მთავარი,სიახლეები

ცხოველების გზა ქუჩიდან მზრუნველ პატრონებამდე

07.08.2019 • 4362
ცხოველების გზა ქუჩიდან მზრუნველ პატრონებამდე

ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4600 მიუსაფარი ძაღლი, კატა, კნუტი და ლეკვი ეძებს ყოველდღე საკვებს და ქუჩის საშიშ პირობებში ცხოვრობს. ბათუმის მერია ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციისთვის, პროცედურების შემდეგ  კი ცხოველებს ყურზე ბირკით ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლის ციკლი  ისევ თავიდან იწყება. პრობლემა, ერთი მხრივ, მოსახლეობის უდიერი დამოკიდებულება და ხშირად ძაღლების უსაფუძვლო შიშია, რის გამოც ცხოველებს ცხელი წყლით ან ცემით გამიზნულად ვნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩიდან ძაღლის აყვანა უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ,,ჯიშიანი“, ძვირადღირებული ლეკვის გაზრდა, ხშირად მაინც ამ უკანასკნელზე აკეთებენ არჩევანს, რადგან ყველაფერი, რაც ადამიანს ჰყავს (აქვს), მის სოციალურ სტატუსზე მიუთითებს. შესაბამისად დოგთან ან ჰასკთან სიარული დაახლოებით იგივეა ბევრისთვის, რაც ადიდასის ბოტასი ან მასიმო დუტის შარვალი – ჩვეულებრივი ლოგო და ბრენდი. თუმცა თუ ცხოველი, როგორც აქსესუარი ავად ხდება და პრობლემები აქვს, მას ვერც ცისფერსისხლიანობა შველის და განწირულია, თავმოსაწონებლად ვეღარ გამოდგება და პატრონები მათზე უარს ამბობენ – უშვებენ ქუჩაში ან თავშესაფარში.

რენა ფერცელიძე – ბუჩო, კირა, ნიკიტა, დოჩი, კოკი, მურია და სხვები

რენას ძალიან უყვარს ცხოველები და შინ მხოლოდ ის ძაღლები მიჰყავს, რომლებსაც დახმარება ყველაზე ძალიან სჭირდებათ. ახლა მის დიდ, მწვანე ეზოში 8 ასეთი ძაღლი ცხოვრობს, კირა – რომელმაც ჭირი გადაიტანა და ხერხემლის პრობლემები აქვს, ფიროსმანის ქუჩაზე ნაპოვნი ნიკიტა – პარალიზებული წინა კიდურებით, რომელიც ყბას ეყრდნობა და მხოლოდ ასე შეუძლია სიარული, სიბერის გამო ქუჩაში გამოგდებული კოკიც…

სხვადასხვა დროს რენას 10, 11 ძაღლისთვისაც მოუვლია ერთად.

„მომყავს ძაღლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ბუნებრივ გარემოში ვაბრუნებთ ან გავაჩუქებთ ხოლმე.

ხშირად თბილისში მიწევს სიარული მანქანით, გზაზე შემიმჩნევია ლეკვები, სადაც ზუსტად ვიცი, რომ საკვებს ვერ მოიპოვებდნენ თავისით და წამომიყვანია, გზისპირი ძალიან სახიფათოა მათთვის, გამიგზავნია ინფორმაცია და ოჯახები მომიძებნია. ჯანმრთელი ძაღლის გაჩუქებაც კი ჭირს, მით უფრო, დაავადებულის.

გვაქვს ფეისბუქგვერდი „ბათუმელი ძაღლები“, სადაც მოქალაქეები ხშირად აქვეყნებენ ინფორმაციას დაზიანებული ან დაავადებული ძაღლების შესახებ და რეგიონების მიხედვით ვეხმარებით ერთმანეთს. ზოგს კლინიკაში გადაჰყავს ტრავმირებული ცხოველი, ზოგი თანხას აგროვებს, ზოგი შემფარებელ ოჯახს ეძებს და ა.შ.

მიუსაფარ ძაღლებზე მზრუნველი და საკვების მიმწოდებელი ცოტაა, შესაბამისად ქუჩაში გადარჩენა მათ ძალიან უჭირთ. ვფიქრობ, დედამიწას მხოლოდ მომხმარებლური თვალით არ უნდა შევხედოთ და  უნდა ვიზრუნოთ რამეზე, ვინმეზე, ცხოველზე, მცენარეზე ან ნუ დავაზიანებთ მაინც,“ – ამბობს რენა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2382266635395954/

 

რენას ყველა ძაღლს განსხვავებული ისტორია აქვს:

კირა

დაურეკეს და უთხრეს რენას, რომ ძაღლი სამი დღე ჩაქვის ცენტრში ეგდო ნაავარიევი, უკანა ფეხები პარალიზებული ჰქონდა და საკვების მოსაპოვებლად დახოხავდა, საკვების ნაცვლად კი წიხლს სთავაზობდნენ. მოიყვანა, რენტგენი გადაუღო, თბილისშიც ჰყავდა, ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, კირას ხერხემლის სერიოზული პრობლემა აქვს. რენამ იცის, რომ კირა ბუნებრივ გარმოში საკვებსაც კი ვერ მოიპოვებს და დაიღუპება. ამიტომ რენა მას ქუჩაში არ გაუშვებს, შინ დაიტოვებს და ყოველდღე დააპურებს, მოეფერება.

ნიკიტა

ნიკიტა, იგივე ნიკო, ფიროსმანის ქუჩაზე იპოვა რენამ ნაავარიევი, ნიკო ფიროსმანის გავლენით დაარქვეს. რენა ავტომანქანით მოძრაობდა, ძაღლის საშინელი ხმა რომ გაიგონა. ძაღლს მანქანა დაეჯახა, იქვე ვეტერინარული კლინიკა იყო და წაიყვანა, ჭირის ნიშნებიც ჰქონდა, ნერვული წიკიც. აღმოჩნდა, რომ ნიკიტას ტვინის ნერვი ჰქონდა დაზიანებული. რენას ურჩიეს, ძაღლი დაეძინებინა, რასაც ის არ დათანხმდა, ნიკო შინ წამოიყვანა და  მოუარა. ნიკიტა მთელი თვე გაუჩერებლად კიოდა. მერე ორივე ფეხი უფუნქციო გაუხდა ვერაგი ჭირის გავლენით.

ბუჩო

რენას ერთხელ, ღამის 3 საათზე, ლეკვების ტირილი შემოესმა. ბუჩო და მისი და ტიროდნენ.   რენამ ლეკვები შინ შეიყვანა, გაათბო, აჭამა, ბუჩოს და გააჩუქა, ბუჩო კი დაიტოვა. ბევრს სურს ბუჩოს წაყვანა, მაგრამ არ ჩუქდება, ბუჩო რენას სხვა ძაღლების მეთვალყურე და დარაჯია.

რენას რვა ძაღლს ისევე სჭირდება დღეში ორჯერ საჭმლის მომზადება, როგორც ადამიანებს. რვა ძაღლის კორმით გამოკვება რთულია და ოჯახი ცხოველებს მოხარშული წიწიბურითა და ქათმის ღვიძლით უმასპინძლდება. თუმცა რენა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებს მსურველებისგან მხოლოდ კორმით დახმარებას, ეს მისი ძაღლებისა და მისთვის დიდი შეღავათი იქნება. თუ კორმით გაუმასპინძლდებით რენას ძაღლებს, ის შინ მოგაკითხავთ და კორმას თავად წაიღებს, ამისთვის საკმარისია დაურეკოთ მას ტელეფონის ნომერზე: 577 650 605

ნარგიზ ცივაძე და სანდრა

ათი წლის შავი კატა – სანდრა ნარგიზ ცივაძის ხუთი ცხოველიდან ერთ-ერთია. სანდრა მაღაზიის კატაა, ნარგიზს პატარა მაღაზია აქვს, სადაც ყოველ ღამით ტოვებს სანდრას და წყალს და საკვებსაც უტოვებს. გაზულუქებულობას და კარგი ცხოვრების გავლენას სანდრას ფუმფულა კუდის დანახვისთანავე შეატყობთ. ყველას უყვარს, ყველა ეფერება.

ნარგიზ ცივაძეს შინაც ჰყავს ოთხი ცხოველი, ორი ძაღლი და ორი კატა – ერთი კატა ქუჩიდან აიყვანა, ერთი ძაღლი კი – თავშესაფრიდან. მათი საკვები ნარგიზს ყოველდღე სამსახურში მოაქვს და ჯამით გარეთ დგამს მიუსაფარი ცხოველებისთვის. თავისი ძაღლები და კატები სულ კარგად დაპურებული ჰყავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის:

„ჩემი ლაბრადორები მსუქნად მყავდეს და სხვებს შიოდეთ? გული მშვიდად ვერ მექნება, უნდა ვიცოდე, რომ სხვებსაც ვაპურებ. თან ზაფხულია, უწყლობაც ძალიან უჭირთ ამ დროს ცხოველებს. მეცოდებიან. დღეს პარკში მეჩხუბა ერთი კაცი, ძაღლებს ვაჭმევდი და ნუ აჭმევ ქუჩის ცხოველს, ეს პარკი ბავშვებისთვისაა და მაგათ აქ ნუ შემოაჩვევო – მითხრა, უცხოეთში არ გინახავთ როგორაა? საკვებიცაა ქუჩის ძაღლებისთვის სპეციალურ კონტეინერებში და წყალიც, აქ კი რა ქნან ამათ-მეთქი, ვუპასუხე. მართლა რა ქნან?“ – ამბობს ნარგიზ ცივაძე. მიაჩნია, რომ ძაღლი უნიკალური ცხოველია, შეუძლია ადამიანი უპირობოდ უყვარდეს და ერთგულიც იყოს, მიუხედავად იმისა, პატრონი კეთილია, ბოროტი, ხელმომჭირნე თუ გულუხვი.

ლაშა დოლიძე და ჯენიფერი

ლაშა, მისი მეუღლე, შვილი, ორი ძაღლი და ერთიც კატა ბინაში ერთად ცხოვრობენ. ვერ წარმოედგინა თავიდან  ამდენის ერთად ცხოვრება, მაგრამ ჯენიფერმა ყველაფერი თავის ნებაზე დაალაგა: ერთ მშვენიერ დღეს ლაშა თავის ლაბრადორთან ერთად სეირნობდა ბათუმის ქუჩებში, როცა ქუჩის ძაღლს ავტომანქანა დაეჯახა და უკანა კიდურები სამ ადგილას გადაუტეხა. მძღოლი არც კი შეჩერებულა.  ლაშამ ძაღლი მარტო ვერ დატოვა, ვეტერინარის შეგონებას, რომ ძაღლი შეიძლებოდა ვერც გადარჩენილიყო და ვერასდროს გაივლიდა, ყური არ დაუგდო და შინ წაიყვანა, მოუარა – დაარქვა ჯენიფერი. ძაღლმა მალე გაიარა, მოვლილი, მბზინავი ბეწვი ამოუვიდა და ვერც კი შეატყობთ, თუ ოდესმე ქუჩაში ცხოვრობდა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2501542129908306/?v=2501542129908306

,,საქართველოში ძაღლების მოდაა, სხვა სიტყვას ამას ვერ დავარქმევ. ჰასკი, ლაბრადორი, პიდბული, კანეკორსი – ახალ ჯიშებს უცებ იტაცებენ საქართველოში, მოჰყავთ პატარა ლეკვები სახლში სათამაშოდ, მაგრამ როცა ძაღლი იზრდება, ახსენდებათ, რომ ცოცხალი არსებაა და არა სათამაშო. აგდებენ. ძალიან ხშირად ხდება ასე, ცხოველს ბავშვივით უნდა მოუარო, გაზარდო. ავკრძალავდი ნებისმიერი ცხოველის სახლში აყვანას, სანამ პოტენციური პატრონი არ ჩააბარებდა გარკვეულ ტესტს, ალბათ ფსიქოლოგთან,“ – ამბობს ლაშა.

მისი გამოცდილებით, ქუჩაში მშობლები ხშირად უსაფუძვლოდ აშინებენ ბავშვებს ძაღლებით – ,,კარგად მოიქეცი, თორემ ძაღლი გიკბენს“,  ,,არ მიეკარო, თორემ გიკბენს“. როგორც ლაშა ამბობს, ბავშვები გრძნობენ ძაღლების დადებით ენერგიას და  თავად მიიწევენ ხოლმე მოსაფერებლად, რასაც მშობლები უკრძალავენ. ლაშა ფიქრობს, რომ ასე უფროსები შიშს და ცხოველების უსიყვარულობას უნერგავენ შვილებს.

„პირიქით უნდა იყოს, უნდა ვაცალოთ ბავშვებს ცხოველების მოფერება, არ უნდა შევაძულოთ და არ წავახალისოთ, რომ დაუშავონ, რამე ატკინონ ცხოველებს.“ – ამბობს ჯენიფერის პატრონი.

 

გადაბეჭდვის წესი