მთავარი,სიახლეები

მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე ბიუჯეტიდან 284 852 ლარი დაიხარჯა 

06.08.2019 • 3197
მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე ბიუჯეტიდან 284 852 ლარი დაიხარჯა 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის განკარგულებით, „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით“, ქვეყნის ბიუჯეტიდან 893 340 ლარი გამოიყო. აქედან 480 ათასი ლარი განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა. ეს თანხა მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გასცა, რომელიც, დებულების მიხედვით, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არსებობს.

31 მაისს მთავრობის განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სამინისტროს 480 ათასი ლარის ნაცვლად 553 ათასი ლარი გადაურიცხეს.

როგორ და რაში დახარჯა სამინისტრომ ნახევარი მილიონი ლარი? – ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან გამოითხოვა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსგან 1-ელ აგვისტოს მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, აღნიშნული თანხიდან 284 852 ლარი შპს „სტუდია 1,2,3“-ს გადაერიცხა. ეს სტუდია ბასა და თამარ ფოცხიშვილებს ეკუთვნით.

„ბათუმელები“ კომპანიის დირექტორს გიორგი ტეტიაშვილს ესაუბრა და გაარკვია, თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან 284 852 ლარით.

სტუდიის დირექტორის თქმით, ეს თანხა მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევის ცერემონიას მოხმარდა. ტაძრის კურთხევა, რაზეც სამასი ათასამდე ლარი დაიხარჯა, შემდეგ აქტივობებს მოიცავდა:

„ტაძრის კურთხევაში შედიოდა ოფიციალური პროტოკოლური ნაწილი, ასევე გაფორმება, ყვავილები, კონცერტის ორგანიზება – სცენა, განათება, დეკორაციები და მუსიკოსები“, – გვითხრა გიორგი ტეტიაშვილმა.

მისი თქმით, კონცერტში ნიკა მემანიშვილის მუსიკალური ცენტრი მონაწილეობდა, ასევე, შემსრულებლები: ნატო მეტონიძე, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“.

„პატარა კონცერტი იყო, ასე 35-წუთიანი. ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზებით გაკეთდა, დანარჩენს საპატრიარქო უზრუნველყოფდა“, – ამბობს გიორგი ტეტიაშვილი.

განათლების სამინისტრომ გამოყოფილი თანხიდან 15 230 ლარი გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ ქრისტიანული კვლევების ცენტრს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებული საჯარო ლექციების ჩასატარებლად. ეს ის ლექციებია, რაზეც საჯარო სკოლის პედაგოგები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათი სურვილის წინააღმდეგ, გაუფრთხილებლად დაასწრეს ლექციებს.

დოკუმენტის მიხედვით, ლექციები გათვალისწინებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და „სხვა საგნის მასწავლებლებისთვის“.

სად ჩატარდა და ვინ დაესწრო ლექციებს, ამის შესახებ ინფორმაცია კვლევების ცენტრში მოვიძიეთ.

„ბათუმელები“ ცენტრის გამგებლის თავმჯდომარის მოადგილეს ალეკო დაუშვილს ესაუბრა, რომელიც ამ პროექტის ხელმძღვანელია და ასევე ჩართული იყო სალექციო პროგრამაშიც.

„მე ლექციები წავიკითხე რუსთავსა და თელავში,  ბათუმში მასწავლებლებს ლექციები წაუკითხეს პროფესორმა ნესტან სულავამ და ისტორიკოსმა  გიორგი ჭეიშვილმა“, – გვითხრა მან. მისივე თქმით, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ ლექციებს, „ასობით მასწავლებელი დაესწრო“.

„როგორც ვიცი, ბათუმში ლექციები შავი ზღვის უნივერსიტეტში იმართებოდა. ისტორიის კუთხით ორი მიმართულება იყო შეთავაზებული, ერთი იყო აუცილებელი, ანუ ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც სახელმწიფო დღესასწაულის მნიშვნელობის აუცილებლობაზე, მისი ისტორიულ-მეცნიერული დასაბუთება.

მეორე თემა იყო თავისუფალი და ლექტორს შეეძლო წაეკითხა წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლამდე როგორი იყო ისტორიული ფონი, როგორ ეწყობოდა ხელი ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას. ანდრია აჭარიდან შემოვიდა და იქ ტაძარი ააშენა. სხვამ არ ვიცი რა როგორ განავითარა, მაგრამ მთავარი თემა იყო ის, რომ აგვეხსნა საზოგადოებისთვის რა არის ღვთისმშობლის წილხვდომილობა და რატომ გამოცხადდა ის ეროვნულ დღესასწაულად“.

კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა მხოლოდ მასწავლებლები ამ ლექციების მოსასმენად, ალეკო დაუშვილი ამბობს: „იმიტომ, რომ მასწავლებლებს აქვთ ყველაზე დიდი ბერკეტი ადამიანის სულიერ სამყაროზე ზემოქმედების. მათ უნდა განუმარტონ საზოგადოებას,  თუ რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს, რატომ ვზეიმობთ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული პედაგოგების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების შესახებ, რომელიც მათ საჯარო სივრცეში გამოხატეს, დაუშვილი ამბობს, რომ კი.

„დიახ, იყო შეკითხვები და რომ არ გამოეწვია ეს შეკითხვები, ამიტომ უნდა განგვემარტა საზოგადოებისთვის. ამის ყველაზე დიდი ბერკეტი არის პედაგოგი, რომელიც ასევე არის მშობელი“, – გვეუბნება ალეკო დაუშვილი.

საბოლოოდ, ალეკო დაუშვილი ამ ლექციების ციკლს ასე აფასებს: „მასობრივად იყო საინტერესო. მასწავლებლებმა კარგი ცოდნა გამოავლინეს“. მისი თქმით, „ასეთი მასშტაბური ღონისძიება პედაგოგებისა და მეცნიერებისა ბოლო 30 წელია არ ყოფილა“.

დაუშვილის აზრით, „პედაგოგი არ უნდა მოწყდეს მეცნიერულ ფესვებს“, ამიტომ მსგავსი ლექციების გაგრძელებას ისინი სამომავლოდაც აპირებენ.

რაც შეეხება ბუკლეტებს, რომლებიც ამავე ცენტრმა უნდა დაბეჭდოს ღვთისმშობლობის დღესთან დაკავშირებით, ზუსტი ტირაჟის შესახებ დაუშვილს ინფორმაცია რა აქვს. გვითხრა, რომ ათასობით ტირაჟით დაიბეჭდება და სკოლებსა და მრევლში დარიგდება. ბუკლეტების დარიგებას კი საპატრიარქო უზრუნველყოფს.

„პატარა ბუკლეტებია, სადაც დატანილია დაახლოებით ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე გაკეთებულია ღვთისმშობლის ხატები“. ამისთვის ცენტრს 63 820 ლარი მისცეს.

თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს ა[ა]იპ-ია. ამ უნივერსიტეტს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან 29 630 ლარი მისცეს, ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსის ორგანიზება-ჩატარებისთვის.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული ლიტერატურული პერფორმანსი, ამ უნივერსიტეტის რექტორის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძის ლექსების საღამოს მოიცავს.

უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი გია სულაბერიძე გვეუბნება, რომ არქიმანდრიტის პოეზიის საღამო წლის ბოლომდე რამდენიმე ქალაქში უნდა გაიმართოს.

„პროექტს ჰქვია, – ქართული მიწაც ზეცაა“, რომელიც ქუთაისში 27 ივნისს უკვე ჩატარდა. ეს არის ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი, რომელსაც წარმოადგენს არქიმანდრიტი ადამი, თავისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით. პერფორმანსში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა თეატრები, მუსიკოსები. სულ შვიდი წარმოდგენა უნდა გაიმართოს“, – გვეუბნება გია სულაბერიძე.

გია სულაბერიძის თქმით, პერფორმანსი გაიმართა თბილისშიც 28 მაისს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია თელავში, ზუგდიდში, ჭიათურაში, ახალციხესა და ოზურგეთში.

კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად დაფინანსდა ბიუჯეტიდან არის „ჭურში“. სპექტაკლისთვის 7 ათასი ლარი გადაეცა „ლიტერატურულ თეატრს“.

თეატრის ხელმძღვანელი კოტე მჟავია გვეუბნება, რომ სპექტაკლი „ჭურში“ ლაგოდეხსა და ჩოხატაურში ითამაშეს.

„ეს არის ერთ საათში ჩატეული საქართველოს ისტორია. კონტექსტი ასეთია, – ქართველები ვიბრძოდით, ვშრომობდით, გვიყვარდა კიდევაც, მაგრამ ყველაფერი მაინც მიდიოდა ჭურში. აი, ეს არის, რომ ჭურში არ გვინდა, თუმცა რეალობა, სამწუხაროდ, ესაა. თუ ზომიერებას ვისწავლით და ჭურთან გავჩერდებით, კაცი არ გვაჯობებს დედამიწაზე“, – გვეუბნება კოტე მჟავია.

მთავარი ფოტო: მამუკა ბახტაძის FB-გვერდიდან

ამავე თემაზე:

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: