მთავარი,სიახლეები

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

14.03.2018 • 3185
დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კომპანიამ  მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება განახორციელა 251 109 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელშეკრულების შესაბამისად, ავანსად გადახდილი თანხიდან გაიქვითა 190 843 ლარი.

ბათუმის მერის 2016 წლის ოქტომბრის ბრძანებით, ხელშეკრულება კომპანიასთან ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი. კომპანიას დაეკისრა 213 999 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა და 1 430 342 ლარის საავანსო თანხის დაბრუნება. აუდიტის ინფორმაციით, მიმწოდებელი და გარანტორი კომპანიების მიერ არც ერთი ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის.

„კონვენტ ჯორჯიამ“ მერიაში საავანსო ანგარიშსწორებისთვის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK Ltd-ის მიერ გაცემული გარანტია წარადგინა 1 626 396 ლარზე.

გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. ავიზირების წერილში აღნიშნულია, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის [„კონვენტ ჯორჯიას“] წინაშე. მიუხედავად ამისა, ბანკის გადახდისუნარიანობა ბათუმის მერიას არ გადაუმოწმებია.

„ხვალ და ზეგ რომ მოვიდეს ვინმე და მოიტანოს უცხოური ბანკის გარანტია და ქართული ბანკი ტრანზაქციას უკეთებს, მე არ მაქვს უფლება, უარი ვუთხრა, მაგრამ კანონს დავარღვევ და უარს ვეტყვი… გამოცდილება ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი – ერთი „პოინტ ბანკის“ გამო არ უნდა დაზარალდეს საქმე,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“ 2016 წლის დეკემბერში, როცა „იაფი სახლის“ პროექტში გამარჯვებული კომპანიის გაუჩინარებაზე ისაუბრა.

ქალაქის ყოფილმა მერმა მაშინ განაცხადა, რომ ლონდონში ვიზიტით მიემგზავრებოდა, ავანსად გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებაზე მოსალაპარაკებლად.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარანტორი კომპანიის – POINT BANK Ltd-ის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ბათუმის მერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, იურიდიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „ფლექსიჯობსთან“;

აღნიშნული კომპანიის მიერ მოკვლეული მასალებით, POINT BANK Ltd-ის დაფუძნებიდან დღემდე, თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი, რაც გულისხმობს, რომ კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი.

„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: