მთავარი,სიახლეები

არაფერი უსწავლებიათ, მინისტრის აპარატმა კი სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სტაჟირება გავიარე

09.04.2019 • 2173
არაფერი უსწავლებიათ, მინისტრის აპარატმა კი სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სტაჟირება გავიარე

„სტაჟირებაზე არ მივლია, არაფერი უსწავლებიათ, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სამთვიანი სტაჟირების გავლის დასტურად“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა.

სევინჯმა 1+4 პროგრამით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომელიც (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვისაა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და, შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

სტაჟირების პროგრამის მიზანი კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. წარმატებული აპლიკანტები სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გადიან სტაჟირებას.

პროგრამის დეტალურ აღწერაში აღნიშნულია, რომ მიმღებ ორგანიზაციაში, ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, წარმატებული სტაჟიორი შესაძლოა განიხილებოდეს დასაქმების კანდიდატად.

პირველ, 2017 წელს პროგრამაში ჩართული 65 სტაჟიორისგან მხოლოდ 1 დასაქმდა.

„რუსთავის ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მიმიღეს სტაჟიორად. წესით, სამ თვეში რაღაც ცოდნა უნდა დამეგროვებინა, იმაში მაინც უნდა გავრკვეულიყავი, როგორ მუშაობდა ეს სტრუქტურა, მაგრამ ორი კვირაც არ მივლია. ყურადღებას არავინ მაქცევდა, პირველი მისვლისას დაგვხვდა მიმღებში ერთი ქალი, რომელსაც მიგვაბარეს და მერე აღარც გვინახავს. არაფერი მისწავლია. ვიჯექი კანცელარიაში პირველ სართულზე. ინსტანციებში რა ხდებოდა, არავინ გვახედებდა“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა. მისი თქმით, სტაჟირებამ მას არაფერი მისცა და ამიტომაც იარა მხოლოდ ორი კვირა თბილისიდან რუსთავამდე.

პროგრამის კონცეფციის მიხედვით, სტაჟიორებისთვის გზის ფულიც უნდა აენაზღაურებინათ, მაგრამ სევინჯი ამბობს, რომ მისთვის ეს დანახარჯი არავის აუნაზღაურებია.

პროგრამის აღწერაში კი წერია, რომ საქართველოს გაეროს ასოციაცია (5000 აშშ დოლარის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში) სტაჟიორს აუნაზღაურებს სხვა რეგიონში საცხოვრებელ და ტრანსპორტირების ხარჯებს.

სტაჟირების პროგრამის ნაკლოვანებებზე საუბრობს ელმადდინ მამედოვიც – ამავე პროგრამის 2017 წლის მონაწილე. ელმადდინს, წესით, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უნდა გაევლო სტაჟირება 2017 წლის მაისიდან აგვისტომდე. თუმცა სევინჯ გუმბათოვას მსგავსად მანაც უშედეგოდ მიიჩნია სტაჟირება სამინისტროში.

„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ანალიტიკური საკითხების დეპარტამენტში გამანაწილეს სტაჟირებაზე. სტაჟიორები დეპარტამენტის მთავარ ანალიტიკოსს მიგვამაგრეს, რომელმაც გვითხრა, რომ დასაწყისისთვის მათი ვებგვერდი უნდა შეგვესწავლა. ერთადერთხელ ვნახეთ ეს ქალი, სულ შეხვედრებზე იყო. ამ სტაჟირებაზე ერთადერთი რამ ვისწავლე: სამინისტროები საქართველოში არაფერს აკეთებენ. ყურადღებას არავინ გვაქცევდა. დროის უქმად კარგვა არ მინდოდა და მალევე შევწყვიტე ფორმალურ სტაჟირებაზე სიარული. არავის მოვუკითხივართ, რატომ არ დავდიოდით, როგორ მიდიოდა საქმე და ა.შ. სტაჟირების ეს პროგრამა ფორმალური იყო 2017 წელს. ამ პროგრამის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოს ნამდვილი და გულწრფელი სურვილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რეალური ინტეგრაცია და დასაქმება. ახლა როგორ მუშაობს ეს პროგრამა, არ ვიცი“, – ამბობს ყოფილი სტაჟიორი.

ელმადდინ მამედოვის თქმით, ის თავიდანვე აცხადებდა პროტესტს პროგრამის ხარვეზებზე და რადიო მარნეულის კორესპონდენტსაც ესაუბრა პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც სტაჟირების დახურულ ჯგუფში კოორდინატორისგან საყვედური მიიღო. მას პასუხი მოსთხოვეს მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო.

„ამ საყვედურებს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავისუფალი ადამიანი ვარ, თუ რამეზე პროტესტი მაქვს, ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, ვინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე?“ – ამბობს ელმადდინ მამედოვი. – „ცხადზე ცხადია, რომ ეს იყო ფორმალური სტაჟირება, თუმცა არ ვიცი ახლა როგორაა, იმედია რამე შეიცვალა“.

სტაჟირების პროგრამა (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის წელსაც გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება გუშინ, 8 აპრილს დაასრულა.

სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონცეფცია მომზადდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: