„უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს… ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“ – მიიჩნევს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ოპტიმიზმის საფუძველს EU-ს ელჩს საქართველოს ქუჩებში ხალხთან შეხვედრა აძლევს. განსაკუთრებული ემოციით ის ბათუმში ჩამოსვლამდე, ზუგდიდში მომხდარ ამბავზე გვიყვება:
„გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურს ყიდდა, მითხრა: ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ! ვუპასუხე, რომ არა, უნდა გადამეხადა. მითხრა, მადლიერი ვარ იმ საქმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის აკეთებთო. შეკამათებასავით გამოვიდა – მაინც არ გადამახდევინა ფული. არავინ იცოდა, რომ ამ დროს მე იქ ვიყავი,“ – გვიყვება EU-ს ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
პაველ ჰერჩინსკი 20 ივნისს „ბათუმელების“ ოფისში მოვიდა მზია ამაღლობელისა და თავისუფალი მედიის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად.
„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით,“ – ამბობ პაველ ჰერჩინსკი.
რა შანსი რჩება საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და შეიძლება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლაც გაუუქმონ? – „ბათუმელებმა“ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან ინტერვიუ ჩაწერა.
- მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. რეზოლუციის მიღების შემდეგ, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა მზია ამაღლობელის, სხვა პოლიტპატიმრების თუ, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის?
დიდი პრივილეგიაა, რომ აქ ვარ – „ბათუმელების“ ნიუსრუმში. ნამდვილად მინდოდა პირადად აქ მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელოდება.
მზიას საქმე ევროკავშირის დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საქმეს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით.
როგორც იცით, ევროპარლამენტში მიმდინარეობდა დებატები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხებოდა. მზიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია.
წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით. ყველანი ველოდებით, რით დასრულება ეს განხილვები. ვიცით, რომ მკაცრი და ძალიან არაპროპორციული განაჩენი ემუქრება – 7 წლამდე ციხე იმისთვის, რაც ვიცით, რომ არის აბსოლუტურად არაპროპორციული მოსალოდნელ განაჩენთან მიმართებაში.
ყველამ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი და „ბათუმელები“ კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ იმისდა მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში, ვიცით, რომ თქვენი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდით, თუნდაც ეს კრიტიკული ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ.
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასამართლოს, ზოგადად, რაც ხდება საქართველოში, რაც შეეხება სიტყვის და შეკრების თავისუფლებას, დიდ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე.
ასევე, ძალიან დიდი ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გულსატკენია. ეს რეალურად გულსატკენია, რადგანაც არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო, როცა საქმე ეხებოდა დემოკრატიულ ცვლილებებს, ევროკავშირში ინტეგრაციას.
ახლა ყოველივე ეს შეიცვალა და რაც ევროინტეგრაციას შეეხება, საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა შეჩერებულია; ეს ნამდვილად რთულია ყველასთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა.
მაგრამ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვრჩებით. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისთვის და თავისი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა. გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპელები და ღირსი, დაიკავონ თავისი ადგილი ჩვენს შორის – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ და გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ არსებული ნეგატიური ტრენდი შეიცვლება, საქართველოში მიმდინარე ძალიან ღრმა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და დიალოგი, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირის წევრობით მომავალში. საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის.
ჩვენ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ საქართველოს არ მივატოვებთ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს საკითხს განიხილავენ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყოველთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი ასევე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
რაც შემიძლია, რომ ვთქვა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის და ასევე, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსის თანახმად: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.
სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების კეთილ ნებას, პირიქით, ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას; გრძელდება თავდასხმა ევროკავშირზე, ევროკავშირი დემონიზირებულია, ევროკავშირს აბუჩად იგდებენ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ნამდვილად გულსატკენია.
ვაპირებთ, რომ ვიყოთ მომთმენი. გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა მივესალმოთ საქართველოს, როგორც ჩვენი წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაფიო კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები ეხება ყველა კანდიდატ ქვეყანას და უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენს საერთო ღირებულებზე, როგორიცაა: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.
ევროკავშირის თვალსაზრისით ეს ღირებულებები გადახედვას არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად – როგორც, მაგალითად, ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები: უკრაინა და მოლდოვა – პირიქით, შორდება. ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის ეს ნამდვილად დასანანია. ეს გულსატკენია, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ.
- როცა ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია უკვე მიიღო, რამდენად უნდა ველოდოთ ამ საქმეებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების დასანქცირებას?
ბევრჯერ მეკითხებიან და ყოველთვის ვცდილობდი, მეპასუხა გულახდილად, საზოგადოების ინფორმირება მომეხდინა არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის მოსაზრებებზე. სანქციებზე როცა ვსაუბრობ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან მძიმედ მაკრიტიკებენ, იარლიყებს მაკერებენ, ცდილობენ ზეწოლას, რაც ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა.
ევროკავშირისთვის სანქციების მიღება რთულია, რადგან ეს ერთხმად უნდა მოხდეს, საჭიროა ერთსულოვნება – 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა დათანხმდეს. როცა სანქციებზე ვსაუბრობთ, ვიცით, რატომ ხდება ასე – რამდენად მძლავრია ევროკავშირის სანქციები. ეს მარტო იმას კი არ ეხება, რომ ვიღაცას ევროკავშირში არ შემოუშვებენ, ან ვიღაცას ევროკავშირში არსებულ ქონებას გაუყინავენ, ეს ასევე არის სირცხვილის საკითხი: წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ.
რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ მივიღოთ სანქციები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევებთან. ყველამ ნახეთ ტელეეკრანებზე თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში არაიდენტიფიცირებული, ნიღბიანების მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანები. ნანახმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
რაც უფრო შოკის მომგვრელია, ეს არის სრული დაუსჯელობა. ამ უპრეცედენტო ძალადობის გამო, პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ. ევროკავშირი გმობს ძალადობას, ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევები დაუსჯელი დარჩნენ, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.
ამიტომაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ, მივიღოთ სანქციები ევროკავშირის დონეზე, რასაც ერთსულოვნება სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ეროვნულ დონეზე ორმხრივი სანქციები მიიღო, ასეთი ქვეყნების რაოდენობა იზრდება.
ვიცი, რომ ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის სანქციების საკითხი ისევ განიხილება და ეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ; ეს 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება, რასაც ერთსულოვნება სჭირდება. დღის წესრიგშია ეს საკითხი, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ევროკავშირი იმოქმედებს და თავის პოზიციას გამოხატავს მკაფიოდ და ხმამაღლა.
- ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე უკვე სამოქალაქო ორგანიზაციებია, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ. „ივანიშვილმა 5 ქალი ამოიღო მიზანში, ის ებრძვის აქტიურ ქალებს, რომლებიც იცავენ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“ – ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს ლიდერი ქალები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ანტიდემოკრატიულ კანონებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ საქართველოში დემოკრატიის მცველების მხარდასაჭერად?
უკვე რამდენიმე თვეა, გადავწყვიტეთ, აღარ გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიონი ევრო დაიხარჯა საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად. პრაქტიკულად, ფინანსური დახმარების თითქმის ნახევარი პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა.
ვმუშაობდით პრაქტიკულად ყველა სამინისტროსთან იმისთვის, რომ საქართველოს განვითარებაში წვლილი შეგვეტანა. ვაფინანსებდით საქართველოს განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტს.
ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების, ისევე როგორც ქმედებების, კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ ფინანსური დახმარება შეგვეწყვიტა და გადავწყვიტეთ ამ რესურსების გადამისამართება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისკენ.
მაგრამ უნდა ვაღიარო – ეს ყოველდღე უფრო დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. რთული ხდება გარემო, სადაც უფრო და უფრო შემზღუდველ კანონებს იღებენ, რომელიც ჩვენს უწყვეტ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიისთვის ართულებს. მიღებულია ორი სხვადასხვა კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ – ერთი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და მეორე – „FARA“. ამ კანონებით გრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკა ძალიან გართულდა.
ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს მოუწიოს მძიმე ჯარიმების გადახდა ან დასახელდეს „უცხოელ აგენტად“. ეს ადამიანები არ არიან უცხოელი აგენტები – ისინი პოზიტიური ცვლილებების და დემოკრატიული გარდაქმნის გამტარებლები არიან, რეფორმატორები არიან. ამიტომაც, გამოვყავით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. თუმცა ეს მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოში მიიღეს – ეს ჩვენს ფინანსურ დახმარებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ბოლოდროინდელი მოვლენები განსაკუთრებულ წუხილს იწვევს – სახელმწიფოს მიერ 5 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მოთხოვნა, მიაწოდონ დიდი რაოდენობით, მათ შორის, მათი ბენეფიციარების პირადი მონაცემები, უკიდურესად შემაშფოთებელია. როგორც ვიცი, ამ ორგანიზაციებმა ეს მოთხოვნა გაასაჩივრეს სასამართლოში, მაგრამ ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული პრინციპები საფრთხის ქვეშაა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.
მე არ ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის – ეს თავისთავად ცხადია. ეს უბრალოდ აბსოლუტურად შეუთავსებელია.
რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, ძალზე შეშფოთებულები ვართ. ასეთი მოთხოვნები აჩვენებს ბევრ რამეს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებზე დიდია ზეწოლა და ამავე დროს აზიანებს დემოკრატიულ სისტემაში ძალაუფლების დაბალანსების სისტემას. ვიმედოვნებ, ეს მოთხოვნა შეიცვლება, რადგან წარმოუდგენელია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულონ გაასაჯაროონ მთელი ეს ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით.
- წელს, ივნისის დასაწყისში თქვენ ღიად არ უპასუხეთ შეკითხვას, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა. როცა პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკანონოდ ჩასვეს ციხეში, ნაწილს კი დაპატიმრებით ემუქრებიან, ასევე, „ოცნებამ“ უარი თქვა ეუთო-ოდირის მოწვევაზე. რას ფიქრობთ – უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა?
ამ შეკითხვას მე არ უნდა ვუპასუხო. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ეს მათი გადასაწყვეტია.
რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არჩევნები არის მომენტი, როცა საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი. საპარლამენტო არჩევნებამდე მე ვიყავი პირველი, ვინც ხალხს მოუწოდებდა წასულიყვნენ და ხმა მიეცათ – ეს არამხოლოდ მათი უფლება, არამედ ასევე სამოქალაქო ვალდებულებაა.
რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნები უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. როგორც ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომელიც იქნება კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება – როგორც საერთაშორისო, ასევე განსაკუთრებით ადგილობრივი – მით უკეთესი.
- 2025 წლის 31 მაისს განცხადებაში თქვენ ხაზი გაუსვით, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში „პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“. რა სიახლეებია ამ მხრივ?
მადლობა ამ კითხვისთვის: ვხვდები, რამდენად დიდი ინტერესია ამ თემის მიმართ.
შვიდი წლის წინ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დამყარდა პრივილეგირებული ურთიერთობა, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის არსებობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს შეთანხმება ორი ძირითადი პრინციპით იყო განპირობებული:
- საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა
- საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება
როგორც ვხედავთ, ეს ორი დებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში და ამას ვხედავთ სამწუხაროდ ყოველდღე – სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლის ქვეშ არიან. ადამიანები დაკავებული არიან არაპროპორციული სასჯელებით.
მაგალითად, 21 წლის მათე დევიძე 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს მხოლოდ იმისთვის, რომ მან დემონსტრაციაში ხელჯოხით მიიღო მონაწილეობა, ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, მიუღებელია. ჩემი ბიჭი 21 წლისაა, ფაქტობრივად ბავშვია. ეს ისეთი რამეა, რომ მე, როგორც მამა, ვერ გავჩუმდები.
რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას – ჩვენ ვხედავთ, რომ სადღაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს, ირჩევს აბსოლუტურად განსხვავებულ გზას, გვერდზე იწევა, საერთოდ არ იღებს მონაწილეობას გაფართოების პროცესში.
ასე რომ, ეს ორი მთავარი დებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირში არავის უნდა ხალხს დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროევროპელები არიან, მათ უნდათ, რომ თავიანთი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მათ უნდათ უბრალოდ უკეთესი მომავალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ საბაზისო დებულებები, რომელთა საფუძველზე მივანიჭეთ საქართველოს ეს პრივილეგია, სადავო გახდეს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დისკუსია გრძელდება ბევრი თვის განმავლობაში. აბოლუტურად ღიად უნდა ვთქვა, რომ ვხედავ ცვლილებას ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიდგომაში, მათ აზრი შეიცვალეს და ამბობენ, რომ რაც საქართველოში ხდება, ყველა იმ ქმედებეების გამო, იმ კანონმდებლობის გამო, რაც ხელისუფლებამ მიიღო, პოზიცია უნდა შევიცვალოთ.
23 ივნისს იქნება ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ამ შეხვედრის დროს ეს დისკუსია გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის მხოლოდ 2/3 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო – უფრო მარტივი პროცედურაა, ვიდრე სანქციები.
დღეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უახლოეს დღეებში ან კვირებში ამას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დისკუსია ამ საკითხზე 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს.
ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შესახებ არსებული შეთანხმების შესრულების შესახებ – ბოლო ანგარიში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უვიზოა მიმოსვლის შეჩერების საფრთხე აცილებულ იქნეს. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.
წელსაც იქნება გამოქვეყნებული ანგარიში და გაიცემა რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისთვის: მოახდინონ რეაგირება იმაზე, რომ ჩვენი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული.
- ევროკავშირის ლიდერებისგან „ოცნების“ მიმართ არაერთ მოწოდება გვესმის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არ ითვალისწინებს. პირიქით, სწრაფად ცდილობს დიქტატურის დამყარებას. ამ ვითარებაში რა გამოსავალს ხედავთ, რა სახის სტრატეგიული მიდგომა ყალიბდება ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით?
2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი – ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელიც ერთად ვიზეიმეთ და ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. საჭიროა, რომ საქართველომ მკაფიო რეფორმები გაატაროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა კანდიდატი, აუცილებელი რეფორმები არ გაუტარებია, პირიქით – მოხდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ.
ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ საჭირო რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მზადყოფნას, არც სივრცეა დიალოგისთვის.
ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება. ეს ევროკავშირის ლიდერებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ვროკავშირის წევრი ქვეყნების და მოქალაქეების უმრავლესობა ამას ფართოდ უჭერს მხარს. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ სხვადასხვა ქვეყნის წინაშე, რაც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ ველოდებით შემდეგ ეტაპებს.
ევროკომისია ამისთვის მოემზადა და ორივე ქვეყანას: უკრაინას და მოლდოვას დიდი წინსვლა აქვთ, საქართველო კი, გაჩერდა.
თუ ეს ჩიხური მდგომარეობა გაგრძელდა, არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ისტორიული შანსი – გახდეს ევროკავშირის შემდეგი გაფართოვების ნაწილი.
- რა იქნებოდა თქვენი გზავნილი საქართველოს მოსახლეობასთან? როცა არალეგიტიმური ხელისუფლებას უკვე მოქმედებაში მოჰყავს რუსული კანონები, რა შანსი რჩება საქართველოს იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას?
ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია: არ დაკარგოთ იმედი! თქვენ იმსახურებთ უკეთეს მომავალს, იმსახურებთ, რომ იცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, ახალგაზრდები იმსახურებენ უფლებას, დარჩნენ ამ ქვეყანაში, ჰქონდეთ ოჯახები, იცხოვრონ და იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში.
ჩვენი მხრიდან გადავწყვიტეთ, გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყოს სრული უფლებებითა და ვალდებულებით, პრივილეგიებით. დაველოდებით საქართველოს, რომ ამ ღია კარში შემოვიდეს.
არ დაკარგოთ იმედი, საქართველო ევროპული ქვეყანაა. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამას.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა და ევროკავშირში ინტეგრაცია ყველასთვის კვლავ გახდება ეროვნული პრიორიტეტი. საქართველო ისევ იქნება მოწინავე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე ვოცნებობ ამ სცენარის განხოციელებაზე. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.
თქვენ იცით საქართველოს ისტორია: ბევრი კარგი და ცუდი რამ მომხდარა, ბევრი კრიზისი გაიარეთ, მაგრამ თქვენ ისინი დაძლიეთ. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.
აქ თქვენთვის ვართ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ის ძალიან რთულ პერიოდს გადის. ცხადია პოლიტიკური კრიზისის არსებობა.
გულსატკენია, რომ ჩვეულებრივი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, როგორც, მაგალითად, მათე დევიძეა, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს ამას სწირავენ. მათ უნდა გაიარონ წყვდიადი იმისთვის, რომ მომავალი მოძებნონ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იმედია, რომ ეს არ იქნება ამაო. საქართველო უფრო გაძლიერდება და აქედან უფრო ძლიერი გამოვა, ახალ წევრ ქვეყნებს შეუერთდება და ჩვენს საერთო მომავალში წვლილს შეიტანს თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით, ტრადიციებით.
გვინდა, რომ საქართველო ჩვენი საერთო მემკვიდრეობის ნაწილი იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს დრო მოვა. მე იმედს არ ვკარგავ.
ყოველთვის, როცა ახალგაზრდებს ვხდები, ვესაუბრები და ვცდილობ, რაც შეიძლებ მეტჯერ შევხვდე. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშიორშია. მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნათელია.
- იმედს უფრო ახალგაზრდებზე ამყარებთ? ახალგაზრდები განსაკუთრებულად ირჩევენ ევროპას, თუმცა ისინი აღარ გამოდიან მასობრივად დემონსტრაციებზე. თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში?
უდავოა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები გონიერი, კარგი ხალხია – მათ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის. ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს.
რაც ახლა საქართველოში ხდება, დიდი უსამართლობაა – განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში. 5000-ლარიანი ჯარიმები – ვის აქვს ამის გადახდის საშუალება? ეს უწყვეტი, ულმობელი, ანტიევროპული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, შეთქმულების თეორიები მეორდება ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ – ამის მიუხედავად კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულ გამოდიან დემონსტრაციებზე და აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს.
უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს, ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ბევრად სწრაფად განხორციელებულიყო. არასაჭირო დაყოვნებების გარეშე – განსაკუთრებით როცა ზოგიერთი ადამიანი ძალიან მაღალ ფასს იხდის ამაში.
„ბათუმელების“ ოფისში ვხედავ ქალბატონი მზიას ფოტოს, ისევ იმ ახალგაზრდა ბიჭის, მათე დევიძის ხსენება მინდა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მაღალ ფასს იხდის სურვილისთვის, საქართველო დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა იყოს. გულსატკენია, რომ ამ ადამიანებმა შეწირონ მათი ცხოვრების საუკეთესო დრო თავისი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას.
როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვხვდები, ქუჩაში დავდივარ – მარტო თბილისზე არ ვსაუბრობ – მაგალითად, გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურებს ყიდდა, მითხრა: ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ. ვუპასუხე, რომ არა, უნდა გადამეხადა. მითხრა, მე მადლიერი ვარ იმ საქმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის აკეთებთო. შეკამათებასავით გამოვიდა – მაინც არ გადამახდევინა ფული. არავინ იცოდა, რომ ამ დროს მე იქ ვიყავი.
ასე ხდება საქართველოში – ხალხი სულ მოდის ჩემთან ქუჩაში და გამოხატავს მადლიერებას.
ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ძალიან რთული გახდება, ამ აბსურდული კანონების ფონზე, რომელიც ზღუდავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფინანსებთ გზების მშენებლობას, ვაფინანსებთ სხვადასხვა რეფორმას, მოწყვლად თემებს ვეხმარებით, მაგრამ ეს ძალიან რთულდება.
გავაგრძელებთ ყველაფერს, რის გაკეთება შეგვიძლია. მე ოპტიმისტი ვარ. უკვე სამი წელია აქ ვარ, ბევრ ადამიანს შევხვდი, მათ შორის, ახალგაზრდებს – ისინი იმსახურებენ უკეთეს ქვეყანას. გასაგებია საბოლოო დანიშნულება – საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
- ურთიერთობის რა ფორმატი გაქვთ ამ ეტაპზე „ოცნების“ მთავრობასთან? თქვენ 2022 წლიდან ხართ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ამ პერიოდში პერსონალურად არაერთხელ გახდით „ოცნების“ კრიტიკის და შეურაცხყოფის სამიზნე…
ევროკავშირმა 2022 წელს გამომგზავნა იმისთვის, რომ საქართველოს დავხმარებოდი, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე ვარ დიპლომატი და ფრთხილად უნდა ვიყო, რომ საშინაო საქმეებში არ ჩავერიო, ამას ვცდილობდი ყოველთვის, მაგრამ ამავდროულად არ ვარ უბრალოდ უცხო ქვეყნის ელჩი საქართველოში – მე წარმოვადგენ ევროკავშირს საქართველოში.
ევროკავშირი კი არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა განაცხადით – ამ განაცხადს პრემიერ-მინისტრი აწერდა ხელს – საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ჩემი როლი არის ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაო და მოვახდინო საზოგადოების ინფორმირება, როგორ მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
ჩემი მოვალეობაა ვამცნო ყველას, როგორ მიდის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი – კარგად თუ ცუდად.
ყოველ წელს ვაქვეყნებთ დეტალურ ანგარიშს ქვეყნის ყველა სფეროს შესახებ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ახლა ვმუშაობთ ახალ ანგარიშზე, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და ეწოდება „გაფართოების შესახებ ანგარიში“.
ამას ჩვენ ვაკეთებთ გაფართოების მსურველი ყველა ქვეყნისთვის. ანგარიშში ვამბობთ სად არის წინსვლა, სად – უკუსვლა. ეს არ არის ჩარევა. ეს არის ჩემი მოვალეობა, რომელიც – კიდევ ერთხელ ვიტყვი – დაფუძნებულია საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში მიღებულ განაცხადზე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ყველაფერი კარგად არის, პირველი ვარ, ვინც შევაქებ, თუ არა – სამწუხაროდ, არ მაქვს სხვა არჩევანი, უნდა გამოვიდე და აბსოლუტურად ღია და ცხადად ვთქვა, რომ საქმე კარგად არ მიდის.
ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს.
ძალიან გამიხარდებოდა, რომ შემძლებოდა საქართველოს ხელისუფლების შექება წინსვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ღიად გავაკრიტიკო უკუსვლის გამო – საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების გამო.






