Batumelebi | ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ – Batumelebi
RU | GE  

ოზურგეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

ოზურგეთში – დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სიტუაცია უკვე კონტროლირებადია და ვერტმფრენი პრევენციული მიზნისთვის ჩართეს „იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის ახალი კერების გაჩენა“.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი