მთავარი,სიახლეები

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

20.06.2025 •
გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას.

ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს… იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი – ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყო ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პუტინი ამბობს, ზელენსკის შევხდებიო. „მზად ვარ შევხვდე კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რაიმე საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ ვისხდეთ და რაღაც არ გავიყოთ დაუსრულებლად, არამედ დავსვათ წერტილი“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ პუტინს. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა პუტინის ეს მზაობა და რაზეა წამსვლელი?

ვერ გეტყვით, რამდენად გულახდილია პუტინი და რამდენად აღარ აპირებს, დროის გაჭიანურებას, ან თავისი აბსურდული მოთხოვნების წამოყენებას.

ფაქტია, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაც, ზოგადად, მსოფლიოში ხდება და იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს რეალურად ძალიან მცირე წარმატება აქვთ, ხოლო დანაკარგი ძალიან დიდი, არაა გამორიცხული, პუტინმა დაიწყოს ფიქრი ცეცხლის შეწყვეტაზე.

  • „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვერ მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინის ომზე. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მიზეზი აშშ-ის პოზიცია იყო. თქვენი აზრით, რა გათვლით მოქმედებს აშშ ამჯერად და როგორ აისახება ეს დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე?

ამ შეხვედრაზე მკაფიოდ გამოჩნდა ევროპის მიდგომა არსებულ ვითარებასთან, რაც უკრაინაში ხდება. ტრამპის წინადადება იყო პუტინი ყოფილიყო იქ, გერმანიის კანცლერმა კი მას უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა.

ჩანს, რომ აშშ-თვის პრიორიტეტული ხდება ირან-ისრაელის მიმართულება – ახლო აღმოსავლეთი. ეს ტრამპს აძლევს საშუალებას, რაღაცნაირად იმ ჩიხიდან გამოიპაროს, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია. აშშ-მ ვერაფერს მიაღწია და ვერავითარ ძვრას ვერ მიაღწია ამ მიმართულებით.

  • უშვებთ, რომ ამ გზით ეცდება აშშ რუსეთის დასუსტებას, თუ მოკავშირეებს, მაგალითად, ირანს ჩამოაშორებს? 

არ მგონია, რომ ტრამპი რუსეთის დასუსტებას ცდილობდეს. ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას, რომ რამენაირად სახე შეუნარჩუნოს. რუსეთის დასუსტება რეალურად უკრაინის გაძლიერებით და უკრაინის წარმატებით არის შესაძლებელი.

თუმცა ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ასუსტებს რუსეთს. რუსეთი თანმიმდევრობით კარგავს სატელიტ ქვეყნებს, მხარდამჭერებს: ჯერ იყო სირია, ახლა – ირანი. ირანის სულიერი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, როცა მან თქვა, ირანი კარგად ხედავს, ვინ არის ირანის ნამდვილი მეგობარი ამ გაჭირვების დროსო. ამ განცხადებაში იგულისხმებოდა რუსეთი.

ირანისთვის შესაძლოა ახალია რუსეთის ამგვარი მოქმედება – ჩვენ არ გვიკვირს – ტოტლებენიდან დაწყებული, გეორგიევსკის ტრაქტატით დასრულებული, ასევე სომხეთის მაგალითითაც ძალიან კარგად ვიცით, რა მოკავშირეც არის რუსეთი.

  • რა მასშტაბს იძენს ირან-ისრაელის ომი? ამერიკელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ემზადებიან ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის, თუმცა ტრამპს ჯერ ბრძანება არ გაუცია.

ითქვა, რომ ტრამპი 2 კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. 2 კვირაში შეიძლება დაასრულოს კიდეც ისრაელმა თავისი მოქმედებები. მესამე ამერიკული ავიამზიდის დაჯგუფება მიემართება კონფლიქტის რაიონისკენ.

ავიამზიდის დაჯგუფება არის დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც შედგება ავიამზიდისგან, ნაღმოსნებისგან, წყალქვეშა ნავისგან, მხარდამჭერი ხომალდების, გემებისგან და ასე შემდეგ. ეს ხომალდების მთელი ჯგუფია.

ავიამზიდზე, მაგალითად, 85 საფრენი აპარატია: ვერტმფრენი და თვითმფრინავი. სამი ასეთი დაჯგუფების ყოფნა რეგიონთან ახლოს სერიოზული საკითხია. ამ მასშტაბის ხარჯი და გადაადგილება არ მოხდებოდა შედეგის მიღწევის სურვილის გარეშე, თუმცა პროგნოზირება რთულია, რას აპირებს ტრამპი.

ისრაელი განაგრძობს თავის მოქმედებებს გეგმაზომიერად. ვფიქრობ, რომ ის თავის მიზანს ბოლომდე მიიყვანს.

  • ირანს არ აქვს რესურსი, რომ ისრაელს რელევანტური პასუხი გასცეს? 

რელევანტური პასუხი კი არა, ომის წარმოების კუთხით ისრაელი ირანზე მთელი ერთი თაობით ძლიერია. ირანი ერთი თაობით ჩამორჩება ისრაელს. მაგალითად, ისრაელი მოქმედებს ქსელურ-ცენტრული კონცეფციით, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის აღმოჩენას, დაფიქსირებას და მიზანმიმართულად დარტყმას, რაც ხორციელდება ერთ ქსელში მიმოსვლითი ინფორმაციის საფუძველზე.

ირანი იბრძვის საბჭოთა ტექნოლოგიებით, რუსებისგან ნაყიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით. ეს საბჭოთა კლონირებული სისტემებია, რომელსაც ისრაელმა ნახევარ დღეში მოუღო ბოლო. ისრაელს უკვე სრული ბატონობა აქვს ცაში.

  • თქვენი აზრით, რა გათვლით გადადო ტრამპმა ისრაელის მხარდაჭერა ორი კვირით? 

ვერ გეტყვით, ვერ ვახერხებ ტრამპის ჩანაფიქრის ამოცნობას და მის პროგნოზირებას. მჯერა, რომ ავიამზიდის დაჯგუფებას ელიან რაიონში.

არც ისაა გამორიცხული, ტრამპმა ისევ შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა რაღაც ცუდი თქვა მასზე და ამიტომ განახორციელა დარტყმა.

  • რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანი-ისრაელის ომმა გადაწონოს რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობა საერთაშორისო აქტორებისთვის?

ევროპისთვის ვერ გადაწონის. შეიძლება გადაწონოს ამერიკისთვის, ევროპისთვის კი, უკრაინა რჩება ევროპის ფორპოსტად. არა მგონია, ირანი-ისრაელის დაპირისპირება სამ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ისრაელს არ აქვს და არც ჰქონია ამოცანა, რომ ტერიტორია დაიკავოს. ბალისტიკური რაკეტების ნახევარი უკვე განადგურებულია და რაც დარჩა, იმას მოახერხებს სადღაც 2 კვირაში. თუ აშშ ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოახერხებს ისრაელი ბირთვული ობიექტის განადგურებას. თუ არ ჩაერთვება აშშ, ისრაელი მონახავს შესაბამის გზას, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო და რესურსი დასჭირდება.

  • რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე უკრაინაში?თქვენი ინფორმაციით, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე კიევის სრული საჰაერო დაცვა? 17 ივნისის დარტყმის შედეგად ბოლო მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.

ამჯერად რუსეთმა დაიწყო დარტყმების კონცენტრირება – აღარ არის ორიენტირებული მთელს უკრაინაზე. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად შესაძლოა ამერიკული დახმარება გაიხარჯა და შევსება შესაბამისად ვერ მოხერხდა. შესაძლოა, არსებობს დეფიციტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებში.

ფაქტია, რომ ახალი არაფერი მომხდარა და რუსების რაკეტების რაოდენობაც არ გაზრდილა. უფრო მეტი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა ახსოვთ უკრაინელებს.

რუსეთი აღარ არჩევს სამხედრო მიზანს, ის სამხედრო მიზანთან ახლოს მდებარე მიზანსაც აღარ აქცევს ყურადღებას – უბრალოდ ქალაქის მიმართულებით ისვრიან, რაც იწვევს ზიანს.

  • ზელენსკის თქმით, უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში ჩრდილო-აღმოსავლეთით.

შეაჩერეს, კი. რუსებს აქვთ გარკვეული წინსვლა სხვა მიმართულებით, სუმში კი პირიქით, უკრაინელებმა კონტრშეტევით გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი – ტიოტკინო. ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს.

  • რა ხდება დნეპროპეტროვსკის ოლქში? თუ დასტურდება იქ რუსული ჯარის შესვლა და რატომ შეიძლება ეს იყოს რუსეთის სამიზნე?

სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რომ რაღაც შედეგი დადონ რუსებმა? დნეპროპეტროვსკი არის ზაპოროჟიესთან ახლოს და ცდილობენ რუსები, დნეპრზე განახორციელონ ფორსირება. ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსებისთვის, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამის თავი და ძალა ჰქონდეთ.

არც ის მგონია, იქ ხიდები დაუტოვონ უკრაინელებმა რუსებს აუფეთქებელი.

  • უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში. რა მასშტაბის წარმატებას აღწევენ უკრაინელები რუსეთზე დრონებით დარტყმით?

მოსკოვშიც იყო დარტყმები – თუ არ ვცდები ტულაში ააფეთქეს უკრაინელებმა კიდევ ერთი დენთის ქარხანა. უკრაინა ახორციელებს გეგმაზომიერ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე, რუსეთი გამწარებული ურტყამს უკრაინას დასჯისთვის. რუსეთის დარტყმები განკუთვნილია დასჯისთვის.

არანაკლები დარტყმები ხდება უკრაინელებისგან – რუსებს ლაღი ძილის საშუალებას ნამდვილად არ აძლევენ.

  • არის ეს დარტყმები იმ მასშტაბის, რამაც შეიძლება აიძულოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს? 

არა. რუსეთი ამ ტემპით, რესურსებით და დანაკარგით, რასაც დღეს ახორციელებს, თუ გარდატეხა არ იქნება უკრაინის მხრიდან, დაახლოებით 2-3 წელი შეუძლია იომოს. რუსეთი უპირატესობის მოპოვებას და გამარჯვებას ვერ აღწევს, თორემ ომით იომებს.

  • გარდატეხის პირობა არ ჩანს უკრაინის მხრიდან უახლოეს პერსპექტივაში? 

გარდატეხის შეტანის პირობები არ ჩანს. ვფიქრობ, გარდატეხის პირობები მას შემდეგ შეიძლება გაჩნდეს, თუ დაიდება ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი ხელშეკრულება და უკრაინა მოახერხებს მნიშვნელოვან გაძლიერებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: