებები მაქვს… ეს იქნება სავაჭრო ქალაქი სამომავლოდ. რომ მინდოდეს კორპუსებს ავაშენებდი მეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კახა ბერიძემ.

ვინ შეუშალა ხელი კონკრეტულად ბიზნესმენს, ამ დრომდე დაეწყო მშენებლობა? – კახა ბერიძე თავს იკავებს პასუხის დაკონკრეტებისგან, თუმცა ამბობს, რომ მას „სახელმწიფო უწყებები აჩერებდნენ“.

რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში

ბათუმის მერია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესს აზუსტებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი მერიის შესაბამისმა სამსახურმა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა დაზუსტდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად. გარდა ამისა, მერია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე დეტალებს აზუსტებს.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფთან და სამეურნეო სათავსოსთან ერთად სხვა ფართობის ქონა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის.

ასევე, გარდა 10 კვ.მეტრზე ნაკლები საცხოვრებელი ფართობისა, მხედველობაში არ მიიღება სარდაფის, სამეურნეო სათავსოს და სხვა ფართობი, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის. ასევე, დამაბრკოლებელი არ იქნება 10 კვ.მეტრზე ნაკლები ფართობის მართლზომიერი ფლობა ან უსასყიდლოდ სარგებლობა.

დამაბრკოლებელ გარემოებად არ ჩაითვლება კომისიის მიერ სტატუსის მაძიებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატუსის მაძიებლის
მიერ არაუმეტეს 10 კვ.მ. კომერციული, საცხოვრებლად ვარგისი სხვა ფართობის ქირის [იჯარის] უწყვეტად გადახდის ფაქტი.

დაზუსტდა ავტომანქანის მონაცემები, რომელთა საკუთრებაში ქონა არ წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მინიჭებისათვის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის, მისი შეძენის დროისა და ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს.

უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად შემოსავლის დასაშვები საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა იზრდება და ხდება სამმაგი, ხოლო ოჯახის შემთხვევაში თუ ერთი პირია დასაქმებული, დასაშვები საარსებო მინიმუმი შეადგენს სამმაგ ოდენობას, ოჯახის რამდენიმე წევრის დასაქმების შემთხვევაში თითოეულის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას.

საზღვრის კვეთის 24 საათზე ნაკლები დროის შემთხვევაში კონკრეტულ პირს ან ოჯახის წევრს დამატებით ეძლევა დასაშვები კვეთის ოდენობა არაუმეტეს სამოცისა.

დადგენილებას ასევე ემატება გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც ოჯახს ან სტატუსის მაძიებელ პირს რიგითობის განსაზღვრის მიზნით ენიჭება ქულები.

კერძოდ, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების სისტემის საფუძველზე არის 65 001-მდე – შეფასდება 1 ქულით, ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაცია ბათუმში 10 და მეტი წლის განმავლობაში – ასევე, 1 ქულით.

ბათუმში უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი მერიამ 2022 წელს შეიმუშავა, შემდეგ კი საკრებულომ დაამტკიცა. უსახლკაროთა რეგისტრაციის მოქმედი წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

მერიამ უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში ცვლილება გასულ წელსაც შეიტანა. მაშინ შეცვალეს ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. მანამდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის და ეს ვადა ერთ წლამდე გაზარდეს. ასევე, მოთხოვნებიდან ამოიღეს ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნიეს, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტური იყო.

განაცხადებს ბათუმში უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია და რეკომენდაციას გაუწევს ან არ გაუწევს განმცხადებლის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მერი.

უსახლკაროთა რეგისტრაციის ამ დრომდე მოქმედ წესს იწუნებდნენ როგორც უსახლკაროები, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნით მერიასთან არაერთი აქცია გამართეს, ასევე საკრებულოს ოპოზიციაც. სხდომებზე ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ, არაერთხელ დააფიქსირა, რომ იმ წესით, რაც მერიამ წარუდგინა საკრებულოს და „ოცნების“ უმრავლესობამ ის 2022 წელს დაამტკიცა, ბევრი მოქალაქე ვერ შეძლებდა სარგებლობას.

გასულ წელს კი ერთ-ერთ სხდომაზე, როცა უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შეიტანეს, ეს დადასტურდა კიდეც – მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თავშესაფრის მოთხოვნით აქციებს 3000 – მდე პირი მართავს, დარეგისტრირება მათგან მხოლოდ 14-მა შეძლო.

ქალზე სექსუალური ძალადობა, ცემა, რასაც მოჰყვა ტვინის ტრამვა და ცხვირის დაზიანება

7 წლის პატიმრობა სასამართლომ მიუსაჯა, მაგალითად, კაცს, რომელმაც ქორწინების რამეს ცოლს რამდენჯერმე სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემა, სექსუალურად იძალადა და ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო.

ამ საქმეში ნახავთ, რეალურად რა შემთხვევებში გამოიყენება ისეთი მკაცრი სასჯელი, როგორიცაა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა – რაც მზია ამაღლობელს ელოდება, სილის ერთჯერადი გაწვნისთვის და რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი ზიანი არ მოჰყოლია.

სასტიკი ძალადობის ამბავი, როცა გოგოს გონების დაკარგვამდე არაერთხელ სცემეს, მასზე სექსუალურად იძალადეს, დაამცირეს, აგინეს… ამ შემთხვევაში სასამართლომ დამნაშავე კაცი 7 წლით დააპატიმრა.

7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დავით ჟ.-ს ზუგდიდის სასამართლომ. მას გამოძიება ედავებოდა ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობას – სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, ასევე ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ამ საქმეში დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც მარიამს „ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, თავის ტვინის შერყევა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარცხენა თვალის სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების ტრავმა დაცილების გარეშე.“

ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მარიამ ხ. დავითზე დაქორწინდა [სახელები შეცვლილია].

ძალადობის ამსახველ ამონარიდს საქმის მასალებიდან გთავაზობთ დეტალურად, რათა გავიაზროთ სასჯელის პროპორციულობა, რითაც მზია ამაღლობელს უპირებენ დასჯას სილის გაწნისთვის.

„…21 თებერვალს, ღამით, დავით ჟ-ს ვარაუდით, მარიამ ხ. არ აღმოჩნდა ქალიშვილი, რის გამოც დავით ჟ.  გაბრაზდა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარიამ ხ-ს თავისა და სახის არეში, ასევე მიარტყმევინა თავი ლოგინის თავზე, რითაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამავე დროს ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და ამცირებდა მას, ყელში უჭერდა ხელს და ეუბნებოდა ეთქვა, ვისთან დაკარგა ქალიშვილობა, რის გამოც შეშინებულმა მარიამ ხ-მ, რადგან გრძნობდა, რომ იხრჩობოდა, დავით ჟ-ს ძალადობის შეწყვეტის მიზნით უთხრა ტყუილი, თითქოს ბავშვობაში „რაღაც მოუვიდა“, რის შემდეგაც დავით ჟ.-მ გაუშვა ხელი და მოგვიანებით აიძულა, არ დაწოლილიყო მის გვერდით საწოლში და მდგარიყო კუთხეში, რაზეც შეშინებული  მარიამ ხ-ა დაემორჩილა და დილამდე იდგა ფეხზე. მას არ დაუძინია, ხოლო დავით ჟ-მ დაიძინა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

კაცს ძალადობა მეორე დღესაც გაუგრძელებია. მეორე დღეს დავით ქალზე სექსუალურადაც უძალადია:

„…დილით, დავით ჟ-მ გააგრძელა მარიამ ხ-ს ცემა, რა დროსაც დაარტყა ხელი სახეში და მიარტყმევინა თავი ლოგინზე, თან აგინებდა და ლანძღავდა. ფიზიკური ძალადობის და დამცირების შემდეგ დავით ჟ-მ მოსთხოვა მარიამ ხ-ს მუხლებზე დადგომა, დაუკავა ორივე ხელი, რის შემდეგაც, მიუხედავად მ. ხ-ს წინააღმდეგობისა დააწვინა იგი მუცელზე და მისი  თხოვნის და წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით, გაუკუღმართებული ფორმით უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი, რა დროსაც მარიამ ხ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

დავით ჟ-ი აგრძელებდა მარიამ ხ-ს ცემას, დაარტყა მას ხელი სახეში, მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ხ-ს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და სთხოვდა შეეწყვიტა ძალადობა და არ ეცემა. დავით ჟ-მ მოსთხოვა მარიამ ხ-ს მუხლებზე დამდგარიყო, რაც ვერ შეძლო და წაიქცა, რა დროსაც დავით ჟ-მ დაარტყა თავში, რითაც მარიამ ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც ჩვეულებრივი გზით, მარიამ ხ-ს სურვილის წინააღმდეგ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამ სისასტიკის შემდეგ დავითს მარიამისთვის მოუთხოვია, დაზიანებების დასაფარად მაკიაჟი გაეკეთებინა – მეზობლები მოვიდნენ და სუფრა უნდა გაიშალოსო. როცა სტუმრები ქეიფობდნენ, დავითმა ისევ გაიყვანა სახლის უკან მარიამი და სახეში დაარტყა ხელი. ქალს ცხვირიდან სისხლის წამოუვიდა. სტუმრების წასვლის შემდეგ კი, მარიამს ქმარმა თავში ჩაარტყა.

ქალმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. ამ დროს ჩნდება ბიჭის დედა და სხვა პირები. დავითმა მოსულიერებული ქალის ცემა განაგრძო. მარიამი თავის დას და დეიდას გადაუყვანიათ საავადმყოფოში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მარიამს თავდაპირველად სიმართლის თქმა გასჭირვებია, იმ დღეს ექსპერტიზაც ვერ ჩატარდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა ეთქვა.

„…რცხვენოდა, რომ ხალხის დასაცინი გახდებოდა… რამდენიმე დღე შეუძლოდ გრძნობდა თავს, ჰქონდა ტვინის შერყევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დღესვე ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება. როგორც კი ცოტა გამოკეთდა, კერძოდ, 3 დღის შემდეგ იგი წაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში, სადაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. შემდეგ მარიამმა მიმართა ადვოკატს, ასევე მივიდა ფსიქოლოგთან, რის შედეგადაც გადაწყვიტა, რომ გამომძიებლისათვის ყველაფერი უნდა გაემხილა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში [საქმე №487აპ-16].

სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ დავით ხ-ს უზენაესმა სასამართლომ სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით – გაუპატიურება – გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით] 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უპირებენ მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელ დგებუაძეს სილა გააწნა.

ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან.

გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“.

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

დღეს, 18 ივნისს, უკრაინაში, კიევში, მაშველებმა რაკეტის მიერ დანგრეული 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან კიდევ 12 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს.

შედეგად, კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა მინიმუმ 134 ადამიანი.

გუშინ, 17 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსულმა რაკეტამ უკრაინის დედაქალაქში 9-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც სახლში შესასვლელი განადგურდა, დაიღუპნენ ადამიანები.

ასევე, 17 ივნისის ღამეს რუსეთმა განახორციელა თავდასხმა ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის და ნიკოლაევის რეგიონებზე.

__________________

 

სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს გაიმართება. უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელზე გააკრა  სტიკერი – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

რატომ გაასამართლეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით ხელახლა იგივე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?

2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებოდა. მოსამართლის შეფასებით, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევაა.

იმავე მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლა და 1000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა? – ამ ლეგიტიმურ შეკითხვას კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფონზე პასუხს არ სცემს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ადგილობრივი თვითმმართველობა. სასამართლომაც უარი უთხრა მზია ამაღლობელის ადვოკატებს, ბათუმის მერიისთვის მიემართათ და დადგენილიყო, „ქართული ოცნების“ ლოგიკით სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა, როცა ქალაქში ამისთვის გამოყოფილი სივრცის შესახებ ცნობილი არ არის?

რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე?

დღევანდელ პროცესს არ დაესწრებია მზია ამაღლობელი. მან დისტანციური წესით ჩართვაზეც უარი განაცხადა და ამის შესახებ მოსამართლეს წინასწარ აცნობა.

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმიც 2025 წლის 11 იანვარს პოლიცუელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც სამთვენახევრის შემდეგ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ უკვე ახალი ოქმი შეადგინა.

“ვადებში ვეტეოდით…. ახსნა-განმარტება იყო წარმოდგენილი,” – სუსტად გაისმა დარბაზში ცრუ მოწმე პოლიციელის ხმა. მან ვერ განმარტა, რატომ არ დაიწყო 11 იანვარსვე სამართალწარმოება სტიკერის გაკვრაზე, როცა ამ ფაქტის შესახებ პოლიციელებმა 11 იანვარს იცოდნენ?

”არის იქ რაიმე ფორმით მინიშნება, რომ სტიკერის გაკვრა არ შეიძლება?” – მოწმეს ჰკითხა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“არ არის, მაგრამ ლოგიკურია, რომ არ შეიძლება… გააკრა სტიკერი “ იფიცება საქართველო” – თქვა მოწმემ.

“გაუმარჯოს პოლიციასო რომ ყოფილიყო, მისაღები იქნებოდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი.

“ამისთვის არის ადგილი, სადაც თეატრის აფიშებია და ასე შემდეგ,” – თქვა ნოდარ ზენაიშვილმა.

ნოდარ ზენაიშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მან არ იცის, ვინ მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი.

წინა პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ თქვა, რომ პოლიციის წარმომადგენლის მოწოდება ისმის იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი წებოვან სტიკერს შენობის კედელზე აკრავს.

სინამდვილეში კი, ვიდეოში ბათუმელი მედროშის – ზურაბ ჭავჭანიძის ხმა ისმის: “არ ქნა, გოგო”.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ მოწმედ ბათუმელი მედროშეც დაკითხეს:

“მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება მოსკოვში დაწერილი სცენარით,” – მიმართა მოსამართლეს ბათუმელმა მედროშემ, ზურაბ ჭავჭანიძემ მას შემდეგ, როცა ის სხდომათა დარბაზში შემოვიდა და სკამების წინა რიგში, თავისუფალ სკამზე გადაფინა საქართველოს ისტორიული დროშა.

მედროშის საქმის ირგვლივ საუბრისკენ მოუწოდა მოსამართლემ.

“ეს უნდა იცოდეთ თქვენ, იმ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს დამარხული, აფხაზეთიდან ვარ მე… ” – ხმას აუწია მედროშემ.

ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, ნამდვილად მან მოუწოდა მზია ამაღლობელს არ გაეკრა სტიკერი, ხოლო პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის მოწოდება არ მოუსმენია.

კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა, ედნარ შანიძემ სასამართლოს უთხრა, რომ სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს მზია ამაღლობელი.

შეგახსენებთ: სტიკერის გაკვრას შენობის იერსახე რომც დაემახინჯებია, ამის გამო პოლიციას მოქალაქის დაკავების უფლება არ  აქვთ.

ამ პოლიციელსაც “არ ახსოვდა”, ვინ მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი.

“სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოწოდებას არ დაემორჩილაო, როცა წერთ, რის საფუძველზე წერთ? რომელმა პოლიციელმა მოუწოდა მზია ამაღლობელს არ გაეკრა სტიკერი?” – პოლიციელს მიმართა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ირმა აბაშიძემ.

პოლიციელის თქმით, მას აქციაზე, ზოგადად, ესმოდა პოლიციელების მხრიდან მოწოდება, კედელზე არ გაეკრათ სტიკერები.

“რა იყო მზია ამაღლობელის დაკავების მოტივი?” – მოწმეს ამჯერად ადვოკატმა თამარ წულუკიძემ მიმართა.

“არ ვიცი” – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს.

“ის მაინც მითხარით, სტიკერის გაკვრიდან მალევე დააკავეს მზია ამაღლობელი?” – ისევ ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა.

დასტურის ნიშნად მოწმე პოლიციელმა რამდენჯერმე თავის დაკვრა ამჯობინა.

დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს გამოხატვის თავისუფლებაზე, იმაზე, რომ მზია ამაღლობელმა საჯარო სივრცეში გააკრა სტიკერი, რისი აბოსოლუტური უფლებაც მას ჰქონდა.

სტიკერის გაკვრას რომ იერსახე არ დაუმახინჯებია და ძალისხმევა არც სტიკერის მოშორებას დასჭირდა, ეს 11 იანვარს გადაღებული ვიდეოკადრებით დასტურდება.

“ცალსახაა ორჯერ მსჯავრდება, რაც არის დარღვევა… ფაქტია, რომ ქმედება არის ერთი და იგივე, ორივე ოქმის შემდგენი პირი არის ერთი და იგივე პირი – ნოდარ ზენაიშვილი,” – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელის ორჯერ გასამართლებაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში თამარ წულუკიძემ.

“ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს იმას, რომ რომელიმე პოლიციელმა მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე,” – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მერია არ პასუხობს წერილობით მიმართვას: სად არის გამოყოფილი სივრცე სტიკერის გაკვრისთვის?

“ასეთი ნორმატიული აქტი არ არსებობს,” – თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა და მოსამართლეს შეახსენა, რომ სასამართლო  ქმნის ისტორიას, გამოხატვის თავისუფლება კი უზენაესი უფლებაა.

იურისტის აზრით, პოლიციას – მართლაც რომ გაეფრთხილებინა მზია ამაღლობელი – სასამართლოს მაინც არ ექნებოდა უფლება, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად მიეჩნია, რადგან არ არის ნორმატიული აქტით დადგენილი, სად შეიძლება, ან არ შეიძლება საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა.

ამ თემაზე:

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ღალატს, ამას ჩვენი დაპატიმრებაც რომ მოჰყვეს – საფარი

„საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ რეპრესიული კანონის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს სთხოვენ ყველა იმ პირის პირად მონაცემებს, რომელთა უფლებების დაცვაზეც უმუშავიათ.

„ქართული ორგანიზაცია საფარი უკვე 24 წელია საქართველოში ქალებს უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას.

ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ყოველწლიურად ათასზე მეტ ქალს უწევენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას, ეხმარებიან საგამოძიებო უწყებასა თუ სასამართლოში.

17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – ძალადობის მსხვერპლი ქალების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ჩვენ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, – აცხადებს ,,საფარი”.

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა

დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. დებატების მთავარი თემა იქნება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5-ზე მეტი თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ.

პირველი პროექტი მწვანეთა გაერთიანებამ წარადგინა.

მისი ავტორები არიან ლენა შილინგი (ავსტრია), მელისა კამარა (საფრანგეთი), მუნირ სატური (საფრანგეთი), ვილე ნიინისტიო (ფინეთი), მარია ოჰისალო (ფინეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), ნიკოლაე შტეფანცუა (რუმინეთი) და მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი).

რეზოლუციის ეს პროექტი ოთხ ძირითად მოთხოვნას აყენებს:

  1. მზია ამაღლობელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამ საფუძველზე ითხოვს მედიამენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც;

  2. გამოხატულია შეშფოთება ქართული პოლიციის მიერ მშვიდობიანი მიტინგების დასაშლელად გამოყენებული სისტემური ძალადობის გამო;

  3. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უნდა გამოიხატოს მკაცრ სანქციებში. სანქციები უნდა დაწესდეს როგორც ბიძინა ივანიშვილზე, ასევე იმ სახელმწიფო მოხელეებსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებზე;

  4. ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო დროს არსებული დინამიკა წინააღმდეგობაში მოდის ამ სტრატეგიის პრინციპებთან.

რეზოლუციის მეორე პროექტის ავტორია იტალიელი ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე, რომელიც დოკუმენტს მემარცხენე ჯგუფის სახელით წარადგენს.

პროექტი 6 პუნქტად არის დაყოფილი:

  1. გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებას. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია და გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო;

  2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების სფეროში;

  3. მოითხოვს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი;

  4. ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს ქართველი ხალხის მიერ ყოველგვარი გარე ჩარევის და ზეწოლის გარეშე. ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს;

  5. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საქართველოსთვის;

  6. დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, სტრუქტურულ ერთეულებს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს.

მესამე პროექტის ავტორები არიან ევროპარლამენტის ცენტრისტული, ლიბერალური ჯგუფი – Renew Europe [განახლებული ევროპა]

დოკუმენტს ხელს აწერს დაახლოებით 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის — ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიტვა). რეზოლუცია 9 პუნქტისგან შედგება:

  1. პირველი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, ასევე — გამოძიება მისი დაკავების შემდეგ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე;

  2. რეზოლუციაში აღნიშნულნი არიან სხვა პირებიც, რომელთა საქმეებიც, ავტორთა აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულია. მათ შორის: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მათე დევიძე;

  3. გმობს ძალადობას ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოძიონ ეს შემთხვევები;

  4. მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას, რათა მათ აღარ ჰქონდეთ გამოყენების შესაძლებლობა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბერკეტად;

  5. გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ მედიასივრცეში დომინირებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ;

  6. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და იმ მოსამართლეებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. მათ შორის — სავიზო შეზღუდვების სახით;

  7. ხაზგასმულია, რომ სანამ საქართველოში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობით, მანამდე ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს და მის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს;

  8. ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება;

  9. დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას.

რეზოლუციის მეოთხე პროექტის ავტორია ოთხი მემარჯვენე, გერმანელი ევროპარლამენტარი

ბეტრ ბისტრონის, ტომაშ ფროელიჩის, ჰანს ნოიფომისა და ალექსანდრ სელის რეზოლუციის პროექტი 7 პუნქტს მოიცავს:

  1. აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში;

  2. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პროექტის ავტორები აღიარებენ როგორც თავისუფალსა და სამართლიანს, რომელშიც ამომრჩეველმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი არჩევანი;

  3. მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქმედებები მიზნად ისახავს ხელისუფლების შეცვლას არაკონსტიტუციური გზებით და ამ პროცესში მათ მხარდაჭერას უცხოელი აქტორები უწევენ. ასევე მიიჩნევა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა მცდელობები დემოკრატიას საქართველოში ზიანს აყენებს და ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას;

  4. პასუხისმგებლობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირებაზე აკისრებენ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც, მათ შეფასებით, ჩართული იყვნენ „მთავრობის დამხობის მიზნით აგიტაციაში“. ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი ორგანიზაციები ნაკლები ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში, რაც მათი საქმიანობისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს შორის შეუსაბამობითაა გამოწვეული;

  5. ევროკავშირს მოუწოდებენ, გადახედოს მიდგომას საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და არ აღიქვას პარტიათაშორისი დაპირისპირება მხოლოდ შავ-თეთრი კატეგორიებით;

  6. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ონლაინ მედია საქართველოში მრავალფეროვანია და აშუქებს საკითხების ფართო სპექტრს, ხოლო მთავრობის მხრიდან მედიის შეზღუდვის მცდელობები მინიმალურია;

  7. პროექტი ითხოვს, რომ რეზოლუცია გადაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას.

რეზოლუციის მეხუთე პროექტი სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს ეკუთვნის

დოკუმენტს წარადგენენ ევროპარლამენტარები: იანის მანიატისი (საბერძნეთი), ფრანცისკო ასისი (პორტუგალია) და ტობიას კრემერი (გერმანია).

რეზოლუცია მოიცავს შემდეგ ძირითად მოწოდებებს და შეფასებებს:

  1. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას მას ყველა უსაფუძვლო ბრალდება;

  2. ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააკვირდნენ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს;

  3. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება;

  4. გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები — განსაკუთრებით კი ისეთ პირებთან, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელიც სიმბოლოდ იქცა საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის შენარჩუნების ბრძოლაში;

  5. ხაზგასმულია, რომ ახალი რეპრესიული კანონმდებლობა — მათ შორის, ე.წ. „რუსული კანონი“ და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები — შეუძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებას;

  6. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე;

  7. ევროკავშირს მოუწოდებს, გააგრძელოს ქართული სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა;

  8. პოლიტიკურ შეფასებაში „ქართული ოცნება“ მოხსენიებულია როგორც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება.

რეზოლუციის მე-6 პროექტი ეკუთვნის ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფს – სახალხო პარტიას

პროექტის ავტორებს შორის არიან დეივიდ მაკალისტერი (გერმანია), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), რასა იუკნევიჩიანე (ლიტვა) და სხვა ევროპარლამენტარები.

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად პოზიციებს:

  1. მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ თავდასხმებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო სექტორსა და სასამართლოზე;

  2. გმობს მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნასა და პატიმრობას, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. რეზოლუცია ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან;

  3. გამოხატულია შეშფოთება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიების, დაჯარიმებებისა და დაკავებების გამო;

  4. გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მეუღლის, კოტე იოსელიანის სავარაუდო გატაცებას და მისი შვილებით მუქარის ფაქტს. მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა;

  5. გმობს 21 წლის მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ასევე მოითხოვს ოპოზიციონერი ლიდერების — ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას — დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;

  6. მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას;

  7. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის ხელშემწყობი ყველა პირის მიმართ, მათ შორის — იმ პირების მიმართაც, ვინც პასუხისმგებელია მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე;

  8. დოკუმენტის გავრცელება უნდა მოხდეს ყველა შესაბამის და დაინტერესებულ მხარესთან.

რეზოლუციის ბოლო, მე-7 პროექტი ეკუთვნის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს (ECR Group).

დოკუმენტს ხელს აწერს 14 ევროპარლამენტარი და ის 8 პუნქტისგან შედგება:

  1. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას ყველა წაყენებული ბრალდება;

  2. მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება საქართველოში;

  3. მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ეფექტიანად გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა;

  4. გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქართული მედიასივრცე დომინირებულია პროსახელისუფლებო ტელევიზიებით, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ და ამით ხელს უწყობენ საზოგადოებრივ პოლარიზაციას;

  5. აღნიშნავს განგაშით, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ხშირად ემთხვევა კრემლის ნარატივებს. ასევე მიუთითებს საქართველოდან რუსეთთან მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც პარალელურად აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს — ამით კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას;

  6. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში. კონკრეტულად სახელდება: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულ მოსამართლეებზე, ხელისუფლების მხარდამჭერ ბიზნესმენებსა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მფლობელებზე;

  7. მოითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას „ჰუმანიტარული საფუძვლით“, რათა მას მიეცეს საშუალება, საზღვარგარეთ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“;

  8. რეზოლუციის ტექსტი უნდა გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს.

Exit mobile version