დღეს, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ კრიტიკის სამიზნე ისევ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გახდა.
„ხალხის ძალა“ ფეისბუქზე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს „ბათუმელებთან“ და მას „ე.წ. ელჩი“ და „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა.
„საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.
ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“ – წერს „ხალხის ძალა“.
განცხადების თანახმად, როგორც ჩანს, „ხალხის ძალა“ გააღიზიანა იმანაც, რომ პაველ ჰერჩისნკიმ ინტერვიუში მზია ამაღლობელზე ისაუბრა. „ხალხის ძალა“ გადასწვდა ევროპარლამენტის რეზოლუციასაც და მას „კატასტროფული რეზოლუცია“ უწოდა.
„ ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“ – წერს „ოცნების“ სატელიტი პარტია განცხადებაში.
დღესვე, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა“.
„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პაველ ჰერჩინსკიმ „ბათუმელებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს და ვინც არ უნდა დაიკავოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოსტი, იგი იმავეს გააკეთებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ოცნება“ პაველ ჰერჩინსკის ესხმის თავს.
ამავე თემაზე:
„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან






