მთავარი,სიახლეები

შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა

06.08.2019 • 5150
შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა

შავი ზღვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა დაბინძურებული. “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ზღვის  დაბინძურებას ხუთი ფაქტორი განაპირობებს.

შავი ზღვა ბინძურდება მუნიციპალური ნარჩენი წყლებით, მაგალითად, ანტიბიოტიკების, ბიოციდების, პლასტიზატორების, აალების საწინააღმდეგო და პირადი ჰიგიენის საშუალებების ზღვაში მოხვედრის შემდეგ.

მეორე დამაბინძურებელი ფაქტორია სამრეწველო ნარჩენი წყლები, რომლებშიც ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრია.

შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს დამაბინძურებლების გავრცელება ჰაერის ნაკადში. მაგალითად, ელექტროსადგურებში ნახშირის წვის შედეგად წარმოქმნილი ვერცხლისწყალი.

მეოთხე დამაბინძურებელი, კვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. მაგალითად, პესტიციდები და ვეტერინარული პრეპარატები.

მეხუთე დამაბინძურებელი პორტები და ტვირთების გადაზიდვაა. მაგალითად, შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს ნავთობის გაჟონვა და დანაზარდების საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები გემებზე გამოყენებულ საღებავებში.

შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და მოლუსკებში იპოვეს ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, აალების საწინააღმდეგო ნივთიერებები, დიოქსინი და დიოქსინის მსგავსი ნაერთები. მკვდარ დელფინში, რომელიც გამოიკვლიეს, ასევე იპოვეს რამდენიმე ათეული წლის წინ აკრძალული ქლორორგანული პესტიციდები, დიოქსინის მსგავსი ნაწილები და ვერცხლისწყალი.

შავ ზღვაზე კვლევები სამეცნიერო გემ “Mare Nigrum”-ის  საშუალებით განხორციელდა. გემი ზღვის კვლევის უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიებით არის აღჭურვილი.

ინფოგრაფიკა

ეხება თუ არა შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურება საქართველოს სანაპიროებს?

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ჩართული იყო ამ კვლევაში, ამბობენ, რომ ქიმიური დამაბინძურებლებისგან  საქართველოს სანაპირო თავისუფალია.

“ეს კვლევა მოიცავდა რეგიონულ თანამშრომლობას.  გვინდოდა, გამოგვერკვია რა არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის საერთო და რა უფრო სპეციფიკური. მძიმე მეტალები არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. იმას, რომ შავი ზღვის საქართველოს ნაწილში დიდი, მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვაქვს,  ადასტურებს ისიც, რომ ბიომრავალფეროვნებამ დაიწყო აღდგენა, ისეთი სახეობები დაფიქსირდა, რაც ადრე არ იყო. ზღვას სიცოცხლე უბრუნდება. ქიმიური დაბინძურება არის შავი ზღვის იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან განვითარებულია ქიმიური მრეწველობა,” – განმარტავს მარინა არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. ის ასევე არის “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება – EMBLAS-Plus”-ის პროექტის ეროვნული მენეჯერი საქართველოში.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი EMBLAS („შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება“) 2014 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობა ზღვის ეკოსისტემის დაცვის საქმეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: