პროკურატურაში აუდიტის მიერ წელს გადაგზავნილი 20 საქმიდან ერთი ბათუმის მერიას ეხება


სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც.

ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.

აუდიტმა ნაკლოვანებები გამოავლინა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობისა და სხვა ქვეპროგრამებში;

საბავშვო ატრაქციონების შესყიდვასთან დაკავშირებით, აუდიტი წერს, რომ „შესრულების ხარისხი, აუდიტის პერიოდში ჩატარებული
დათვალიერების შედეგებიდან გამომდინარე, არადამაკმაყოფილებელია. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა ატრაქციონების დაზიანების ფაქტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია შშმ პირთათვის განკუთვნილი ატრაქციონების მდგომარეობა, რომელთაგან უმრავლესობა პრაქტიკულად მწყობრიდან გამოსულია“;

სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში შესყიდულია სულ 21 855 ლარის ღირებულების სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. აუდიტის პერიოდში შერჩევითი წესით განხორციელებული დათვალიერებით კი აღმოჩნდა, რომ ისინი, ფაქტობრივად, გამოსულია მწყობრიდან“;

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და შპს „გრინ გორგიას“ შორის 160 ათას ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 40 სხვადასხვა დასახელების ხე-მცენარის მიწოდებას. „წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად ირკვევა, რომ ხე-მცენარეები მიწოდებულია დადგენილ ვადაში სრული ოდენობით და აღრიცხულია ბუღალტრულად, თუმცა აუდიტის პერიოდში ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც ხე-მცენარეების მიზნობრივად გამოყენების რისკებს წარმოშობს,“ – აღნიშნავს აუდიტი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. ამ კუთხით აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

„ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ 2017 წლის პროგრამაში აუდიტის მიერ  გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე მოკლედ [აუდიტის ანგარიშიდან]:

  • ცალკეული პროგრამების ფარგლებში საბიუჯეტო პარამეტრები არასწორადაა განსაზღვრული, რამაც საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა განაპირობა. ამასთანავე, შეფასების ინდიკატორების განუსაზღვრელობა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას, რაც საბიუჯეტო რესურსის სწორად გადანაწილებისა და ეფექტიანად გამოყენების მთავარი პირობაა;
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილია ფაქტები, რომელთა თანახმად, არ ჩატარებულა ბაზრის კვლევა და შეიზღუდა კონკურენცია. მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება, საგარანტიო ვადაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ფულადი სახსრების არარაციონალურ ხარჯვასა და სატენდერო პირობების კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებზე მისადაგების რისკებზე მიუთითებს;
  • ბათუმის მერიის მიერ ქალაქის დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულების არასათანადოდ შესრულების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელზე თანხები გადარიცხულია სახელშეკრულებო პირობების არასრულად და არასათანადოდ შესრულების პირობებში;
  • შენობა-ნაგებობების ფასადებისა და კედლების დასუფთავება-გაწმენდის სამუშაოებისა და ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის (სამღებრო) სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება ურთიერთგამომრიცხავია და შესაძლოა, შეუსრულებელი სამუშაოების ანაზღაურებისა და თაღლითობის რისკებს შეიცავდეს;
  • ბათუმის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე არასათანადო მონიტორინგის შედეგად, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ანაზღაურებულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რაც საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს;
  • ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მიღებული აქტივების სრულყოფილ აღრიცხვასა და მიწოდებულ აქტივებთან მიმართებით არსებული ხარვეზების დროულ გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს წარმოშობს;
  • „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ, შემსრულებელ კომპანიას ზედმეტად ჩაერიცხა შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება;
  • ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ შექმნილმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება, რის გამოც ვერ ხერხდება 3 390 000 ლარის ღირებულების
    ინფრასტრუქტურული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა. ამასთანავე, მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის არასრულფასოვნად შესწავლის შედეგად გაწეულია 706 274 ლარის არაეფექტიანი ხარჯი, რამაც 2018 წლისათვის 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა განაპირობა და შესაძლოა, ბიუჯეტიდან თანხების დამატებით გამოყოფის საფუძველი გახდეს.

ეს ანგარიში სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის 14 მარტს გამოაქვეყნა.

ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო აუდიტმა 2017-2018 წლებში 178 აუდიტი ჩაატარა. მიმდინარე წლისთვის კი სამსახურს 83 აუდიტის ჩატარება აქვს დაგეგმილი.

აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლიდან 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდში სამართალდამცავ სტრუქტურებში სულ გადაგზავნილია აუდიტის 65 ანგარიში.

აქედან ერთ-ერთი ბათუმის მერიის ე.წ. „იაფის სახლის“ პროგრამას ეხება. აუდიტის დასკვნის მიხედვით ქალაქის ბიუჯეტს 1 430 342 ლარის ზიანი მიადგა.

————-

თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 517 200 ლარი გამოეყო, 2019 წლის ბიუჯეტში კი სამსახურისთვის 16 170 800 ლარია გათვალისწინებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორივე წლის ბიუჯეტის, ჯამში 30 მილიონ  688 ათასი ლარის ხარჯვას, შეამოწმებს პარლამენტის მიერ შერჩეული კომპანია, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე კვიპროსშია რეგისტრირებული.

ამ თემაზე:

რაში ხარჯავს სახელმწიფო აუდიტი 30 მილიონს – აუდიტის აუდიტი  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com