პროფესია “სტაიანშიკი”


თუ  დაგუგლავთ და შეეცდებით სიტყვა „სტაიანშიკის“ სწორი ქართული განმარტება იპოვოთ, ბარბარიზმების ლექსიკონი ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ავტოსადგომის მორიგე ან ავტომესადგომე.

თუ უფრო ღრმად გააგრძელებთ ძიებას და დაინტერესდებით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პროფესია, ვერაფერსაც ვერ იპოვით. როგორ იქცა პროფესიად ავტომობილის „ჩაყენებაში“ დამხმარა, არც თავად ავტომესადგომეებს ახსოვთ. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი კაცია. საშუალო ასაკზე მეტი ხნის – 50 წლიდან ზევით. და ყველა მათგანისთვის ეს პროფესია  გადარჩენის გზაა – დასაქმდე, როცა შენი პროფესიით სამსახურს ვერ პოულობ და აღარც ახალგაზრდა ხარ, სპეციალობა რომ შეიცვალო.

„ – მოდი, მოდი. გაჩერდი. მარჯვენა ბოლომდე აიღე. მოდი ნელ-ნელა.

– ბაბუ, ხუთიანი მაქვს და  ხურდა გაქვს?

– იყოს, მერე იყოს.

– გაიხარე.

– ბედნიერი გზა.“

ეს დიალოგი ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, ავტომესადგომე მურმან წითელაძესა და ერთ-ერთ მძღოლს შორის გაიმართა.

„ასეც ხდება. არა მაქვს ხურდაო, მერე მომცემს, რა პრობლემაა. მთავარი ნამუსია, ფული მეორადია,“ – გვითხრა მოგვიანებით ბატონმა მურმანმა.

ის 60 წლისაა. ყოფილი საზღვაო ინჟინერია. საბჭოთა კავშირის დროს სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო ჭადრაკში. პედაგოგადაც მუშაობდა. ბოლო 12 წელია მძღოლებს მანქანის დაპარკინგებაში ეხმარება. თავდაპირველად სანაპიროზე მუშაობდა, ახლა ქუთაისის და მის მიმდებარე ქუჩებზე ეხმარება მძღოლებს.

მურმან წითელაძე

„მე თავად შევქმენი ჩემი სამუშაო ადგილი. რა მექნა – ადამიანს სჭირდება წყალი, კვება. მათხოვრობა სირცხვილია, მოიპარავ, აგერ ახლოს ურეხის „სანატორიუმი“ არსებობს, იქ დაგასვენებენ. ვიფიქრე, მოდი ვიმუშავებ „სტაიანშიკად“, მოვემსახურები მძღოლებს მანქანების შეყვანა-გამოყვანაში.

ვინც მაძლევს ორ კაპიკს, ვეუბნები მადლობას, ვინც არ მაძლევს – გზას ვულოცავ, შეიძლება ჭკუა მოუვიდეს და მერე მომცეს. ათ მანქანაში 5-6 მაძლევს და პურის ფული მაქვს. ღმერთს  მადლობა, არ მშია, არ მწყურია. არაოფიციალური კი არის, მაგრამ მე არაფერს ვაშავებ,“ – ამბობს მურმან წითელაძე.

დღეში საშუალოდ 10 ლარს გამოიმუშავებს. სამსახურს დილის რვის ნახევარზე იწყებს და საღამოს რვის ნახევარზე ამთავრებს. ზოგჯერ მაშინ გამოდის სამუშაოდ, როცა მოუნდება. უფროსი არ ჰყავს, მისი სამუშაო გრაფიკი მთლიანად მასზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შემოსავალიც.

„ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ის არის, მე ვცხოვრობ არა იმისათვის, რომ ვჭამო საჭმელი, არამედ ვჭამო, იმიტომ რომ ვიცხოვრო. ეს არის ჩემი მთავარი ღირებულება. ადამიანი ხომ უნდა განსხვავდებოდეს ცხოველისგან,“ – ამბობს მურმან.

ავტომესადგომეებს ქალაქში ყველგან შეხვდებით, სადაც მანქანები დროებით ჩერდებიან. მწვანე ან ნარინჯისფერ ფორმებში ჩაცმულებს. ერთმანეთში დაუწერელი შეთანხმება აქვს – ერთი „სტაიანშიკი“ მეორის ტერიტორიაზე არ იჭრება.

პროფესია სტაიანშიკი

მურმან წითელაძე 10 წელზე მეტია თვითდასაქმებულია. ის "სტაიანშიკია", როგორც ამბობს, მანქანებს მისვლა-მოსვლაში ეხმარება. ნახეთ ვიდეო ⤵️🎬 ვიდეო: მანანა ქველიაშვილი

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ორშაბათი, 08 აპრილი, 2019

რომან სანიკიძე

64 წლის რომან სანიკიძე ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, მემედ აბაშიძისა და მელაშვილის ქუჩებს  შორის დგას.  ეს მისი სამუშაო ტერიტორიაა.

„ოჯახს ვემსახურები და შვილიშვილებს. ორ კაპიკს ვაკეთებ და მიმაქვს ოჯახში. როგორ ვიპოვე ეს სამსახური? ახლობლები მუშაობდნენ. მითხრეს. მოვედი და დავიწყე. არც უფროსი მყავს, არც არაფერი. დღეში საშუალოდ 8-15 ლარი გამომდის. ზაფხულზე უფრო მეტია. ყველა მძღოლი არ გაძლევს ფულს. ვისაც უნდა გიტოვებს, ვისაც უნდა არა. არ გვაქვს უფლება, რომ რამე მოვთხოვოთ. 20 თეთრს მოგცემს, მადლობა უნდა უთხრა, 40 თეთრს მოგცემს, მადლობა უნდა უთხრა,“ – ამბობს რომან სანიკიძე.

არსენ თურმანიძე

არსენ თურმანიძე რომან სანიკიძის მეზობლად, მემედ აბაშიძის ქუჩის პატარა მონაკვეთზე მუშაობს. იმ ადგილას რამდენიმე კაფეა. დღის მანძილზე ბევრი მანქანა მოძრაობს. არსენი პროფესიით მემანქანეა. მშენებლობაზე მუშაობდა მემანქანედ. მერე მისი სამსახური გაუქმდა. უმუშევარი დარჩა. სამსახური ქუჩაში იპოვა.

„ჩემი სპეციალობა კი არაა, მაგრამ რა უნდა ვქნა? წვიმაში, დარში აქ მოვდივარ ყოველდღე და ვმუშაობ. ხუთი მაინც გამომდის დღეში. წამალს ვყიდულობ, პურს ვყიდულობ, ბევრი არაფერი რჩება, მაგრამ ეს რომ არ იყოს, რა უნდა ვქნა?“ – კითხულობს არსენი.

„სტაიანშიკების“ საქმიანობა არ რეგულირდება. მათ არ შეაქვთ გადასახადი ბიუჯეტში, არც რაიმე ვალდებულება აქვთ. არცერთი მძღოლი არაა ვალდებული, ავტომესადგომეებს ფული გადაუხადოს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი