ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ.
„აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს.
ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის წინ შეასახლა ბათუმის მერიამ.
მანამდე ისინი შანიძის ქუჩაზე, ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.
„ერთადერთი შეღავათი, რაც მივიღეთ აქ გადმოსვლით, ისაა, რომ თავზე კედლები აღარ გვენგრევა. მაგრამ ფანჯარას ვერ ვაღებთ, გაუსაძლისი სუნი დგას. ბავშვების ეზოში გამოშვება საშიშია – ვუხსნით, რომ არ მიეკარონ საკანალიზაციო ჭას, მაგრამ ბავშვები არიან და მაინც მიდიან,“ – ამბობს ნონა.
ამ ქუჩაზე ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ნაცვლად სამი ახალი კორპუსი ააშენა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11 ნომერში აშენებულ 3 ექვსსართულიან შენობაში ჯამში 60 ბინაა.
არც ერთი ბინა არაა დაერთებული ცენტრალურ კანალიზაციას. ეზოში 50 -ტონიანი ე.წ. შამბოა მოწყობილი, რომელიც 6 თვეში აივსო. სწორედ ამ შამბოს გამო დგას კვინიტაძის ქუჩაზე გაუსაძლისი სუნი და ქუჩაში ამოდის საკანალიზაციო წყალი.
კვინიტაძის ქუჩაზე ავარიული სახლების ნაცვლად სამი 6 -სართულიანი კორპუსი შპს „ერთმა“ ააშენა.
ხელშეკრულება ბათუმის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის „სამმართველოსა“ და შპს „ერთს“ შორის 7 მილიონ ნახევარ ლარზე 2022 წელს გაფორმდა.
ამ თანხით კომპანიამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1, 3, 11-ში მდებარე შენობები დაანგრია და ააშენა ახალი კორპუსები. პროექტში განსაზღვრული იყო, რომ კანალიზაციის ქსელის არ არსებობის შემთხვევაში კომპანიას უნდა მოეწყო შამბო.
„არაერთგზის მივმართეთ მერიას. დავრეკავთ, გამოუშვებენ ერთ-ორ მანქანას, ამოიღებენ და წავლენ. სამივე სახლი ერთ შამბოზეა დაერთებული. ცოტა ხანში ისევ ივსება და ვართ ასე. სამ კორპუსს ერთი შამბო არ ყოფნის. ვთხოვეთ, დაეცალათ, მთლიანი შამბო ამოეწმინდათ, რაღაც დროის განმავლობაში ისინიც დაისვენებდნენ და ჩვენც,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.
ნონას თქმით, მის კორპუსში ჯერჯერობით 9 ოჯახი ცხოვრობს.
„მერიის ბალანსზეა ჩემს კორპუსში რამდენიმე ბინა ისევ. გადმოსასვლელები არიან ახალი მცხოვრებები. როცა სრულად შეივსება კორპუსი, ალბათ უფრო გაუსაძლისი გახდება სიტუაცია,“ – ამბობს ნონა ზაქარაძე.

ე.წ. შამბო, რომელშიც სამი კორპუსის საკანალიზაციო წყალი გროვდება
„მეექვსე თვეა აქ ვცხოვრობ. ორი თვეა რაც კანალიზაციის პრობლემა გაჩნდა. გაივსო შამბო. დავრეკავთ მერიაში, გამოუშვებენ მანქანას, რომ ჭირდება 4-5 რეისი, აკეთებენ ერთს. ხომ შეიძლება, რომ ამოიწმინდოს ბოლომდე, ჩვენც დავისვენებთ და იმათაც აღარ შევაწუხებთ ცოტახანს.
როცა ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აკეთებენ, ბევრი გამოძახებაა, საკმარისი მანქანები არ გვყავსო – ამბობენ. მაგრამ მე ვფიქრობ, შესაძლებლობა აქვთ, უბრალოდ არ აკეთებენ.
აივანზე ვერ გამოხვალ, ისეთი სუნი დგას ხოლმე აქ. ბავშვების ეზოში გამოშვებაც პრობლემაა“, – ამბობს რევაზ ქოქოლაძე, გენერალ კვინიტაძის ქუჩის მცხოვრები.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიას, საიდანაც „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს.
„აღნიშნულ მისამართზე, ბათუმის წყალს წყალარინების ქსელი არ გააჩნია. კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში, უსასყიდლოდ ეხმარება მოსახლეობას და ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. აღნიშნული მისამართიდან მოსახლეობიდან შემოსული ზარების უმეტეს ნაწილზე ხდება რეაგირება შესაძლებლობების ფარგლებში,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.
ნახეთ ვიდეო: