მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი


მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის [განვითარების გეგმა-კონცეფცია] შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2018 წელს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 700 ლარი იყო. დღგ-ს ჩათვლით კი, ხელშეკრულება, კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე გაფორმდა.

კომპანიას სრული თანხა – 454 300 ლარი, სამინისტრომ ავანსად გადაუხადა. ხელშეკრულებით, „არტსტუდიო-პროექტს“ კონცეფცია [საბოლოო დოკუმენტაცია] სამინისტროსთვის 2019 წლის 21 მაისს უნდა ჩაებარებინა. შესყიდვების პორტალზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დღემდე [6 აგვისტო, 11:00 სთ.] არ არის ატვირთული – დოკუმენტების მიხედვით, სამინისტროს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოები აქვს მიღებული.

„არტსტუდიო-პროექტში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ კონცეფცია მომზადებულია და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ის სამინისტროს 2019 წლის 18 ივლისს ჩაბარდა. თუ რატომ არ არის შესაბამისი დოკუმენტაცია შესყიდვების პორტალზე ატვირთული, კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წესით, მიღება-ჩაბარების აქტი პორტალზე სამინისტროს 2 აგვისტომდე უნდა აეტვირთა.

კომპანიას მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ განვითარებისთვის კვლევების ჩატარების ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ხედვა უნდა განესაზღვრა. უნდა განესაზღვრა, ასევე, საპროექტო არეალი; სამინისტროში უნდა წარედგინა წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე შემუშავებული საპროექტო არეალის მიზნობრივი განვითარების კონცეფციის ჩარჩო და სხვა.

მაჭახელას ხეობის განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ეთნოსოფლის მართვის გეგმა; საჭიროების შემთხვევაში დადგინდეს გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების კონტურები; უნდა შედგეს დეტალური საპროექტო სამუშაოების ნუსხა, შესასყიდი ობიექტების ტექნიკურ დავალებებთან ერთად, შემდგომში მათი სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ნივთების ნუსხა და პასპორტიზაცია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს გადატანა. უნდა მომზადდეს რეკომენდაციები საკვანძო ადგილებში განთავსებული შენობა-ნაგებობების ვიზუალური აღქმის არეალში ფონური შენობების, ღობეების, არქიტექტურული დეტალების აღდგენის, შეკეთების ან დემონტაჟის შესახებ.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი წელს „მაჭახლობის“ აღსანიშნავად ემზადება. „მაჭახლობა 2019“-ის ჩატარება 7 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა, ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, „სახალხო დღესასწაული შეიძლება გადატანილ იქნას ერთი დღით, 1 კვირით ადრე ან გვიან, ამინდის გათვალისწინებით. ღონისძიების დაწყებისა და დასრულების
დრო: 12:00 სთ – 18:00 სთ“. ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი, როგორც მერიაში ამბობენ, 29 აგვისტომდე ეცოდინებათ.

სახალხო დღესასწაულის „მაჭახლობას“ ორგანიზებაზე ხელვაჩაურის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 23 939 ლარია. რა სამუშაოების შესრულება ევალება ტენდერში გამარჯვებულს, შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკურ დავალებაში.

შენიშვნა: 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი სამინისტროსა და კომპანიას შორის 18 ივლისს გაფორმდა და ის შესყიდვების პორტალზე დღეს, 6 აგვისტოს აიტვირთა. საიტზე უკვე ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტში კი აღნიშნულია, რომ კომპანიამ მეორე [საბოლოო] ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია სამინისტროს 2019 წლის 20 მაისს წარუდგინა. „სამინისტრომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას დაადგინა შენიშვნები და მოსაზრებები… რაც მისაღები იქნა „არტსტუდიო-პროექტისთვის“, – აღნიშნულია ოქმში. ამავე ოქმის მიხედვით,  კომპანიამ ითხოვა დრო, რომლის გასვლის შემდეგაც სამინისტრომ ჩაიბარა დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებული იყო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნის შესაბამისად.

მთავარი ფოტო: მაჭახელას ხეობა / ფოტო: თამარ ნერგაძე/„ბათუმელები“
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com