დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა.
ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
ზურაბ ჯაფარიძე, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დააკავეს „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო.
პოლიტიკოსები ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხდომაზე არ მივიდნენ. კომისია ენმ-ის ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა, ზურაბ ჯაფარიძეს კი წინა მთავრობის დროს არავითარი პოსტი არ ეკავა. მას არც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაუხდია.
ორივე მათგანს, როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძეს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ.
პროკურატურამ ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება პირველ აპრილს წარუდგინა. სასამართლომ მას აღკვეთის სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც ხაზარაძემ დათქმულ ვადაში გადაიხადა. ის მეორედ დაიბარეს.
ამ მონაცემებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების 5 ლიდერი ციხეში ხვდება – დაკავება ემუქრება მამუკა ხაზარაძეს და უკვე დაკავებულნი არიან: ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი.
განაჩენის გამოცხადებამდე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა.
წულუკიანის კომისია 2 ივლისის სხდომაზე მეორედ იბარებს გიორგი გახარიას.
კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გახარიას წინააღმდეგ პროკურატურისთვის დღესვე მიმართვას და თქვეს, რომ კომისიის უფლებამოსილების ამჟამინდელი ვადის გათვალისწინებით, მას მაქსიმალურ დროს აძლევენ ქვეყანაში დასაბრუნებლად და სხდომაზე მეორედ მისასვლელად.
პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, მათი ლიდერი ქვეყანაში არ იმყოფება და კომისიას დისტანციურად ჩართვა შესთავაზა. კომისიამ მას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.






