მთავარი,სიახლეები

2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში

09.04.2019 • 2614
2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში

2017 წლის აპრილში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაამტკიცა, რომელსაც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ეზრუნა. ორი წელი გავიდა, თუმცა საბჭოს საქმიანობა ფორმალურია. ამ საბჭოში გენდერული თანასწორობა დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული თანასწორობა აქ დაცული ვერც იქნება, იმ მიზეზით, რომ უმაღლეს საბჭოში სულ ორი ქალია.

გენდერული თანასწორობის საბჭოს დანიშნულება აჭარაში კანონმდებლობის ანალიზი და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავებაა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭოს შეუძლია გაავრცელოს განცხადება ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ.

საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნინო ჩხეტია ვერ იხსენებს ვერც ერთ შემთხვევას, როცა საბჭო აჭარაში გამოეხმაურა ოჯახში ძალადობას, ქალთა უფლებების დარღვევის გახმაურებულ შემთხვევებს ან გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას. საბჭოს თავმჯდომარე ამის ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეთა ნაკლებ დაინტერესებას ასახელებს საბჭოს საქმიანობის მიმართ:

„სამწუხაროდ, მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ერთი განცხადებითაც არ მოუმართავთ. ალბათ ამასაც აქვს თავისი მიზეზი, არის ძალადობის შემთხვევები, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. ბოლო შემთხვევას გეტყვით, არის ჯგუფი ადამიანებისა [რომლებიც დაუკავშირდნენ საბჭოს], რომლებიც მოითხოვენ, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული.

რაც მახსენდება ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობს ე.წ. „ქალთა ოთახები“ და იქ გავმართეთ გარკვეული შეხვედრები. გეთანხმებით, რომ გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო ამ მიმართულებით“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

ნინო ჩხეტია. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

გასული, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში უმაღლესი საბჭოსთვის გენდერული თანასწორობის საბჭოს ჯერ არ წარუდგენია. კითხვას, რა მნიშვნელოვან თემაზე, პრობლემაზე იქნება საუბარი ახალ ანგარიშში, საბჭოს თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„მგონია, რომ კვოტირების თემა პრობლემურია. ასევე პრობლემურია გენდერული ბიუჯეტირება. რეალურად არ გვაქვს გამოცდილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და წელს ჩვენც და მთავრობის წარმომადგენლებსაც, განსაკუთრებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, მოგვიწევს გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობებთან, რადგან თვითმმართველობები ამ მიმართულებით გაცილებით წინ არიან. ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა იქნება ასევე ერთ-ერთი აქტუალური თემა.“

ცნობიერების ამაღლებაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს აქამდეც უნდა ეზრუნა. არსებობდა 2016 -2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მთელ რიგ საკითხებზე უნდა ემუშავა, მათ შორის ცნობიერების ასამაღლებლად უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დისკუსიების/საჯარო ლექციები უნდა ჩაეტარებინა. ორი წლის განმავლობაში გენდერული საბჭოს წევრებმა ვერც ეს შეძლეს.

საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ლექციებისა და საჯარო შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის თემაზე ახლა აპირებენ.

„ამ მიმართულებით პირველი კომუნიკაცია გვქონდა ბათუმის უნივერსიტეტთან, შეთანხმებული ვართ მემორანდუმის გაფორმებაზე. შეიძლება ამაზე არ შევჩერდეთ და ეს იყოს საჯარო სკოლებშიც“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

კითხვაზე, რა შესრულდა სამოქმედო გეგმიდან, ნინო ჩხეტია ამბობს, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ეს თემა გაჩენილიყო უმაღლეს საბჭოში. „გაჩნდა გენდერული თანასწორობის საბჭო და ეს იყო პირველი საფეხური, რაც გავიარეთ. მეორე საფეხური მგონია, რომ იქნება გენდერული კვოტირების მიმართულებით“, – ამბობს ის.

ასმათ დიასამიძე გენდერული საბჭოს სხდომაზე. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

გენდერული საბჭოს წევრია უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე. ისიც, ნინო ჩხეტიას მსგავსად, მიიჩნევს, რომ საბჭო უფრო აქტიური უნდა იყოს, თუმცა არ არის.

„ვერ ვიტყოდი, რომ აქტიურია საბჭო, სულ ორჯერ თუ სამჯერ შევხვდით… შეიძლება იმიტომ, რომ [საბჭოს თავმჯდომარეობა] შეთავსებული აქვს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ის არის ძალიან დიდი კომიტეტი, ძალიან დატვირთული თავისი მუშაობით. თავის საქმიანობაში ნინო ჩხეტიას უმოქმედობას ვერ დავწამებ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ალბათ ვეღარ მოიცალა. ვისურვებდი ჩვენი აქტივობა გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჩვენს რეგიონს ძალიან სჭირდება გენდერული კუთხით მუშაობა. მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო რაიონებში გენდერული საბჭოს წარმომადგენლების გასვლა, იქ მოტივაციის გაჩენა, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა, ნაადრევი ქორწინება, იცით, რომ პრობლემაა რეგიონისთვის. არის მნიშვნელოვანი პრობლემები, რისი წარმოჩენაც გენდერულ საბჭოს შეუძლია და ჩვენ შეგვიძლია ვმსჯელობთ საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის კუთხით და ა.შ.“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

რატომ არ აქტიურობს ასმათ დიასამიძე თავად, როგორც ამ საბჭოს წევრი? – იგი ამბობს, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აქტიურად ეხმიანება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის სოციალურ თემატიკას, მაგრამ არა გენდერული საბჭოს ფარგლებში. რაც შეეხება განცხადებებს გენდერულ საკითხებზე, რომლის გაკეთებაც საბჭოს შეუძლია, ასმათ დიასამიძის კომენტარი ასეთია:

„საბჭოს პასუხისმგებლობა მაგაშიც ჩანს, თორემ დოკუმენტალურად შეიძლება ყველაფერი წესრიგში იყოს. მაგრამ იმდენი რამ ხდება რეგიონში, ხომ შეიძლება, რომ გენდერულმა საბჭომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ამ პროცესებზე. ფაქტიურად ჩვენ გამოვედით ძალიან პასიურ რეჟიმში“.

ილია ვერძაძე გენდერული საბჭოს სხდომაზე. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

გენდერული საბჭოს შეხვედრებზე განხილული მხოლოდ ერთი თემა ახსენდება საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ილია ვერძაძეს „ქართული ოცნებიდან – ეს იყო პოლემიკა კვოტირების თემაზე, სასტუმრო „კასტელო მარეში“ გამართულ შეხვედრაზე, რამდენიმე თვის წინ. იგი ამბობს, რომ საბჭოში უფრო ზოგადად მსჯელობენ გენდერთან დაკავშირებულ პრობლემებზე:

„ზოგადი პოზიციები უფროა საბჭოში წამოწეული, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, ჩვენთანაც არ არის მთლად ისეთი მდგომარეობა უმაღლეს საბჭოში, სულ ორი ქალბატონია… კონკრეტული მაგონდება კვოტირების თემა, რაზეც გვინდა საუბარი, დანარჩენი არ მაგონდება, ზოგადი თემებია ძირითადად. მე იმ შეხვედრაზე ვთქვი, თუ წამოვა ეს საკითხი, მე ვიქნები ამ საკითხის ლობისტი. სხვა კონკრეტიკა ასეთ საკითხებზე… რა არის გენდერი?! გენდერი არის სოციალური სქესი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თანაბარი ძალისხმევის გაწევის შემთხვევაში თანაბარი უკუგება უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ცუდად არის ამ მხრივ მდგომარეობა და ქალთა ანაზღაურება მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით არის ბევრად ნაკლები, ეს არის ცუდი. ამის გამოსწორებისკენ არის ყველა ეს შეხვედრა მიმართული და აქ რა უნდა ქნა კონკრეტულად?“ –  ამბობს ილია ვერძაძე და აქვე დასძენს:

„აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბიზნესმენს უნდა უთხრა, ნუ გააკეთებ ასე, დისკრიმინაციაზე უნდა გქონდეს ხშირი საუბარი, ცნობიერების ამაღლებაზე და ჩვენ, ძირითადად, ამაზე ვსაუბრობთ…“

გასული წლის 25 დეკემბერს გენდერული თანასწორობის საბჭომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ნახავთ. აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, განიხილა თუ არა საბჭომ, რა შედეგით განახორციელეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქამდე ჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: