უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა

24 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ როინ კახიძე გაამწესა. იგი ბათუმელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ამჯერად როინ კახიძე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გაამწერეს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრ მოსამართლედ.

როინ კახიძე ბოლო წლებში ცაგერის სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. ბათუმელი ადვოკატები დღეს მის განხილულ კონკრეტულ საქმეებს ვერ იხსენებენ, თუმცა ახსოვთ, რომ ამ მოსამართლეს წლების წინ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრეს.

„ის იყო ჩვეულებრივ სისტემის ნაწილი მოსამართლე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გამამართლებელი განაჩენიც ჰქონდა, ვერ ვიტყვი, რომ იყო პრინციპული. როინ კახიძე იყო შემსრულებელი,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

„ბათუმელების“ არქივში კონკრეტული სტატია იძებნება – საქმე, რომელზეც როინ კახიძემ 2008 წელს გადაწყვეტილება მიიღო: „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, გაუპატიურებაში ბრალდებული გიორგი ჩიქოვანი სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი, სასტიკად ნაცემი 24 წლის გოგონა მის პატიმრობაში ყოფნას სთხოვდა მოსამართლე როინ კახიძეს,“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ბათუმელების“ ინტერნეტარქივში იპოვით სტატიასაც, სადაც მოსამართლე როინ კახიძეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის იდეა არ მოსწონს:

„იდეა არ მომწონს, რადგან ვთვლი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის განუსაზღვრელი ვადით არჩეული მოსამართლე არაფერს შეცვლის. ვფიქრობ, ადამიანი მოსამართლედ 15-20 წელი უნდა მუშაობდეს. ამ დროის განმავლობაში იგი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს, რის შემდეგ პენსია უნდა დაენიშნოს. 65-წლამდე ისეთივე რეჟიმში მუშაობა, როგორშიც ახლა მიწევს, შეუძლებელია,“ – უთხრა 2008 წელს მოსამართლე როინ კახიძემ „ბათუმელებს“. ამავე სტატიაში როინ კახიძე ამბობს, რომ მას მხოლოდ კანონი ზღუდავს.

„არავინ მირეკავს და მავალებს, რა გადაწყვეტილება გამოვიტანო, კანონმდებლობით ვარ შეზღუდული. გადაწყვეტილების მიღებაში პროკურორია შეზღუდული, თორემ მოსამართლე თავისუფალია,“ – აღნიშნავს როინ კახიძე.

როინ კახიძის ბიოგრაფიული მონაცემი, სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, არ იძებნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე. საბჭოს პრესცენტრის თქმით, მოსამართლეს ბიოგრაფია საბჭოსთვის არ მიუწოდებია.

უვადოდ მოსამართლე ისე გაამწესეს, რომ მისი ბიოგრაფია საბჭოს წევრებს არ მოუკითხავთ? – კითხვის პასუხად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში დაგვიკონკრეტეს, რომ ბიოგრაფია არ მიუწოდებიათ იმ ჯგუფისთვის, რომელიც ბიოგრაფიებს საბჭოს ვებგვერდზე ტვირთავს. პრესცენტრს ჩვენ მოსამართლის ბიოგრაფიის მოწოდება ვთხოვეთ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე იგი არ მიგვიღია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისს კონკურსის წესით 29 მოსამართლე გაამწესა უვადოდ, სამი – გამოსაცდელი ვადით. 43 ვაკანსიაზე 69 კანდიდატი მოსამართლე დარეგისტრირდა.

იუსტიციის საბჭომ ამჯერად ბათუმში უვადო მოსამართლედ გაამწესა ჯუმბერ ბეჟანიძე. საბჭომ უარი უთხრა მოსამართლეობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს – ირაკლი შავაძეს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს დაუპირისპირდა და შემდეგ სასამართლო კლანზე საჯაროდ ისაუბრა. ირაკლი შავაძეს მოსამართლედ გამწესების იმედი აღარ აქვს. ის ადვოკატობას დაუბრუნდა.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან. 2008 წელი

 

 

 

 

ბათუმში 31 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

31 მაისს ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და  ენერგეტიკის სფეროებიდანაა.

ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მსურველები www.ssa.gov.ge-ს უნდა ეწვიონ, გადავიდნენ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდნენ 15:00 საათიდან 18:00 საათამდე. სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმზე  რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე.

ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.

ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფორუმი სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ გაიმართება.

მავნებელია თუ არა ბოლო დროს მომრავლებული პეპლები

წელს ქალაქში პეპლების სიმრავლეს შეამჩნევდით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გადამფრენი მწერი – ნარშავას ფრთაკუთხაა (Vanessa cardui).

იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას.

გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის მე-2, მე-3 დეკადიდან (მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, მაისის პირველი დეკადიდან). საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბოლო თაობის იმაგოს ფრენა გრძელდება ოქტომბრამდე. მისი ბუნებრივი მტრები არიან: ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები და სხვა.

 პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით 5-7 სმ-ია. ფრთები ზემოდან ღია ნარინჯისფერ-მოწითალოა შავი ლაქებით. იგი გვხვდება ყველგან – მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში. განსაკურებით უყვარს დიდი გაშლილი, მზიანი სივრცეები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს აფრიკის კონტინენტისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავენ, რის გამოც მათი დანახვა ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუძლებელია. პეპლები ელოდებიან იმ დროს, როცა ქარი სასურველი მიმართულებით დაუბერავს. ქარის დახმარებით ისინი 45 კმ/სთ სიჩქარით ფრენენ. ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 კილომეტრს ფარავენ. გადაფრენას იწყებენ ჩრდილოეთი არქტიკის საზღვრებიდან და ასრულებენ დასავლეთ აფრიკაში. ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს.

პეპელა ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება. მისი სასიცოცხლო ციკლი 2 თვეა.

კომპანია „ნოვამ“ თიბისისა და EBRD-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო გახსნა

27 მაისს ქალაქ ბათუმში შპს „ნოვამ“ განახლებული საწარმო გახსნა.

საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და  პოლიეთილენის სხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროექტისთვის „თიბისიმ“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს.

„ნოვა“ აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან „ქეშ ბექის“ სახით დაიბრუნებს.

კომპანია „ნოვა“ ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000-მდე ლიტრი მოცულობის, პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000-მდე ლიტრ მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა, იტალიური დანადგარები, რომლებიც როტაციული მეთოდით ქმნიან პროდუქციას,  პოლიეთილენის სხვადასხვა პროდუქციის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც „თიბისის“ და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ“ დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სახურავის მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში.

ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში.

„გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა მსგავსი რამ გაკეთებული, პირველი კვლევა იყო ეს ჩემთვის და ვფიქრობ, შედეგიანი“, – გვითხრა ანამ.

მისი თქმით, კვლევაში მონაწილე ბავშვებმა შეისწავლეს თავიანთი სკოლის პრობლემები და გამონახეს მათი მოგვარების გზებიც.

„განვიხილეთ სიტუაცია, თუ რა ხდებოდა სკოლებში, როგორი მოუწესრიგებელი იყო თუნდაც ბუფეტები ან საპირფარეშოები და შემდეგ დავწერეთ გამოსავალი. როცა არ აკეთებს სკოლა, უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ამიტომ შევქმენით თვითმმართველობა, მოვაწესრიგეთ ბუფეტი და კიბეების პრობლემაც მოვაგვარეთ. აქამდე არ მქონდა მოტივაცია, კვლევაში ჩართვამ ეს მოტივაცია მომცა“, – ამბობს ანა.

ანა წელს საბუნებისმეტყველო სექციაში იმუშავებს. თემად აირჩია სურნელის საიდუმლო. „შევისწავლით ეთერზეთების გავრცელებას და მის გამოყენებას პრაქტიკულ ცხოვრებაში. მივიღებთ ინფორმაციას, როგორ გამოიყენება ეთერზეთები, ვთქვათ, კოსმეტოლოგიაში. ვაპირებ ქიმიის განხრით სწავლის გაგრძელებას და ეს იქნება ჩემი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – გვეუბნება ანა.

მოსწავლის აზრით, ამ ტიპის თანამშრომლობა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის აუცილებელია, რადგან მოსწავლეების დიდი ნაწილი მოუმზადებელი ხვდება საუნივერსიტეტო ცხოვრებას, „ამ ტიპის ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა დაგვეხმარება კომუნიკაციის გაუმჯობესებაში“.

ანა ციხელაშვილი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ლელა თურმანიძე ამბობს, რომ კონფერენციის მიზანი არის სკოლისა და უნივერსიტეტის  სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა. „2005 წლიდან  განათლების სისტემაში ხორციელდება რეფორმა, გარკვეული შედეგები გვაქვს, თუმცა ადრე უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა თეორიულ ცოდნაზე, მაშინ როცა ევროპა აქცენტებს სვამს იმაზე, რომ კვლევა და თეორია აუცილებლად  უნდა იყოს ინტეგრირებული პრაქტიკულ უნარებთან.

აქამდე ცალკე ვითარდებოდა უნივერსიტეტი, ცალკე – სკოლა. რისთვის არსებობს უნივერსიტეტი? ჩვენ ხომ შევსება გვაქვს სკოლიდან და გარკვეულ დარგებში ჩვენ უნდა შევთავაზოთ კადრები სკოლას. ასევე მეთოდიკაში, სადაც გვაქვს ე.წ. ვაკუუმი, უნდა შეავსონ მკვლევარებმა“, – გვეუბნება ის.

ლელა თურმანიძის თქმით, ვაკუუმები არის ზოგადად განათლების სისტემაში, თუმცა უფრო მეტად – მეთოდიკაში. „მათემატიკას შეიძლება ყველა ქვეყანაში ერთნაირად კითხულობენ, მაგრამ მეთოდიკა ყველა ქვეყანას აქვს სპეციფიკური. ამიტომ ჩვენც კვლევები უნდა დავდოთ მეთოდიკაში. ადგილზე უნდა შევისწავლოთ სწავლების პრობლემატიკა, როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტის დონეზე, რაც დღეს აკლია ჩვენი განათლების სისტემას, მეთოდიკის კვლევის მხრივ სისუსტე გვაქვს სკოლაშიც“.

მისი თქმით, ამ ტიპის თანამშრომლობა ეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს პრაქტიკული უნარების განვითარებაში. „ჩვენთან სუსტია პროექტებზე მუშაობის კომპონენტი, რაც ევროპას ძალიან კარგად აქვს, ჯგუფში მუშაობის კომპონენტი და ა.შ. ეს ნიუანსები დასახვეწია“.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია მეშვიდე წელია ტარდება, ჯერჯერობით არსებითი კვლევითი ნაშრომი სკოლას და უნივერსიტეტს არ გაუკეთებია. „შეგვიძლია გამოვყოთ ერთი ერთობლივი პროგრამა, ეს არის მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე ითვალისწინებს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას, რაც აქამდე არ იყო.

ეს არის დაწყებითი საფეხურის პროგრამა, სადაც დიდი ნაწილი ამ ნაშრომისა უნდა იყოს კვლევა. ამიტომ ჩვენი სტუდენტები უნდათ თუ არა მივლენ სკოლებში და იქ ერთობლივ კვლევებს აწარმოებენ სკოლის საჭიროებებზე“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

კონფერენცია ერთდღიანია. მოსწავლეები და სტუდენტები ცხრა სექციაში იმუშავებენ. კონფერენციის ფარგლებში ასზე მეტი მოხსენება უნდა გაკეთდეს როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში.

15 ათასი ლარი ჯარიმა შუქის, გაზისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის – დავა საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 28 მაისს, არსებითად განიხილავს „ახალგაზრდა დემოკრატების“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას აწესებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის განმეორებით უკანონო დატაცებისთვის. მაგალითად, ელექტროენერგიის განმეორებითი უკანონო დატაცებისთვის ფიზიკურ პირი 100 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 ათასი ლარით.

მოსარჩელე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ჯარიმების განსხვავებულ ოდენობას ასაჩივრებს. მისი მტკიცებით, ასეთი განსხვავება არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.

მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა იურიდიული პირების შემთხვევაში შეუსაბამოდ მაღალია და იგი შესაძლოა რომელიმე ორგანიზაციის გაუქმების მიზეზიც გახდეს.

„ჯარიმა წარმოადგენს სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი ხდებოდეს იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტა. საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის შესაძლოა წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმეზე ევროპის სასამართლოს მიმართეს

„ქობულეთის პანსიონის საქმე“ შესაძლოა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განიხილოს. სასამართლოს უკვე მიმართა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. მუსლიმი თემი კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს ევროსასამართლოსგან, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.

სასამართლო პროცესების მოგების მიუხედავად, ამ დრომდე მუსლიმი თემი ქობულეთის პანსიონში ვერ შედის – შენობაში წყლის სისტემა არ არის და ქობულეთის მერია პანსიონის სისტემაში ჩართვაზე უარს ამბობს. ამ კუთხით სასამართლო დავა გრძელდება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას დაადგენდა.

„იმისთვის, რომ მხარეებმა არ დაკარგონ სამართლიანობის  განცდა, რელიგიური შინაარსის სათემო კონფლიქტების დროს, აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს დროული და ადეკვატური რეაგირება. სამწუხაროდ, ქობულეთის პანსიონატის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოვლენილი ისლამოფობიის სიმძიმის მიუხედავად, სახელმწიფომ კონფლიქტების მართვისა და სამართლიანი გადაწყვეტის ვალდებულება  ვერ შეასრულა. შესაბამისად, არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და  სოციალური ცვლილებებისთვის,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთში მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის უფლება 2014 წელს არ მისცეს, მაშინ პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავიც მიაჭედეს.

ამ თემაზე:

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

 

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ.

გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში გამოუყვეს, არარენტაბელურია.

“სანამ თორნიკე რიჟვაძე არ შეგვხვდება, მანამ არ ვაპირებთ რაიმე კომენტარის გაკეთებას“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები და ფეხით მიემართებიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობისკენ.

განახლება

გარემოვაჭრეები უკვე [12:00] აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციული შენობიდან  მათთან შესახვედრად ჯერჯერობით არავინ გამოსულა. მოვაჭრეებთან მივიდა ბათუმის მერიის წარმომადგენელი ჯუმბერ კობალაძე.

გარემოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელების გარემოცვაში

“გვეგონა, ჩაის საკრეფად რომ ხალხი წავიდოდა, ის ხალხი მაინც იყიდდა რამეს და ამოძრავდებოდა ბაზრობა. საათი ისე გადის, კაცი არ შემოდის სავაჭროდ. თავიდან იმედით დაგთანხდმით იქ გადასვლაზე. ხუთი თვეა ვუყურებთ, ვაჭრობა არაა. ვერ ვმუშაობთ. რა ვქნათ? როგორ ვიცხოვროთ?”- ჰკითხეს მოვაჭრეებმა მერიის წარმომადგენელს, ჯუმბერ კობალაძეს.

გარემოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელიან.

 

 

________________

ამავე თემაზე:

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

შეამოწმე რას (არ)გატყუებს თვალი [ტესტი]

შეამოწმეთ როგორ დააღწევთ თავს ოპტიკურ ილუზიას და გამოიცანით რა ჩანს სურათებზე სინამდვილეში.

 

ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება ექსკურსიებზე – სამინისტროს რეკომენდაცია

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობაა 16 წლის გოგოს გარდაცვალება.

ეკატერინე ხუციშვილი, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს სკოლებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს უგზავნის, რომელიც ექსკურსიების გამართვის დროს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს აწესებს.

რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია ექსკურსიაში მონაწილე ბავშვებსა და ლოკაციაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება სრულიად გამართული უნდა იყოს. ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ ბავშვებს ექსკურსიაზე ერთი ექთანი მაინც უნდა ახლდეს თან.

სამინისტროს რეკომენდაციათა ნუსხა ითვალისწინებს შემდეგს:

  • ტრასპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება; სასურველია, სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა); სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;
  • გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;
  • რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანთა გადაადგილების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;
  • ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;
  • ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.
  • ამ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;

ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი სკოლებში რეკომენდაციის სახითაა დაგზავნილი, თუმცა მათი შესრულება აუცილებელია. მისივე თქმით, რეკომენდაციათა ნაწილს, კერძოდ კი, ტრანსპორტირების საკითხს, პირველი ივნისიდან სატრანსპორტო მოძრაობის კანონიც დაარეგულირებს.

დანარჩენი რეგულაციების გამკაცრებაზე კი, მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს და დროთა განმავლობაში სხვა საკანონმდებლო ცვლილებებსაც დანერგავს. ამასთანავე, ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, რომ ექსკურსიების შესახებ წესები “ბავშვთა უფლებების კოდექსშიც” შევა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მიიღონ.

“რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგს სამინისტრო, სამწუხაროდ, ვერ განახორიცელებს, იმდენად ბევრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და თითოეული სკოლიდან წასული მოსწავლეების რაოდენობა, რომ ცენტრალიზებულად მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას”,- ამბობს ეკატერინე ხუციშვილი.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, საია-ს იურისტის, ქეთი შუბაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არავითარი იურიდიული ძალა  არ აქვს. იურისტი გვიყვება, რომ დღესდღეობით ქართულ საკანონმდებლო სივრცეს ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება სჭირდება, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა ხშირად საფრთხის ქვეშ დგება.

“საჭიროება რომ არის რეგულაციების გამკაცრების, ამას სახელმწიფოც ნაწილობრივ აღიარებს, იმიტომ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები გაიწერა. თუმცა ეს კოდექსი ჯერ მიღებული არ არის და მან მხოლოდ პირველი მოსმენა გაიარა”, – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

კანონპროექტში, რომლის შესახებაც იურისტი საუბრობს, ექსკურსიებთან დაკავშირებული წესები მართლაც გაწერილია. ამ ნორმებს დოკუმენტის 66-ე „საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების“ მუხლი არეგულირებს.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ეს კონკრეტული მუხლი ეხება, ღონისძიების დრო, ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა და მონაწილე ბავშვთა ინფორმაციის აღრიცხვა შედის, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს უნდა მიაწოდოს.

გარდა ამისა, კანონპროექტში წერია, რომ უნდა იყოს დაცული ადგილისა და საკვების ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ გამართული ტრანსპორტი და საევაკუაციო გეგმა.

ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ:

„თუკი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმის ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი”.

ქეთი შუბაშვილის თქმით, კანონპროექტში გაწერილი წესები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მათი აღსრულება და მონიტორინგი, შესაძლოა, ცალკე გამოწვევად იქცეს.

 

სტატიის სრული ვერსია:

https://netgazeti.ge/news/367326/

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქართველოს რკინიგზის განცხადება ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

საქართველოს რკინიგზა ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო

„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

„შეამოწმეთ რა სიჩქარის ქარი იყო, ბოლო 50 წლის განმავლობაში თუ აღმოაჩენთ ამ სიჩქარეს, კი ბატონო, გავაგრძელოთ საუბარი. დაახლოებით 160 კმ/საათი იყო სიჩქარე ეს ქვედა ნაწილში, ზედა ნაწილში კიდევ უფრო ძლიერი იყო“, – გვითხრა ირაკლი კვერღელიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისს  ქარის სიჩქარემ ბათუმში მიაღწია 25 მეტრ/წამს. შესაბამისად, 25 მაისს ბათუმში დაფიქსირებული ქარის სიჩქარე იყო არა 160 კმ/საათში, არამედ 90 კმ/საათში.

ჩვენ „ორბის“ დირექტორს ასევე ვკითხეთ, რატომ რჩებოდნენ 160 კმ/საათში სიჩქარის ქარის პირობებში მუშები მშენებარე შენობაში?

„გააჩნია, სად რჩებოდნენ. ქარის არსებობის დროს, შენობაში ყოფნა რატომაა საფრთხის შემცველი?… ქარი ამოვარდა მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად. ადამიანთა კატეგორიას გარეთ გამოსვლის შემთხვევაში საფრთხე ჰქონდათ. გარეთ რომ გამოსულიყვნენ, მერე იმას მეტყოდით, გარეთ რატომ იყვნენო,“ – გვიპასუხა ირაკლი კვერღელიძემ.

„ორბი ჯგუფის“ დირექტორის თქმით, გამოძიებას იგი არ დაუბარებია ჩვენების მისაცემად. ირაკლი კვერღელიძემ ასევე გვითხრა [შს სამინისტროში 25 მაისს განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით], რომ დაზიანებული ავტომანქანებთან შეთანხმება შედგა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. მან არ დაგვიკონკრეტა, რამდენი მანქანის აღდგენა არის შეუძლებელი.

„ვერ გეტყვით, რამდენ შემთხვევაში შევიძენთ ახალს… ყველა მესაკუთრესთან ვართ შეჯერებულები და ეს რატომ არის საინტერესო?“ – იკითხა ირაკლი კვერღელიძემ.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით კი, უსაფრთხოების ნორმების „ორბის“ მშენებლობაზე დარღვეული იყო და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. „კომპანიას მიეცა ხუთდღიანი ვადა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩერდება მშენებლობა,“ – ამბობს ირაკლი მოქია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

ნახეთ ვიდეო კადრები, რომელიც 25 მაისის დილას, ბათუმში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შენობასთან არსებულ მდგომარეობას ასახავს.

_____________

ამ თემაზე:

„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

387 პირი ამბობს, რომ არ უნაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – „ბათუმელების“ გამოკითხვა

დასაქმებული ადამიანები საქართველოში შრომის ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად აუნაზღაურებელ დამატებით სამუშაოს და არასათანადო შრომით პირობებს ასახელებენ – ასეთია „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 1951-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვა – „როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები“ – „ბათუმელების“ ვებგვერდზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 13 პასუხიდან თითოეულ გამოკითხულს შეეძლო მოენიშნა ერთი ან რამდენიმე პასუხი.

ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა შემდეგმა პასუხებმა:

  1. არ მინაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – 19.84 % [387 ხმა] 
  2. ვასრულებ იმ სამუშაოს, რაც ხელშეკრულებით არ მევალება და ამისათვის დამატებით ანაზღაურებას არ ვიღებ – 

რაც შეეხება პასუხის სხვა ვარიანტებს, ხმები ასე გადანაწილდა:

[checklist]

  •  
  •   
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

[/checklist]

გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული.

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი. „რესპუბლიკურში“ ზუსტად 35 წელია ვმუშაობ,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი ნარგიზ შარაძე. ის და ამ განყოფილების სხვა ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, პაციენტების რაოდენობამ მას შემდეგ იკლო, რაც ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო და ჯერჯერობით ვერ სრულდება. ექთნები მიიჩნევენ, რომ ამის მიუხედავად, კლინიკის შემოსავლები თანაბრად არ ნაწილდება და შესაძლებელია „ოდნავ ღირსეული ხელფასის გაცემა“. ექთნები ამბობენ, რომ 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია.

„31 წელია აქ ვმუშაობ, ყოველდღე აქ ვარ, დილის ცხრიდან საღამოს ხუთის ნახევრამდე,“ – გვიყვება კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი, მაგული წულუკიძე, – „აღარ გვაქვს ბევრი საქმე, არ ვწუწუნებ, ვერც სახლში ვჯდები, რა ვქნა… ამდენი წელია აქ ვარ, შევეჩვიე აქაურობას. თანაც, ამ ბოლოს ითქვა, ახალი აშენდება, ისევ რესპუბლიკურს ექნება ყველაზე მეტი დაფასებაო და გავჩერდი. წლების წინ მოჭრით გვქონდა ხელფასი 150 ლარი, შემდეგ გამომუშავების სისტემა დაწესდა და ახლა ხან 30 ლარს ვიღებ, ზოგჯერ თუ კარგი მუშაობაა – 75 ლარიც ამიღია. აპრილში, მაგალითად, 29 ლარი ავიღე… გვპირდებიან, ახალი რომ გაიხსნება, კიდევ უფრო მეტი ექთანი იქნება საჭიროო და არ მივდივართ ამიტომ“.

კარდიოლოგიურ განყოფილებაში სულ 11 ექთანია. სამი დღისით მუშაობს, დანარჩენი – ღამით მორიგეობენ. ექთნების თქმით, პაციენტების რაოდენობის შემცირება კონკურენტულმა გარემომაც განაპირობა და ამით განსაკუთრებით კარდიოლოგიური განყოფილება დაზარალდა. ექთნებს აღიზიანებთ შეკითხვა, რატომ არ გადავიდნენ ისინი აქამდე სამუშაოდ სხვა კლინიკაში.

ნარგიზ შარაძე, ექთანი: „სად უნდა გადავსულიყავი? რესპუბლიკური სამშობლოსავითაა… არც სხვაგან გადასული მინახავს ვინმე გახარებული. აპრილში ღამით სულ ხუთი მორიგეობა მომიწია. მე იმას ვითხოვ, რომ გამოინახოს რესურსი ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით და ასაკის მიხედვით და შეგვითავსონ სხვა განყოფილების ექთნობაც. ჩვენ მაღალ ანაზღაურებას არ ვითხოვთ, 100-150 ლარიც საოცნებოა… ახალი თანამშრომლები აჰყავთ, ან კიდევ იმ თანამშრომლებს უთავსებენ შტატებს, რომლებსაც ხელფასი ისედაც მაღალი აქვთ – 150 და 200 ლარი“.

ექთნებმა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა დაგვისახელეს, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელს სხვა პოზიცია შეუთავსეს. ამას ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაშიც. თუმცა მისი მტკიცებით, დამატებითი პოზიცია იმ თანამშრომელს შეუთავსა, ვისი კომპეტენციაც კონკრეტული პოზიციის შესაბამისი იყო. კლინიკის დირექტორს ვკითხეთ, რა გზით დადგინდა, რომ მაგალითად, კარდიოლოგიის განყოფილების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექთნებს არ ჰქონდათ ვაკანტური უფროსი ექთნის შესაბამისი კომპეტენცია. ექთნების თქმით, უფროსი ექთნის პოზიცია ადამინისტრაციის თანამშრომელმა შეითავსა.

„უფროსი ექთანი არის მენეჯერული პოზიცია და მენეჯერულ კომპეტენციებს აფასებს საწარმოს ხელმძღვანელი, ანუ მე. მე უკვე ვიცი მათი კომპეტენციები, რადგან წლებია მათთან ერთად ვმუშაობ… მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ეს, ეს იყო კლინიკური მენეჯერის გადაწყვეტილებაც“, – გვითხრა მალხაზ ხალვაშმა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა.

მალხაზ ხალვაში ადასტურებს, რომ ექთნების ხელფასი დაბალია. „მაგრამ შემოსავალი რაც არის, იმას ვანაწილებთ,“ – ამბობს ის. ხალვაში „კრიზისული ეტაპის“ დასრულებას მას შემდეგ ელის, როცა კლინიკა ახალ შენობაში გადავა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გამოიძებნება თანხა ბიუჯეტში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის აღჭურვისთვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა გვითხრა ისიც, რომ, მაგალითად, დიალეზის განყოფილებისთვის ექთნის პოზიცია ისევ ვაკანტურია და ექთნებმა იქ დასაქმებაზე უარი თქვეს. „იქ ხელფასი 400 ლარია, მაგრამ არავის სურს მუშაობა… რატომ არ სურთ მუშაობა, არ მიკითხავს,“ – აღნიშნა მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებთან“.

„შეიძლებოდა გადასვლა, მაგრამ მაქ ძალ-ღონით სავსე ექთანია საჭირო, რომელიც დილიდან საღამოს ათამდე იმუშავებს, მაგას ვეღარ შევძლებთ…“ – გვითხრა ექთანმა ნარგიზ შარაძემ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ არ გადავიდა სამუშაოდ დიალეზის განყოფილებაში.

მთავარი ფოტო: ნარგიზ შარაძე

 

ბათუმის საკრებულოში როინ ზოიძეს გელა დეკანაძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს, 27 მაისს, მიმართა.

მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმი საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.

როინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.

პარტიის ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში როინ ზოიძეს ის ჩაანაცვლებს.

 

რა უნდა იყოს ციხის შემდეგ პირველი ნაბიჯი – დახმარების მსურველის პოვნა შესაძლებელია

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები სარგებლობენ სამედიცინო და იურიდიული მომსახურებით, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით. სწორედ დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის.

ყოფილი პატიმრები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მცირე ბიზნესის დაწყება სურთ ან აქვთ ასეთი საქმე და დახმარება სჭირდებათ – ხშირად ფინანსდებიან საჭიროებების მიხედვით ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტით“.

42 წლის ზაზა შვანგირაძე ერთ-ერთი მათგანია. პროექტის შესახებ, ისევე როგორც ბენეფიციართა დიდმა ნაწილმა, მანაც ახლობლისგან შეიტყო და ქუთაისის ახალგაზრდულ რესურსცენტრს მიმართა. ზაზა თვითდასაქმებულია – ნაქირავებ სივრცეში სახელოსნო აქვს მოწყობილი და მეგობართან ერთად ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შემცვლელად მუშაობს. პროექტის საშუალებით მან სახელოსნოსთვის აუცილებელი იარაღები შეიძინა, რის გარეშეც შრომა ურთულდებოდა.

„რამეში უნდა იყო ჩართული და იპოვი საქმეს, ეს არის რეაბილიტაციის საწყისი ნაბიჯი. რთულია ციხის შემდეგ სამსახურის პოვნა, ყველა ერიდება ნასამართლევის დასაქმებას. განსაკუთრებით რთულია დასაქმება იმ ყოფილი პატიმრებისთის, რომლებსაც პროფესია არ აქვთ. მე ტექნიკით ბავშვობიდან დავინტერესდი, მეზობლებს ვეხმარებოდი, მანქანის შეკეთების პროცესში რომ მიმეღო მონაწილეობა. თუ მოინდომებ, რთული არაფერია. კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იცი რა გსურს, მერე უფრო მარტივია დახმარების მსურველი ორგანიზაციის პოვნა,“ – ამბობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარი.

ზაზა შვანგირაძეს წყალტუბოში მიწის ნაკვეთი არ აქვს, ცხოვრობს კორპუსში, შესაბამისად, ვერც პროდუქტები მოჰყავს. ოჯახში მხოლოდ თავადაა დასაქმებული. ყოფილი პატიმრის შემოსავლის ერთადერთი წყარო სახელოსნოა.

ზაზა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით იხდიდა სასჯელს თითქმის ორი წელი. საპატიმროდან ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე 2014 წელს გათავისუფლდა.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში.


 

გარდა დასაქმების მიმართულებისა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

208 გოგო და 105 ბიჭი – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები აჭარაში

აჭარაში 313 შარშანდელ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები წელს გადასცეს.  მედალოსნებიდან 208 გოგოა, 105 კი – ბიჭი.

313 მედალოსანიდან 152 ბათუმში სწავლობდა, დანარჩენი – მუნიციპალიტეტებში. ოქროსა და ვერცხლის მედლები ბათუმში 109 გოგოს და 43 ბიჭს გადაეცა. აქედან ერთ-ერთი კურსდამთავრებული შშმ პირია.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მედლები ერთი წლის დაგვიანებით იმიტომ გადასცეს, რომ ნიშნების დაჯამება გარკვეულ დროს მოითხოვს. „შემდეგ კი მედლების შესყიდვაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს“.

2019 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების ვინაობა და რაოდენობა სავარაუდოდ, მომავალ წელს გახდება ცნობილი.

2018 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები აჭარაში.
ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი

9 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ 1 ვერ გადავიდა – აჭარა TV-ის დირექტორის არჩევნები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველი კანდიდატების განცხადებების გადარჩევა დღეს, 27 მაისს, დასრულდა. მრჩეველთა საბჭომ ცხრა კონკურსანტიდან  მხოლოდ ერთ მონაწილეს – გიორგი წულაიას უთხრა უარი. დანარჩენი რვა კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა.

მეორე – გასაუბრების ეტაპი, როგორც „ბათუმელებს“ მრჩეველთა საბჭოში უთხრეს, 30-31 მაისს გაიმართება. 31 მაისს ასევე ჩანიშნულია მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, თუ ვინ დაიკავებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობას.

ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა 19 აპრილს გახდა ვაკანტური, როცა ამ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს, რომელიც ასევე მონაწილეობს დირექტორის შესარჩევ კონკურსში.

კონკურსანტების სია:

  • მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
  • დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი [ვერ გადალახა];
  • გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  • ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
  • ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი;
  • ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი;
  • თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი.

რატომ დასაჯეს მხოლოდ ინგა შამილიშვილი 

ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დროშები გამოფინეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა, აჭარის განათლების სამინისტრომ კი – 15 ათასი ლარით. 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ოკუპანტი ქვეყნის დროშების გამოფენას შეეწირა ორგანიზატორი უწყების – განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილის თანამდებობა.  ბათუმის მერიაში კი არავინ დაუსჯიათ.

გუშინ, 26 მაისს, აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის გათავისუფლების შემდეგ, აჭარის განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მერიის მიერ ფესტივალის მხარდაჭერაზე დააკორექტირეს – ფესტივალის მხარდამჭერებს შორის დასახელებული ბათუმის მერია ჩამონათვალიდან წაშალეს.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მერია ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მხარდამჭერი იყო და არა ორგანიზატორი, შესაბამისად, მათ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათივე განმარტებით, განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან მერიის, როგორც ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის წაშლასთან მერიას კავშირი არ აქვს. აქ ირწმუნებიან, რომ სამინისტროსთვის ასეთი მოთხოვნით მერიიდან არავის მიუმართავს.

კომისიას, რომელმაც ფესტივალ „ოქროს დელფინის“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის მერიაში, მერის მოადგილე, მომღერალი სოფო ხალვაში ხელმძღვანელობს. კომისიაში შედიან ასევე განათლების სამინიტროს, ბათუმის საკრებულოსა და ამ უწყების მრჩეველთა საბჭოს წევრები.

„ფესტივალი ერთ-ერთი პროგრამის – „თავისუფალი ინიციატივების“ ფარგლებში დავაფინანსეთ 12 000 ლარით“,  – გვითხრეს მერიაში. უწყების განმარტებით, ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ფესტივალის მონაწილეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას ტურისტული ადგილების მოსანახულებლად, ასევე, მათთვის სუვენირების შეძენას.

 

ამავე თემაზე:

 

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს.  განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად ბსუ-ში ლექციებს კითხულობდა, საკუთარმა სტუდენტმა გასულ კვირას სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს კომენტარი ომარ მახარაძეს ეკუთვნის.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

_____

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.
ამავე თემაზე:

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

აუტიზმის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ისევ სისტემური ცვლილებების მოლოდინში

საქართველოში აუტიზმს “ახალგაზრდა დიაგნოზს” უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს ზრუნვას როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. თუმცა საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების სიმცირისა და რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი თერაპიულ მკურნალობას დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს.

2015 წელს თბილისის მერიამ “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა” დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მერია აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიულ მკურნალობას აფინანსებს. დედაქალაქის შემდეგ მსგავსი პროგრამები რეგიონებშიც შეიქმნა. დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში დაფინანსებას 1200-ზე მეტი 15 წლამდე ბავშვი იღებს, მაგრამ პროგრამით ყველა მსურველი მაინც ვერ სარგებლობს. თბილისსა და რეგიონებში 61-ზე მეტი ბავშვი დაფინანსებას ელოდება. თუმცა მუნიციპალიტეტები იმ ბენეფიციარებს აღრიცხავენ, რომლებიც უკვე ოფიციალურად ელოდებიან პროგრამაში ჩართვას. შესაბამისად, იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც თერაპიული მკურნალობა სჭირდებათ, უცნობია.

ამ თემაზე მომზადებული მასალა იხილეთ აქ.

 

ავტორები: ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე

ფოტო: გურამ აბდალაძე; მაიკო ძაგანია

რედაქტორი: ელენე ასათიანი

 

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს.

„საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. 255 მილიონი იყო პროგნოზით და 261 მილიონამდე გაიზრდება. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი უკვე გაგზავნილია დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში. მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისად, მშენებლობის დრო დაემთხვევა ზამთრის პერიოდს, ამიტომ მეტი სამუშაოს დაფინანსება ვერ მოხერხდება. ახლა კორპუსების პროექტირების ეტაპზე ვართ.“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

თავდაპირველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2019 წელს კორპუსების მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო.

არჩილ ვანაძის თქმით, მშენებლობის დაფინანსება, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან საქართველოს ბიუჯეტიდან გაგრძელდება, „ვინაიდან თავიდანვე ასე იგეგმებოდა“.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა რეგისტრაცია ამჯერად აჭარის მთავრობის შენობაში [ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში] მიმდინარეობს. რეგისტრაცია 2019 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. „ოცნების ქალაქში“ აღრიცხული 1727 ოჯახიდან დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია არ გაუვლია 85-ს.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე კი ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცხადდება ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“. შპს „სენსონიმ“ შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსისმშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

ამბავი ტრაგიკულ სიყვარულზე – პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

თეატრი 28-29 მაისს, 19 საათზე, „მიაგულის“ წარმოგიდგენთ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ ლილე შენგელიას პიესისა და სვანური ლეგენდის – „მიაგულის“ მიხედვით დადგა.

„სპექტაკლი მოგვითხრობს მთის ტრადიციებზე დაფუძნებულ ცხოვრების ყოფაზე. ეს არის ამბავი აკვნიდან დანიშვნაზე და ორი შეყვარებული ადამიანის ტრაგიკულ
სიყვარულზე. რეჟისორის მიზანი იყო, რეპერტუარში გაჩენილიყო სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისათვის, ამბავი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს, ქართულ კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას.

დასი და შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლზე 5 თვე მუშაობდა. ფანტასტიკური, რეალისტური სილიკონის მარიონეტები, დეკორაციები და ორიგინალური მუსიკა მაყურებელს მისცემს საშუალებას, სრულიად ჩაიძიროს ქართული ლეგენდებით გაჯერებულ სამყაროში. პროექტის გამოწვევა გახლდათ, ტექსტის გარეშე გადმოგვეცა ამბავი, რომელსაც მაყურებელი 60 წუთის განმავლობაში იხილავს,“ – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სპექტაკლში გამოყენებულია ქაღალდის ფილმის მოდელი, რომელიც ბრიტანულ თეატრს, Paper cinema-ს ეკუთვნის.

„მიაგული“ განკუთვნილია +12 წლის მაყურებლისთვის.

ხვალ, 28 მაისს, საპრემიერო ჩვენებაზე დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი, 29 მაისს კი, ბილეთები გაიყიდება თეატრის სალაროში.

ბილეთის ფასი 4 ლარია.

 

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ბაგრატ მანველიძე შეასრულებს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი გუშინ, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე შეასრულებს.

როგორც ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს. ახალი მინისტრი კი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველი მოადგილე გახდეს მინისტრი, ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან საუბარი არ ჰქონია.

ინგა შამილიშვილი 26 მაისს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან დამოუკიდებლობის დღეზე რუსული დელეგაციის მოწვევის გამო გაათავისუფლა. ღონისძიებაში მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში რუსული დროშები ააფრიალეს.

ამავე თემაზე:

რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას საკადრო გადაწყვეტილებებით აპირებდა. ამ განცხადებამდე კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანეს იმ ტენდერებთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ხელვაჩაურში პრობლემური აღმოჩნდა. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ასეთი სულ 20 ტენდერია.

„ძირითადად ეს არის წყალსადენების მოწყობის ან რეაბილიტაციის პროექტები, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობა… მაგალითად, ყოროლისთავში დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯა, ახალსოფელში კი – 2 მილიონი ლარი წყალსადენის მოსაწყობად, მაგრამ ამ სოფლებს დღემდე არ აქვთ წყალი. ორთაბათუმის საბავშვო ბაღში კი დაახლოებით 100 ათასი ლარი გადაიხადეს ბაღის ხელახალი რემონტისთვის,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, პასუხისმგებლობა ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკისრება. არჩეულ მერს თორნიკე რიჟვაძე ვერ მოხსნის, მაგრამ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებისთვის თორნიკე რიჟვაძეს არ მიუმართავს.

„მართალია, ამ ტენდერებიდან ბევრზე დაწყებულია სასამართლო პროცესები,  მაგრამ ამგვარი უპასუხისმგებლო მიდგომებით ზარალდება მოსახლეობა…“ – გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა.

აჭარის მთავრობის აპარატში ჯერ ბრიფინგს არ გამოხმაურებიან. პრესცენტრში განაცხადეს, რომ საკითხს გაეცნობიან. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში კი აღნიშნეს, რომ მერი თათბირს მართავს და კომენტარი მედიისთვის თათბირის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

განახლება: ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, პრობლემური ტენდერი ამ ეტაპზე ხელვაჩაურის მერიას არ აქვს და „ოპოზიციის მიერ დასახელებულ სოფლებში პროექტები წინასწარ დადგენილი ვადების შესაბამისად დასრულდება“ . მისივე თქმით, მხოლოდ ორი საქმეა სასამართლოში გასაჩივრებული.

გაზაფხულის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 27  მაისის 21 საათიდან  28 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარ ენერჯი-2007“-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების არეალშია მოხვედრილი.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები:

985 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 346 კვ.მ და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ დიდმანიძე, ტარიელ დიდმანიძე;

161 კვ.მ და 395 კვ.მ მიწის ნაკვეთები, მათზე არსებული ნარგავები – მესაკუთრე ირინე დიდმანიძე.

„ვინაიდან, კომპანიის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის  შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა  არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. [საქართველოს კანონმდებლობით], თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში.

„აჭარ ენერჯი-2007“-მა უკვე ააშენა ჰესი – „ხელვაჩაური  1“ და ამჯერად „კირნათი ჰესს“ აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2019 წლის სექტემბრამდე. ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა კი უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით: საბოლოოდ „ჰესების საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს.  მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათწლიან პერიოდში და 8 თვის განმავლობაში [იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის.“

მდინარე ჭოროხზე მშენებარე კირნათი ჰესი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხზე მშენებარე კირნათი ჰესი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჰულუსი აქარის კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ჰულუსი აქარი პრემიერ-მინისტრის გარდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრსაც შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დღესვე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მან მილოცვის წერილი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს გამოუგზავნა.

„საქართველო თურქეთისთვის არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც,“ – ნათქვამია მევლუთ ჩავუშოღლუს წერილში. წერილში მევლუთ ჩავუშოღლუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი გახდება.

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს  რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. დაგვპირდა ორგანიზატორი, რომ რუსები არ იქნებიანო,“ – ამბობს თეა ჭანტურიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფესტივალის ორგანიზატორი „კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის საზოგადოებაა“. მისი ხელმძღვანელის, ანჟელა ქამუშაძის განმარტებით, დაპირება იმის შესახებ, რომ ფესტივალში რუსეთის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ, მართლაც მისცა სამინისტროს, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად.

„…რუსეთი ამ ფესტივალში არ მონაწილეობდა. დროშები, სამწუხაროდ, იმ მონაწილეებმა გამოიყენეს, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან,“ – ამბობს ანჟელა ქამუშაძე. მისივე თქმით, ფესტივალში რუსული ჯგუფი ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.

„ჩვენ ვიწვევთ ყველას, მაგრამ გაცხადებული გვაქვს, რომ რუსეთი არ იქნება ამ ფესტივალზე… შესაბამისად, რუსულ ორგანიზაციებთან არ ვთანამშრომლობთ. უკრაინულმა ორგანიზაციამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალში ჯგუფი „სალსკი“. მე არ ვიცოდი, რომ ამ ჯგუფში მხოლოდ რუსები იყვნენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ანჟელა ქამუშაძემ.

რატომ არ მიიჩნია საჭიროდ განათლების სამინისტრომ სამართლებრივი რეგულაციის დაწესება, რომლის მიხედვითაც რუსეთს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის საშუალება არ ექნებოდა? – კულტურის დეპარტამენტის უფროსი, თეა ჭანტურიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეცდომა დაუშვეს და ამაზე პასუხისმგებელი მინისტრთან ერთად სხვებიც არიან.

„სიტყვიერ დონეზე ყოველთვის იყო ამის მითითება და იურიდიულ ფორმულირებამდე არ მისულა… ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან. ჩვენ ქუჩაში ვერ დავეტაკებოდით და წეწვით ვერაფერს გავხდებოდით… მართალი ხართ, ეს უნდა იყოს გაწერილი“, – გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტრომ 15 ათასი ლარით, ხოლო ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა. ფესტივალის ორგანიზატორის მტკიცებით, მონაწილეები თავად ფარავენ ხარჯების ძირითადად ნაწილს.

 

 

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2020 წლიდან

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მასწავლებელმა 2020 წლიდან იმ შემთხვევაში, თუკი სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტს, რას ვერ მიიღებენ პენსიონერები, თუკი ჯილდოზე წელს უარს იტყვიან და ვინ წყვეტს, როგორი უნდა იყოს სკოლა? – „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

ბატონო ბერიკა, 2020 წლიდან მასწავლებელი ახალი სისტემით შეფასდება, რა იცვლება არსებითად?

მასწავლებლის შეფასების ახალი მოდელი მაქსიმალურად ორიენტირებულია სკოლაზე. თუ ჩვენ გვინდა ამ სისტემას ეშველოს, უნიფიცირებული სისტემა უნდა დავანგრიოთ. ეს ნიშნავს დეცენტრალიზაციის შემოტანას სკოლაში. სკოლამ თვითონ უნდა ისწავლოს თავისი თავის მოვლა. ნუ ელოდებიან ნურც მასწავლებლის სახლს და ნურც სხვა ვინმეს, რომ ვიღაც უპატრონებს. ჩვენ დავეხმარებით მეთოდოლოგიურად, მაგრამ მართვა-გამგეობა მათი მოსაგვარებელია.

ახალი მოდელის მიხედვით, როგორ ხდება სტატუსის ამაღლება. მასწავლებელი აბარებს სპეციალურ გამოცდას, თუ კიდევ სჭირდება დამატებითი აქტივობები?

ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მუშავდება, მასწავლებელი სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა სკოლას ექნება გარკვეული მოთხოვნები მის მიმართ. სკოლა თვითონ შეუფასებს საგაკვეთილო პროცესს, ჩაატარებს კვლევას, დაესწრება ღონისძიებებს. მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაში  დაესწრება ტრენინგს, მაგალითად, უფროსი მასწავლებელი ვალდებული იქნება, გაიაროს 18-საათიანი ტრენინგი წლის განმავლობაში, კვლევაში, ინკლუზიურ განათლებაში, სასკოლო უსაფრთხოებაში, ბულინგში ა.შ. ოღონდ ამ საჭიროებებს სკოლა დაუდგენს. გაივლის ამ ტრენინგს, ჩაეთვლება, შეინარჩუნებს სტატუსს.

ანუ ტრენინგებით ინარჩუნებს მხოლოდ?

ტრენინგი, სასკოლო აქტივობები, კვლევის ჩატარება – ბევრი პაკეტი იქნება, რასაც გააკეთებს სკოლა.

იგივე პაკეტი იყო კრედიტების დაგროვების დროსაც.

არა. თუ პედაგოგს სურს სტატუსის ამაღლება, მან პროფესიულ უნარებში უნდა ჩააბაროს გამოცდა. საგნობრივი კომპეტენცია ისედაც დამტკიცებული ექნება და ორჯერ ხომ არ ჩააბარებს. ამიტომ პროფესიული უნარების ტესტი იქნება რთული, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებითაც. მაგალითად, ტესტი შეიძლება იყოს ლაბორატორიაშიც.

პროფესიული ტესტი თუ ვერ გაიარა მასწავლებელმა, რა მოხდება?

სტატუსს ვერ შეიცვლის. ყველა მასწავლებელს სტატუსის შესაბამისი მოთხოვნები ექნება სკოლაში კონტრაქტის მიხედვით. კონტრაქტის პირობებს  თუ ვერ შეასრულებს, დირექტორს შეუძლია დაითხოვოს სამსახურიდან, მაგრამ სტატუსს ვერავინ ჩამოართმევს მასწავლებელს.

როგორც ვიცით, სკოლის მართვის ახალი მოდელი ინერგება. რა ეტაპზეა პილოტი – დამხმარე ჯგუფებმა მუშაობა დაასრულეს უკვე სკოლებში?

62 სკოლაში ინერგება ახალი სკოლის მოდელი. ჩვენ შევიკრიბებით ზაფხულში, შევკრებთ პედაგოგებსაც, გამოვკითხეთ ბავშვები, თუ რამ იმუშავა კარგად და რამ ვერა. სექტემბერში ახალ სკოლებში რომ შევიტანთ პილოტს, ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. ეს არის ქართული  განათლების მოდელი და მათ შექმნაში, ფაქტობრივად, თვითონ სკოლები მონაწილეობენ.

წელს პენსიონერი პედაგოგების გარკვეული რაოდენობა დატოვებს სკოლას, ვინც წელს არ არის საპენსიო ასაკის, მაგრამ გახდება ორი-სამი წლის შემდეგ, სახელმწიფო მათთვისაც განსაკუთრებულ პენსიას დააწესებს, თუ ისინი არსებული სტანდარტით მიიღებენ პენსიას?

25 წლის განმავლობაში ეს პროექტი პირველად გაკეთდა, ამიტომ რა იქნება ორი-სამი წლის შემდეგ, ნამდვილად არ მაქვს ამაზე პასუხი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ასი მილიონი ეპოვათ ბიუჯეტში.  წელს ამას ვაკეთებთ, გაისად ვიცი, რომ ეს არ იქნება. ამხელა ფუფუნება საქართველოს ბიუჯეტს, სამწუხაროდ, აღარ აქვს.

ჩვენ გავაკეთეთ სტატისტიკა საქართველოს 2083 საჯარო სკოლაში, კლასის, პედაგოგების და საგნის მიხედვით და ზუსტად ვიცით, სად შეიძლება გაჩნდეს დეფიციტი. გავაკეთეთ არა მარტო ამ წლის სტატისტიკა, არამედ შემდგომი ოთხი წლის სტატისტიკაც, თუ რამდენი პედაგოგი გადავა საპენსიო ასაკში.

ჩვენ გვყავს ევროპაში ყველაზე ხანდაზმული პედაგოგების კოჰორტა. გუშინდელი მონაცემებით, 5 ათასმა პენსიონერმა განაცხადა წასვლაზე. ეს ნიშნავს, რომ ამდენივე ახალი პედაგოგი შემოვა ჩვენს პროფესიაში და ეს არის კარგი გზავნილი ახალგაზრდებისთვის.

ასი მილიონი დაიხარჯება იმ შემთხვევაში, თუკი 12 ათასივე პენსიონერი გავა პროფესიიდან, დანარჩენი თანხა სად წავა?

ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი პედაგოგი დარეგისტრირდა, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას, მეორედაც შეუძლიათ სცადონ დეკემბრისთვის. თუ მასწავლებელმა წელს ორჯერ ვერ დაადასტურა კომპეტენცია, 2020 წლის ივნისში მას სკოლაში კონტრაქტი უკვე ამოწურული ექნება. მისი ადგილი ვაკანტური იქნება და თუ მოვა ვინმე, უფრო კომპეტენტური, ის წავა, თუმცა ჯილდო აღარ მიეცემა.

ეს ინიციატივა იმიტომ არის ადამიანზე ორიენტირებული, რომ პედაგოგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაძლევთ ყველას საშუალებას – გამოცდების ორჯერ ჩაბარების, გადამზადების, არც პროფესიიდან ვუშვებთ ვინმეს, თუკი მის ადგილზე შემცვლელი არ გამოჩნდება.

ამავე თემაზე:

მიიღებს პედაგოგი ზაფხულის ხელფასს, თუ განაცხადს ჯილდოზე მაისში გააკეთებს

მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს

ბათუმში, მერაბ კოსტავას მემორიალთან, „ეროვნული მოძრაობის“ წევრები და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ ამ დრომდე მერაბ კოსტავასთვის ბათუმში ძეგლი არ დაუდგამთ.

„სირცხვილია, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ქვასთან, რომელიც აქ 1994 წელს გაჩნდა… ქვაზე წერია, რომ აქ უნდა აღიმართოს მერაბ კოსტავას ძეგლი. ხელისუფლებას არ ახსოვს მერაბ კოსტავა, რომელიც ეროვნული გმირი იყო. არც ზვიად გამსახურდიას გახსენება უნდათ, რადგან ის იყო დამოუკიდებლობის პირველი მესაძირკვლე და ამ ადამიანების გარეშე არავითარი დამოუკიდებლობა არ იქნებოდა,“ – ამბობს აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ნუგზარ ჩხაიძე.

მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს და არა 26 მაისს.

„26 მაისი, რა თქმა უნდა, არის ისტორიული თარიღი, მაგრამ ის სახელმწიფო გაქრა პოლიტიკური რუკიდან და დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა ეფუძნება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს, ამის საფუძველზე გვცნო ჩვენ გაერომ და ვართ მსოფლიო თანამეგობრობის წევრი. დამოუკიდებლობის ათვლა ხდება 1991 წლიდან… ამას არ აკეთებენ მიზანმიმართულად, რადგან ამ დრომდე არ გამოუძიებიათ ვინ მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების გადატრიალება, მათ შორის, ზოგიერთი დღესაც თანამდებობის პირია,“ – გვითხრა ნუგზარ ჩხაიძემ.

 

 

 

 

რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში რვა ქვეყნის სახელოვნებო ჯგუფებმა ჩაიარეს მემედ აბაშიძის ქუჩა, შემდეგ რუსთაველის ქუჩა და „საოცრებათა მოედანზე“ გაჩერდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა გამართეს პერფორმანსებიც.

დღესვე მსვლელობის დროს რუსეთის დროშები გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსეთი ამ ფესტივალის მონაწილე არ არის და დროშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

 

ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს

„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ. დანარჩენი კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკესთან მოიკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა. იგი აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაათავისუფლა. ინგა შამილიშვილის გათავისუფლების საფუძველი ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობის დროს რუსული დროშების გამოჩენა გახდა. მსვლელობა იმ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც აჭარის განათლების სამინისტროა.

აჭარის განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო და უშუალოდ თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია.

„თავიდან ვესაუბრე და ავუხსენი, რაშიც იყო საქმე… ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება რუსეთთან, დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… მე არ მითქვამს არსად, რომ ოკუპანტი არ არის. მე ვიზიარებ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ მიმართულებას, რაც აქვს ამ სახელმწიფოს, მე ვარ ქვეყნის ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებელი და მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვაკეთებდი, ლექციაზე ვიქნებოდი თუ გარეთ. დანარჩენი უკვე კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკეს ჰკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა.

სამართლიანი იყო თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ფესტივალის ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო და რჩება თუ არა „ოცნების“ გუნდში ინგა შამილიშვილი? – კითხვაზე აჭარის განათლების მინისტრმა მოკლედ გვიპასუხა: „მე ვღებულობ იმ მოცემულობას, რაც არის… მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო არის.“

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსული დროშის გამო ინგა შამილიშვილის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. რუსული დროშა გამოჩნდა ბათუმის უნივერსიტეტში 2016 წელს, მაშინ ინგა შამილიშვილი უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. 2018 წლის 2 ივლისს კი, ბათუმში გამართული ფესტივალის მონაწილეებს მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.

რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ინგა შამილიშვილი დღევანდელ ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უკვე მიიღო.

დღეს, 26 მაისს, ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის დროს რუსული დროშებიც გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსული დროშები ფესტივალის იმ მონაწილეებს ჰქონდათ, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან. ფესტივალში რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობდა.

ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინსიტროა.

ამ თემაზე:

რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

რა არის თავისუფლება? – ვაჟა-ფშაველა

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე სმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე. ი. რას ჰქვიან თავისუფლე- ბა, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები.. საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?.. თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსასულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ, როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი… მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ. ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ. არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს, ეგრეთვე თუ ცხვარი – ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითვეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, – ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხერებზე. ცხოვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა…

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა… ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს. ჯერჯერობით. ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალ-მომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში რა თქმა უნდა პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარი ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ და სხვ…

არ მინდა ვილოცო ის შვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! – სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე  შემთხვევას შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!…

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლეო“ (ე. ი. თავისუფლება)?! – იტყვის და ამბობს კიდევაც. ამას ჩვენის თვალით ვხედავთ, აშკარად ვგრძნობთ ყველანი… მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღრწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება, თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ, ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოებლად. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა  ხ ა ლ ხ ი ს თ ვ ი ს  მ ტ ა რ ვ ა ლ თ ა გ ა ნ  წ ა რ თ მ ე უ ლ ი  ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურობის მეტი? – არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას. აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა – წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს, წართმეულს იბრუნებს, თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? – სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება – სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელე…

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? — თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის, ყველა ჩვენგანის, ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ… ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს – უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა:  „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე. ი. ბედნიერი… თავისუფ- ლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

Exit mobile version