გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში –  ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები

არ აქვს მნიშვნელობა, ტურისტი ხართ თუ ბათუმში ცხოვრობთ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებთ სადმე წასვლას თუ სტუმრებისთვის საინტერესო სივრცის ჩვენება გსურთ – რესტორანი „ბათუმარანი” ნებისმიერ შემთხვევაში მყუდრო, საინტერესო გარემოს გთავაზობთ, სადაც ზოგი მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებულ საკუთარ ბავშვობას შეხვდება, ზოგიც მისთვის აქამდე უცნობ კუთხეს აღმოაჩენს ამბებად და უგემრიელეს არომატებად.

რესტორანში ერთდროულად დაგხვდებათ ეთნოგრაფიული გარემო და აჭარული სუფრა ამ კუთხის მოკლე ისტორიული ექსკურსის თანხლებით. ყველა ინგრედიენტი, რაც აჭარული კერძებისთვისაა საჭირო, საგანგებოდ ირჩევა მთაში და „ბათუმარანის“ სამზარეულოში საოცარ გემოებად იქცევა.

  • ნაცნობი და გაცოცხლებული კერძები

„ბათუმარანის“ მენიუ 60-მდე სხვადასხვა კერძისგან შედგება, რომლის ნაწილიც კარგად ცნობილი აჭარული სამზარეულოა, ნაწილი კი  – თითქმის მივიწყებული გემოები, რომლებიც „ბათუმარანში“ გააცოცხლეს.

რეცეპტების მოსაძიებლად რესტორნის თანამშრომლები ეთნოგრაფებთან, ფოლკლორისტებთან ერთად მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ მაღალმთიან აჭარაში და ეძებდნენ ძველ წიგნებში რეცეპტების ვარიაციებს.

ლაბასხმული საქონლის ხორცით, ნაღბიბორა, ჩირბული ნიგვზით, იახნი, წვნიანი სახელად – გაცურებული, შემწვარი ქათამი ნიგვზის ზეთში, რა თქმა უნდა, ბორანოს მრავალფეროვანი სახესხვაობები და სინორი, აჭარული ხაჭაპური აჭარული ჩლეჩილი, წელვადი ყველითა და მთის კარაქით.

დესერტადაც აჭარული ტკბილეული: ყაისაფა, ბეთმეზი, ბორეგი და სხვა. გარდა ეტიკეტირებული ალკოჰოლური სასმელებისა, აქ დააგემოვნებთ ოჯახის ღვინოსა და ხურმის, აკაციის, ვაშლისა თუ თაფლის, ასევე ოჯახში გამოხდილ არაყს.

ეს მცირე ამონარიდია „ბათუმარანის“ მრავალფეროვანი მენიუდან. ზოგიერთი კერძის სახელწოდება აუცილებლად გეცნობათ, ზოგიც ნამდვილად აღმოჩენა იქნება.

დესერტი ყაისაფა – მზადდება შავი ქლიავის ჩირის, ნიგვზის, კარაქისა და შაქრისგან

 

  • ადგილი, სადაც კერძები არამხოლოდ გემოებით, არამედ ამბებად, ისტორიებად გამახსოვრდებათ

რესტორანი სტუმრებს გასტრონომიულ თავგადასავალში ამოგზაურებს და დასაგემოვნებელი კერძების ისტორიასაც გააცნობს. „ბათუმარანში“ არამხოლოდ დააგემოვნებთ, არამედ გაიგებთ დასაგემოვნებელი კერძების შექმნის ამბებს.

მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში ფართოდ გავრცელებული ქათმის წვნიანი ტყლაპით, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლხინის სუფრის მეორე დღეს, ალიონზე მზადდებოდა და სტუმრებისთვის ნაბახუსევზე გასამასპინძლებელ საუკეთესო კერძად მიიჩნეოდა. ამ კერძს მთაში თურმე ბავშვებისთვის კვირაში რამდენჯერმე ამზადებდნენ, როგორც აუცილებელ წვნიანს.

მთის კარაქითა და ჩლეჩილი ყველით მომზადებული განთქმული ბორანო კი, განსაკუთრებული კალორიულობის გამო მთიან აჭარაში იყო და არის შრომისას აუცილებელი კერძი: აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებთათვის ბორანო ენერგიის წყაროა.

*2019 წლის 13 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციასარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აჭარული ბორანო მთის კარაქის – იაღისა და ახალამოყვანილი ყველისგან მზადდება

 

  • აჭარული სუფრა, ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია ერთ სივრცეში

რესტორნის პირველი სართული ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთგვარი მინიმოდელია, სადაც სტუმრები დაათვალიერებენ აჭარაში გავრცელებულ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს: შრომის იარაღებს, ღვინისა და არყის დამზადებისას აუცილებელ ხელსაწყოებსა და ჭურჭელს. აქვეა ცალკე მოწყობილი, აჭარისთვის დამახასიათებელი რძის პროდუქტებისთვის აუცილებელი ჭურჭლის კუთხე, სადაც ორი საუკუნის კარაქის სადღვები ,,ვარია“, ერბოს, ყველისა და რძის შესანახი ჭურჭელია გამოფენილი. ყველა ექსპონატი აჭარის სოფლებში მოგზაურობის დროსაა შეძენილი ოჯახებისგან. „ბათუმარანის“ სტუმრებს სურვილის შემთხვევაში რესტორნის მასპინძელი ეთნოგრაფიულ კუთხეს გააცნობს.

მაღალი ხარისხის სერვისი, დაუვიწყარი გემოები და ცოცხალი პიტნის, დაფნისა და რეჰანის არომატით გაჯერებული „ბათუმარანის“ სივრცე, სტუმრებს პირველი ივნისიდან ეპატიჟება აჭარულ სუფრაზე.

ეთნოგრაფიული კუთხე რესტორან „ბათუმარანში“
რძის პროდუქტების ეთნოგრაფიული კუთხე რესტორან „ბათუმარანში“
ეთნოგრაფიული კუთხე რესტორან „ბათუმარანში“

„სულ უნდა იყო გამოსავლის ძიებაში, ყველაფერი უნდა სცადო და ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს“

მიხეილ პაპუნიძემ რამდენიმე დღის წინ სკოლის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედალი მიიღო. მან სკოლა შარშან დაასრულა, თუმცა მედალი წელს გადასცეს. 19 წლის მიხეილი უკვე პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს.

მიხეილ პაპუნიძე შვიდი წელია რაც ეტლით მოსარგებლეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ იყო, საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა.

მიშას აზრით, განათლება ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი და ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეხედულებები ყველაფერზე.

„ჩემთვის ოქროს მედალი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ მედალია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა გაძლევენ. განათლება რომ არა, ვერ ვიქნებოდი ასეთი მებრძოლი და მიზანდასახული“, – გვეუბნება ის.

მიშას აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომა. „ეს რომ არა, შეიძლება უნივერსიტეტშიც ვერ მესწავლა“, – გვეუბნება ის.

 

მიშას ქალაქში გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან ქალაქის ინფრასტრუქტურა არ არის კარგად ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ამიტომ უნივერსიტეტში დილით მამა აცილებს, წამოსვლის დროს კი დედა ეხმარება.

წინააღმდეგობების მიუხედავად, მიშა ამბობს, რომ სწავლა ცხოვრებაში გადამწყვეტია. „პროგრამირებას ვსწავლობ და ჩემთვის ეს მოსახერხებელია, რადგან ამ პროფესიით სახლიდან მუშაობაც შემიძლია. მთავარია, იყო პროფესიონალი და სამუშაოც გამოჩნდება“, – გვეუბნება ის.

მიშა პაპუნიძეს 70 პროცენტიანი გრანტი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა მიიღოს დანარჩენი დაფინანსებაც და ამისთვის კარგად სწავლობს. „მომავალ სემესტრში გავაკეთებ დაფინანსებაზე განცხადებას და ვნახოთ“.

მიშა ამბობს, რომ სამი და ჰყავს და სამივე ოქროსმედალოსანია. „როცა ვხედავდი, რომ ოჯახში ყველა სწავლობდა, ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა. მეც კარგად ვსწავლობდი, ბოლო წელს დამჭირდა მომზადება მხოლოდ რუსულში და ფიზიკაში. ჩემს მდგომარეობაში ბევრი ფიქრობს, რომ „არაფერი არ გამოვა“, მაგრამ სულ უნდა იყო გამოსავლის ძიებაში, ყველაფერი უნდა სცადო და ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს“, – გვეუბნება ის.

მიხეილ პაპუნიძე გვეუბნება, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელება სურს, თუმცა ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს. „ყველაფერი გამოვა“, – გვეუბნება ის.

მიხეილ პაპუნიძე, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა:

  • მერაბ წულუკიძე – 2 ხმა
  • ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა
  • ირმა ზოიძე – 1 ხმა
  • ნათია ზოიძე  – 1 ხმა

პირველ ტურში მრჩეველთა საბჭოს ხმები იგივენაირად გადანაწილდა, დირექტორის ასარჩევად კი საჭირო იყო ერთ კანდიდატს მიეღო სამი ხმა.

თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრით ვერ ირჩევს დირექტორს, ასეთ შემთხვევაში ხელახლა ცხადდება კონკურსი.

მაუწყებლის დირექტორის განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხმები ასე გადანაწილდა:

  • 2 ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა;
  • 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, „დილის ტალღის“ პროდიუსერმა აჭარის ტელევიზიაში;
  • 1 ხმა – ირმა ზოიძემ, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა;
  • 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრმა მიიღო.

განმეორებითი კენჭისყრა ნახევარ საათში გაიმართება. მეორე ტურში გადავიდა ოთხი კანდიდატი, ისინი, რომელთაც ხმები მიიღეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

განახლებული ინფორმაცია: გაიმართა განმეორებითი წილისყრა, თუმცა ხმები იგივენაირად გადანაწილდა, დირექტორის ასარჩევად კი საჭირო იყო ერთ კანდიდატს მიეღო სამი ხმა. კონკურსი ჩაიშალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისსაა ჩანიშნული.

როგორ ცხოვრობენ ქალი პატიმრები ციხის შემდეგ

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ხშირად თანხმდებიან ღიად ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლებისშემდგომ სირთულეებზე. ყველა მათგანი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

ჯულიეტა ფხაკაძემ საპატიმროში 6 წელი გაატარა. რთული პერიოდი გაიარა: ციხის კედლებში ავადმყოფობა, ოპერაცია, გათავისუფლების შემდეგ გარშემომყოფების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ნასამართლეობის მიმართ და ა.შ.

ჯულიეტა ფხაკაძე

„ციხეში მყოფს ძმა არ მელაპარაკებოდა, გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ რომ გავთავისუფლდი, დავურეკე და მაშინვე ჩამოვიდა თბილისში, ქუთაისში ჩამომიყვანა“, – ამბობს ჯულიეტა და დასძენს, რომ მთავარი ახლობლების თანადგომაა საპატიმროდან ახალგათავისუფლებულისთვის. მისი თქმით, ეს აუცილებელი მოტივაციაა ცხოვრების გასაგრძელებლად ციხის შემდეგ.

თუმცა გარდა მორალური თანადგომისა, ჯულიეტასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი საქმიანობაც, რასაც გათავისუფლების შემდეგ შეუდგა: მძივებით სამკაულების კეთება და ქაღალდით დეკორატიული ნივთების დამზადება ისწავლა. ეს საქმე ახლა მისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. დახმარებისთვის იმერეთში მოქმედ ,,ფონდ აფხაზინტერკონტს“ მიმართა, რომელიც ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციაა და ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში. პროექტის ფარაგლებში ქვილინგის სპეციალისტ ყოფილ პატიმარს ქაღალდის საჭრელი აპარატი გადასცეს. ხელსაწყომ ქალს საქმე მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

„თუმცა ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ. მინდა ბუღალტერიის კურსებიც გავიარო, რომ ჩემი შემოსავლის წყარო გაიზარდოს და მეტი გავაკეთო საკუთარი ოჯახისთვის“, – ამბობს ჯულიეტა ფხაკაზე.

62 წლის ფოთოლა ლაგვილავა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და ხელსაქმით დააღწია თავი უიმედობას და რთულად გასაყვან დროს. ციხეში მან 7 წელი დაჰყო.

ამბობს, რომ ყველგან, სადაც გათავისუფლების შემდეგ ქუთაისში გადაწყვიტა ემუშავა, ხელფასი 200 – 300 ლარს არ აღემატებოდა.

„როგორ ვიცხოვრებდი ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასასვლელად არ მეყოფოდა. თან თუ მცირეწლოვანები გყავს შინ. ამიტომ თვითდასაქმება ვარჩიე“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.
ის ქუთაისში რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში  მას ხის დასამუშავებელი დაზგა გადაეცა. იმედოვნებს, რომ მომავალში ელექტროშალაშინისა და სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვა ხელსაწყოების შეძენასაც შეძლებს და მატერიალურად უფრო გაძლიერდება, როგორც თვითდასაქმებული.

64 წლის გულნარა პილპიამ დანაშაული ოჯახის დასახმარებლად ჩაიდინა გაუცნობიერებლად. გალიდან წალენჯიხაში რამდენიმე ბლოკი სიგარეტი გადაჰქონდა გასაყიდად. პოლიციამ ქალი დააკავა და მან წელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელად დამაპატიმრეს. მეუბნებოდნენ, რომ აკრძალული და საშიში იყო სიგარეტის აქეთ-იქით ტარება, მაგრამ გვიჭირდა და რა მექნა, რას ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე შეკვრა სიგარეტი ასეთ ხათაბალაში გამხვევდა, თან ამ ასაკში“, – იხსენებს გულნარა პილპია.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა შეკვეთები მიეღო და კერვა დაეწყო, მაგრამ საამისოდ საკერავი მანქანა არ ჰქონდა, რაშიც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა. ახალი საკერავი მანქანა შეიძინა და საქმეს შეუდგა. ამბობს, რომ ამ საქმით ყოველთვიურად მას 200 – 300 ლარი აქვს შემოსავალი, რასაც პენსიაც ემატება და მინიმალური საარსებო წყარო თვიდან თვემდე 64 წლის პენსიონერს გამოსდის.

ია ბერიძე პრობაციონერის მეუღლეა. შესაბამისად, ისიც „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია.

ოჯახს სილამაზის სალონი აქვს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მატერიალური სიკეთეა. „სილამაზის სალონმა გაგვატანინა პატიმრობის წლები, არჩინა ოჯახი, სილამაზის სალონი აფინანსებს ჩემი შვილების სწავლა-განათლებასაც. სალონს ძირითადად მე ვუძღვები, ჩემი მეუღლე, მართალია, თავად სტილისტი არ არის, მაგრამ საორგანიზაციო და მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებს“, – ამბობს ია ბერიძე.

ია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ სემინარებს დაესწრო, სადაც ბიზნესის პოპულარიზაციისა და გაფართოების, მომხმარებლამდე ინფორმაციის ეფექტურად მიტანის ნიუანსებზე შეიტყო.

ბოლოს პროექტის ფარგლებში მას სალონისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების – სტერილიზაციის აპარატი გადასცეს.

ოჯახი, რომელმაც პატიმრობის წლები მცირე ბიზნესის საშუალებით გაიმარტივა, მზადაა, სტილისტის საქმე ნებისმიერ პრობაციონერს, ყოფილ პატიმარს უფასოდ შეასწავლოს და პრაქტიკის საშუალებაც მისცეს.

ია ბერიძე სილამაზის სალონის თანამშრომლებთან ერთად

    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება – სები აპრილში ინფლაციის მატების მთავარ მიზეზს ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 4.1 პროცენტი შეადგინა, გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი კი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირებაა.

„გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი სიგარეტის გაძვირებაა, რაც ამ პროდუქტებზე წლის დასაწყისიდან აქციზის გადასახადის მატებით არის გამოწვეული. კერძოდ, მარტის ინფლაციის 4.1 პროცენტიდან 1.3 პროცენტული პუნქტი (პ.პ) სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. აპრილში, მარტთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის გაძვირებამ იმოქმედა. კარტოფილი 25 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.3 პ.პ. შეადგინა“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვაში“, რომელიც დღეს, 31 მაისს გამოქვეყნდა.

ამ მიმოხილვის მიხედვით იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი შესაბამისად 30 და 31 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 103 პროცენტით გაძვირდა. „მაღალი იყო ტურისტული მოგზაურობის გაძვირების გავლენაც, რომელმაც დაახლოებით 0.4 პ.პ შეადგინა“ – აღნიშნულია მიმოხილვაში.

„აპრილში სურსათის ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 1.7 პ.პ იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და, შესაბამისად, 2019 წლის აპრილში წლიურად 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი იყო კარტოფილის, ძროხის ხორცის და კომბოსტოს გაძვირება. საპირისპიროდ, წლიურად მნიშვნელოვნად გაიაფებული იყო ვაშლი (37 პროცენტით… გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გაიაფების ტენდენცია.“ – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

მაშინ როცა სების განცხადებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი სიგარეტის გაძვირებაა, საქართველოს პარლამენტში თამბაქოს ფასის გაზრდაზე საუბრობენ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/368485/

 

ფინანსთა მინისტრი არ უარყოფს, რომ რამდენიმე ინვესტორთან ხელშეკრულება მოიშლება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს იმ საინვესტიციო ხელშეკრულებებზე ვკითხეთ, რომლებითაც 2019 წლის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით: „პროცესი მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებს.“

მინისტრმა დღეს ჩვენთან საუბარში არც ის უარყო, რომ მოშლის პირასაა რამდენიმე საინვესტიციო ხელშეკრულება იმის გამო, რომ ინვესტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. მან კომპანიები არ დააკონკრეტა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავყვეთ პროცედურებს. მათ შორის ახალი განკარგულება, რომელიც მთავრობამ მიიღო, ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლას გარკვეული პირობების დადგომის შემთხვევაში. ვიდრე პროცედურა მიმდინარეობს, არ  დავაკონკრეტებ, რომელ კომპანიებს შეეხება ეს ამჯერად“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის დასაწყისში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო სამი წლის  განმავლობაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით.

გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში – ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა მთავრობამ ის რეგულაციებში მოაქცია და შესაბამისი წესიც შეიმუშავა.

ამ წესით, აუცილებელია ინვესტორმა საბანკო გარანტია სამინისტროში ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე, ან ამ ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს. მიუხედავად საბანკო გარანტიისა, მთავრობა იტოვებს უფლებას, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს ინვესტორის თხოვნა.

თუ ინვესტორი დამატებით დროშიც ვერ შეასრულებს ვალდებულებებს და კვლავ მოითხოვს გადავადებას, მთავრობა გამოითხოვს საბანკო გარანტიას და ამასთან ერთად მოითხოვს გარანტიის გაორმაგებას. თუ განმეორებით გადავადებას საინვესტიციო საბჭო არ დათანხმდება, ინვესტორი  დაკარგავს გარანტიას და დაიწყება საქმის წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომლისგანაც ის ერთხელ უკვე  გათავისუფლდა ინვესტორი, საქმე გაიგზავნება სასამართლოში და სასამართლოს ძალით დაეკისრება მისი გადახდა. ამ შემთხვევაში, დაკისრებულ პირგასამტეხლოს გამოაკლდება საბანკო გარანტიით გამოთხოვილი თანხა.

ამავე თემაზე:

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

საცხოვრისის პროგრამა აჭარაში უკუმიგრირებული ეკომიგრანტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნვეყოფის პროგრამა უკუმიგრირებული ოჯახებისთვისაც მისაწვდომი იქნება, განსაკუთრებით ეს შეეხება სამეგრელოდან უკუმიგრირებულებს. პროგრამა ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლების თანამონაწილეობით შეძენას სთავაზობს. პროგრამაში ცვლილებას დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

მინისტრ ზაალ მიქელაძის განმარტებით, ცვლილება განსაკუთრებით იმ ეკომიგრანტებს შეეხება, რომლებიც 2000 წლამდე იყვნენ მიგრირებულები სხვადასხვა რეგიონებში:

„მათგან ბევრი ოჯახი უკუმიგრირდა აჭარაში. ისინი ვერ სარგებლობდნენ ჩვენი ე.წ. 25 000-ლარიანი პროგრამით, რადგან არსებობდა ჩანაწერი, რომ ისინი უკვე იყვნენ დაკმაყოფილებულები. თუმცა ჩვენ ახლა მათ ვაძლევთ შანსს, იმ რეგიონებიდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე, რომ ისინი რეალურად იქ აღარ ცხოვრბენ და არ ფლობენ საკუთრებას“.

მინისტრის ინფორმაციით,  სამინიტროს პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობის თხოვნით ასეთმა 12-მა ოჯახმა მიმართა.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  2016 წლიდან ახორცილებს. მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე პროგრამის ფარგლებში 300-მდე ოჯახმა შეისყიდა საცხოვრბელი სახლი.

პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარების დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისთვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა, ღირებულების დარჩენილ ნაწილს ოჯახი თვითონ ამატებს, ან ამ ფასად გასაყიდ ფართობს პოულობს.

პროგრამით სარგებლობენ ეკომიგრანტები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულა.

პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას ანაზღაურებენ უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად.

 

რა დარღვევები გამოავლინეს ბათუმის ღამის კლუბებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27 მაისს განხორციელებული კონტროლის შედეგად, ბათუმში მდებარე ღამის კლუბებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

ბათუმში, აბდულლაჰ აქგიულის ღამის კლუბში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელი და  საკვები შეიძინეს და ჯამურად 100 აშშ დოლარი და 150 ლარი გადაიხადეს.

„საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153 1-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მეწარმეს სანქციის სახით  შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს არ იქნა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა  ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

ი/მ აბდულლაჰ აქგიულის ობიექტში, ასევე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ სასმელზე, რის შედეგადაც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, დაახლოებით 5 390 ლარის ღირებულების საქონელი გამოვლინდა, რაზეც მეწარმეს შეეფარდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის – 2 695 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰსკ“-ის კუთვნილ ობიექტში.   სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა შეიძინეს  სასმელები და საკვები. ჯამურად გადახდილ იქნა 100 აშშ დოლარი და 300 ლარი.

ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა  ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

უწყების ინფორმაციით, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების მონაცემები აღრიცხულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ჩეკში ნაჩვენები იქნა ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა  ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

უწყების ცნობით, ობიექტში საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას არ იყო განთავსებული, რაზეც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

შპს „ჰსკ“-ის ობიექტში ასევე გამოვლენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე 1180 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც მეწარმეს 590 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

მესამე შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმე ტურაჩ დარგალის კუთვნილ ობიექტზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას შეძენილ იქნა ალკოჰოლური სასმელი და  საკვები. ჯამურად გადახდილ იქნა 75 აშშ დოლარი. მეწარმეს სანქციის სახით   შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

სალარო აპარატი არც აქ იქნა გამოყენებული, რის გამოც მეწარმე 200 ლარით დააჯარიმეს. დამატებით 100 ლარით დაჯარიმდა იგივე მეწარმე, რადგან სალარო აპარატის ფაქტობრივად განთავსების მისამართი არ ემთხვეოდა აპარატის რეგისტრაციის მისამართს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამივე შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება ფაქტობრივად გადახდილ ფასზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა და ასევე, სამივე შემთხვევაში, არც ერთ ობიექტში მენიუ არ იყო წარმოდგენილი ქართულ ენაზე, მენიუ შემოთავაზებულ იქნა მხოლოდ ინგლისურად გაურკვეველი სახის პროდუქტისა და ფასის ჩამონათვალით. შეკვეთილი პროდუქტის ნაწილი საერთოდ არ იყო შეტანილი მენიუში, შუალედური ანგარიშის ქვითარი კი წარმოდგენილი იყო უცხოურ ენაზე.

როგორია ზღვის წყლის ხარისხი 2019 წლის სეზონის წინ – შემოწმების შედეგები

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლში უკვე +19 გრადუსია, ჰაერი კი უახლოეს დღეებში დღისით +28 გრადუსამდე გათბება. სპეციალისტების თქმით, ბანაობისთვის ყველაზე ოპტიმალურია, როცა ზღვის წყლის ტემპერატურა +20-დან +25-გრადუსამდეა.

ზღვის წყალი, ტრადიციულად, ყველაზე სუფთაა სარფის, კვარიათისა და გონიოს პლაჟებთან, გაცილებით ცუდია [მაგრამ ნორმის ფარგლებში] წყლი ხარისხი ბარცხანის სანაპიროსთან.

„ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები დადგენილია კანონით. მაგალითად, ნაწლავის ბაქტერიების მაჩვენებელი 1 ლიტრ წყალში უნდა იყოს არაუმეტეს 10 000. მიმდინარე თვეში კვარიათსა და სარფში ეს მაჩვენებელი იყო 2 400, ბათუმის ცენტრალურ პლაჟზე ცოტა მეტი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რჩება ბარცხანაში, სადაც არაკანალიზებული უბნებია. თუმცა ეს მაჩვენებელი აქაც ნორმის ფარგლებშია,“ – გვითხრა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა, ნუგზარ პაპუნიძემ.

მისივე თქმით, „ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირების მაჩვენებელი ნორმით 1 ლიტრში არ უნდა აღემატებოდეს 5 000-ს. სარფში, გონიო-კვარიათში, მწვანე კონცხსა და ჩაქვში კი ეს მაჩვენებელი არის 600-700; ბათუმისა და ქობულეთის ცენტრალურ პლაჟებზე ცოტა მეტია, თუმცა ნორმის ფარგლებში“.

ნუგზარ პაპუნიძის თქმით, „პათოგენები საერთო [მათ შორის სალმონელა – ეს ვირუსების გამომწვევი ბაქტერიებია] წყალში არ უნდა დაფიქსირდეს და არც ფიქსირდება“.

ზღვის წყლის სინჯებს ლაბორატორიული კვლევისთვის იღებენ კვარიათში, სარფში, ბათუმის „აკვაპარკისა“ და ცენტრალური პლაჟების მიმდებარედ, ასევე ბარცხანის, მწვანე კონცხისა და ქობულეთის [ორ წერტილში] პლაჟების გასწვრივ.

ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმება და ანალიზი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები; ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები; კოლიფაგი; ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss]; ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus aureus]; და პათოგენები საერთო [მათ შორის სალმონელა].

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის სეზონზე – ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ზღვის წყლის სინჯს ყოველთვიურად 24-ჯერ აიღებენ.

ზღვის წყლის სინჯის აღება / სამმართველოს ფოტო

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგის“ ფარგლებში 2019 წელს დაგეგმილია 105 ჩამდინარე წყლის სინჯის გამოკვლევა.

„ანალიზის შედეგად ჩამდინარე წყალში ისაზღვრება შეწონილი ნაწილაკები, საერთო ფოსფორი, ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება (ჟბმ), ჟანგბადის ქიმიური მოხმარება (ჟქმ) და წყალბადის მაჩვენებელი (pH). ამ დროისათვის გამოკვლეულია ჩამდინარე წყალი თებერვალში (8 სინჯი), მარტში (10 სინჯი), აპრილში (10 სინჯი), მაისში (10 სინჯი). მაისის თვეში გამოკვლეულ იქნა 10 ჩამდინარე წყლის სინჯი შემდეგ ტერიტორიებზე: აეროპორტის გზატკეცილი, ხახულის ქუჩა, ფრ. ხალვაშის ქუჩა, ა. შანიძის ქუჩა, ოპიზრების ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ბათუმის ქუჩა“, – აღნიშნულია სამმართველოს ინფორმაციაში.

ნუგზარ პაპუნიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩამდინარე წყლების დაბინძურების 20-მდე ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებაც ინფორმაცია მიწოდებულია შესაბამისი უწყებისთვის.

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. ფესტივალის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

ამ თემაზე: 

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

„თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელის მიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით.

„თიბისი დაზღვევას“ სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება. ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს, რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღები ფორმით და დროულად აანაზღაურებს.

ასეთი გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა ზოგადად. დარწმუნებული ვართ, „თიბისი დაზღვევა“ ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობას მოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს,“ – განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდული მიმართულებით ბიუჯეტს ექვსჯერ გავზრდით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა ახალგაზრდული მიმართულებით ბიუჯეტს ექვსჯერ გაზრდის და ბევრ საერთაშორისო პროექტს დაიწყებს.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი იქმნება, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობაა.

ახალგაზრდული პროექტების კურატორი ალექსანდრე დავითაძე იქნება, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

ალექსანდრე დავითაძის ინფორმაციით, ახალგაზრდული ცენტრის ბიუჯეტი 1 700 000 ლარი იქნება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობებზე. ცენტრში 25 პირი დასაქმდება.

 

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე დავითაძე შეასრულებს

დღეს, 31 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძეც ესწრებოდა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ის შეასრულებს აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას და ასევე, იქნება აჭარაში დაანონსებული ახალგაზრდული პროექტების კურატორი.

ყოფილი განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, რიჟვაძემ 26 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან რუსული დროშების სკანდალის გამო. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე კი გუშინ, 30 მაისს, დააკავეს საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

სანამ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ, ალექსანდრე დავითაძე აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

_________

ფოტოზე: ალექსანდრე დავითაძე. ფოტო: აჭარის განათლების სამინისტრო

აჭარაში ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს კონკურსით შეარჩევენ – ხელფასი 2900 ლარია

აჭარის მთავრობა ახალგაზრდობის რეგიონულ  ცენტრს ქმნის. ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის განათლების სამინისტრომ კი ახალგაზრდობის რეგიონული  ცენტრის დირექტორის შესარჩევად  კონკურსი უკვე გამოაცხადა. განცხადებების მიღების ვადა 2 ივნისს იწურება.

საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია, მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილებით, უნდა ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურ ენას – B2  დონეს.

სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, პროექტების მართვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროს ან შესყიდვების მიმართულებით, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კონკურსი ორეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, მეორე კი კონკურსანტებთან გასაუბრებას გულისხმობს.

კონკურსის პირობების მიხედვით, გასაუბრების  შედეგების შესაბამისად, საუკეთესოს შეარჩევს სამინისტროს ხელმძღვანელი  ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

კონკურსის პირობების მიხედვით, ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარი იქნება.

კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.

 

„მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის“ – ლაშა კომახიძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან გუშინ, 30 მაისს, ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით.

„მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები, შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილებით.

აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ, ვიმედოვნებ, სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მერიის სამსახურები და ორგანიზაციები შეუფერხებლად იმუშავებენ.

30 მაისს პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო.

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს. წილისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო. თემურ კახიძის წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა.

წილისყრაში მონაწილეობა ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” არ მიუღია.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, როცა ომარ მახარაძემ თანამდებობა დატოვა – იგი სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ომარ მახარაძემ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველებიც”. იგი საკრებულოს რიგით წევრად რჩება.

ომარ მახარაძე გამოძიებამ გუშინ გამოკითხა. ის საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია

65 წლის ეთერ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს პირველად დარეგისტრირდა. სახელმწიფო პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს სთავაზობს. თუ პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციას არ დაადასტურებს, მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება. რატომ გადაწყვიტა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება – გთავაზობთ ბლიც-ინტერიუს ეთერ დუმბაძესთან.

  • ქალბატონო ეთერ, რა იყო მთავარი მოტივი თქვენთვის, როცა ამდენი წლის შემდეგ სწორედ ახლა დარეგისტრირდით საგნობრივ გამოცდაზე, მაშინ როცა სახელმწიფო სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ჯილდოს გთავაზობთ?

ალბათ, პედაგოგად დავიბადე. ასე ვფიქრობ, ძალიან მიჭირს სკოლის მიტოვება, ეს ჩემთვის სენსიტიური თემაა. 65 წლის ვარ, ენერგიაც მაქვს, მინდა საკუთარ თავთან ვიყო მართალი, მინდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად შემეძლო. ამიტომ გადავწყვიტე გამოცდის ჩაბარება.

  • აქამდე რატომ არ ჩააბარეთ, რა გაკავებდათ?

იცით, პენსიონერ პედაგოგებზე სულ ნეგატიურ კონტექსტში იყო საუბარი. სულ სკოლიდან გაშვების მოლოდინი გვქონდა, რაც არ მაძლევდა მოტივაციას. ვფიქრობდი, სანამ მამუშავებენ, ვიმუშავებ-მეთქი. ჯილდოს ინიციატივა მომეწონა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ გვაქვს უფლება დავრჩეთ. ეს იყო მთავარი მოტივაცია, რომ კიდევ ერთხელ მომესინჯა გამოცდაზე ძალები.

  • რამდენი წელია, რაც სკოლაში ასწავლით?

უნივერსიტეტი 1976 წელს დავამთავრე და მეორე წელს ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა. მე ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც და უნივერსიტეტიც ქალაქში დავამთავრე, თუმცა მასწავლებლად სოფელში წამოვედი. მას შემდეგ, ამ სკოლაში ვმუშაობ. მე მომხრე ვარ იმის, რომ ახალგაზრდებს ადგილი უნდა დავუთმოთ. მეც ხომ ახალგაზრდა შემოვედი სკოლაში? პენსიონერი უნდა წავიდეს სახლში, მაგრამ ვერ მივდიოდით, რადგან ყოფითი პრობლემები ხომ იცით, პენსია რომ მაღალი იყოს, წავიდოდით, ყველა წავიდოდა, მაგრამ როცა იცი, რომ შეიძლება წამალი ვერ იყიდო, ექიმთან ვერ მიხვიდე, ეს ძალიან რთულია.

  • თუმცა იყო ბევრად უფრო რთული წლები, მაშინ რას ფიქრობდით ამაზე?

12 მილიონ კუპონს ვიღებდი. მაშინ ამ ფულით ერთ პურს ვერ იყიდდი. ახლა პურს მაინც ვყიდულობთ და ეს კარგია. სამი შვილი მყავდა, თუმცა სკოლის მიტოვება მაინც არ მიფიქრია. მქონდა მოლოდინი, რომ პენსიას გაზრდიდა სახელმწიფო და ღირსეულად წავიდოდით. 16 საათი მაქვს, ხელზე 450 ლარამდე ვიღებ, არც ეს არის ბევრი, მაგრამ ხელფასისთვის არასდროს მიმუშავია.

  • გიფიქრიათ იმაზე, რაში დახარჯავთ ჯილდოს იმ შემთხვევაში, თუკი სკოლიდან წასვლას მაინც გადაწყვეტთ?

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ იტალია, რომი, ვენეცია მენახა. სტამბულში აია სოფია მინდა ვნახო, ერმიტაჟი…  არ ვიცი, ავისულებ თუ არა, ალბათ ისევ ოცნებად დარჩება, რადგან ცხოვრებაში სხვა მოთხოვნებიცაა.

  • ანუ, თავს არ მისცემთ უფლებას, ჯილდო საკუთარი ოცნებებისთვის დახარჯოთ?

ვინ დამიშლის, როგორ არა, მაგრამ … შვილიშვილებსაც გავუნაწილებ ალბათ, რამეს გავაკეთებ, ცხოვრებაში ბევრი საჭიროებაა.  ჩემი მეუღლეც პენსიონერია, გადაწყვიტა სკოლიდან წამოვიდეს. სპორტის მასწავლებელია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რაში გამოიყენებს თავის ჯილდოს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ჯერ ისევ ფიქრობს.

ვფიქრობ, სახელმწიფო მაინც სწორად მოიქცა, პენსიონერები რაღაცაში გამოიყენებენ ამ თანხას? – იმისთვის, რომ მშვიდი სიბერე მაინც ჰქონდეთ.

  • როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები დაინტერესდებიან ამ პროფესიით?

მე პედაგოგობა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გადამაწყვეტინა. ძალიან გვიყვარდა. მეც ვუჩიჩინებდი ჩემს გოგონებს, რომ მასწავლებლები გამხდარიყვნენ. ერთი სკოლაში მუშაობს, მეორემ სხვა სფერო აირჩია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ნატრობს, ნეტა სკოლაში მემუშავაო. გული მწყდება, რომ მასწავლებლობა დღეს პრესტიჟული პროფესია არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ალბათ ინტერესი ახალგაზრდებშიც გაჩნდება.

  • თუ გამოცდის შედეგით კმაყოფილი იქნებით და აიმაღლებთ სტატუსს, დარჩებით სკოლაში?

ახლა მხოლოდ გამოცდაზე ვარ ორიენტირებული, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. დაგვპირდნენ, რომ გამოცდისთვის უფასოდ გადაგვამზადებენ, ხელს შეგვიწყობენ. ადრეც ვფიქრობდი სკოლიდან წასვლაზე, მაგრამ მაინც ვერ წავედი, ვნახოთ.

ამავე თემაზე:

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ბავშვებისთვის სხვადსხვა გასართობი ღონისძიება იგეგმება.

ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი თამაშები, ფოტოსტენდები, კომპიუტერული თამაშები, ქვიშის მოედანი. მერიის ინფორმაციით, ბავშვებისთვის დარიგდება 3 ათასი ცალი ნაყინი, პოპკორნი და ბუშტი. ამ დღეს ცენტრალურ პარკში ატრაქციონებიც უფასოდ იმუშავებს.

კონცერტს გამართავენ „ცისფერი ბალერინები“, „სახე“, „ლალე“, „ლიმპოპო“, „ჰარმონია“, „ნიჟარა“, „ჩვენი სახლი“, „დული ლული“, „ზღვის შვილები“, „ბაბილინა“ და „ბასტი ბუბუ“.

ბავშვთა დაცვის დღეს გაიხსნება ბათუმის ზოოკუთხეც. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბავშვებს ცხოველების დათვალიერება მთელი სეზონის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ.

____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბათუმის საკრებულომ დღეს თანამდებობიდან გადააყენა. თანამდებობის დატოვების სურვილი ომარ მახარაძემ თავად გამოთქვა და განცხადებაც დაწერა. ომარ მახარაძე საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

დღეს ბათუმის საკრებულომ ცნობად მიიღო ომარ მახარაძის განცხადება, შესაბამისად, ის ბათუმის საკრებულოში თანამდებობაზე აღარ იმუშავებს, თუმცა საკრებულოს წევრად რჩება.

______

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა თქვა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

პოლიციაში გამოკითხვაზე მისულმა ომარ მახარაძემ განაცხადა, რომ ეს ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამება და პროვოკაცია მოუწყეს.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

ენმ-ის წევრი: „მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ სამ ადამიანს“

„მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ ადამიანებს,” – განაცხადა რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მირდატ ქამადაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა.

დღეს, 31 მაისს, საკრებულოს წევრები იურიდიული კომისიის ასარჩევად შეიკრიბნენ. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ომარ მახარაძე მისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიებამ ომარ მახარაძე გუშინ გამოკითხა. ის საკრებულოს რიგით წევრად რჩება.

ვიდრე საკრებულო წილისყრის პროცედურებს წამოიწყებდა, თავდაპირველად საკრებულოს მირდატ ქამადაძემ მიმართა:

„ფუკასავით აგვაცალეს ეს ადამიანები… ერთხელ მაინც რომ დაგვებარებინა ეს ადამიანები სხდომებზე, რომ მოგვეთხოვა პასუხი, ეს არ მოხდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ეს მახინჯი სისტემა… პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, საკრებულოს წევრებს. თქვენ ვერ გაბედეთ დაგეძახათ მერისთვის… მე პირადად ვუდგები თავდებად ამ ადამიანებს, შემდეგ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ, ენმ-ის წარმომადგენელმა საკრებულოში.

მოგვიანებით მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თავდებად შეუძლია დაუდგეს არა შვიდივე პირს, ვინც გუშინ დააკავეს, არამედ მათ, ვინც მერიაში სადავო ტენდერის დროს „რიგითი საჯარო მოხელეები იყვნენ“. კონკრეტულად კი, მირდატ ქამადაძე მზადაა თავდებად დაუდგეს ეგარსლან ლომაძეს, არჩილ ვანაძესა და ბექა ხალვაშს.

„ცოტა უხერხული ხომ არ არის საუბარი ვინმეს დამნაშავეობაზე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება… მე დარწმუნებული ვარ, გამოძიება მიიღებს სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას. წინასწარ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,“ – მიმართა ოპოზიციას სულიკო თებიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ.

მირდატ ქამადაძემ აქვე დასძინა, რომ საკრებულომ და მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ პროცესზე.

განცხადებები გუშინდელ დაკავებაზე საკრებულოს სხვა წევრებმაც განაცხადეს. მათ ობიექტური გამოძიების იმედი გამოთქვეს.

30 მაისს პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო.

 

დღეს აჭარის ტელევიზია დირექტორს ირჩევს

დღეს, 31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორს აირჩევს. ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე რვა კანდიდატი განიხილება, მათგან ორი ამავე ტელევიზიის თანამშრომელია.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან:

  • მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
  • დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  • ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
  • ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი;
  • ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი;
  • თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მაუწყებლის დირექტორის პოსტზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

თუ პირველი კენჭისყრის შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საჭირო ხმების ოდენობა, უკეთესი შედეგის მქონე ორი კანდიდატის მონაწილეობით იმართება ხელახალი კენჭისყრა. იმ შემთხვევაში, თუ პირველი კენჭისყრის დროს არ გამოვლინდა ორი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, განმეორებით კენჭისყრაში კანდიდატის სტატუსით სარგებლობს ყველა ის პირი, რომელმაც ერთი ხმა მაინც მიიღო, ხოლო თუ ხელახალი (განმეორებითი) კენჭისყრით ვერ გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატი, კონკურსი ჩაშლილად ცხადდება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან

„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა.

„აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი დაიკარგა… მთავარი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. ის მფარველობდა ამ ადამიანებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

 

ენმ-ს გამოფენა-აქცია ბათუმის მერიასთან / 31.05.2019

30 მაისს, პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო.

ამ თემაზე:

ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31  მაისის 21 საათიდან 1 ივნისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 2-3 ივნისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.

როგორ გამოიყენებენ ბათუმის სტადიონზე 3 940 კვ/მ კომერციულ ფართობს

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად ფასთა კვლევას ატარებს. შეთავაზებებს კომპანია 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს.

„კომპანიას განზრახული აქვს დაიქირაოს კონსულტანტი, რომელიც განსაზღვრავს მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტს, შეიმუშავებს კონცეფციას, მოამზადებს პროექტის განხორციელებადობის სრულ კვლევას, ბიზნესგეგმას და ფინანსურ მოდელს. ბიზნესგეგმასა და განხორციელებადობის კვლევას შპს „სტადიონი“ გამოიყენებს პროექტის პოტენციურ ინვესტორთა დასაინტერესებლად და კომერციული ფართობების ეფექტური ზონირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების [ფართობების ფუნქციური დაყოფა და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა] განსახორციელებლად“, – აღნიშნულია „სტადიონის“ განაცხადში.

სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ, „სტადიონი“ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს, იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათას ლარზე მეტი იქნება.

კონსულტანტი, რომელსაც „სტადიონი“ დაიქირავებს – შეამოწმებს უძრავი ქონების მდგომარეობას და განსაზღვრავს მის კომერციულ პოტენციალს, სხვადასხვა სექტორული მიმართულებების ჭრილში; ანალიზის საფუძველზე შეარჩევს სულ მცირე ზონირების ორ საუკეთესო ვარიანტს (დასაშვებია შერეული ვარიანტიც). შპს „სტადიონი“ კი შეთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთს შეარჩევს. ამის შემდეგ კონსულტანტი შეიმუშავებს შერჩეული ვარიანტის კონცეფციას, მოამზადებს განხორციელებადობის სრულ კვლევასა და ბიზნესგეგმას.

„სექტორული ანალიზი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს: დასვენება/გართობა, ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, საკონფერენციო/საგამოფენო დარბაზები, კვების ობიექტები, საკლუბო ან სხვა სპორტული აქსესუარების რეალიზაცია, კლუბის ან/და ქართული ფეხბურთის მუზეუმი და სხვა პოტენციური მიმართულება“.

მომსახურებაში ასევე შედის კონცეფციის კომპონენტების და პოტენციური დამქირავებლების ბიზნესმიმართულების განსაზღვრა; თითოეულ ფართობზე ბიზნესკატეგორიის/ფუნქციის განსაზღვრა და მახასიათებლების გაწერა – ფართობი, იჯარის ღირებულება, რეკომენდებული ბრენდის/კომპანიის ტიპები, ვინც შეიძლება იყვნენ წარმოდგენილნი ამ სივრცეში და სხვა.

„ვინაიდან სტადიონის მშენებლობა სრულდება 2020 წელს, განხორციელებადობის კვლევა უნდა ეფუძნებოდეს ბაზრის ამჟამინდელ და მშენებლობის დასრულების დროისათვის [2020 წელი] პროგნოზირებულ ტენდენციებს. ასევე, მომწოდებელმა უნდა მოამზადოს ლიკვიდური ბიზნესგეგმა, რომელიც იქნება მზად ბანკისთვის ან რომელიმე სხვა გარე ინვესტორისთვის წარსადგენად. ასევე უნდა შეადგინოს პოტენციური მოიჯარეების/დაინტერესებული კომპანიების სია“.

ვინ გაუწევს ოპერირებას [მართვას] იმ ობიექტებს [სტადიონი, საავადმყოფო, სპორტსკოლა და სხვა], რომლებიც შპს „სტადიონის“ ზედამხედველობის ქვეშ შენდება? – ამ კითხვაზე შპს „სტადიონის“ დირექტორმა ლევან ლომთაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: „ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. ჩვენ ვართ ამ პროექტების მენეჯერი კომპანია, რომელიც მართავს ამ პროექტების სამშენებლო სამუშაოებს [რომლებსაც თავის მხრივ ჰყავს მშენებელი, ტექნიკური ზედამხედველი კომპანია და ა.შ.] ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები. ის, თუ ვინ იქნება ამ დასრულებული პროექტების ოპერატორი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აჭარის მთავრობა. რა თქმა უნდა, ჩვენთან კონსულტაციის საფუძველზე“.

შპს „სტადიონი“ არის სახელმწიფო კომპანია, რომლის 100% წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. „სტადიონი“ არაერთ მრავალმილიონიან პროექტს ახორციელებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათ შორისაა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 ათას მაყურებელზე გათვლილ UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აშენებს.

„ანაგთან“ „სტადიონს“ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 141 869 522 ლარია [დღგ-ს ჩათვლით].

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად ხელშეკრულება [117 349 122  ლარით] „ანაგთან“ 2017 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა. ამ თანხიდან კომპანიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან, 2019 წლის 30 მაისის მდგომარეობით, უკვე გადახდილია 76 193 955 ლარი.

მეორე ხელშეკრულება [24 520 400 ლარით] „ანაგთან“, სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისთვის ჯერ თანხა გადახდილი არ არის.

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 30.05.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

 ამ თემაზე:

ფეხბურთის სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად FB-გამოკითხვას ატარებენ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა – სახურავი და ფასადი თეთრი იქნება

 

ბათუმში პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში დღეს, 31 მაისს, დილით, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

„ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვინ ისარგებლა ყოფილ პატიმართაგან უფასო სამედიცინო გამოკვლევებით

გაუარესებული ჯანმრთელობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, რაც ყოფილ პატიმრებს აწუხებთ.

დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩართვა შეუძლიათ როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს.

პროექტის ბენეფიციართა საჭიროებები თავიდან მათი გამოკითხვისა და ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში მაღალსტანდარტული გამოკვლევებით დგინდება. შემდეგ კი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და მათივე სურვილის გათვალისწინებით ისინი სხვადასხვა სარეაბილიტაციო  სერვისით სარგებლობენ.

პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე სამედიცინო აქცია ჩატარდა.

ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას 16 ბენეფიციარი საჭიროებდა. გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციისა, ბენეფიციარებმა უფასოდ მიიღეს დანიშნული მედიკამენტები და სათვალეები.

აჭარაში რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უწყების მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის სხვა დროსაც ჩატარდა პროგრამის ფარგლებში – პროექტის დასაწყისში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აჭარასა და გურიაში უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა, რითაც აჭარაში 15-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ამ გამოკვლევების შემდეგაც უფასოდ გადასცა საჭირო მედიკამენტები პროგრამაში ჩართულებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში აპრილის თვეშიც მოეწყო ორდღიანი სამედიცინო აქცია, რაც ითვალისწინებდა გინეკოლოგიურ და ამბულატორიულ კვლევებს, კონსულტაციებს, ექოსკოპიას, საჭიროების შემთხვევაში კოპოსკოპიასა და ანალიზებს. აქციაში 20-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

სამედიცინო აქციის მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ ექიმთან ვიზიტს, გამოკვლევებს და მედიკამენტების შეძენას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ რთული მატერიალური პირობების გამო. „დემოკრატიის ინსტიტუტის” ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო დახმარებით 60-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, საპატიმროს დატოვების შემდეგ ყოფილ პატიმართა უმრავლესობას გაუარესებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად  „პატიმართა გაძლიერების პროექტის“ სამედიცინო მხარდაჭერის მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია და ამ მხრივ მაღალია ყოფილ პატიმართა ინტერესი პროექტის მიმართ.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ომარ მახარაძეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ხვალ, 31 მაისს, რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი. სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან გადაყენებაა.

პოსტის დატოვების შესახებ ომარ მახარაძემ განცხადება თავად დაწერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის თავისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  ომარ მახარაძემ საკრებულოში საკუთარი სურვილით დატოვა ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება“.

ომარ მახარაძე საკრებულოში მაჟორიტარული წესითაა არჩეული „ქართული ოცნების“ წარდგინებით, სექსუალურ შევიწროებაში მისი დადანაშაულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ თქვა, რომ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ის უმკაცრესად დაისჯებოდა. ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ოცნების“ უმრავლესობა ხვალ, 31 მაისს, სხდომაზე მხარს დაუჭერს ომარ მახარაძის გადაყენებას და საკრებულოს ხუთი წევრი ასევე უმრავლესობიდან  ამ თანამდებობაზე თემურ კახიძის წარდგენას გეგმავს.

თემურ კახიძე საკრებულოს ახალი წევრია, მან 23 აპრილს ირაკლი მიქელაძე ჩაანაცვლა, რომელმაც ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა საკრებულო.

თემურ კახიძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია, აქ ის „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა.

ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დღეს, 30 მაისს, პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო.

დაკავებულებს ჯერ არ შეხვედრიან ადვოკატები. უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალს. დაკავებული მაღალჩინოსნები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. 182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს ასევე თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

პროკურატურის ინფორმააცით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

დღესვე, ბრიფინგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ გამართა. მან თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება. თორნიკე რიჟვაძემ აქცენტი ასევე გააკეთა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის აუცილებლობაზე.

პროკურატურის ვერსიით, მერიამ, უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“. ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს წარმომადგენლობამ და ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიის წევრებს წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ. ეს მაშინ, როცა ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის პირველ მაისს გამოცხადებუილ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალ „კონვერტ ჯორჯიას“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია, კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი.

„ბათუმელები“ მერიის ამ პროექტის „იაფის სახლის“ ტენდერთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა.  2018 წელს აუდიტის დასკვნის მიხედვით ბიუჯეტს 1 430 342 ლარის ზიანი მიადგა ამ ტენდერის შედეგად. ამავე წლის იანვარში მიაწოდა პროკურატურას მასალები აუდიტის სამსახურმა.

ბათუმის მერიამ 2019 წელს უჩივლა „ბაზის ბანკს“ – შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ვიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. მერიის საჩივრის განხილვა ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს არ დაუწყია – იგი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს სხდომა 28 მაისს უნდა გამართულიყო. ამ დღეს ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ სხდომა ისევ გადაიდო, ამჯერად 4 ივნისისთვის.

რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის ვერსია

აჭარის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა, ბათუმის ვიცე-მერის, ფინანსთა და განათლების მინისტრის მოადგილეების და სხვა პირების დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის გარემოებები, რის გამოც დააკავეს 7 პირი. პროკურატურის ვერსიას, რომელიც ნათია სონღულაშვილმა გააცნო საზოგადოებას, უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, განახორციელა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გათვალისწინებული, სსკ-ის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულნი არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი [პროკურორმა მხოლოდ დაკავებულების ინიციალების დაასახელა], აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: ზემოხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად იყვნენ ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები და მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა, 2015 წლის 9 ოქტომბერს, მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ე.წ. იაფი სახლის მშენებლობზე.

სატენდერო პირობების თანახმად, სახლის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი კონსტრუქციის თხელკედლიანი კონსტრუქციები, ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისა და სატენდერო კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის განხორციელება.

საბოლოოდ, მერიამ, უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“.

ელექტრონული ვაჭრტობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს წარმომადგენლობამ და ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“, სახელმწიფო შსყიდვების ერთიან სისტემაში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიის წევრებს წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ. ეს მაშინ, როცა ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის პირველ მაისს გამოცხადებუილ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალ „კონვერტ ჯორჯიას“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია, კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა კონვერტ ჯორჯიას დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი.

მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა იმ პერიოდის ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხინთიბიძემ, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ეგარსლან ლომაძემ და შესყიდვების განყოფილების უფროსმა ბექა ხალვაშმა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობისას კონვერტ ჯორჯია დოკუმენტაცია არ კამყოფილებდა სატენდერო პირობებს და კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები,. უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად.

ამის შემდეგ, კონვერტ ჯორჯიამ, სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოს ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ავიზირებული, ლონდონში რეგისტრირებული პონტ ბანკ ლტდ-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ისე, რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არაქტიურ კომპანიას.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის დავალებით პოინტ ბანკ ლტდ-ს სანდოობის და გადახდისუნარიანობისა და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს იმჟამად არჩილ ვანაძეს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე. ამავე პერიოდში უკვე ბათუმის მერიაში გადაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებდა საბანკო დაწესებულებებს რომ საბანკო გარანტიები ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან.

ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის მუდმივმოქმედ წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, კონვერტ ჯორჯიასთან, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გაფორმდა ხელშეკრულება 4 მილიონ 280 ათასი ლარამდე ღირებულებით.

ხელშეკრულების გაფორმებიდან კონვერტ ჯორჯიამ  ბათუმის მერიაში წარადგინა იგივე არასაბანაკო, არააქტიური კომპანია, პოინტ ბანკ ლტდ-ს მიერ საავანსო საბანკო გარანტია იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილისთვის ცნობილი იყო რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას და წარმოდგენილი საბანკო გარანტიაც არ იყო უპირობო და გამოუთხოვადი. კონვენტ ჯორჯიას უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში მილიონ 626, 396 ლარის ოდენობით, საიდანაც კონვერტ ჯორჯიამ  შეასრულა მხოლოდ 251 109 ლარის ოდენობის სამუშაოები. დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმი მერის და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა კონვერტ ჯორჯიასთვის უკანონოდ უპირატესობის მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად გაიფლანგა განსაკუთრეებით დიდი ოდენობით, მილიონ 370 ათასი ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრები, რითაც მუნიციპალიტეტს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას.

ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება – თორნიკე რიჟვაძე 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, რომ ვინმემ ისარგებლოს პრივილეგიებით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის თანამშრომლობა სამართალდამცავებთან, თორკინე რიჟვაძემ გაიმეორა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა თანამშრომლობს  საგამოძიებო ორგანოებთან  და აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა.

პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ასევე ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.

ხელმისაწვდომი საცხოვრის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით ბათუმის მერია კიდევ ერთ სკანდალში 2016 წელს გაეხვა.

დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე

აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე.

ნათია სონღულაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის მერია კიდევ ერთ სკანდალში 2016 წელს გაეხვა.

მთავარი ფოტო: აჭარის პროკურორი ნათია სონღულაშვილი

რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის ვერსია

დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ ბათუმის მერიის ოთხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის არის ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე, ასევე ეგარსლან ლომაძე და ბექა ხალვაში.

ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

ინფორმაცია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ აჭარის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა.

ამავე თემაზე:

რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის ვერსია

ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.

ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.

ხელმისწავდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის მერია კიდევ ერთ სკანდალში 2016 წელს გაეხვა.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ დაკავებულია 12 მაღალჩინოსანი. აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია 7 მაღალჩინოსანი.

ამავე თემაზე:

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია

“ეს პროვოკაცია ეტყობა დიდი ხანია მზადდება,” – უთხრა პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსულმა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი დღეს, 30 მაისს გამოკითხეს.

“ცუდი ფაქტია ძალიან, ეს არის ჩემს წინააღმდეგ საშინელი, ბინძური კამპანია. ეს პროვოკაცია ეტყობა  გარკვეული პერიოდია მზადდება… მე გამოძიებას მივეცი ჩვენება და არ იკვეთება არანაირი დანაშაულის შემადგენლობა,” – აღნიშნა ომარ მახარაძემ.

ბსუ-ს ყოფილი ლექტორი პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ამ კუთხით გამოძიების დაწყებას. იგი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

ომარ მახარაძე ირწმუნება, რომ ის სტუდენტებს მხოლოდ სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით წერდა.

“არასოდეს არ მიმიწერია მსგავსი ისეთი, არაფერი არ ფიქსირდება. ეს არის წმინდა მეგობრული, რაც სასწავლო პროცესს უკავშირდება,” – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვისგან მომდინარეობს ეს პროვოკაცია, ომარ მახარაძემ განაცხადა: „არის ადამიანთა გარკვეული კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად… ალბათ იმიტომ, რომ მოეხდინათ ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლების, ნათესავების, მეგობრების და ჩემი ნაცნობი ადამიანების წრის დისკრედიტაცია. მე იურისტი, პროფესორი კაცი გახლავართ, არ დავარღვევ არც ერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებმაც ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სკანდალი ამიგორეს“.

ომარ მახარაძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, თუ ჰქონდა მიმოწერა სტუდენტთან, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რაზედაც უპასუხა, რომ „არასოდეს“. „ისეთი არაფერი არ მახსენდება, მაგრამ ის, რაც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ეს არის მეგობრული, წმინდა საუნივერსიტეტო საქმიანობას უკავშირდება“, – თქვა ყოფილმა ლექტორმა.

მე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას უკავშირდება ეს ყველაფერი, ასე დაასრულა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

ყოფილი ლექტორის თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. დღეს თავის ადვოკატებთან ერთად მივიდა პოლიციაში.

_______

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა თქვა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

ამავე თემაზე:

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

 

 

სკოლა ნიკეს გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე

12 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი.

სკოლა „ნიკეს“ უმცროსკლასელთა გუნდმა (ქორმაისტერი: თინა ჭეიშვილი, კონცერტმაისტერი: ნანა ბრუნჯაძე) მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. გასულ წელს კი ახალშექმნილმა კოლექტივმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

წელს სკოლა „ნიკეს“ პატარა მომღერლებმა მოამზადეს და პირველად ააჟღერეს ნანა ბრუნჯაძის სიმღერა „ბათუმი“. მას შემდეგ იმღერეს რიხიანი და პოლიფონიურობით გაჯერებული Soltege Symphony, რომელიც წარმოადგენს კლასიკოს კომპოზიტორთა მუსიკალურ სინთეზს და სრულდება ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიით /„ვეროკავშირის ჰიმნით“.

პატარების მუსიკისადმი სიყვარულმა და აქტიურობამ, თინიკო მასწავლებლის მონდომებამ და პროფესიონალიზმმა, ნანა ბრუნჯაძის ენთუზიაზმმა და შემართებამ, ახალგაზრდებს მორიგი წარმატება – საპატიო II ადგილი და ვერცხლის მედალი მოუტანა.

2 ივნისს „ნიკეს“ გუნდი მიწვეულია გალა კონცერტზე, სადაც გაიმართება ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი.

როგორც შვილებს ვერ განასხვავებ ადამიანი, ისეა დელფინებიც – დელფინების მწვრთნელი

კახა ახალაძე ბათუმის დელფინარიუმის პირველი კატეგორიის მწვრთნელია. სპორტსმენია. 12 წლის მანძილზე ფეხბურთს თამაშობდა, დელფინარიუმში გახსნის დღიდან მუშაობს.

„პირველი ეტაპი ადვილი არ იყო. საკმაოდ რთული, დატვირთული გრაფიკი მქონდა. თავიდან თითქმის 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ერთის  მხრივ ჩვენ ვსწავლობდით როგორ უნდა გაგვეწვრთნა დელფინები, როგორ დავმეგობრებულიყავით და მეორეს მხრივ დელფინებსაც ვასწავლიდით. სწავლის პროცესი დღესაც ანალოგიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა რაც გამოვიარეთ, მაინც რთულ რამეებთან გვიწევს გამკლავება.

სამი რამ არის დელფინთან მუშაობისას მთავარი – მეგობრობა, ურთიერთობა და ნდობა. როგორც შვილებს ვერ განასხვავებ ადამიანი, ისეა დელფინებიც. ყველა მიყვარს. ყველა ჩემი ფავორიტია,“ – ამბობს კახა.

დელფინარიუმში მეგზურობას გვიწევს. აუზთან, რომლის კიდესთანაც ვდგევართ და რომელიც დელფინებითაა სავსე, ერთი დელფინი მოცურდა.

„ეს ციცია, ორი შვილის დედა. ძალიან ცნობისმოყვარეა, შეამოწმა ვინ მოვიდა,“ – ამბობს კახა და დელფინს ხელს უქნევს. დელფინი აუზის სიღრმეში ბრუნდება, კიდესთან მეორე მოდის.

„ეს ნინია, პირველი დელფინი, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა ათი წლის წინ,“ – მიხსნის კახა.

დელფინარიუმში სამუშაო დღე ათ საათზე იწყება. მწვრთნელი ყველა დელფინს ამოწმებს და საკვებს უმზადებს. დელფინების ტრენინგები დღის მანძილზე 4-5 საათს გრძელდება.

„ვიზუალურად ვათვალიერებთ, ვინმე მოწყენილი ხომ არაა, რამე კონფლიქტი ხომ არ იყო და ა.შ. შემდეგ უკვე გადავდივართ ტრენინგებზე. ოთხი ტრენინგი გვაქვს დღის განმავლობაში. თუ შოუ გვაქვს, მაშინ ხუთი-ექვსი ტრეინინგი შოუსთან ერთად. ჩემთვის ეს სამსახური პირველ რიგში დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. როგორც პატარა ბავშვები ისე არიან ზღვის ძუძუმწოვრები. დელფინები ძალიან საინტერესო და უნიკალური ზღვის ბინადრები არიან. აქვთ თავიანთი ხასიათი. როგორც ჩვენ ადამიანები, ისე დელფინებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ვიზუალურადაც და  ხასიათითაც,“ – ამბობს კახა.

კახა ამბობს, რომ სამუშაო, რომელსაც ასრულებს სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მძიმეცაა.

„დილიდან ღამემდე გვიწევს შრომა და ურთიერთობა დელფინებთან. იყო რამდენიმე შემთხვევა ვაკანსია გვქონდა და მოვიდნენ. სპორტულებიც იყვნენ, უნდოდათ ძალიან მუშაობა, მაგრამ რომ შეხედეს რა შრომის გაღება გვიწევს, ხელები აწიეს- ჩვენ აქ ვერ ვიმუშავებთო.

„თავგანწირვა, მოტივაცია და მიძღვნა საკუთარი თავის, საქმისადმი, რომელსაც აკეთებ – აი, რა სჭირდება დელფინების მწვრთნელს. აქ რომ მოდიხარ თავს უძღვნი ამ საქმეს,“ – ამბობს კახა.

ბათუმის დელფინარიუმში 20 დელფინი ბინადრობს. დელფინის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 35-40 წელია. დღის განმავლობაში ერთი მოზრდილი დელფინი საშუალოდ 8-დან 15 კილოგრამ თევზს ჭამს.

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

Exit mobile version