ხელვაჩაურში, სოფელ სკურდიდში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰესის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამო წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს გაჩეხავენ. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა.
სკურდიდი ჰესი შპს “ფშავი ჰიდრომ” ააშენა. კომპანიამ მიიღო ნებართვა მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 71 ძირი წაბლი და 5 ძირი კაკლის ხე.
სანაცვლოდ “ფშავი ჰიდრო” ვალდებულია გაჩეხვის დაწყებამდე აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ვადების შესახებ და გაჩეხილი ხეები სახეობების მიხედვით დაასაწყობოს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.
სკურდიდი ჰესის მშენებლობისათვის 2 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს.
„დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის ტექნიკა, ეს არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც მოიყვანს ტურისტებს თქვენს რეგიონში და რომელიც გზის მშენებლობის განმავლობაში მოგცემთ თქვენ საშუალებას, დასაქმდეთ გზის მშენებლობის დროს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც ეს გაზა იქნება დამთავრებული, თქვენ გექნებათ საშუალება, გახსნათ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა – გესთჰაუსები, სასტუმროები, ტურისტების მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი და თქვენ გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რაც ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ასე მრავლად არიან წარმოდგენილები, იმის საშუალებასაც მისცემს, რომ მათ სწორედ ხულოში მოძებნონ მათი სამუშაო ადგილები და აქ შექმნან თავიანთი ოჯახები და აქ განვითარდნენ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა დღეს ხულოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო როგორც ხულოს, ასევე, ზარზმის მხრიდან. „რაც შეეხება ინტენსიურ სამუშაოებს, აპრილის ბოლოს, უფრო მაისის თვიდან დაიწყება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზას „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე [2018] წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“.
„შეიგრძენი აჭარა“ – ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღეს. კლიპის გადაღებას ხუთი თვე და ავტორთა დიდი ენთუზიაზმი დასჭირდა.
„მინდოდა მომემზადებინა ვიდეო აჭარის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ტიპის ვიდეოფროდაქშენი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილითა და ხარჯებით გავაკეთეთ. მიზანი იყო ჩვენება, რომ, აი, ბათუმშიც შეიძლება გაკეთება სერიოზული პროექტის და ცოტა ერთმანეთიც უნდა ვაღიაროთ. სცენარის მოფიქრება, სწორად გადაღება, ამინდის შერჩევა, პერსონაჟები, გრიმი – აბსოლუტურად ყველაფერს ჩემი სახსრებით და პირადი კონტაქტებით გავუმკლავდი. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რგოლი გავაკეთეთ აჭარაზე. ძალიან ემოციურია და თბილია,“ – ამბობს ზვიად სირაბიძე.
საიმიჯო ვიდეო 50 სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული. კლიპში გამოყენებული მუსიკა ბათუმელ მუსიკოსს, ამირან დიასამიძეს ეკუთვნის.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის სქემაში უკვე ჩართულია 715 000 ადამიანი, ხოლო 71-მა პირმა საპენსიო სქემა დატოვა.
დღეის მდგომარეობით სააგენტოს ფონდში ჯამში 150 მილიონზე მეტი ლარია, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 48 ათასი კომპანიაა ჩართული.
„ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კომპანია რეგისტრირდება. ბევრი კომპანიაა, რომელსაც აქვს გახსნილი დეკლარაცია, ჯერ არ დაუხურავს, ჩვენთვის ათვლის წერტილი არის დახურული დეკლარაცია და ამიტომაც ვთხოვთ კომპანიებს, დროულად დახურონ დეკლარაცია. ასევე, ვისაც არ შემოუტანია ჯერ განაცხადი და არ დაუწყია დანაზოგის გაკეთება მათი თანაშრომლებისთვის, ვთხოვთ, დროულად განახორციელონ ეს პროცედურა, რადგან ეს კანონმდებლობით მართული პროცესია და საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად იქნება გაკონტროლებული,“ – გვითხრეს საპენსიო სააგენტოში.
რაც შეეხება საპენსიო სქემის დატოვებას, ამის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 ან მეტი წლის. განცხადების დაწერა სქემის დატოვებაზე კი შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი [პერიოდი], შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე. პირად პროფილზეშესასვლელად კი გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.
სქემის დატოვების თაობაზე განცხადების დასაწერად [სქემაში ჩართვის დღიდან სამი თვის შემდეგ] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებთ სქემას, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ.
„პარტიული ყრილობის გამო ხულოში 15 საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწალო პროცესი შეწყდა, სკოლებიდან დირექტორები და პედაგოგები პარტიის შეკრებაზე წაიყვანეს. ეს არის ადამინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატია.
დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა. იგი ამ დრომდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს. წინა წლებში ვახტანგ ბერიძე ხულოს პოლიციის უფროსი იყო.
ირაკლი ჯორბენაძე ვერ ასახელებს კონკრეტული დირექტორებისა და პედაგოგების ვინაობას, ვისაც, მისივე მტკიცებით, სასწავლო პროცესის მიტოვება მოუხდა. „შეხვედრა დანიშნული იყო დღის ორ საათზე. პირველზე იყო მობილიზება გამოცხადებული. ჩვენ ვამუშავებთ ფოტო და ვიდეომასალას და დღის ბოლოს ბრიფინგს გავმართავთ,“ – აღნიშნავს ირაკლი ჯორბენაძე.
„გამორიცხულია. არც ერთი დირექტორი და პედაგოგი ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. შესაძლოა, ვინმე იყო თავისი სურვილით, მაგრამ ასე ორგანიზებულად იქ არავინ მიუყვანიათ და არც სასწავლო პროცესი შეწყვეტილა სადმე,“ – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე.
ირაკლი ჯორბენაძის მიერ დასახელებული სკოლებიდან „ბათუმელები“ სოფელ დიოკნისისა და ღორჯომის სკოლების ხელმძღვანელებს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ყოფილა, მაგალითად, სოფელ ღორჯომის სკოლის დირექტორი.
„არ ვესწრებოდი მე შეხვედრას, აქ ვარ ღორჯომში, მოდით, დაგხვდებით… გავიგე, ვიცოდი, მაგრამ ჯარიმებს ვერ ვუძლებ,“ – გვითხრა ღორჯომის სკოლის დირექტორმა, რეზო გორგაძემ.
სკოლის დირექტორს ვთხოვეთ დაზუსტება, ვისგან მიიღო შეთავაზება დასწრებოდა პარტიულ შეხვედრას.
„ჯარიმა არი მაგაზე, ვიცოდი და ამიტომ ვერ შემომთავაზებდნენ… ყველა გაკვეთილი, რაც არსებობდა, ჩატარდა… თქვენ თუ დეტალურად გაინტერესებთ, მობრძანდით და გეტყვით. ღორჯომიდან მაქ როგორ აგიხსნათ? პედაგოგი მის გაკვეთილს რომ ჩაატარებს, სადაც უნდა იქ წავიდეს. ზოგს აღარ ჰქონდა გაკვეთილი და მე ხომ არ გამოვეკიდებოდი?“ – კითხულობს რეზო გორგაძე.
მერობის კანდიდატის წარდგენაზე დასწრებას გამორიცხავს ინგა კახაძეც, დიოკნისის სკოლის დირექტორის მოადგილე. მას კითხვის დასმა არც დასჭირდა. როგორც კი პარტიული შეხვედრა ვახსენეთ, კატეგორიულად გვითხრა, რომ არც თვითონ და არც რომელიმე პედაგოგი ამ შეხვედრას არ დასწრებია.
საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ავეჯისათვის სააგენტო 61 830-მდე ლარის დახარჯვას აპირებს.
სააგენტო აპირებს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით, 7 200 ლარად; კაბინეტის მაგიდები, ჟურნალის მაგიდა და კარადები – 19 900 ლარად; ოფისის ავეჯი (ტრანსპორტირებით და მონტაჟით) – 13 980 ლარად და სავარძლები [40 ცალი], საკონფერენციო მაგიდა და საკონფერენციო სკამები [სულ 50 ცალი] – 20 750 ლარად.
დასახელებული თანხები მითითებულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მიხედვით.
საპენსიო სააგენტომ ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით უკვე შეიძინა 15 ცალი მაგიდა [ტუმბოთი] და 2 ორადგილიანი მაგიდა ბარიერით, რისთვისაც ჯამში 5 750 ლარი დახარჯა, 19 სავარძელი – 4 332 ლარად და კიდევ ცალკე – 40 სავარძელი – 8650 ლარად.
სააგენტომ, ასევე ტენდერის გარეშე შეიძინა 17 კომპიუტერი 40 295 ლარად. როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტეს, ტენდერის გარეშე ამ ღირებულების ტექნიკის და ასევე, საჭირო ავეჯის შეძენის მიზეზი ის გახდა, რომ ახალ სააგენტოს მოკლე ხანში უნდა დაეწყო მუშაობა.
საპენსიო სააგენტოში ამჟამად 53 ადამიანი მუშაობს, მათგან შტატში – 46, ხოლო შტატგარეშედ – 7 თანამშრომელი. ამის გარდა, სააგენტოში ხუთი ვაკანტური ადგილია საინვესტიციო განყოფილებაში და უნდა დაკომპლექტდეს რისკის მენეჯმენტის ჯგუფი. „რაოდენობა მზარდია, საქმისდა მიხედვით“, – გვითხრეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
წელს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან 3 მილიონ 800 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 10 ათასიდან 15 ათასამდე ლარია.
„შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას,“ – აღნიშნა დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ. ხულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს.
„…შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას, განსაკუთრებით ხულოს, საქართველოს პარლამენტში. ყველა, ვინც თქვენს თვალწინ გამოვა, ასევე იქნება მათი თანამდგომი, ყველა საკითხში დამხმარე და ხელის შემშველებელი. შეიძლება ვერ გაწვდე ყველაფერს, მაგრამ საკითხი არ უნდა დარჩეს, რომ კონკრეტულ ადამიანთან არ მიხვიდე და არ გამოკითხო მისი აზრი. თუ რამე ჩვენ მიერ დანიშნულ ან არჩეულ ხელმძღვანელს აკლია ამ თვალსაზრისით, ყველას უნდა გადავხედოთ. ასეთი გადახედვა მოხდა უკვე ხულოს რაიონში,“ – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რამდენიმე დღის წინ, 3 აპრილს, TV „პირველმა“ „აჭარის დეპუტაციის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, არჩილ ხაბაძის სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამ ჩანაწერში არჩილ ხაბაძე გია ვოსლკისთან დაპირისპირებაზეც საუბრობს. „ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე,“ – ამბობს არჩილ ხაბაძე ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.
გია ვოლსკისთან ერთად ხულოს მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ წარადგინეს: პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
შუალედური არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ხულოს არჩეული მერი გაურკვეველ ვითარებაში გადადგა.
ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები სექტემბრიდან დაიწყება – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ტუროპერატორ „ტეზტურის“ წარმომადგენლები, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად, ამჟამად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან.
ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად, შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ესაუბრა.
ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს აჭარაში ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.
__________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, 10 აპრილს, ბათუმში მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ქუჩა ამ წუთებშიც [15:25] გადაკეტილი აქვთ ცალმხრივად. ადგილზე უკვე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.
საპროტესტო აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ ისინი ბარაკებში ცხოვრობენ, ბათუმის მერია ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები შავშეთის ქუჩაზე ე.წ. შანხაის დასახლებაში ცხოვრობენ. ისინი ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გზას მანამ არ გაათავისუფლებენ, სანამ მათთან ლაშა კომახიძე არ მივა.
“წინასაარჩევნოდ დაგვპირდნენ, ინვესტორს გიპოვითო. გავიდა დრო და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვითხოვთ, მერი მოვიდეს და მოგვცეს პირობა, რომ საცხოვრებლით დაგვაკმაყოფილებენ“, – აცხადებს აქციის მონაწილე ნაირა აბაშიძე.
აქციის მონაწილეებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმს განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა ამ დრომდე არ აქვს, გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში კი ქალაქმშენებლობის პროცესი ძირითადად მშენებელთა ინტერესების კარნახით მიმდინარეობს.
ქალაქი არის რესურსი, რომლის სიკეთეებიც თანასწორად უნდა გაინაწილოს ქალაქმაც და იმ ინვესტორებმაც, რომელთაც ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების განხორციელება სურთ, რადგან ურბანული ცხოვრების წესი სწორედ ქალაქის რესურსის თანასწორად გადანაწილებას მოითხოვს.
თუ თქვენ ბათუმში ცხოვრობთ და არ მოგწონთ როგორ ვითარდება ქალაქი, გაწუხებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქაოსური მშენებლობები, გამწვანებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობა და ა.შ., შეგიძლიათ ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიმართოთ, რომ თქვენი, ერთი მოქალაქის ხმა, უკეთ იქნეს გაგონილი და გათვალისწინებული.
ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას განიხილოს და დღის წესრიგში შეიტანოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი. საბჭო პლატფორმაა ყველასთვის, ვისაც სათქმელი აქვს: მოქალაქეებს, მენაშენეებს, მერიას, თვითმმართველობას თუ სამეცნიერო წრეებს.
მოქალაქეთა ჩართულობა რომ აუცილებელია, ამას ხაზი გაესვა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ NDI-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც, რომელსაც ბათუმის საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე, სხვადასხვა დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბათუმის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ორი ძირითადი საკითხი:
მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა ურბანული საკითხების გადაწყვეტის პროცესში
სამშენებლო პროცესზე ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება
სწორედ ამის გამო ბათუმის ურბანული განაშენიანების პროცესი ქაოტურად ვითარდება, რის შედეგსაც მეტნაკლებად ყველა ბათუმელი გრძნობს: ზოგიერთ სახლში მზის შუქი და ჰაერი აღარ შედის, მაღალსართულიანი მშენებლობების გამო, ზოგიერთ უბანს სკვერი და ბაღი არ აქვს… ამ პროცესში ყველა მხარეს პრეტენზიები აქვს: მენაშენეებს, მოქალაქეებს, თვითმმართველობასა და მერიასაც კი. უსისტემო ურბანული პროცესები ყველას აზარალებს, ყველას შეეხება, ამიტომაცაა აუცილებელი კონკრეტულ წესებზე შეთანხმება. სწორედ ამ შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.
„ხშირად არ ვიცით ვის მივმართოთ და სად ვისაუბროთ ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ. მრჩეველთა საბჭო ის ადგილია, სადაც ყველას ლეგიტიმურად გვაქვს პრობლემური საკითხების წამოჭრის უფლება“ – ამბობს ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დირექტორი. მისივე თქმით, მთავარია ყველა მოქალაქემ, დაინტერესებულმა პირმა გააცნობიეროს, რომ ცვლილებები თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, ამიტომაც საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ.
“სტუდია REC”-ის კვლევა,საზოგადოების დამოკიდებულება ურბანული პროცესების მიმართ.
„თუ სახლის წინ სკვერს გვინგრევენ, კაზინოს გვიშენებენ და მიგვაჩნია, რომ სკვერი უფრო გჭირდება, ამის თქმის ლეგიტიმაცია გვაქვს, არ უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლება ეტყვის ჩვენს სათქმელს დეველოპერს. პროცესში ჩვენვე უნდა ვიყოთ ჩართულები მაქსიმალურად. სწორედ ამას უზრუნველყოფს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. დღის წესრიგში დაყენებული საკითხების განსახილველად კი საბჭო საკრებულოს, მერიას, საკრებულოს კომისიებს მიმართავს“ – ამბობს ირმა ზოიძე.
მისივე თქმით, საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში ჩაერთვებიან ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო და აკადემიური წრეები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ის მზადაა არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, არამედ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვლევითი ლაბორატორიებიც ჩართოს ურბანული პოლიტიკის განსაზღვრაში.
ქალაქის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება გულისხმობს საჯარო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობასაც. საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია ონლაინ პლატფორმა marte.ge – ზე მოუყაროს თავი ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ საჯარო დოკუმენტებს, მენაშენეს მხრიდან მერიაში შეტანილი განაცხადიდან დაწყებული მშენებლობაზე გაცემულ ნებართვების ჩათვლით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება დოკუმენტების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უფლება.
მრჩეველთა საბჭოს ინტერნეტ პლატფორმა marte.geგულისხმობს ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებულ და სხვა ტიპის საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასაც, თუმცა საბჭოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული მასალების მაქსიმალური საჯაროობა.
ვისგანაა დაკომპლექტებული საკრებულოს მრჩეველთა საბჭო, როგორ მუშაობს და არიან თუ არა მისი წევრები მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი პირები? ამ კითხვებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი თეონა დიასამიძე პასუხობს:
„საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ბათუმის ცამეტი ტერიტორიული ერთეულის, ცამეტი უბნის ამდენივე დარბაზის ხელმძღვანელებს, რომლებიც მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობენ. (დარბაზები აერთიანებს ამხანაგობებსაც) დარბაზში ყველას შეუძლია მოსაზრებების დაფიქსირება და პრობლემების წამოჭრა.
საკრებულოს მრჩეველთა საბჭოში წარმოდგენილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი, ორი ჟურნალისტი და ბიზნესის ორი წარმომადგენელი – სულ 19 წევრი. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს კითხვები, პრეტენზიები და მოსაზრებები ქალაქში მიმდინარე მშენებლობების, ურბანული განვითარების შესახებ, შეუძლია ასევე მოგვწეროს პლატფორმაზე – marte.ge, რის შემდეგაც საბჭო საკითხებს საკრებულოს, კომიტეტების სხდომებზე გაიტანს. საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობა ეჭვს არ იწვევს, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიულ ერთეულებში ხალხის მიერ არიან არჩეულები“ – ამბობს თეონა დიასამიძე.
თუ კი მრჩეველთა საბჭოს ვებგვერდს – marte.ge – გაეცნობით, ნახავთ, რომ საბჭოს თქვენი იდეები და ინიციატივები ელექტრონულადაც შეგიძლიათ მიაწოდოთ. საბჭო თქვენს იდეას, ბათუმის საკრებულოს, მერიას და მათთან არსებულ საბჭოებს წარუდგენს.
ბათუმის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად არასამთავრობო ორგანიზაცია Studio Rec – მა კვლევის შედეგად სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
Studio Rec – ის რეკომენდაციები მოიცავს ქალაქის გენერალური გეგმის აუცილებლობის, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების ეფექტურად გამოყენების, ზონირებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურ გამჭვირვალობასთან და ქალაქმშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
[checklist]
Studio Rec – ის ურბანულ თემატიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
[/checklist]
ბათუმში მიმდინარე ურბანული პროცესებით დაინტერესებული პირებისთვის 16 აპრილს იმართება NDI-ის შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პანელდისკუსიის მთავარი თემა იქნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ბათუმის ურბანული პოლიტიკის განვითარებაში.
შეხვედრა გაიმართება 16 აპრილს, 11 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. (მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. #35/32)
“სტუდია REC”-ის კვლევა,საზოგადოების დამოკიდებულება ურბანული პროცესების მიმართ.
ბათუმის მერიასთან „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მენაშენეებმა დღეს, 10 აპრილს, აქცია გამართეს. მენაშენეთა ადვოკატის ირინე ჯობაძის განცხადებით, მენაშენეები ითხოვენ ქალაქის მერიისგან მშენებარე სახლის დემონტაჟის შეჩერებას, ხოლო მთავარი პროკურატურისგან – დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით. ადვოკატის თქმით, ბათუმში „სვეტის“ მენაშენეების რაოდენობა 300-ს აღწევს, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, თავად კი, ამ დროისთვის, 32 პირის უფლებას იცავს.
„ჩვენ მოვიპოვეთ რიგი დოკუმენტები, მტკიცებულებები, რომლებმაც და შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახეს, რომ ადგილი აქვს კარგად მოფიქრებულ და ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას „სვეტი ჯგუფის“ მხრიდან. კომპანიას ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ხელი შეუწყეს ბათუმის თვითმმართველობის ორგანოდან იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა, რის შედეგადაც „სვეტი ჯგუფმა“ მიითვისა ასობით ადამიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – ასი ათასობით ლარი“, – გვითხრა ირინე ჯობაძემ.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ შეუძლია ვინმე კონკრეტული პირის დასახელება, სვეტის მენაშენეების ადვოკატმა თქვა: „უტყუარი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ახლა ველოდები მერიიდან ოფიციალურ დოკუმენტებს. შევისწავლით და შემდეგ დავასახელებთ მათ ვინაობას“.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით: „კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებული არიან თბილისის ეპიზოდზე. ბათუმის ეპიზოდზე კი მენაშენეები დღეს სამართალდამცავების მხრიდან მხოლოდ დაკითხულები არიან და ამ მხრივ პროკურატურა დუმს. გამოძიება უნდა წარიმართოს ეფექტურად და ვფიქრობთ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის მაღალჩინოსნები, ვინც ხელი შეუწყო ამ დანაშაულებრივ ქმედებებს“.
ადვოკატის თქმით, მენაშენეებისთვის არავის უცნობებია იმის შესახებ, რომ მშენებლობა უკანონოდ, პროექტის გარეშე მიმდინარეობდა და არც ის, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ. „ვითხოვთ, მიღებული იქნეს დადგენილება დემონტაჟის შეჩერების შესახებ. თუ უკვე აშენებული 6 სართული დაინგრევა, ეს ისედაც გამწარებული ხალხი საერთოდ ყოველგვარი იმედის გარეშე დარჩება. ვთხოვთ მთავრობასაც, დაეხმარონ ამ ადამიანებს“, – ამბობს ირინე ჯობაძე.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სვეტთან“ დაკავშირებით უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ მერიამ გადაწყვეტილება 2017 წლის 25 ოქტომბერს მიიღო, ხოლო აღსრულებას საქმე გადაეცა 2018 წლის 14 მარტს.
„მანამდე მშენებელი კომპანია სამჯერ დაჯარიმდა სამუშაოების შეუჩერებლობაზე. ასევე ორჯერ დაჯარიმდა დემონტაჟის ნებაყოფლობით შეუსრულებლობაზე“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
„დემონტაჟის შეჩერება შესაძლოა გაუქმდეს გასაჩივრების, ან ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში. კომპანიას მხოლოდ ხიმინჯების მოწყობაზე ჰქონდა ნებართვა. გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დადგენილების ჩაბარების მომენტიდან. ამ შემთხვევაში დადგენილება ,,სვეტს” ჩაბარდა კანონით დადგენილ ვადაში. რაც შეეხება ბინის მფლობელებს [მენაშენეებს], მათი თქმით, დადგენილების არსებობის შესახებ მათთვის უცნობი იყო [ანუ შეუძლიათ გასაჩივრება]“ – განმარტავენ ბათუმის მერიაში.
რეესტრის ბოლო ამონაწერით, ტერიტორია 5003 კვ/მ, სადაც „სვეტის“ მშენებარე კორპუსი დგას, კვლავ შპს „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაშია.
ბათუმში მშენებარე კორპუსში, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „სვეტის“ მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინები უნდა მიეღოთ ასევე ცნობილ სპორტსმენებს. მათ შორის ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ამირან პაპინაშვილს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.
———-
ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია ზღვის პირას, თამარის დასახლებაში – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს იყიდა და „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა დააანონსა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 3 ოქტომბერს, როცა ამ ადგილზე შენობის 6 სართული აშენებული იყო, თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დააკავა.
მათ დაკავებამდე, 2018 წლის ივნისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „სვეტი“ წილებს ასხვისებდა. თბილისში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ოფისში დაზარალებულმა მენაშენეებმა დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
ხელშეკრულება წილის დათმობაზე „სვეტსა“ და გივი წულეისკირს შორის გაფორმდა 2018 წლის მაისში. ამ ხელშეკრულებით, „სვეტი“ 100% წილს თმობს უსასყიდლოდ და კომპანიის ვალდებულებების შესრულების პირობით. სამომავლო ხელშეკრულება კი უნდა დადებულიყო მას შემდეგ, რაც წილის შემძენი შეამოწმებდა „სვეტისა“ და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსურ-სამართლებრივ მდგომარეობას და შეისწავლიდა რისკებს.
2018 წლის 12 ივლისს, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემაზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან რეესტრში, წულეისკირის მიერ არ იქნა წარდგენილი „სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება წილის მიმღებ პირს აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სასახლე „კაისა“ და მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 30 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა გაშენებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ 2016 წლის აპრილში მიჰყიდა. „ჰესტოკ ბათუმმა“ ქონება თანხის გადახდამდე იპოთეკით დატვირთა.
2018 წლის 11 მარტს „ჰესტოკ ბათუმში“ გვითხრეს, რომ „სვეტი ჯგუფმა“ თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ ქონების გარკვეული ნაწილი უკან დაიბრუნეს. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო თანხა 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, „სვეტი ჯგუფმა“ კი აქედან მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის მიხედვით,„სვეტი ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე არა 30 000 კვ/მ-მდე, არამედ, მხოლოდ 5 003 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელზედაც მშენებარე კორპუსი დგას.
ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კი კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. „ორბი ბიზნესცენტრსა“ და „არგო ანურიას“ [„ჰესტოკ ბათუმის“ შვილობილ კომპანიას] შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა.
„სვეტის“ მენაშენეთა აქცია ბათუმის მერიასთან / 10.04.2019„სვეტის“ მენაშენეთა აქცია ბათუმის მერიასთან / 10.04.2019
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.
ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. დაუყოვნებლივ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.
გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ მუსლიმ თემს მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მეჩეთის აგებასთან დაკავშირებულ პროცესს აჭიანურებს როგორც მერია, ისე სასამართლო. მუსლიმი თემი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეყოვნდა ბათუმის სასამართლოსთან. დღეს, 10 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მეჩეთის მშენებლობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, პროცესს ნუ აჭიანურებენ,” – ამბობს ასლან აბაშიძე.
რატომ არ მივიდა სასამართლოში მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე? – “ბათუმელებს” ამ კითხვაზე ასლან აბაშიძემ მოკლედ გვიპასუხა:
“ეს თავად მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი”.
ასლან აბაშიძემ ასევე გვითხრა, რომ აქცია სასამართლოსთან მისი ორგანიზებული არ ყოფილა.
“ეს არის საზოგადოების აქცია, საინიციატივო ჯგუფის… მე სურვილი მქონდა და შევუერთდი,” – აღნიშნა ასლან აბაშიძემ.
მუსლიმ თემს სიტყვით ტარიელ ნაკაიძემაც მიმართა. ის სასამართლოს დღევანდელი პროცესით კმაყოფილია.
ტარიელ ნაკაიძე ასევე განმარტავს, რომ შეკრება სასამართლოსთან აქცია არ ყოფილა.
“აქ შეიკრიბა მუსლიმი თემი, რადგან აინტერესებდათ სასამართლო პროცესი,” – დასძინა მან.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმი თემის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მუსლიმების მოპასუხე მხარე ბათუმის მერიაა. სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტმა უთხრა უარი მეჩეთის პროექტზე ქართველ მუსლიმებს.
დასავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები არ დათანხმდებიან მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ტესტის ჩატარების გარეშე დაკრძალვას. თემურ გორგაძე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვას გუშინაც გამოეხმაურა და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ამ სამარხში მუსლიმებიც იქნებოდნენ, საქმის კურსში არ ჩააყენეს არც ერთი მუსლიმური დაწესებულება. (მაგალითად, მუსლიმთა სამმართველო)“.
თემურ გორგაძე თავის ვრცელ წერილში პუნქტობრივად აყალიბებს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ: „ვაცხადებთ, რომ თუკი ტექნიკური ან სხვა რაიმე მიზეზით, შეუძლებელია ცხედრების იდენტიფიცირება, მაშინ მოხდეს შეთანხმება სავარაუდო მემკვიდრეებთან და შემდეგ გაკეთდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე “საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა სასაფლაო-მემორიალი“.
ცხედრები დასაფლავდნენ სამოქალაქო წესით და აღნიშნულ “სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს არც ერთი რელიგიის ატრიბუტიკა და არ ჩატარდეს არც ერთი რელიგიის რიტუალი“.
თემურ გორგაძემ დღეს, 10 აპრილს, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს მოთხოვნა არ შეიცვლება. „დნმ-ის გარეშე დაკრძალვა გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი პროცესები არ წავა“, – ამბობს ის.
მუფთის მრჩევლის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ამაზე თანახმა არიან როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, რომ ჩატარდეს ნეშტების დნმ-ის ანალიზი და დახვრეტილი ადამიანების შთამომავლებს შესაძლებლობა მიეცეთ, თავიანთი წინაპარი ისე დაკრძალონ, როგორც მათ სურთ.
„მე გავარკვიე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაძლებელია დნმ-ის ტესტის ჩატარება. არა მგონია, სახელმწიფო ასეთი სულელი გამოდგეს, რომ ადამიანებს თავიანთი წინაპრების ნეშტი წაართვას. თუ ამას არ გააკეთებენ, ვიცი, რომ კარგი რამ არ მოხდება“, – ამბობს თემურ გორგაძე.
ქართველ მუსლიმთა კავშირმა ხვალ, 11 აპრილს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დააანონსა. განცხადების მიხედვით, ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას მოსაზრება ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირდებით რა ნაბიჯები უნდა გაიდგას, შეუძლია შეხვედრაზე მივიდეს.
„მე, პირადად, ყველგან მივალ, სადაც საჭიროდ ჩავთვლი. მუსლიმთა სამმართველოში მოდიან ის ადამიანები, ვისაც ბაბუა დაუხვრიტეს 37-იან წლებში, უკვე 50-მდე განცხადებაა შემოსული. ამ ბაზებს იმიტომ ვქმნით, რომ როცა გაირკვევა ნამდვილად არიან თუ არა ის ადამიანები საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი პირები, შეძლონ თავიანთი წინაპრების ნეშტის დაკრძალვა“, – ამბობს თემურ გორგაძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იცის იმ 600-კაციანი სიის შესახებ, რომელიც 37 წელში დახვრეტილ ადამიანებთან დაკავშირებით ვრცელდება, თემურ გორგაძე ამბობს, რომ ეს სია, სავარაუდოდ, უშიშროების არქივებიდან უნდა იყოს გამოთხოვილი.
„რამაზ სურმანიძეს აქვს თავის ერთ-ერთ წიგნში ეს სია გამოქვეყნებული და როგორც იქ წერია, სია გამოთხოვილია უშიშროების არქივებიდან. მასობრივ სამარხში 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, სია არის უფრო ვრცელი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დნმ-ის გაკეთება, რომ დადგინდეს, ვინ არიან დახვრეტილები და რა პერიოდში“, – ამბობს გორგაძე.
მასობრივი სამარხების შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 აპრილს გავრცელდა. მასობრივ სამარხში 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. არის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს ნეშტები სტალინის რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანებისაა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, მასობრივ სამარხთან დაკავშირებით.
საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სოვლაბი მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს:
უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს, ისარგებლონ ამ ინფორმაციით.
თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს, შეისწავლონ ნაშთები.
თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ფაქტს სამართლებრივი ჩარჩო – აღძრას საქმე, ჩაატაროს გამოძიება დადგენილი წესით და უზრუნველყოს პროცესის დოკუმენტირება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, მტკიცება – რომ ეს 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საერთო სამარხებია, ნაადრევი და დაუსაბუთებელია“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 აპრილს გავრცელდა.
2019 წლის 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამგაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ მან ბათუმთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი იპოვა. დაანონსებულია ნეშტების იმავე ადგილას დაკრძალვა 21 აპრილს.
„ამ დრომდე (როცა გათხრების დაწყების მომენტიდან რამდენიმე წელია გასული) გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მასალები და საერთო დასკვნები. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე.
რადგან მსგავსი მასალები აქამდე არ გამოჩენილა, მოქალაქეებს და საკითხით დაინტერესებულ პირებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს მხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალებით შეგვიძლია მსჯელობა. თავს იჩენს კითხვები (ნეშტებზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, აღმოჩენილი ნივთების რაობა და ა.შ. რაც ვიზუალური დაკვირვებით განსხვავდება მასობრივი დახვრეტის სურათისაგან და დასახელებული პერიოდისაგან), რომლებიც საფუძვლიან და სანდო პასუხებს საჭიროებენ, რომ საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ნაშთებთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია გავრცელებული დასკვნა“.
_________
მთავარ ფოტოზე: სამარხიდან ამოღებული ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო
“ვიცი, სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ხვალ დილიდან მეჩეთის მშენებლობას ვიწყებთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ერთ-ერთმა მუსლიმმა მიმართა და თან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე” არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტების კანონიერების და დისკრიმინაციულობის დადგენაა, რითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აგებაზე უარი უთხრეს.
დარბაზში რეპლიკები მას შემდეგ გაჩნდა, როცა ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ დისკრიმინაციულობა ასე გამორიცხა:
“მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იმ ზონაში 7 საკულტო ნაგებობაა, მაგრამ არც ერთს არ აქვს მშენებლობის ნებართვა. თქვენ ვერ დამისახელებთ შემთხვევას, როცა რომელიმე საკულტო ნაგებობაზე იმ ზონაში მერიამ მისცა რომელიმე რელიგიურ კონფესიას ნებართვა,” – აღნიშნა ვახტანგ გედენიძემ.
“კანონი რამე აღარ ყოფილა”, “რაღას გვალაპარაკებთ მაშინ ამდენს?” – წამოიძახეს დარბაზიდან. მოსამართლემ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მოსამართლეს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემაც მიმართა:
“მე გაჩვენებთ დოკუმენტს – მერიას არც ერთი ეს საკულტო ნაგებობა უნებართვო მშენებლობის გამო არ დაუჯარიმებია,” – თქვა მან.
“მაჩვენეთ,” – მოკლედ მიუგო მას მოსამართლემ.
მერიის იურისტმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზონალურმა საბჭომ თქვა უარი ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე და ამ დასკვნას დაეყრდნო ბათუმის მერი.
“მართალია, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინება სავალდებულო არ არის, მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ გვქონია, რომ ზონალურ საბჭოს არ დათანხმებოდა მერი… იქ არიან კომპეტენტური ადამიანები და მერი მათ დასკვნას ითვალისწინებს,” – აღნიშნა ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.
ბათუმის მერიის იურისტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე თქვა, რომ მორიგ სხდომაზე მერია ზონალური საბჭოს წევრების მოწმეების სახით დაკითხვას მოითხოვს.
“მათი პოზიცია იქნება საინტერესო,” – დასძინა იურისტმა.
განხილვის პროცესში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საკუთარი ინიციატივით დაიბარა იურისტები და გაესაუბრა, რომლის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.
“მოსამართლემ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა მოლაპარაკების რესურსის გამოყენება… ჩვენ ვუთხარით, რომ დღესვე გვინდა მორიგი სხდომის თარიღი ჩაინიშნოს,” – გვითხრა თამთა მიქელაძემ, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია “ტოლერანტონტობის ინსტიტუტთან” ერთად სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.
სხდომის გაგრძელების შემდეგ მოსამართლემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ შესაძლოა მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგეს.
“სასამართლოსაც ჰქონდა შეკითხვები, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ… ბევრი აღარ დარჩა გასავლელი,” – მიმართა მხარეებს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
დარბაზის დატოვებამდე მოსამართლემ მორიგი სხდომის თარიღიც დააანონსა – 22 მაისი.
“მაისიო” – წამოიძახეს დარბაზიდან.
“დარბაზში ხომაა ყველაფერი გასაგები?” – შეყოვნდა მოსამართლე.
“კი, ხელი მოაწერონ და დასრულდება დავა,” – უთხრეს დარბაზიდან მოსამართლეს.
_____
დღეს, 10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუსლიმი თემის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. 26 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მუსლიმებს უარი უთხრა მეჩეთის პროექტის დამტკიცებაზე. ეს ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის დროს მოხდა. მოქმედმა მერმა მუსლიმებთა მოლაპარაკების დაწყების მოტივით სასამართლოს სთხოვა პროცესის გადადება. ამ თხოვნის შემდეგ რვა თვე გავიდა, მაგრამ მოქმედი მერი, ლაშა კომახიძე, მუსლიმებს არც ერთხელ არ შეხვედრია. ამის მიუხედავად გუშინ, 9 აპრილს, მან განაცხადა, რომ მოლაპარაკების რესურსი ისევ არსებობს.
მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებას. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. სახელმწიფომ მათ მიწა არ გამოუყო. შემდეგ, წლების განმავლობაში, მუსლიმი თემი თავად აგროვებდა თანხას და 2017 წელს მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა მათ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.
მეჩეთისთვის ნაყიდ ტერიტორიაზე თავად თემმა ფიცრული ააშენა, სადაც უკვე ორი წელია ლოცულობენ მუსლიმები.
დღემდე ბათუმში ერთი მეჩეთი ფუნქციონირებს. მორწმუნეებს კი, პარასკევის ლოცვის შესრულება ქუჩაში უწევთ.
ბათუმში 38 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს.
მთავარი ფოტო: მუსლიმები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის აპრილში ბათუმის მერიამ კვლევის და დასაბუთების გარეშე ამოიღო აღნიშნული ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონიდან. ამას დაემატა საკრებულოს მიერ გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო დავალება, რომელიც არ ითვალისწინებს ისტორიული ზონის ძირითად მახასიათებლებსა და რეგლამენტს.
არსებული პრობლემა კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც პროფესიონალთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრება – რივიერას კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონიდან არასამართლიანი ამოღების შესახებ, გაიზიარა საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ: ამა წლის 15 თებერვალს, ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილეს ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ბათუმის ისტორიული ზონების საზღვრების დადგენის შესახებ.
საკითხის განხილვის შემდეგ, მერიას გაეგზავნა რეკომენდაცია „იმ ტერიტორიის სენსიტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით“, რომელიც ამოღებულია პროექტის კორექტირებულ ვერსიაში; ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის უქონლობის გამო, უარი ეთქვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების კორექტირებულ ვერსიას. ამასთან, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა განაგრძოს კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროცედურა, შპს. „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების გაცემის შემდეგ, ვითარება შეიცვალა: გაჩნდა ახალი გარემოებები, კერძოდ, სპეციალისტებმა, დარგის ექსპერტებმა და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის გამტარებელმა ინსტიტუციებმა, ცალსახად დააფიქსირეს რივიერას კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. ეს, ფაქტობრივად, გამორიცხავს ამ უკანასკნელისთვის სტატუსის შეცვლას.
ჩვენ ველოდებით, რომ მერია უმოკლეს ვადებში ხელახლა წარადგენს ეროვნულ სააგენტოში ამ დოკუმენტს დასამტკიცებლად. მანამდე დაუშვებელია განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა, რადგან ტერიტორიის სტატუსი განსაზღვრავს შესაძლო განაშენიანების პარამეტრებსა და ხასიათს.
რივიერას ტერიტორიის მოქცევა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არარელევანტურს ხდის „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ მომზადებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რივიერას ტერიტორია არასდროს ყოფილა სადაო და ის 1987 წლიდან მოიაზრება ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონის ნაწილად. შესაბამისად, დავა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარეობს არა ტერიტორიის ღირებულების თაობაზე, არამედ ღირებული ისტორიული ქსოვილის დამცავი ზონიდან ამოღებაზე.
შესაბამისად, ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში არსებულ ტერიტორიაზე გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან მშენებლობის ნებართვა, მიჩნეული იქნება უკანონოდ და შეფასდება, როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევად. ფაქტია, რომ გაცემული გრგ არ ითვალისწინებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და რეგლამენტს.
ჩვენ ამის დამტკიცებას ვაპირებთ სასამართლოს გზით. ბატონო მერო, წესით, თქვენთვის ამის შესახებ ისედაც ცნობილი უნდა იყოს.
და ბოლოს, ჩვენი მოთხოვნები ეფუძნება „კულტურული მემკვდრეობის შესახებ“ კანონს, კერძოდ, 37-ე მუხლს, რომლის მიხედვით:
„ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიული გარემოს დაგეგმარების, განაშენიანების, ლანდშაფტის შენარჩუნება“.
„საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. შენობა ორგანულად უნდა ერწყმოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებს და გარემოს, არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.“
„იმ ტერიტორიებზე, სადაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე დასტურდება არა უმეტეს 50 წლის წინ მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე არქიტექტურული ობიექტის არსებობა, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო კვლევის საფუძველზე დამუშავებული, ამ ობიექტის პროექტთან მაქსიმალურად მიახლოებული პროექტით.“
იგივე კანონის “ კანონის 42-ე მუხლის მიხედვით კი:
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გთხოვთ, იმოქმედოთ კანონისა და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და არ განიხილოთ წარმოდგენილი გეგმარებითი დავალება, ასევე უმოკლეს ვადაში წარადგინეთ ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის პირველადი ვერსია საკრებულოში განსახილველად.„ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას“.
ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე არ შემდგარა.
„ამ დავას მერია ვერ გაექცევა. შესაბამისად, გაჭიანურების მიზანი მერიას არ გააჩნია,“ – თქვა ვახტანგ გედენიძემ, ბათუმის მერიის იურისტმა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“.
მერიის წარმომადგენელს კითხვით მიმართა ნოდარ პაქსაძემ მუსლიმი თემიდან:
„უარი რაც გვითხრა მერიამ, 26 თვე გავიდა. ერთხელ მაინც შეგვხვდით? დაგველაპარაკეთ? ჩვენ უარი გია ერმაკოვმა გვითხრა. ახლა ლაშა კომახიძეა და ისიც წავა. მერე ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? ვის ველაპარაკოთ? ბატონო მოსამართლევ, ეს საკითხი ჩვენთვის ღირსების საქმეა“.
ამ გამოსვლის შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დაასრულა ნახევარსაათიანი მსჯელობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. ახლა მან უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და მხარეთა პოზიციებს ისმენს.
ვიდრე მერიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლე უარს იტყოდა, მან მუსლიმი თემის დამცველ იურისტებს მიმართა:
„ამ დავის უკან დგას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და არა მხოლოდ თქვენი, იურისტების წარმატება, რომ საქმე მოგებით დაასრულოთ,” – აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლემ და მერიის იურისტმა ასევე გადაწყვიტეს, რომ მშენებლობის ნებართვის პროცედურების განმარტება გაეკეთებინათ დარბაზისთვის.
„გასაჩივრებულია მხოლოდ მშენებლობის პირველი ეტაპის უარი, რაც უკავშირდება მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნით გამოყენებას… არსებობს მეორე და მესამე ეტაპი,” – თქვა მოსამართლემ. მან თავისი გამოსვლა იმის ხაზგასმით დაასრულა, რომ სარჩელი რომც დააკმაყოფილოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნება.
სასამართლო განხილვა გრძელდება. მუსლიმი თემის ნაწილი განხილვას ვერ ესწრება, რადგან დარბაზში ყველა ადგილი დაკავებულია.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ არ გაიმართა სასამართლო სხდომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სასამართლოს ეს მიდგომა საქმის გაჭიანურებად შეაფასა “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა”.
ბოლო სხდომა „ბათუმში მეჩეთის აშენების საქმეზე“ 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა დღემდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.
მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვაახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.
____
მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებას. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. სახელმწიფომ მათ მიწა არ გამოუყო. შემდეგ, წლების განმავლობაში, მუსლიმი თემი თავად აგროვებდა თანხას და 2017 წელს მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა მათ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.
მეჩეთისთვის ნაყიდ ტერიტორიაზე თავად თემმა ფიცრული ააშენა, სადაც უკვე ორი წელია ლოცულობენ მუსლიმები.
დღემდე ბათუმში ერთი მეჩეთი ფუნქციონირებს. მორწმუნეებს კი, პარასკევის ლოცვის შესრულება ქუჩაში უწევთ.
ბათუმის მერია სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ აფიშას აქვეყნებს. „ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება და აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა.
მერიის ცნობით, ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12-დან, 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება:
[checklist]
დამეგობრებული ქალაქების კუთხე
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
საბავშვო კუთხე
სპორტული ღონისძიებები
კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა
წიგნების კუთხე
ფრანების შოუ
თითების თეატრი
[/checklist]
საზაფხულო თეატრის წინ, სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: Asea Sool, Melomaniakk, Cherry Band, Four Seasons, Two x Two, Black Sea, ირაკლი ფაღავა, Free space, ბენდი „კონიაკი“, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, იაგო დევაძე, Lasha Guruli, Benja, The Young Georgian Lolitaz.
[checklist]
19:00 საათი – მიუზიკლი Welcome To Georgia
21:00 საათი – გალაკონცერტი კოლონადებთან
[/checklist]
გალაკონცერტში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.
მერიის ცნობით, „ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მთავარი შენობის მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. გარდა ამისა, გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.
„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება.
„ბათუმობა“ ბოლო დრომდე სექტემბერში იმართებოდა, თუმცა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებითამიერიდან „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება. თარიღი უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. ბათუმს ქალაქის სტატუსი 1888 წლის 28 აპრილს მიენიჭა.
კომპანია Bridge to Germany იმ ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით – მკურნალობით, ასევე რეაბილიტაციითა და პრევენციული კვლევებით.
მიუნხენში 2012 წელს დაარსებული კომპანია საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამედიცინო ვიზიტების უმოკლეს ვადაში სწრაფ კვალიფიციურ დაგეგმვას უზრუნველყოფს.
კომპანიის წარმომადგენლების დახმარებით პაციენტებს უმოკლეს დროში ევროპაში უკონკურენტო, უმაღლესი ხარისხის გერმანული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. მომსახურება, პირველ რიგში, გერმანიაში ვიზიტების დაგეგმვას, დიაგნოსტიკას და უახლესი მეთოდებით მკურნალობას გულისხმობს.
პაციენტებს, რომლებიც კომპანია Bridge to Germany– ს დახმარებით მიემგზავრებიან გერმანიაში სამკურნალოდ, ეხსნებათ ნებისმიერი ბარიერი – კომპანია უზრუნველყოფს გამოცდილ და მოწინავე პროფესორებთან უშუალო კონტაქტს, თარჯიმნისა და მძღოლის მომსახურებას, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარებას, რაც პაციენტს შესაძლოა სამედიცინო ვიზიტისას დასჭირდეს. კომპანიის დახმარებით პაციენტებს გარანტირებული აქვთ ევროპაში უკონკურენტო, უმაღლესი ხარისხის გერმანული სამედიცინო მომსახურება.
7-წლიანი არსებობის განმავლობაში კომპანია საქართველოს არაერთ მოქალაქეს დაეხმარა, რის შედეგადაც გერმანიაში ჩასული პაციენტები გადაურჩნენ უსარგებლოდ დაგეგმილ ოპერაციებს, არასწორად დასმულ დიაგნოზს და დაენიშნათ სწორი მკურნალობა.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანიის დახმარებით, გერმანული ფონდების მიერ დაფინანსდა არაერთი ბავშვი, რომლებსაც გერმანიაში რთული და გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდათ.
თბილისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, ახალციხე, აფხაზეთი – Bridge to Germany-ს პაციენტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიმართავენ და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
გერმანული მედიცინის ხარისხი და მკურნალობის ფასი
გერმანული მედიცინის მიღწევებისა და მკურნალობის შედეგების გამო, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდგომ, გერმანია განსაკუთრებით პოპულარულია პაციენტებს შორის. ბევრმა პაციენტმა, რომლებიც მანამდე სამედიცინო მომსახურებით თურქეთში სარგებლობდნენ, გერმანიას მიაშურა.
გერმანულ კლინიკებთან კომპანია Bridge to Germany-ს შუამდგომლობისას ფასები მაქსიმალურად გამჭვირვალე და წინასწარ არის ცნობილი. მომსახურების ზუსტი ფასის შესახებ პაციენტებს Bridge to Germany კონსულტაციას უფასოდ უწევს.
Bridge to Germany-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ საქართველოდან ხშირად მიმართავენ სიმსივნით დაავადებული პაციენტები, რომელთა რაოდენობამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ასევე, ხშირად უწევს კომპანია დახმარებას ორთოპედიული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებს.
მნიშვნელოვანი მიმართულებებია: ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია და ოფთალმოლოგია. კომპანიას ხშირად მიმართავენ ბავშვების მშობლები ოპერაციების დასაგეგმად და დიაგნოზის გადასამოწმებლად ნეიროქირურგიული, ორთოპედიული თუ უროლოგიური პრობლემებისას.
ექვსი წლის კომპანიისადმი ნდობის მაღალ ხარისხზე პაციენტთა ყოველწლიურად გაზრდილი რაოდენობა და მათი დადებითი, მადლიერებით სავსე გამოხმაურებები მეტყველებს.
კომპანიაBridge to Germany– პრევენციული გამოკვლევები ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი წინაპირობაა
იმისთვის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან ავირიდოთ, Bridge to Germany-ის წარმომადგენლები გვირჩევენ, აუცილებელ პრევენციულ გამოკვლევებს, ქალბატონებს – ვიზიტს გინეკოლოგსა და მამოლოგთან. მამაკაცებისთვის კი მნიშვნელოვანია პროსტატისა და ნაწლავის პერიოდული გამოკვლევები.
ამ მარტივმა პროცედურებმა შესაძლოა გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე და უკურნებელი დაავადების განვითარებისგან გვიხსნას. დროული დიაგნოსტიკის წყალობით თანამედროვე სამყაროში ბევრი რთული დაავადებისგანაა შესაძლებელი თავის დაღწევა.
კომპანია Bridge to Germany– სთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი.
ვაიბერისა და ვოთსაფის მეშვეობით უფასოდ დასაკავშირებლად დარეკეთ გერმანულ ნომერზე:
„სტაჟირებაზე არ მივლია, არაფერი უსწავლებიათ, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სამთვიანი სტაჟირების გავლის დასტურად“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა.
სევინჯმა 1+4 პროგრამით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომელიც (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვისაა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და, შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
სტაჟირების პროგრამის მიზანი კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. წარმატებული აპლიკანტები სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გადიან სტაჟირებას.
პროგრამის დეტალურ აღწერაში აღნიშნულია, რომ მიმღებ ორგანიზაციაში, ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, წარმატებული სტაჟიორი შესაძლოა განიხილებოდეს დასაქმების კანდიდატად.
პირველ, 2017 წელს პროგრამაში ჩართული 65 სტაჟიორისგან მხოლოდ 1 დასაქმდა.
„რუსთავის ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მიმიღეს სტაჟიორად. წესით, სამ თვეში რაღაც ცოდნა უნდა დამეგროვებინა, იმაში მაინც უნდა გავრკვეულიყავი, როგორ მუშაობდა ეს სტრუქტურა, მაგრამ ორი კვირაც არ მივლია. ყურადღებას არავინ მაქცევდა, პირველი მისვლისას დაგვხვდა მიმღებში ერთი ქალი, რომელსაც მიგვაბარეს და მერე აღარც გვინახავს. არაფერი მისწავლია. ვიჯექი კანცელარიაში პირველ სართულზე. ინსტანციებში რა ხდებოდა, არავინ გვახედებდა“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა. მისი თქმით, სტაჟირებამ მას არაფერი მისცა და ამიტომაც იარა მხოლოდ ორი კვირა თბილისიდან რუსთავამდე.
პროგრამის კონცეფციის მიხედვით, სტაჟიორებისთვის გზის ფულიც უნდა აენაზღაურებინათ, მაგრამ სევინჯი ამბობს, რომ მისთვის ეს დანახარჯი არავის აუნაზღაურებია.
პროგრამის აღწერაში კი წერია, რომ საქართველოს გაეროს ასოციაცია (5000 აშშ დოლარის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში) სტაჟიორს აუნაზღაურებს სხვა რეგიონში საცხოვრებელ და ტრანსპორტირების ხარჯებს.
სტაჟირების პროგრამის ნაკლოვანებებზე საუბრობს ელმადდინ მამედოვიც – ამავე პროგრამის 2017 წლის მონაწილე. ელმადდინს, წესით, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უნდა გაევლო სტაჟირება 2017 წლის მაისიდან აგვისტომდე. თუმცა სევინჯ გუმბათოვას მსგავსად მანაც უშედეგოდ მიიჩნია სტაჟირება სამინისტროში.
„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ანალიტიკური საკითხების დეპარტამენტში გამანაწილეს სტაჟირებაზე. სტაჟიორები დეპარტამენტის მთავარ ანალიტიკოსს მიგვამაგრეს, რომელმაც გვითხრა, რომ დასაწყისისთვის მათი ვებგვერდი უნდა შეგვესწავლა. ერთადერთხელ ვნახეთ ეს ქალი, სულ შეხვედრებზე იყო. ამ სტაჟირებაზე ერთადერთი რამ ვისწავლე: სამინისტროები საქართველოში არაფერს აკეთებენ. ყურადღებას არავინ გვაქცევდა. დროის უქმად კარგვა არ მინდოდა და მალევე შევწყვიტე ფორმალურ სტაჟირებაზე სიარული. არავის მოვუკითხივართ, რატომ არ დავდიოდით, როგორ მიდიოდა საქმე და ა.შ. სტაჟირების ეს პროგრამა ფორმალური იყო 2017 წელს. ამ პროგრამის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოს ნამდვილი და გულწრფელი სურვილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რეალური ინტეგრაცია და დასაქმება. ახლა როგორ მუშაობს ეს პროგრამა, არ ვიცი“, – ამბობს ყოფილი სტაჟიორი.
ელმადდინ მამედოვის თქმით, ის თავიდანვე აცხადებდა პროტესტს პროგრამის ხარვეზებზე და რადიო მარნეულის კორესპონდენტსაც ესაუბრა პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც სტაჟირების დახურულ ჯგუფში კოორდინატორისგან საყვედური მიიღო. მას პასუხი მოსთხოვეს მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო.
„ამ საყვედურებს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავისუფალი ადამიანი ვარ, თუ რამეზე პროტესტი მაქვს, ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, ვინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე?“ – ამბობს ელმადდინ მამედოვი. – „ცხადზე ცხადია, რომ ეს იყო ფორმალური სტაჟირება, თუმცა არ ვიცი ახლა როგორაა, იმედია რამე შეიცვალა“.
სტაჟირების პროგრამა (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის წელსაც გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება გუშინ, 8 აპრილს დაასრულა.
სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონცეფცია მომზადდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში და 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები.
„თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო, მე-20 საუკუნის ბოლომდე, ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლისაა. ამრიგად, ინეგოლი ის ოაზისია, სადაც შენახულია უძველესი აჭარული სიმღერები და ცეკვები, რომელთაც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების დიდი პოტენციალი აქვთ“, – ინფორმაციას ღონისძიების შესახებ ფონდი „ქართული გალობა“ ავრცელებს.
საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
2017 წლის აპრილში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაამტკიცა, რომელსაც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ეზრუნა. ორი წელი გავიდა, თუმცა საბჭოს საქმიანობა ფორმალურია. ამ საბჭოში გენდერული თანასწორობა დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული თანასწორობა აქ დაცული ვერც იქნება, იმ მიზეზით, რომ უმაღლეს საბჭოში სულ ორი ქალია.
გენდერული თანასწორობის საბჭოს დანიშნულება აჭარაში კანონმდებლობის ანალიზი და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავებაა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭოს შეუძლია გაავრცელოს განცხადება ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ.
საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნინო ჩხეტია ვერ იხსენებს ვერც ერთ შემთხვევას, როცა საბჭო აჭარაში გამოეხმაურა ოჯახში ძალადობას, ქალთა უფლებების დარღვევის გახმაურებულ შემთხვევებს ან გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას. საბჭოს თავმჯდომარე ამის ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეთა ნაკლებ დაინტერესებას ასახელებს საბჭოს საქმიანობის მიმართ:
„სამწუხაროდ, მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ერთი განცხადებითაც არ მოუმართავთ. ალბათ ამასაც აქვს თავისი მიზეზი, არის ძალადობის შემთხვევები, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. ბოლო შემთხვევას გეტყვით, არის ჯგუფი ადამიანებისა [რომლებიც დაუკავშირდნენ საბჭოს], რომლებიც მოითხოვენ, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული.
რაც მახსენდება ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობს ე.წ. „ქალთა ოთახები“ და იქ გავმართეთ გარკვეული შეხვედრები. გეთანხმებით, რომ გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო ამ მიმართულებით“, – ამბობს ნინო ჩხეტია.
ნინო ჩხეტია. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო
გასული, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში უმაღლესი საბჭოსთვის გენდერული თანასწორობის საბჭოს ჯერ არ წარუდგენია. კითხვას, რა მნიშვნელოვან თემაზე, პრობლემაზე იქნება საუბარი ახალ ანგარიშში, საბჭოს თავმჯდომარე ასე პასუხობს:
„მგონია, რომ კვოტირების თემა პრობლემურია. ასევე პრობლემურია გენდერული ბიუჯეტირება. რეალურად არ გვაქვს გამოცდილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და წელს ჩვენც და მთავრობის წარმომადგენლებსაც, განსაკუთრებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, მოგვიწევს გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობებთან, რადგან თვითმმართველობები ამ მიმართულებით გაცილებით წინ არიან. ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა იქნება ასევე ერთ-ერთი აქტუალური თემა.“
ცნობიერების ამაღლებაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს აქამდეც უნდა ეზრუნა. არსებობდა 2016 -2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მთელ რიგ საკითხებზე უნდა ემუშავა, მათ შორის ცნობიერების ასამაღლებლად უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დისკუსიების/საჯარო ლექციები უნდა ჩაეტარებინა. ორი წლის განმავლობაში გენდერული საბჭოს წევრებმა ვერც ეს შეძლეს.
საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ლექციებისა და საჯარო შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის თემაზე ახლა აპირებენ.
„ამ მიმართულებით პირველი კომუნიკაცია გვქონდა ბათუმის უნივერსიტეტთან, შეთანხმებული ვართ მემორანდუმის გაფორმებაზე. შეიძლება ამაზე არ შევჩერდეთ და ეს იყოს საჯარო სკოლებშიც“, – ამბობს ნინო ჩხეტია.
კითხვაზე, რა შესრულდა სამოქმედო გეგმიდან, ნინო ჩხეტია ამბობს, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ეს თემა გაჩენილიყო უმაღლეს საბჭოში. „გაჩნდა გენდერული თანასწორობის საბჭო და ეს იყო პირველი საფეხური, რაც გავიარეთ. მეორე საფეხური მგონია, რომ იქნება გენდერული კვოტირების მიმართულებით“, – ამბობს ის.
ასმათ დიასამიძე გენდერული საბჭოს სხდომაზე. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო
გენდერული საბჭოს წევრია უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე. ისიც, ნინო ჩხეტიას მსგავსად, მიიჩნევს, რომ საბჭო უფრო აქტიური უნდა იყოს, თუმცა არ არის.
„ვერ ვიტყოდი, რომ აქტიურია საბჭო, სულ ორჯერ თუ სამჯერ შევხვდით… შეიძლება იმიტომ, რომ [საბჭოს თავმჯდომარეობა] შეთავსებული აქვს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ის არის ძალიან დიდი კომიტეტი, ძალიან დატვირთული თავისი მუშაობით. თავის საქმიანობაში ნინო ჩხეტიას უმოქმედობას ვერ დავწამებ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ალბათ ვეღარ მოიცალა. ვისურვებდი ჩვენი აქტივობა გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჩვენს რეგიონს ძალიან სჭირდება გენდერული კუთხით მუშაობა. მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო რაიონებში გენდერული საბჭოს წარმომადგენლების გასვლა, იქ მოტივაციის გაჩენა, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა, ნაადრევი ქორწინება, იცით, რომ პრობლემაა რეგიონისთვის. არის მნიშვნელოვანი პრობლემები, რისი წარმოჩენაც გენდერულ საბჭოს შეუძლია და ჩვენ შეგვიძლია ვმსჯელობთ საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის კუთხით და ა.შ.“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.
რატომ არ აქტიურობს ასმათ დიასამიძე თავად, როგორც ამ საბჭოს წევრი? – იგი ამბობს, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აქტიურად ეხმიანება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის სოციალურ თემატიკას, მაგრამ არა გენდერული საბჭოს ფარგლებში. რაც შეეხება განცხადებებს გენდერულ საკითხებზე, რომლის გაკეთებაც საბჭოს შეუძლია, ასმათ დიასამიძის კომენტარი ასეთია:
„საბჭოს პასუხისმგებლობა მაგაშიც ჩანს, თორემ დოკუმენტალურად შეიძლება ყველაფერი წესრიგში იყოს. მაგრამ იმდენი რამ ხდება რეგიონში, ხომ შეიძლება, რომ გენდერულმა საბჭომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ამ პროცესებზე. ფაქტიურად ჩვენ გამოვედით ძალიან პასიურ რეჟიმში“.
ილია ვერძაძე გენდერული საბჭოს სხდომაზე. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო
გენდერული საბჭოს შეხვედრებზე განხილული მხოლოდ ერთი თემა ახსენდება საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ილია ვერძაძეს „ქართული ოცნებიდან – ეს იყო პოლემიკა კვოტირების თემაზე, სასტუმრო „კასტელო მარეში“ გამართულ შეხვედრაზე, რამდენიმე თვის წინ. იგი ამბობს, რომ საბჭოში უფრო ზოგადად მსჯელობენ გენდერთან დაკავშირებულ პრობლემებზე:
„ზოგადი პოზიციები უფროა საბჭოში წამოწეული, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, ჩვენთანაც არ არის მთლად ისეთი მდგომარეობა უმაღლეს საბჭოში, სულ ორი ქალბატონია… კონკრეტული მაგონდება კვოტირების თემა, რაზეც გვინდა საუბარი, დანარჩენი არ მაგონდება, ზოგადი თემებია ძირითადად. მე იმ შეხვედრაზე ვთქვი, თუ წამოვა ეს საკითხი, მე ვიქნები ამ საკითხის ლობისტი. სხვა კონკრეტიკა ასეთ საკითხებზე… რა არის გენდერი?! გენდერი არის სოციალური სქესი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თანაბარი ძალისხმევის გაწევის შემთხვევაში თანაბარი უკუგება უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ცუდად არის ამ მხრივ მდგომარეობა და ქალთა ანაზღაურება მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით არის ბევრად ნაკლები, ეს არის ცუდი. ამის გამოსწორებისკენ არის ყველა ეს შეხვედრა მიმართული და აქ რა უნდა ქნა კონკრეტულად?“ – ამბობს ილია ვერძაძე და აქვე დასძენს:
„აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბიზნესმენს უნდა უთხრა, ნუ გააკეთებ ასე, დისკრიმინაციაზე უნდა გქონდეს ხშირი საუბარი, ცნობიერების ამაღლებაზე და ჩვენ, ძირითადად, ამაზე ვსაუბრობთ…“
გასული წლის 25 დეკემბერს გენდერული თანასწორობის საბჭომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა – ინფორმაციასამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ნახავთ. აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, განიხილა თუ არა საბჭომ, რა შედეგით განახორციელეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქამდე ჰქონდა.
სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც.
ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.
აუდიტმა ნაკლოვანებები გამოავლინა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობისა და სხვა ქვეპროგრამებში;
საბავშვო ატრაქციონების შესყიდვასთან დაკავშირებით, აუდიტი წერს, რომ „შესრულების ხარისხი, აუდიტის პერიოდში ჩატარებული
დათვალიერების შედეგებიდან გამომდინარე, არადამაკმაყოფილებელია. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა ატრაქციონების დაზიანების ფაქტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია შშმ პირთათვის განკუთვნილი ატრაქციონების მდგომარეობა, რომელთაგან უმრავლესობა პრაქტიკულად მწყობრიდან გამოსულია“;
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში შესყიდულია სულ 21 855 ლარის ღირებულების სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. აუდიტის პერიოდში შერჩევითი წესით განხორციელებული დათვალიერებით კი აღმოჩნდა, რომ ისინი, ფაქტობრივად, გამოსულია მწყობრიდან“;
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და შპს „გრინ გორგიას“ შორის 160 ათას ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 40 სხვადასხვა დასახელების ხე-მცენარის მიწოდებას. „წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად ირკვევა, რომ ხე-მცენარეები მიწოდებულია დადგენილ ვადაში სრული ოდენობით და აღრიცხულია ბუღალტრულად, თუმცა აუდიტის პერიოდში ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც ხე-მცენარეების მიზნობრივად გამოყენების რისკებს წარმოშობს,“ – აღნიშნავს აუდიტი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. ამ კუთხით აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
„ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ 2017 წლის პროგრამაში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე მოკლედ [აუდიტის ანგარიშიდან]:
[checklist]
ცალკეული პროგრამების ფარგლებში საბიუჯეტო პარამეტრები არასწორადაა განსაზღვრული, რამაც საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა განაპირობა. ამასთანავე, შეფასების ინდიკატორების განუსაზღვრელობა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას, რაც საბიუჯეტო რესურსის სწორად გადანაწილებისა და ეფექტიანად გამოყენების მთავარი პირობაა;
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილია ფაქტები, რომელთა თანახმად, არ ჩატარებულა ბაზრის კვლევა და შეიზღუდა კონკურენცია. მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება, საგარანტიო ვადაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ფულადი სახსრების არარაციონალურ ხარჯვასა და სატენდერო პირობების კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებზე მისადაგების რისკებზე მიუთითებს;
ბათუმის მერიის მიერ ქალაქის დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულების არასათანადოდ შესრულების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელზე თანხები გადარიცხულია სახელშეკრულებო პირობების არასრულად და არასათანადოდ შესრულების პირობებში;
შენობა-ნაგებობების ფასადებისა და კედლების დასუფთავება-გაწმენდის სამუშაოებისა და ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის (სამღებრო) სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება ურთიერთგამომრიცხავია და შესაძლოა, შეუსრულებელი სამუშაოების ანაზღაურებისა და თაღლითობის რისკებს შეიცავდეს;
ბათუმის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე არასათანადო მონიტორინგის შედეგად, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ანაზღაურებულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რაც საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს;
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მიღებული აქტივების სრულყოფილ აღრიცხვასა და მიწოდებულ აქტივებთან მიმართებით არსებული ხარვეზების დროულ გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს წარმოშობს;
„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ, შემსრულებელ კომპანიას ზედმეტად ჩაერიცხა შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება;
ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ შექმნილმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება, რის გამოც ვერ ხერხდება 3 390 000 ლარის ღირებულების
ინფრასტრუქტურული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა. ამასთანავე, მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის არასრულფასოვნად შესწავლის შედეგად გაწეულია 706 274 ლარის არაეფექტიანი ხარჯი, რამაც 2018 წლისათვის 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა განაპირობა და შესაძლოა, ბიუჯეტიდან თანხების დამატებით გამოყოფის საფუძველი გახდეს.
[/checklist]
ეს ანგარიში სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის 14 მარტს გამოაქვეყნა.
ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო აუდიტმა 2017-2018 წლებში 178 აუდიტი ჩაატარა. მიმდინარე წლისთვის კი სამსახურს 83 აუდიტის ჩატარება აქვს დაგეგმილი.
აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლიდან 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდში სამართალდამცავ სტრუქტურებში სულ გადაგზავნილია აუდიტის 65 ანგარიში.
აქედან ერთ-ერთი ბათუმის მერიის ე.წ. „იაფის სახლის“ პროგრამას ეხება. აუდიტის დასკვნის მიხედვით ქალაქის ბიუჯეტს 1 430 342 ლარის ზიანი მიადგა.
————-
თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 517 200 ლარი გამოეყო, 2019 წლის ბიუჯეტში კი სამსახურისთვის 16 170 800 ლარია გათვალისწინებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორივე წლის ბიუჯეტის, ჯამში 30 მილიონ 688 ათასი ლარის ხარჯვას, შეამოწმებს პარლამენტის მიერ შერჩეული კომპანია, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე კვიპროსშია რეგისტრირებული.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123[გოდერძის უღელტეხილი] მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა.
„მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დეკემბერში აიკრძალა და ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.
მთავარი ფოტო: გოდერძის უღელტეხილი / ფოტო: აჭარის მთავრობის ფეისბუქგვერდიდან
ოზურგეთში – დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სიტუაცია უკვე კონტროლირებადია და ვერტმფრენი პრევენციული მიზნისთვის ჩართეს „იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის ახალი კერების გაჩენა“.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა.
მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დარგეს. ახლა კი, ზუსტად ამ ადგილზე, ბიუსტის განთავსებას ითხოვენ: „გვსურს, ამავე მაგნოლიებთან დაიდგას მისი ბიუსტი“.
ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსებას გასულ წელს, პოეტის დაბადებიდან 120 წლისთავის აღსანიშნავად ითხოვდნენ.
საკითხის განხილვა ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე, 12 აპრილს არის დაგეგმილი. პოეტის 120 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნეს.
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბიუსტი უნივერსიტეტის მიმდებარედ, ცენტრალურ პარკში უნდა განათავსონ. ბიუსტის განსათავსებლად ხარჯებს მერია არ გაიღებს, ესკიზი და ბიუსტის მომზადებაც კვირკველიების საგვარეულო კავშირმა დააფინანსა.
ტერენტი გრანელი დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში. 1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნი: „პანაშვიდები“ [რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი] და „სამგლოვიარო ხაზები“.
„ჩვენთვის ბუნდოვანია ბათუმის მერის გაცხადება. მუსლიმი თემი სასამართლო პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას ითხოვს. თემის პოზიცია სკეპტიკურია ბათუმის მერის მორიგ დაპირებაზე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია „ტოლერანტობის ინსტიტუტთან“ ერთად მუსლიმი თემის ინტერესს იცავს სასამართლოში. სასამართლოში ხვალ განახლდება დავა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.
„ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველაფერს, ვითვალისწინებთ საკითხის, როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე ტექნიკურსაც. ხვალ არის სასამართლო პროცესი, რომელზეც ჩვენ გამოვალთ ინიციატივით სხდომა გადადოს. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ დიალოგი ამოწურული არ არის. შესაძლოა ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მივიწევთ წინ… ვფიქრობ, რომ კიდევ გვაქვს დიალოგის რესურსი,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ „აჭარის ტელევიზიასთან“.
რას გულისხმობდა ბათუმის მერი იმაში, რომ „დიალოგის რესურსი“ არსებობს და თუ არსებობს ეს რესურსი, რატომ არ გამოიყენა იგი მერმა გასული წლის მარტიდან დღემდე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ მერიის პრესცენტრს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მერი დამატებით არაფერს განმარტავს.
თამთა მიქელაძე მარტივ მოცემულობაზე ამახვილებს ყურადღებას – გასული წლის მარტიდან ამ დრომდე მერია მუსლიმ თემს არ შეხვედრია.
„მოლაპარაკების პირობები ადრეც იყო უსამართლო – მერი ითხოვდა თვითორგანიზებით შეძენილი მიწის ნაკვეთი მუსლიმ თემს გადაეცა სამუფთოსთვის, რაც თავისთავად დისკრიმინაციული შინაარსის მოთხოვნაა. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გააქტიურებას და თუ ამის პარალელურად მერს ექნება კონკრეტული შემოთავაზებები, მუსლიმი თემი ამას განიხილავს. მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კონკრეტული და რეალისტური მოლაპარაკებები დაეწყო… “ – ამბობს თამთა მიქელაძე.
ამავე დროს, თამთა მიქელაძე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის ადგილას ლოცვის შესაძლებლობა აქვს და ამაში თემს ხელი არ ეშლება. „მაგრამ საბოლოოდ მუსლიმ თემს მხარდაჭერა ახალი მეჩეთის აგებაში სჭირდება,“ – დასძენს თამთა მიქელაძე.
ბოლო სხდომა „ბათუმში მეჩეთის აშენების საქმეზე“ 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს. მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე.
სტრესის მართვა, ეფექტური მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა, რისკების მართვა, საბიუჯეტო, ქონების მართვის, გენდერული და სხვა საკითხები იქნება თემები, რაზეც ბათუმის მერიის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გადამზადების მიზანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, ეფექტური მართვის მისაღწევად.
განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიის 20-20 საჯარო მოხელეს, თავიანთი სფეროების მიხედვით, ტრენინგები წლის მესამე-მეოთხე კვარტალში ჩაუტარდებათ. შერჩეულია სულ ოცი მიმართულება, მათ შორისაა: საბიუჯეტო , სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მუნიციპალური აიპების მართვის საკითხებიც.
განკარგულების პროექტის დანართის მიხედვით, თითოეული მიმართულების ტრენინგის დაფინანსებისთვის მერიამ 3000 ლარი გაითვალისწინა – ჯამში თანამშრომლების გადამზადებისთვის 60 000 ლარი გაითვალისწინეს.
ტრენინგების დაფინანსებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება, საკრებულო ამ საკითხის განხილვას მომავალ სხდომაზე გეგმავს.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 338-ში – ტერიტორიაზე, რომელიც საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული, ოთხი სამაროვანი გათხარეს, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აწარმოა. სახელმწიფო უწყებები, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ და არც ახლა აპირებენ მონაწილეობას. ეპარქიის განცხადებით, სამარხში აღმოჩენილია გასული საუკუნის 36-37 წლების მონეტები, რამდენიმე ჯვარი და მასრები. საქართველოში საბჭოთა რეპრესიების დროინდელი მასობრივი სამარხები აქამდე არ აღმოუჩენიათ. რატომ არის სახელმწიფო გულგრილი ამ ფაქტის მიმართ? – „ბათუმელებთან“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე საუბრობს.
ბატონო ლაშა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აინტერესებს სახელმწიფოს ბათუმში აღმოჩენილი სამარხები, რაზე მეტყველებს მისი ეს პოზიცია და როგორი უნდა ყოფილიყო შესაბამისი უწყებების რეაქცია ამ ფაქტზე?
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წინასწარ გამოცხადება იმის, რომ, ვთქვათ, ეს არის 37-იან წლებში დახვრეტილი ადამიანების სამარხი, არასწორი იქნება სრულიად ობიექტური თვალსაზრისით: ჩვენ ჯერ ამის შესახებ არაფერი ვიცით, არ ჩატარებულა არანაირი ექსპერტიზა. მეორე საკითხია ის, რომ თურმე ორი წლის წინ ამოიღეს ეს ნაშთები და სადღაც ეკლესიის სარდაფში დევს. ესეც უცნაური ამბავია. რატომ დასჭირდათ მაინცადამაინც ახლა ამ ნაშთების გამოტანა?
ის, რომ ეპარქიის ქმედება კითხვებს არ უჩენს სახელმწიფოს, იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ეკლესიას აღიქვამს როგორც ხელშეუხებელ ორგანიზაციას, რაც ძალიან ცუდია. როგორც კი ნაშთები გამოჩნდა, მაშინვე უნდა დაინტერესებულიყო სახელმწიფო, თუნდაც ასი წლის წინანდელი იყოს ეს.
პირველ რიგში, პროკურატურას უნდა შეესწავლა ეს საკითხი. შემდეგ, თუ პროკურატურისთვის არ იქნებოდა საინტერესო, ამით უნდა დაინტერესებულიყვნენ არქეოლოგიის, ძეგლთა დაცვის სამსახურები და შეესწავლათ.
გარდა ამისა, არის კიდევ გარკვეული მორალური ამბავიც – 150 ნეშტზე 600-კაციან სიას აქვეყნებ, მაშინ როცა არ ვიცით რა სამარხებზეა საუბარი… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს შესწავლილი საბჭოთა რეპრესიები და მოხდეს რეპრესიების ადგილების იდენტიფიკაცია.
როგორია პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება ამ მხრივ? როგორც ვიცით, მასობრივ სამარხებს ბევრ ქვეყანაში ეძებენ…
ჩვენს სამეზობლოში – რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში დიდი ხანია მიმდინარეობს ასეთი ადგილების მოკვლევა და მემორიალების განთავსება, საბჭოთა რეპრესიების მიერ განადგურებული ადამიანების სამარხებზე. ერთი ისტორია მახსენდება ამასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის ბოლოსკენ იყო ძალიან ბევრი საუბარი კურაპატებზე. ეს არის ბელორუსში მასობრივი მკვლელობის ადგილი კომუნისტების დროს და დღემდე არ მთავრდება ეს ამბავი. რევანშისტული ძალების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ეს მასობრივი მკვლელობები ნაცისტებისთვის დაებრალებინათ და ეს დავიდარაბა დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო გაირკვეს, რა პერიოდის სამარხზეა საუბარი. მასობრივი სამარხები ბევრგან არსებობდა, ისევე როგორც მოსკოვში ახალი დონის მონასტრის ეზოშია ბევრი ცნობილი ადამიანი ჩაყრილი.
ამ შემთხვევაშიც გაჩნდა კითხვები. არის სხვა ვერსიაც, რომ შესაძლებელია აქ ოსმალო ჯარისკაცები არიან დამარხულები.
თურქი ასკერების საფლავებია, თუ საბჭოთა რეპრესირებულების, მემორიალი მაშინაც უნდა დაიდგას, მაგრამ შესწავლის გარეშე ეს შეუძლებელია. ზუსტად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, ვინ არიან დახვრეტილი ადამიანები. მით უმეტეს, როცა არსებობს საზოგადოების ასეთი ინტერესი.
რა კითხვები არსებობს ეპარქიის მიმართ, რომელმაც აწარმოა ეს გათხრები?
ერთი წლის განმავლობაში რა მიზნით ინახავდნენ ამ ნეშტებს, თან სხვა ადგილას და, საერთოდ, რატომ ფიქრობს ვიღაც, რომ შეუძლია 150 ადამიანის ნეშტი იპოვოს და მას ისე მოექცეს, როგორც მოეპრიანება. სახელმწიფოს აინტერესებს თუ არა ეს, ერთი საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, სულ ცოტა, პრაგმატული თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, არა მორალის, არა ცოდნის, არა ისტორიის სიყვარულის გულისთვის და ასე შემდეგ, სამართალში ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც იპოვიან ადამიანის ნეშტს, იქნება ეს ას წელზე მეტის თუ არა, შეუძლებელია სახელმწიფოს რეაგირება არ ჰქონდეს.
სიძველის დამტკიცება არის სამეცნიერო კვლევის საგანი, მაგრამ სამარხების აღმოჩენაზე სახელმწიფოს, პირველ რიგში, პროკურატურას რეაგირება უნდა ჰქონდეს.
მეორე მხრივ, ჩვენ რომ ვიპოვოთ რომელიმე მეფის საფლავი, ხომ უნდა გავარკვიოთ, რომელი მეფისაა, სანამ დავაბრალებთ, რომ ამისაა ან იმის.
აქამდე აღმოუჩენიათ მსგავსი მასობრივი სამარხები საქართველოში სადმე?
არა. მასობრივ საფლავებს ვეძებთ. სოვლაბიც ეძებს დიდი ხანია საბჭოთა რეპრესიების საფლავებს და არ ვიცით, სამწუხაროდ, ადგილები. შესაბამისად, არც მემორიალები არ გვაქვს. რუსთავთან არის ნაპოვნი, თუმცა ამ ადგილზეც არსებობს განსხვავებული აზრი. ამიტომ, რადგან ეს სამარხი, რომელიც ბათუმში აღმოჩნდა, არის ყველაზე დიდი მასობრივი სამარხი, ამის მიმართ ძალიან მაღალი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინტერესი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
რატომ არ აინტერესებს, რა მიზეზი შეიძლება ვეძებოთ?
ამაზე მუდმივად ვჩივით, რომ საბჭოთა პერიოდისადმი ინტერესი ძალიან ნაკლებია, სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თითქოს გაიზარდა ინტერესი საზოგადოებაში, სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ ტოტალურ დაუინტერესებლობას ამ საკითხით. არ მესმის რატომ. ვიღაცები ამბობდნენ, რომ შეიძლება გაჩნდეს სოციალური დაპირისპირება სხვადასხვა თაობას შორის, რაც სრული სისულელეა. ვფიქრობ, ეს არის გულზე ხელდაკრეფილი დამოკიდებულება წარსულისადმი, ამ შემთხვევაში, უახლესი წარსულისადმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიკვლიოთ. ვიცით, სკოლაში როგორც ისწავლება საბჭოთა რეპრესიები, უმაღლესშიც თითქმის არაფერი არ ისწავლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ აინტერესებთ.
სახელმწიფოს ინერტულობა ხომ არ აიხსნება იმით, რომ არ უნდა ფინანსური ხარჯის გაღება კვლევების წარმოებისთვის?
ყველას იდენტიფიცირება რამდენად არის შესაძლებელი და აუცილებელი, ეს არ მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მასობრივ საფლავებში, ძირითადად, არც ხდება ცალკეული ცხედრების იდენტიფიცირება. თუმცა, თუ ვინმე ამას ინდივიდუალურად მოისურვებს, რომ გაარკვიოს არის თუ არა მისი წინაპარი იქ დამარხული, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მთავარია, ვიცოდეთ რა პერიოდის სამარხზეა საუბარი.
სამარხების გადატანა-გადმოტანაც არ მიმაჩნია სწორად. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ოჯახია ამაზე პასუხისმგებელი. საერთო, საზოგადოებრივი პრობლემა მგონია ეს და დიდი ისტორიული ტრავმაა, რაც მოხდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის წლებში, ამიტომაც ეს საფლავები მასობრივ საფლავად უნდა დარჩეს.
და კიდევ ერთი რამ, რაც თვალში მომხვდა. ითქვა, რომ გარდაცვლილების სულებისთვის პარაკლისი უნდა ჩატარდეს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა წარმოვიდგინოთ ის რეალობა, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება და ჩვენ კარგად ვიცით, რომ იქ დაღუპულთა დიდი ნაწილი მუსლიმია და ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიაში კარგი იქნებოდა, რომ მართლმადიდებელმა მღვდლებმა და მუსლიმმა სასულიერო პირებმა ერთად ილოცონ დაღუპულთა სულებისთვის.
„ოთხი ბინა რომ მომცეთ ოთხოთახიანი, ვერ გაგიცვლით ამ სახლში, არ მინდა,“ – ამბობს მზევინარ ჯაბნიძე. იგი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს ხით და ქვით ნაშენ სახლში, რომელიც, მისი თქმით, სულ ცოტა ორი საუკუნის წინ ლაზებმა ააშენეს.
მან სახლთან მისვლამდე შეგვნიშნა, როცა სოფლის ძველი მეჩეთიდან მისი სახლის გზაზე შევუხვიეთ, ბოსტანში საქმე მიატოვა, ეზოს კიდეში გაჩერდა და ხელი მოიჩრდილა:
„ვიცი, აქ მოდიხართ… უცხო ვინც შემოდის, ყველას აქ მოუწევს გული. მე სულ მიკვირს, რაა უცნაური. 45 წელია აქ ვცხოვრობ… მამამთილი იტყოდა, ბაბას [მამა] ახსოვდა, როგორ აშენებდნენ ამ სახლს ლაზი მშენებლებიო,“ – დაიწყო მზევინარმა და თან სახლს ახედა.
სახლი გარედან ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. შიგნიდან ხისაა. მზევინარი გვიხსნის, თავიდან ისე აშენდა ეს სახლი, ორი ძმის ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მერე ალბათ იჩხუბეს და ერთ-ერთი ცალკე გაიყოო. სახლი ორივე სართულზე ორ ნაწილად იყოფა – მისაღები ოთახებით, შუშაბანდებით, სამზარეულოთი თუ „სასტუმროთი“.
სახლში შესვლა სამი კარიდან შეიძლება.
„სასტუმროს რატომ ვუძახი და სტუმარი რომ მომივა ვინმე, ის ათევს ღამეს, მეორე სართულის საძინებელში, თორემ ფულს კი არ ვახდიებ ვინმეს… გათხოვილი გოგოები მყავს. მათი ღამის გასათევიც ესაა,“ – გვიყვება მზევინარ ჯაბნიძე და წაბლის ხის უკვე ჩაშავებულ კედლებზე მიწყობილ თოჯინებს ასწორებს.
მზევინარ ჯაბნიძე რემონტის წინააღმდეგია. ამბობს, რომ სახლში იშვიათად იცვლება რამე და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში „ახალი ტექნიკის შეძენის აუცილებლობას ასაბუთებენ ახალგაზრდები“.
„ამ ოთახს ადრე საქალებო ერქვა,“ – მიხსნის მზევინარი და სამზარეულოს გვერდით ფერადი ორნამენტებით გაფორმებულ კარს ხსნის, – „ადრე ქალი ვერ შევიდოდა იმ ოთახში, სადაც მამაკაცები სადილობდნენ. აქ მბრუნავი დახლი იყო, საჭმელს აქ დააწყობდნენ ქალები, დაატრიალებდნენ დახლს და მამაკაცები იქედან აიღებდნენ საჭმელს… როცა მე მოვედი, დედამთილმა ამიხსნა, ასეა ესო, მაგრამ მე აღარ გამომიყენებია, შეიცვალა დრო…“
დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მზევინარს „საქალებო“ და დახლი გაუუქმებია. მის ნაცვლად სათავსო მოუწყვიათ. სამზარეულოს შემდეგ მასპინძელი შესასვლელ კართან მაჩერებს და რკინის ძველებურ საკეტს მაჩვენებს. კარს შიგნიდან ხურავს, ჯერ ცალ მხარეს ამაგრებს რკინის ურდულით, მერე – მეორეს და საერთო რკინის ძელს ზემოდან უშვებს.
„ასე ვეღარც ქურდი შემოვა და ვერც ნადირი, დაცული ხარ… მე კარს ასე ვკეტავ, ძველებურად,“ – ჩაილაპარაკა მზევინარმა.
რატომ არის კარგი ძველ სახლში ცხოვრება? – მზევინარ ჯაბნიძე კითხვას უკან მიბრუნებს: „ბეტონებში და „დიქტებში“ ძილი და აქ ძილი ერთია?“
მერე მიყვება, როგორ გამოიქცა ქალაქიდან და „სირცხვილი ჭამა“, რადგან ქალაქში ჩასულს ღამით არ დაეძინა, „ვერ მოისვენა,“ „სული შეუწუხდა“ და ინათა თუ არა, ისევ ზუნდაგაში წამოვიდა.
„ამას წინათ ჩემს დას ველაპარაკე, ბათუმში ცხოვრობს, კერძო სახლში. აღებაში ხვდება და იქაც კორპუსი უნდათ, რომ ააშენონ. ვუთხარი, არ შეცდე ჭკუიდან, ისევ სახლი იყიდე სადმე-მეთქი, რა ვიცი, რა იქნება…“ – მხრებს იჩეჩავს და შინდის კომპოტზე გვეპატიჟება.
ცხოვრებაზეც ვკითხე. 32 წლისა დაქვრივებულა. მეხუთე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ, როცა 36 წლის ქმარი უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა.
არსებობს თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, რაც სახლის სიძველეს დაადასტურებს? – მზევინარ ჯაბნიძის თქმით, ასეთი დოკუმენტი მას არსად უძებნია. ზუნდაგაში სულ სამი ძველი სახლი, ასევე „მეიდან ოდაა“. მზევინარის თქმით, ეს ლამაზი სახლები ლაზმა მშენებლებმა დაუტოვეს ზუნდაგას, სადაც ჯერ კვლევისთვის არც ისტორიკოსები გამოჩენილან და არც ტურისტები.
მზევინარი ჯაბნიძე, სოფელი ზუნდაგა, ქედა, 2019 წელი
ბათუმში, ზუბალაშვილის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გაამაგრეს საძირკველი. დასრულებულია, ასევე, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, დარჩენილია მოპირკეთება.
შპს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას.
ფოტო: ბათუმის მერია
შენობა ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულწილად განსაზღვრავს მის არქიტექტურულ სახეს, მასშტაბს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული განაშენიანების თავდაპირველი სახის შენარჩუნებაში.
სახლი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. სახლის გადასარჩენად ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად „გეოგრაფიკმა“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.
ფოტო: ბათუმის მერია
ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში 615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობისთვის გამოიყო, რეაბილიტაციის პროექტი კი -კიდევ რამდენიმე სხვა პროექტთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 229 600 ლარად შეისყიდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში დასრულდება.
სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული.
ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს შეწყდება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობის [არანაკლებ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი ხელშეკრულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით.
————
2018 წელს გამოცხადებული ტენდერი პირველად კომპანია „ჯი ინშაათმა“ გაასაჩივრა, რომელიც აცხადებდა, რომ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.
ამ დროისთვის კომპანია „ჯი ინშაათი“ ქედის მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობდა, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.
სატენდერო კომისიას „ჯი ინშაათმა“ რამდენჯერმე უჩივლა. დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ქედის სატენდერო კომისიამ კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთან ხელშეკრულება მომზადებულიყო, დავა ტენდერის გამო ისევ გაგრძელდა. საბჭოს საჩივრით მეორე პრეტენდენტმა – „მომავლის ხედვამ“ მიმართა და სატენდერო კომისიის იმ ოქმის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც „ჯი ინშაათი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. დავების საბჭომ „მომავლის ხედვის“ ეს საჩივარიც სრულად დააკმაყოფილა.
ქედის სატენდერო კომისიამ კი, როგორც ოქმის ამონაწერიდან ჩანს, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან „სატენდერო პროცედურების განხორციელება და სამუშაოების დაწყება ვეღარ მოესწრებოდა იმ დროში, რაც ტენდერის პირობებით იყო განსაზღვრული“.
2019 წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერიც არ შედგა. კომისიამ მონაწილე ოთხი კომპანიიდან ოთხივეს დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში „ჯი ინშაათიც“ მონაწილეობდა და „მომავლის ხედვაც“, თუმცა წინა ტენდერისგან განსხვავებით ფასები ორთავეს გაზრდილი ჰქონდათ: „ჯი ინშაათის შეთავაზება“ 1 249 000 ლარი იყო, „მომავლის ხედვის“ კი – 1 375 000.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 11-12 აპრილს, ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
თუ დაგუგლავთ და შეეცდებით სიტყვა „სტაიანშიკის“ სწორი ქართული განმარტება იპოვოთ, ბარბარიზმების ლექსიკონი ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ავტოსადგომის მორიგე ან ავტომესადგომე.
თუ უფრო ღრმად გააგრძელებთ ძიებას და დაინტერესდებით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პროფესია, ვერაფერსაც ვერ იპოვით. როგორ იქცა პროფესიად ავტომობილის „ჩაყენებაში“ დამხმარა, არც თავად ავტომესადგომეებს ახსოვთ. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი კაცია. საშუალო ასაკზე მეტი ხნის – 50 წლიდან ზევით. და ყველა მათგანისთვის ეს პროფესია გადარჩენის გზაა – დასაქმდე, როცა შენი პროფესიით სამსახურს ვერ პოულობ და აღარც ახალგაზრდა ხარ, სპეციალობა რომ შეიცვალო.
„ – მოდი, მოდი. გაჩერდი. მარჯვენა ბოლომდე აიღე. მოდი ნელ-ნელა.
– ბაბუ, ხუთიანი მაქვს და ხურდა გაქვს?
– იყოს, მერე იყოს.
– გაიხარე.
– ბედნიერი გზა.“
ეს დიალოგი ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, ავტომესადგომე მურმან წითელაძესა და ერთ-ერთ მძღოლს შორის გაიმართა.
„ასეც ხდება. არა მაქვს ხურდაო, მერე მომცემს, რა პრობლემაა. მთავარი ნამუსია, ფული მეორადია,“ – გვითხრა მოგვიანებით ბატონმა მურმანმა.
ის 60 წლისაა. ყოფილი საზღვაო ინჟინერია. საბჭოთა კავშირის დროს სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო ჭადრაკში. პედაგოგადაც მუშაობდა. ბოლო 12 წელია მძღოლებს მანქანის დაპარკინგებაში ეხმარება. თავდაპირველად სანაპიროზე მუშაობდა, ახლა ქუთაისის და მის მიმდებარე ქუჩებზე ეხმარება მძღოლებს.
მურმან წითელაძე
„მე თავად შევქმენი ჩემი სამუშაო ადგილი. რა მექნა – ადამიანს სჭირდება წყალი, კვება. მათხოვრობა სირცხვილია, მოიპარავ, აგერ ახლოს ურეხის „სანატორიუმი“ არსებობს, იქ დაგასვენებენ. ვიფიქრე, მოდი ვიმუშავებ „სტაიანშიკად“, მოვემსახურები მძღოლებს მანქანების შეყვანა-გამოყვანაში.
ვინც მაძლევს ორ კაპიკს, ვეუბნები მადლობას, ვინც არ მაძლევს – გზას ვულოცავ, შეიძლება ჭკუა მოუვიდეს და მერე მომცეს. ათ მანქანაში 5-6 მაძლევს და პურის ფული მაქვს. ღმერთს მადლობა, არ მშია, არ მწყურია. არაოფიციალური კი არის, მაგრამ მე არაფერს ვაშავებ,“ – ამბობს მურმან წითელაძე.
დღეში საშუალოდ 10 ლარს გამოიმუშავებს. სამსახურს დილის რვის ნახევარზე იწყებს და საღამოს რვის ნახევარზე ამთავრებს. ზოგჯერ მაშინ გამოდის სამუშაოდ, როცა მოუნდება. უფროსი არ ჰყავს, მისი სამუშაო გრაფიკი მთლიანად მასზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შემოსავალიც.
„ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ის არის, მე ვცხოვრობ არა იმისათვის, რომ ვჭამო საჭმელი, არამედ ვჭამო, იმიტომ რომ ვიცხოვრო. ეს არის ჩემი მთავარი ღირებულება. ადამიანი ხომ უნდა განსხვავდებოდეს ცხოველისგან,“ – ამბობს მურმან.
ავტომესადგომეებს ქალაქში ყველგან შეხვდებით, სადაც მანქანები დროებით ჩერდებიან. მწვანე ან ნარინჯისფერ ფორმებში ჩაცმულებს. ერთმანეთში დაუწერელი შეთანხმება აქვს – ერთი „სტაიანშიკი“ მეორის ტერიტორიაზე არ იჭრება.
რომან სანიკიძე
64 წლის რომან სანიკიძე ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, მემედ აბაშიძისა და მელაშვილის ქუჩებს შორის დგას. ეს მისი სამუშაო ტერიტორიაა.
„ოჯახს ვემსახურები და შვილიშვილებს. ორ კაპიკს ვაკეთებ და მიმაქვს ოჯახში. როგორ ვიპოვე ეს სამსახური? ახლობლები მუშაობდნენ. მითხრეს. მოვედი და დავიწყე. არც უფროსი მყავს, არც არაფერი. დღეში საშუალოდ 8-15 ლარი გამომდის. ზაფხულზე უფრო მეტია. ყველა მძღოლი არ გაძლევს ფულს. ვისაც უნდა გიტოვებს, ვისაც უნდა არა. არ გვაქვს უფლება, რომ რამე მოვთხოვოთ. 20 თეთრს მოგცემს, მადლობა უნდა უთხრა, 40 თეთრს მოგცემს, მადლობა უნდა უთხრა,“ – ამბობს რომან სანიკიძე.
არსენ თურმანიძე
არსენ თურმანიძე რომან სანიკიძის მეზობლად, მემედ აბაშიძის ქუჩის პატარა მონაკვეთზე მუშაობს. იმ ადგილას რამდენიმე კაფეა. დღის მანძილზე ბევრი მანქანა მოძრაობს. არსენი პროფესიით მემანქანეა. მშენებლობაზე მუშაობდა მემანქანედ. მერე მისი სამსახური გაუქმდა. უმუშევარი დარჩა. სამსახური ქუჩაში იპოვა.
„ჩემი სპეციალობა კი არაა, მაგრამ რა უნდა ვქნა? წვიმაში, დარში აქ მოვდივარ ყოველდღე და ვმუშაობ. ხუთი მაინც გამომდის დღეში. წამალს ვყიდულობ, პურს ვყიდულობ, ბევრი არაფერი რჩება, მაგრამ ეს რომ არ იყოს, რა უნდა ვქნა?“ – კითხულობს არსენი.
„სტაიანშიკების“ საქმიანობა არ რეგულირდება. მათ არ შეაქვთ გადასახადი ბიუჯეტში, არც რაიმე ვალდებულება აქვთ. არცერთი მძღოლი არაა ვალდებული, ავტომესადგომეებს ფული გადაუხადოს.