„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც, გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ,“ – მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ უკანონო ბრალდებაზე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე გვესაუბრა.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემების: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.
ქეთევან ერემაძის მოსაზრებით, მზია ამაღლობელის, როგორც დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლის დასჯა არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმიზანია. მისივე აზრით, სისხლის სამართლის კოდექსში ტერმინი „თავდასხმა“ განჭვრეტადი არ არის და იგი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს აქამდე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ამ ტერმინის გონივრული განმარტების შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ სილის გაწვნას თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის „სამსახურებრივ საქმიანობაზე“ – ყოფილი მოსამართლის აზრით, მზია ამაღლობელის სილა არ უკავშირდებოდა ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. „მაყურებლის თვალით ეს იყო უფრო მზია ამაღლობელის ემოციური რეაქცია მის შეურაცხყოფაზე, რომელიც მან განიცადა მისი უსამართლო ადმინისტრაციული დაკავების გამო,“ – მიიჩნევს ქეთევან ერემაძე.
„ბათუმელებმა“ ქეთევან ერემაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
- ქალბატონო ქეთევან, თქვენთვის რას აჩვენებს სამართლებრივად „მზია ამაღლობელის საქმე“, არის ის პოლიტიკური პატიმარი?
სისხლის სამართლის წესით სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ადამიანებთან ურთიერთობა, ანუ სისხლის სამართლის ნორმების გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც დანარჩენი სამართალი განიარაღებულია შესაძლებლობისგან, გაუმკლავდეს კონკრეტულ პრობლემებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მზია ამაღლობელის დასჯა არის ხელისუფლების არათუ მიზანი, არამედ თვითმიზნის დონეზე აყვანილი საკითხი.
დიდ სურათში თუ დავინახავთ ამ თემას, ეს არის ჟურნალისტის სანიმუშოდ დასჯა და ამის თვითმიზნად გადაქცევა. ეს არის მთლიანად მედიასთან დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან.
ხელისუფლება არ არის მზად, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები, არ არის მზად, აიტანოს მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამიტომაც ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს მას. ქალბატონ მზია ამაღლობელთან სისხლის სამართლის წესით საუბარი, დიახ, ერთ-ერთი ფორმაა დამოუკიდებელ მედიასთან გამკლავების.
- გარდა იმისა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია და უკანონო, იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემაა „თავდასხმის“ განჭვრეტადობა, რომ ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა… თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კუთხით, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ?
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი საკითხი: ტერმინი თავდასხმა არის თუ არა განჭვრეტადი ისე, რომ ყოველ ჯერზე მისი სწორად გამოყენება ხდებოდეს და მეორეა: რამდენად იყო მზია ამაღლობელის შემთხვევა დაკავშირებული პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან?
ჩემი აზრით, ორივე საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
ერთი მხრივ, ამ ნორმის განჭვრეტადობის პრობლემა ნამდვილად ხელშესახებია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი ძალიან მაღალი სტანდარტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობისადმი, მათი განსაზღვრულობის აუცილებლობასთან დაკავშირებით: ადამიანებმა უნდა შეძლონ სწორად გაგება, რა შემადგენლობა ქმნის, როგორი ქმედება ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას საიმისოდ, რომ მათ შეძლონ საკუთარი ქმედების მისადაგება კანონის მოთხოვნებთან. მოქალაქეს უნდა შეეძლოს განჭვრიტოს თავისი ქცევის სამართლებრივი შედეგი.
მეორე მხრივ, განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თავად სამართალშეფარდებისთვის, ტერმინი „თავდასხმა“ კი, ძალიან ბევრი ამპლიტუდით მოქმედების საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს. ის, როგორც შეცდომის დაშვების, ასევე, მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობასაც ქმნის.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ არა ამომწურავი, მაგრამ გარკვეული ტიპის სტანდარტები ამ დრომდე დადგენილი აქვს უზენაეს სასამართლოს. ამ კრიტერიუმების მიხედვითაც მზია ამაღლობელის მიმართ არ უნდა ხდებოდეს სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი მუხლის გამოყენება.
- არსებობს რისკი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ამ დრომდე დადგენილი პრაქტიკა შესაძლოა არ აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მზია ამაღლობელის საქმეში?
საერთოდ ნორმის არაგანსაზღვრულობის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის პრაქტიკა, რომელიც გამოხატავს, რომ წინააღმდეგობრივია ნორმა: პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები განსხვავებულია.
მართალია, რამდენიმე შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ შეძლო უკეთესი კრიტერიუმის დადება, მაგრამ, ცხადია, რომ ნორმა იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
არაფერი გამორიცხავს იმას, რომ ხვალ და ზეგ იმავე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში გაჩნდეს ისეთი კრიტერიუმი, რომელიც უფლების დარღვევის რისკების გამოწვევით ნორმის გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.
ამიტომაც, ამ ნორმას განსაზღვრულობის, განჭვრეტადობის პრობლემა ნამდვილად აქვს.
- ხედავთ საფუძველს, რომ თავდასხმის ეს ნორმა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში?
ნამდვილად არსებობს ამის საფუძველი, მაგრამ პერსპექტივა როგორია, ვერ გეტყვით, ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე. ნორმალურ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა სანდოობა სასამართლოს მიმართ, მათ შორის, განუსაზღვრელობის მიზეზით, შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან ნორმა ახალია, პრაქტიკა – უკვე წინააღმდეგობრივი: არ ვიცით, როგორი იქნება შემდგომი განმარტება.
აქამდე ეს ნორმა როგორც განმარტეს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა, აშკარად არაგონივრული განმარტებები იყო. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც და გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ.
ზოგადად ის, რომ წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას ცვლის უზენაესი სასამართლო, ნორმალური ვითარებაა: ინსტანციურობა იმიტომ არსებობს, რომ პირველ ინსტანციაში თუ დაშვებულ იქნა შეცდომა, ზემდგომმა ინსტანციებმა ეს უნდა გამოასწორონ, მაგრამ ნორმა პერსპექტივაში არ გამორიცხავს იმას, რომ, მათ შორის უზენაეს სასამართლოს ჰქონდეს განსხვავებული, ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც უფლებების დარღვევას არ გამორიცხავს. თავად ნორმა არ იძლევა მინიმალურ კრიტერიუმს საიმისოდ, რომ სწორი დიაპაზონის შეგრძნება ჰქონდეს სამართალშემფარდებელს.
- უზენაესი სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებითაც, სილის გაწვნა არ შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად?
როგორც აღვნიშნე, უზენაეს სასამართლოს აქვს რაღაც ტიპის კრიტერიუმები, რომელიც ამომწურავი არ არის, მაგრამ არის კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება განსაზღვრო, რა შეიძლება დაკვალიფიცირდეს თავდასხმად.
ამ სტანდარტითაც რომ იმოქმედოს სასამართლომ, მან უნდა გამორიცხოს თავდასხმა.
ამ ნორმის გონივრული განმარტების პირობებში 353-ე პრიმა ერთი მუხლი არ უნდა გამოყენებულიყო და ამ მუხლით მზია ამაღლობელი არ უნდა გასამართლდეს. ამ პირობებში, როცა არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც უკეთესი განმარტების შესაძლებლობას იძლევა, ესეც საკმარისი უნდა იყოს სასამართლოსთვის, რომ 353-ე პრიმა ერთი მუხლით არ გასამართლდეს მზია ამაღლობელი.
- წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა გვითხრა, „არსებითი ზიანი მოჰყვა თუ არა ტკივილს, მნიშვნელობა არ აქვსო“. მას ჩვენ ვკითხეთ, რა ზიანი მიადგა დაზარალებულს სილის გაწვნის შედეგად…
დაზარალებულმა რაღაც ტიპის ზიანი უნდა მიიღოს: ფიზიკური, მატერიალური, მორალური…
რაზეც საუბრობს დაზარალებული, რომ მან ფიზიკური ტკივილი განიცადა, ფორმალურად ეს შეიძლება ჰგავდეს 126-ე მუხლს [ძალადობა] და არცერთ შემთხვევაში 353-ე პრიმა ერთ მუხლს, თუმცა მეორე საკითხია – რამდენად განიცადა დაზარალებულმა ზიანი? რამდენად დამაჯერებელია, რომ ქალის მხრიდან სილის გაწვნა შეიძლება იწვევდეს იმ სიმძიმის ტკივილს, რომ თუ არა სისხლის სამართლის წესით გასამართლება, სხვაგვარად ამ პრობლემასთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა.
კონკრეტული ზიანის გარეშე შეუძლებელია დანაშაულის შემადგენლობაზე ვისაუბროთ. მეორეს მხრივ, რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია, 353-ე პრიმა ერთი მუხლი აბსოლუტურად უსაფუძვლოა რამდენიმე მიზეზით: ერთია თავად ნორმის განუსაზღვრელობა, მეორეა ის, რომ ამ ნორმის მინიმალურად გონივრული განმარტების შემთხვევაშიც კი, ასეთი კვალიფიკაცია თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული.
მესამე საკითხია ამ ნორმით გათვალისწინებული „პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობასთან“ კავშირი: მყიფედ გამოიყურება ეს საკითხი, რამდენად იყო დაკავშირებული მზია ამაღლობელის ქმედება პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან? მაყურებლის თვალით ეს იყო უფრო მზია ამაღლობელის ემოციური რეაქცია მის შეურაცხყოფაზე, რომელიც მან განიცადა მისი უსამართლო ადმინისტრაციული დაკავების გამო. ფაქტია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობაც არ იყო იმ ქმედებაში, რასაც ედავებოდნენ მზია ამაღლობელს პირველი დაკავების დროს – სტიკერის გაკვრა არ არის ასკ-ის 173 მუხლის ფორმალური შემადგენლობა [ეს მუხლი გულისხმობს პოლიციელის შეურაცხყოფას, ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევას].
- პოლიციის მაღალჩინოსნებმა დაარღვიეს მზია ამაღლობელის გამოხატვის თავისუფლება, როცა ის სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს?
მათ შორის, დაირღვა გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არამხოლოდ შინაარსს, არამედ ფორმას.
- რაც შეეხება მზია ამაღლობელის პატიმრობას, ამ ნაწილში რამდენად დასაბუთებული გეჩვენათ სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მოსამართლემ პროკურორების არგუმენტი გაიზიარა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობსო?
რა ახალი დანაშაული, რომ მეორედ გაარტყამდა სილას? თუ რას გააკეთებდა? ეს წარმოუდგენელია.
საერთოდ, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იქნება დაკავება, თუ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ასევე, შემდგომში უკვე საპატიმრო სასჯელი – თავისუფლების შეზღუდვა, უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვაგვარად პრობლემასთან გამკლავება შეუძლებელია.
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის საფუძველი რა არის? ეს უნდა იყოს რეალისტური საფრთხეები, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა მტკიცდებოდეს ეს საფრთხეები, რომ პირი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ან პირი მიემალება მართლმსაჯულება, გავლენას მოახდენს მოწმეებზე…
მძიმე დანაშაულის მუხლით ბრალდებაც კი, ან წინარე ნასამართლობაც არაა საკმარისი, რომ ამ საფუძვლით აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნას გამოყენებული.